Posted by: burusi | 18/07/2013

ვეფხისტყაოსნის შინაარსი

გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად

“ვეფხისტყაოსანი” მხატვარი სევერიან მაისაშვილი

ვეფხისტყაოსნის შინაარსი

არაბეთის დიდებულ მეფეს როსტევანს ჰყავს ერთადერთი ასული, მშვენიერი თინათინ, რომელსაც მალულად შორიდან ეტრფის სპასპეტი ჭაბუკი ავთანდილი. როსტევანი გადაწყვეტს თავის სიცოცხლეშივე დასვას თინათინი მეფედ. კურთხევის ცერემონიალის შემდეგ გამართული ნადირობისას მეფე და მისი მხლებელნი წააწყდებიან წყლის პირას მჯდომ უცხო ვეფხისტყავიან რაინდს, რომელიც „სისხლის ცრემლით“ ტირის და მისდამი მიმართული სიტყვები არ ესმის. უცხო მოყმე მათრახით თავს გადაჰფხრეწს მის შესაპყრობად გაგზავნილ მეომრებს, ხოლო როცა მეფის მოახლოებას შეიტყობს, თავისი შავი ცხენით უგზო-უკვლოდ გადაიხვეწება.

უცხო მოყმის ასეთი სითამამე მის სამფლობელოში შეურაცხოფს „ნებიერ“ ხელმწიფეს, იგი დარდს ეძლევა მანამდე, სანამ არ დაარწმუნებენ, რომ მომხდარი ამბავი ეშმაკის ნამანქანები იყო. მაგრამ ამაში არაა დარწმუნებული თინათინი, ახლა უკვე მეფე. იგი იბარებს თავის შორით მოტრფიალე სპასპეტს – ავთანდილს, უმხელს მას, რომ მისი სიყვარული შემჩნეული აქვს და, მეფისა და სატრფოს უფლებით, მას უცხო მოყმის საძებრად გზავნის. თუ ავთანდილმა სამ წელიწადში ვერ იპოვა უცხო ყმა, მაშინ თინათინი დაიჯერებს, რომ იგი მართლაც მოლანდება ყოფილა. ამ რაინდული ღვაწლის ჯილდოდ თინათინი ავთანდილს თავის სიყვარულსა და ცოლობას აღუთქვამს.

სამი წელი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ავთანდილი საწადელს ვერ ეწია. ავთანდილი სასოწარკვეთილებაშია: სატრფოს კარზე ხელცარიელი დაბრუნება სირცხვილია, ხოლო, თუ ძებნა კიდევ განაგრძო და დათქმულ ვადას გადააცილა, მას, პირობის თანახმად დაღუპულად ჩათვლიან და შემდეგ ცოცხლად დაბრუნება კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება. სწორედ ამ დროს ავთანდილი შემთხვევით წააწყდება უცხო მოყმის კვალს. თინათინის სპასპეტი ორი დღე და ღამე მისდევს „რეტად“ მიმავალ ცხენოსანს, რადგან მის გამოლაპარაკებას მხოლოდ ბრძოლა შეიძლება მოჰყვეს, რომელიც ერთ-ერთს სიკვდილს მოუტანს. მეორე საღამოს უცხო მოყმე გამოქვაბულს მიადგება. ხეზე გასული ავთანდილი ხედავს, რომ მას მტირალი ქალი გამოეგებება, იარაღს ჩამოართმევს და გამოქვაბულში შეიყვანს. დილაადრიან უცხო რაინდი ცრემლის ღვრით ისევ სტოვებს გამოქვაბულს, მტირალი ქალი კი მას აცილებს. უცხო მოყმეს რომ შორს გაიგულებს, ავთანდილს უნდა მგლოვიარე ქალს მისი ამბავი გამოჰკითხოს. მაგრამ დაინახავს თუ არა, რომ ვეფხისტყავიანი მოყმის მაგიერ გამოქვაბულს სხვა კაცი მოადგა, ქალი კივილით გარბის და ვიღაც „ტარიელს“ უხმობს საშველად.

ავთანდილი მუხლმოყრით ევედრება ქალს, უცხო მოყმის ამბავი უთხრას, მაგრამ მისი თხოვნა ამაოა. ავთანდილს სხვა გზა აღარ რჩება: იგი რისხვას გაითამაშებს და ქალს სიკვდილით ემუქრება. მაგრამ ქალს, თურმე, სიკვდილი ლხინად უჩანს, მუქარა მასზე არ სჭრის. მაშინ ავთანდილი ისევ აბრალებს თავს და უმხელს, რომ ვეფხისტყავიანი მოყმის ძებნა სატრფომ დაავალა. სიყვარულის („მიჯნურობის“) ხსენება ქალს გულს ულბობს. იგი ახვედრებს ავთანდილს უცხო ყმას, რომელიც საღამოს ისევ ბრუნდება გამოქვაბულში, და სთხოვს მას, რომ ავთანდილს არაფერი დაუშავოს.

ვეფხისტყავიან მოყმესა და ავთანდილს ნახვისთანავე მოეწონებათ ერთმანეთი და მათ შორის მეგობრული სიყვარული აღიძვრის. ტარიელს უჭირს თავისი ამბის თხრობა, რადგან ეს მას კაეშანს უმძაფრებს, მაგრამ რაკი გაიგებს, თუ როგორ საჭიროა ავთანდილისათვის მისი ამბის ცოდნა, ამ მსხვერპლზე მიდის და თავის თავგადასავალს მოუთხრობს. ტარიელი ინდოეთის მეფის ფარსადანის გვარის კაცი ყოფილა და ტახტის კანონიერი მემკვიდრე. მამამისი ინდოეთის ერთი მეშვიდედის მფლობელი, თავის დროზე ნებაყოფლობით „შეეწყნარა“ მაშინ უშვილო ფარსადანს, ხოლო ფარსადანმა ტარიელს „შვილად ზრდა“ დაუწყო, რათა მას მომავალში ინდოეთის ტახტი დარჩენოდა. მაგრამ შემდეგ ფარსადანს ეყოლა ასული, დაბადებითვე მშვენიერი ნესტან-დარეჯანი, და ტახტის მემკვიდრეობის საკითხი, ამგვარად, გართულდა.

თავისი სიყრმე ტარიელმა ფარსადანის კარზე ლხინში, ნადიმობა-ნადირობასა და ასპარეზობაში გაატარა. მამის სიკვდილის შემდეგ მან, 16 წლისამ, მეფისაგან მამამისის „სახელო“ – ინდოეთში უმაღლესი თანამდებობა, ამირბარობა (სარდლობა და ადმირალობა) მიიღო. ერთხელ, მეფესთან ერთად ნადირობიდან მობრუნებულს, ტარიელს შემთხვევით თვალი მოუკრავს მშვენიერი ნესტანისათვის და ამას მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ გული წასვლია და დღეღამის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი ყოფილა. ტარიელი მომჯობინდა და სიყვარულის დამალვაც შეძლო, მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრება მისთვის აუტანელი შეიქმნა. ხანი გადის, ტარიელი უიმედო სიყვარულს მალავს. იგი საშველად უხმობს თავის სიამაყეს (იხსენებს, რომ იგი ინდოეთის ამირბარია) და სიფრთხილეს (თუ სიყვარულს შეუტყობენ, მას კარის მოშორება მოუხდება), რათა თავისი დამწველი ცეცხლი დასძლიოს. მაგრამ ნესტან-დარეჯანს, თურმე,შეუტყვია მისი ტრფობა და მასთან მიწერ-მოწერის დასამყარებლად უგზავნის თავის სეფე-ქალს, ასმათს, რომელმაც შენიღბვის მიზნით მასთან აშიკობა უნდა გაითამაშოს. პირველი შეხვედრისას ასმათი უმხელს ტარიელს, თუ ვინ გამოგზავნა და რისთვის. იგი ტარიელს ნესტანის წერილს გადასცემს. ამ წერილში ნესტანი სიყვარულს უცხადებს, რომელიც, თურმე, ტარიელისადმი წინათვე ჰქონია (უნდა ვიფიქროთ, რომ მეფის კარზე ქალებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ კაცების ნახვისა, ნადიმობის ან ასპარეზობის დროს), მოუწოდებს მას მხნეობისაკენ და ავალებს, რომ მისი სიყვარულისთვის (მის წინაშე „საგმირო საქმეთა“ გამოსაჩენად) ინდოეთის ურჩი ყმის, ხატაელი (ჩინელი) რამაზ მეფის წინააღმდეგ ილაშქროს. ტარიელი ბედნიერების მწვერვალზეა. იგი რამაზ მეფესთან მოციქულებს აგზავნის ულტიმატუმის გადასაცემად. რამდენიმე ხანი ტარიელისთვის ლხინის აპოთეოზში გადის, ოღონდ ზოგჯერ მოძალებული სიყვარულისგან სევდა ერევა. ნესტანი ისევ ასმათის მეშვეობით იბარებს ტარიელს პირველ პაემანზე. იგი ერთხანს ალერსიანად („ვითამცა შინაურსა“) უცქერის ტარიელს და სიტყვის უთქმელად უკანვე ისტუმრებს. სასოწარკვეთილ ტარიელს ასმათი ანუგეშებს. იგი ეუბნება, რომ ნესტანის ეს დუმილი მხოლოდ მორცხვობის ნიშანია.

ამ დროისთვის ტარიელის მოციქულებიც მობრუნდნენ და რამაზ მეფის გამომწვევი პასუხი მოიტანეს. ტარიელი ლაშქარს ამზადებს და დილისთვის ასაყრელად ემზადება. გასვლის წინასაღამოს ნესტანი ისევ იბარებს ტარიელს, ტკბილი სიტყვით ბოდიშს უხდის პირველ შეხვედრაზე გამოჩენილი მორცხვობისათვის, მარად სიყვარულს ჰფიცავს და აფიცებს. ტარიელმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა რამაზ მეფეზე. ინდოეთში მობრუნებულს მეფე მას დიდ ნადიმს უმართავს. ამ ნადიმზე მეფის განკარგულებით დედოფალს პირველად გამოჰყავს ნესტანი ქვეშევრდომთა დასანახად. ნესტანი ტარიელს პირისპირ უზის. შეყვარებულნი მალულად უჭვრეტენ ერთმანეთს. ნადიმიდან შინ გვიან მობრუნებულ ტარიელს ხვდება ასმათი ნესტანის ახალი მოციქულობით. ნესტანი უმხელს, როგორ მოეწონა დღეს ომგადახდილი ტარიელი, საჩუქრად სამკლავეს უგზავნის და ნაცვლად ხატაეთიდან ჩამოტანილ რიდეს სთხოვს, რომელიც ტარიელს დღეს ნადიმზე ეხვია.

ადრე დილით ტარიელს სასახლეში იბარებენ. მეფე-დედოფალი სათათბიროდ შეყრილ დიდებულებს აცნობენ თავიანთ განზრახვას – ნესტან-დარეჯანის ხვარაზმშას ძეზე გათხოვებას. მათ ეტყობათ, რომ საქმე ადრევე გადაწყვეტილი აქვთ, ერთმანეთს მალვით უყურებენ და დიდებულებისა რცხვენიათ. ტარიელი იძულებულია მეფე-დედოფალს დაემოწმოს. იგი დაღლილი ბრუნდება შინ და თავის საწოლ ოთახს მიაშურებს. სანამ ტარიელი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ნესტანი მას კიდევ იბარებს. ცრემლითა და რისხვით, რომელიც ჯერ კიდევ სრულ განხეთქილებას არ მოასწავებს (ნესტანს ტარიელის რიდე ახურავს), იგი ტარიელს ორგულობას აბრალებს და პასუხს სთხოვს. თან, როგორც ინდოეთის მომავალი მეფე, ემუქრება, რომ გაუსწორდება და ინდოეთიდან განდევნის. ტარიელი ფიცით უმტკიცებს, რომ მისი გათხოვების გეგმას მხოლოდ მოჩვენებით შეურიგდა და არც მის, არც ინდოეთის ტახტის დათმობას არ აპირებს. ფრთხილად, ერთმანეთის თანხმობის წინასწარი მოსინჯვით შეყვარებულნი მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომ ტარიელი ხვარაზმელ მეფისწულს მოკლავს და მეფეს განუდგება, რათა ამ უკანასკნელმა თვით სთხოვოს მშვიდობა და ნესტანთან ერთად ტახტზე ჯდომა. სასიძო ინდოეთში მოდის.ვიდრე დახვედრის სამზადისში გართული ტარიელი თავის განზრახვას განახორციელებდეს, ნესტანი კვლავ იბარებს მას, რისხვით უსაყვედურებს გვიანობას და მის გადაწყვეტილების სიმტკიცეში ეჭვის შეტანით სამოქმედოდ იწვევს. ტარიელი ზუსტად ასრულებს წინასწარ დასახულ გეგმას. იგი კლავს სასიძოს და მაგრდება თავის ციხეში. მაგრამ მეფე, თურმე, მიმხვდარა ტარიელისა და ნესტანის სიყვარულს. იგი ამაში ბრალს სდებს ნესტანის გამზრდელ მამიდას დავარს და ფიცულობს, რომ მას სიკვდილით დასჯის. სიკვდილის მომლოდინე დავარი ნესტანზე იყრის ჯავრს: იგი შავ მონებს, გრძნეულ ქაჯებს აბარებს ნაცემ-ნაგვემ ნესტანს და მიუსავალში, „ზღვის ჭიპისკენ“ გადასაკარგად ატანს.

ტარიელი თავისი მხლებლებით ოც თვეს ეძებს მას ზღვასა და ხმელეთზე, მაგრამ უშედეგოდ. ხეტიალში იგი შეხვდება უცნობ დაჭრილ მოყმეს, უპატრონებს მას და დახმარებას სთავაზობს. უცნობი არის ფრიდონი, უზადო მოყმე, პატარა, მაგრამ ტურფა ქვეყნის – მულღაზანზარის მეფე, რომელსაც მისმა ბიძაშვილებმა ვერაგობით სძლიეს სადავო ტერიტორიაზე ნადირობისას. ტარიელი და ფრიდონი ერთად ამარცხებენ ფრიდონის ბიძაშვილებს და ტარიელი თავისი ახლადშეძენილი მეგობრის დედაქალაქში სტუმრად რჩება. აღმოჩნდება, რომ ფრიდონს უნახავს ნავი, რომლითაც ნესტანი მიჰყავდათ, მაგრამ ნესტანის ხსნა ვერ მოუსწრია. მულღაზანზარი სანავთსადგურო ქალაქია. ფრიდონი თავის მეზღვაურებს გზავნის ნესტანის საძებნელად და ტარიელს დროებით ისევ უცოცხლდება იმედი. მაგრამ ეს ძებნაც ამაოა. ტარიელი სტოვებს ფრიდონს და თვითონ განაგრძობს ძებნას მაგრამ ესეც უშედეგოა. ბოლოს ტარიელი სრულ სასოწარკვეთილებაში ვარდება. მის ხეტიალს ახლა მიზანი აღარ აქვს. მხეცთა სიახლოვეში იგი მხოლოდ დარდის გაქარვებას ეძებს. ასმათთან ერთად, რომელიც მას მხლებელთა შორის ერთადერთიღა შერჩა ცოცხალი, იგი გამოქვაბულში სახლდება, ტყე-ღრეში უმიზნოდ დაეხეტება და სიკვდილს ნატრობს.

მოისმენს რა ტარიელის ამბავს, ავთანდილი აღუთქვამს მას, რომ არაბეთიდან მოკლე დროში დაბრუნდება და ნესტანის ძებნაში დახმარებას გაუწევს. მიმავალ ავთანდილს ასმათი აცილებს, უჩოქებს, „იასავით ჭკნება“ ვედრებაში და პირობის მალე შესრულებას სთხოვს.

არაბეთში ავთანდილს ზეიმით ხვდებიან. სწორუპოვარი მოყმის, ტარიელის ამბავი მსმენელთა აღტაცება-სიბრალულს იწვევს. ოფიციალური დარბაზობის შემდეგ თინათინი იბარებს ავთანდილს და მგზავრობის ამბავს კიდევ ერთხელ ჰკითხავს. ავთანდილი უტყდება მას, რომ უცხო მოყმემ მისი გული და გონება დაატყვევა, რომ მისი სიბრალული ჰკლავს და რომ საშველად დაბრუნება აღუთქვა. თინათინი უწონებს ავთანდილს გადაწყვეტილებას და ამ კეთილშობილურ საქმეს თავისადმი სამსახურად, სატრფიალო („მიჯნურის“) ვალის მოხდად უთვლის. ამავე დროს თინათინი ჩივის, რომ თვითონ, ავთანდილის ვერნახვით „ბნელ ქმნილს“, ხანგრძლივი განშორების გაძლება გაუჭირდება. ამ აღსარებას ავთანდილის მხრივ გრძნობების კიდევ უფრო გაბედული განდობა მოჰყვება. ბედნიერი პაემანის შემდეგ „რეტად“ მიმავალ ავთანდილს სიყვარულის ტანჯვა უფრო ეძალება. საწოლ ოთახში მისული იგი ცრემლს ღვრის და თავის გულს ლხინით გაუმაძღრობას უსაყვედურებს. დილით ისევ კარზე ცხადდება და შვება-ნადირობაში თავის გრძნობებს მალავს. ავთანდილი ცრემლითა და ვაებით ევედრება ვეზირს, მეფესთან უშუამდგომლოს და ტარიელის დასახმარებლად წასვლის ნება გამოსთხოვოს. იგი უმხელს ვეზირს, რომ ტარიელისადმი სიყვარულითა და სიბრალულით მოსვენება დაკარგული აქვს, რომ მის ხსნამდე თავს „ფლიდად“ და ფიცის გამტეხად ჩათვლის. თან ვეზირს ქრთამად ასი ათას ოქროს ჰპირდება. მაგრამ ვეზირის მოციქულობა უშედეგოა. მეფეს თავისი გაზრდილი და თავის სპათა წინამძღოლი ავთანდილი მოსაშორებლად არ ემეტება. იგი ვეზირს სკამს შემოსტყორცნის და დათხოვნას ემუქრება. ავთანდილი ჩუმად მიიპარება არაბეთიდან, მეფეს კი უტოვებს ანდერძს, რომელშიც უსაბუთებს თავისი გადაწყვეტილების სისწორეს მორალური თვალსაზრისით და მიტევებას სთხოვს.

მაგრამ ტარიელის გამოქვაბულში მას მხოლოდ მტირალი ასმათი ხვდება. ასმათისაგან ავთანდილი ტყობილობს, რომ მისი გამგზავრების შემდეგ ტარიელი გამოქვაბულიდან წასულა და უკან აღარ მობრუნებულა. დაჭმუნვებული ავთანდილი ვერ იკავებს საყვედურის სიტყვებს. იგი აყვედრის ასმათს იმ მსხვერპლს, რაც მან ტარიელისთვის გაიღო: სამშობლოს მიტოვებას, აღმზრდელი მეფისა და ტკბილი სატრფოს მოშორებას. იგი ტარიელს ბრალად სდებს ფიცის არშენახვას და მოყვრის გაწირვას. მაგრამ ისევ იკავებს თავს და მიდის ტარიელის საძებრად, რომელსაც, თურმე, წასვლის წინ დაუბარებია, რომ გამოქვაბულს დიდ მანძილზე არ მოშორდება და ცოცხალი თუ მკვდარი ავთანდილს სადმე ახლო-მახლო დახვდება.

მარტო დარჩენილი ავთანდილი ღმერთს საყვედურობს, რომ სატრფოსა და მეგობრის წინაშე ორმაგი ვალი დააკისრა და ორ გრძნობას შორის გამოუვალ წინააღმდეგობაში ჩააგდო. მალე ავთანდილი დაინახავს ტარიელის შავ ცხენს და იქვე ახლოს პოულობს ტარიელსაც, რომელიც საყელოგადახეული და თავსისხლიანი ზის დახოცილ ლომსა და ვეფხვს შორის და ტანჯვისაგან სიკვდილს მიახლებია. ავთანდილი ასულიერებს ტარიელს, რომელსაც თვალის ახელაც კი უჭირს. იგი იმდენს ახერხებს, რომ ტარიელი სცნობს მას და ეხვევა. მაგრამ ტარიელს ტანჯვა ისე მორევია, რომ ამ ქვეყნად ყოფნა აღარ სურს. მას გადაწყვეტილი აქვს სიკვდილი, რათა იმ ქვეყნად ნესტანს შეეყაროს, და ავთანდილს სთხოვს, თავი დაანებოს. ავთანდილი ცდილობს, მას იმედი გაუღვიძოს და მოუწოდებს მხნეობისაკენ, რადგან კაცს ჭირში გამაგრება ჰმართებს. თან თავის აზრს იმით ასაბუთებს, რომ ჭირი და ტანჯვა ადამიანის ცხოვრების საერთო კანონია და მათ გარეშე ბედნიერება არ მიიღწევა. მაგრამ ტარიელი ყრუა ამ შეგონებისადმი. იგი პასუხობს მეგობარს, რომ ეს დარიგება მხოლოდ გონზე მყოფი კაცისთვის ვარგა, მას კი ამ ბრძნული სიტყვების მიყოლის ძალა არ შესწევს. თან აფრთხილებს ავთანდილს, რომ მოთმინება გამოელია და დაეხსნას. მაშინ ავთანდილი ხერხს მიმართავს: იგი სთხოვს ტარიელს, ერთხელაც ეჩვენოს ცხენზე მჯდარი, რათა უკანასკნელად დატკბეს მისი ცქერით. ტარიელი თხოვნას უსრულებს. ცხენით გავლა ტარიელს აბრუნებს, იგი დეპრესიის მდგომარეობიდან გამოჰყავს. ტარიელი უამბობს ავთანდილს, რომ მინდვრად აშიკობა-ლაღობით გართული ლომ-ვეფხი შეხვდა, რომლებიც მიჯნურებს მიამსგავსა. მხეცებმა ჯერ იალერსეს, შემდეგ კი სასიკვდილოდ სცეს ტორი ერთმანეთს. ტარიელმა დაუგმო ლომს საყვარლის წყენა, ხმლით მოკლა იგი, ვეფხვს კი, რომელმაც ნესტანი მოაგონა, კოცნა მოუნდომა. ვეფხვმა შეუღრინა და ბრჭყალით სისხლი ადინა. ამან ტარიელს მისი და ნესტანის წაკიდება გაახსენა და გრძნობამორეულმა („გულითა ხელითა“) ვეფხვიც მოკლა. ამან უარესად აუშალა გრძნობა და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომელშიც ავთანდილმა ნახა.

გმირები გამოქვაბულში ბრუნდებიან. ტარიელი სთხოვს ავთანდილს, თავი მიანებოს განწირულს და თავის სატრფოსთან დაბრუნდეს. ავთანდილი არწმუნებს, რომ სახიერი ღმერთი მას და მის სატრფოს არ გასწირავს. იგი ამბობს, რომ თინათინს ტარიელის საშველად დაეთხოვა და ამ ღვაწლის შესრულებამდე მასთან სირცხვილით ვეღარ დაბრუნდება. რადგან ტარიელი „ხელია“, დარდით დაძაბუნებულია, მას მეგობარმა უნდა უშველოს. საბოლოოდ ავთანდილი შეიპირებს ტარიელს, რომ ერთი წლის შემდეგ აქ, გამოქვაბულში დახვდეს თვითონ კი ნესტანის საძებრად მიდის. ავთანდილი გაივლის ფრიდონთან, რომელიც მას ნესტანის გატაცების მიმართულებას უჩვენებს, და ოთხ ყმას გაატანს.

ავთანდილი ზღვის მეკობრეებისაგან იხსნის ვაჭართა ქარავანს, მათ უფროსობას დაირქმევს და ამ ნიღბით ჩადის ვაჭართა ქალაქ გულანშაროში, რომელიც ზღვისპირას მდებარეობს და სიმდიდრით, სიტურფით, სმა-გახარებით არის განთქმული. აქ მას ეტრფიალება ქალაქელი დიდ-ვაჭრის ცოლი ფატმანი. ავთანდილიც მოწყალე ყურადღებით პასუხობს მის ტრფობას, რადგან იმედი აქვს, რომ ფატმანი, როგორც საზღვაო ქალაქის მკვიდრი, მას ნესტანის ძებნაში გამოადგება. ავთანდილი ფატმანის თხოვნით მალულად კლავს მის ყოფილ საყვარელს, ამჟამად კი მტერს – ჭაშნაგირს, რომელიც ფატმანს ავთანდილთან წაასწრებს და მეფესთან დაბეზღებას დაემუქრება.

ფატმანი უამბობს ავთანდილს თავის საიდუმლოს, რომლის გათქმასაც ჭაშნაგირი ემუქრებოდა: მას შავი მონების ხელიდან უხსნია უცხო მზეთუნახავი და თავის სახლში მალულად შეუნახავს. მის ქმარს, უშნო და უღირს უსენს, სიმთვრალეში მეფესთან დაუტრაბახია შინ მზეთუნახავის ყოლა და იგი მეფისთვის მიუგვრია. უცხო მზეთუნახავს ვინაობა არ გაუმხელია არც მისი მოამაგე ფატმანისათვის, არც მეფისთვის.იგი არ იშორებდა ერთ უცხო რიდეს და დღენიადაგ ცრემლს ღვრიდა. მეფემ გადაწყვიტა, იგი ცოლად მიეცა თავის ძისათვის, რომელიც იმხანად ომში იყო. მაგრამ ქალმა მხნეობა გამოიჩინა, ფატმანის ნაჩუქარი ძვირფასი თვალმარგალიტით მცველები მოქრთამა და ფატმანისავე დახმარებით ღამე ქალაქიდან გაიპარა. გზად იგი ჯადოქრების – ქაჯების ლაშქარს შეუპყრია. ნესტანი ქაჯების მიუვალ ციხეში დაუმწყვდევიათ, რათა მომავალში შერთონ ამჟამად მცირეწლოვან უფლისწულს.

ავთანდილი თინათინზე ფიქრით, „მალვით ცრემლსა სწვიმს“ ფატმანის სარეცელზე, თან ფატმანს დაწვრილებით ეკითხება ქაჯების ამბავს. მეორე დღეს ავთანდილი „საჭაბუკოთი“ (რაინდის სამოსით) ეწვევა ბედნიერ ფატმანს, თავის ვინაობასა და თავისი მგზავრობის მიზანს უმხელს. ნესტანის ბედის შემობრუნებით გახარებული ფატმანი ქაჯეთში გრძნეულ მონას გზავნის, რომელიც ნესტანს ანუგეშებს და მისგან ფატმანისა და ტარიელისადმი მოწერილი ორი „წიგნი“ მოაქვს. სიტყვებით – „ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების“ (ჩემი ნუ გენაღვლება, გახელებული მაინც გახელებულია), ფატმანი აჩქარებს ავთანდილს, რომელიც ქაჯეთის ამღები გმირების მოსაყვანად მიდის. ავთანდილი ტარიელთან ბრუნდება. გამოქვაბულში, რომელიც ტარიელს ოდესღაც დევთათვის წაურთმევია, გმირები პოულობენ სამ სასწაულებრივ აბჯარს; ორს თვითონ იტოვებენ, მესამეს კი ფრიდონისათვის ინახავენ. სამივე გმირი ფრიდონის სამასი მოყმის თანხლებით მთვარიან ღამით მიადგება ქაჯეთის ციხეს. აქვე გამართულ თათბირში აირჩევენ ბრძოლის გეგმას. ფრიდონს ჰსურს საბლით შეაღწიოს ციხეში. მაგრამ ამ გეგმას უარყოფენ, რადგან მტრები აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და საბელს გადაჭრიან. ავთანდილს უნდა ვაჭრულად ჩაიცვას, ქაჯთა ქალაქში შეიპაროს და თავის მეგობრებს ღამით ციხის კარები გაუღოს. მაგრამ ამ გეგმასაც არ მიიღებენ, რადგან ქალაქში ატეხილი ბრძოლისას შეიძლება ნესტანმა სარკმლიდან გადმოიხედოს და მებრძოლებში ტარიელი ვერ დაინახოს, რაც ჭაბუკს მის თვალში ჩრდილს მიაყენებს. ტარიელის წინადადებით დილას სამი მხრიდან უტევენ ციხეს, იღებენ მას და ნესტანს ათავისუფლებენ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებულ გმირობას ტარიელი იჩენს. ციხეს გულანშაროს მეფეს აძლევენ, ხოლო ნაპოვნ სიმდიდრეს – ფატმანს.

ტარიელი ჰფიცავს ავთანდილს, რომ, სანამ მას თინათინს არ შერთავს, თვითონ თავის ნესტანს „არ ექმარება“. სამივენი ნესტანთან ერთად მიდიან არაბეთს, სადაც ტარიელი სთხოვს როსტევანს ავთანდილის პატიებასა და მისთვის თინათინის ცოლად მიცემას. როსტევანის თანხმობას ქორწილი და საყოველთაო ბედნიერება მოჰყვება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: