Posted by: burusi | 16/12/2021

თავი 3:  უფლისწულნი

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ისტორიული რომანი      ს ი მ ო ნ    მ ე ფ ე

თავი 3:  უფლისწულნი

წიგნი ბაგრატიონთა : „ამ ჟამითგან გავა 20 წელი, მეფედ მირონცხებული  დავით მეფე სპარსეთს ეწვევა და დასწერს:  „და ერთსა დღესა, ერთსა ბედნიერსა და ფილოსოფოსსა კაცსა შემოვეყარენით და თავისა სახლშიგა მიმიყვანა და მრავალი საექიმო და სამეცნიერო წიგნები ჰქონდა და გვიჩვენა. და სრული ის წიგნები ვნახეთ და გავსინჯეთ და მწოვედ მოგვინდა და მოგვეწონა. წინას კაცთა მცნებასა და მცოდნეობას გავჰკვირდით, თუ ამა ყუელასა სენსა, ჭირსა და სატკივარსა ან როგორ მიხუდეს, ან გული როგორ გაავლეს, და ამთენსა სენსა და ჭირსა თავ თავისი წამლები როგო უპოვეს….. ესე ჩუენცა ვიცოდით, რომე დღეს საქრისტიანოშიგა ამისთანა და ამგვარი წიგნი სააქიმო არ იყო და საქრისიტიანოშიგა  მრავალი ისეთი კაცი ვნახეთ, რომე უხელობითა და უცოდნელობითა მოკვდა და დაზიანდნეს, რომე რაცა მათ კაცზედა სენი და ჭირი ვნახეთ ან მისი სენისაგან ისი კაცნი დაზინდნეს, მის სენისა და ჭირის წამალი ყუელა ადვილისა საქმითა მათ წიგნებშიგა ეწერა. ვნახეთ და წავიკითხეთ ამ რიგისა სენისა მკურნალი წამალიცა ბევრი ვნახეთ”.

ქართლის სამეფოს უმცროსი უფლისწული დავითი ეხლა დედოფლის ბაღის  ტერასაზე ზის და საკუთარი გულის ბაგაბუგს უსმენს. ათიოდე კვირიაკის წინ ახალგაღვიძებულზე აღმოაჩინა რომ ფეხის ტერფები დაბუჟებული ჰქონდა. სირბილი უნდოდა მაგრამ ფეხიც კი ვერ წადგა წინ და „დედაო“ შეჰყვირა, მაგრამ ხმაც კი არ ამოუვიდა პირიდან, რადგანაც უეცრად მკერდი ასტკივდა, წამებში თავბრუდაეხვა და საწოლის წინ იატაკზე ჩამოჯდა.  ამ დროს  შემოვარდა მისი  მწევარი შურდანი რომელიც პატრონის დაკრუნჩხული ფეხების ლოკვას მოჰყვა და ოდნავ დაუამა ტკივილი დათოს. 

ამის შემდეგ ერთი კვირა იწვა. მეფის მიერ განჯიდან გამოძახებული სპარსელი ექიმები თავს ეხვეოდნენ, ერთმანეთს შეჰყურებდნენ, მის შარდსაც სვამდნენ და ძარღვებში სისხლის მიმოქცევას უსინჯავდნენ ყურის მიდებით.

ტკივილმა გააღიზიანა ბიჭი. ძებნა დაუწყო თავის სულს. ვერ დაიოკა წყურვილი სულის-ყურისა და მიაყურადა მის გარშემო არსებულ სულებს. ბევრის სული არ მოეწონა. გაჰკვირდა ბიჭი, თავის თავში ჩაიკეტა და ტკივილის დასაოკებლად სიბრძნით შეიმოსა. ძალიან დიდ ტკივილს განიცდიან თავის თავში ჩაკეტილი ბავშვები. თუ მათ ტკივილი დაძლიეს და სხვისი ბედნიერებისათვის იშრომეს, მაშინ შესაძლოა, რომ მათი ჩაკეტილობა სიბრძნედ იქცეს. ჰა, იქცა ბიჭურ სიბრძნედ დავითის სულიერი და სხეულებრივი ტკივილი, მაგრამ რა? ვის უთხრას მან საკუთარი ხვიშიადი. გარს მხოლოდ გამორჩენაზე მოსული ხალხი და მოღალატენი ახვევია, მასაც და მის მამას, მეფე ლუარსაბს. გრძნობს დავითის ყოვლის აღმომჩენი, მიმალული აზრი იმას, რომ ეს ხალხი, მეფეს რაღაც წამამდე ემსახურება. ეს კი ის წამია, როდემდესაც ლუარსაბ ბაგრატიონს მხნედ უპყრია თავისი სამხედრო რახტი ხელთ. ხოლო ეს რომელი რახტია? თუ არა მტრის სისხლითა და ტვინით გაპოხილი, მოდიდო რვალის ნატეხი, რომელსაც კბილები და ჯაჭვები აქვს ჩაყოლებული (თავად მეფის სურვილით) რათა რახტი უფრო საზარელი და დიადი გამოჩნდეს, ზრიალითა და ხროტინით მომაკვდავთა თავზე, მაშინ როცა მირონცხებული ლუარსაბ მეფის ლაშქარი მტერს შეუტევს და მის მთლიან სამწყობრო კედელს ისე არევს, რომ მისი მზადების შემყურე მტერი დაითრგუნება, ხოლო ლუარსაბ, ყოველთვის მოწინავე საკუთარ ჯარში, მტრის რაზმებში შევარდება და ჯერ რახტით ამოავლებს მტვერში იმათ ტვინებს ვისაც ბაგრატიონთა ალმის დანახვა, ცახცახს ჰგვრის, ხოლო შემდეგ, ბაგრატიონთა ჯევარდინით დაერევა განსაკუთრებით გულმოცემულებს, რომლებსაც მფრთხალ სიკვდილს, ხმლით ხელში მყისიერი, განგმირვა სურს. მამა მუდამ სამაგალითოა დავითისათვის. მაგრამ როგორც კი სულის-ყური აუმოქმედდა, მანაც იგრძნო რომ ლუარსაბის სიცოცხლე ბრძოლიდან ბრძოლაში ძლიერდება, მაგრამ მისი გარემოცვა მეფეს ათვალიერებს და ყნოსავს. მეფის სიცოცხლის საიდუმლოს იკვლევს და მუდმივად მონურ მორჩილებაშია. „მონის მორჩილება აზატის ერთგულების მტვრადაც არ ღირს“-ფიქრობს დავითი და აქეთ იქით იყურება, იმ ადამის ძეს ეძებს ვისგანაც რაიმეს ისწავლის. ბავშვი განსაკუთრებით ექიმებითაა გატაცებული. მათ ცოდნაზე ფიქრობს და ფარულად თავადაც აქიმობას მიელტვის.   

ჯერაც ფოცხვერივით მოქნილი, სახით ლამაზი, ტანით ახოვანი ლუარსაბ მეფე ხშირად ეწვევა დავითის პალატებს, რომელიც ნარიყალას ფერდობზე დგას და დედოფლის ბაღს გადაჰყურებს.  მეფეს უნდა ბიჭი სანადიროდ წაიყვანოს, მაგრამ როდესაც იგი შემოდის, დედოფალი თავის მეუღლეს რაღაცას უჩურჩულებს და ლუარსაბ მეფე შვილს მიუახლოვდება, ხელში აიყვანს, მოუალერსებს, მაღალ შუბლზე აკოცებს და იმედიანი თვალებით შეავლებს თვალს მის მკლავებს. იტყვის „მეფის მარჯვენა“-დაუკოცნის ის შვილს მარჯვენა მკლავს, „მეფის მარცხენა?“- იკითხავს დავითი და ლუარსაბ მეფე ვაჟს მარცხენა მხარზე ეამბორება.

-მამი, მამი მომიყევი, ტახს როგორ მოარტყი თემის შუბი? – ეკითხება დავითი მამას. ლუარსაბი გრძელ ულვაშზე ხელს გადაისმევს, დავითით ხელში აივანზე ჩამოჯდება და დაიწყებს:

– ჩრდილოეთ კავკასიონზე მივდიდოდით მე, „ხევსურა“ და დუკა ორატორი. უეცრად წავადექით დიდ შავ ტახს, რომელიც ეშვებით მიწას ჩიჩქნიდა. ტახი ძალიან გამძვინვარდა, ჩვენი დანახვისას და როდესაც ჩვენსკენ შემოტრიალდა, დრო უკან დახევისა აღარ იყო. „ხევესურა“ თავისი დაშნით ცალ მუხლზე დაჩოქილი ელოდა ტახს და მკერდით ჩემს დაფარვას ცდილობდა, დუკა ორატორი იმ წიგნით ხელში იდგა, რომელიც ინგუშთა ბელადთან საჩუქრად მიგვქონდა, ჰოდა არ დავახანე, გადავხტი წინ, ჩამოვეფარე „ხევსურას“, შალითიდან დავაძვრე, თემის შუბი, რომელიც კარგი გალესილი არც კი იყო და ჩემსკენ წამოსულ ტახს შიგ ხახაში ვუთავაზე.

უეცრად „ხევსურა“ გადამიხტა წინ, მაგრამ ტახი უჯვე განგმირული დახვდა, დაშნა მიაბრჯინა მის ეშვებს და თავჩაღუნული იდგა.

დუკა ორატორმა , „ხევსურა“ დაამუნათა – შენ ხარ მეფის დამცველი თუ პირიქითააო? „ხევსურა“ ისე გაბრაზდა, კინაღამ სისხლი არ დაღვარა თქვენი მასწავლებლის, რომელიც თვითონაც იწევდა „ხევსურასთან“ შესაბმელად.

შემდეგ ინგუშთა ბელადი ციოყ ბაბა მოგვიახლოვდა, როდესაც გვიცნო, უმალ ჩვენსკენ გამოიქცა, გადამეხვია, ტახს დახედა და თქვა – „ქართლელებმა გაგვაოცეთო“.

ინგუში ამგვარ ტახს, მხოლოდ სახელდახელო მახით თუ მოინადირებს, ჩვენ კი პირისპირ შევებით და მოვკალით – ამბობდა მეფე და თავის დედოფალს შეჰყურებდა, თვალებს მალავდა, როდესა დავითის გასიებულ ტერფებს დახედავდა და შემდეგ საუფლისწულო პალატის კედლებზე გამოსახულ წითელ ცხენოსანს შეავლებდა თვალს და იტყოდა.

  • დავთვებზე სანადიროდ მივდივარ ხვალ, „ხევსურა“ მიმყავს, დუკაც მოდის და კარგ დროს გავატარებთ თრიალეთის ქედებზე.
  • მამი როდის წამიყვან სანადიროდ ? კითხუულობდა დავითი და მამის ძლიერ მკერდს ეხუტებოდა.
  • მოვა დრო შვილო და წაგიყვან, დუკამ ახალი წამალი ჩამოიტანა სპარსეთიდან, დღესვე შეგიხვევს მუხლს და ტკივილი გაქრება, ყოველი დაგავიწყდება და მალე მე და შენ მშვლდისრითა და ხმლით სანადირო ტყიდან იშვიათად გამოვალთ.
  • მამი, ეხლავე წამისვას დუკამ მალამო ბრძანებდა ბიჭი და ლუარსაბ მეფე თვალებს მალავდა, შვილს თავზე ხელს გადაუსვამდა და პალატიდან გადიოდა.       

მომავალში, „იადგარ დაუდის“ ავტორი , მოიკვლევს და მოიძიებს აღმოსავლეთის სააქიმო სიბრძნეს. ეხლა კი სიგიჟით განთქმულ თავის უფროს ძმას დაჰყურებს. დაბლა ტირიფებსა და ნაძვებში, შირაზისა და ბუხარის ვარდების ხეივანში რვა წლის სიმონი ყარაბახული კვიცით, დაჯირითებს, ხელთ თბილისელი ოსტატების მიერ მორთმეული საუფლისწული ხმალი უჭირავს და დავითს აკვირვებს.   

  • ჩამო , ჩამოოოო, დავით მეხმალავე, დამეჭიდე, სანამ დუკა მოვა გავერთოთ! ჩამოო რა – ყიჟინას სცემს უჩვეულოდ დაუდეგარი უფლისწული, რომელიც ხან ცხენებისაკენ იწევს და ხანაც ძაღლებისაკენ.
  • ძმაო დაოკდი, ეხლა დუკა მოვა და გაკვეთილი დაგვეწყება – მძიმე სახით და შეკრული წარბებით ამბობს, უჩვეულო სენისაგან დაბრძენებული  უფლისწული დავითი.
  • გაჩუმდი, დუკა აღარ მინდა ! მე სარდალი ვარ ! მომიქნიე ხმალი და თუ შესძლებ! – უხეშად ხუმრობს უფროსი ბატონიშვილი.

***

„თუ შესძლებ“- გულში ჩარჩა დავითს უფროსი ძმის ნათქვამი, მთელი ღამე არ ეძინა ამ სიტყვის შემდეგ, ექიმმა სიცხე დაუდგინა და საწოლში ჩააწვინა. გვერდით შურდანი მიუწვა და დავითმა თვალები მილულა, მაგრამ სიზმრად მამის ტახტზე მჯდომი სიმონი იხილა. „დამარხეთ ეხლავ ეს გონჯი“ – ამბობდა ვიღაც მასზე და ამ დროს შეეღვიძა, გული უჩვეულოდ უცემდა, სიცხეს გაეთანგა.  

 შემდეგ წამოიწია და მარცხენა ხელ-ჯოხს დაყრდნო, კარი გააღო და თბილისის თავს  გადამხობილი კომშისფერი დიდი მთვარე შენიშნა, კოჭლობით გავიდა აივანზე, ტერფებს უჩვეულოდ დგამდა და უკვე აღარ მიათრევდა. „თავი  ხელთ უნდა ავიყვანო“, გაიფიქრა დათომ და  ტერასიდან დაბლა კიბეზე ჩახტომა იწყო და ხტუნვა-ხტუნვით სადედოფლო პალატის იარაღებით გაწყობილ დარბაზში შევიდა და ერთ კედელთან აიტუზა.

დარბაზს „სასროლეთი“ ერქვა და მის კედელზე, ვაჭრების მიერ აღმოსავლეთიდან შემოტანილი ცეცხსასროლი იარაღი ეკიდა. მეფე ლუარსაბს თოფები არ მოსწონდა. მის გამოყენებას არაკაცურად თვლიდა და ბრძოლაში ხშირად გრძელი შუბით შედიოდა, ჩვენს მიერ აღწერილი „ლუარსაბ – რახტი“, ომის დროს, ცხენის უნაგირზე ისვენებდა. „ჩემი რახტი, გულისყურით უსმენს ჩემს შუბს, შუბი კი მე მისმენსო“ – ამბობდა მუდამ გამარჯვებული სარდალი და აღფრთოვანებითა თუ შურით აღვსილებს იმ უთვალავ სამხედრო ისტორიებს უყვებოდა, რომელთა გადაწყვეტაში ლომის წილი მიეღო.

***

„ლაჩრებისაა თოფი და ფინდიხი, ჯაზაირი და ყოველი ზამბულაკი. რომ ესვრი ვის ესვრი, იქნება საკუთარს ახვედრებ შენ დალოცვილო“- ამბობდა ერთხელ ბრძოლა გადახდილი ლუარსაბ მეფე და მის წინ დაჩოქილ თურქ მეთოფეებს დაჰყურებდა.

„რა ვუყოთ ამათ მეფეო?“- იკითხა ამილახვარმა, რაზეც ლუარსაბის ჩაქნეული ხელი მიიღო პასუხად და უმალ მტკვარში დაახრჩობინა თოფჩები, რომლებიც განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ გულოვანობით განთქმულ ქართლელ აზნაურებს.

„ამას კი რა ვუყოთ?“- იკითხა ეხლა მეფის წინ მდგარმა წყნეთელმა თავადმა ესტატე გაბაშვილმა და მიწაზე მოჭიდავის გარეგნობის მქონე, წითელ-ულვაშა მდუმარე ყიზილბაში დააგდო.

„ხელთ რა ეპყრა?“- იკითხა მეფემ მრისხანედ. მის თვალებში მძვინვარებამ გამოჟონა.

„ფარითა და შუბ-ნაჯახით, ხმლითა და მშვილდით იყო, მეფეო, რომ მიუახლოვდი, იმწამსვე არ დამნებდა, ცხენი ვაძგერე და ხრამში დავაგორე, იქ დასისხლიანდა“- თითქოს თავის გასამართლებლად თქვა მორიდებით თავადმა.

„ყურანზე დააფიცეთ რომ მეორეჯერ აღარ მოვა ქართლს და გაათავისუფლეთ, ქორივით მებრძოლია მაგრამ აწი ლექსები წეროს“ – თქვა მეფემ და ტყვეს თვალებში შეხედა. ყიზილბაში მიხვდა, რომ მეფემ მისი შენდობა ბრძანა და ლუარსაბს მუხლებში ჩავარდნა დაუპირა. „ხევსურა“ გადაუდგა ტყვე ყიზილბაშს და მუხლის უეცარი ამორტყმით იგი გულდაღმა დააგდო.

  • არ ეგების ყველა ილეთის საქვეყნოდ გამჟღავნება „ხევსურ“, შაინახე ბიჭო ეგ ილეთები – დასცინა მეფემ საკუთარ ხევსურს და წაქცეულ ყიზილბაშს სპილენძის ფული მოაყარა და შემოტრიალდა.

ამ დროს ლუარსაბს ერთი თურქი მიეჭრა და საკუთარი ხელთოფი გაუწოდა. მიწაზე დავარდა და ოსმალურად ამ ხელთოფის აღწერას მოჰყვა. „თოფ, თოფჩიჯი, …“- ესმოდა ჩაფიქრებულ და დაღლილ მეფეს ოსმალოს ახსნა განმარტებანი და „ხევსურას“ ანიშნებდა იცოდე არ დაარტყაო, ხევსურა კი მეფეს ახედავდა და ქუსლის ჩაცემით უნდოდა დაედუმებინა  მოყაყანე თურქი.

„არ გინდა ხევსურ, დაიოკე ბიჭო თავი“ – მკაცრად თქვა ლუარსაბ მეფემ და ხევსურამ ოსმალო ხელუკუღმა ჩატყლაშუნებით ჩააჩუმა და თურქულის მცოდნე აზნაური თუხარელი იხმო.

„რა უნდა?“-იკითხა ხევსურამ.

„ხელთოფს გვიტოვებს“ – გაიცინა მესხეთიდან გადმოხვეწილმა, წითურმა თუხარელმა.

-ისედაც ყველა რკინა და ფინდიხი ჩვენი არ არის? – გაიკვირვა ხევსურამ და მეფე გაჰხედა ონავარი ღიმილით, მაგრამ მეფის თვალებში შეპარული ღიმილი რომ ვერ აღმოაჩინა, კვლავაც სახეს დიდებული და ჩვეული იერი დაატყო და ოსმალოს დაჰხედა.

– ამბობს ეს ხელთოფი საოცრებააო, ფრანგების ნახელავი ყოფილა, ოსმალთ, კიპროსელთათვის წაურთმევიათ. ოცდაათ ნაბიჯზე სპარსულ მუზარადს ხვრიტავსო, ასე ამბობს – თუხარელმა ხელთოფის დათვალიერება დაიწყო.

– დაახურეთ თავზე აი ეს მუზარადი და ვესვრი! – გადაიხარხარა ხევსურამ და ყიზილბაშთა ასისთავის მუზარადი გადაუგდო თუხარელს, მეფესაც მოავლო თვალი, როდესაც მის თვალში საყვედური შეამჩნია უმალ უკან დაიხია.

მაგრამ საქმე უკვე დაწყებული იყო. აზნაურმა თუხარელმა სწრაფად დაამხო თავს სპარსული მუზარადი თურქს და გაიქეციო შესთავაზა. თურქი უმალ მუხლებზე დავარდა და როდესაც მას რაზმელები ფეხზე წამოყენებას უპირებდნენ, მიხვდნენ რომ ის ამ ქვეყნიდან გაპარულიყო.

  • გასტკლეცია გული ურუმს! – თქვა გურიელის ელჩმა, განთქმულმა ცხენოსანმა, თავადმა გუგუნავამ, რომელსაც  მეღვინეთუხუცესის მიერ მირთმეული აზარფეშა ეჭირა ხელთ და სადღეგრძელოს შესხმას აპირებდა იმ გამარჯვებისათვის, რაც ლუარსაბ მეფემ მოიპოვა აგარიანთა ზედა.
  • ხელთოფი ვერ გამოვცადეთ ! – ნაწყენი კილოთი ჩაილაპარაკა „ხევსურამ“ და ამხედრებული მეფის დანახვაზე იგიც თავის პატარა ბედაურს მოახტა.

***

   სწორედ ამ ხელთოფის წინაშე იდგა დავით და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. ყურში კვლავაც ჩაესმოდა ბაღში მოჯირითე სიმონის ყიჟინა და უკვე ტვინში უტრიალებდა მისი სიტყვები: „თუ შესძლებო…“

რითი უნდა ეპასუხა ძმისთვის, თუ არა ხმლის წვერით და მშვილდისრის ისარით? მაგრამ ხმლის ხელში პყრობა არ შეეძლო დავითს. მისი დასუსტებული მარჯვენა და მარცხენა სახსარი ჯევარდინის წონას ვერ უძლებდა. კი მოართვეს საყმაწვილო ხრმალი და ხანჯალი რომელიც მის ოთახში ეკიდა, მაგრამ დავითი თავი თავსაც ვერ გამოუტყდებოდა იმ საშინელ სიმართლეს – „დავითს, ბაგრატიონთა მახვილის აღმართვა არ შესძლებიაო“

  • ამით მოგკლავ, უდღეურო! – ჩაილაპარაკა უფლისწულმა ხელთოფი ჩამოხსნა და პატრუქს დახედა. ყველაფერი რიგზე იყო. საჭირო იყო მხოლოდ ცეცხლი, რომ პატრუქი ანთებულიყო და დენთის კოლოფში შევარდნილიყო. ჭაბუკმა იცოდა რომ ხელთოფი აუცილებლად დატენილი იქნებოდა. სხვანაირად მეაბჯრეთ უხუცესი არცერთ თოფსა და დამბაჩას არ დაჰკიდებდა, ნადირის ტყავებით მოფენილ, სასროლეთის კედლებზე.

კვეს-აბედი კედლის ნიშაში ნახა, რამოდენიმეჯერ გაჰკრა კვესს და სიპის ქვაზე დაყრილი ხმელი ბულულები აანთო, პატრუქის დანთებას არაფერი უდგა წინ, ეხლა მთავარი იყო, ბატონიშვილი ახლოს მოეყვანა. „ერთი ბახხ …..  და ბატონიშვილი მე შევიქნები“-ფიქრობდა ეშმა მის შუბლზე წამომჯდარი.

კახაბერ ჯაყელი

12/12/2021


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: