Posted by: burusi | 21/09/2009

ალექსანდრე ყაზბეგი – ელგუჯა

ალექსანდრე ყაზბეგი – Alexander Kazbegi

ელგუჯა

1864 წელს დაჰკრა საქვეყნოდ სასიამოვნო საათმა და გამოაცხადა გლეხების გათავისუფლება-ბატონ-ყმობის გადავარდნა! ხალხის ერთი მხარე-გლეხკაცობა და მათი თანამგრძნობელნი გატაცებულნი იყვნენ სიამოვნებითა და მეტის-მეტად გადაჭარბებულს სარგებლობას და სიკეთეს მოელოდენენ ახალის წესებისაგან.მეორე მხარე-მებატონეები კი გულის კანკალით უყურებდნენ იმ დამოკიდებულების მოსპობას, რომელიც საუკენეობით არსებობდა ბატონსა და ყმის შუა.

განთავისუფლებულს გლეხებს ეგონათ, რომ ამ დღითგან იმატი კეთილდღეობა, გამდიდრემა და მოსვენება შეიქმნა უეჭველად მოვლინებად;მებატონეები კი ჰფიქრობდნენ,დღეიდან ლუკმა გაყწყდათ და გუშინდელი იმათი მეხრეები დღეს ბრძანებლად გაუხდებოდნენ.

გაიარა პირველმა აღტაცების ჟამმა და ხალხი ცოტა დამშვიდდა. გლეხებმა დაინახეს, რომ იმათი იმედი მეასედადაც არ მათლდება და მებატონეებმაც,-რომ იმათი ისეთი შიში ამაო ყოფილა, რადგანაცფ ახალ დებულებას ისეთი კუდები განოუჩნდა, რომელიც ნაყმევის კეთილდგეობას პირდაპირ ნაბატონარის სურვილზე აგდებს…

მცირე მემალულე-მებატონე არ დაავალა ახლამა წესდებამ, რომ მიეცათ ნადენი, მაგრამ ტყე მებატონის განკარგულებაში დარჩა და გლეხკაცი, რომელიც უტყეოდ ვერ გასძლებს, დააყენა ისევ მებატონისგან დამოკიდებულებაში.

გლეხკაცებმა დაუშვეს ისევ თავები; მებატონეები კი გაიმართნენ წელში.

მაგრამ ამატ დამოკიდებულება კიდევ, როგორც იქნა, გასაძლებია; გასაძლებია მისთვის, რომ ახლო მომავალზედ იმედი გვაქვს. მაგრამ, წარმოიდგინეთ ერთი გვარი განთავისუბლებული ყმების მდგომარეობა, იმ განთავისუბლებული ყმებისა, რომელთაც არავითარი მამული არ არგუნა კანონმა.

ესენი გახლავან შინა-მოსამსახურეები რომელთaც არ ეჭირათ მამული, არა ჰქონდათ თავიანთი სახლ-კარი.

წარმოიდგინეთ-მეთქი იმ ხალხის მდომარეობა, რომელტაც არც სოფელი იკარებს, არც მებატონე აძლევს რასმე და არც თავისუფალს სახელმწიფო მიწებზედ ასახლებენ!

მთაში საზოგადოდ იყო ჩვეულებად ტყვეების მოყვანა და იმათი დამონავება; იმათ აყენებდნენ თავიანთ სახლში და ხმარობდნენ თავიაანთ ბატონურის ძალის დასაცველად. ამის გამო კარგა ბლობად გროვდებოდნენ მთის მებატონეების სახლში ამგვარი ყმები, რომელთაც არც მიწა ეჭირათ, არც ცალკე სახლი ჰქონდათ და მუშაობდნენ მებატონის საკუთარს მამულზედ უსასყიდლოდ, მარტო ლუკმა პურასითვის და ზედ ჩასაცვამის კონკ-ძონძობისათვის! მთელი იმათი შრომითგან არ შენახულა იმათვის იმდენი, რომ ერთი ფეხის დადგმა მიწაზე ან ერთი ძროხა თავის საკუთრებად დაენახად.

ამ დგომარეობაში იყვნენ ეს ბედისაგან განწირული, როდესაც განთავისუფლების ხმამ გრგვინვასავით გაიარა საქართველოში და ამ საცოდავებსაც, სხვებთან ერთად ქუდი მოახდევინა და მადლობა შეაწირვინა ღვთვისათვის.

მოდი და ნუ გაუხარდებოდათ საცოდავებს, როდესაც ზოგს იმათგან კიდევ ახსოვდა, რომ მამა ჩერქეზში, დედა ქისტებში და თვითონ საქართველოში ყოფილა გაყიდ-გამოყიდული!..

მოდი და ნუ გაუხარდებოდათ ახლაი დებულება, რომლის ძალითაც დღეს საყვარელ შვილს ცოლს, დედას, სატრფოს ვეღარ გააშორებდნენ!

მართლათაც სასიხარულო იყო.მაგრამ დიდხანს გასწია იმათმა სიამოვნებამ და სიხარუილმა? ტავისუფლების შემდეგ დაინახის[….] თუმცა დედა შვილისაგან, საქმროს საცოლესაგან, ცოლს ქმრისაგან ვეღარ განაშორებენ, ვეღარ გაყიდ-გამოყიდიან როგორც პირუტყვებს, მაგრამ ამათ ყველას ჭამა, ცხოვება უნდა და ისინი კი ახალმა წესდებამ დააგდო ხელგაშვერილ ღატაკებად! იქმდის შემაძრწუნებელი იყო მათი მდომარეობა, რომ ზოგს ზედ დასახური საბანი და ქვეშ გასაშლელი ნაბადიც კი არ გაჰყოლიათ მებატონისაგან.

ეს ხალხი გაიფანტა სხვადასხვა ადგილებში და აქამდინაც ისევ ისევ ხელგაშვერილები დადიან და თავის შესაფარებელი ადგილი ვერ უპოვნიათ, მაშინ, როდესაც ათასი თავისუფალი ადგილები არის, რომელზედაც ადვილად შეიძლებოდა იმათი დასახლება და, ეხლა უსარგებლო სახელმწიფო წევრთაგან, გაეშენებინათ სარგებლობის მომცემი ხალხი. ვინც იცის, საიდანაც გადმოკარგულს სკაპცებს, დამახინჯებულებს ზნეობითაც და კაცცობითაც აძლვენ ადგილებს,- ამ საცოდავს ღმერთისაგანაც და კაცისაგანაც მოძულებულთ დასახლება უფრო მადლი არ იყო?

აი ამათ ცხოვრებიდგან მინდა უძღვნა მკითხველს რამდნიმე მოთხრობა. მხოლოდ ეს წინასიტყვაობა საჭიროდ დავინახე, რადგანაც საქართველოში ბევრმა არც კი იცის, რომ ამგვარი ყმებიც იყვნენ და ასობით ხალხი ამ დებულებამ ასეთს განმღატაკებელს და უნუგეშო მდგობარეობაში დააყენა.

I

დარიალის ვიწროებში, სადაც ახლა მშვენიერი გზატკეცილი მიდის და შავ კლდეებს შუა გველსავით იკლაკნება, უწინ მხოლოდ ბილიკები იყო, რომელზედაც ცხენების ქარავნები ძლივს დადიოდა. ეს გზა მიდიოდა ჩრდილოეთ კავკასიიდგან საქართველოში ჯერ ლარსის ვიწრო ხეობაზედ, მაგრამ რაკი დარიალის უზარმაზარ მთებს მოადგებოდა, იქ კლდე იყო გახვრეტილი და გზა ქანქანით გაყვანილი, რომლის სათაურშიაც მოხევეთა ყარაულები იდგნენ და საქართველოს დაუპატიჟებელ სტუმრებისაგანაც იცავდნენ.

ერთს ცივს ღამეს, როდესაც ნისლს მოებურა და უფრო მომეტებულად დაებნელებინა იქაურობა, ამ ქანქანის ნაპირას გაეჩაღებინათ ცეცხლი რამდენიმე ყარაულს და გარს შემოსხდომოდნენ.იქვე დაერთოთ ნადირის(ჯიხვის) მწვადები და ვახშმის მომზადებას ელოდენენ.

ამ დროს მოისმა ცხენის ფეხის ხმა.ყარაულებმა დაავლეს თოფებს ხელი და ერთს წუთში ჩაესაფრნენ გზის აქეთ-იქით მდებარე ქვების უკან.ეს ისე სწრაფად და ჩუმად მოხდა ,რომ კაცი ვერ შეამჩნევდა მათ მოძრაობას, და გულდანდობილი მგზავრი ადვილად ჩაუვარდებოდა ხელში…

გაიარა რამდენიმე წუთმა ამ მდგომარეობაში, როდესაც ერთი ცხენოსანი გამოჩნდა და გულადად შემოვიდა ჩასაფრებულთა შუაში. აქამდისინ გაჩუმებული ყარაულები, რომელთაც თოფები გადმოეშვირათ ქვებზედ და თვითონაც გაქვავებულს სურათებს დამზსაგვსებოდნენ, ერთბაშად ჩaმოცვივდნენ და ცხენოსანს გარს შემოერტყნენ.

– ვინა ხარ?- ჰკითხა ერთმა ყარაულთაგანმა.

– მე, ოსი მახამეთა, სენი წირიმე!- მიუგო ცხენოსანმა…

– საიდგან ან სად მოხვალ?

– ცოფიკაშვილთან… მე იმის სტუმარი ხარ.

– ეგ რაღa გაქვს ნაბადში გახვეული?- ჰკითხა ისევ იმ ყარაულმა, რომელმაც ცხენოსანს

უნაგირზედ გარდი-გარდმო გადებული ნაბადი შეხვეული რაღაც შეამჩნია.

– ეს ქალია, სენი წილიმე, ესეც იმასთaნ მიგყავს.

-სად გინადირნია, სად?- ჰკითხეს ღიმილით.

-ცერქეზიდგან მოიტაცე, – ჩვეულებრივ იცრუა ოსმა.

აი შენი ხენცელაის მადლი კი გამიწყრეს!..- დაცინვით გაიკამათა მოხევემ.

სენმა მზემ, ცერგეზიდგან…

კარგი-ღა, ჩე… არ გიცნობ, რაიცა ხარ? ე მანდ სულოლანთას(ოსის მებატონეები)

იყიდდა და აქ კი გვატყუებს ჩერქეზში მოვიტაცეო.

არა ცემა მზემ.

კარგია, კარგია! – მკაცრად გააწყვეტინა სიტყვა მოლაპარაკე ყარაულმა დაუბრუნდა

თავის ამხანაგს.

– აბა, ღმერს არ მოეტყუების, ეს ჩერქეზში ვერ გავიდოდა..

– ოსი არაა, შენაი ჭირაიმე, ჩერქეზში საით გავიდოდა? – უპასუხა ერთმა.

– რა არიან ოსები?.. კატები არიან, ცხო რაი?

– ელგუჯა! – წამოიძახა ისევ იმ ყარაულმა, რომელმაც პირველად დაუწყო მახამეთას

ლაპარაკი და რომელიც იმათში თავობდა.

– რაი გინდა?

– წადი წაჰყევ ემასა, მიიყვანე ჩოფიკაანთსა და თუ აქ მოგვატყუა, ძაღლსავით მოჰკალ და გადააგდე.

– აგრე.

– გზაზე თუ გაქცევა დააპირა, მაშინაც არ დაინდო.

– აგრე! – განიმეორა მოხევემ.

ელგუჯა იყო ყმაწვილი ჭაბუკი ოცდაორი წლისა, ტანადი, წამოსადეგი, ხევში განთქმული ვაჟკაცობით და ,,ქამანდრობით”. ამასთანავე, როგორც მომეტებული ნაწილი მოხევეებისა, გულწრფელი და საიმედო. ელგუჯამ გაიდო თოფი მხარზე და შესძახა მახამეთასა:
– იარე!

მახამეთამ გასწია წინ, ელგუჯა კი მიჰყვა უკან სიფრთხილით, რომ სიტყვით – სიტყვამდე ნამდვილად შეესრულებინა თავისი უფროსის ბრძანება. იმ დროს ღმერთსაც ნუ ექნა, რომ მახამეთას ოდნავათაც არის ცხენი გაებრუნებინა და გზის იქით გადაეყენებინა. – ელგუჯა იმას ძაღლსავით მოჰკლავდა და გადააგდებდა.

ამგვარად მიდიოდნენ ისინი ჩუმად, ხმაგაკმენდილები; მახამეთა დარწმუნებული, რომ მცველს თვალით ფრთხილად უჭირავს და მცველი კი დარწმუნებული, რომ თუ მახამეთამ გაბედა რამე, მაშინ იმის ტყვიას შორს ვერ წაუვა. თუნდა რომელისამე მიზეზით ტყვია დასცდენოდა და მახამეთას გაქცევა მოეწადინა, მაშინ მაინც ადვილად წინ მოექცეოდა ელგუჯა, რადგანაც ქვეითი იყო და საქვეითო ბილიკი ერთი-ორად ამოკლებდა ცხენისთვის მიხვეულ-მოხვეულს გზასა.

მიაღწიეს სოფელს სტეფანწმინდას და მივიდნენ პირდაპირ გაგი ჩოფიკაშვილის კარებთან, სადაც ელგუჯა წინ წადგა და ხმამაღლა დაიძახა:

– გაგი! ჰა გაგიიი! გაგი!

ამ სიტყვებზედ თოფი გადმოეშვირა დერეფანზედ საფრად გაკეთებულის კედლიდგან და მოისმა:

– ვინაა მანდ, ვინ ჰკივის?

– მე ვარ, ელგუჯაი.

– რაი ამბავია ამ შუაღამისას?

– აი ერთაი კატაი მოვიყვანე, – სთქვა ელგუჯამ და დაჰხედა ოსაა.

– მარტოა?

– არა… ქალაი რაიმე ჰყავს.

გაგი წყნარად გაბრუნდა, გააღვიძა ბიჭები, რომლებიც იმის ძახილზე შეიარარებულნი, გაშიშვლებულის თოფებიტ გამოვიდნენ.

ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდა და, მაშასადამე, დრო არეულობისა და მუდამ ბრძოლისა ამ მფარველობის ქვეშ შესვლის მსურველთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ამიტომ, რასაკვირველია, უიარაღოდ არავინ დადიოდა.

ონისე, გადი – ღა გახედე!.. სტუმარი სასტუმროში შეიყვანე, ტყვე რომ მოუყვანია, დედაკაცებს მიაბარე… იცოდნენ, თუ გაჰქცევიტ, თავიანთ თოლიების მეტი აღარა იხსნის რა…

ონისემ გასწია ბრძანების აღსასრულებლად, მაგრამ გაგიმ ისევ შეაყენა, რაღაცა წაიბუტბუტა და ხმამაღლა დაუმატა:

მოიცა, მეთვითონ ჩამოვალ. გაგიმ მაშინვე იცნო მახამეთა, რომელტანაც არაერთხელ ჰქონია ამგვარი ვაჭრობა. ეს იყო მიზეზი, რომ ისინი ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ, ჩამოართვეს ხელი და ტბილად დაიწყეს ლაპარაკი.

მახამეთა გამოუტყდა, რომ ეს ქალი ჩერქეზი იყო და ერთს ქისტს ოსებში გასაყიდად მოეყვანა. აქ მახამეთა შეხვედროდა და გაგისთვის ეყიდა. ამ სიტყვებს დაუმატა ქალის ქება, რომელიც ტანადობით ისარს ემზგავსებოდა და ტუჩები ახლად გადაშლილვარდსა.

მართლა ლამაზი უნდა იყოს! წარმოსთქვა იმან და გაუბრუნდა ელგუჯას: შენ მაინც დაღალული ხარ, ეგ ქალი ამ საწოლში შეაგდე და შენც გარედ კარებთან მოუწექი ამაღამ… კარის გადმორაზა კი არ დაგავიწყდეს. ელგუჯამ ქალი წაიყვანა, გაგი კი მახამეთას გაუძღვა სასტუმროში, სადაც უნდოდა ძვირფასი სტუმრისთვის თავი მოექონა, რათა ცოტაც არის უფრო იაფად დაესვა ახლად მოყვანილი ქალი.

ელგუჯამ ქალი შეიყვანა ,,საწოლში”, აუნთო ჩირაღი და, რა შეხედა, გაშტერებული დარჩა. იმის თვალს წარმოუდგა ისეთი მშვენიერი, მიმზიდავი, თხუთმეტ-ტექვსმეტი წლის ქალი, რომელმაც მოულოდნელად გული აუცახცახა და ძარძვებში სიხლი აუდუღა. რასა შვებოდა, სად იყო – იმას სრულიად გადაავიწყდა. ის შეეპყრო მარტო ერთს სურვილს, რომ ასე განუწყვეტლივ ეყურებინა ამ ქალის მშვენიერებისათვის და დამტკბარიყო იმ გრძნობით, რომელსაც პირველად გაეღვიძა იმის გულში. ქალი კი იდგა ფერმიხდილი, დაღონებული, თვალებდაშვებული და გატაცებული რაღაცა ღრმა ფიქრიტ.

ელგუჯას აწუხებდა იმის მდგომარეობა. უნდოდა დასამშვიდებელი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ენა არ იცოდა და, თუნდა სცოდნოდა კიდეც, ძნელად შეეძლო სიტყვის წარმოთქმა, რადგანაც არის ხოლმე ისეთი მდგომარეობა კაცის ცხოვრებაში, როდესაც გრძნობ იტანჯება, გინდა წარმოსთქვა რამე, მაგრამ ენა აღარ გემორჩილება და სიტყვა ვეღარ გიპოვია. სწორედ ამგავრს მდგომარეობაში იყო ელგუჯაც.

ბოლოს მოხევე გონს მოვიდა, გაამაგრა ,,ჩირაღი” კედელში, უჩვენა იქვე დალაგებულს საბან-გობანზედ და ანიშნა იმათი გაშლა. კიდევ ცოტახანს დარჩა, შეხედა, ამოიოხრა და გამობრუნდა. კარებთან რომ მოვიდა, ერთი კიდევ მიიხედა, დაინახა, რომ ქალის თვალები ელგუჯასაკენ იყვნენ მოქცეულები და ისეთის სახით უყურებნდენ, თითქოს იმათაც ეგრძნოთ მოხევის გულის მოძრაობა და ისინიც თანაუგრძნობდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ…

ელგუჯამ ვეღარ მოიტმინა, გადახტა და გულში ჩაიკრა ქალი, რომელიც შეშინებული და აღელვებული, რაღაცა გამოუცდელის გრძნობებისაგან დამონებული მკერდს ძალზედ ეკვროდა.

ამ წუთებში გამოიხატებოდა წადილი, შიში, სიყვარული, ბრძოლა აღძრულს გრძნობასთან, მაგრამ იმათგან ვერც ერთი კი ვერ გეტყოდათ – რა მოსდიოდათ, რასა შვებოდნენ, ან ასე რად იქცეოდნენ და სხვა რიგად არა?

ღმერთმა იცის, დიდხანს გაგრძელდებაოდა ეს იმათტვის სანეტარო წამები, ან სადამდის მიაღწევდა, თუ ამას თავის დავიწყებიდამ არ გამოეყვანა ხმაურობას, რომელიც სასტუმროს კარებიდგან მოისმა.

ელგუჯამ უკანასკნელად ძალზედ მოუჭირა მკლავები, აღგზნებულად აკოცა, გამოვარდა გარეთ მთვრალსავით, გიჟისავით და გულის ცქერით კარებთან მიწვა.

ეზოში გამოსულიყო გაგი და განკარგულებას აძლევდა ბიჭებს, რომ სტუმარს რიგიანად დახვედროდნენ.

რაკი ბიჭები გაგზავნგამოგზავნა, სახლის პატრონმა გამოსწია იმ ,,საწოლისაკენ”, სადაც ტყვე იყო დამწყვდეული. მახამეთამ იმას იმდენი მშვენიერება უამბო ამ ქალისა, იმდენი გამტაცებელ სურათებად დაუხატა ქალის მიხვრა-მოხვრა, იმისი ტუჩები, თვალები, თმები, რომ გაგი სრულებით დაიბნა და ათასმა უპატიოსნო წადილმა შეიპყრო იმისი გარყვნილი გული… გაგიმ ვეგარ მოითმინა გათენებამდის და იმ გამესვე უნდოდა დამტკბარიყო ჩერქეზის ქალის მშვენიერებით.

მივიდა იმ ადგილამდის, სადაც ელგუჯა იწვა, შესდგა ცოტა ხანს და ყური დაუგდო. ელგუჯა ხვრინავდა, თუმცა ძილი არც კი მიჰკარებოდა. ამან გაამხნევა გაგი. წყნარად გადააბიჯა ელგუჯას, შეაღო კარები და შევიდა საწოლს ოთახში. რა წამს კარი მოიხურა, ელგუჯა ფეხზედ წამოვარდა და გაშმაგებულის თვალებით დაუწყო სარკმელიდგან ყურება.

ქალმა დაინახა თუ არა უცხო კაცი შესული, ცახცახით კედელს მიეკრა. გაგი კი, რა წამს ქალს შეხედა, მაშინათვე შეიპყრო პირუტყულმა გრძნობამ და ჩასისიხლიანებულის თვალებით იმისკენ გასწია.

ქალს შეეშინდა, შეჰყვირა და უფრო მიიკუნჭა კედლისაკენ. ელგუჯას თვალები აენთო, გული აემღვრა, წაავლი ხანჯალს მთრთოლარე ხელი და მრისხანებით უყურებდა. კიდევ ერთი წუთი, გულმა ვეღარ გაუძლო და გიჟივით შევარდა.

-ვინაა აქ? რაი ყვირილია?-წარმოსთქვა იმან ისე, თითქოს ქალის ყვირილს გაეღვიძებინა.

გაგი შეკრთა, ის თავის გუნებაში ათას რიგად ლანძღავდა ელგუჯას, რომელმაც დაუშალა ასეთ დროს და დაუპატიჟებლად შემოვარდა, მაგრამ სირცხვილისაგან ვეღარა მოახერხა-რა და მხოლოდ ეს-ღა უთხრა:

-არც ვინა!მე ვარ,მე!კარის დასათვალიერებლად მოვედი…-შემდეგ გაიფიქრა:,,დღეს თუ არა,ხვალ ხომ ჩემი იქნება,”და ისევ ელგუჯას მოუბრუნდა:-ახლა კი წავიდეთ,დავწვეთ და კარებს კლიტე დაადეთ,ისიც ეყოფა…

II

გათენდა დილა და მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი დაადგეს ყირვანწვერს.

გაიღვიძა დაძინებულმა სოფელმა,ხალხმა დაიწყო მოძრაობა;სოფელთან ერთად გაგის სახლშიაც აგდნენ.დედაკაცებმა გაიგეს ჩერქეზის ქალის ტყვედ მოყვანა და ერთი ჩურჩული გამართეს ამ შემთხვევის შესახებ.ყველას უნდოდა ჩქარა ენახა ტყვე,ჩქრა შეეტყოთ იმისი ვინაობა,თავგადასავალი.ბოლოს შემოვიდა ერთი ბიჭი,მოიტანა გასახები და გადასცა დედაკაცებს.

-გაგიმა ა-იქ საწოლაში ქალი არისო და ის გმოიყვანეთო,-უთხრა იმან.

ვინ ქალია?მართლა ჩერქეზია?..რამდენი წლისაა?ლამაზია თუ არა?-მისცვივდნენ აქეთ-იქით დედაკაცები.

-აბა რაი ვიცი,მე თვითონაც არ მინახავს…კარგად მოუარეთო გაგიმა.

-თავად რაიღა იქნა?-ჰკითხა ვიღაცამ.

-გაგის კაცი რაიმე მოივიდა და გათენებისას ხევსურეთს წავიდა.

-რაისათვის წავიდოდა?

-კარგიათ- ღა,გახედეთ იმ ქალსა,მშიერი იქნების…-გააწყვეტინა ლაპარაკი დიასახლისმა.-წადი-ღა, ჯაჯალავ წაიღე კლიტე და გამოიყვანე.

ჯაჯალა იყო უმცროსი ამ სახლში და ამისათვის ყველას შეეძლო მისი ბრძანება და იმასაც უნდ აესრულებინა უფროსების სურვილი.თუმდაც ასე არ ყოფილიყო,ჯაჯალა დიდის სიხარულით წავიდოდა და გამოიყვანდა ტყვესა,ემსახურებოდა იმას და ყოვლის რონისძიებით ეცდებოდა ტყვის ნუგეშის ცემას,რადგანაც თითონ ჯაჯალაც ასეთივე ტყვის ქალი იყო და კარგად ახსოვდა თავის დედის ნაამბობი ტყვის მდგომარეობაზედ და იმის გულის მოძრაობაზედ.იმან იცოდა ცოტაოდენი ჩერქეზული,რომელიც დედას ესწავლებინა. ჯაჯალას შესვლაზედ ტყვე შეკრთა და მაშინათვე ფეხზედ წამოიჭრა.ჯაჯალა მივიდა, საჩქაროდ დასვა და თანაგრძნობით დაუწყო ლაპარარაკი:

-იჯექ,იჯექ!დაღალული იქნები,-უთხრა მოსულმა ჩერქეზულად.ჩერქეზის ქალმა გაიკვირვა თავის ქვეყნის ენის გაგონება და სიხარულით წამოსძახა:

-მაშ აქაც ლაპარაკობე ჩერქეზულად?

-რად არა!.. ჰაი, ჰაი რო ლაპარაკობენ… შენ ნუ გეშინიან, აქაც ისეთივე კაცები არიან, როგორც ჩერქეზში.

-მაშ არ მაწვალებენ, არ მომკლავენ?

-ბედაშაო.განა ურჯულოები ვართ?.. შენ ნუ გეშინიან.

-მე კი ისე შემაშინა წუხელ ერთმა კაცმა…ისეთი შეხედულებისა იყო, ისეთი თვალები ჰქონდა,რომ კინაღამ გულზე შემომეყარა…თუ ის ყმაწვილი ბიჭი დროზე არ შემოსულიყო, უთუოდ მომკლავდა.

-ჯაჯალა მიხვდა, რომ ამ ქალის შემშინებელი გაგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყმაწვილი ბიჭი ვინღა იყო, ვერ მოეაზრა.

-შენ ჩერქეზი ხარ?-ჰკითხა ჯაჯალამ.

-ჩერქეზი ვარ.

-დედაჩემიც ჩერქეზი იყო!..

-მართლა?..

-მართლა.. ისისც შენსავით იყო მოტაცებული… სახელად არაიღა გქვიან?

-მზაღო.

-პური არ გშიან?

-არა.

-წავიდეთ,შეჭამე რამე,თორემ ეგრე გული გადაგელევა.

-სად წავიდეთ.

-ჩვენ დედაკაცებთან.

ამ სიტყვებით ისინი გამოვიდნენ და წავიდნენ სამყოფო სახლში,სადაც დედაკაცები მიეხვივნენ ახლად მოსულს ჩერქეზის ქალს და თავიდგან ფეხებამდის ისე დაუწყეს სინჯვა,თითქოს ადამიანს პირველად ჰხედავდნენ.

ბოლოს ყველანი დამშვიდდნენ,დაადგნენ თავთავიანთ საქმეს და მზაღოზედ ზრუნვა კი ჯაჯალას მიანდვეს.

მზაღოს უკვირდა, რომ აქამდის არსადა სჩანდა ის ყმაწვილი ბიჭი, რომელის ისე მოეწონა და ისე მოულოდნელად გულში ცეცხლი ჩაუგდო.იქნება ისე სწრაფად გაჰქრა ელგუჯას სიყვარული, როგორც სწრაფად დაიბადა?მზაღოს ამაზედ უნდოდა ელაპარაკა ვისთანმე, მაგრამ ვერა ბედავდა, რადგანაც ვერავის ენდობოდა… ის მახინჯი, თვალებჩასისხლიანებული გაგი რაღა იქნა? ფიქრობდა ისა, თუმცა კი ამას გაგის მოუსვლელობა ახარებდა.

გაგიმ და ელგუჯამ ძლივს მოასწრეს გამოსვლა სახლითგან,როდესაც ერთი ცხენოსანი გაგის გალავნის კარებთან მოვიდა, საჩქაროდ ჩამოხდა, გასწია სახლის პატრონთან და შეატყობინა მთიულეთგუდამაყრელების არეულობის შესახებ:იმათ რუსები ემწყვდიათ მთიულეთის ჭალებში და გაგის საჩქაროდ იბარებდნენ როგორც ხევის ხალხის ერთს მოთავეს. იქ მთიულები შეყრილიყვნენ ბატონისშვილის ალექსანდრეს თაოსნობით, რათა წინააღგომოდნენ რუსების მოძრაობას.გაგიმ იმ ღამესვე გასწია იქითკენ და ელგუჯაც თaნ წაიყვანა.

აი ეს იყო მიზეზი, რომ ელგუჯა შორითგან მაინც ვეღარ მოჰკლა თვალი თავის შეუდარებელს ჩერქეზის ქალსა, რომელმაც მთის მდინარესავით ჩუხჩუხა სისხლი.

გზად მიმავალი ელგუჯა ფიქრობდა თავის მშვებიერს მზაღოზედ და გულში ყოველგვარს ლანძღვას უგზავნიდა მთიულებს ასე უდროოდ არეულობისათვის.

ელგუჯა მიდიოდა ლაშქრად, მაგრამ გული კი შინ დარჩენოდა.იქამიდისინ შეეპყრო იმის გონება ზაღოზედ ფიქრსა, რომ ათaს საშვალებასაც კი ეძებდა, რომ შინ როგორმე დაბრუნებულიყო… ბოლოს გადასჭყვიტა რომ ის დიაცსავით იქცეოდა და იმ დროს, როდესაც იმის მოძმენი სართო მტერთან შებმას აპირებდნენ, ეს კი შინისკენ იწევს, საყვარელს ქალთან საარშიყოთ. ელგუჯა ვაჟკაცისათვის შესარცხვენად უყურებდა ამისთანა დროს ტოლ-სწორების და საქმის თავის მორიდებას და შინ მყუდროებაში მოფარებას… ,,კაცი ვარ, ქუდი მხურავს, წავალ, ვაჟკაცობას გამოვიჩენ, ვისახელებ თავსა და სამსახურს გაუწევ თემობასა.როცა შინ მშვიდობით დავბრუნდებით, მაშინ ვითხოვ გაგისაგან იმ ქალსა და ისიც მომცემს”.

ელგუჯას არ გაუმართლდა იმედი:ცხაერ ბრძოლის მაგივრად ხალხი საჩქაროდ დაამშვიდა სხვადასხვა საჩუქრებით მთაში მეორე ძალის მქონებელმა მებატონე და გაგის ელგუჯასთან ერთად შინ დაბრუნება მოუხდა.

ამ დროს საქართველოში მოემატა კიდევ რუსის ჯარები,რომელთაც საჭირო ადგილები და სოფლები დაიჭირეს და იქამდის გაამაგრეს, რომ ყოველივე მოძრაობა მთის ხალხისაგან თითქმის შეუძლებელი შეიქნა.

გაგიმ დაინახა თავისი მდგომარეობა, დაინახა საითკენ უფრო სასარგებლო იყო იმისთვის და გადადგა რუსებისაკენ, რომლისათვისაც მისცეს აფიცრობა.

ეს ყველა ისე საჩქაროდ მოხდა და ისეთ აღელვებულ მდგომარეობაში იყო მაშინ საქართველო, რომ ყველას დაავიწყდა თავიანთი საერთო საქმე დამოვალეობა. რასაკვირველია, გაგისაც არ ასცდა ესევე მდგომარებობა, რომელმაც გადაადებინა თუ დაავიწყა თავისი პირუტყვული გულისთქმა ტყვის შესახებ.ამის მიზეზით ელგუჯას დარჩა თავისუფალი დრო მზაღოსთან ეარშიყნა, და ისიც სარგებლობდა, რამდენადაც ენის უცოდნელობა ნებას აძლევდა.

ჯაჯალა,რომელიც თარჯიმანობდა შეყვარებულთა შორის, და მზაღო დამეგობრდნენ ისე რიგად რომ დამალული აღარა ჰქონდათ-რა. რასაკვირველია,არც ელგუჯასთან იყო იმათი საიდუმლო დაფარული. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, რომ ელგუჯამ უნდა ითხოვოს მზაღო, მისცეს რაც უნდა ურვადი სთხოვოს გაგიმ და თუ ვინიცობაა, ეს არ დაიყაბულებდა, მაშინ ელგუჯა მოიტეცებდა თავის სატრფოს…

ასე მიდიოდა დღეები, კვირეები და საქმე როგორღაც ვერა ბოლოვდებოდა გაგის იქ უყოფნელობის გამო. იმას უკანასკნელად ჩააბარეს რამდენიმე ჯარისკაცი და ეგზეკუციად გზავნიდნენ სხვადასხვა დამნაშავე მთის ხალხის ადგილებში; ამისთვის გაგი შინ მოსასვლელად ვეღარ იცლიდა და ელგუჯას ვერ მოესწრო იმასთან მოლაპარაკება.

III

ერთს მთვარიან, საღამოს,როდესაც მთელი მოხევეები სათიბად იყვნენ გასულნი, გაგის მთიბლესაც დაენთონ ცეცხლი, შემოეკიდნათ ქვაბით საკლავი(ცხვარი) და ვახშამს ამზადებდნენ.მთიბელი დედაკაცები და კაცები ცეცხლს შემოსხდომოდნენ გარშემო და არაჩვეულებრივი მხიარულის პირისახით ელოდნენ საჭმლის მომზადებას.ხალხს ჯერ კიდევ ვერ გამოერკვიათ, თუ რა მომავალი მოელოდა ახალ შემთხვევათა გამო, და ამისთვის ძრწოლით მოელოდნენ მომავალს, რომელშიაც ხედავდნენ, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სხვა ხალხისაგან, სხვა გვარ-ტომობისაგან თავიანთ თავზედ ძალის მოტანას, გაბატონებას.ამ აზრის გავრცელებას ეხმარებოდა მაშინდელი ზოგიერთი ჩინოვნიკების ველური საქციელი.

რა თქმა უნდა, რომ ამ მთიბლებს შორის ახალი ტყვეც ერია.ეს გამოსულიყო განაპირებით და დაღონებულის თვალებით დასცქეროდა ყირვანწვერს, რომელსაც მთვარის შუქი დასდგომოდა და მშვენიერს ფერად შეეცვალა დილის სურათი. ხალხი დასხდა ვახშმად. დაუძახეს მზაღოსაც. ის იყო კერძებს აწყობდნენ ჯამებში,როდესაც ცელ მხარზედ გადებული ერთი მთიბელი მოვიდა და შესძახა:

-გამარჯვება თქვენს საქმესა!

-გადღგრძელოს ღმერთმა,-უპასუხე სტუმარს და მიწვიეს ვახშმად.

-გადმოხე, აქ გადმოხე! – ადგილი მისცეს ელგუჯას.

საზოგადოდ მთაში ამგვარს შემთხვევის დროს ერთი მეორისგან თავს არ ივიწროვებს და მარტო მუშა თავისუფლად მიდის მეზობელ მუშებთან, დროებას ატარებს და პურსა სჭამს, ელგუჯა კი გაგის მთიბლებს კარგად იცნობდა, რადგანაც იმათთან ერთი სოფელი იყო. ამას გარდა ყარაულობის დროს გაგი ხშირად დადიოდა გაგის სახლში.

ვახშმის შემდეგ,როცა ყველანი მიწვნენ-მოწვნენ და ღრმა ძილში შევიდნენ, ელგუჯა გაცურდა იმ მხარისაკენ,სადაც მზაღო იწვა.ელგუჯას მისვლაზედ ქალმა წამოჰყო თავი,მაგრამ რაკი იცნო, ხმა გაკმინდა.ელგუჯამ არნიშნა, რომ გაჰყოლოდა იმას და წყნარა, პარვით გასწიეს ბურახულის ტყისკენ, რომელიც იქვე ახლო-მახლო იწყებოდა.

გაჩუმებულნი, სულგანაბულნი და ხმაგაკმენდილნი მიდიოდნენ, როგორც უსულო მოჩვენებანი, ვიდერ ტყეში შევიდოდნენ; მაგრამ რაკი ტყის სიხშირემ დაჰფარა ისინი და სხვისი თვალი ვეღარ მისწვდებოდა, ელგუჯა ერთბაშად გამოუბრუნდა ქალსა, მოჰხვია ძლიერი მკლავები, ჩაიკრა გულში და დაუწყო კოცნა… ეხლა თითო-ოროლა სიტყვა ესწვლა მზაღოს ქართულად და ეს აძლევდა საშუალებას უმოწმოდ შეეტყობინებინათ ერთმანეთისათვის თავიანთი გულის პასუხი, თავიანთი გულის მოძრაობა.

პირველის ტრფიალის შემდეგ, ელგუჯა ოხვრით და მწუხარებით გამოუცხადა, რომ მას გაგისთვის შუაკაცი გაეგზავნა და მზაღო ეთხოვნა, მაგრამ გაგის უარი გამოეცხადებინა და ახლა სხვა საშვალება აღარა რჩებოდა, რომ მზაღო გაეტაცნა.

-რას იტყვი?.. წამომყვები თუ არა?

-თავი იმათ მომიცია, რომ საცა გინდა იქ წამიყვან…

-თუშებში უნდა გაგიყვანო.

-სადაც გინდა.

-რომ მოგწყინდეს, მაშინ რაღასა იქ?

-ჩვენი მხრის ქალებს ძნელად შეუყვარდებათ, მაგრამ ვინც შეუყვარდებათ, ის იმის მბრძანებელია!.. მიბრძანე, რაც გინდა.

ამ სიტყვეზედ ელგუჯამ გატაცებულის კოცნით უპასუხა.

-მე ყველაფერი მოვამზადე… აქვე ტყეში ცხენები მყავს და იარაღი დამალული მაქვს… გუდამაყრის ხეობაზედ ვერ წავალთ, იქ გზებიც შეკრულია და ვიწრო ხეობაც არის, მთიულეთზედ უნდა წავიდეთ.

-შენ იცი.

-მაშ ნუღარ ვაგვიანებთ, ჩემო მზეო!

-შენ იცი.

-ხომ არ გეშინიან, არა?

-შენთან?..-ისეთის ხმით უპასუხა რომ ელგუჯას შერცხვა.

ამ სიტყვებზედ ელგუჯამ სამჯერ წყნარად, მაგრამ ხანგრძლივ დაუშტვინა. ცოტა ხანმა გაიარა და იმათ წინ მოულოდნელად ერთი ყმაწვილი შეიარაღებული ბიჭი გადმოხტა.

-გივარგი შენა?

-ჰო, მე ვარ.

-იარაღი რაი უყავ?

-აი აქაა! – უპასუხა ახალმოსულმა და მიაწოდა ერთი ხელი იარაღი.

-ცხენები.

-ცხენებიც, ა-იქ არიან,-უთხრა გიორგიმ და ანიშნა იქვე ხშირს ტყეზედ.

-მაშ წადი, მოიყვანე!

გიორგი ცხენებისათვის წავიდა, ელგუჯა კი წყნარად, ჩუმად და პირმოკუმული იჭურვებოდა. აშკარად , სჩანდა, რომ იმას გარდაეწვიტა ადვილად არავისთვის დაენებებინა თავისი მშვებიერი მზაღო და, თუ გზაში ვინმე გადაეღობებოდა, მაშინ იაფად არ დაესვა ეს თავხედობა.

მოვიდა გიორგი, მოიყვანა ცხენები და შესხდნენ.

როდესაც ყველანი მზად იყვნენ წასასვლელად, ელგუჯა მიუბრინდა გიორგის:

-გიორგი!

-რაი გინდა?

-მე საჭირბოროტო გზას ვადგევარ, მაი, შენ კი დაბრუნდი შინა!

-რას ამბობ?-გაიკვირვა იმან.

-ვინ იცის, რაი შემემთხვას, შენ რაისთვის-ღა, იარე, დროს ნუღარა ვკარგავთ.

-მაშ მოდიხარ?

-მო… სადაც შენ მოჰკვდები, მეც უნდა მოვკვდე.

-შენ იცი!-უპასუხა ელგუჯამ და მოიხადა ქუდი.-ღმერთო დიდებულო, წვერისა სპასთ ანგელოზო.შენ მოგვიმართე ხელი, შენი წყალობა გაგვატენე!-წყნარად წარმოსთქვა.

-ღმერთო, უადგილო-ადგილოს მოჰკითხე ამხანაგის მოღალატეს,- დაუმატა გიორგიმ.

-ამინ!-წარმოსთქვეს ორთავემ ერთად.

კიდევ რამდენიმე წუთი ასე ქუდმოხდილები დარჩნენ და ჩუმად ევედრებოდნენ იქაურს ჯვარ-ანგელოზებს; ამ ვედრებაში იყო რაღაცა დიდებული, ძლევამოსილი მუქარა, რომელსაც იმედი და ნუგეში შეერთებოდა.

ბოლოს ორთავ ქუდები დაიხურეს.

-გაგვიძეღ! – დასძახა ელგუჯამ.

გიორგიმ შემოჰკარა. ცხენს მათრახი, მხედარის ცხენი წინ გახტა და იმას გაჰყვა მზაღო და ბოლოს ელგუჯა.

IV

გიორგის ბელადობით ჩუმად და სიფრთხილით მიდიოდნენ ჩვენი მგზავრები. გასცდნენ სოფ. კობს, სადაც ყველაზე მეტად ეშინოდათ, მშვიდობიანად და გაუდგნენ გადასავალ მთებს. ისინი მიეშურებოდნენ მთიულეთის ჭალებს, სადამდინაც უნდოდათ ღამე ჩაჰყოლოდათ, რადგანაც აქეთგან დაბურვილი ტყეები იწყებოდა, და თავის დაფარვა ადვილად შეიძლებოდა: ასე ჰფიქრობდნენ ჩვენი მგზავრები და ამისათვის წამდაუწუმ ცას შესცქეროდნენ, რომელზედაც ვარსკვლავებს დრო უნდა ეჩვენებინათ.

-გასწი, გივარგი, გასწი! – ეუბნებოდა ელგუჯა თავის ბელადს, -ცისკარი სულ გადაიხარა და ღამე კაიშაურშიაც ვეღარ ჩაგვყვება.

-ღმერთი მოწყალეა, -უპასუხებდა გიორგი და გადუქნევდა მათრახს თავის ერთგულს ცხენს, რომელიც მიაჩაფჩაფებდა იმ გვარის ძუნძულით, რომელსაც მთაში ,,მგლურს” უწოდებდნენ, და ამგვარად სიარულიც გზას ძალიან ამოკლებს.

ალიონმა აიწია. დედამიწა განათდა. გამოჩნდა მშვენიერი ვაკე ქვეშის აღმართისა. აქ ბუნება სრულებით შეიცვალა მშვენიერის მდიდარის სურათებით. ველ-ბუჩქებიან მინდორს გარს შემორტყმოდა ტყიანი მთები, რომელიც აქა-იქ მთიულებს გაეჩეხათ, გაეტეხათ სახნავებად და სათაურში თავიანთი ციხე-დარბაზი გაემართათ.

სასიამოვნო, გამაცოცხლებელი ნიავი, რომელიც განუწყეტლივ დაჰქროდა ამ ადგილებში, აგრილებდა შუბლს და მოგზაურებს უფხიზლებდა, უღვიძებდა დაღალულს გონებას. წმინდა, ანკარა წყაროები ჩამოჩუხჩუხებდნენ და რაღაცა სიტკბოებით უალერსებდნენ კაცის ყურს. ჩიტებსაც კი გაეღვიძათ და ჭიკჭიკით ქებას ასხამდნენ ბუნები ძალას. ყველა ისე რიგად იყო მოწყობილი, რომ კაცს ანატრებდა აქ ჩამოხდომას, მწვადის შეშიშხინებას და ცოტა ხანს თვალის მოტყუებას. იმ ადგილებს ამ გვარი მოქმედება არამც თუ მარტო ხალხზედა – პირუტყვებზედაც კი ჰქონდა.იმათ იტყუებდა მსუქანი, ნოყიერი, მქვანე ბალახი, შემკული ათასფეროვანის და სურნელოვანის ყვავილებით.

ელგუჯამ გაჰხედა ამ სურათებს და გული აუძგერდა. იმან დანატრა იმ ბედნიერს, რომელთაც თავისუფლად შეეძლოდ ამ ადგილების მშვენიერებით დატკბობა.

ელგუჯა რომ ამ ფიქრებში იყო და სურათებით გაეტაცნა ოცნებას, გიორგიმ ერთბაშად ცხენი შეაყენა.

-რაი ამბავია?-ჰკითხა ამხანაგმა.

-აგერ ქვეშის აღმართთან რაიმე ცხენიანები ამოჩდნენ… მაი აქ ბუჩქებში მივაბრუნოთ ცხენები, თორემ მეტად განათდა.

-აგრე! -მოკლედ უპასუხა ელგუჯამ და დაიწყო იქითკენ ცხერა, საითაც გიორგიმ ცხენიანები უჩვენა.

ამათ გააბრუნეს ცხენები და შევიდნენ ბუჩქნარებში, რომელიც იმათ საკმაოდ ფარავდნენ კაცის თვალისაგან. იქ ჩამოხდნენ, გაშალეს ნაბადი და ზედ დასვეს მზაღო. გიორგიმ ცხენები ცოტა მოშორებით წაიყვანა, ჩაუკრა თავები და საძოვარზედ მიუშვა; თითონ კი თოფი მოიმარჯვა ფალია გამოუცვალა და ისე უზრუნველად წამოწვა ხმარ-თეძოზედ, თითქოს თავის სახლში იყოო. ელგუჯა წყნარად გავიდა გზის ნაპირად და ბუჩქებში, გზის პირად ისეთი სამზვერავი ადგილი დაიჭირა, საიდანაც თვით უხილავი ყველაფერს დაინახავდა და თვალყურის დევნა შეეძლო ცხენოსნები, რიცხვით ოცდახუთამდე, თანდათან ახლოვდებოდნენ იმ ადგილს, ისეთს წყობილებით მოდიოდნენ, თითქო საომრად გამზადებულან. წინ მოუძღვებოდა ბელადი, შემდეგ ოთხ-ოთხი ჯარად დაწყობილიყვნენ.

როდესაც ისინი მოახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ელგუჯა თავის ამხანაგებით გადასულიყო, უცნობი მგზავრების ბელადმა ცხენი ერთბაშად შეაყენა და დაუწყო მიწას ჩხრეკა. სხვები წამოეწივნენ და ჰკითხეს გაჩერების მიზეზი. მოწინავემ უპასუხა:

-ცხენების კვალია და არ ვიცი, საით მოვიდოდა.

-აქ ცხენებს რაი უნდა!-სთქვა უფრო ჭაღარაშერთულმა კაცმა, რომელიც უფროსობდა და რომელშიაც ბრჭყვიალა პაგონებით გაგის იცნობდით.

იმანაც დააყენა ცხენი, გადმოიხარა გვერდზედ და წარბებშეჭმუხვნილმა კვალს შინჯვა დაუწყო; გვერდით რამდენჯერმე აუარ-ჩამოუარა, მაგრამ ისე კი, რომ თავის ცხენისათვის უწინდელი კვალი არ წაეშლევინებინა.

-სამნი ყოფილან! კვალი აშკარაა!.. ცხენები დასაჭედები ყოფილან…-ნაწყვეტ-ნაწყვეტ წამოიძახებდა ისე,თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.მართლადაც, თუ დააკვირდებოდით ახლად დანამულ მიწას, ადვილად შემაჩნვდით უნალო ცხენების ნაფეხურს და ჩლიქების იმგვარ ბეჭდებს, რომელსაც ,,ბაყაყს” ეძახიან და დედამიწას მხოლოდ მაშინ დაეტყობა, როდესაც ცხენი უნალო არის.

-ეს კაი კაცები არ უნდა იყვნენ! -წამოიძახა ბოლოს თავის აღებით გაგიმ.

-კაი კაცები რომ იყვნენ, გზას რად აგვიქცევდნენ?

-მანდეთ ბილიკი გზა ხომ არა მიდის- რა?-მიუბრუნდა გაგი მთიულს, რომელიც თან ახლდა.

-არა, შენი კვნესა-მე, არა… მანდეთ გზა რაი უნდა:სოფელი არსად არის და არა ცხო!

-სოფლები როგორ არ არის, მაშ აი-ის რეებია?-ჰკითხა გაგიმ და გაუშვირა ხელი იმ მთისაკენ, სადაცა აქა-იქ გვერდოებზედ მთიულების სახლები მოჩანდა.

-სოფლებია, შენი კვნესა-მე, მაგრამ გზა მაგაზედ არ არის… ეგეთი ხევი ჩამოოუდის შუა, ლომისის მადლმა, რომ ფრინველიც ვერ გადაფრინდების.

-მაშ ისინი ამ ჭალაში უნდა იყვნენ?

-მა სად ჯანაბას წავიდოდნენ, რა ვიცი!.. ამ მთისკენ ხევი არის, ექეთკენ ეგეთი კლდეა, რომ კაცს გადახედვა შეეზარება.

ესენი ამ ლაპარაკში იყვნენ გართულნი, როდესაც ზევით დაღმართებიდგან ერთი ცხენოსანი გამოჩნდა, რომელიც ძალზე დმოაჭენებდა. ის აღარც დაღმართებს უყურებდა, აღარც ღორღებს და ხევებს, სადაც ცხენისთვის საკმაო იყო მხოლოდ ერთი ბორძიკი, რომ მხედარი სულით ხორცამდე დაკარგულიყო. აშკარად ეტყობოდა, რომ ის რაღაც საჭირო საქმეზედ მოესწრაფებოდა. ეს მხედარი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა და დაუწყეს ყურება.

ელგუჯამ, რომელიც მღელვარებით თვალს ადევნებდა იქ მოსულებს, შეჰკრა თვალი მომავალს მხედარს და გულში რაღაცა უსიამოვნება იგრძნო.

-ეგ თუ იქნება, ჩვენი მდევარი უნდა იყოს!..

ელგუჯას ძალიან კარგად ესმოდა, რომ თუ გაგიმ შეიტყო ქალის მოტაცება და იმათ აქ ყოფნა, მაშინ საქმე უსისხლოდ აღარ გათავდებოდა და ახირებული მებატონე არაფრისთვის არ მოითმენდა ამისთანა სირცხვილს და უპატიურობას.იმის სახლიდგან ქალის მოტაცება საკმარისი შეურაწყოფა იყო. ელგუჯა თავის თავისათვის არა სწუხდა, იმან იცოდა, რომ ღირსეულად დაუხვდებოდა ძალის მომტანს, მაგრამ აქ იმას გარედ ის იყო, ვისიც ერთი ამოსუნთქვა ერჩივნა მთელს თავის სიცოცხლეს. აი ესე სტანჯავდა და გულს უთუთქავდა.ამისთვისა ფიქრობდა ისე გამწარებული და წირის ოფლი გადასდიოდა; დიახ, მოხევე მარტო რომ ყოფილიყო, ბევრს ფიქრს არ გაუდგებოდა და აქამდნინაც გააცნობდა თავის თოფის სიმარჯვეს შარიანს მგზავრებს, რომელთაც თავი დაენებებინათ თავიანთი გზისთვისს და გამოჰკიდებოდნენ ვიღაცა კაცების ცხენების კვალს.

ელგუჯას გული იმაზედ მოსდიოდა, რომ გაგი შესდგა აქა და კვალს სინჯვა დაუწყო მაშინ როდესაც იმას გზა აუქციეს, დაუთმეს, მოერიდნენ და ამ შემთხვევაში კი მთაში მოსისხლე მტერიც ჩამოეხსნებოდა და აღარ გამოეკიდებოდა.სანამ ელგუჯა ამ ფიქრებში იყო,ცხენოსანი მოუახლოვდა გაგის და იმის ამხანაგებს.იმათ კარგად იცნეს ეს ცხენოსანი.

-რაი ამბავია,მარტიავ?-შორითვე შესძახა გაგიმა.

-რაი-ღა რაი ამბავი,ელგუჯამ ქალი გაგვტაცა,სახლი შეგვირცხვინა,თავი მოგვჭრა მთელს თემში…

-აჰუ…მაშ ელგუჯამ გაბედა? ელგუჯამა?

-ელგუჯამა,მაშ ცხომ ვინა?

კაცები არ იყავით? ქალი როგორ-ღა მოატაცებინეთ? თქვე ქალაჩუნა დიაცებო, თქვენა!..ქუდის მაგივრად მანდილი უნდა გეხუროთ.. ფუი, თქვენს ნამუსს!

-ღამე გაიტაცა, ქურდულადა, თორემ ჩვენც კი მამას შვილები ვართ.

გაგიმ, როგორც გამოცდილმა კაცმა, მაშინვე იფიქრა, რომ ამ ცხენის კვალს ელგუჯასთან უეჭველად რომელიმე დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და მოიწადინა უეჭველად ეპოვა ცხენები და იმათი პატრონები დაეჭირა.

ელგუჯამ სიტყვით-სიტყვამდე გაიგონა მარტიას და გაგის ლაპარაკი და გაეშურა გიორგისკენ, რათა შეეტყობინებინა,რომ იმათი დამალვა გამოაშკარავდა და გაგის დაჭერას უპირებს.ამხანაგებმა მაშინვე ცხენებს თავი დაანებეს, სტაცეს ქალს ხელი და გაიქცნენ სიმაგრის მოსაძებნად,რომელიც იქ სადმე უთუოდ უნდა ყოფილიყო.იმათ უნდოდათ ისეთი ადგილის პოვნა , სადაც უშიშრად შესძლებოდათ ქალის შეფარება და შემდეგ… შემდეგ გაეგებინათ ამ ხალხისათვის, თუ რა ,,შავ ბიჭებთან” აქვსთ საქმე, ან რა ადგილი იქნებოდა ორი თავგადადებული მოხევის ხელში ჩაგდება.

როგორც ზევითა ვსთქვით, ეს მინდორი ერთის მხრით ისეთის ფიწალო კლდეს მიებჯინება, საიდანაც ფრინველი თუ ჩაფრინდებოდა,თორემ კაცისაგან ჩასვლა ყოვლად შეუძლებელი იყო.მეორე მხარეს ჩამოუდიოდა დიდი ხევი.სწორედ ამ კლდის თავზედ,ხევის აქეთ,იმათ იპოვეს ისეთი ადგილი, როგორსაც ეძებდნენ. ამ კლდიდგან რამდენიმე ნაბიჯს აქეთ თითქოს განგებ ამ შემთხვევისთვის, ამართულიყო პატარა გორაკი, რომელიც თავს დაჰყურებდა და მბძანებლობდა მინდორს. ამ გორაკის სათაურის ნაპირზედ კბილებსავით სალი კლდეები აშვერილიყო და შუაში პატარა ჩაღრმავება შეედგინა. ამ ტაფოფზედ ოცი-ოცდაათიოდ კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა. რაწამს დაინახეს ეს ადგილი, სიხარულით გაექანენ.

-ღმერთი ჩვენსკენაა, გივარგი, -დაიძახა ელგუჯამ.

-ერთი იქ ავიდეთ-ღა და მაშინ უჩვენებთ თამაშას!- უპასუხა გივარგიმ.

მზაღო, რომელიც, აქამდის ფერმიხდილი და გაჩუმებული, რაღაცა მთრთოლარე მდგომარებობაში იყო, უკანასკნელმა სიტყვბმა გამოიყვანეს სასოწარკვეთილებითგან და ხმა ამოაღებინეს.

-მაშ იქ რომ ავიდეთ, აღარ გვინდა-რა, შიში აღარა გვაქვს?

-ღმერთი მოწყალეა!-მისცა პასუხი ელგუჯამ.

-რაი უნდა ჩვენგან, რაი?-ისეთის მწუხარებით წარმოსთქვა მზაღომ, რომ კაცს გული აუდუღდებოდა.

-რაი უნდათ?- იკითხა გიორგიმ.-ის უნდათ, რომ თითო-თითოდ ზაღლებივით ცავხოცოთ აქა და ფრინველების საკორტნო მძოვრად დავყრით.

-მაშ ომი იქნება, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ?.. ღმერთო!..ღმერთო!.. მწუხარებით წარმოსთქვა ქალმა.

-ნუ გეშინიან, ცხენებს რომ იპოვნიან, გაგის გაუმაძღარი თვალები იმითაც დამაყოფილდება; აქაც რომ მოვიდნენ, ჩავხოცავთ!-მოკლედ მოუჭრა ელგუამ და წარბები შეიჭმუხნა.

-ეგეთ ცხარე დღეს დავაყენებთ, წვერის სპარს-ანგლოზის მადლმა, რომ თითონვე თავ-ბედს იწყევლიდნენ.

ამ ლაპარაკში იმათ მიაღწიეს გორის თავს,სადაც გამაგრდნენ იმდენად, რამდენადაც!შესაძლებელი იყო ორი კაცისგან, მზაღოს უჩვენეს ისეთი ადგილი, სადაც ტყვია ვერ მისწვდებოდა და დაარიგეს,რომიმ ადგილას არ მოსცილებოდა. ბოლოს გაშალეს ნაბდები, ზედ დაყარეს ტყვია-წამლით სავსე მასრები და თოფებს საპირისწამლე შეუცვალეს. როცა ეს მზადება გაათავეს, ელგუჯამ წამოიძახა:

-ეხლა გვეწვივნენ, თუ თავი მოსძულებიათ!.. კაი სტუმრები არიან, მაგრამ, ღვთის მადლმა, ჩვენც კარგი მასპინძლები დავხვდებით…არა, გავარგი?..

-ჰაი, ჰაი, რომ დავუხდებით! -იყო პასუხი.

V

ამ უკანასკნელმა შემთხვევამ გაგი არც მცირედ დააფიქრა. იმ დროს, როდესაც ეგონა, რომ თავის თვალთმაქცურის ქცევით ამაღლდებოდა, პატივსა და ძალას მოიპოვებდა; იმ დროს, როდესაც აფიცრობა მიიღო,დიდი ხელმწიფე-იმპერატორის სამსახურში შევიდა-ვიღაცა ელგუჯა წინ გადასდგომოდა, შეერცხვინაიმის სახელი, წაერთვა ქალი და საქვეყნოდ მასხრად გაეხადა! გაგი სწუხდა, იტანჯებოდა და ის კი ვერ მოეხერხებინა, რა-რიგად გადაეხადა თავის შემარცხვენელისათვის. უწინდელი დრო რომ ყოფილიყო, ამგვარ შემთხვევისათვის გაგი შეჰყრიდა თემობას, ბიჭებს ამოირჩევდა და თემის დებულებას და გარდაწყვეტილებას უნდა დამორჩილებოდა; მაგრამ ეხლა ხომ უწინდელი დრო აღარ იყო?.. თემობას დაეკარგა თავისი ძალა, ხალხის ნების ასრულება შეუძლებელი შექმნილიყო და მის ბედ-იღბალზედ ზრუნვა თვითეულს პირს ჩაეგდო ხელში. გაგიც ერთი ამ ძალის მქონეთაგანი შეიქმნა და, მაშასადამე, ელგუჯას თავხედობას მარტო უბრალო გადახდევინება არ ეყოფოდა; ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და, რამდენადაც შეიძლება, მომეტებულად ეწვალოს!.. იძახდა გაგი თავის გუნებაში.

ამაზედ ფიქრობდა გაგი რამდენსამე ხანს და გარდაწყვეტილება ვერა მიეღო-რა. ბოლოს დაღვრემილი შუბლი გაეშალა და პირი-სახეზედ რაღაც უპატისნო ღიმილმა გადაურბინა, აქიღო თავი და მკაცრის ხმით წამოიძახა:

-მარტია! -შენი კვნესა-მე! უპასუხა მთიულმა და წინ წადგა. -გასწი ეხლავე ქვეშესა და ნაჩალნიკს შეატყობინე, რმ რამდენიმე ბუნტმა კაცმა იმ დროს, როდესაც მე ხელმწიფე- იმპერატორის სამსახურში ვიყავი, სახლი ამიკლეს და დედაკაციც მომტაცეს.

-კარგი, შენი კვნესა-მე, კარგი!

-უთხარი: ეგ ყველა იმისთვის ჩაიდინეს, რომ რუსების სამსახურში ვარ შეატყობინე, რომ ეხლა იმ მოღალატეებს აქ მოვასაწარ და ჯარები მოგვაშველოს, რო დამივიჭიროთ.

-ჯარები?-გაკვირვებით იკითხა მარტიამ.

-მაშა! ხელმწიფე-იმპერატორის მოღალატენი რუსის ჯარებმა უნდა დაიჭიროს!

-ჯარები რად გვინდა, შენი კვნესა-მე, განა ჩვენ კი არ ვეეყოფით?-წყენით უპასუხა მარტიამ, რომელმაც გაგის სიტყვები დასამცირებლად მიიღო… – ერთი გვიბრძანე კია და, ლომისის მადლმა, ღვთის რისხვას შევყრით, სადღა წაგვივლენ?

არა, რუსები უფრო აწვალებენ, -მკაცრად წარმოსთქვა გაგიმ და მერმე თითქოს თავისათვის დაუმატა:-მარტო სიკვდილი რას კმარა!

-მტრები შენი არიან, შენი კვნესა-მე და სიხლიც შენვე უნდა აიღო, ცხვები რაღად გინდა?

-იმად, რომ სამაგალითოდ აწვალონ,-მისცა პასუხად გაგიმ და შეიჭმუხნა წარბები.მარტიამ თავი ჩაჰკიდა და რაღაცა საგონებელში ჩავარდა.როგორც ეტყობოდა ის არა ჩქარობდა გაგის სიტყვების აღსრულებას.

-გასწი რაღა! რაღას ელი?

-მაი, აგრემც შეგეწევა ლომისის მადლი, -ქუდუს მოხდით და ხვეწნით დაიწყო მარტიამ,- აბა, რაი მადლია იმათი წვალება?.. თორემ, თუ იმათ ჩაუცვივდნენ ხელში, ურიებისავით აწვალებენ, აგრემც შემეწევა პირიმზე.

-აწვალებენ?.. ო, თუკი აწვალებენ, ცხო რაღა მინდა! -წამოიძახა გაგიმ ა პირუტყველის სურვილის ელვა გამოკრთა იმის თვალებითგან.

-ნუ იზამ მაგას, შენი მუხლების ჭირიმე, ნუ!.. სათემოდ ლექსს გამოგვითქმენ, ლომისის მადლმა, და შევრცხვებით.ამოდენა ხალხს სამს კაცზედ მისვლა ვერ გაგვიბედნია, სიკვდილი არაა?.. მიბრძანე და მარტ მე გადავალ ხმალ-და-ხმალ, გა, შენი რისხვა არა მაქვს!

რამდენადაც მარტიას რცხვენოდა გაუბედაობა, იმდენად მტრების სატანჯველში მიცემა არ ეთანხმებოდა იმის შეხედულებას. და იმის აზრით კი რუსების ხელში ჩავარდნით ყველა კაცი უნდა დატანჯულიყო. მარტია არ იყო დამნაშავე, რომ ასეთი აზრი შეედგინა ახალ გვარტომობის ხალხზედ, რადგანაც ის მოწმედ დასწრებოდა იმ სამარცხვინო მოქმედებას, რომელსაც ზოგიერთი იმათი წარამომადგენლები ჩაიდენდნენ. მაგალითად, ის იყო დამსწრე ,, ორი მთიულის მათრახებით მოკვლისა, რომლებსაც ყაზახებმა უწყალოდ სცემეს გზის კეთებაში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთს ყაზახს ცხენი წაუბორძიკდა. ზამთარში გზის მუშები თოვლის დროს არ გაუშვეს, რომ თავი შეეფარებინათ; ჩამოვიდა ზვავი და სამი კაცი დაახრჩო თოვლმა; დედაკაცები შეაბეს მარხილებში და ცემა-ტყეპით ბარგს აზიდვინებდნენ”; ის იყო მოწამე, როგორც ,,ანანურში ერთმა ჩინოვნიკმა ორი ოსი დაიჩირა, ჩაუსვრიმა გეჯაში სხვადასხვა უწმინდურება”, რომლის სახელის მოყვანასაც აქ ვერ ვბედავთ მკითხველის პატივსაცენად, ,,და ის აჭამა ძალ-დატანებით”.

მარტიას ამგვარი მაგალითები, მომხდარი სხვადასხვა პირებისაგან, მრავალი ჰქონდა და ამიტომაც ის ასე ფიქრობდა, როგორც დანარჩენი თავისი მოძმეები… ამის მიზეზით, თუმცა ელგუჯას მოქმედება, იმისი აზრით, ისეთი დანაშაულობა იყო, რომლისთვისაც უნდა დასჯილოყო და სისხლით გარდაწყვეტილიყო, მაგრამ იმის წვალება და კაცობის დამცირება მაინც უპატიოსნებად მიაჩნდა.

გაგის აზრი რუსების ყოფაქცევის შესახებ არ განირჩეოდა მარტიას აზრისაგან და სწორედ ამ მიზეზით უნდოდა იმათ ხელში ელგუჯას ჩაგდება.

-გასწი,გასწი, რაღას უყურებ?-გაჯავრებით დასძახა გაგიმ.

-წავალ,წავალ, შენი კვნესა-მე, -რაღაცა შეწუხებით უპასუხა მარტიამ და გააბრუნა ცხენი.

როდესაც ის გაბრინდა და გზას გაემარტა, გაგიმ ისევ მოაბრუნა და ჰკითხა:

-აქ ახლო-მახლო სიმაგრე თუ არსად არის?

-როგორ არ არის, არის,-უპასუხა მარტიამ და გაიშვირა ხელი იმ გორაკისაკენ, სადაც ელგუჯა თავის ამხანაგებით ჩაესაფრა: ა-იქ ეგეთი სიმაგრეა, ლომისის მადლმა, რომ კაცს თუ ტყვია წამალი ექნა, მთელი წელიწადი ფიქრი არ უნდა.

-კარგია, ახლა შეგიძლიან წახვიდე, ვინძლო ჩქარა იარო.

-კარგი, კარგი, ჩქარა ვივლი,- უპასუხა მარტიამ, გააბრუნა ცხენი და გაჰქროლა.

პირისსახეზედ ეტყობოდა, რომ იმისი აზრი რაღაზედაც მუშაობდა;ბოლოს ერთბაშად უკან მოიხედა,გაგაის მხარეს, მრისხანედ დაუქნია მათრახი და შესძახა:

-არ გაიგონე ჩემი და აზლა დამაცა, შე ბუგრიანო.

ამ ადგილში გზა ცოტა ხვეულად მიდიოდა, ისე რომ მარტია აღარ უჩანდათ გაგის და იმის ამხანაგებს. მარტიამ ერთი კიდევ მოიხედა უკან, იშვიღა ფეხი, გადაფრინდა ისე გაჭენებული ცხემიდამ და შურდულივით შეერია ბუჩქებში. ის გარბოდა გორისაკენ, რაც კი ძალი და ღონე ჰქონდა, რომელზედაც ელგუჯა იყო;ხანდახან ამოიძახებდა რაღაცა სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ნაყოფი იყო იმის გახურებუკის აზროვნებისა.

-სიკვდილი არ კმარა, შე ცოდვიანო, განა?არ გეყოფა იმათი სისხლი…შენ იმათი წვალება გინდა და ვნახოთ…მაშ კარგი, მეც იქ მივალ… ან მეც იმათტან მოვკვდები და ან დავიხსნი როგორმე! ..

ამ სიტყვებით და მუქარით მარტია მიეშურებოდა აშკარა წადილით, რომ ელგუჯას .

შეერთებოდა და გაგის უპატიოსნო დამამცირებელის წადილისათვის გარდაეხადა.

ამ ხანში არც გაგი დარჩა უსაქმოდ. იმან გარდაწყვეტა, რომ საშუადღეოდ ქვეშიდან ჯარი მოეშველებოდა, მაგრამ, სანამ ისინი მოვიდოდნენ, ამას დაწვრილებით უნდოდა ადილის დათვალიერება შესწავლა და შეტყობა-თუ სად იმალებიან ისინი, ვისაც ისე დღის გამწარებას უპირებდა.

გაგიმ მისცა განკარგულება, რომ ხალხი გაიფანტოს, შევიდეს ამ ბუჩქებში და კარგად ათვალიეროს დამალულები. თუ ვინიცობაა შეხვდებოდნენ სადმე, ეცადნენ, რომ ცოცხლები დაიჭირონ და იარაღის ხმარება არ გაბედონ, თუ საქმე განსაკუთრებით არ გაჭირდებოდა.

ამგვარად ხალხმა პირჯვარი გადაიწერა, ახსენა თავიაანთი სალოცავები, გაიფანტა და შევიდა ტყეში. ყველა გრძნობდა, რომ გაგის ბრძანების აღსრულება ძნელი იყო და თავგადადებული შეიარაღებული ხალხი ადვილად არ დანებდებოდა. ისინი მიდიოდნენ სიფრთხილით, თითქმის ყველა ბუჩქის სინჯვით და იმ მთრთოლვარე მდგომარეობაში იყვნენ, რომელშიაც კაცს აყენებს საზოგადოდ ომი. ცოტა სიარულის შემდეგ ისინი შეხვდნენ სამს შეკაზმულს ცხენს, რომელნიც დამშვიდებულნი, ფრუტუნით სძოვდნენ ბალახს. გაგი მისდევდა ამ ხალხს უკან და სადაც შესანიშნავს რასმე შეამჩნევდა იმ მხარეს გადიოდა. ამ ყიფით გაჩუმებულნი, შუბლშეჭმუხვნილნი დადიოდნენ ისინი ამ ადგილებში, როდესაც მარტიამ მიაღწია იმ გორაკს, სადაც ელგუჯა იყო. გიორგიმ პირველმა მოჰკრა თვალი და ჩაცმულობაზედ მაშინვე იცნო, რომ მომავალი მთიული უნდა ყოფილიყო.

-ელგუჯავ! მოდი-ღა, აგერ მთიული რამე მორბის და არ ვიცი ვინ იქნება.

-აბა სადაა? -გადმოიხედა ელგუჯამ. -მართლა მთიული ყოფილა.

-არა.

-მაშ ვინ იქნება… სამტროდ მოდის თუ სამშვიდობოდ?

-აბა რაი იცი!.. აი ეხლავ გავიგებ, -სთქვა ელგუჯამ და გადაუშვირა თოფი. -შესდექ, თორემ, ღვთის მადლმა, მანდვე გაგიცივებ!

მარტია შესდგა და მშვიდობა შესძახა.

-ვინა ხარ ან რაი გინდა? -ჰკითხა ელგუჯამ.

-მე მარტიაი ვარ, ხანდოსხეველი მთიული… ძმად მ,მწადის თქვენთან გაფიცვა.

ორთავ მოხევეს გაუკვირდა უცნობი მთიულის ამგვარი წადილი.

-მარტაიუ! -ცოტა ფიქრის შემდეგ უპასუხა ელგუჯამ, -თუ გვატყუებ, მაი, უკან გაბრუნდი, კაი ვაჟი ხარ მართალია, მაგრამ ჩვენც არა დაგიცვივით უკან უბრალოდ თავს ნუ გგვაფუჭებინებ.

-ლომისა იყოს თქვენი თავდები… თქვენს მოღალატეს დედამც შეერთოს ცოლად.

ამ სიტყვების შემდეგ ელგუჯა მიუბრუნდა გიორგის და უთხრა:

-მე თოფის ნ იშანს არ მოვაცილებ მარტიას, შენ კი ჩადი და ძმად გაეფიცე, ვინ იცის, იქნება ეგეც ჩვენსავით შეწუხებულია და ამისთანა ალაგას კი ერთი მეტი კაცი მთელი ლაშქარია.

გიორგიმ ხმაამოუღებლივ წამოაყენა თოფი ფეხზედ და გადმოეშო გორაკიდან. ჩქარა ჩავიდა მარტიასთან და შორიახლო დადგა.

-გზა მშვიდობისა! -უთხრა გიორგიმ.

-მშვიდობა მოგცეს ლომისამა!

-ავიხსნათ იარაღი და ძმად გავიფიცნეთ.

-აგრე, შენი კვნესა -მე.

ორთავ იარაღი შემოიხსნეს, დაყარეს მიწაზედ, მივიდნენ ერთმანეთთან, ამოიღეს ტყვიები და გაცვალეს. ამის შემდეგ გადაეხვივნენ ერთმანეთს და სამჯერ აკოცეს. შემდეგ შეჰფიცეს ერთმანეთს არ უღალატონ. აიღეს ისევ იარაღი და ავიდნენ ელგუჯასთან, რომელიც თავის რიგზედ გაეფიცა მთიულს ძმად. მარტიამ უამბო გაგის საქციელი, იმისი სურვილი და, რადგანაც მარტიამ ვერ იკისრა ამისთანა სამარცხვინო ბრძანების აღსრულება,ამისათვის მიმართა იმათა, რომ ან უშველოს რითიმე ან იმათთან მოკვდეს.

ამ ლაპარაკში მოახლოვდა გორას გაგი თავის ხალხით, რომელთაც გადასწყვიტეს, რომ ელგუჯა აქ უნდა შეფარებულიყო, რადგანაც ველ-ტყიანებში ვერსად იპოვეს. გაგი წამოდგა წინა და ხმამაღლა დაიძახა:

-ელგუჯა, ვიცით, რომ მანდა ხარ დამალული, გადმოიხედა-ღა, ერთს-ორს სიტყვას გეტყვით!

ამ სიტყვებზე პასუხი არავინ მისცა დ აისევ გაგის მოუნდა ლაპარაკი:

-აი მშიშარავ, მშიშარავ!.. თუ ეგრე გეშინოდა ჩემი დანახვისა, ქალი რაღად მოიტაცე?.. გადმოიხედე-ღა ერთ წამსა, თუ დედაკაცი არა ხარ!

ამ სიტყვებმა გააცეეცხლეს ელგუჯა, რომელიც მთლად ამრთული გადმოდგა კლდეზედა.

-რაიც მშიშარა ვარ, ეგ შენც იცი, მაგრამ ღვთის მადლსა, გაგი, შენს სისხლში ნუ გამრე, გზა დაგვანებე… ქალი გამამიტაცნია, რაც თემობის წყობილებაა, გადაგიხდი ურვადს და ჩამოგვეხსენ.

-ღმერთმა შენც შეგარცხვინა და თემიც!.. ეხლავ გამოდი აქა და ეგ უნამუსოც გამოიყვანე, თორემ სიცოცხლე მაქვს, შავი დღე დაგაყენო!..ეხლავ გამოდი აქა და ეგ უნამუსოც გამოიყვანე, თორემ სიცოცხლე მაქვს, შავი დღე დაგაყენო!

-გაგი, თემს ნუ ლანძღავ, არაა ქესი… დედაკაცის ლანძღვა არის ვაჟკაცის საკადრისი, თორემ, ღვთის მადლმა, სისხლი ყელში მოვიდა.

ამ მუქარამ გაგი გააცეცხლადა გადაავიწყა წინანდელი თავისი მოაზრება.

-ერთი უყურეთ მაგ ძაღლს, მაგასა-და? რა-რიგ ლაპარაკი დაიწყო!.. ახალე, ბიჭებო!

ამ სიტყვებთან ერთად ავარდა კომლი და რამოდენიმე თოფის ხმა მოისმა. ტყვიებმა ხრიალი მოიღმეს იმ ალაგას, სადაც ელგუჯა იდგა. ამან მოასწრო გადაფრენა ქვების უკან და დაიძახა:

-მაშ ეგრე, გაგი, რაკი არ დაგიშლია-და, ახლა ჩვენი ხლა ნახე… რაც აქ სისხლი დაიღვაროს, შენმა სულმა ზღოს!

გავარდა სამი თოფი და გაგის ამალიდან სამი მსხვერპლი დაეცა დედამიწაზედ, რომელთაც სისხლი თქრიალით გასდიოდათ იარებიდგან…

VI

გაიმართა თოფის სროლა, რომლის შედეგიც იყო გაგის მომხრეთაგან კიდევ რამდენიმე კაცის სიკვდილი: ამათ საქმე ისე გაუჭირდათ, რომ თავის შესაფარს ადგილებს ძებნა დაუწყეს.

ეს ხალხი გაიფანტა და მიეფარა-მოეფარა აქა-იქ გაფანტულს ქვებსა და ხრამებს. თითონ გაგიმაც, რასაკვირველია, მოძებნა უშიშარი ადგილი და ლანძღვით და ქადნით მოელოდა დაბარებულს ჯარს. ის მედს არა ჰკარგავდა, რომ რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელებულიყო ამგვარი მდგომარეობა, ბოლოს ელგუჯა მაინ ხელში უნდა ჩავარდნოდა, რადგანაც გაგი ამ ადგილებს არ მოშორდებოდა და გორაზე მომწყვდეულებს ყოველის მხრით გამოსასვლელს გზას შეუკრავდა. სროლა მაინც არ სწყდებოდა, თუმცა ტყვიები უბრალოდ იკარგებოდა და პირდაპირ თავის დანიშნულებას ვეღარ ასრულებდა.

ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც გაგი მღელვარებით წამდაუწუმ ცას შეჰყურებდა და დაღვრემილი სახით წამოიძახებდა:

-რაი ღმერთი გაუწყრათ აქამდე, რაი მოუვიდათ? აგერ შუადღეც გადავიდა… მარტია სად-ღა დაიხაფრა?

ამ მღელვარების მიზეზი ის იყო, რომ გაგიმ აშკარად დაინახა, რომ იგი ელგუჯას და იმის ამხანაგებს ვერც დაიჭერდა და ვერც დახოცავდა; ადგილის მდგომარეობამაც დაანახვა, რომ იმ მცირედის ხალხით, რომელიც გაგის ახლდა, ყველა მხარეს გზას ვერ შეუკრავდა მომწყვდეულებს და იმათ ადვილად შეეძლოთ ღამე ყარაულებს გასხლტომოდნენ და სამუდამოდ ხელიდგან წასვლოდნენ.

რამდენადაც გაგი იქ იტანჯებოდა, იმდენად გორაზედ მყოფთ ნუგეში ეძლეოდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ღამის სიბნელესთან ერთად იმათ გაეხსნებოდათ გზა და მშვიდობიანად გადარჩებოდნენ თავიანთ მოსისხლეებს.

-ახლა დასვენებაც შეგვიძლიან, ლომისის მადლმა! ისინი ვეღარც კი გაჩუჩუნდებიან.

-არა მგონია, რომ გაგიმ ეგრე მოისვენოს… აბა რაი ენაღვლება, თუ იმის საქმეზედ სხვები გაწყდებიან? – უპასუხა ელგუჯამ.

-თითონ უკან იმალება და ცხვებს კი გვახოცინებს, – დაუმატა გიორგიმ.

-არა, შენი კვნესა-მე, არა, ეხლა ხალხი დამშვიდდა და გაგის აღარავინ დაუჯერებს. აი წეღან, სანამ ხალხი შეხურებული იყო-მანამ იყო საშიში, თორემ ეხლა ფიქრი აღარ გვინდა, -სთქვა ესა და დამშვიდებულმა, თითქოს თავის აზრის დასამტკიცებლად, გადმოიღო თოფი და დადო ნაბადზე.

საღამო მოახლოვდა, რომ ეს სამი მეგობარი ისევ ამ მუსაიფში იყვნენ; ელგუჯა ართბაშად წყნარა ჩამოცურდა თავის ადგილიდგან, წყნარად აიღო თოფი ხელში და გორაზე გადაუწვა.

-რა დაინახე?- ჰკითხა ჩუმად გიორგიმ, თითქოს ეშინოდა, რომ იმის სიტყვებს არ დაეშალა.

-აბა, ა-იქ გახედა-ღა, -უთხრა იმან და ხელი გაუშვირა სწორედ კლდის პირისაკენ.

გიორგიმ და მარტიამ მიიხედეს იქით და გაშტერებულნი დარჩნენ. ზედ კლდის პირზედ, სადაც მინდორი თავდებოდა, გაგიმ, რამდენიმე ცხენოსანთან ერთად, ქვეშეთისკენ მიაჭენებდა.

-ეგ გაგი ძაღლი არაა, თქვენი ჭირიმეთ? სად ჯანაბაში მიდის?

ელგუჯა ამ ლაპარაკის დროს ნიშანში იღებდა გაგის.

-აბა რა ვიცი, სად მიდის, მაგრამ ღვთის მადლმა, სადაც გინდა მიდიოდეს, მშვიდობით -კი ვეღარ ჩავა.

ამ სიტყვებთან ერთად, გავარდა თოფი და თოფის ხმასთან ერთად გაგის ცხენი ყალყზედ შედგა, წატრიალდა კლდისკენ, წაოტორტმანა და მხედართან ერთად გადავარდა კლდეზედ.

ეს ყველა ისე მოულოდნელად და საჩქაროდ მოხდა, რომ გაგის ამხანაგებმა შველა ვერ მოასწრეს, და როდესაც კლდეზე გადაიხედეს, ხევში დაინახეს დაფლეთილ-დამახინჯებული კაცი და ცხენი.

გაგის მოსწყენოდა ჯარისა და ნაჩალნიკის პასუხის ლოდინი და ეფიქრა თითონ წასულიყო იმათ სანახავად. მართალია, იმან იცოდა, რომ აქ ვეღარ მოასწრობდა ელგუჯას, მაგრამ, ამის სამაგიეროდ, ქვეით შეუკრავდა გზებს და იქ მაინც ჩახოცავდა იმ ძაღლებს, რომელნიც ასე გაუძალდნენ და ამდენი ზარალი მისცეს. აი ეს იყო მიზეზი, რომ გაგის ვხედავდით იმ კლდის ნაპირზედ, რომლიდგანაც ისეთი უბედური მგზავრობა მოუხდა.

გაგის ამხანაგები ჩამოხტნენ ცხენებიდგან, უჟღავჟღავეს, ილაპარაკეს და ბოლოს გადასწყვიტეს,რომ წავიდნენ და ამ უბედურებაზედ ნაჩალნიკს შეატყობინონ,რადგანაც გაგის ვეღარაფრით ვერ უშველიდნენ.

გაგის კლდეზედ გადავარდნა გორაზედ სიხარულით მიიღეს.

-ლომისამ გაუმარჯოს შენს მარჯვენას -ქუდის მოხდით შესძახა მარტიამ.

-ჰე!-ნიშნის მოგებით წარმოსთქვა გიორგიმ,-ეგ ძაღლიც ჩაკვდა!

ელგუჯამ კი ჩამოიღო თოფი,გადიწერა პირჯვარი და დაღონებულის ხმით წარმოსთქვა:

-რაისთვის შემოგვაკლა თავი,რაისთვის?ღმერთს არ მოეტყუების.რომ ნების-ნებად ჩემს მოძმეზედ ხელს არ მივიტანდი…

-მოძმე კი არა, მოღალატეა!-წარბებშეჭმუხვნით დასძახა მარტიან,-ძმებსაც უღალატა და თემობასაც!..

-ძაღლი იყო და ძაღლურად მოკვდა ღმერთმა ტყვიაც აღარ აღირსა, ისე მურდლად მოკლა.

ამ დროს სრულებით შემოღამდა და იმათი წასვლის დრო მოახლოვდა. ელგუჯამ გასწია მზაღოსაკენ, რომელიც უნდა მოემზადებინა და შეეტყობინებინა, რომ ერთი უპირველესი იმის მტერთაგანი აღარ არის ქვეყანაზედ და რომ ეხლა ვეღარავინ გაჰყრის იმათ.

მზაღო დილიდანვე ფერმიხდილი იჯდა დაჩვენებულს ალაგას,გულისხეთქით მოელოდა საქმის გათავებას.იმჟამად იმას ყოველისფერი დაჰვიწყებოდა და გაეტაცნა მარტო მეგობრის მზრუნველობას .იმას ეშინოდა რომელიმე თავხედ ტყვიას მსხვერპლად არ შეეწირა ერთ-ერთი იმათგანი,რომელნიც ისე ვაჟკაცურად იცავდნენ ამ ქალის სახელსა და თავისუფლებას. მზაღო მზად იყო გვერდს ჩამოსდგომოდა თავის მეგობრებს და იმათთან ერთად გაეყო ბედი-უბედურება, მაგრამ ის შეხედულება, რომელიც ჩერქეზებში მიეღო და რომელიც ქალს სრულს მონობას აჩვევს, ნებას არ აძლევდა ელგუჯას სიტყვას გადასულიყო; ამისთვისაც იჯდა დაჩვენებულს ადგილას, თუმცა ასე გაძლება სიკვდელზედ უფრო ძნელად მიჩნდა. ქალი ლოცულობდა, ეხვეწებოდა ღმერთს და ყოველს სროლაზედ შემკრთალი, შეშინებული წარმოუთქმელის სატანჯველით გულში გამოვიდოდა საფარიდგან და შეხედავდა თავის მეგობართა; როდესაც იმათ უვნებელს და აკრგად მყოფებს დაინახავდა, იმის სიხარულს ბოლო აღარ ჰქონდა.ისევ დაბრუნდებოდა თავის ადგილზედ, დაეცემოდა მუხლებზედ და მდუღარე ცრემლით ღმეთს მადლობასა სწირავდა.

ჩერქეზი ლოცულობდა, მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ იმის სათხოვარში არ გამოიხატებოდა სურვილი ერთის მხრიდგან ვისიმე სიკვდილისა და მეორეს გადარჩენისა. ის ითხოვდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გათავებულიყო, არავინ არ მომკვდარიყო და შეყვარებულის გულის მინიჭებულებით ყველასათვის სიხარულს, ბედნიერებას და მშვიდობას ისურვებდა.

ამ მდგომარეობაში იყო მზაღო, როდესაც ელგუჯა დაინახა, რომელიც იმასთან მიდიოდა. რაწამს ქალმა თვალი მოჰკრა, სიხარულით იმისაკენ გაექანა და მეტის მღელვარებისაგან გაწითლებული კისერზე ჩამოეკიდა.

-გათავდა, წავიდნენ?.. ბრძოლა ხომ აღარ გექნებათ?.. ოჰ, ღმერთო! გმადლობ, გმადლობ, რომ მშვიდობიანად გადაარჩინე.

-მზაღო, ჩემო მზეო! -მღელვარებით წარმოსთქვა ელგუჯამ. -ნუ გეშინიან.

-წავიდნენ, თავი დაგვანებეს?..

-ჰო, ჰო!..დაგვანებეს!

-მაშ წავიდეთ, წავიდეთ ჩვენცა, რაღას ვუყურებთ?

-წავიდეთ, ჩემო გულო, წა!

ამ დროს მარტია და გიორგიც მოვიდნენ, ახსენეს ღმერთი და წყნარად ჩავიდნენ

გორაკიდგან. დარწმუნებულნი, რომ ამათ არავინ ხედავდა,ისინი წყნარა სიფრთხილით მიიპარებოდნენ ბუჩქებს შუა,სადაც გადის დანარჩენი ყაზახები ეგულებოდათ. მშვიდობიანად ჩავიდნენ ქვეშის დაღმართზე და ეს ალაგებიც გაიარეს.

ქვეშეთის ცოტა ქვემოთგან არის ერთი ეკლესია, რომელსაც ნაღავარევი ჰქვიან. ის ადგილი მაშინ ტყიანი იყო და იქ ბევრმა განდევნილმა მთის კაცმა შეაფარა თავი და გადარჩა იმ დროს უსამართლო დევნისაგან.

ჩვენი მგზავრებიც აქ მოეშურებოდნენ, რადგანაც გათენებას მოაღწევია და მეტს და გზას ვეღარ გაივლიდნენ ღამით, და დღე სიარული კი ჯერ კიდევ საშიში იყო. როდესაც მოგზაურები დალაგდნენ, გიორგიმ და მარტიამ თოფები აიღეს და წავიდნენ საყარაულოდ. ელგუჯა და მზაღო საყდრის გალავანში დარჩნენ. მთვარემ ამოყო წვერი და ნაზად მოჰფინა იქაურობა თავის სხივით.

-აქ ხომ აღარ მოვლენ? -ჰკითხა მზაღომ ელგუჯას.

-არა, არა… ნუ გეშინიან.

-მე კი ისე მგონია, რომ აქაც არ მოგვისვენებენ.

-არ მოგვისვენებენ და, რაც წაიღეს, აქაც იმას წაიღებენ!

-ახ, ღმერთო! რატომ არ ჩამოგვეხსნებიან, რა უნდათ ჩვენგან, რა?.. -მწუხარებით წარმოსთქვა ქალმა.

-ის უნდათ, ჩემო ყველავ, ისა, რომ შენ მეტისმეტად ლამაზი ხარ! -გატაცებით უთხრა

ელგუჯამ და მიიკრა გულზედ. -მაგრამ, ღვთის მადლმა, – გააგრძელა იმან, -მთელი ქვეყანა მტრად რომ გადამეკიდოს, მაშინაც არავის დაგითმობ.

მზაღომ ამ სიტყვებზედ დაღუნა თავი, მთლად აენთო სიხარულის ცეცხლით და, თუმცა ტუჩები მთრთოლვარეთ უცახცახებდნენ, სიტყვა კი ვეღარ წარმოეთქვა.და ან რა უნდა ეთქვათ იმისთანა დროს?..ის იყო იმისთანა წამები,როდესაც კაცს მარტო გრძნობა შეუძლიან და მხოლოდ ერთი შეხედვა, ერთი ამოქშენა მთელი წლის საუბარზედ მეტს გამოსთქვამს, მეტს აგრძნობინებს.

ისინიც გრძნობდნენ სრულს ბედნიერებას, რაღაცა უმაღლეს სიხარულს და უანგარიშოდ ეძლეოდნენ ამ მღელვარების მონატრებას. ელგუჯას თავი წყნარ-წყნარად მოეხარა, დაუახლოვდა ქალის აღზნებულ პირისახის, რომელიც სასიამოვნოდ უღუტუნებდა და გამოურკვეველს მდგომარეობაში შეჰყავდა. ერთი წამი კიდევ და მოულოდნელად, მოუფიქრებლად იმათი ტუჩები შეუერთდნენ ერთმანეთს და ორივე თავდავიწყებამ სრულიად დაიმონა..

ამ ნეტარებაში იყვენენ, როდესაც თოფი გავარდა და შეყვერებულები გამოიყვანა ამ მდგომარეობიდგან. თოფის ხმაზედ გაცვივდა კიდევ რამდენიმე თოფი და მოისმა ყვირილის ხმა იმ მხარეს, სადაც მარტია და გიორგი ყარაულად იდგნენ. ელგუჯა გაიჭრა იქითკენ და თვალწინ წარმოუდგა შემაძრწუნებელი სურათი, რომელიც არ მიემსგავსებოდა ამ რამდენიმე წამის წინ ნაგრძნობს. მარტიას და გიორგის გარს შემოეხვეოდნენ სალდათები, რომელთაც მამაცად იგერიებდა ეს ორი, მეგობრისათვის თავგადადებული კაცი.

რამდენიმე კაცს, რომლებიც დარჩენილიყვნენ გაგის ამალიდგან გორაკის მახლობლად ელგუჯას და იმის ამხანაგების სათვალიერებლად, დაენახათ გაპარულები, მიჰყოლოდნენ ჩუმად უკან და გაქცეულების ბინა შეენიშნათ; ამაზედ შეეტყობინებინათ ნაჩალნიკისათვის, რომელსაც მკაცრი განკარგულება მოეხდინა და წაეყვანა მთელი როტა. აი ეს სალდათები დახლდნენ, რომლებიც მარტიას და გიორგის ბუზებსავით გარს ეხვეოდნენ.

ელგუჯა ხმალამოწვდილი გადახტა და გაქანდა თავის ამხანაგებისაგან: წინ სალდათი გადაუდგა და მიუშვირა შუბი. ელგუჯამ შუბს ხელი გაავლო, აიცდინა და ისე მარდად და ძალზედ წამოუსვა ხმალი კისერში, რომ ამ უბედურის ტანი და თავი ცალ-ცალკე გაგორდა. რამდენსავე გაბრძოლების შემდეგ, ელგუჯა შეუერთდა თავის ამხანაგებს, თუმცა ამ შეერთებამ ბევრი აღარა უშველა-რა. იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, ხალხი ერთბაშად შეჯგუფდა და ბურთსავით შეიკრა. იქ რაღაც გამოურკვეველი მოძრაობა იყო. როდესაც ხალხი გაიშალა, დედამიწაზედ რამდენიმე დამახინჯებული და დაჩეხილი მსხვერპლი გამოჩნდა. მათ შორის იცნობდით ელგუჯასა და იმის ორ ამხანაგსაც, უწყალოდ შუბებით დაცხავებულთა… ელგუჯა გულაღმა პირდაღებული ეგდო და მკერდიდგან რამდენიმე ალაგას თქრიალით სისხლი გადმოსდიოდა. ერთი სალდათი მივიდა და კიდე რამდენჯერმე ჩასცა შუბი…

რაღა თქმა უნდა, რომ მზაღოს დაიჭერდნენ.

VII

მზაღო დიდ დამნაშავესავით სიფრთხილით მიჰყავდათ სალდათებს, რომნიც შემთხვევას არ უშვებდნენ ისე, რომ უზრდელად არ დაეცინათ იმის მდგომარეოისათვის და არ გამოეჩინათ თავიანთი შეუბრალებლობა.

ქალი მისდევდა გამარვებულებს პირმოკრული და გაფითრებული სახით. იმის მიმზიდველი, ჟუჟუნა თვალები მეტის მწუხარების ცეცხლით გამშრალიყვნენ და გარეგნულად გამოიხედებოდნენ. ქალმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ სადამდის მიეხწია დღევანდელს უბედურებას…

აი , იმ ადგილასაც, სადაც ძალა და სიმართლე ერთმანეთს შებმოდნენ და ამ ბრძოლის მსხვერპლნი, ზოგი გულაღმა, ზოგიც პირქვე, შესაზარად დამახინჯებული, ეყარნენ; ზოგი მათგანი, ახლად აშლილის წვერ-ულვაშით,თითქოს გაღიმებულის პირისახით, დასცინოდნენ ხალხის ამდენს უსამართლობას და ველურ ქცევას. ზოგს ვაშკაცურის მკერდითგან ჩამოეწყვიტათ საკინძი და, თითქოს განგებ, გამოეჩინათ ვაშკაცური ჭრილობა.

ელგუჯას, რომელსაც ჯერ კიდევ ხელი არ მოეშორებინა ხმლისათვის, თითქოს ხელახლად საბრძოლველად იწვევდა მტრებს, განაპირებიტ ეგდო. მზაღო შეჰკრა თვალი და წაიბარბაცა, მაგრამ ისევ ჩქარა შეიმაგრა თავი და შესდგა. ფერი ეცვალა, მუხლები აუკანკალდა და წნორის ფურცელსავით თრთოლა დაიწყო…

-გაიარე, გაიარე! -მკაცრად უბრძანა ერთმა სალდათთაგანმა და, როდესაც ნახა, რომ მისი ბრძანება აუსრულებელი რჩებოდა, უფრო მკარცრის და მბრძანებელი ხმით გააგრძელა:- შენ, არ გესმის? გასწი-მეთქი!.. – და ამ სიტყებთან ერთად ისე ძალზედ წაჰკრა თითქოს კონდახი, რომ ქალი წატორტმანდა და, თუ მეორე სალდათს არ დაეჭირა, ღორღებში გადავარდებოდა.

მზარო შეკრთა მეტისმეტი ტკივილისაგან და გამწარებულმა ისეთის თვალით შეხედა ასე ერთგულათ სამსახურის აღმასრულებელს, თითქოს იქვე გაქრობას უპირებდა.

-თვალებს რას აჭყეტ? გასწი, გასწი! – კიდევ უთხრა იმან, გაავლო ხელი და რამდენიმე ნაბიჯი ძალით გადაადგმევინა. ამ დროს ქალი ერთბაშად გაუსხლტა ხელითგან თავის ძალდამტანებელს და წარმოუთქმელის მწუხარე ღრიალით გაქანდა ელგუჯასაკენ, რომლისატვისაც უკანასკნელი მშვიდობა უნდოდა ეთქვა, მაგრამ იქამდის ვეღარ მიაღწია, ძალამ უღალატა და ღონემიხდილი იქვე დაეცა.

სალდათები მისცვივდნენ, ასწიეს ისე გულშემოყრილი და იქვე მომავალი მთიულის ურემს შეუგდეს, რომელსაც უნდა ბატონ ნაჩალნიკთან წაეღო.

გახარებულთ ,,საისტორიო გამარჯვებით” გასწიეს სიმღერით ქვეშეთისაკენ და მკვდრების დასამარხად კი რადმენიმე მთიული დააგდეს; იმათ მხოლოდ სალდათების დამარხვა ჰქონდათ ნაბღძანები და იმ ბინტი კაცებისა კი – ისე დაყრა, რათა გამვლელ-გამომვლელლ ენახა, თუ რაგვარს სასჯელს მიაღწევს ამგვარი მოუსვენარი ხალხი.

როდესაც სალდათები დაასაფლავეს, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, მაგრამ რაწამს ფეხის ხმა მიწყნარდა, ტყიდან გამოვიდა ერთი მოხუცებული, ჭაღარა შერთული კაცი და რამდენიმე ყმაწვილი შეიარარებული მთიული. მოხუცებული მივარდა მარტიას და დაუწყო სინჯვა.

– მომკვდარა, მოუკლავთ ძაღლებს! წარბშეჭმუხვნით წარმოსთქვა იმან.

-სხვეიცა ნახე, შენი კვნესა მე, ბერდიავ , სხვებიცა თუ დაუხოციათ დავმარხოთ ასე ნუ დავყრით, ნადირი გაუფუჭებს, ქრისტიანები არიან.
ბერდიამ გასინჯა გიორგიც, რომელზედაც იმედგარწყვეტილმა ხელი ჩაიქნია, და გადავიდა ელგუჯასაკენ. ამ უკანასკნელს დაუწყო კარგა ხანს სინჯვა, რამდენჯერმე გაუჩხრიკა ჭრილობანი და კარგახანს აკვირდებოდა იმის პირისახეს.

ა, ბედშავ ვაჟაო!… სულ არ დაუხვრეტიათ!… ამისატვის ყოფილა დედის ძუძუ ალალი!…

ცოცხალია, ცოცხალი? გულისძგერით ჰკითხეს ყმაწვილმა მთიულებმა, რომელნიც თავს დასდგომოდნენ ელგუჯას და მოწიწებით უყურებდნენ იმის ვაჟკაცობის ბეჭედს გულში ჭრილობას უფალმა უწყის ჯერ კი სუნთქავს და ბერდიავ! ეგებ მოარჩინო ეგ ვაჟი, ლომისის მადლსა.

უფალმა უწყი! წარმოსთქვა იმან მოკლეთ და ისევ მიუდგა იარების სინჯვას და ჩხრეკვას. არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არაა!

მაშ იმედი გაქვს?

უფალმა უწყის! ღვთისა და ნაღავარევის ბრძანებას წინ ვინ წაუდგება! წადით, მათარებით წყალი მოიტანეთ, ცდა ჩემი იქნების და ბრძანება კი უფლის აღსრულდების.

რამდენიმე მთიული გაიქცა იქვე წყაროსთან და მათარებით მოარბენინეს წყალი. სხვებმა მოუთხარეს საფლავი მარტიას და გიორგის, რომელთაც ერთად უპირებდნენ დასაფლავებას.

ბერდიამ მობანა ელგუჯას იარები, ჩხირით გაუსინჯა სიღრმავე, მიმართულება, ამოიღო დაძენძილი კანაფი ჩანთიდგან, გასრისა მარილიანს ერბოში და გაუკეტა სანახავები; შემდეგ მოაყარა რაღაცა დანაყილი ბალახი და შეუკრა ჭრილობები. კრიჭაშეკრული პირი გაუხსნა ხანჯლით და პირში რამდენიმე წვეთი რაღაცა წამლისა ჩაასხა.

როდესაც ყველა ეს გაათავა,წყნარად დაიბანა ხელები და დამშვიდებულმა წარმოსთქვა:

-ნაბადი მოიტანეთ და ქიმბარიანთ კარს წაიღეთ,იქ ნინიასას მიიტანეთ,ის საიმედოა-თავის სახლში დააწვენს.

-კარგი,შენი კვნესა-მე,კარგი,თვალის დახამხამებაზედ ავიყვანთ!-წარმოსთქვა ერთმა და გაშალა თავისი თეთრი ნაბადი,რომელიც გვერდზედ კოხტად ჰქონდა მოგდებული. იმას მიეშველნენ რამდენიმე სხვა მთიულებიც,დაასვენეს ელგუჯა ნაბადზე და ისე წაიღეს.სხვები კი, ბერდიას თაოსნობით,მიუდგნენ მარტის და გიორგის დამარხვას.

როდესაც დახოცილები სამარეში ჩაასვენეს,ბერდიამ, როგორც უფროსმა, საჭიროდ დაინახა გამოსასალმებელი სიტყვის წარმოთქმა:ის აქებდა მიცვალებულთა გულადობას და ვაჟკაცურად სიკვდილს; პირდებოდა, რომ ამგვარად სიკვდილისათვის გახარებულნი დაუხვდებოდნენ საიქიოს იმათნი წინაპარნი და სიამოვნებით მიიღებდნენ იმათ ,, უკუნითი უკუნისამდე”დაუვიწყარს მოქმედებას.ბოლოს სიტყვები შემდეგით გაათავა:

-ლომისის მადლმა, თითონ თამარ-პირიმზე მიგიძღვებათ მეუფესთან!..თავად უამბობს თქვენს ვაჟობას და თავის გვერდს შკამს დაგიდგამთ..ვაი ამითი,რომ ადრე დაიხოცენით და თქვენი მარჯვენა ვეღარ გააცივებს მტრის გულს!..გმარხავთ იმისთვის,რომ ნადირს არ გაეფუჭებინა თქვენი პირისახე,მაგრამ, ღვთის მადლმა,უწინ ყორნები ამოგჭამდნენ თვალებსა-თქვენისთანა ვაჟკაცებს აბა ყორნის მეტი რაი მიუდგებოდა? თქვენ ცხონება, დამრჩოთ დანახვა და გაგონება! სისხლს სისხლი გასწმენდს, ვაჟკაცს-გულადობა,მტრისგან უშიშრობა! სცხონდით,სცხონდით, სცხონდით!..-მერმე შეიჭმუხნა წარბები, აიღო სამჯერ მიწა და მიაყარა:-მიწა ხართ და მიწად იქეცით!-ყოველ მიწის მიყრაზედ წარმოსთქვამდა ის.

ამ სიტყვების შემდეგ ჩუმად და წყნარად მიეხვივნენ იქ მყოფი მთიულები და საჩქაროდ ამოავსეს სამარე მიწით და დაღვრემილები,შეჭმუხვნილის სახით შეუდგნენ მთებს, რომ პირველსავე შემთხვევაში იგენიც ისე ვაჟკაცურად და სასახელოდ დახოცილიყვნენ.

ამ ხანში მზაღო მიიყვანეს ქვეშეთში,სადაც იდგა ნაჩალნიკი და კიდევ რამდენიმე ჯარის უფროსები. ჩერქეზის ქალი ხევშიაც კი ეუცხოვებოდათ და, წარმოიდგინეთ, აქ , მთის აქეთ, სადაც მმართველებად სხვა ქვეყნის ხალხი იყო,რა მოქმედება უნდა ჰქონოდა?

ყველა,დიდი თუ პატარა, გარბოდა მზაღოს სანახავად,რომელიც ერთი-ორად საინტერესო ხდებოდა იმისთანა შემთხვევის შემდეგ ,როგორც იმისი გატაცება და იმისთვის ამდენი სისხლის ღვრა.

წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა ,რომელსაც გული სევდითა და ვარამით გავსებდა,ითხოვდა სრულს მარტოებას,რათა თავისუფლად შესძლებოდა გულის ,,ამობოხრა”.

იმან ნახა თავისი გულითადი მეგობრები, თავისი სანატრელი ელგუჯა ისე დამახინჯებულიყო, დაჩეხილები,-ვინ იცის,იქმნება ცოცხლებიც იყვნენ და ისე უპატრონოდ, მოუვლელად, უნუგეშოდ დაყრილები ცხარე მზეში.-ამას არამც თუ იმათზე მზრუნველობის ნებას აძლევდნენ, არამედ იმდენადაც კი არ უსვენებდნენ,რომ მარტოობაში თავისი ტანჯვა ცრემლებით შეემსუბუქებინა.

ყველას უნდოდა იმისი ნახვა,იმისი გასინჯვა; ყველა ცდილობდა კარგად გაესინჯათ იმისი სახე, მისი თვალები, წარბები და ამისათვის დაურიდებლად გარს ეხვეოდნენ: პირდაპირ შესცქეროდნენ პირისახეში და ღიმილით ოხუნჯობდნენ იმის შესახებ, და ეს ოხუნჯობა არ იყო მოკლებული გარყვნილს,ცინიკურს აზრებს.

-რა ლამაზი ყოფილა! ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი!- წარმოსთქვა ერთმა აფიცერთაგანმა.

-ლამაზი და მერე როგორი ლამაზი!-გაზმორებით უპასუხა მეორემ.

-ეხლა ეგ რომ რუსეთში მყოლოდა… ლაზათიანს მარხილიში შებმული ზარებით და ეჟვნებით და ცხენები და სტრელნაში!- წარმოიდგინა კიდევ ერთმა.

-აბა, იქ იქნებოდა ამბავი, აი?

-ტუჩებს უყურეთ, ტუჩებს, მარჯანს არ მიუგავს? ტუჩები რა, ერთი თვალებს შეხედე, თვალებს!

-ქალი კი არა, ცეცხლია, ცეცხლი!

ისე სინჯავდა და ლაპარაკობდა ეს ხალხი, თითქოს ჩერქეზის ცხენი ჩაეგდო ხელში და იმის ასოების ღირსება-ნაკლულევანებას შეეხებოდა საქმე. ნაჩალნიკისც მობრძანდა თავის ამალით. ის ყოველის ღონისძიებით ცდილობდა იქ მყოფების ყურადღება მიექცია თავის ღირსებისათვის. ამან, ზურგზედ ხელებდაწყობილმა, ,აუარ-ჩამოუარა ქალსა, რამდენჯერმე ნიკაპს ხელი მოჰკიდა და ძალად მიაღებინა თავისკენ თავი. შემდეგ გააცმაცუნა მსუნაგი ძაღლივით პირი, მოილოკა ტუჩები და განკარგულება მოახდინა, რომ სატუსაღოში შეეგდო და ფრთხილად მოგცეოდნენ. თითონ კი დაბრუნდა შინ და სადილად მიიპატიჟა აფიცრები, რომელთ წინაშეც, -,,გღევანდელი გამარჯვების შემდეგ”,-ღვინო კოკებრივ ოსმოდა.

ასე ქეიფით გაატარეს საღამომდის აფიცრებმა, ღვინოზე თავისუფლად მიშვებულებმა, ზედიზედ გადაჰკრეს აზარფეშები, თითქოს ეშინოდათ-მშვენივრად დროს გასატარებელი დრო არ დაჰკარგოდათ: მითვნენ და იქვე თავმოჭრილსავით მიეყარნენ.

თავს ინახავდა მარტო ნაჩალნიკი, ეს იყო მიზეზი რომ სუფრითგან მარტო ის ადგა მხოლოდ შეზარხოშებული. ამ დაპატიჟებით ხალხის მმართველს სურდა, როგორც იქმნებოდა, თავითგან მოეშორებინა სხვები, რომელთაც იმისი სურვილის დაშლა და ეს სურვლი კი იყო -ეუჭველად და რაც უნდა მოსვლოდა- მზაღოს პატრონად გახდომა. ის ფიქრობდა იმ წამაცდენ სოამოვნებაზედ, რომელიც ამ ქალს უნდა მოეტანა იმისთვის:ხატავდა თავის აზროვნებაში სხვადასხვა სურათებს, რომელთა მოქმედებაც ადნობდა და სიამოვნების სისუსტეში შეჰყავდა.

მოვიდა ის დროც, როდესაც წარმოიდგინა, რომ თავის სურვილის აღსრულებაში მოყვანა შეიძლებოდა, და ამისათვის დაიბარა თავისი ერთგული კაცი, გაგზავნა ქალტან და მოაყვანინა, ვითომც ჩვენების ჩამოსართმევად.

წარბებშეჭმუხვნილმა ნაჩალნიკმა შეიყვანა ქალი თავის ოთახში, მაგრამ რაწამს კარები შეიკეტა, ერთბაშად მკაცრ მბრძანებლითგან გარყვნილ არშიყად გადაიქცა.

-ძალიან უნდა დიხაროდეს, ჩემო კარგო, რომ მე მომეწონე!- უთხრა იმან და მოხვია ხელი.

ქალი ვერ მიმხვდარიყო, თუ რასა ნიშნავდა იმისი საუბარი, მაგრამ როდესაც გაიგო, ეღტბაშად გაუხტა ხელითგან და სწვდა ხანჯალს, რომელიც იქვე სტოლზედ ეგდო.

-შესდექ, თუ წერას არ აუგდიხარ!- შესძახა მრისხანედ ქალმა და მომზადებული დადკა კედელთან.

ნაჩალნიკი მზაღოს ისეთ გარყვნილ ქალად უყურებდა, რომელმაც ვიღაცა მოხევეებთან კი იკისრა გაქცევა, და ამისათვის დარწმუნებული იყო, რომ პირველშივე იმის სურვილს გამოცხადებას დიდი ბედნიერებად ჩასთვლიდა. ამისთვისაც გაბედა ამ კაცმა პირდაპირ, დაურიდებლად თავისი არშიყობა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში უნდა უნდა ჩავარდნილიყო, როდესაც ქალისაგან ამისტანა წინააღმდეგობა დაინახა! ნაჩალნიკი რამდენსამე ხანს გაჩერებით შეჰყურებდა გაცეცხლებულს ქალს, რომელსაც თვალები ცეცხლსავით ანთებოდა და მომზადებულიყო ყოველგვა ბრძოლისათვის თავის ნამუსის დასაცველად. პირველი გაშტერების შემდეგ ნაჩალნიკმა გაიღიმა, რადგანაც აზრშიგაურბინა, რომ ,, ქალები ყოველთვისინ თავს ძალად ინაზებენ-და მზაღოც ქალი არისო”.

-ნეტავ იცოდე, რა- რიგად გიხდება ეგ ჯავრობა!…- უთხრა ნაჩალნიკმა, -სწორედ დასახატი ხარ!… კარგია, გეყოფა ხუმრობა!..-ამ სიტყვებტან ერთად ხელის მოკიდება მოისურვა. ქალმა ისეთი ხმით შეჰყვირა და მოუქნია ხანჯალი ამ კაცს, რომ იმან საჭიროდ დაინახა უკან დახევა.

-ყველა პატიოსანი კაცი, ამგვარ შემთხვევის შემდეგ, თუნდ ის მართლა სიყვარულითაც ყოფილიყო გატაცებული, თავს დაანებებდა ნამუსის დამცველ ქალს, მაგრამ

ამ ,,პატივისცემ” პირს კი ვერ შეაყენებდა ეს საბუთები: იმას თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა თავი დაენებებინა მზაღოსათვის და, ოღონდაც თავის საწადელისათვის კი მიეღწივა-და, ის რას დასდევდა ქალის ხვეწნას და თხოვნად.

წინააღმდეგობის შემდეგ მზაღო იმისთვის ერთი-ორად უფრო მიმზიდველი შეიქმნა. მაგრამ როგორ რა უნდა ექნა ,რომ მიეღწივა თავის სურვილისათვის? იმან ყველაზედ უკეთესად დაინახა თავის მოკატუნება და მოტყუებით მოქმედება, რადგანაც ნებაყოფლობით და ძალით არა გამოდიოდა-რა.

-მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაგდენს დანაშაულებასთან გარყვნილი მაინც არაკარგი ყოფილხარ. კარგი, შენ დაისჯები, როგორც ხელმწიფე-იმპერატორის მოღალატე. შენ და შენმა მეგობრებმა მოკალით ერთგული აფიცრები…სხვები ძაღლებივით დავხოცეთ და შენც სიკვდილით დაისჯები.

-ელგუჯას შემდეგ მეც მოვკვდე-რა!…

-შენ გაწვალებენ, გტანჯავენ, ჩამოგახრჩობენ…

-გიაურებმა წვალების მეტი რა იციან?.. თქვენ იმდენი ვაჟკაცობა ვინ მოგცად, რომ კაცი პირდაპირ მოკლათ?.. თქვენ გულადები მაშინა ხართ, როცა ერთზედ ათი მიდიხართ! დეე სხვებს შეეშინდეთ მაგისი, მე არ მეშინიან!

ამ ლაპარაკის დროს ნაჩალნიკი თანდათან უახლოვდებოდა მზაღოს და, როდესაც ეს უკანასკნელი ლაპარაკით გატაცებული იყო, ნაჩალნიკმა გადასდგა უკანასკნელი ნაბიჯი, მისწვდა იმას ხანჯლიანს ხელში და მაგრად დაუჭირა მაჯა.

– აა! – სიხარულით შესძახა იმან, – ახლაც წამიხვალ?

ქალმა ტკივილისაგან და ჯავრისგან შეჰყვირა და უნდოდა განეთავისუპლებინა შეტაცებული ხელი, მაგრამ ნაჩალნიკს ისე მაგრად მოეჭირა მაჯაზედ, რომ ძვლებს ჭახჭახი გაჰქონდა და თითები ხორცში ჩასხდომოდა.

– ტყუილად-ღა იბრძვი, ჩემო ჩერქეზო, ტყუილად, შენი ნაზი ხელები ვეღარ დამსხლტება!

ქალი იბრძოდა და ღმერთსიწოდებდა ამგვარად უპატიოსნო ძალდატანებისათვის, მაგრამ უპატრონოს თვის ღმერთიც განზედ უდგება და ხალხიც. იმას თანდათან აკლდებოდა ძალა. მკლავის ძარღვები უსუტდებოდა და მწუხარებით ხედავდა, რომ ჩქარა ბრძოლას ვეღარ შეძსლებდა. ბოლოს მკლავი სრულებით დაუბუჟდა, თითები უნევლივ გაეშალა და ხანჯალი თავისთავად წკრიალითდაეცა ფეხებთან. აქ ქალმა დაუწყო მუდარა, ხვეწნა. აფიცებდა, რაც კი საფიცარი ჰყავდა. აბრალებდა თავის თავს, მაგრამ რა საქმე ჰქონდა თავმოყვარეობისაგან გაზვიადებულს ნაჩალნიკს ან ხვეწნასთან, ან თხოვნასთან, ოღონდაც თავის მიზნისთვის მიეღწია. ის მოელოდა წუთის, თუმცა უპატიოსნოს, მაგრამ მაინც სიამოვნებას. და ეს საკმარისი იყო რომ ის დაყრუებულიყო რომელიმე კაცობრიული სიტყვის ჩაგონებისათვის.

მკლავებიდან გადავიდა ტანზედ და მაგრა მოხვია ხელები. ბრძოლა შეიქმნა უფრო მწარე, გაშმაგებული. ქალს ამ დროს თითქოსღონე ემატებოდა გაუპატიურების შიშით და კაცს კი – უპატიოსნო სურვილის აღსრულების დაახლოვებით.

ასე იბრძოდნენ ოდნავ, მაგრამ მზაღოს ჩქარა დაეტყო, რომ თანდათან ღონე აკლდებოდა და აშკარად კაცი სძალავდა. კიდევ რამდენიმე წუთი და დასუსტებული, ძლივსღა მსუნთქავი მეტის მღელვარებით, დაღალული ქალი აიყვანა ნაჩალნიკმა, მიიკრა გულზედ და გამხეცებულმა დაუწყო ლოშნა. ბოლოს მიიტან ქალი იქვე მდგომ ტახტთან, რომელზედაც დასვა. აქ კიდევ რამდენჯერმე გაიბრძოლა მზაღომ, მაგრამ ჩქარა ღონე მიხდილი და თითქმის გულშემოყრილი გადაესვენა ტახტზედ.

VIII

სალდათებმა, რომელთაც ჩაიბარეს მზაღო, საჭიროდ დაქინახეს მასხრად აგდება იმის უბედურებისა. თავისუფალის ღავისუფალის ღიმილით ელაზღანდარებოდნენ იმას და ისეც მოწამლულს, დაშხამულს გულში კიდევ საწამლავს ასხამდნენ.
– რა ჰქენ, გოგო, ნაჩალნიკმა ჩამოგართვა ჩვენება? -ეუბნებოდა ერთი.

-კარგად გამოიძია, კარგად?..-დასცინინოდა მეორე.

ქალი წითლდემოდა, თრთოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, ან სად დაემალა თავი. ის იწოდა სირცხვილისაგან, სანატრელი ჰქონდა ამჟამად მიწა გახეთქილიყო და თან ჩაეტანა, თუმც კი სიკვდილისაც ისე ეშინოდა, როგორც თითონ სიცოცხლისა, რადგანაც, იმის ფიქრით, საიქიოს უეჭველად ელგუჯას უნდა შეხვედროდა და რაღა თვალით უნდა შეეხედნა იმისთვის? მართალია, დამნაშავე არ იყო, მაგრამ ხანჯალი ხომ ხელში ჰქონდა: თავის ძალის დამტანებელი ვერ მოჰკალა,თავის თავი როგორღა დაირჩინა ცოცხალი?!. მაშ ელგუჯა დაჰკარგა? დაჰკარგა სამუდამოდ! ის ვეგარ გაბედავდა საიქიოს იმასთან შეყრას. ასე ფიქრობდა მზაღო და ამისთვისაც იმის სატანჯველი ერთი-ორად მოსვენებას მაინც მოელის. სახას, სიკვდილის შემდეგ, სიხარულის იმედი მაინცა ჰქონდა და ამას კი სიკვდილსაც კი ეშინოდა;სხვას საიქიოს სატრფოს ნახვის სიამოვნების იმედი ჰქონდა, და ეს კი საიქიოსაც ისეთ სატანჯველს მოელოდა, როგორც სააქაოს. ბოლოს მიახწევს საპყრობილეს რომელშიდაც შეაგდეს, და უფროსმა მცველმა საჭიროდ დაინახა კიდევ რამდენიმე საწამლავის ჩასხმა ამ ქალის გულში, თითქოს საკმარისი არ იყო ის ცეცხლი რომელიც უწყალოდ სდაგავდა იმას.

-აქა ბრძანდებოდეთ, ქალბატონო, სანამ ნაჩალნიკის ჩვენების ჩამოსართმევად-უთხრა მცველმა ღიმილით.

ამ სიტყვებზედ სხვა იქ მყოფ სალდათებმა გაირხარხარეს და იქ მყოფი მთიულები კი დააფიქრა, შეაჭმუხვნინა წარბები და ერთმანეთში ჩურჩული დააწყებინა.

-ლომისის მადლმა, ესეთიც არა გვინახია -რა!… – წარმოსთქვა ერთმა. – რა ამბები ხდება, გაბრიელავ?. გინახავს როდისმე დიაცის ეგრე გაუპატიურება?

-არა, არა, შენი კვნესა-მე, არც მინახამს და არც გამიგონია… ორი მოსისხლე ხმალ-ამოუღებელი ერთმანერთზედ რომ მისულიყო, დიაცი თავშალს გაუშლიდა შუაში და მაშინვე გაშველდებოდნენ ერთმანერთს, ესენი კი… -აღარ გაათავეს სიტყვები და ჩაიქნია ხელი.

-აბა, ქალის გატაცებაც ბევრჯელ მომხდარა, ძალადობაცა, მაგრამ, ვისაც გაუტაცნია,

ცოლადაც სდომებია, თორემ ამისთანა საქმეს ვინ იზამდა? მაგისთანა საქმის ჩამდენს, პირიმზის მადლმა, მტერი თუ მოკეთე, ყველა მტრად გადაეკიდებოდა.

-ესენი კი დასცინიან!-გაკვირვებით სთქვა კიდევ ერთმა.

ამ ლაპარაკში იყვნენ სატუსაღოს კარებთან მოგროვილი მთიულები, როდესაც იასაული მივიდა და დასძახა:

-რას უდგეხართ აქ? წამოდით, ბეგარა მოვიდა!

-შეშა ეხლა არ მოვუტანეთ? ღმერთი აღარა გყავსთ?

-გამოიარეთ, გამოიარეთ, ნუ ლაპარაკობთ, თორემ ეხლა ყაზახები მოვლენ და სულ მათრახით ტყავს გაგაძრობენ!

-რაზედ გაგვაძრობენ, რას გვემართლებიან?..

-მაშ ხელმწიფეს სამსახური არ უნდა? -ამაყად დაიძახა ნაცვალმა, თითქოს მართლა ხელმწიფის სამსახური უსამართლობაში იყო.

ცოტა ლაპარაკის შემდეგ მართლა მოვიდნენ ყაზახები და წაუშინეს მათრახებით ხალხს, რომელიც გაიშალა და წავიდნენ ურმების შესაბმელად.

-ურჯულოები ყოფილან, ლომისის მადლმა, ურჯულოები, ხარებს ჩლიქები წასცვივდა ამდენის მუშაობითა და მაგათგან კი შებრალება აღარ იქნა…

,, ჩავცვივდით საგონებელში, როგორც კამბეჩი მორევში” -პასუხის მაგიერ მწუხარებით შემღერა ერთმა მთიულმა, გაუკრა აპეური ხარს და გადაჰკრა სახრე, თითქო იმაზედ უნდოდა ჯავრის ამოყრა…

ამ ხანში ნაჩალნიკი გამობრძანებულიყო ბალკონზედ და საქართველოში ახალადშემოღებულ სასმელს (ჩაის) მიირთმევდა. იმისი პირისახე რაღაც სულელურს, თავმოყვარე სიამოვნებას გამოსთქვავდა. რამდენიმე მთიული შორეახლო მინდორზედ იდგა და ბატონს ელოდა ( მაშინ ნაჩალნიკს ასე ეძახდნენ), რომელსაც მოწყალება მოეღო და მოესემინა იმათი საჩივარი. ნაჩალნიკი დიდი ხანია რაცა ხედავდა იმათ, მაგრამ, ვითომც მეტის ამაღლებისათვის ხალხის თვალში მეტს აცდევინებდა. ბოლოს მოიღო მოიწყალება და ჰკითხა:

-ვინა ხართ თქვენ?

-ჩვენ ბეუაანთ-კარელები გახლავართ, შენი კვნესა მე! – ქუდის მოხდით უპასუხეს იმათ.

-რა გინდათ?

-ყაზახები ჩაგვიყენეს, შენი კვნესა-მე, და იმათ გაგვატყავეს… ერბო აღარ შეგვარჩინეს და ყველი, ქათამი და კვერცხი.

-მაშ ყაზახებმა ჰბედავთ ჩივილს? ყაზახებო!-დაიძახა იმან და ამ სიტყვებზედ გამოცვივდნენ ყაზახები.-მათრახები ამათ, მათრახები!

ბრძანების აღმსრულებლებმაც დაუარეს სამართლის მძებნელ მთიულებს და ჩქარა გაფანტ-გამოფანტეს.

ნაჩალნიკი სიამოვნებით უყურებდა ამ სურათს, მაგრამ ეს სიამოვნემა ჩქარა ჩაეშალა, რადგანაც მონდორზე ერთი ვიღაც აფიცერი რამდენიმე ყაზახით გამოჩნდა.

ჩამოხტა ცხენიდგან, მოვიდა ნაჩალნიკთან და გადასა რაღაცა პაკეტი. ნაჩალნიკმა გახსნა, წაიკითხა და გაფითრდა, რადგანაც ეწერა ბრძანება, რომლითაც სვიმონა ჩოფიკაშვილი მთის ხალხის მმართველად ინიშნებოდა და ძველს კი უმაღლესი მთავრობა იბარებდა.

არ გაუვლია რამდენიმე წამს, როდესაც ქვეშის დაღმართზედ გამოჩდნენ რამდენიმე ცხენოსანი და თამამად მივიდნენ ნაჩალნიკის კარებთან: წყნარა ჩამოხტნენ, ამოვიდნენ უფროსთან და ცივად მიესალმნენ. ეს გახლდათ სვიმონ ჩოფიკაშვილი, გაგის სახლისკაცი და მოადგილე dველი უფროსისა, რომელსაც იმისთვის ადგილი უნდა ჩაებარებინა.

IX

ამ მოთხრობის გასაგრdელებლად საჭიროა გაგაცნოთ სვიმონ ჩოფიკაშვილი.

საქართველოს რუსების მფარველობის ქვეშ შესვლამდინაც სვმონ ჩოფიკაშვილი იყო ერთი მიღებულ კიაცთაგანი მეფესთან. ამას ებარა მთელი მტის ხალხი და ის სიმაგრეები, რომელსაც კავკასიის კარს უწოდებენ-დარიელა.

ეს პირი ჯერ წინააღმდეგი იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლისა, მაგრამ უკანასკნელს რჩევაზედ, რომელიც მეფის სასახლეში იყო გამართული, შეიტყო მეფის გარდაწყვეტილი სურვილი და, როგორც მეფის ერთგულთაგანი, რომელსაც მფის წეადილის წინააღმდეგობა მომაკვდავ ცოდვად მიაჩნდა, დამორჩილდა ბრdანებას და მიემხრო შეერთების მსურველთა.

რჩევის შემდეგ ისევ თავის მთებში დაბრუნდა და, მეფის ბრძანებისამებრ, თავის თავზედ მიიღო ზრუნვა მომავალს რუსებზედ.

ის გულმოდგინედ ასრულებდა ამ სამსახურ და ცდილობდა მეფე გიორგის ახსრულებოდა ის წადილი და ის სარგებლობა, რომელსაც მეფე და მისი მომხრენი ამ მფარველობისაგან მოელოდნენ. რუსებმაც ჩქარა შენიშნეს სვიმონ, რადგანაც დაინახეს იმისი გავლენა მთაში და თავის მხრითაც ჯარების შესახებ მიანდეს სხვადასხვა განკარგულება.რა საკვირველია, ეს იმათთვის სასარგებლო პირი კიდეც დააჯილდოვეს და პირდაპირ მაიორისნ მუნდირით და ეპოილეტებით მხარბეჭი აუყვავეს.

სიმონის ამ გვარმა მდგომარეობამ შური აღუძრა გაგის, რომელსაც სამუდამო ზრუნვად შეექმნა სვიმონის დამცირება, რომ იმის ადგილი თვითონ დაეჭირა. ამისთვის გაგი შეუჩნდა ალექსანდრე ბატონიშვილის, დაარწმუნა, რომ რუსების შემოსვლის მიზეზი მხოლოდ სვიმონი იყო, და ეს რომ არ ერეოდეს საქმეში და არ უშლიდეს, რუსების განდევნა ადვილი იქნებოდაო. ბატონიშვილი წინადვე იცნობდა ვიმონს, როგორც ერთ სასარგებლო და ჭკივიან კაცს და ამისათვის იმის დაცემა იქამდის არ უნდოდა, სანამ იმის მომხრობას არ სცდიდა.

ალექსანდრემ, რომელსაც ხევსურეთში თავის მომხრე ჯარები შეეყარა, გამოუგზავნა კაცი სვიმონს დსა ითხოვდა მისგან სრულს მორჩილებას, ხევიდგან რუსების გარეკას და ამ უკანასკნელებისათვის შემოსასვლელ გზების შეკვრას. ამ ბრძანების აღსრულებისათვის მეფე პირდებოდა დიდს პატივს და წყალობას, მაგრამ უკეთურ სვიმონ არ დამორჩილებოდა, მაშინ ემუქრებოდა და სარჩო- საბადებელის გადაწვას და ცოლ-შვილით ამოწყვეტას.

-როცა დრო იყო, მეც ვიძახოდი რათ გვინდა რუსები მეთქი? მაგრამ მეფემა ბრძანა, შემოუშვიო, და მეც მეფის ბრძანებას საით გადაუვლიდი? -წარმოსთქვა სვიმონმა და ჩაჰკიდა თავი.

-მაშ ეხლა, ეხლა რას აპრირებ?

-ეხლა გვიან- ღაა, გვიან!..

-მაშ რა პასუხს აძლევ ბატონიშვილს, იმის ,მხარეს არ იჭერ?

-არა.

-რას ამბობ? ხომ სულ ამოგწყვწტავს, სახლ-კარს ამოგიწვავს!

-რაი უყო?.. თუ რუსების შემოშევბა არ გინდოდათ, მაშინ წინადვე უნდა გეფიქრათ, თუ არადა ეხლა, როცა ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდეს, მე რით-ღა განვდევნო?!

-გაიგე კარგა, რომ რუსებს მეფე მფარველობასა სთხოვს და…

-მეც ეგრე მგონია!.. აბა რაი უყო? მეფე ეგრე უნდა..-რაღა მწუხარებით წარმოსთქვა სვიმონმა და დაეტყო, რომ ის მოქმედებდა თავის სურვილის წინააღმდეგ.

გაკვირვებული მოციქულები ყუყრს უგდებდნენ სვიმონის გადაწყვეტილებას, ისინი იცნობდნენ სვიმონს მთის კაცად, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზე უმაღლესი ჯილდო არის, და ეს კი თავის თავს და თავის ქვეყანას სხვა გვარტომობის ხალხს მონად აძლევდა.

X

როდესაც ესენი ამ მდგომარეობაში იყვნენ,როდესაც სვიმონის მტრის შეუბრალებელი გული თითქმის დამონებოდა მზაღოს ცრემლს , -ამ დროს ქიმბარიანთ-კარს, ნინიას სახლის დერეფანში ერთი ავადმყოფი იწვა და ბც ბოდავდა. იმისი შეხვეული თავი, ფერმკრთალი პირისახე ადვილად დაგარწმუნებდა,რომ ეს კაცი დაჭრილი უნდა ყოფილიყო. -მზაღო!მზაღო!-საშინელის ხმით წამოიძახა იმან და წამოიწია. მღიულის მოხუცი დედაკაცი,რომელიც აქამდის თავით უჯდა და თხილის შტოთი მოუსვენარს ბუზებს უგერებდა, მისწვდა და ისევ მიაწვინა. ავადმყოფი დამორჩილდა მოხუცს, რადგანაც მეტის სისუსტისაგან ბრძოლა ვეღარ შესძლო. ავადმყოფი გადაესვენა საგებელზედ და ცოტა ხანს მიჩუმდა.დედაკაცი კი წარუთქმელის მწუხარებით დიდხანს დაჰყურებდა იმას. ბოლოს თვალები გაუბრწყინდა და კილოზედ მარგალიტის მარცვალივით გადმოიკიდა, რამდენჯერმე გათრთოლდა, გაციმციმდა, იმას მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და დაუწყო ნაკადულსავით დენა. ამ ბებერს მოაგონდა თავისი შვილი, რომელიც ამ რამოდენიმე ხნის წინად მტრის უსამართლო ხელს გაეციებინა, და გაეციებინა ისე, რომ თვალების დასახუჭად დედის ხელი ვერც კი მიჰკარებოდა. რამდენადაც მოხუცი მეტს უყურებდა დაჭრილს ვაჟკაცს, იმდენად მეტის მზრუნველობით ეკიდებოდა. ცოტა ხანს კიდევ ისევ მისუსტებული იწვა ელგუჯა, ხოლო შემდეგ წყნარად გაახილა თვალები და წარმოსთქვა: -სადა ვარ,რა ამბავია?-იკითხა იმან დასუსტებულის ხმითა და მოხუცს ყურება დაუწყო. -ნინიაისასა ხარ,ბედაშაო ნინიაისასა!- უპასუხა მოხუცმა. -ნინიაისას ?-გაკვირვებით წარმოსთქვა იმან და დაუმატა :-ვინ ნინიაი არის , ან აქ რაი მინდა? -გაყუჩდი!გაყუჩდი!ექიმმა თქვა,ლაპარაკი გაწყენსო. -მაშ ავადა ვარ?..ჰო,მეც არ მიკვირდა,ღონე ასე რამ გამომაცალა- მეთქი…ამ ხელს მოსვლია,რომ ვეღარ ვხმარობ? -არც რა,არც რა,მაგ მხარეს თუ იწექი და დაგიბუჟდა. -დამიბუჟდა?-კიდევ წყნარად იკითხა იმან და ჩაფიქრდა. ელგუჯას თავისათვის ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა, რადგანაც დასუსტებულ სხეულს გონების ძალა მეტად მიესუსტებინა.შემდეგ თითქოს თავში გაუელვა რაღაცა აზრმა, შეკრთა,ჩაფიქრდა და ყოველისფერი მოაგონდა. -მზაღო, მზაღო რა უყვეს! – წამოიძახა ავადმყოპისაგან ძნელად წარმოსადგენის ხმით. ისე ზნელი, ისე შესაწუხებწლი იყო იმისათვის ეს მოგონება, რომ ტკივილები გადაავიწყდა და ზეზე წამოდგომა შეიძლო.დედაკაცს შეეშინდა და გარედ გამოვარდა ვისმეს დასაძახებლად. იმას პირველი სწორედ ის ყმაწვილი მთიული შეხვდა, რომლის ნაბდითაც ელუჯა მოიტანეს.

-არიქა,მათიაუ! მიშველე, შენი კვნესა-მე, მიშველე! -შესძახა დედაკაცმა.

-რაი ამბავია?-დაუძახა მთიულმა და გაეშურა დედაკასიცასკე, რომწელმაც აუხსნა რაშიაც მდგომარეობდა.

მთიული საჩქაროდ შევიდა სახში რომელშიაც ეგუჯა პირველის გაბრძოლების შემდეგ დასუსტებული ტახტზედ მიწოლილიყო,რადგანაც მკლავიდგან სისხლი წავარდნოდა. მათია მიეშველა და ჭრილობის შეკრულობა გაუმაგრა.

ელგუჯას თუმცა სისხლი შესწყდა და ტკივილს ვეღარა გრძნობდა, მაგრამ მის მაგიერ უძლურობის სიბრაზემ აიტანა. მეტის მწუხარებით ცრემლები გადმოედინა.

-კარგია, იყუჩე! -დასძახა მათიამ და შეიჭმუხნა წარბები:-დიაცი ტირის,ვაჟკაცი კი სისხლის იღებს, -დაუმატა იმან ცოტა სიჩუმის შემდეგ.

-ჰო,მართალს ამბობ, დიაცი ტირის და ვაჟკაცი კი სისხლს იღებს! -გაიმეორა ელგუჯამ, მოეწმინდა თვალები და ამ დღიდგან იმის თვალზედ ცრემლი გაბრწყინვებულა.

XI

ცოტა ხანმა გაიარა; ელგუჯამ სიჩუმეში ვეღარ გაძლო და იკითხა თავის სანატრელ მზაღოს ამბავი.

მათიამ თავითგან ბოლომდე ყველაფერი დაწვრილებით უამბო და აუწერა იმისი ამხანაგების მატიასი და გიორგის გმირული სიკვდილი. ბოლოს უამბო მზაღოს მდგომარეობა, თუმცა ზოგიერთი დაწვრილებული შემთხვევა კი დაუმალა, რადგანაც ეშინოდა ამ ამბავს ავადმყოფზე მეტისმეტად ცუდი მოქმედება არ ჰქონოდა.

– ეხლა ის ქალაი სვიმონთან არის და ეგრე უვლიან, ლომისის მადლმა, როგორც თავის შვილსა, ერთი ჩქარა მორჩი და კიდევ გავიტაცოთ.

ამ სიტყვებზედ ელგუჯას სიამოვნების ღიმილმა გაურბინა პირისახეზედ, მაგრამ ისევ ჩქარა გაქრა და წარმოუთქმელი მწუხარებით წარმოსთქვა:

– რაი-ღა უნდა მოვრჩე ნახევარი კაცი! ხელი მე აღარ გამაჩნია და ფეხი.

– ნუ გეშინია, შენი კვნესა – მე, ნუ! ბადრიაი ამბობს: ისე მოვარჩენო, როგორც დედის მუცლიდან დაბადებულაო.

მართლადაც ელგუჯა განსაცვიფრებელის სასწაულით არამცთუ სიკვდილს გადარჩა, არამედ იმის ჭრილობანი ისე ბედნიერად მომხდარიყო, რომ არც სიცოცხლისათვის იყო საშიში და არც დასახიჩრდებოდა.

– გიორგი მომიკლეს, მარტია მომიკლეს, მე რაღად მინდოდა ცოცხალი თავი? – გააგრძელა ელგუჯამ და გაახრჭიალა კბილები.

– იმად, რომ სისხლი აიღო.
– მართალს ამბობ, მართალს!ღმერთმა იმიტომ გადამარჩინა, რომ იმათი სისხლი ავიღო! და გეფიცები წმინდა გიორგის, თუ ღმერთმა ცოცხალი გადამარჩინა, იმათ სისხლს არ შევარჩენ.

– აი შენი კვნესა – მე, შენი!- გატაცებით წამოიძახა მათიამ: – ვაჟი იყავ და ვაჟური სიტყვაცა სთქვი!

– ღონივრები არიან, მათიავ, ღონივრები… რა ქნას ერთმა ათასთან?- წარმოსთქვა ელგუჯამ და ისევ დაფიქრდა.

– კაცს კაცზედ მეტი ღონე არა აქვს, შენი კვნესა – მე, არა,ლომისის მადლმა!.. ერთს ერთი ტყვია გააცივებს. ჩვენც თითო გამოვარჩიოთ ხოლმე და მთაში კიდევ არ დალეულა ვოჟები, ჩმობილებს კიდევ ვიშოვით.

– ვოჟები კი არიან, მაგრამ პირი აღარ არის, კაცს ვეღარ გაუგია: ვინ მტერია და ვინ მოკეთე… მაგრამ რაი უყოთ, თუნდა დუნია ჩემ მტრად გადაიქცეს, იმასაც არ შევარჩენ სისხლსა.

– ლომისის მადლმა, მეც მოგყვები… ნაღვარევი იყოს თავდები, სადაც შენ მოჰკვდე, მეს შენთან დავლიო სული!

– მთიულნი ვაჟკაცნი ხართ, კაცს არ უღალატებთ, უსამართლობას ვერ მოითმენთ!.. მაგრამ ჩემი გულისათვის ორთ გაიშავეს დღე, ორთ დალიეს უდროვოდ სული, ჭირი შენ რაისთვის – ღა უნდა გადაგკიდო?

– აბა რაიღა ჭირი იქნება იმ სიცოცხლეზედ უარესი?! და ვეღარ შეგვინახავს და ცოლი! ბარემ სულ გავწყდეთ.

– მართალს ამბობ, მართალსა! დავიხოცნეთ, თუ სიკვდილის დღე მოსულა. კაცი ერთხელ დაიბადების, ერთხელ უნდა მოკვდეს…

– მას დავიხოცნეთ, თუ აგრეა!- წარბებშეჭმუხვნით წარმოსთქვა ელგუჯამ. ამ უკანასკნელ სიტყვებზედ კიდევ რამდენიმე მთიული შემოვიდა, რომელიც, მთის ხალხის ჩვეულებისამებრ, ავადმყოფის საკითხავად მოსულიყვნენ. ყველანი მიესალმნენ ელგუჯას და ამ სალამსი რაღაცა მოწიწებით ექცეოდნენ, რომელსაც მოიპოვებს ხოლმე უსამართლობის მსხვერპლი და ამ უსამართლობის წინააღმდეგობას თავის გმირულის ვაჟკაცობით დაამტკიცებს.

თუმცა თითონ ელგუჯას დღევანდლამდი არ იცნობდნენ, მაგრამ დღეს ისინი ხედავდნენ იმის იარებს, ესმოდათ მისი ლომებრივი გულადობა, უშიშრობა,- და ეს საკმაო იყო, რომ იმას ხალხის პატივისცემა მოეპოვა.

უეჭველად ასეც უნდა ყოფილიყო იმ ხალხში, „სადაც ვაჟაი ნაჩეხი სჯობია“ და სადაც რიგიანი ქალი არ გათხოვდებოდა იმისთანა კაცზედ, რომელსაც თავ-პირი დაჭრილობის ნიშნებით დამახინჯებული არ ექნებოდა.

ლაპარაკი სულ ერთსა და იმავე საგანს შეეხებოდა და ეს საგანი იყო ხალხის მდგომარეობა. ყველას რომელიმე უსამართლოება და ხალხზედ ძალის მიტანა გაეგონა, ყველა იმაზე ლაპარაკობდა, ყველას ეტყობოდა გულის ღრენა და აშკარა სურვილი შეერთებისა, ერთად შებრძოლებისა ხალხის შემაწუხებელ მდგომარეობასთან, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა და თანდათან ფესვებს იმაგრებდა… ხალხს ერთი იმედი-ღა ჰქონდა და ეს იმედი იყო – სვიმონ ჩოფიკაშვილი, რომლის სახელიც, ხალხის რწმუნებით, „ ხელმწიფის კარზედ იყო დაწერილი“. ეხლა სვიმონ მათი მაზრის მმართველი იყო. მაგრამ რა შეეძლო იმას იმდენ ბედის მძებნელ ხალხთან, რომელთაც ხელი აეღოთ სინდისზე, ნამუსზე და გამოქცეულიყვნენ საქართველოში, რათა ასცდენოდნენ თავიანთ ქვეყანაში კანონიერ სასჯელს; გამოქცეულიყვნენ საქართველოში, რომ თვით მართებლობისგან დანიშნულ მოთავეებსაც ვერა გაეწყოთ-რა იმათთან.

ამავე ხანში გავარდა ხმა, რომ გიორგი მეფეს ვიღაცა შუაკაცები გაუგზავნია რუსეთშიაო, რომ ეს ხალხი სანდო პირები არ არიან და თავიანთ ქვეყანას და ხალხს უეჭველად დაღუპავენო. ეს ხმები უფრო ამღელვარებდა ხალხს, რომელიც დაჩვეული იყო საქვეყნო საქმის ერის დაკითხვით გადაწყვეტას და ეხლა კი რაღაცა საიდუმლო გაეხადათ.

ელგუჯა დარწმუნდა, რომ ხალხის აზრი ერთდება, იმათი კანტიკუნტად ამოჩენილი გულის მღელვარება გროვდება და ერთმანეთს ეკვანძება; ის დრო, როდესაც ხალხი გრგვინვასავით ერთხმად გამოაცხადებს თავის უკმაყოფილებას, შორს აღარ იყო.

– როდის იქნება ეს დღე, როდის?- წამოიძახა ელგუჯამ, როდესაც მარტო მათიასთან დარჩა.

– რაი დღე?

– ის დღე, როცა ყველა ხმალს გაივლებს ხელსა.

– ღმერთმა უწყის!

ამ დროს ნინია შემოვიდა და მეგობრებმა შესწყვიტეს ლაპარაკი.

ნინიას დაფიქრებული პირისახე ამტკიცებდა, რომ რაღაცა სამწუხარო ამბავი უნდა სცოდნოდა. ის შემოვიდა, წყნარად ჯიბიდან ამოიღო ჩიბუხი, გამობერტყა ხელისგულზედ, მერე ამოიღო ქისა, გაფშვნიტა თამბაქო, ჩაყარა ჩიბუხში და ისევ ისე აუჩქარებლად დაუწყო ტალკვეს კვესება. მოუკიდა ჩიბუხს, გამოუშვა რამდენჯერმე კომლი და ამოიოხრა.

– ელგუჯავ, თუშებში უნდა გაგზავნო!- დაიწყო იმან.

ელგუჯამ კარგად ვერ გაიგო ნინიას სიტყვები და გაშტერებული უყურებდა.

– მართალია, ეხლა შენ დასუსტებული ხარ, მაგრამ რაი ვუყოთ, ცხოფრივ არ იქნების… ძველი ნაჩალნიკი ქალაქში ჩასულა და დაუბეზღებიხარ. ეხლა იქიდგან კაცები გამოუგზავნია, რომ – ცოცხალი თუ მკვდარი- იქ უნდა ჩაგიტანონ.

– აჰუ, ნინიაო, აჰუ!! ცოცხალ-მკვდარს სტუმარს მაგისთვის როგორ ჰგზავნი თუშებში? – წამოიძახა მათიამ: – ერთს სტუმარს ვეღარ შევინახავთ? მაშ თავი ცოცხალი რარათ გვინგდა? გავსწყდეთ ყველანი და სტუმარი კი შევინახოთ.

– ჰაი, ჰაი! – ჩაცინებით წარმოსთქვა ნინიამ. – ჩვენებურები იყვნენ, კიდევ ვაჩვენებდი როგორ ვატრიალებდი ფრანგულსა, მაგრამ ჯარს რაი ვუყო?.. ვერც სტუმარს დავიხსნით და ჩვენს თავსაც უბრალოდ წავახდენთ.

– ეგ ურჯულოები სტუმარზედაც ხელს გვაღებინებენ? არა, ნინიავ, არა! ჩვენი სოფლის სიკვდილი იქნება, რომ ერთი სტუმარი ვერ შევინახოთ და სხვებს მივაყენოთ კარზედა.

– იყუჩე, ვაჟო! შენ ჯერ ბავშვი ხარ და სისხლი გიდუღს…

– ნინია, შენი სტუმარი ვარ და რაც გინდა ის მიყავ!- წარმოსთქვა ელგუჯამ.- შენ უფროსი კაცი ხარ და რაიცა შენ გინდა, იმას თავს ვინ გადაუვლის.

– ლომისა იყოს მოწამე, რომ არა იქნების, – ჟინიანად წარმოსთქვა მათიამ…

– კარგია, მათიაუ, წმინდის გივარგის თავით გეხვეწები- გაყუჩდი !..-მიუბრუნდა ელგუჯა: – მე მოვრჩები თუ მოვკვდები, უფალმა უწყის, და ჩემთვის რაი-ღა სისხლის დაღვრა გინდათ?.. ისეც ცოტა სისხლი არ დაიღვარა.

– სტუმარი, სტუმარი ცხოთ მივაყენოთ კარზედა?- არ ისვენებდა მათია,- სიკვდილი არაა!

– იყუჩე!-წარბენბშეჭმუხვნით და მბრძანებელის ხმით წარმოსთქვა ნინიამ. – დღეს მე ვარ უფროსი და მე ეგრე მინდა.

ამ სიტყვებმა თითქოს ენა ჩაუგდეს მათიას, რომლისთვისაც, როგორც ყველა მთის ხალხისათვის, უფროსის ბრძანება, უფროსის ნება ხმაამოუღებლად და გადაუბრუნებლად უნდა ასრულებულიყო.

– განა მე კი არ მესმის, რომ ესეთის ავაედმყოფის ცხოთა კარს მიყენება სირცხვილია, მაგრამ გაჭირებამ მოიტანა და აგრე უნდა იყოს… შენ, მათიავ, ამაღამ მოამზადებ რამდენიმე მარჯვე ბიჭს და გაისტუმრებ ხარნაულისას… ისე კი წადით, რომ გუდამაყრის ხეობას ღამე ჩაგყვესთ და მერე ფიქრი აღარ გინდათ!

როგორც სთქვა ნინიამ, მათიაც ისე მოიქცა. საღამოსთვის მოამზადეს რამდენიმე მთიულის მარჯვე ბიჭი, გააკეთეს, დაწნეს თხილის ფოთლიანი შტოების საკაცე, სილბილისთვის ზედ გაშალეს თივა და ზეიდგან ნაბადი. ყველა ამ სამზადისს ეტყობოდა სრული მზრუნველობა.

როდესაც ყველაფერი მომზადდა, მათია შევიდა ელგუჯასთან და დაითხოვა დედაკაცები, რომელნიც იქ ისხდნენ. მარტოკა რომ დარჩნენ, მიუბრუნდა ელგუჯას და უთხრა:

– ყველანი სიკვდილის შვილები ვართ… ვინ იცის ვინ მოკვდების და ვინ დარჩების!.. სათქმელი თუ არა გაქვს-რა?

– მათიავ, ღვთის მადლმა, ძმაზედ უკეთესად გიყურებ…

– შენს მოღალატეს მტერზედ მოქნეული ხმალი ტარშიამც გადაუტყდების!-უპასაუხა მათიამ.

– აბა რაი დაგიმალო, ვინ იცის, რამდენს მთას იქით მივდივარ და გული კი აქ მრჩების …

– ლომისა შეგეწევის, ცქარა მორჩები და ისევ აქ მოხვალ.

– მოვრჩები თუ არა – ეგ უფალმა უწყის, მაგრამ აქედგან წასვლით გული მიღონდების.

– რათა, შენი კვნესა-მე, რათა?

– ვაჟკაცისათვის გულჩვილობა სიკვდილია და ცხოს არც ვეტყოდი, მაგრამ რაი დაგიმალო: მიყვარს, ძალზედ შემიყვარდა.

– გიყვარდეს, შენი კვნესა-მე, ხმ!.. გული ცხოს როდის ეკითხების.

– სანამ აქ ვიყავ, მეგონა, ის ჩვენთან არის-მეთქი, დამსვიდებული ვგიყავ და ეხლა!..

-ჩაიქნია ხელი და ამოიოხრა.

-ეხლა რაიღაა?

-ეხლა თითქოს გულიდგამ რაიღაცა მწყდების! აქამდის ხმა მაინც მოდიოდა იმაზედ, ეხლა ვინ-ღა რას შემატყობინებს, ვინ-ღა რას გამაგებინებს!

-ღმერთი იყოს შენი თავდები, როგორც ძმა, ისე დავიჭერ იმაზედ თვალყურს… შენ ნუ რა გენაღვლების რა… ჩვენი ხალხი სულ მიდის-მოდის თუშებში და სიტყვას იქაც მოგაწვდენ ხოლმე.

– არიქა, არიქა, მათიაისი, თორემ სულ დავილევი, -წამოიძახა აქვადმყოფმა.

– შენთვის ძმა დამირქმევიადა, თუ შენს გულის საყვარელს ვუღალატო, დედის ძუძუმც მომიჭრია…

– შენი ჭირიმც დამილევია, შენი! ეხლა თუნდ ცის კიდურთან გავალ, ჯავრი აღარ მექნების… არას გაუჭირებ, თუ შენ ცოცხალი ექენ.

– ცხო რაი ღა გინდა, მითხარ?

– ცხო?..-წარმისთქვა ელგუჯამ და დაიწყო აჩქარებული ქშენა. ეტყობოდა, რომ ამ საგანზე გაკვრით ლაპარაკი ისეც უჭირდებოდა და რა უნდა მოსვლოდა, როდესაც ძნელად წარმოსათქმელი სიტყვები გულს მეტად შემოსწოლოდა. მათიამ შეამჩნივა ეს მდგომარეობა.

– რაისთვის მიმალავ რასმე, რად არ მეუბნები? განა შენი ძმა არა ვარ?.. როგორც ღმერთს არ ეღალატების, ისე შენა!თუ არ მენდობი?

-აჰუ!მაგას როგორ ამბობ?!შენც რომ არ გენდო, მაშ ვიღას უნდა ვენდო?
-კარგია, მითხარ ყველა.

-აგრე, აგრე!.. არას დაგიმალავ… მზაღო დიაცია, დიაცი კი მალე მოტყუვდების… შენი ჩემთან წამოსვლა საჭირო არაა; მე რაი მინდა, თქვენებურებიც წამიღებენ და შენ კი ქვეშეს წადი.

-მერე?

– ნახე, როგორც იყოს, ნახე! უთხარ, რომ ცოცხალი ვარ, ისევ ისე მიყვარხარ-თქო, თუ ღმერთმა გადამარჩინა, თავს არ დავანებებ-თქო… მაგრამ… მაგრამ, თუ მიღალატე, თუ ქვეყანაში გამაწბილე, ქუდი მომხადე-თქო, მაშინ!.. მაშინ ორი თვალის მეტი ვაღარა გიხსნის-რა-თქო.

– კარგი, შენი კვნესა – მე! წავალ, სიცოცხლედ რომ დამიჯდეს, ვნახავ და ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი…
– ვიცოდი, რომ დამიჯერებდი!- წარმოსთქვა ელგუჯამ და თვალები სიხარულის ცეცხლით გაუბრწყინდა.
მზაღოს მისწვდებოდა იმისი სიტყვები, ის გაიგონებდა და თავის ტუჩებით წარმოსთქვამდა ელგუჯას სახელს! განა ამაზედ მეტი ბედნიერება იქნებოდა შეყვარებულისათვის?
იმ წუთებში ელგუჯა ისე გატაცებული იყო ამ ფიქრებით, რომ მზაღოს მშვენიერი სახე, ნაზი ტანი, ჟუჟუნა თველები გონებაში ეხატებოდა და ისიც გატაცებითა, გაუმაძღრად შესცქეროდა წაროდგენილს სურათს: შესტრფოდა და ციურს სიამოვნებას ბოლო აღარა ჰქონდა.
მთიულებმა, რომელნიც შემოვიდნენ და მოაგონეს წასვლის დრო, გამოიყვანეს ელგუჯა ამ ტკბილი ოცნებიდამ..
ყველანი მოემზადნენ, დაჭრილი წყნარად ჩააწვინეს საკაცეში, რომელიც ოთხმა ღონიერმა მთიულმა ასწია და გზას გაუდგნენ. აქეთ-იქით მისდევდნენ ათი-თორმეთი თოფებიანი მთიულნი და წინ მათია ბელადად მიუძღვოდა
ასე მიდიოდნენ იმ ადგილამდი, სადაც გზა გაყოფილი იყო და მათია ქვეშისაკენ უნდა გაბრუნებულიყო. მგზავრებმა ცოტა შეისვენეს.
მათიამ დაუძახა ყველას, რათა დაეცვალათ ტყვიები და ყველასთან ძმად გაფიცულიყო. როდესაც ყველა ეს გაათავეს, ერთბაშად წამოიძახა:
– დედამც შეურთამს ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს!

– დედაც შეუმრთამს!..- გაიმეორეს სხვებმა და გაემართნენ თავიანთ გზას: მათია – ქვეშესაკენ და დანარჩენი- თუშებისაკენ.

XII

მზაღო შევიდა სვიმონის სახლში სრულიად დარწმუნებული, რომ მოსვენებას მოიპოვებდა და დრო დარჩებოდა ეფიქრა სანატრელს ელგუჯაზედ და მდგომარეობაზედ, მაგრამ იმედმა უღალატა.

მართალია, სვიმონ ტკბილად ექცეოდა, იმისი ცოლი ეალერსებოდა მზრუნველის და კეთილის გულით, მაგრამ სახლობაში რომელიც გავსებული იყო სხვადასხვა დამონებულ, ხასიათ-გაფუჭებულ მოსამსახურეებით, ათას გულმოსაკლავს და დამჩაგვრელს უსიამოვნებასა ხედავდა. ქალს აშკარად დასცინიდნენ, მასხარად იგდებდნენ იმის წარსულს უბედურებას, ძველ ნაჩალნიკთან, და ეს ყველა ერთად ღალავდა, ასუსტებდა.

გოგოებს ჰყვანდა თავთავისი ამორჩეულები, ყველა უარშიყდებოდა ვისმე და ესენი კი აშკარა უპირატესობას აძლევდნენ მზაღოს, და ეს ცოტა მიზეზი არ იყო, რომ აეთვალწუნებინათ საბრალო ქალი.

თუნდა ეს ასე არ ყოფილიყო, რამდენიმე დღის უბედურებამ მზაღოს ისე გაუტეხა გული, რომ თითოინაც ეჭვიანი, დაუნდობელი შეიქმნა და სხვების მხიარულებამ მასხარად აგდებათ მიაჩნდა.

მართლაც არ იქნება ისეთი სატანჯველი, როდესაც კაცს გაუტყდება გული და პირდაპირ ვეღარავისთვის შეუხედნია იმის შიშით, რომ თანაგრძნობის მაგიერ მასხრად აგდება არ დაინახოს?

ამ სატანჯველს ემატებოდა კიდევ ელგუჯაზედ ფიქრი, რომელზედაც ხანდისხან ხმა მისწვდებოდა ხოლმე, იცოდა, რომ არ მომკვდარიყო და დაჭრილს კი ვინ იცის, როგორ უვლიდნენ, რა გაჭირვებაში იყო?

იქნება იმ დროს, როდესაც მზაღო იმაზედ ფიქრობდა, ელგუჯა სულმობრძავი იყო, სულსა ლევდა და მომვლელი კი არავინა ჰყავდა.

იქნება უკანასკნელ სიტყვებში სიყვარულით ახსენებდა მზაღოს სახელს და ის კი იქ არ იყო. ასე ფიქრობდა ჩერქეზის ქალი და ეს ფიქრები მწუხარების ჟრუანტელად დაურბენდა სხეულში… მერე წარმოუდგებოდა, რომ ელგუჯას მზაღოს უბედურება შეტყობილი ჰქონდა, ზიზღით და წყევლით ახსენებს იმის სახელს, – და ეს ფიქრები ლახვარსავით დაუვლიდა გულში.
ვერავის ანდობდა თავის გულის დარდს, ვერავის უბედავდა და უველა მწუხარება უგროვდებოდა ეს ამძიმებდა და ერთი-ორად მეტად სტანჯავდა.

ამბობენ, – და სწორეც არის, – რომ კაცის მწუხარებას ისე ვერა შეამსუბუქებს-რაო, როგორც მოლაპარაკება, მინდობა მეორე პირთან თავის მწუხარებისაო. მზაღოს კი ესეთი პირი არავინ ჰყვანდა და ყველა ფიქრი, ყველა მოსაზრება უნდა შდაბეჭდოდა იმის გონებაში, გრძნობანი გულის ცეცხლით თითქოს გამოცხვარიყოს და სამუდამოდ მოჩოთირე, მტანჯავს გრძნობად დარჩენოდა გულში.
ერთს მთვარიანს საღამოს მზაღო გამოსულიყო და იქვე სახლთან მდგომს წიფლის ხესთან თავის ფიქრებს ეძლეოდა. მშვენიერი ბუნება კაცის გრძნობას უალერსებდა დს რაღაცა გულდამამშვუდებელის ძალით. ზაფხულის სითბო შეიცვლებოდა მსუბუქის ნიავით, რომელიც ნაზად გაურბენდა ფოთლებს და სასიამოვნო შრიალს აატეხინებდა. აქა-იქ მოფენილი ყვავილები დამატკბობელს სურნელებას გამოსცემდნენ, აძლევდნენ ქარსა და ისიც ფენდა ყოველს ადგილს. ახლომახლო წყარო ჩამოჩქრიალებდა და თითქო ნანას ეუბნებოდა და დაძინებულს ბუნებას.
მზაღო იდგა რაღაცა უგრძნობელ მომხიბვლელს მდგომარეობაში.

იქვე ახლო მყოფი ბუჩქები თითქოს ქარისაგან შეინძრა დსა ისევ გაჩერდა. ქალი ისე შეკრთა, ისე შეაშინა ამ მოულოდნელობამ, რომ ხმა ვეღარ ამოეღო და გასეშებულსავით დარჩა იმავ ადგილს. ბუჩქები გადაიწია და ვიღაცა უცნობი ვეფხვსავით გადმოხტა.

– შენ და და მე ძმა!- შესძახა კაცმა მისვლის უმალ.
– რაი გინდა ჩემგან, ვინა ხარ? თავი დამანებე!- შეშინებულის და მთრთოლარეს ხმით ეუბნებოდა ქალი: – მომშორდი, თორემ დავიყვირებ!
– იყუჩე, ქალაუ!.. სამშვიდობოდ მოვსულვარ!.. შენს მოღალატეს ლომისამ უღალატოს.

ქალს კიდევ ვერ გაეგო, რას ელაპარაკებოდნენ და ყოველის ღონისძიებითა ცდილობდა თავიდგან მოეშორებინა ეს კაცი.

– შენი არა მინდა-რა, გამიშვი, გამიშვი!
– მე ძალადობას არ ვხმარობ. დიაცთან ძალადობა რაი ვაჟკაცის წესია.
– მაშ რაი გინდა, რაი? რაისთვის თავს არ მანებებ?

– იმისათვის, რომ სიტყვა მაქვს, ელგუჯამ დამაბარა.

– ელგუჯამ!-გიჟსავით წამოიძახა და მთიულს მათიას გაშტერებულმა დაუწყო ყურება.

– ჰო, ელგუჯამ! ჩემთან ძმად ნაფიცია, შენც და-ძმობას გეუბნები.

– ელგუჯა, ელგუჯა!.. მაშ გადარჩა, კარგად არის, არ მომკვდარა?-გულის კანკალით ჰკითხავდა მზაღო.

– ლომისას მადლმა, რომ კარგად არის, სულ შენზედ ლაპარაკობს, სულ შენს გონებაშია.

– მაშ უყვარვარ?.. უყვარვარ? არ დავვიწყებივარ? მითხარ, გაფიცებ, რაც კი საფიცარი გყავს.
– ელგუჯაი ვაჟია, ვისაც ერთხელ შეიყვარებს, სამარეც ვეღარ გადაავიწყებს.
– მორჩება? კარგა შეიქმნება? მითხარი ! ოჰ, ღმერთო! აგრე ცოტას რად ლაპარაკობ?-ეუბნებოდა მზაღო, რომელსაც უნდოდა, რომ განუწყვეტლივ ეამბო იმისთვის ყველაფერი დაწვრილებით, რაც კი შეეხებოდა ელგუჯას ცხოვრებას, და ეს სურვილი ისე ძლიერი იყო, რომ ლაპარაკსაც ვეღარ ასწრობდა და წამდაუწუმის კითხვით მათიას საუბარს აწყვეტინებდა.

– ელგუჯა ეხლა თუშებში გავგზავნეთ; იქ უფრო უშიშარს ალაგს იქნება და რა წამს სრულებით მორჩება, მაშინვე ჩამოვალთ და წაგიყვანთ, ასე დამაბარა ელგუჯამ: ჩემი ფიქრი ნუ გექნებისო, მე ეგრე არ დაგაგდებო… ვინძლო, შენც არა დამივიწყოო.

– წამიყვანე, წამიყვანე ეხლავ!.. ის ავად იყოს და მე გვერდიტ არ ვყვანდე, რაი ჩემი სიცოცხლეა!
– იყუჩე, იყუჩე! შენი წაყვანა ეხლა საით იქნების?.. შენ რომ იქ იქმნა, ელგუჯა შენის ცქერით სულს დაილევს.
– მაშ რაი-ღა მეშველება მე დაღუპულს? საით-ღა უნდა გაუძლო იმის უნახაობას… რაც იმას მომაშორეს, იმის ამბავი ასე დაწვრილებით პირველად მესმის.
– ლომისა იყვეს შენი თავდები, ოღონდაც შენ მშვიდობიანად იყავ და მალ-მალ შეგატყობინებ ხოლმე ელგუჯას ამბავს.
– ჰო,ჰო! შემატყობინე! მადლია შენთვისაც.
– მაშ მშვიდობიანად იქნები? დაიფიცე.
-ოღონდაც ელგუჯას მშვიდობიანად ნახვა მეღირსოს, და მე…ცხო რაი-ღა მინდა?

ამ მუსაიფით გაათავეს იმათ და დასდვეს პირობა, რომ მათია ყოველ შაბათობით მზაღოსთან უნდა შეიყაროს ხოლმე. ამ პირობის შემდეგ ისინი გაიყარნენ,-მზაღო დაკმაყოფილებული დარჩა ელგუჯას ამბავის შეტყობით და მათია კი-გახარებული თავის მეგობრის სურვილის აღსრულებით.

მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ ამ გაყრის შემდეგ მათიას ნამდვილი სიხარულის მაგიერად, რაღაცა სევდა მოაწვა და თითონაც ვერ გაეგო, თუ რასა გრძნობდა და არ უნდოდა, ან ამ მდგომარეობაში რად ჩავარდნილიყო…

ამ დროსვე სვიმონის სასტუმროში იყვნენ შეყრილნი თემის უფროსი კაცები, რომელთაც სისხლის სამართალი უნდა გარდაეწყვიტათ ელგუჯასა და სვიმონს შორის. ყველანი ჯოხებით, თმა-წვერგათეთრებულნი, ისხდნენ სკამზედ და დამშვიდებულ-დარბაისლურად სჯიდნენ ამ სამწუხარო შემთხვევას. ერთი, ყველაზედ უფროსი, ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას და დანარჩენები ისეთის კრძალვით და პატივისცემით ეკიდებოდნენ მას, რომ კაცი გაშტერებული დარჩებოდა.

აქ იყვნენ მოწმეები, მოჩივარი სვიმონ ჩოფიკაშვილი და ელგუჯას შორეული მოკეთეები, იმის მხრით მოლაპარაკენი.

სამ-სამი, ოთხ-ოთხი კაცი თითქოს ცალ-ცალკე კრებას შეადგენდა და ჩუმად სჯიდნენ, ლაპარაკობდნენ გასარჩევს საქმეზედ.მოხუცი თავმჯდომარე წამოდგა, მოიხადა ქუდი და წყნარა პირჯვარი გადაიწერა.
სმენა იყოს და გაგონება!

ერთბაშად ყველანი წამოდგნენ და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ კაცი მუზის გაფრენასაც კი გაიგონებდა.

-ხალხნო და ჯამაათნო!თქვენ ყველამ იცით რაისთვისაცა ხართ აქ შეყრილი.ორი მოსისხლე გვარი უნდა გაასამართლოთ… თუ ვინმე ერთ-ერთი მხრის ან მოწინააღმდეგე ხართ ან მოკეთე, განშორდით თემის ყრილობას:კაცის გული რბილია! მიდგომ-მოდგომით არ წარმოსთქვათ… თორემ ცოდოა… ხალხის წინაშე სირცხვილი… საიქიოს ჯოჯოხეთი! ვინაა ეგეთი,-გაგვშორდეს! ვინაა ეგეთი,-გაგვშორდეს! ვინაა ეგეთი,-გაგვშორდეს!

ამ სიტყვების შემდეგ რამდენმამე კაცმა დაიხურა ქუდი და გავიდნენ საბჭოდგან.

ამის შემდეგ მოხუცმა ისევ დაიწყო:

-ღმერთო დიდებულო, ღმერთო!ხევ-მთიულეთის ჯვარანგელოზნო! თქვენ წინაშე არის შეყრილი თემის ხალხი… თქვენ მოგვეცით ძალა და ჩაგვაგონეთ, რომ ჩვენის უგუნურობით უსამართლობა რაიმე არ მოვახდინოთ!
– ამინ შენს მადლსა! – დაიძახეს დანარჩენებმა.

– და თუ ჩვენში გამოვიდა ვინმე ისეთი, რომ მიდგომით სიტყვა დახარჯა, სწორე ჩვენება არ მოგვცა, რაიმე დაიმალა, – თქვენი რისხვა გააყოლეთ შვილის შვილამდე.

– ამინ შენს მადლსა! – კიდევ იყო პასუხი.

– ისეთი კაცი გამოაკელ ტოლ-სწორებს, აცოცხლე დიდხანს, მაგრამ სამასხარაოდ გაჰხადე, მოსვენებას ნუ მისცემ!

– ამინ შენს მადლსა!

– აბა, ახლა კი დასხედით, თქვენს ღმერთს შეხედეთ, თქვენს სულს გაუფრთხილდით, დაფიქრდით და ისე თქვით!

ხალხმა დაიხურა ქუდები და დამშვიდებულად დალაგდა. ყველას პირისახეზედ ეტყობოდა განსაკუთრებით დაკვირვება თავიანთ მოვალეობაზედ და კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობაც ჰქონდა იმათ სიტყვებს ორ გვარეულობისადმი.
პირველი გამოიწვია თავმჯდომარემ სვიმონ ჩოფიკაშვილი, როგორც მომჩივარი. სვიმონ გავიდა შუა ადგილას, მოიხადა ქუდი, დაიჩოქა ცალ მუხლზედ და დაიწყო თავისი საჩივარი, რომელშიაც გამოხატა გაგის სიკვდილის მიზეზი, ამტყუნებდა ელგუჯას და ითხოვდა გასამართლებას.
იმის შემდეგ გამოიწვიეს ელგუჯას შორეული ნათესავები, როგორც დამცველნი იმის გვარეულობის ინტერესისა.

ისიც როგორც სვიმონ, ისე გავიდნენ შუა ადგილას, დაიჩოქეს და ამტკიცებდნენ, რომ ელგუჯას ხელით არ იყო მოკლული გაგი და სისხლის ძიება ამ შემთხვევაში არ ეკუთვნოდა ჩოფიკაშვილებს.

როდესაც ორთავ მხრისაგან მოისმინეს ჩვენება, თავჯდომარე ისევ წამოდგა და საჭიროდ დაინახა რამდენისამე სიტყვის წარმოთქმა.
– ხალხო, სმენა იყოს და გაგონება!.. დღეს ისეთი დღე მოგვადგა, რომ ჩვენ თვითონაც ვეღარ გაგვიგია, რაი ჭირი დატრიალდა, რაი მეხი დაგვატყდა თავზედ… გეხვეწებით ამ მოხუცის თავით, უფრთხილდით ერთმანეთსა, უბრალოდ მტრობას უფრთხილდით!.. იქნების ხვალ და ზეგ ეგეთი დღე დაგვადგეს, რომ თითოს თავი ათასად დაგვიფასდეს.. მშვიდობიანობას ეცადეთ, თქვენი ჭირიმეთ, მშვიდობიანობას.

ამ სიტყვების შემდეგ გამოიწვიეს მოწმეები, რომელთაც ჩამოართვეს ჩვენება. შემდეგ დაიბარეს მზაღო, როგორც ერთი უმთავრესი მოწამე, რომლისაგანაც გაგება უნდოდათ – ძალით იყო გატაცებული თუ თავის საქმროს ნებიტ გაჰყვა. მაგრამ ქალი არ წამოჰყვა და იმის საკითხავად ორი კაცი გაგზავნეს, რომელთაც მოუტანეს შემდეგი პასუხი:

– ის ქალაი ამბობს, რომ თავის ნებით გაჰყვა, უყვარდა და იმისთვის; რომ ღვთისაგან იმედი არა ჰქონდეს ელგუჯას გადარჩენისა, მაშ თავს მოიკლამდა, რომ საიქიოსაც-კი იმას არ მოშორებოდა.

ამ პასუხის შემდეგ ბჭეების მეტი ყველანი დაითხოვეს და დაიწყეს გასჯა და აწონა ყველა ჩვენებისა და გაგონილისა.

რაკი მოსამართლენი მარტოკა დარცნენ, ისევ დაიყვნენ ჯგუფებად და დაიწყეს ერთმანეთში მოლაპარაკება.

შემდეგ ისევ შეგროვდნენ. უხუცესმა დაიჭირა თავისი ადგილი, სხვები უფროსობით ჩამომწკრივდნენ გვერდით და უფროსობითვე დაიწყეს თავიანთის აზრის წარმოთქმა. ასე რიგად გასწია რამდენიმე საათმა, რომლის შემდეგაც დაიბარეს მომჩივარ-მოპასუხის მხარენი თემის ყრილობის გარდაწყვეტილების მოსასმენად.

როდესაც ისინი შემოვიდნენ და ადგილი დაჭირეს, უხუცესი წამოდგა და უთხრა მომჩივრებს შემდეგი:
– თქვენის თხოვნით და სურვილით ჩვენ შევიყარენით თემის კაცნი და რაიცა უფალმა გვაგონა, ისე გავასამართლეთ. ჩვენი გარდაწყვეტილება უნდა მტკიცედ ასრულდეს თქვენგან და, თუ ვინმემ მოინდომოს თემის გაუგონრობა, ის გაგდებული იქნების თემისაგან, აღარ ჩაითვლების ჩვენს სისხლად და ხორცად, აღარ ექნების ადგილი ჩვენ კერასთან. უნდა დაიფიცოთ ამაზედ!
– რაისთვის არ დავიფიცავთ!.. თემის სიტყვა საით გატყდების! – უპასუხეს მომჩივრებმა.

– შემოიყვანეთ დე კანოზები,- ბრძანა თავჯდომარემ.
ამ სიტყვებზე შემოვიდა ორი დეკანოზი, რომელთაგანაც ერთს ეჭირა ხელში მერდინის დროშა, რომელსა ჰქონდა ასხმული სხვადასხვა სიდიდის ხატები, ჯვრები, ზარები და შეწირული ნივთები; მეორესაც – ვერცხლის ჯვარი მერდინშივე შეხვეული.
იმათ შემოსვლაზედ ყველანი ფეხზედ წამოდგნენ და ქუდები მოიხადეს. დეკანოზები მივიდნენ და დადგნენ უხუცესის აქეთ-იქით.
ყველანი რომ დამშვიდნენ, ისევ უხუცესმა დაიწყო პირველი სიტყვა:
– მოდით, დაიფიცეთ!

– მომჩივრები მივიდნენ, პირჯვარი დაიწერეს, მუხლი მოიყარეს და ხელი მოჰკიდეს დროშას.

– ღმერთო დიდებულო! დაიწყო ერთმა დეკანოზმა: – ღმერთო, ივანე ნათლისმცემელო, წვერისა სპარს-ანგელოზო, ხელის სამებაო, ღუდის ყოვლადწმიდაო, ლომის მთავარ მოწამეო, შენი მადლი შეაწია ამ ხალხსა!
– ამინ შენს მადლსა! -იყო პასუხი.
– შენ არიდე შფოთი და მწუხარება, ჩამოაგდე ამის შემდეგ მშვიდობიანობა ჩვენს თემობაში!

– ამინ შენს მადლსა!

– საშვილიშვილოდ გააყოლე შენი წყალობა საქართველოს ერთგულსა, თემის პირის შემნახველსა, ძმა-ნათესავის გამტანსა, საწყლის შემბრალებელსა, მშვიდობიანობის დამთესსა!

– ამინ შენს მადლსა!
– თემის პირის გამტეხს კი, ნათესავის დაუნდობელს მამულისა და მეფის მოღალატეს ნუ მისცემ ნურსად მოსვენებას!
– ამინ შენს მასდლსა!
– ნუ მისცემ ამისთანა კაცს ნურც სახლს, ნურც თავშესაფარს, ნუ მოაკვლევინებ ნადირს, ნუ გაამარჯვებინებ მტერზედ!

– ამინ შენს მადლსა!

– აბა, ემთხვიეთ ხატებს! -გაათავეს დეკანოზებმა და დააჟღრიალეს ზარები. ხალხი, რომელიც აქამდის დაჩოქილი იდგა, ეხლა წამოიშალა, მომჩივრები კრძალვით და მოწიწებით ემთხვივნენ დროშას, ჯვარს და დაიჭირეს ისევ თავიაანთი ადგილი.
უხუცესი (თავმჯდომარე) წამოდგფა და კრებას შემდეგი გარდაწყვეტილება გამოუცხადა.
„ელგუჯამ მართალია ქალი გაიტაცა და ამით სირცხვილი მიაყენა ჩოფიკაშვილის სახლს, მაგრამ ძალადობა არ უხმარია და ქალი თავისის ნებით წაჰყოლია.“

„გაგი შეხვედრია წინ და თავის სახლის პატივის დაცვისათვის შეჰმბია ელგუჯას და იმასაც თავისი ამხანაგებით თავიანთი თავის დასაცველად იარაღი უხმარიათ, რომლის შედეგიც რამდენიმე კაცის სიკვდილი ყოფილა. “

„ელგუჯას გაგის ცხენი დაუჭრია და ამ მიზეზით გაგი გადავარდნილა კლდეზედ და დამსხვრეულა.“

„მერე რუსის ჯარებს დაუხოცნიათ ელგუჯას ამხანაგები, თითონ ელგუჯა მძიმედ დაუჩეხიათ და ქალი წაურთმევიათ.“
ჩვენ ჩვენის გონებით, ჩვენის ჭკუით გავასამართლეთ ეს ხალხი და გადავწყვიტეთ:
„ რადგანაც გაგის ამალაში დახოცილები ორი ყოფილა ჩვენებური, ელგუჯას ამხანაგების სიკვდილი – იმათ სისხლში.“
„ გაგის კლდეზედ გადავარდნა არ არის პირდაპირი ელგუჯას ხელით სიკვდილი და სისხლი არ ეძიება ამისთვის. ამის სამაგიეროდ ელგუჯას ჩამოართოს მამული და მიეცეს სვიმონ ჩოფიკაშვიულს… სვიმონმა თავის მხრით გაიღოს ელგუჯას საექიმო.“
„ელგუჯას ნათესაობა, თემის კაცების დასწრებით, მოვიდეს ხარითა და ლუდით გაგის საფლავზედ შესახვეწად.“
„ამის შემდეგ ელგუჯას და სვიმონის გვარეულობაში ჩამოვარდეს ძმობა, მეზობლობა და სიყვარული.“
ეს სიტყვები ყველასაგან მიღებული იყო წესიერის მორჩილებით და მასუკან დაიშალა „სიფრო“ პურის საჭმელად, რომელზედაც სადღგრძელოები უწყვეტლივ ისმოდა.

XIII

მზაღო გულის კანკალით ელოდა ამ გარდაწყვეტილებას, თუმცა ჭინათვე დაიმედებული იყო სვიმონისაგან!..
წარმოიდგინეთ ქალის სიხარული, როდესაც გაიგო, რომ ელგუჯას სიცოცხლეს აღარავინ შეეხებოდა და ისიც ცოცხალი დარჩებოდა. მართალია, ის არ არგუნეს ელგუჯასა და ურვადი ისეთი დაუნიშნეს, რომ იმის გადახდა შეუძლებელი იყო, მაგრამ გათხოვების ნება რომ მიეცით კიდეც, განა თვითონ გათხოვდებოდა? ეს მან კარგად იცოდა, თუმცა მზად იყო დღესვე თავი შეეწირა თავის სიყვარულის საგნისათვის.
ამჟამად იმას დავიწყებოდა თავისი თავი და მხოლოდ თვალწინ უდგა ელგუჯას სიცოცხლე, რომელსაც ბედნიერების მოპოვება შეეძლო.
გაიარა ამ ღამემ და იქ მყოფთ ცხოვრებამ მიიღო ისევ ჩვეულებრივი მიმდინარეობა: მუშა ხალხისათვის დადგა ისევ ის მთრთოლვარე მოუსვენრობა, რომელიც თითქმის ჩვეულებად გარდაექცათ იმ უბედური წლების ხალხ.
ერთ დღეს მზაღო გარეთ იჯდა და საჩოხე მატყლსა სჩეჩავდა. გვერდით უჯდა ჯაჯალა, რომელიც მზაღოს პირველ მოყვანაში ალერსიანის სიტყვით შეხვდა. ჯაჯალა ამ დღეებში მოსულიყო მეორე სოფლიუთგან და ისევ ისე თანაგრძნობით ექცეოდა, ისევ ისე გულმხურვალედ ეკიდებოდა მზაღოს საქმეს და მდგომარეობას, როგორც უწინ.
როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთს უამბობდნენ სხვადასხვა ამბებს თავიანთ ცხოვრებიდგან, ერთბაშად სიტყვა გაწყვიტეს, ფეხზედ წამოდგნენ -იმათ დაინახეს სვიმონა, რომელიც იმათკემ მიდიოდა.
დედაკაცებს რომ გაუსწორდა, შესდგა და ჯაჯალამ წყლისთვის გაგზავნა. მოახლე სირბილით გაეშურა თავის ბატონის ბრძანების აღსასრულებლად.

მზაღო და სვიმონ მარტონი დარჩნენ; ეს უკანასკნელი მიუბრუნდა ქალსა:
– კმაყოფილი ხარ თემის გარდაწყვეტილებისა? სისხლი აღარ დაიღვრება.

– თემი გონიერია, შენი წყალობა ნუ მომაკლოს ღმერთმა!

– ეხლა სად არის ელგუჯა?
ამ კითხვაზედ ქალი შეშინდა, ეგონა, რომ სვიმონ სისხლის საძიებლად ეძებდა იმის ბინადრობას და გაფითრდა.
– ნუ გეშინია, მითხარ!.. მე სიტყვა მოგეც, რომ იმის სიცოცხლე დაფარულია … თუნდა ეგე არ ყოფილიყო, თემის გარდაწყვეტილება ჩემთვის გაუტეხელია.
– მე რაი ვიცი? – კიდევ უნდობლად წარმოსთქვა მზაღომ.
– შენ იცი და თუ იმისთვის კეთილი გინდა, უნდა გამაგებინო.
– არ ვიცი, არა, შენი ჭირიმე!
– არ გინდა სთქვა, შენი ნებაა,- მე ძალას აღარ დაგატან, მხოლოდ იმას კი გეტყვი, რომ შეატყობინო, მოშორებით წავიდეს. მე თითონ გავაგებინებდი, მაგრამ მეშინიან, ხალხში ხმა არ გავარდეს, რომ მე ელგუჯას ბინადრობა ვიცი.
– თემმა ხომ მოგარიგეთ, შენ აღარ ემტერები და რაისღა უნდა გეშინოდეს?
– შენ ჯერ ბავშვი ხარ… მე მყავს მტრები და ჩემი მტრები ელგუჯას მტრებიც არიან.
– მე არ მესმის, რას ამბობ?
– იმას, რომ ძველი ნაჩალნიკი ჩავიდა ქალაქს და ცდილობს ელგუჯასაგან გაგის მოკვლა მე დამაბრალოს. მითომც მე მოვისყიდე.

– მაშ რაი-ღა გვეშველება? – შეშინებით წარმოსთქვა მზაღომ.

– ისა რომ, როგორც იყოს, ელგუჯას გააგებინე ეს ამბავი, ის გიჟი არაა, თითონ იპოვის საშუალებას.
– ვისის პირით შევუთვალო, საით გავაგებინო? – კიდე იეშმაკა მზაღომ.
– ეგ ჩემი საქმე არაა…- უპასუხა სვიმონმა ისეთ კილოთი, რომ ადვილად დარწმუნდებოდით, იმან ყველაფერი იცოდა, მაგრამ რომელიმე მოაზრების მიზეზით თვითონ არ უნდოდა ემოქმედნა.
სვიმონ წავიდა. რა წამს ის მოეფარა იქვე აშენებულს საიასაულოს, ჯაჯალა სირბილით მოვიდა და ლიტრით წყალი მოიტანა.
– რა იქმნა ბატონი?
– წავვიდა… იმან შენ განგებ გაგგზავნა, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა…- უპასუხა მზაღომ და გარდასცა, რაზედაც იმათ ლაპარაკი ჰქონდათ, შემდეგ გამოუტყდა, რომ წარსულს შაბათს ერთი მთიული, სახელად მათია, იყო და იმან ყველაფერი უამბო ელგუჯას შესახებ.
შემდეგ ლაპარაკი გადავიდა სხვადასხვა საგნებზედ, რომელიც შეეხებოდა იმათ წარსულ ცხოვრებას. მზაღოს ეჭირვებოდა ისეთი მეგობრის მიშველება, როგორიც ჯაჯალა იყო, რადგანაც იმის გულს ამდენი მარტოობა აღარ შეეძლო და მოგროვებული ნაღველი ითხოვდა გარედ გამოსვლას.

როდესაც ენა მოიჯერეს ლაპარაკით, გულს ჩამოხადეს მომეტებული ბარგი და ცოტა ოდენი დაამშვიდეს, შინ წავიდნენ. მზაღო ეხლა უფრო გულადად შედიოდა, რადგანაც ისეთს ქომაგს და მეგობარს გვერდით ჰხედავდა, როგორც ჯაჯალა იყო.

იმათ გარდაწყვიტეს, რომ შაბათამდი, როგორც იქნებოდა, მოითმენდნენ და შაბათს მათიასაგან გაიგებდნენ ელგუჯას ამბავს დაწვრილებით. გაატანდნენ იმისთვის საგულეს და საჩოხეს, რომელიც უთუოდ საშაბათოდ ამ ორ ქალს უნდა მოესწროთ.
როდესაც ესენი ამ გაცხარებულ საქმეში იყვნენ, მათიას ცხვარი გაერეკა საძოვარზედ. თითონ დაყუდებული იყო შვინდის კომბალზედ და მთებს გაჰყურებდა. ცხვრები ერთიერთმანერთის შურით ერთმანერთს წინ გადურბენდნენ და გაუმაძღრად სწიწკნიდნენ ბალახს.
ცხვარი ძოვნით მიდიოდა და ჰშორდებოდა მწყემმს, რომელიც ისევ იმ ადგილას გაუნძრევლად იდგა და ერთის ალაგისთვის მიექცია თვალები. საკვირველი იყო, რომ ყოველთვის მუყაითი მათია, განთქმული მწყემსი, რომელიც ერთ ბიჯსაც არ მოშორდებოდა თავის საქონელს – დღეს ასე ჩაფიქრებულიყო და ერთს ალაგს მისციებოდა. იქნება ბუნების იმ მშვენიერმა სურათმა გაიტაცა, რომელნიც თვალწინ ეხატებოდნენ? არა, ის იმ დსროს არც ამ ამაყად აყუდებულს მთებსა ხედავდა, არც მშვენივრად გადაფენილს ტყეებს, არც ჩანახათებს, რომელიც ჩხრიალით თეთრ რძესავით ქაფდებოდა, გადმოდიოდა კლდეებიდამ და ათას წინწკლებად იფანტბოდა, არც მწვანედ მოდებულს ველებს, რომელიც ათასფერის სურნელოვან ყვავილებით ბუნენას შეემკო. მაშ რა უნდა ყოფილიყო იმ-ჟამად ამ კაცის გონების ასე რიგად მიმზიდველი და გამტაცებელი?

ეს რამოდენიმე დღე იყო, რაც მათიას ეს ჩვეულება დასჩემდა და ჯერ თითონაც კარგად ვერ გამოერკვია ამის მიზეზი, თუმცა ყოველ ამ დაფიქრებასთან ერთად თვალწინ წარმოუდგებოდა ხოლმე მომღიმარე სახე მშვენირის ქალის, რომელიც თავის ჟუჟუნა თვალებით, მათიასავე უნებურად, იქამდინ იზიდავდა იმის გონებას, სანამ თავდავიწყებამდინ არ მიიყვანდა ხოლმე. და რა ამ მდგომარეობამდის მივიდოდა, ისეთს სანატრელს, თუმცა ტანჯვით სავსე გრძნონაში შედიოდა, რომ იმასთაგან გაყრა წარმოუდგენელ უბედურებად მიაჩდა. ვისი სურათი იყო, რომელმაც მათიას ქვის გული ისე მაგრად შებოჭა?
ის გახლდათ ჩერქეზის ლამაზი ქალი, ელგუჯას სატრფო, რომელიც მათიას უნებურად სოლსავით ჩასჭედოდა გულში.
პირველში მთიულს ეგონა, რომ ეს სიყვარული იყო და-ძმური, რომელიც დაბადებულიყო ელგუჯას მდგომარეობის და თანაგრძნობის გამო, მაგრამ რამდენიც ხანი გადიოდა, რამდენსაც მეტს აკვირდებოდა ამ საქმეს და ცდილობდა თავიდამ მოეშორებინა აღძრული გრძნობა, იმდენად უფრო ცოცხლად ეხატებოდა მზაღოს სახე და სწყუროდა მასთან განუშორებლად ყოფნა, იმის ყურება და ალერსი.

მათია უბრალოდ არწმუნებდა თავის თავს, რომ მაცდურს შეეპყრო, რომელსაც უნდოდა ეღალატებინა ძმობისა, მეგობრობისა და წესისათვის; უბრალოდ ცდილობდა შეეყენებინა თავისი გრძნობა, რომელსაც დღითი-დღე ემატებოდა ცეცხლი და უმეტესად უდუღებდა სისხლსა. ყოველ ამგვარ ძალდატანების შემდეგ დაუმორჩილებელი გრძნობა უმეტესის ძალით იჩენდა თავს.
ამ რამდენიმე დღეში მხიარული, მოცინარი და უზრუნველი მათია შეიქმნა დაფიქრებული, დაღონებული, ყმაწვილურმა, კარგა მყოფ ფერმა დაჰკარგა ელვარება, გაიცრიცა და გაყვითლდა, გახდა და თვალები ჩაუცვივდა.

მეზობლები უყურებდნენ მათიას, იმისი ცვლილება და მიზეზს ვერ მიმხვდარიყვნენ. როდესაც მათიას ამ საგანზე ვინმე დაელაპარაკებოდა, ის პასუხის მაგივრად ამოიოხრებდა, გააკეთებდა ყალიონს და ძალზედ წევას დაუწყებდა. და თუ ვინმე მოახერხებდა აელაპარაკებინა, მაშინ მთიული პირდაპირ პასუხს მაინც არ აღირსებდა, ლაპარაკს სხვა საგანზედ გადაიტანდა, თითქოს ეშინოდა ამ გრძნობის სხვასთან გაზიარებისა.
მათია ჯერ კიდევ დაფიქრებული იდგა, როდესაც ერთი კაცი გამოჩდა მაპირდაპირე მთის წვერზედ და ხტუნა-ხტუნაობით დაეშვა თავქვე. როგორც მომავალს ეტყობოდა,ისიც მთიული მწყემსი უნდა ყოფილიყო.იმას, უეჭველია,მათია შეემჩნია და პირდაპირ იმისაკენ წამოსულა.

როდესაც უცნობი იმ ადგილს მიუახლოვდა,სადაც მათია იყო.გაშტერდა და გაკვირვებით დაუწყო ყურება მწყემსსა და იმისაგან დაშორებულ ცხვარს. ცზვარი, დაფანტული, ტყეში შესულიყო და პატრონი კი დაფიქრებული თავისთვის იდგა. მწყემსის ამგვარმა უყურადღებობამ ახალდმოსული იქამდინ გააჯავრა, რომ გულმა ვეღარ მოუთმინა და შესძახა:

-მათიაუ, ჰა, მათიაუ!

მათია შეკრთა, ჩამმოისო პირზედ ხელი და მიიხედ-მოიხედა.

-რაი მოგსვლია, მათიაუ!…ცხორი დაიღუპა! აგერ ტყეში შესულა.

-რაი უყო, ანგარიშ მიუცემლად წარმოსთქვა იმან.უცნობი მიუახლოვდა მათიას და შეტევით უთხრა:

-უგონოდ თუ არა ხარ? ცხორი გაგპარვია-მეთქი.

-აბა, რაი ცხორი?-ერთბაშად შეკრთა მათია და დაფაცურდა.-საიდ წავიდა?! – წამოიძახა იმან და, რა თვალი შეჰკრა ტყეში შემავალს ცხვარსა, მაშინვე იმათკენ გაიქცა.

ახალმოსული მწყემსი გაშტერებული დარჩა, შემდეგ ერთბაშად წამოიძახა:

-თუ გაგიჟდა! – და უკან გამოუდგა, რათა ეშველა მათიასთვის ტყიდგან ცხვრების გამორეკა.

როდესაც ორივე გამივიდნენ და ცხვრებიც გამოიყვანეს ტყიდგან, მხოლოდ მაშინ იცნო მათიამ ახლადმოსული, რომელიც იმათი მწყემსი იყო და ხარნაულებისას გაეგზავნათ.

-მოხვედ მშვიდობით, ივანე! – მიესალმა მათია.

-მშვიდობა მოგცეს ლომისამა! – იყო პასუხი.

-რასა იქს ელგუჯაი?

-კარგადაა.

-ექიმი დააყენეს?

-ეგეთი ექიმი დააყენეს, ლომისის მადლმა, რომ თემობაში ბადალი არა ჰყავს!

-რას ამბობს, ჩქარა მორჩებაო?

-ორ-სამ კვირაზედ წამოვაყენებო.

-ღმერთმა ქნას, გისმინოს ლომისა! ჩემთან ხომ არა დაგაბარა?- ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა მათიამ.

-აბა შენთანაც რო არა დაებარებინა-რა, მაშ ვისთანაღა დამაბარებდა?..დღე ერთია და შენი მოგონება ათასი…უთხარი მათიასო, რომ ცჰქარა შემატყობინოს თავისი ამბავიო…მნახოსო.

-ვნახამ, ვნახამ,-რაღაცა მწუხარებით წარმოსთქვა მათიამ.

-შენი ძმობის იმედი მაქვს, რომ რაიც სიტყვა გითხარ, ესე აასრულებო.

-ჰაი, ჰაი, რომ ავასრულებ! მაშ არ ავასრულებ? იმის სიტყვა გაუტეხელი ბეჭედია ჩემთვის,-რაღაცა გაშმაგებით წარმოსთქვა მათიამ და შემდეგ დაუმატა:- შენ ამ ცხორს მიჰხედე, დაღალული იქნები, კიდეც დაისვენებ და ცხორსაც უპატრონებ; მე კი სხვაგან საქმე მაქვს და იქ წავალ. ჯალაბობაში თუ მიკითხეს, უთხარ:მატყლის ვაჭრობი მოვიდნენ-თქო და იმათ დაჰყვა ქვეშესა-თქო.

-აგრე, შენი კვნესა-მე.

-ცხორი წყალზედ ჩააბრუნე, იქ უფრო გრილია, რიყეზედ დეეყრება.

ამ სიტყვების შემდეგ ჩოხის კალთები ჩაიკეცა ქამარში, გადაიგდო თოფი მხარზედ და გასწია ქვეშეთისაკენ.

ის მიდიოდა ჩქარა, გაქანებული, მაგრამ ჩქარის მისვლის სურვილი თითქოს გზას უგძელებდა და მოუთმენლად წამოიძახებდა: ,,აღარ გათავდა ეს ბაითალმანი! “მზე რომ გადაიწვერა, იმან მიაღწივა ქვეშეთს და, რადგანაც ცოტა ადრე იყო და არ უნდოდა ვისმე შეჰხვედროდა, როდესაც სანატრელ მხაღოს დაინახავდა.

თუმცა ერთი რამ აშინებდა მათიას: და ეს იყო, რომ სანახავად დანიშნული დღე შაბათი იყო და ის კი მოსულიყო პარასკევს. რასაკვირველია,ეს შიში მიემატა იმის მოუთმენელს მოლოდინს და სატანჯველი ერთი-ორად გაუცხარდა.

რომ არ მოვიდეს, მთელი ღამე აქ უნდა გავშეშდე!- წამოიძახებდა თავისთვის და მერე ისევ დაუმატებდა:- ლომისა მოწყალეა,ის ჩააგონებს და გამოვა.

გაიარა საათმა, ორმა, მაგრამ თითქოს განგებ, არავინ სჩანდა.ყოველ წუთის გავლაზედ იმას მოთმინება ეკარგებოდა და მომეტებულად იჩენდა შეყვარებული კაცის ნიშნებს.

ბოლოს ეს იმედიც დაჰკარგა და გაემზადა პირდაპირ სვიმონის სახლში წასულიყო და მზაღო ენახა, თუმცა აშკარადა ხედავდა გარს შემორტყმულს დარაჯებს, რომელთაც ყოველ ღამე უყენებდნენ ნაჩალნიკს სადგურს.

ის იყო ფეხი გადადგა იქ მისასვლელად, როდესაც დაინახა იმისკენ მომავალი ორი ქალი, რომელთაც დააშლევინეს მოუფიქრებელის გარდაწყვეტილების აღსრულება.ის მოეფერა ხეს და ცოტახანს ძგერისაგან შეყენებულმა გულმა ხელახლად დაუწყო მოუთმენლად ძგერა და სულთქმა გაუხშირდა:კანკალმა აიტანა, როგორც ციებით ავადმყოფი, და მზად იყო გადაჭრილიყო, მოეხვია ძლიერი ხელები მზაღოსათვის და დაეკოცნა იმ გაშმაგებულის, თავდამავიწყებელის გრძნობით, რომლის გადმოცემაც სიტყვით არ შეიძლება.

ქალები, რომელშიაც მზაღოს და იმის მეგობარს ჯაჯალას იცნობდით, მივიდნენ ხესთან და ცოტა ხანს შესდგნენ.

-აი, ზედ ამ ალაგზედ, – დაიწყო მზაღომ,- ზედ ამ ალგზედ პირველად გაახარა ჩემი გული მათიას სიტყვებმა. პირველად გავიგე სამართლით ელგუჯას ამბავი.

ამ სიტყვებმა მათიას დანასავით გაუარეს და მწარედ დაუსერეს გული; მაგრამ ჩქარა დჰმორჩილდა ბადს.

-იქნება მათიაი გატყუებს, ცხვისგან მოგზავნილი კი არ იყოს!- გააფრთხილა ჯაჯალამ.

-მატყუებს?.. რაისთვის მომატყუებს!.. არა, ის ეგეთი კაცია, რომ ვინც ერთხელ ნახავს, მაშინათვე მიენდობა… არა, იმან და-ძმობა მითხრა და მე მრწამს იმისი სიტყვა.

-არ მოსტყუვდები, ლომისის მადლმა!-წამოიძახა მათიამ, რომელმაც სიამოვნებით გაიგონა საყვარელი ქალისაგან ეგეთი ნდობა.- შენ მე მენდობი და, სიცოცხლედ რიმ დამიჯდეს, ვერ მოგატყუებ, ვერ გიღალატებ.

ამ სიტყვების შემდეგ ის წყნარა, ჩუმად მივიდა ქალებთან და წყნარადვე უთხრა:

-საღამო მშვიდობისა!

ქალებს ისე შეეშინდათ, რომ გაქცევაც კი დააპირეს, მაგრამ რა მზაღომ თვალი შეჰკრა მათიას და იცნო, სიხარულით გაექანა.ჯაჯალა მოშორდა იმათ.

-მათიაუ, მათიაუ! გენაცვალოს ჩემი თავი.-უთხრა მზაღომ და მოავლო ხელი.

მათიაც კანკალებდა და მღელვარება ნებას არ აძლევდა ხმა ამოეღო.პირველსავე ხელის მოკიდებაზედ იმას ეგონა ცეცხლის მოხვედრა ხელში რომელიც განუწყვეტლად, რაღაცა ძალით, გადადიოდა მათიას ხელებში, უვლიდა გულში, თავში, მთელს სხეულში, თავბრუს ახვევდა და შეჰყვანდა ბურანში. გონება და აზროვნება ჰღალატობდა… ბოლოს მოჰხვია მკლავები, მიიკრა გულზედ და გაშმაგებულმა რამდენჯერმე აკოცა. შეშინებული მზაღო გამოუსხლტა მათიას ხელიდგან და იქვე გაჩერდა.

-რას სჩადი, არა გრცხვენიან?- ყვედრებით უთხრა იმან:- შენ და- ძმობა მითხარ, გენდე და…

-ჰო, ჰო, და-ძმობა გითხარ,- წარმოსთქვა მათიამ, რომელიც გონს მოვიდა,- და თუ გიღალატო, სადაც არ მოველოდე, ღმერთმა იქ მკითხოს.

ქალი დამშიდდა, დარწმუნდა, რომ ეს გატაცება ძმური გრძნობა იყო: კაცმა კი იფიქრა, რომ ამგვარი ბედნიერების ღირსი არ ყოფილა და ღმერთს მზაღო სხვის სასიხარულოდ გაუჩენია.

-დღეს არ მოგელოდი,- უთხრა მზაღომ.

-დღეს მოვიდა კაცი, ელგუჯას ამბავი მომიტანა, მეც ვეღარ მოვითმინე და დღესვე წამოველ.

-მერე რაი ამბავი მოგივიდა?

-ელგუჯა კარგადაა. მოკითხვა შემოუთვლია. რაი უჭირს ბედნიერსა?..სამარის პირს რომ ყოფილიყო და შენი სახელი გაეგონა, გაცოცხლდებოდა, გა… ღვთის მადლსა.

-დამირჩა შენი თავი, მათიაუ, რომ შემატყობინე იმის ამბავი… ჩქარა ადგებაო?

-ჩქარა.

-მაშ სულ კარგად იქმნება?

-ადგება, ადგება, მაგის ფიქრი ნუ გაქვს!

-მოუკვდა ჩემი თავი! იქნება მომვლელიც არავინა ჰყავს!

-რისთვის არ ეყოლების, დობილებს გაიჩენდა.

-დობილებს?- ჰკითხა მზაღომ და ეჭვმა გაურბინა გულში.

-რაი გაგიკვირდა?- ჰკითხა მათიამ და ჭმუნვით დაუწყო ყურება.

-არა, არ გამკვირვებია…- შერცხვა მზაღოს,- მაგრამ რა ვიცი, რიგზედ მოუვლის ვინმე?

-მაშ მე რომ დაჭრილი ვიყო, შენ არ მომივლიდი?- ჰკითხა მათიამ და დაღონებულმა დაუწყო ყურება.

-არ მოგივლიდი? მე დღესვე მზად ვიყავ თავი გადამედო შენთვის, თუ შენ გაჭირვებიდან დაგისხნიდი, ერთს წანმს არ დავფიქრდებოდი, სიცოცხლეს შეგწირავდი.

-ვიცი… მართალს ამბობ.

-მართალს, ეგრემც შემეწევა ღმერთი!

-შენ კეთილი გულისა ხარ, ყველამ გაჭირვებულს აგრე მოექცეოდი!-წარმოსთქვა ოხვრით მათიამ, რომელსაც უნდოდა, რომ მზაღოს იმისადმი სხვა გრძნობაცა ჰქონდა და არა მარტო უბრალო კაცთმოყვარეობა.

ამ სიტყვების შემდეგ რამოდენიმე ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც დაარღვია ჯაჯალას მოსვლამ.

-წავიდეთ ჩქარა, შინა გვკითხულობენ,- უთხრა მზაღოს.

-აი, ეს მათიაი ჩემი ძმადნაფიცი.

ჯაჯალამ თავი დაუკრა და ხელი ჩამოართვა.

-ღვთის მადლმა, ეგრე მიამა შენი ნახვა, როგორც მზის ამოსვლა,- წყნარის თავის დაკვრით უთხრა ჯაჯალამ.

-შენი ნახვა მეც გამიხარდა, ლომისის მადლმა,- იყო პასუხი.

-ჩემი დობილის ძმობილი ჩემიც ძმობილია! ცხო, რასა იქ თავათ, ჯალაბობით, საქონლით?..

-დამირჩა შენი თავი.

-რაი ამბავი მოგვიტანე ელგუჯაისი?

-მშვიდობა, მშვიდობა.

-ხვალ კიდევ მოხვალ?- ჰკითხა მზაღომ.

-თუნდა, სულ აღარ წავალ ამ ტყიდგა, არა, ლომისის მადლმა!

-მაი, მათიაისი! ხვალ ამ დროს გამოდი აქა, ჩოხას მოგცემთ და კვირას წადი ელგუჯასთან, ჩოხაც წაუღე და შენ თავადაც ნახე.

-აგრე.
-შენ უფრო დაწვრილებულს ამბავს შეგვატყობინებ.თავადაც ხომ გინდა ელგუჯას ნახვა?

-ჰაი, ჰაი, რომ მინდა!

-წავიდეთ, წავიდეთ,-ისევ გააწყვეტინა ჯაჯალამ,-თორემ თქვენ ელგუჯაზედ ლაპარაკს ხვალამდინაც ვერ გაათავებთ და შინ კი გვეძახიან.ამ სიტყვების შემდეგ ისინი გამოესალმნენ ერთმანეთს და დასდვეს პირობა მეორე დღეს ისევ იმ ალაგას შეყრილყვნენ.

XIV

გაიარა კარგმა ხანმა იმათი გაყრის შემდეგ, მაგრამ მათია ისევ ისე იდგა და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.

ბოლოს მოიაზრა, რომ ღამეს იქვე ტყეში გაატარებდა, მეორე დღეს მიზეზს რასმე მოიგონებდა, გავიდოდა დუქნებში და ამაობაში საღამოც მოაღწევდა.

-წავალ, ადგილს ამოვირჩევ და მივწვები! -ოხვრით წარმოსთქვა მათიამ და შევიდა ტყეში.

ღამე გარედ გატარებას დაჩვეული მიწვა ერთს მინდორზედ და დახუჭა თვალები. დაძინებას აპირებდა, მაგრამ ძილი დაჰკარგოდა და ყურებში თითქოს ვიღაცა ჩასჩიჩინებდა: ,,შენ გინდა დაიძონო, მაგრამ მე არ დაგაძინებ; შენ გინდა ის ქალი გადაივიწყო, მაგრამ მე არ გადაგავიწყებ!”

მათიამ ამოიოხრა და მეორე გვერდზედ გადაბრუნდა.

მთვარე, რომელიც იმ ღამეს თითქოს განგებ ისე გაკაშკაშებულიყო, დედამიწას ნაზ სხივებს ჰფენდა და კაცის გულს მღელვარებას, მწუხარებას უღვიძებდა. მათიას გადაბრუნებაზედ მთვარის შუქი პირდაპირ პირისახეზედ მიადგა და ძალათი თვალები გაახელინა. მთიული ამობრუნდა გულაღმა და მთვარეს გატაცებით ყურება დაუწყო. შუქი თანაგრძნობით უალერსებდა იმის გახურებულს გრძნობას და ეუბნებოდა: ,,შენ უბედური ხარ და მე, მარტო მე თანაგიგრძნობ. მე მომენდე, მე არასოდეს არ გაგცემ. მარტო მე შემიძლიან შენი საიდუმლოს შენახვა”…

ასეთი მოქმედება ჰქონდა მთვარეს მათიაზედ, და იმანაც გაშალა თავისი გული, თავისი გრძნობა და ყველა, ყველაფერი მიანდო შეყვარებულთ საერთო მოწამეს.

მაშ ვისთან უნდა გამოტეხილიყო, ვისთვის უნდა ეთქვა, რომ თავისი ძმადნაფიცის მიჯნური, რომლისთვისაც და-ძმობა უთქვამს, შეყვარებია იქამდის, რომ გონებიდგან შლის, სულს უხუთავს და მოსვენებას არ აძლევს? ამ წვალებით გაატარა მთელი ღამე, მაგრამ მათიას თვალს ძილი არ მიჰკარებია. ღამემ დღისაგან გაყრა დაიწყო და მათია ფეხზე წამოდგა; მივიდა იქვე ახლოს წყაროსთან და რამდენიმე მუჭა წყლით გაიგრილა გახურებული შუბლი და თვალები, ახსენა ღმერთი და გასინჯა თოფი, რომელსაც ფალია დანოტიებოდა, და გამოუცვალა. ერთბაშად ტყიდგან მოესმა რაღაცა ფაჩიფუჩი, თითქოს ხმელ წიწკებს ვიღაცა ამტვრევდა. ცოტა ხანმა გაიარა და რამდენიმე ნაბიჯზედ დათვის ღრიალი შემოესმა და ამ ღრიალთან გამოჩნდა უზარმაზარი მხეცი, ორი პატარა ბელით.

ძნელად იქმნება ისეთი საშიში მხეცი, როგორათაც დათვი, როდესაც თავის შვილებით არის და იმათ რომელსამე განსაცდელში ჰხედავს. საზოგადოდ მშიშარა, რომელიც კაცის დანახვაზედ უკუმოუხედავად გამქცევი, თუ დაჭრილი არ არის, -შვილებთან ის მძვინვარე, შეუპოვარი ჰხდება და თავგანწირვით იბრძვის.

აქედგან შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა განსაცდელშიაც უნდა ყოფილიყო მათია.

მათიას არამც თუ შეეშინდა ამ მოულოდნელის სტუმრისა, კიდევაც გაუხარდა. დათვს შეეძლო იმის სიკვდილი, მაგრამ ამჟამად ეს სასიხარულოც კი იყო მათიასათვის.

დათვი გამოვიდა თუ არა, შესდგა და ბღუილით დაღუნა თავი, მიწას დაჰსუნა და ძლიერის ტოტებით თხრა დაუწყო, თითქოს სამარეს უმზადებდა ვისმე.

მათიამ რამდენიმე ნაბიჯი უკან წასდგა, მოეფარა მოჭრილს ხეს, მოამზადა თოფი და ხანჯალი ნახევრამდინ ამოსწია. მათია ისე დაწყნარებით ემზადებოდა, თითქოს იქ არაფერი ამბავი იყო და ამ შემთხვევას კიდეც მოელოდა.

-გინდა შენი ძალა გამოსცადო… მობრძანდი, ვნახოთ… -ამ სიტყვებთან ერთად მათიამ ჩახმახი წამოაყენა. დათვმაც თითქოს იგრძნო ბრძოლის მოახლოება და შესდგა უკანა ტოტებზედ. რამდენიომე წუთს ისინი თვალითა ზომავდნენ ერთმანეთს და განრისხებულნი ცეცხლებსა ჰყრიდნენ თვალებითგან: კაცი და მძვინვარე მხეცი აპირებდნენ შებმას!

რამდენიმე წუთიც და დათვი საზარელის ღრიალით გადმოხტა. იმის გადმოხტომასთან ერთად გავარდა თოფი და დათი ყირამალა გადატრიალდა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და ეძგერა მათიას. მათიამ თვალის დახამხამების უმალ თოფი გადააგდო იქით, გაიკრა ხანჯალს ხელი და წინ მიაგება. მხეცი და კაცი ორნივ გაგორდნენ დედამიწაზედ, რომელზედაც რამდენიმე ხანი იბრძოდნენ და ფართხალობდნენ, მერე ორნივ გაჩუმდნენ და რაოდენსამე ხანს ისე გაუნძრევლად დარჩნენ. ბოლოს კაცი წამოდგა გამარჯვებული, თუმცა არც ის დარჩენილიყო უნიშნოდ და მხარში ეგრძნო დათვის კბილების ძალა. სწორედ იმ დროს, როდესაც მხეცს კბილები მოევლო მათიასთვის, ამის ხანჯალსაც შიგ გულში გაევლო მხეცისთვის და მისი ძალა დროზე დაედუნებინა.

მათია წამოდგა, გაწმინდა ხანჯალი, ჩააგდო ქარქაშში და შემდეგ მოიბანა და შეიხვია მსუბუქი ჭრილობა. მოვიდა, გასინჯა დათვი, რომელსაც მკერდში მოხვედროდა ტყვია, მაგრამ შიგნით კი ვეღარ შეეტანა და ვერ დაემორჩილებინა.


პასუხები

  1. magaria:D:D

  2. yazbegi magari iyo dzan

  3. ES SRULI VERSIAA??

  4. ესს სრულადაა..ძაანნ მაინტერესებსს..მაგარიი იყოო ძაანნ..


დატოვე კომენტარი

კატეგორიები