Posted by: burusi | 28/08/2010

გიზო ზარნაძე – ჩემი “ბოლდინოს შემოდგომა”

ბესიკ ხარანაული - Besik Kharanauli

ბესიკ ხარანაული – Besik Kharanauli

გიზო ზარნაძე – ჩემი “ბოლდინოს შემოდგომა”

გამიმართლა! ჩემს ხელთაა ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნი (“სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”) ავტორისეული ავტოგრაფით! გულდაგულ ვემზადები მეც მის წასაკითხად. მანამდე კი…

მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი ნაყოფიერების აღმნიშვნელ ტერმინად რუსულ ლიტერატურაში (და, საერთოდაც) მიჩნეულია გამოთქმა _ “ბოლდინოს შემოდგომა”. დიდთოვლობის გამო, პეტერბურგიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე ბოლდინოში, მამამისისგან ახლად ნაჩუქარ მამულში ჩარჩენილმა, ქოლერაშეყრილმა პუშკინმა მთელი შემოდგომა იქ გაატარა და უამრავი ნაწარმოებიც შექმნა: დაასრულა “ევგენი ონეგინი”, დაწერა ხუთასამდე ლექსი, “ბელკინის მოთხრობები”, “მოცარტი და სალიერი”, “სადგურის ზედამხედველი”, “გასროლა”, “მეკუბოვე” და სხვა და სხვა.

შარშან, შემოდგომაზე, წარღვნასავით მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩვენი სოფლის ხიდი გაიტაცა და ორიოდე კვირას თერჯოლაში მომიწია ყურყუტი. უშუქობის გამოისობით, არც რადიო-ტელევიზია მუშაობდა და ან გაზეთს ვინ მომაშავებდა! ძველ კარადაში, ხაბაკ-ხუბაკთან ერთად, ის სამად სამი წიგნი რომ არ აღმოჩენილიყო, ალბათ, კაეშანი დამრევდა ხელს: ვახტანგ ბერიძის “მოგონებები”, საიდან სადაო და, გამოჩენილი რუსი პოეტის, ოლგა ბერგოლცის პაწაწკინტელა ლექსების წიგნაკი, “ოგონიოკის ბიბლიოთეკის” სერიით რომ სცემდნენ მილიონობით
ტირაჟით და 3-დან 7 კაპიკამდე ღირდა (ალბათ, ხურდაში შემომაჩეჩეს!) და ბესიკ ხარანაულის “მიკარნახე, ანგელინა!” (პოემა და ლექსები).

ჰოდა, სწორედ ეს იყო ჩემთვის პატარა “ბოლდინოს შემოდგომა”.

სამ-სამჯერ მაინც გადავიკითხე თითოეული მათგანი, უამრავი საინტერესო ინფორმაცია ამოვკრიბე ვახტან ბერიძის წიგნიდან, ხოლო ოლგა ბერგოლცის ერთმა ოთხსტრიქონიანმა მინიატურამ, “ჩეტვეროსტიშიეს” რომ ეძახიან რუსები, იმდენად შემძრა, რომ სამიდღემჩიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ლექსი დაუწერია მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, ცნობილი რუსი პოეტი, ბორის კორნილოვი, ოცდაჩვიდმეტში რეპრესიებს უმსხვერპლია.

რაც შეეხება ჩვენი ძვირფასი ბესიკ ხარანაულის პოემას “მიკარნახე, ანგელინა!”, უნდა გულახდილად ვაღიარო, რომ მაშინ, 1985 წელს, დიდ გალაკტიონს რომ დავესესხო, ნამდვილად “წიგნის გადამკითხველის” არასახარბიელო როლში აღმოვჩენილვარ და გულდადინჯებით არ ჩავღრმავებივარ ამ შესანიშნავ ნაწარმოებს. ახლა კი, როგორც იქნა, “წიგნის მკითხველის” მანტია მომირგია და, აკი ამიტომაც, ისე ამიტაცა და ამაფორიაქა ამ წიგნმა, წარმოიდგინეთ, ზეპირად დამამახსოვრდა თავისუფალი ლექსით ჩამოქნილი სტრიქონები:

“ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო,
კარზე ისეთი დრო მოგვდგომია, _
ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო,
და განა იმიტომ,
რომ ბავშვები საღამოობით უჩინარდებიან,
და განა იმიტომ,
რომ, ხელს არავინ მოგიკიდებს ნაგვის ურიკას, _
ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო,
რომ, როცა კარს მოგადგება ნამდვილი სიბერე, _
აღარ იწუწუნო საკუთარ სიმარტოვეზე
და ზამთრის მიწაში ჩაყინულ ურიკაზე”.

ჩაათავებ პოემას, გადაინაცვლებ ლექსების ციკლზე და, სულ რამდენიმე ლექსის შემდეგ, ისეთ ჩანახატს წააწყდები, რომელიც იოლად დაგარწმუნებს, რომ, თურმე, პოეტი (ანუ ლირიკული გმირი!) ამაოდ არ უჩიჩინებდა საკუთარ თავს მარტოობასთან შეგუებას! შეჰგუებია და ეგრე!

“მე ავადა ვარ, მე სახლში ვარ, ლოგინში ვწევარ.
რეკავენ ცოლის მეგობრები და შვილების ამხანაგები,
ჩემი არავინ…
ჩემს მეგობრებს მე თვით ვურეკავ”.

და კიდევ:
ვერ დავიჩემებ, მაინცდამაინც დიდი გურმანი ვიყო პოეზიისა, მაგრამ არც მთლად უკითხავი მეთქმის და არც არასდროს წავწყდომივარ ისეთ ნაკალმარს, როგორიც ბესიკის, ქვემოთ მოყვანილი, მართლაც მარგალიტივით მოციაგე რითმიანი ლექსია!

ამ ლექსში მიგნებულია საოცრად არაორდინალური თემატიკა, გნებავთ, ფაბულა: თუ კარგად ჩაუფიქრდებით, გაიხსენებთ თითქოს გაუმხელელი ტრფობის ამბავს, როცა ცოლშვილიან კაცს, ვისთვისაც ოჯახური სიწმინდე და იდილია ხურდა სიტყვები არაა, რაღაცნაირად კეთილგანწყობილი, ლამის სამიჯნურო გზნება ეუფლება თანამოსამსახურე ქალბატონის მიმართ და მისგანაც, სხვათა შორის, ამდაგვარი იმპულსები გამოსჭვივის; მაგრამ მასაც დროულად ახსენებს თავს ერთგული მეუღლე და დედის ალერსის მომლოდინე შვილები! საბოლოოდ, ყველაფერი მარტივი, ხუმრობანარევი ფლირტით მთავრდება, ზღურბლს არც ერთი არ გადადის.

როგორია, რაც ახლა მე ასე პროზაულად მოგიყევით, პოეტურ სტრიქონებში ისე მოაქციო, რომ მკითხველმა (აშკარა დრამატული ფინალის მოლოდინით პროვოცირებულმა!) შვებით ამოისუნთქოს! გარწმუნებთ, ასეც მოხდება და მოხდება არა მხოლოდ მეათე მცნების ჩაგონებით, არამედ _ წმინდა ქართველური, რაინდული მორალის შემწეობითაც!..

“მე ვის ვუყვარდი?
_ არა, არავის!
მე ვინ მიყვარდა?
_ არა, არავინ!
აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე
სევდისმომგვარელი და შემზარავი.
მაგრამ იქნება ვინმეს ვუყვარდი?
მაგრამ იქნება მიყვარდა ვინმე?
და ერთურთს
პირზე ხელს ვაფარებდით
და სიყვარული არ ვათქმევინეთ!”

დარწმუნებული გახლავართ, “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი” სულ სხვა სამყაროში გადაგვახედებს, ჯერ კიდევ უკაცრიელში და, ამდენად, დღემდე უცნობში! მანამდე კი ერთსაც ვიტყვი და თავს აღარ შეგაწყენთ.

ამბობენ, ჰემინგუეის უთქვამს თავისი ზეობის ჟამს: მთელ ჩემს ჰონორარს დავთმობდი, ოღონდაც კი ტოლსტოის “ანა კარენინა” ახლა მქონდეს წასაკითხიო!

შეჭირვებული დღევანდელ საქართველოში ვინღა არ არის, მე რომ არ ვიყო! და მაინც _ არანაირი ჰონორარის ფასად არ ვიტყოდი უარს იმ სიამოვნებაზე, ბესიკ ხარანაულის ამ ახალი წიგნის წაკითხვით რომ მელოდება!

ლიტერატურული გაზეთი
N 23 2 – 15 აპრილი 2010


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: