Posted by: burusi | 29/03/2010

ნინო კუკულაძე – “არსთა გამრიგის მადლობელი ვარ, რომ გენიოსს შემახვედრა”

აკაკი ბაქრაძე ოჯახთან ერთად

აკაკი ბაქრაძე – Akaki Bakradze (1928 – 1999)

ნინო კუკულაძე – “არსთა გამრიგის მადლობელი ვარ, რომ გენიოსს შემახვედრა”

(ერთი შეკითხვა აკაკი ბაქრაძის უფროს მეგობარს, მარგალიტა კუნჭულიას)

– ქალბატონო მარგალიტა, თქვენ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით ოზურგეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, მაგრამ უშუალოდ აკაკი ბაქრაძის მასწავლებელი არ ყოფილხართ. თუმცა ყველა ოზურგეთელმა იცის, რომ თქვენ დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ მასთან. რას გაიხსენებდით?

– აკაკი ბაქრაძე გავიცანი ჩემი მეგობრის დუდანა ცხომელიძის ოჯახში. ამ ოჯახიშვილი ოსიკო ცხომელიძე, დუდანას ძმა, აკაკის თანაკლასელი იყო. აქ თავს იყრიდნენ ოსიკოსა და აკაკის თანაკლასელები. ამ სახლს “მოსწავლე ვაჟთა სალონს” ვეძახდით ხოლმე. ამათ თავიანთ ასაკთან შედარებით განსაცვიფრებელი ცოდნა ჰქონდათ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. აქ იყო მსჯელობა მეცნიერების სხვადასხვა საკითხზე, კოსმოსური სამყაროს საოცრებაზე. საიდუმლოებათა ამოცნობას ლამობდნენ ახალგაზრდები.

მეც მიზიდავდა “ვაჟთა სალონი”. საზოგადოებრივი ატმოსფერო მაშინ დაძაბული იყო. ქვეყანა ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. თეატრალური ცხოვრება მიძინებული გახლდათ. ჟურნალ-გაზეთები ჩვენამდე ძნელად აღწევდა და წარმოიდგინე, ნინო, ამ დროს იყო ნათელი წერტილი, სადაც ცოცხლობდა საღი აზრი, რწმენა და იმედი. აქ ჩაისახა ახალგაზრდა მასწავლებლისა და მოსწავლის ჭეშმარიტი მეგობრობა.

აკაკი მოდიოდა ჩემთან ოჯახში, მიჰქონდა წიგნები და უკანვე აბრუნებდა. ერთხელ აკაკიმ შანიძის “მორფოლოგია” მთხოვა. ვუთხარი: რამდენ ხანსაც გინდა, იხმარე-მეთქი. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა ერთი კვირის თავზე უკან დამიბრუნა: “დავამუშავეო”.

დამამთავრებელ კლასში აკაკიმ დაწერა თემა “ქართლის ჭირი” (გურამიშვილის “ქართლის ჭირის” მიხედვით). თემამ მაღალი შეფასება მიიღო. სტილი ჰქონდა ფრიად ორიგინალური. ნაწერიდან მომავალი დიდი მწერალი გვიმზერდა.

როგორც იქნა ნაწერი ხელში ჩავიგდე, შევინახე და 30 წლის შემდეგ მივუტანე (მაშინ აკაკი ნუცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობდა). გაუკვირდა, ძალიან ესიამოვნა, თქვენ ახლა სკოლის მერხთან დამაბრუნეთო. არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ თემას.

აკაკი ბუნებაში გრძნობდა სულის ნეტარებას. აი, რა მიამბო თენგიზ კუნჭულიამ:

…ზაფხული იყო. აკაკი ბჟუჟჰესზე წავიყვანეთ. აქ იყვნენ მისი სკოლის მეგობრები: რენო ურუშაძე, თეიმურაზ ქილიფთარი, მიშა ანთაძე, ომარ ზაქარიაძე, ანდრო ერქომაიშვილი, ილო ბილიხოძე. მოვნახეთ მყუდრო ადგილი კაშხლის თავზე. ვიქეიფეთ. აკაკი მოიხიბლა ბუნების სიმშვენიერით. აკაკის ჰქონდა წინასწარხედვის ნიჭი. გვითხრა: მოსკოვში მალე საშინელი ამბები დატრიალდებაო. მართლაც, გავიდა რამდენიმე დღე და მოსკოვში “პუტჩი” მოხდა.

ჩემი დედმამისეული ოჯახი ქალაქის ყველაზე ამაღლებულ ადგილას, მოიდანახის უბანშია. აქ შესანიშნავი პანორამაა: თვალსა და გულს ახარებს მწვანეში ჩაფლული გურიის გული. ზემოდან ბახმაროს მთა აგზავნის გულის გამაგრილებელ ნიავს. ეზოში დიდი მანდარინის ბაღი გვქონდა. აკაკი შემოდგომით ადიოდა მანდარინის ხეზე, კრეფდა ნაყოფს, თან ბუნების საოცრებით ტკბებოდა. უნდა გენახათ, მანდარინით სავსე კალათით ხელში, გაღიმებული სახით იდგა, შინ წასვლა აღარ უნდოდა, არადა უნდა წასულიყო, მომხიბლავ ბუნებას შთანქთმას უპირებდა.

აკაკის ძალიან უყვარდა თეატრი, არცერთ სპექტაკლს არ გამოტოვებდა. განსაკუთრებით მოსწონდა “ნაცარქექია”, რომელშიც მთავარ როლს ბრწყინვალედ ასრულებდა ლადიკო ბაჯელიძე, აკაკის უსაყვარლესი მსახიობი. მაშინ ჩვენს თეატრს პრიმიტიული შენობა ჰქონდა. მისი სტუდენტობის პერიოდში კარგად შეაკეთეს. გაკეთდა იარუსი, მოიხატა ჭერი, კედლები. მივწერე ამის შესახებ. როცა ჩამოვიდა და ნახა, ძალიან მოეწონა და გაიხარა.

აკაკის თბილისში გადასვლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. იგი გადაიზარდა მისი დის, ნათელას, ურთიერთობაში.

ნათელას საშუალებით აკაკი მიგზავნიდა თავის წიგნებს 4-5 ცალს. მეც ვურიგებდი ჩემს მოსწავლეებს, ვკითხულობდით, ვმსჯელობდით, გონებას ვიმდიდრებდით. ერთ წიგნზე ასეთი რამ წამიწერა: “უარესის გაძლებით, უკეთესის მოლოდინით”.

აკაკის შემოქმედება ძალიან მეხმარება ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის, მიხ. ჯავახიშვილის და გურამიშვილის შემოქმედებათა სწავლებისას.

როგორც აკაკისთან, ისე ნათელასთანაც მქონდა შემოქმედებითი შეხვედრები. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ ჩემი ხელმძღვანელობით დაწერა თემა: “ეგ. ნინოშვილი ოზურგეთში”. ლანჩხუთის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ნათელას ეს ნაშრომი დაიტოვა, როგორც საინტერესო ფურცელი ეგ. ნინოშვილის ბიოგრაფიიდან.

ნათელამ დაწერა წიგნი “ჩემი დედა – მარიამ ბაქრაძე”. მას ჩემი დიდი ნდობა ჰქონდა – და დამავალა მისი წაკითხვა და აზრის გამოთქმა. მე, რა თქმა უნდა, გულდასმით წავიკითხე, მოვუწონე და ჩემი რეკომენდაციით დააბეჭდვინა. წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მალე გაქრა წიგნის მაღაზიის თაროებიდან.

როცა აკაკის ვიგონებ, არ შემიძლია არ აღვნიშნო და-ძმის განსაკუთრებული სიყვარული, თბილი დამოკიდებულება (თუმცა ეს ცალკე თემაა). ჩემთან ურთიერთობაში დავრწმუნდი ნათელას დიდ ადამიანობაში. ჩემი ცხოვრების მძიმე მომენტებში ის ყოველმხრივ მეხმარებოდა, მამხნევებდა და ახლაც არ მტოვებს.

აკაკისა და ჩემი შემოქმედებითი ურთიერთობიდან მახსენდება ერთი შემთხვევა: ზაფხული იყო. ჩვენს ქალაქს ესტუმრნენ მწერლები ირაკლი აბაშიძე და იაკინთე ლისაშვილი. გამომიძახეს რაიკომში და დამავალეს: ხვალ დილით მიმეტანა ამ მწერალთა შემოქმედება დაწერილი. ვუხმე აკაკის, თავი მოვუყარეთ მასალებს და დავიწყეთ მუშაობა. თავზე დაგვათენდა, ალიონზე თავს დაგვადგა აკაკის დედ-მამა, შეშინებული.

ყველაფერი კარგად ჩატარდა.

გარდაცვალებამდე აკაკი მესტუმრა დებთან ერთად. ერთი საათი დარჩა. მისი შემოქმედებითი გეგმები გამანდო. ოცნებობდა გამოუქვეყნებელი წიგნების გამოცემაზე.

კაკი არ მომკვდარა. სხეული მიწაზე დატოვა და სული ღვთის საუფლოში დაავანა.

საოხად ისღა დამრჩენია, რომ მაქვს “აკაკის თხზულებათა მიკროგამოფენა”, სადაც ჩემთან მომსვლელთ ვუზიარებ მის შემოქმედებას.

აკაკი ჩემთვის საოცრება იყო და საოცრებადვე დარჩა. არსთა გამრიგის მადლობელი ვარ, რომ გენიოსს შემახვედრა.

წყარო:  “საქართველო “, # 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები