Posted by: burusi | 27/05/2021

ნატალია ქადაგიძე “კაფკასმაგორია”

La table devant la fenetre. Summer. 1919. Pablo Picasso

ნატალია ქადაგიძე “კაფკასმაგორია”


( ფრანც კაფკას პერსონაჟს მოთხრობიდან _ ”მოხსენებითი ბარათი აკადემიას”)


გამარჯობა, ბატონო მაიმუნო

(თავს უფლებას ვაძლევ და მოგმართავთ ჩემნაირთა საზოგადოების სახელით),

თქვენი ბარათი აკადემიისადმი, თითქმის, მთელმა მსოფლიომ წაიკითხა, ჩემი კი სადღაც გაქრა.

ესოდენ უცნაური მოვლენა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აღიარებული კანონი _ ბუნებაში არაფერი იკარგებაო, ეჭვქვეშ დავაყენოთ? თუმცა, გადატრიალების და რევოლუციების თავი ვიღას აქვს, თუნდაც, ხავერდოვანი ფარდის უკან…

ამიტომ ვარ ჩუმად. მართალია, ეს სიჩუმე ჩემთვის ხმაურიანია, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. გახსოვს… თუმცა, როგორ არ გეხსომება _ ”კ” ”პროცესიდან”,  მხოლოდ თავისთავს რომ ეკითხება, რისთვის ასამართლებენ, რადგან, ირგვლივ ყველაფერი, შენობების კედლებიც კი, ისე გოროზად და ცივად იყურება, წარმოუდგენელია, ვინმესგან სიმართლე გაიგოს.

ამას, ამ ხმაურიან სიჩუმეს, ანუ, შინაგან განცდებს, ერთი ”დადებითი” მხარე აქვს _ აგარიდებს ბოლომდე ზომბირებას. და, თუ ფილოსოფოსებსაც მივაპყრობთ ყურს, ადამიანი ხომ განცდათა ჯამია! რა “მშვენივრად” ესმით ეს დღეს, თურმე, _ რამდენიმე განცდაც რომ გამოვაკლოთ ამ აუცილებელ ჯამს ხომ ადამიანის ნაცვლად, მინუსადამიანი შეგვრჩება ხელთ!.. თანაც, ყველას ავიწყდება, რომ გარეგანი მინუსი არაფერს ნიშნავს შინაგან მინუსებთან, ე.ი., უამრავ, არაბუნებრივად გამრავლებულ უარყოფით მუხტებთან შედარებით… წარმოიდგინეთ, ბევრი ასეთი უარყოფითი მუხტი ერთად!..

იქნებ, ღირდეს ფიქრი ამაზე, მითუმეტეს, ვინც ჯერ არს, თავიანთ თავებსაც რომ არასდროს შეაპარებენ ”წამლად” რამდენიმე განცდა-მინუსს… და, არც არასდროს ექნებათ სურვილი წონასწორობის.

თქვენც ხომ არ გიფიქრიათ ამაზე, მაიმუნო… უკაცრავად, ბატონო მაიმუნო?

დასანანი კიდევ ის არის, რომ თავის დროზე ვერ შევიცანი ღირსება, რაც გაგაჩნდათ და რაც მერე, თავისთავად გახდა ნათელი ჩემთვის _ ბოლოსდაბოლოს, თქვენი წერილი-მიმართვა წაიკითხა ყველამ, ჩემი სტრიქონები კი, უცხო იეროგლიფებად იქცნენ, თითქოს, _ ამოკნავლების შესაბამისი რეაქციაც რომ არ მოჰყოლიათ.

ვინ იცის, ახლა, ამ სიმართლით, რამდენ გადამეტებულ ”განცდათა ჯამს” შევახსენე მტკივნეული ადგილი, მაშინ, როდესაც უკვე მოუშუშებლობის გამო სცადეს მისი დავიწყება.

ბატონო მაიმუნო, თქვენ ყველა ჩემნაირზე ვაჟკაციც აღმოჩნდით _ თავისი ნებით დათმეთ მაიმუნური ცხოვრება… მაგრამ რა იცოდით, რომ  გამაიმუნებულთა საზოგადოებაში მოხვდებოდით…

ეჰ, ბატონო მაიმუნო, ის, რომ თითქოს, არ ვართ გამაიმუნებულნი, ილუზიაა მხოლოდ. გახსოვს, მაიაკოვსკიმ ცხენის თვალებში ცრემლი რომ შენიშნა და მოეფერა _ ”უსპაკოისია, ლოშად, მი, ვსე, პო სვოემუ, ლოშადიო”! … იგივე შეგიძლიათ მითხრათ თქვენ მე, ახლა…

…რას მირჩევდით, იქნებ, გავჩუმებულიყავი? იქნებ, ჩავბღაუჭებოდი იმედს, რომ „კოშკს“ ალყა მოეხსნება და დღეს თუ არა ხვალ, იქ სიმართლე შეაღწევს?..

ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, პირიქით, ალბათ _ ჩემთვის უკეთესიც. მაგრამ ახლა ხომ ერთი არ ვარ, ახლა ხომ მხოლოდ მე არ განვიცდი ტკივილს? ამ დროს ურეაქციობა კი, რას ნიშნავს, ნუთუ, ადამიანობას?

და, საერთოდ, რატომ აირია შინაგანი მორალური კანონები ერთმანეთში, კანონები, რის მიხედვითაც უნდა გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ, ღირსებას ვინარჩუნებდეთ, გვახსოვდეს რაც ძვირფასია, სწორ არჩევანს ვაკეთებდეთ… გაურკვეველი რატომ არის ახლა ეს ყველაფერი, თუ მე დავაშავე და შედეგს ვიმკი… დოსტოევსკის ხომ არ მივყვები, ისევ, როგორც ადრე _ „ყველა დამნაშავეა, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვარ დამნაშავეო” რომ ამბობს?..

გახსოვთ, როდესაც ერთმა კაცმა ცხენზე მჯდომს ქუდი ჩამოუგდო, როგორ მიმართა მხედარმა მას? – ”თუ არ აიღებ, გცემ, თუ აიღებ, მაინც გცემ! აირჩიე!“… რას იზამდა, ნეტავ, ახლა ჩემი დაბნეული თანამედროვე? შეუძლია თუ არა მას, მიჰყვეს მორალის კანონებს?!

ბატონო მაიმუნო, მეშინია, ამ ეპისტოლეთი არავინ დამაბრალოს მამულისთვის დამაშვრალთა მიმსგავსებულობა(არადა, ამაში ცუდი რა არის?!)… თუმცა, რატომაც არა! ოღონდ, ჩემნაირად, ჩემი შესაძლებლობებით, გულის კარნახით. ზოგიერთმა, შეიძლება, ჩემი ხმამაღალი საუბარი ჯავშნიდან ფეხის გამოყოფადაც ჩათვალოს… ესეც _  რატომაც არა! _ როგორ გგონიათ, “ჯავშნის” მიღმა ყოველთვის სიცარიელე და გრძნობათა სიმწირეა? სწორი პასუხისთვის, კარგი იქნება ჩვენი და უცხოელი კლასიკოსების წაკითხვა, თუნდაც, ჩემი საყვარელი რილკესი… სხვათაშორის, რუსი პოეტი მარინა ცვეტაევა რილკესადმი მიწერილ წერილში, თავის სულიერ განცდებთან ერთად, ამხელდა არგუმენტირებულ მიწიერ განცდას სიხარულისასაც, რომ ახალი კაბა შეიძინა _ ”დედამიწაც ხომ იცვლის ერთხელ ტყავსო”…

ჯავშნოსანიც, შეიძლება, იქცეს ხილვადად(თვალისმოჭრამდეც კი!) და ასეთი, ბატონო მაიმუნო, თქვენ მაინც იცით, რომ უამრავია. მაგრამ სამწუხაროდ, ბევრის ცხოვრება მხოლოდ დაბადებამდეა მშვიდი და დემოკრატიული, შემდეგ კი, მიუხედავად ტირილისა, სიცოცხლის ხე, ყოველთვის აღმასვლით არ იზრდება. ასეა ახლაც _ უამრავი ჩაბრუნებული მე, ანუ აურაცხელი მიკროსამყარო(განცდათა ჯამი)ამაოდ ელის დადებით მუხტს გარედან.

ო, ბატონო მაიმუნო, თითქოს, გაითავისუფლე თავი გალიიდან და, რა იცოდი, რომ მოხვდებოდი უფრო უზარმაზარი გალიაში, რომელსაც ჩვენი (ფაქობრივად, სნობთა) სამყარო ჰქვია(და კიდევ რა აღარ ჰქვია!) ჩვენ კი, მივდევთ პარალელურად და თან, ჩაგვძახიან ”მატარებელი გასულიაო!”… ყველაფერი ჩვენს მიღმა ხდება და გაყუჩებულნი(დამუნჯებულნი) მივჩერებივართ ერთ წერტილს, გოდოს და ”გივის” მოლოდინში…

ვეღარაფერს გეტყვით(ან რა აზრი აქვს), მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ აკანკალებული ხელით დაწერილი, ყველ ა იმუთვალავი განცხადების, წერილის, სატელეფონო მუდარის გამო, უპასუხოდ რომ დარჩა.

თქვენი წერილი კი, მსოფლიომ წაიკითხა, ბატონო მაიმუნო!


დატოვე კომენტარი

კატეგორიები