Posted by: burusi | 02/09/2010

თენგიზ ვერულავა – ”ყველაფერი დასწრებაზეა, კონისტუცია ქარსაც წაუღია”

თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

”ყველაფერი დასწრებაზეა, კონისტუცია ქარსაც წაუღია”

“განჯადოება”
გიგი თევძაძე

ამბობენ, მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერს რომ არ დაესწრო, სტალინი აპირებდა დაწყებასო. შე ხარ ჩემი ბატონი და არ იფიქრებდა თუ? ერთი კარიკატურისა არ იყოს, იმპერიალისტები რომ იყოფენ მაგიდის გარშემო მსოფლიო ტორტს, ისე გაინაწილეს ჰიტლერმა და სტალინმა ჩაპუდრებულ-პომადამიცხობილი ბებრუცუნა ევროპა.

ხიბლი აქვს ბებრებს განსაკუთრებული.

გულ-ღვიძლი თავისთვის დაიტოვა ჰიტლერმა. რაც დარჩა, ქვემო ნაწილი მიუგდო რუსებს.

მაგრამ მოუნდა ჰიტლერს რუსული ბორშჩი და მოადგა. კი წააჭამა რაღაცეები მარა, ახლა იქეთ გადაყლაპა სტალინმა ჰიტლერი და შენი ლამაზისეული ევროპა.

მოკლედ დასწრებაზეა ყველაფერი. რისი კომუნიზმის მოკრძალებული ხიბლი! სად პეტრე და სად პავლე. ნაფოტებსაც წაუღია მთელი ტყე!

ისე, ყვარყვარე თუთაბერიც იჯდა ნაცართან და კი ავლებდა გამყოფ ზღვარს მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ცალთვალა ილიკო და ილარიონაც უსხდნენ ბუხრის გარშემო და თხილის წკნელით ხაზავდნენ იაპონია სსრკ საზღვარს. გვიყვარს მოკვდავებს მიწის მიზომვა-მოზომვა (არამარტო საკუბოვესი) და რას იზამ? თვალში ნაცრის შეყრაც გვიყვარს ნამეტნავად და ამ შეყრილი ნაცრით ტკბობაც. ესეც მართალია და გაუგებ რამეს ამ დუნიას ჩემო ოლღა?

ჰოდა, ნაცარშეყრილ თვალებით ტკბობაზე მინდა გიამბოთ. უფრო სწორედ, წინა წერილისა არ იყოს, ვისაც შეგეყარათ თუ ბუნებრივად შემოგეყარათ, ესეც ჰამოთ გაამოთ.

ისე, აი ცხონებული კომუნისტებიც კი გვაყრიდნენ ნაცარს, ნაცარს კი არა, მიწასაც კი, მარა ცოცხლადდამარხულები იმ მიწისქვეშიდანაც კი ვიძახოდით – დიდება ურღვევ პარტიას!

ასეა ეს და მიტომ! აპა, რაა!

ეს კომნისტები კი იყვნენ კაი აფერისტი მატრაკვეცები მარა, აი აშშ-ს მთლად ორივე პარტია თუ იქნებოდა ისა, კი ვერ დავიჯერებდი. ისე რატომაც არ უნდა მეჯერა?! რუსი ხრუშა თუა წითელი ბატის კვერცხი, რავა და, იმათი ისა – თეთრი ინდაურისაა?

ისე რამ გაყო ბატის კვერცხი და ინდაურის კვერცხი? ორივე ერთი რჯულისაათქო, ვიფიქრე მე.

აშშ-ს დავუბრუნდეთ.

ყველამ კარგად იცით, ჯერარნახული და ჯერარგაგონილი ჯანდაცვის რევოლუციის გამო, რა ვარსკვლავები ციმციმებენ ობამას ამღვრეულ ცაზე. რა არ უწოდეს – სოციალისტების იუდა (იქაც ცოდნიათ ჩვენებურად), სოციალიზმის ფრანკენშტეინი, კრასნაია მოსკვა (ეს ნაღდად რუსების მოგონილია, თვარა, ისე მაგენი მეისპნენ, სად იყო მასეთი სუნამო მაიამიში)…

აღარ გავაგრძელებ!

როგორც ცნობილია, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები მიმდინარეობს. უფრო სწორად, მოეწონა აშშ-ს ჩვენი ბებრუცუნა ევროპა. ვის ეგონა ამ სიყვაწვილეში გერონტოფილია თუ დაემართეოდა, მარა რას გაუგებ სიყვარულს ჩემო ოლღა!

კაი ხანს იყო ამერიკული კაპიტალიზმი გაუხედნავი კვიცივით, საკუთარი ნების მიმყოლი. ყველას ასე გვეგონა, უკვე გენომში ჰქონდა გადასული ეს შეუზღუდავი ნება და ინდივიდუალობა, მაგრამ კი ხედავ აგერ ა.

გაიხედნა ამერიკაც. დაკარგა ორი საუკუნის ყმაწვილ-ქალწულობა და უძახე ახლა შენ ისტორიული მნიშვნელობის.

აცთუნა საძაგელმა ევროპამ. მაგ სასიკვდილემ მაგან. ჩვენც კი გვაცთუნა და კი ვიძახეთ: აი ემ ევროპიენ, მაშდამე, ვარ ჟეოერჟიენ. მარა ცალმხრივ სიყვარულსაც ვინ გაუგებს ჩემო ოლღა!

არაო და…

არაო და, იყოს იქა. მაგ ბებრუცუნამ იკითხოს თორემ, რავა, დაილევა ამ დუნიაზე ჩვენი მოსაწონი თუ რა. მოაბრუნე თავი, გეიხედე აზიაში და რას ნახავ უკეთეს – ვეფხვები ზიან გალიაში და გველოდებიან.

ჩვენ კი მივხდით დროზე, უფრო სწორათ, სანამ ურო-ნამგალი არ იხმარეს და არ … მანამ კი ვიყავით ….

მარა ამ აშშ-ს რა ეშველება ახლა?!

30-იან წლებშიც იყო მასე, რუზველტის დროს, მერე 40-იანებშიც, ეიზენჰაუერამდე. მაგრამ მაშინ ნამეტანი გაფუჭებული ჰქონდა სახელი გერმანულ სოციალ-დემოკრატიას და მაგის სოციალურ დაზღვევას და არ გაახედეს! უფრო სწორად, ფერუმარილი და წითელი პომადა აღარ ეცხო ევროპას და ვერ მოტყუვდებოდი.

აღარ გავაგრძელებ!

მოკლედ, ობამას ჯანდაცვის რეფორმის პროგრამა ასეთია:

  • საყოველთაო და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა;
  • ჯანდაცვის სფეროზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა;
  • სადაზღვევო სექტორის რეგულირების გამკაცრება;
  • ქვეყანაში აღარ იქნებიან დაუზღვეველები;
  • დაუზღვეველ პირებზე, რომლებსაც სიძვირის გამო ხელი არ მიუწვდებათ სადაზღვევო პოლისზე, სახელმწიფო განახორციელებს სუბსიდირებას;
  • თუ შეძლებული ბენეფიციარი დაზღვევას არ იყიდის, მაშინ იგი იხდის ჯარიმას.

რესპუბლიკელებს ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულოობა აღიზიანებთ. რეფორმის მიხედვით, ის ვინც არ იყიდის დაზღვევას, დაწესდება ჯარიმები. პირველ წელს 95 დოლარი, მეორე წელს 325 დოლარი, მესამე წელს 695 დოლარი. ისე, ჩვენში დარჩეს და, 85-ე წელს რამდენი იქნება გადასახდელი ჯარიმა, ჯერჯერობით არ არის გამოთვლილი.

არაუშავს, გამოითვლის, როგორმე, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი.

კიდევ კარგი, ზრდადი პროგრესიით რომაა ჯარიმა, თორემ მიხა ცხაკაია რომ გამოვიდა მესამე თუ მეოთხე ინტერნაციონალის ყრილობაზე ლონდონში (ლონდონში რომ არ წასულიყვნენ, აგერ ჯოღორიას მუხის ძირას ვერ გაშალეს ინტერნაციონალის სუფრა? ძაღლი მიაკვტა მაგათ), მთელი ხმით დაიგრუხუნა: თავდაპირველად ჩვენი იქნება დედამიწის ერთი მეექვსედი, შემდეგ ერთი მეშვიდედი, შემდეგ ერთი მეათედი, შემდეგ…

კიდო კაი, სტალინმა გააჩერა, თორე მოგვეჭრა თავი, გადაფიჩინდნენ როზა და კლარა: გეყოფა მიხა, თორემ ერთი ბარის დარტყმა მიწის მეტი აღარ დაგვრჩებაო არაფერი. ჭკვიანი კაცი იყო სტალინი, მათემატიკის უბადლო მცოდნე.

მოკლედ, რესპუბლიკელებმა ბარაქ ობამას ბრალი დასდეს რეფორმის ანტიკონსტიტუციურობის გამო, რადგან დაზღვევის სავალდებულოობა ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მეათე შესწორებას, რომლითაც სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანებისათვის მათი ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს ყიდვის იძულება. მათი აზრით, ობამას ინიციატივა არ შეესაბამება ამერიკულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კულტურას, რადგან ამერიკა ეფუძნება მმართველობის უმცირესი ჩარევის პრინციპებს როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ საკითხებში. ადამიანის წარმატება განისაზღვრება შრომისმოყვარეობით, ამიტომ მათთვის მიუღებელია მეტი გადასახადების გადახდა იმ პირების დაზღვევისთვის, ვინც უსაქმურია, არ მუშაობს, ვისაც აქვთ ჭარბი წონა, თამბაქოს მომხმარებელია და ირჩევს ცხოვრების არაჯანსაღ წესს.

Obama signs health care bill, 2010

2010 წლის 23 მარტს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა “პაციენტის დაცვისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის კანონს“, რაც გახდა ჯანდაცვის რეფორმის საკანონმდებლო საფუძველი. კანონის მიღებით საფუძველი ჩაეყარა საყოველთაო ჯანდაცვის ზოგად პრინციპებს. ჯანდაცვის კანონი 1965 წელს მიღებული 65 წლის და ზევით მოსახლეობისათვის მედიქეას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას წარმოადგენს.

ისტორიული კენჭისყრის შემდეგ ობამა თეთრ სახლში გამოვიდა სიტყვით: “საბოლოო ანგარიშით, ეს დღე სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი აგური, რომელიც ამერიკული ოცნების საძირკველში ჩაიდო. დღეს ჩვენ ვქმნით ისტორიას ჩვენი ქვეყნისთვის და პროგრესს ამერიკელი ხალხისთვის”.

წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, რესპულიკელმა ჯეოფ დევისმა გულდადარდიანებულმა განაცხადა: “გული დარდით მაქვს სავსე. ამ კენჭისყრით ამერიკის სამომავლო სახე გამოიკვეთა – მსხვილი გადასახადები; შეზღუდული ჯანდაცვა; გაფართოებული ბიუროკრატია. დემოკრატები ამერიკელი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიან და ისინი პირდაპირ სოციალიზმისაკენ მიჰყავთ”.

კანონის მიღების შემდეგ რესპუბლიკელები რევანშით დაიმუქრნენ და განაცხადეს, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ. რესპუბლიკელები ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებში საკმარისი მანდატების მოპოვების შემდეგ კანონის გაუქმებას გეგმავენ.

ექსპერტები თვლიან, რომ კანონის გაუქმება ან მისი ძირითადი პუნქტების შეცვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად დამაჯერებელია.

და კიდევ ერთი მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია და დღეს ბევრი არ ლაპარაკობს ამაზე, რის გამოც რესპუბლიკელებმა შესაძლოა დიდი წინააღმდეგობა არც გაუწიონ დემოკრატებს კანონის გაუქმებაში.

როგორც იტყვიან და როგორც ჩვენში ამ ბოლო დროს დამკვიდრდა – ეშმაკები დეტალებში სრიალებენ!

საქმე ეხება ერთ-ერთ რესპუბლიკელს, მასაჩუსეტსის გუბერნატორს მიტი რომნს. მიტი რომნმა 2006 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ობამას რეფორმამდე 4 წლით ადრე, უკვე დანერგა საყოველთაო დაზღვევის გეგმა და საკმაოდ წარმატებითაც.

მოდით, უფრო ახლოს ვნახოთ ეშმაკები.

April 12, 2006. Gov. Mitt Romney signs Massachusetts Universal Health Care law, as Sen. Ted Kennedy, standing behind him, gives his approval and support

რესპუბლიკელი მიტი რომნის მასაჩუსეტსის გეგმა:

  • საყოველთაო და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა;
  • ჯანდაცვის სფეროზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა;
  • სადაზღვევო სექტორის რეგულირების გამკაცრება;
  • მასაჩუსეტსის შტატში აღარ იქნებიან დაუზღვეველები;
  • დაუზღვეველ პირებზე, რომლებსაც სიძვირის გამო ხელი არ მიუწვდებათ სადაზღვევო პოლისზე, სახელმწიფო განახორციელებს სუბსიდირებას;
  • თუ შეძლებული ბენეფიციარი დაზღვევას არ იყიდის, მაშინ იგი იხდის ჯარიმას

კი მაგრამ, ეს ხომ დემოკრატების ისტორიული მნიშვნელობის გეგმაა?

რესპუბლიკელების იყო, ახლა დემოკრატებისაა.

როგორ?

როგორ და უკუღმა ასინეთა, უკუღმა.

რესპუბლიკელი მიტი რომნის ჯანდაცვის რეფორმირების გეგმა წარმატებულ გეგმად აღიარეს და ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში მის დანერგვას ცდილობდნენ სხვადასხვა შტატებშიც.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დემოკრატი ბარაკ ობამას რევოლუციური გეგმის ავტორი და პირველი განმხორციელებელი თავად რესპუბლიკელი პარტიის ერთერთი ლიდერი გახლავთ, რომელიც, სხვათაშორის, 2008 წელს პრეზიდენტობის ერთერთი პრეტენდენტადაც ითვლებოდა რესპუბლიკური პარტიიდან. უფრო მეტიც, მიტი რომნი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში განიხილება როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან.

სწორედ ამიტომაც არ გაუწევენ რესპუბლიკელები ბარაქ ობამას რეფორმის ძირითადი მიმართულებებს მკაცრ კრიტიკას.

ა, ბატონო, თქვენი ამერიკული ოცნება და თავისუფლების იდეალები, თუ კონისტუცია. ვინაა ახლა სოციალისტი იუდა თუ კრასნაია მოსკვა? დემოკრატი ბარაქ ობამა თუ რესპუბლიკელი მიტი რომნი? არ თქვათ ახლა, რომელი იყო პირველი – ქათამი თუ კვერცი? ისე, მე თუ მკითხავთ, მაგ პირველობის დასწრება ყოფილა მთავარი.

მართლა დასწრებაზეა ყველაფერი ამქვეყანაზე. დაასწრო ობამამ და ის გეგმა განახორციელა, რაც მისმა მოწინააღმდეგე რესპუბლიკელმა უკვე წარმატებით დანერგა ერთერთ უმდიდრეს შტატში (ცნობისათვის, მასაჩუსეტსის შტატში რომნის გეგმის განხორციელებამდეც ისედაც უკეთესად იყო ჯანდაცვა განვითარებული, დაუზღვეველთა რაოდენობა მხოლოდ 10 %-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში იგი 17 %-ს აღწევს).

ბედის ირონიაა!

დავუშვათ, გაიმარჯვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტი რომნმა. საინტერესოა რას იტყვის მასაჩუსეტსში მის მიერ განხორციელებულ სავალდებულო დაზღვევის გეგმაზე, ან ობამას რეფორმებზე, რომლებიც ინკუბატორის კვერცხებივით გვანან ერთმანეთს.

ჰოდა, იყარეთ ნაცარი თვალებში და ამ თვალდახუჭულის ტკბობით კიდევ ერთხელ ჰამოთ გაამოთ სპილოებსაც და ვირებსაც!


პასუხები

  1. loooooooooooollll


დატოვე კომენტარი

კატეგორიები