Posted by: burusi | 29/03/2010

აკაკი ბაქრაძე – ხსოვნა

მიხეილ თამარაშვილი - Mikheil Tamarashvili

აკაკი ბაქრაძე – Akaki Bakradze (1928 – 1999)
მიხეილ თამარაშვილი – Mikheil Tamarashvili (1858-1911)

აკაკი ბაქრაძე – ხსოვნა

მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ქართველს, თუ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის, ქართველად არ მიაჩნია. კათოლიკე ქართველს ფრანგს ეძახის, გრიგორიანელ ქართველს _ სომეხს, მუსლიმ ქართველს _ თათარს. ამას სჩადის არა მარტო წერა-კითხვის უცოდინარი ქართველი, არამედ, ხშირად, ნაირნაირი სამეცნიერო ჩინ-მედლით აღჭულვილიც. ამ კარგა ხნის წინათ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მეთაურმა გულწრფელად თქვა _ «ქართველობა და მართლმადიდებლობა ჩვენთვის იდენტური ცნებაა» («ივერია-ექსპრესი», 1992 წ., 23 ოქტომბერი).
ერთი კონკრეტული შემთხვევა მახსენდება: 1975 წლის ივნისში რუსთაველის თეატრი საგასტროლოდ იყო ახალციხეში. მაშინ თეატრში ვმუშაობდი. ერთ საღამოს ახალციხისთვის უჩვეულო ამბავი მოხდა. რესტრანში უცნობმა პირებმა რუსი ოფიცერი გალახეს. ამან ქალაქი ძალიან შეაწუხა. მაშინვე დაიწყეს ხულიგნების ძებნა. მეორე დღეს, თეატრის გვერდით, სკვერში ახალციხის რაიკომის ორ ახალგაზრდა თანამშრომელს შევეჩეხე. ერთი ქართველი იყო ეროვნუბით, მეორე _ სომეხი. ორივეს კარგად ვიცნობდი. გასტროლების ჩატარებაში გვეხმარებოდნენ. იმათ შევეკითხე _ წუხანდელი ჩხუბისთავები თუ იპოვეთ-მეთქი. სომეხმა უცბათ მიპასუხა: როგორ არა, მაშინვე მივხვდი ახალქალაქელი სომხები რომ იქნებოდნენ (და აქ საერთოდ სომხები მეტად აუგად მოიხსენია). ექვსივე დავიჭირეთ და ახლა აქ ყრიანო მილიციაში. სომეხი რომ წავიდა, ქართველს ვკითხე _ შენ რომ გეხსენებია სომეხი ავად, კიდევ გასაგები იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ თავად სომეხმა რატომ ლანძღა ისინი? ქართველი გაოცებული შემომაჩერდა და ცხარედ მიპასუხა _ როგორ გეკადრდებათ!.. არც ის არის სომეხი და არც მე _ ქართველი. ჩვენ ორივე ფრანგი ვართო.
ამგვარმა შეგნებამ ჩვენი ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლა გამოიწვია. ხოლო ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლა რა დიდი უბედურების მომტანია, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ისედაც ნათელია ყოველი ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის.
იმათ შორის, ვინც ქართული ეროვნული ცნობიერების გამთლიანებისათვის იბრძოდა, ერთი მეტად საპატიო ადგილი მიქელ თამარაშვილსაც უჭირავს (თამარაშვილს სახელი მიქელ-ის ფორმით ერქვა და არა მიხეილ-ის).
მიქელ თამარაშვილი საყურადღებო პიროვნებაა არა მარტო მეცნიერული შემოქმედებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. 1858 წლის სექტემბერში (მისი დაბადების დღე უცნობია. ვერცერთი მკვლევარი ამ თარიღს ვერ უთითებს), ახალციხეში. რა თვეშიც დაიბადა, იმავე თვის თხუთმეტში (ახალი სტილით) დაიხრჩო ტირენიის ზღვაში, სოფელ სანტა-მარინელასთან. ეს 1911 წელს მოხდა რომის ახლოს. სხვის გადასარჩენად გადაეშვა აბობოქრებულ ზღვაში. ის უცნობი კი გადაარჩინეს, მაგრამ თვითონ დაიღუპა.
მიქელ თამარაშვილი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, მამით ობოლი. მხოლოდ ოცი წლისამ მოახერხა სწავლას საფუძვლიანად შედგომოდა. კონსტანტინეპოლში, პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ კათოლიკურ სასულიერო სასწავლებელში რომ მიდიოდა, ძმა მისტიროდა – ნუ წახვალ, უშენოდ შიმშილით დავიხოცებითო.
არც მერე შეუწყვეტიათ ჩივილი და წუწუნი ნათესავ-ახლობლებს.
დედა ევედრებოდა _ შვილო, ერთი კაბაც არ მაცვია, იქნებ დამეხმაროო.
და შესჩიოდა _ თუ ძმობა გწამს, როგორმე ეს ორი ქალი გამიზარდე… ისე ხელმოკლედ ვარ, მოჯამაგირეობით ვირჩენო თავს…
მეზობლები ატყობინებდნენ _ შენი ძმა გრიგოლი ლოგინად ჩავარდა. საწყალს წამლის ფულიც არა აქვსო.
სიძე, დის ქმარი, შეიშალა. ოჯახი მიატოვა და სადღაც გადაიხვეწა.
რა ექნათ, უჭირდათ და მზრუნველს ეძებდნენ. რაკი მიქელი საზღვარგარეთ იყო, ეგონათ, მასზე მეტად ვინ დაგვეხმარებაო, და შველას ემუდარებოდნენ. ისიც, რითაც შეეძლო და როგორც შეეძლო ხელს უმართავდა.
სიდუხჭირე და სიღატაკე სიკვდილამდე არ მოსცილებია. და მაინც სამეცნიერო საქმიანობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია. იტალიის წიგნთსაცავებსა და არქივებში ეძებდა საბუთებს, მასალას ქართული კათოლიკობის ისტორიისათვის.
მე-19 საუკუნეში (ცხადია, დღესაც) ამ დოკუმენტების შეგროვებას, მით უმეტეს, მის ახსნა-განმარტებას, კომენტირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ ქართულ კათოლიკობას ორი მხრიდან უტევდნენ. ერთი მხრივ რუსული მართლმადიდებლობა, რომელსაც საერთოდ კათოლიციზმი თავის დაუძინებელ მტრად მიაჩნდა, ცდილობდა ქართული კათოლიკობის მოსპობას, ხოლო მეორე მხრით, სომხური კათოლიკობა, გულმოდგინედ იბრძოდა იმისათვის, რომ ქართველი კათოლიკეები სომხური კათოლიკური ეკლესიის წიაღში შეეყვანა და სომხებად გამოეცხადებინა. გაუქმებული ქართული ეკლესია ამ ბრძოლაში მეტად უღონოდ და უსუსურად გამოიყურებოდა. ყველაფერი დამოკიდებული იყო ცალკეული ქართველი მოღვაწის თავდადებულობასა, ენერგიასა და გონიერებაზე.
ასეთ ვითარებაში მიქელ თამარაშვილის წიგნის გამოქვეყნებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. «ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის» თავდაცვისა და შეტევის მახვილი იყო არა მარტო ქართველი კათოლიკეების ხელში, არამედ მთელი ქართველი ხალხის ხელში.
ამ წიგნით საფუძველი ეყრებოდა საქართველოს ისტორიის შესწავლას ახალი კუთხით, კათოლიკური ეკლესიის კუთხით. ამ მიმართულებით კვლევა-ძიება დღესაც გრძელდება და ძველს ახალ-ახალი დოკუმენტები ემატება.
ამ წიგნით შევიტყვეთ უთუოდ და უთუმცაოდ, რა საქმიანობას ეწეოდა ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და სომხეთში, მსოფლიო კათოლიკური ეკლესია. ქართული კათოლიციზმი და სომხური კათოლიციზმი სხვადასხვა მოვლენებია. მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ვინც ამას აკეთებს, იგი შეგნებულად ეწევა ისტორიის ფალსიფიკაციას.
ამ წიგნმა დაგვანახა, რომ პოლიტიკაში ქართული სამეფო კარის დასავლურ ორიენტაციას დიდი ხნის ისტორია აქვს. თუ უფრო ადრე არა, ლაშა-გიორგის დროიდან მაინც იწყება იგი. ეს კი იმას მოწმობს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ნათლად ხედავენ ისტორიულ პროცესს _ როგორ იკვრება თანდათან საქართველოს გარშემო ისლამური ჯაჭვი. ეძებენ ამ ჩიხიდან გასასვლელს.
ამ წიგნმა გვაჩვენა ისიც, რომ რომი, ანუ მსოფლიო კათოლიციზმის ცენტრი დაინტერესებულია ამიერკავკასიით, კერძოდ საქართველოთი, და ცდილობს მტკიცედ მოიკიდოს ფეხი აქ. თუ ქართველი პოლიტიკოსები გონივრულად გამოიყენებენ ამ ინტერესს, შესაძლებელია საქართველომ თავი დააღწიოს ბევრ მოსალოდნელ უბედურებას.
ამ წიგნის საშუალებით საქართველოს ისტორიის ბევრი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა. ბევრი ქართული პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწის საქმიანობას მოეფინა ნათელი.
ამ წიგნით… თუმცა აღარ გავაგრძელებ, რადგან ქართველთა ცხოვრებით დაინტერესებულმა ყოველმა მოქალაქემ თავად უნდა წაიკითხოს იგი, გულმოდგინედ და გულისყურით. დღევანდელი ვითარებისათვისაც იპოვნის პასუხს, რადგან ძველთა ძველი პრობლემა, ძველთა ძველი თავსატეხი კითხვა _ ევროპა თუ რუსეთი _ ისევ დგას ცოცხლად ქართული სახელმწიფო პოლიტიკის წინ. დარწმუნებული ვარ, ვინც იცნობს კარგად მიქელ თამარაშვილის სამეცნიერო შემოქმედებას, მისთვის კითხვის პასუხი ნათელია. საქართველომ ევროპული გზით უნდა იაროს, თუ სურს თავი დააღწიოს მარადიულ ჩამორჩენილობას, გახდეს თანამედროვე განვითარებული კაცობრიობის სრულუფლებიანი წევრი. თუ უნდა იყოს კულტურული, განათლებული და კეთილმოწყობილ, ზნეობრივად ამაღლებული და ნივთიერად მდიდარი. სხვა გზა არ არის. სხვა გზა ჩვენ ისევ ჩიხში შეგვიყვანს. თუ ამას დღეს მაინც მივხვდებით, დიდად გასახარელი იქნება.
მიქელ თამარაშვილი არ ყოფილა მხოლოდ აკადემიური მოძღვარი. იგი გულმხურვალე პუბლიცისტიც იყო. საბუთად ერთ ნარკვევს გავიხსენებ, რომელსაც სახელად ეწოდება _ «პასუხი სომხის მწერლებს». იგი 1904 წელს გამოიცა სტეფანე ზუბალაშვილის ხარჯით და პეტრე მირიანაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის ხელშეწყობით. «პასუხი სომხის მწერლებს» ისეთივე მნიშვნელობისა და ძალის პუბლიცისტიკაა, როგორიც გახლავთ ილიას «ქვათა ღაღადი».
ამ ნარკვევში, ჯერ ერთი, მიქელ თამარაშვილმა მკვეთრად განსაზღვრა _ რა არის ეროვნება და რა არის სარწმუნოება და მერე დაუნდობლად ამხილა ის სიყალბე და ტყუილი, რასაც ზოგიერთი სომეხი კათოლიკე სასულიერო პირი ქადაგებდა. ისინი კარგად ხედავდნენ ქართველი საზოგადოების უმეცრებას კათოლიკობის საკითხში და ცდილობდნენ მიამიტი ადამიანები, როგორც საქართველოში, ისე სომხეთში და, თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთშიც კი, დაერწმუნებინათ: ქართველი კათოლიკე არ არსებობს. რაც ამიერკავკასიაში კათოლიკეა, ყველა სომეხიაო. მიქელ თამარაშვილმა ფარდა ახადა თაღლითების საქმიანობას და სამზეოზე გამოიყვანა ისინი.
თუ ჩვენ ასე თუ ისე ვიცნობთ მიქელ თამრაშვილის ქართულად დაწერილ შრომებს, სამაგიეროდ, სპეციალისტების გარდა, ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს მის წიგნზე _ «ქართული ეკლესიის ისტორია», რომელიც ფრანგულად არის დაწერილი. კიდევ კარგი, რომ ეს წიგნი ფართოდ მიმოიხილა შოთა ლომსაძემ მონოგრაფიაში «მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი».
როცა დრო-ჟამი დაწყნარდება, ქვეყანა კალაპოტში ჩადგება, მიქელ თამარაშვილის სრული კრებული უნდა დაისტამბოს. ეს თანამედროვეობას ისევე სჭირდება, როგორც სჭირდებოდა იმ ეპოქას, როცა იგი მოღვაწეობდა. ოცდამეერთე საუკუნეში მაინც უნდა დადგეს დრო, რომელიც ადამიანის თავისვუფალ გონებას რელიგიური რწმენის თავისუფალი არჩევანის უფლებას მისცემს. ერთხელ და სამუდამოდ დანერგავს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთგაგების, ურთიერთშემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის იდეას.
როცა 53 წლის მიქელ თამარაშვილი ადამიანის გადასარჩენად აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა, მას არ უფიქრია, იგი, ვინც იხრჩობოდა, რა რწმენის კაცი იყო _ კათოლიკე ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბუდისტი თუ მუსლიმი. მას ადამიანის შველა უნდოდა. მიქელ თამარაშვილი ღირსეულად ატარებდა კათოლიკე ქრისტიანის სახელს სწორედ იმიტომ, რომ არასოდეს შეუხედავს ათვალწუნებით სხვა რწმენის ადამიანისათვის. მის მეცნიერულ ღვაწლს ეს ზნეობრივი გაკვეთილიც ამშვენებს.

1994. 5. IX.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები