Posted by: burusi | 25/08/2009

თენგიზ ვერულავა – პიკასო

1902-03

პაბლო პიკასო, 1902

სერობა

სამეფოს ქვეშევრდომნი მოგროვილიყვნენ წარმართთა სალოცავში. სერობა მოეწვია პატრონს.

პირქუში ჩანდა დარბაზი, უცნაური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. ოქროცურვილ საკარცხულზე იჯდა მბრძანებელი და მდუმარედ გადმოჰყურებდა მოლოდინით შეპყრობილ ხელქვეითთ.

წუხილი იყო უხუცესის სიბერის გამო: გაცვდა დროის ბორბალი. არაფერი შველოდა ჟამთა შეუჩერებელ ქცევას.

ვეღარ გაუძლო სამწყსოს გაჯიქებულ მზერას საჭეთმპყრობელმა. ცუდად ენიშნა გაწელილი სიჩუმე.

მეფის უმრწემესი ვაჟი გამოეყო დარბაზისერთ. მუხლი მოიყარა ტახტის წინაშე, თაყვანი სცა მეფეს.

წამოდგა მეფე საკარცხულიდან. გვირგვინი მოიხსნა და თავზე დაადგა ყრმა უფლისწულს.

– დიდება უფლისწულს! – იგრიალა სამწყსომ.

,,უკვე დროა”, – გაიფიქრა მეფე-ყოფილმა, უკანასკნელად გადმოხედა მუნ მყოფთ. ამოიღო წინაპართა ძველთძუველესი სატევარი, შუათითი გაუსვა ალესილ პირს. დაბერილი ძარღვი აცახცახებული ხელით მოინიშნა კისერზე. სატევარით გადაიჭრა სისხლძარღვი.

შეჩერდა მოქანცული სისხლის მდორე დინება. მილეული თვალები შემოაშტერა გარინდებულ ხელქვეითთ და მინებდა სიკვდილს.

თავში ხელის ცემით მიეახლნენ სულთმობრძავს. ზარითა და ტირილით შემოეხვივნენ გარს და იწყეს გლოვა.

მხოლოდ იღბლიანთ თუ შეხვდებოდათ მეუფის წილი. სულსწრაფვით ეძგერნენ პატრონის ჯერ კიდევ თბილ სხეულს. წმიდა სისხლს დაეწაფნენ გაშმაგებით. მისხალ-მისხალ აკუწეს პატიოსანი გვამი. კანი ააცილეს, სისხლძარღვები გააშიშვლეს და ხარბად მიეძალნენ სანუკველ სითხეს.

ბოლო არ უჩანდა ღრეობას. აღარ იყო შიში და დაირღვა აკრძალვათა ჩვეული წესი. საკრალურ ტახტზე ადი-ჩამოდიოდნენ მდაბიონი. ერთმანეთს სტაცებდნენ თვალმარგალიტით მოოჭვილ გვირგვინს. ქურუმის მადლმოსილი სამოსი დაფხრიწეს ნაჭრებად და დაიტაცეს.

ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეგდო ტალანის ქვაფენილზე სხეულის აკუწული ნაწილები. თავი უთვალო ეკიდა სვეტზე.

უკან სავალი გზები დაკეტილია

გაწყდა საშოს თბილი გარსი და ახალშობილმა თავგამეტებით გამოარღვია სველი წიაღი. არ თმობდა დედა, შეუვალ კედლად გადაეღობა წინ, არაფრით ემეტებოდა მუცლადმყოფთან განშორება.

იგი კი გაფოთებით განელტვოდა ბნელსა და ვიწრო ღრუს, მოისწრაფვოდა, გარეთ.

ჯერ თავი გამოიტანა სამშვიდობოს, შემდეგ მკლავებით გაიბრძოლა, სხეული გამოატარა უწვრილეს სავალ გზებზე.

ამოდიოდა დედის ჯიუტი სტიქიონიდან ჯერაც სველი, სათუთი სიცოცხლე.

მოსცილდა თუ არა, თვალისმომჭრელი სინათლე ეკვეთა. თითქოს არ მოელოდა, ცივი და უპირქუბო სივრცის ასეთ დახვედრას. პირველი წუთებიდანვე ზიზღით განეწყო უცხო სამყაროს მიმართ. მიუღებელად ეჩვენა იგი და ისევ დედის თბილ წიაღში მოუნდა დაბრუნება. მაგრამ უკან სავალი გზები გადაკეტილი დაუხვდა. განწირულად იგრძნო თავი. თითქოს სამუდამოდ დაკარგა მზრუნველი გარემო. წინააღმდეგობის ნიშნად შეუჩვევლად გაუხშოებული ჰაერი არ შეისუნთქა. ჯიუტად  არ გაშალა ფილტვები და იმედგაცრუებულმა სუნთქვა შეწყვიტა.

მკვდრადშობილი დაიბადა. ბებიაქალმა ხელი ჩაიქნია და მიატოვა, დედის მზრუნველობას შეუდგა.

ალბათ მკვდრადშობილადაც დარჩებოდა, რომ არა ექიმი ბიძა, სალვადორ რუის ბლასკო. სალვადორმა უხეშად აიტაცა ხელში, მწარედ შემოარტყა, ძალით გაუღო მოკუმული პირი და სიგარის ბოლი შეუბერა.

ფილტვები უნებლიედ გაიშალა და ახალშობილი ტკივილისაგან აყვირდა.

გარშემომყოფნი, მისი ნების გარეშე, დაუნდობლად ექაჩებოდნენ უკვე საძულველი სამყაროსაკენ. მისდაუნებურად აბრუნებდნენ სუსხიან ადგილს.

მამა

ესპანური ტრადიციით, ახალშობილმა გრძელი სახელი მიიღო: პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულო ხუან ნეპომუკენო მარია დე ლოს რემედიოს კრისპინ კრისპიანო სანტისიმა ტრინიდად რუის პიკასო. შემოკლებით პაბლო რუის პიკასო დაარქვეს. რადგან ესპანელი ქალები არასდროს ღებულობდნენ მეუღლის გვარს და მათი შვილებიც ერთდროულად ორივეს, დედის და მამის გვარს ატარებდნენ, პაბლოს პირველი გვარი იყო რუისი, მამის მხრიდან, ხოლო მეორე – პიკასო, დედის მხრიდან.

მამა, დონ ხოზე რუის ბლასკო, მალაგის ხელოვნების სკოლის პროფესორი და ქალაქის მუზეუმის კურატორი, სულ რაღაც ათი თვის წინ დაქორწინდა მარია პიკასო ლოპესზე. დონ ხოზე ჩვიდმეტი წლით უფროსი იყო მარიაზე, რაც მაშინ სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.

მამას ექიმი შეუძღვა პალატაში. თეთრ ზეწარში გახვეულ პირმშოს თავი დედის მკერდზე ჩამოედო.

მხოლოდ ახლა იგრძნო ჭეშმარიტ შემოქმედად თავი. ასეთი მშვენიერება მას არასოდეს შეუქმნია.

,,დაბადებაა ყველაზე დიდი ხელოვნება”, _ გაიფიქრა მან და თვალწინ წარმოუდგა წუხანდელი ღამე.

ცისფერი, ვარდისფერი

თითქოს დაბადებიდან დაენათლა ცისფერი და ვარდისფერი ფერი. ახალშობილს სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ აჩნდა, სავსებით ფერმკრთალი, ლურჯი დაიბადა. შემდგომ, როცა ფეხები და ხელები დაუზილეს, ავადმყოფ ცისფერს მოეძალა ხასხასა ვარდისფერი და დადგა ვარდისფერი ხანა.

ვარდისფერიც ფერს შეიცვლის, გახუნდება, დაწყდება ხაზები, კუბებად დაიშლება ცენტრი. სილამაზე შეიცვლება დემონური სიმახინჯით.

თუმცა ყველაფერი ეს შემდგომ…

მოჯადოებული წიაღი

იწურებოდა შემოდგომა. მალაგის მზე ისევ ჩვეული სითბოთი აცხუნებდა. ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე გვიან დგებოდა ცივი დღეები.

მამა სამშობიარო სახლიდან გამოვიდა და სანაპიროსკენ გაემართა. აგორაფობიით შეპყრობილს ნერვებს შლიდა ვიწრო, ხალხმრავალი ქუჩები. მხოლოდ ზღვის თვალუწვდენად გადაშლილ უსაზღვრო სივრცესთან შეეძლო მშვიდად ყოფნა.

ნაპირი უკაცრიელი ჩანდა. თოლიები დაფრინავდნენ ცაზე. მზით გამთბარ ქვიშაზე ჩამოჯდა და უკიდეგანო ზღვას მიაპყრო მზერა. კარგა ხანს უჭვრეტდა მანათობელ მზეს, ლურჯად მოლივლივე ხმელთაშუა ზღვის ტალღებს.

ტანთ გაიხადა და ზღვას მისცა თავი. თითქოს ზღვა იყო დედის თბილი საშო, ფერებით რომ იზიდავდა მოჯადოებული წიაღისკენ.

შორს დარჩა უპირქუბო, ქვიშიანი ნაპირი.

ხარების ბრძოლა და მტრედები, პიკასო, Bullfight and Pigeons. 1890

ხარების ბრძოლა და მტრედები, პიკასო. 1890

მემტრედე

დონ ხოზე თავისუფალ დროს კაკბებს, კურდღლებს, ბოცვერებს და ყვავილებს ხატავდა. მაგრამ ყველაზე ხშირად მას მტრედების ხატვა უყვარდა და სახელოსნო მათი ფიტულებითა და გალიებით ჰქონდა სავსე. ერთერთ დიდ ტილოზე უზარმაზარი სამტრედე ეხატა ურიცხვი, მრგვალთვალება მტრედებით გავსილი. ზედმეტსახელად მემტრედე შეარქვეს, რადგან ყოველდღე გადიოდა მერსედეს მოედანზე და მოგოგმანე მტრედების ღუღუნით ტკბებოდა.

მშვიდი, ქათქათა ციდან წამოიფრენდნენ მტრედები და ეზოში მდგარ ხშირფოთლოვან ხეებს შეესეოდნენ. მამა კი იდგა და მონუსხულივით გასცქეროდა საუფლო ცასა და ქვე ყანას შორის მშვიდობის შიკრიკებად მოვლინებულ მტრედებს, თითქოს უსახურ სივრცესთან დაზავებასა და მორჩილებისაკენ მოუხმობდნენ მიწიერთ.

პიკადორი, პიკასო. 1888

პიკადორი, პიკასო. 1888

პიკადორი

მამა არასოდეს აცდენდა ხარების ბრძოლის სანახაობას. ერთხელაც კორიდაზე წაიყვანა პატარა პაბლო.

მოეჩვენა, რომ მოკლულ ხარს მტრედის ფიტულის სუნი ასდიოდა. სწორედ მაშინ დახატა პირველი სურათი. ტორეროს თვალისმომჭრელი ყვითელი სამოსი ჩააცვა. არენის საფარი მოყავისფრო-იისფრად შეღება, კედლები _ ვარდისფრად.

ხატვის ციებცხელებით იყო შეპყრობილი. მიმზიდველი ეჩვენა სხვადასხვა ფერის საღებავების ერთმანეთში შერევა. დროდადრო მამას გადახედავდა. მამა კი საათობით იჯდა და თვალს არ აცილებდა.

იდუმალ გრძნეულებად მოეჩვენა მამის გამოხედვა. დაჟინებით ჩააშტერდა, თითქოს სურდა ხარის თვალები მამისათვის მიემსგავსებინა.

თითქმის დაასრულა, მაგრამ ხარის თვალები არაფრით გამოსდიოდა. ასე ირწმუნა, ისევ დამნავსაო მამის თვალთვალმა. მოუთმენლად ელოდა სახელოსნოდან მის გასვლას.

თითქოს მიუხვდაო, მამამ დატოვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა და წვეტიანი ლურსმნები მოუტანა.

_ შეგიძლია თვალების სანაცვლოდ ნახვრეტები გაუკეთო. ვფიქრობ, ასე უფრო უკეთესად გამოგივა – უთხრა მამამ.

პაბლომ ალესილი ლურსმნები უხმოდ გამოართვა და სურათზე ხარს თვალები მიახვრიტა.

დაკარგული მზე

მალაგაში მუზეუმი დაიკეტა და კურატორის თანამდებობა გააუქმდა. მამა იძულებული გახდა, დაეტოვებინა მზიანი, წყნარი მალაგა და ოჯახი ჩრდილოეთით, ნისლიან გალიციაში გადაეყვანა. ლა კორუნიოში ხატვის მასწავლებლად მუშაობა შესთავაზეს ერთერთ საშუალო სასწავლებელში.

ჯერ კიდევ სექტემბრისათვის ჩვეული, თბილი დღეები იდგა, მაგრამ წამოსვლის დღეს ისეთი ქარბუქი ამოვარდა, რომ გემბანზე მყოფთაგან ზოგიერთმა გამგზავრებაც კი გადაიფიქრა.

გემი თანდათან შორდებოდა ანდალუზიის მზიან ნაპირს.

წვიმიანი და ნაცრისფერი დახვდათ ლა კოროუნიო.

პაბლო პიკასო. 1904

პაბლო პიკასო. 1904

მოწყენა

წვიმა დაიწყო ლა კორუნიოში და ასე გაგრძელდება დაუსრულებლივ. სახლი მცირე მანძილით იყო დაშორებული ატლანტიკის ოკეანეს, საიდანაც მონაქროლი ცივი ქარი ფოთლებს ხეებიდან გლეჯდა, შეუბრალებლად ყრიდა ყვითელი სევდით აჭრელებულ მიწაზე.

ამინდი წამდაუწუმ ფუჭდებოდა და მამა იშვიათად გამოდიოდა სახლიდან. მთელ დღეს ფანჯარასთან იჯდა და ჩრდილოეთის მღვრიე, ნაცრისფერ ცას გაჰყურებდა.

უგუნებობამ შეიპყრო მზის სიკვდილის ჭირისუფალი. მოწყენილობის ციებ-ცხელებამ აიტანა. გაუსაძლისი ყოფისაგან მხატვრობაზეც აიყარა გული. ღრუბლიან გალიციაში აღარ მოფერებიან შთაგონების თეთრი მტრედები.

დროდადრო ფუნჯს აიღებდა ხელში, მაგრამ სურათის დასასრულებლად მოთმინება არ ყოფნიდა. სიზარმაცემაც სძლია. მხოლოდ მტრედების ხატვა გამოსდიოდა ადვილად. სასოწარკვეთილების ჟამს მკვდარ მტრედს ფეხები წააჭრა, ტილოზე მიაკრა და პაბლოს სურათის დასრულება სთხოვა.

– ამოვარდა ქარი და იქნება მანამ, სანამ ლა კორუნიო აღარ იარსებებს – თქვა მამამ და ხელი ჩაიქნია.

ბავშვი მტრედით, პაბლო პიკასო. 1901

ბავშვი მტრედით, პაბლო პიკასო. 1901

ვიყიდით მტრედებს

მიიწურა გაზაფხული, ზაფხული. ამინდი არ შეცვლილა. ატლანტიკის ოკეანიდან  განუწყვეტლივ ქროდა ცივი ქარები. მიმქრალმა ღრუბლებმა დაფარეს ნაცრისფერი ცა.

ვერა და ვერ შეეჩვია მამა გალიციელებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო აუტანელი ხდებოდა ლა კორუნიოში დარჩენა. მხოლოდ მალაგაზე ფიქრობდა. მშობლიური ანდალუზიიდან განდევნილად თვლიდა თავს.

საღამოხანს პარკში გადიოდა სასეირნოდ, იქნებ აქ შეხვედროდა თეთრ მტრედებს. მაგრამ ღრუბლებით მოქურუხებულ ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა. მოღუშულობის დაღი ესვა ირგვლივ ყველაფერს. ჰაერში ისევ ნესტის სუნი იდგა.

იქნებ ვინმეს შორეული ანდალუზიიდან ჩამოეყვანა თეთრი მტრედები. სახლის შემოსასვლელ კარებზე, გამოსაჩენ ადგილზე განცხადება გააკრა: ,,ვიყიდით მტრედებს”.

ქოლგა

ისევ წვიმს… წვიმის წვეთები წვერწამახული ლურსმნებივით ცვივა ციდან.

მამა სავარძლის საზურგეზე მიწოლილიყო და ნაღვლიანად გასცქეროდა წვიმიან ეზოს. თითქოს საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, სრულიად გაეთიშა სამყაროს. არც არაფერი აინტერესებდა ირგვლივ. ამ აბნეულ სამყაროში ვერაფრით მოიპოვა სულიერი სიმშვიდე.

,,დროის ყურმოჭრილი მონა.” _ ფიქრობდა იგი თავისთავზე და განვლილ ცხოვრებას უაზრობად აღიქვამდა. ვერც კი იგრძნო, ისე ახლოვდებოდა წუთისოფლის დაისი. დრო კი შეუქცევადია, უკან ვეღარ გააბრუნებს.

ყმაწვილურ ოცნებებს დიდი ხანია გადაეჩვია. შეუძლებლად ეჩვენებოდა რაიმეს მნიშვნელოვნად შეცვლა. ცხოვრების ჩვეული გზიდან გადახვევაზე ფიქრიც ზედმეტად ესახებოდა, რადგან უკვე აღარ იყო შემოქმედებისათვის განწყობილი. ხელმოცარული მხატვრის ბედსაც საბოლოოდ შეეგუა. შიშმა სძლია, გონებაში გამჯდარმა სიმხდალემ გასაქანი არ მისცა და შთაგონების ყოველგვარი ნერვი გადაუწვა.

თაროდან ფუნჯი გადმოიღო და ხატვას შეუდგა. სურათზეც წვიმს. უშველებელი ქოლგა ააფარა ამღვრეული ციდან ლურსმნებივით გადმომსკდარ მელანქოლიას.

უნებლიე ბრალდებული

პაბლო უხალისოდ ისმენდა ხელოვნების გაკვეთილებს. სკოლისადმი სიძულვილი და უცნაური შიში დაჰყვა. ვერაფრით შეეგუა გულისგამაწვრილებელ ერთფეროვნებას: თაბაშირის ასლებიდან გადმოხატვა, ბრმა თვალებიანი ქანდაკებები, მულაჟები.

კედელზე ჩამოკიდებულ ძველისძველ საათზე აუჩქარებლად გადიოდა დრო. ხანგამოშვებით ფანჯრიდან გადაიხედავდა და გზას მიაშტერდებოდა, მოუთმენლად ელოდა მამის გამოჩენას, რომელიც ყოველდღე აკითხავდა წასაყვანად.

ოღონდ მამა მოსულიყო დროზე ადრე და რას არ მოიფიქრებდა. ზოგჯერ ფუნჯებსა და მტრედის ფიტულებს ჰპარავდა, რადგან თვლიდა რომ მამა მათ გარეშე ვეღარ გაჩერდებოდა და აუცილებლად მოაკითხავდა.

ასეც ხდებოდა. შემოაღებდა კარებს მამა და თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, უსიტყვოდ დაუდგებოდა პირისპირ, ბრალდებული შვილის აღსარებას ელოდა.

სასჯელი

მხოლოდ სკამი იდგა ცარიელ ოთახში. კედლები თეთრად შეეღებათ და პატარა სარკმელი მაღლა, ჭერთან ახლოს გამოეჭრათ.

პაბლო გაკვეთილიდან გამოაძევეს და სკოლის ამ დახშულ საპყრობილეში გამოკეტეს. სულის შიგნითა სფეროების ხედვას უცხოველებდა ოთხკუთხა კუბივით გამოყვანილი ოთახი.

შიშველ კედლებს ხელები გადაუსვა და დაჟინებით მია¬ჩერდა. არაფერი ისე მშვენიერი არ მოსჩვენებია, როგორც ეს წაუბილწავი სითეთრე. შუბლით მიეყრდნო. დედისეული სუნი იგრძნო. სამყაროს სრული წონასწორობა და სიმშვიდე დაეუფლა.

ერთხელ კიდევ ახედა კედელთა პირველყოფილ სითეთრეს, შარვლის ჯიბიდან ამოიღო ნახშირის ნატეხი და ათრთოლებული ხელებით მიახატა.

ქაოტური, შავი ხაზებით წაიბილწა თეთრი მდუმარება.

მოპარული ფუნჯი

პაბლოს მშვიდად ეძინა. მამა შემოვიდა საძილე ოთახში, დაკარგულ ფუნჯს დაეძებდა. ფრთხილად აუწია ბალიშის თავი, ხელი შეაცურა ქვეშ. ტილოში გახვეული ფუნჯი  გამოიტანა.

“სულ ასე მპარავს”, – ჩაილაპარაკა მან და სახეზე ღიმილი გამოესახა. სავარძელში ჩაჯდა და მძინარე ვაჟს მიაშტერდა.

დონა მარიამ შემოაღო კარები.

– რაზე ფიქრობ? – უთხრა მან, – ამ ბოლო დროს, რაღაც გაწუხებს, თითქოს შავი ნაღველი გახრჩობს, სიბრალული მიპყრობს როცა გიყურებ.

– მართლა, ასე გამოვიყურები?

– ზოგჯერ მგონია, რომ საოცრად უბედური ხარ. მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენს საცოდაობას გაისაზრებ თავიდან ბოლომდე და რაღაც სისულელეს ჩაიდენ.

– მარია, თუ ხვდები რასაც ამბობ?

– ახლა მაინც დაანებე თავი. ვერა ხვდები, რომ მაგ უცნაური ახირებით თავს იღუპავ. შეიგნე, შენგან მხატვარი არასოდეს დადგება. მტრედების ფიტულებს და გალიებს ხომ ვეღარ ავუდივარ. შენს სახელოსნოში კაცი ცხვირს ვერ შეჰყოფს. სამტრედეების საშინელი სუნი გეცემა. ყელში ამომივიდა შენი საღებავები, ფუნჯები, სუნიანი მტრედები. მათი ღუღუნის ხმაც კი ტანში მზარავს.

– საყვედურები უკვე მერამდენეჯერ მაქვს შენგან მოსმენილი. შენ ხომ ყოველთვის დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი იცი.

– თითქოს მაგ საყვედურებს შენთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. როდესმე თუ დაინტერესებულხარ, რას ვფიქრობ, ან რას განვიცდი? საერთოდ თუ გაინტერესებს რამე, საღებავების და მტრედების გარდა. თითქოს საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტე. შენსას მაინც არ ეშვები. ნუთუ, ოდესმე მაინც შესძლებ თავი დააღწიო ხელმოცარულ ყოფას?

მამა სავარძლიდან წამოდგა. მძინარე პაკოს მიაჩერდა. ფრთხილად ასწია ბალიშის თავი და ტილოში გახვეული ფუნჯი ისევ ქვეშ ამოდო.

– ამ სილამაზეზე დაისვენებს ჩემი თვალები. აწ უკვე ჩემი პატარა პაკო დახატავს. შენ უნდა გახდე დიდი მხატვარი, შენ უნდა გახდე ველასკესი.

მეცნიერება და გულმოწყალება, პაბლო პიკასო. 1897

მეცნიერება და გულმოწყალება, პაბლო პიკასო. 1897

მეცნიერება და გულმოწყალება

მამა პაბლოს ახალდამთავრებულ სურათთან იდგა და განცვიფრებას ვერ მალავდა. სახლში ყველას ეძინა და შეეძლო მშვიდად აღექვა ნახატი. სიჩუმეს დაესადგურებინა ირგვლივ. მხოლოდ გვიანი შემოდგომის ცივი ქარის ზუზუნი აღწევდა გარედან.

უყურებდა დიდ ტილოზე შესრულებულ ნახატს და საგონებელში ჩავარდნილი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი რამ მას არასოდეს დაუხატავს, გაუჭირდა შვილის უპირატესობის აღიარება. მიხვდა, რომ შვილს უკვე აღარ სჭირდება მისგან სწავლა. უფრო მეტიც, საკუთარი პირმშო ისე ადვილად, ხელის ერთი მოსმით ხატავდა ურთულეს კომპოზიციებს, რომელიც მას მხოლოდ დიდი შრომით და წვალებით შეეძლო მიეღწია.

,,ნუთუ ესაა ჩემი ბოლო განკითხვის ჟამი?!” _ კითხულობდა იგი გონებაში და პასუხის გაცემას თავს არიდებდა. გალიაში დამწყვდეულივით მოჰყვა ოთახში წინ და უკან სიარულს. მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა. უკანასკნელი მარცხი იწვნია. საკუთარმა შვილმა საბოლოოდ გაანადგურა.

მთელი ცხოვრება სდევდა ხელოვნების დემონი, რომელმაც ჯალათივით აწვალა. ვეღარ გაუწია აღმაფრენის იდუმალ გზებზე თანამგზავრობა. დემონი თავგამეტებით ებღაუჭებოდა თავისკენ, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო შიში, რომ არაადამიანური წვალებით უსხლტებოდა. მხატვრის მძიმე ბედს რომ გაქცეოდა, ხელოვნების პროვინციულ სკოლაში მოეწყო მასწავლებლად.

მოაგონდა ახალგაზრდობის წლები, როცა შეეძლო მიჰყოლოდა შთაგონების ძახილს.  ცხოვრების გარემოებები ყოველმხრივ ახშობდა ხელოვნებისაკენ სწრაფვას, მაგრამ ისევ სძლევდა უიმედობასა და გულგატეხილობას, ისევ აღსდგებოდა მუზისადმი თაყვანისცემის გრძნობა.

ეს მაშინ. ახლა კი, შემოქმედების მაცოცხლებელი ძალა გადაიღალა, გამოიფიტა და სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფივით სულს ღაფავს. თვითონაა უკურნებელი სენის მიზეზი, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩამოგდებულ ომში საბოლოოდ გაანადგურა ხელოვნების დემონი. ისღა დარჩენია, ხელი ჩაიქნიოს მომაკვდავზე და სასოწარკვეთილებას მიეცეს.

მამა ჩაფიქრებული მიშტერებოდა სურათს და უჭირდა გარკვევა, თუ პაბლოს საიდან მოუვიდა ასეთი ჩანაფიქრი.

სურათს ,,მეცნიერება და გულმოწყალება” ერქვა. ექიმი მომაკვდავი ავადმყოფის სარეცელთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარიყო და მაჯის უკანასკნელ ცემას უთვლიდა. თითქოს თვით დონ ხოზე იყო დაუძლურებული შთაგონების მკურნალი. დასაღუპავად  განწირულ ხელოვნებას კი არაფერი შველოდა.

უკანასკნელი საუბარი

დემონი _ ტყუილუბრალოდ მითვლი მაჯისცემას. ყველა იმედი გადაწურულია.

დონ ხოზე _ ვიცი, მაგრამ გული არ მითმენს. იქნებ, შევძლო შენი შველა.

დემონი _ გვიანაა. ვერა ხედავ, სულს ვღაფავ?! ვერაფერს მშველი. მოიშორე ამაზე ფიქრი.

დონ ხოზე _ იქნებ შენთან ახლოს ყოფნით გადამიაროს ტკივილმა.

დემონი _ ასე ყოფილა ჩვენი ბედი. არაფერია, სხვასაც ბევრს მოეცარა ხელი. ზოგმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

დონ ხოზე _ მთელი ცხოვრება გაწვალე ჩემი თვითკმაყოფილებითა და მშვიდი ცხოვრებისადმი ლტოლვით. გიღალატე, უკურნებლად დაგაავადმყოფე.

დემონი _ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. ყოვლისშემძლედ მიგაჩნდი, მაგრამ ხომ ხედავ, უძლური აღმოვჩნდი. შენც მოგწამლე ჩემი შხამიანი ნექტარით. სიყრმიდანვე გაგაბრუე, სული სამუდამოდ დაგისახიჩრე.

დონ ხოზე _ ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ, ასეც უნდა მომხდარიყო. იქნებ, სხვაგვარად არც შემეძლო?1

დემონი _ პაბლოს გადაულოცე. იქნებ? თუმცა ვინ იცის. მშვიდობით.

დონ ხოზე _ მშვიდობით!

პაბლო პიკასო. 1903

პაბლო პიკასო. 1903

ტელემაქე

უკვე იხსნება ურდულები. მალე იხილავ

სანახაობას, თვით მტერსაც რომ შეაძრწუნებდა.

სოფოკლე “ოიდიპოს მეფე”

აღსრულდა მისტიური მსხვერპლშეწირვა. ძე დაეუფლა მა¬მის სულის სათაყვანო ნაწილს.

აილესა ლურსმნები და წამოვიდა პირქუში ციდან შურის¬ძიების თავსხმა. დადგა მამა შეუბრალებელი ციონის ქვეშ. თვალები მიუშვირა პირმშოს მიერ ნასროლ ისრებს და წარბშეუხრელად ამოიშანთა.

“ნიკაპზე წვიმად დასდიოდა სისხლის ნაკადი, სისხლს კი თვალებიც მოჰყვებოდა, მისგან დათხრილი, და შავი სითხეც უპეებით გამოდენილი”.

აწ უკვე ბრმაა და წყვდიადშია დანთქმული. ხელოვნების ციცაბო  გზას ვეღარ გააგნებს. კარსმომდგარი სიბერეც ხახადაფჩენილი უფსკრულივით უღრიალებს. გზიდან შეცდომით გადახვევა და – სამარცხვინოდ დაენარცხება სასიკვდილოდ წაწვეტებულ ქიმზე.

დათმობა არჩია. ხელოვნების სახიფათო ბილიკებს გვერდი აუქცია და საბოლოოდ უარი თქვა შემოქმედებითი გოლგოთის ეკლიან გზებზე.

წამიერად მოხდა სულიერი აფეთქება. გამარჯვებულ-დამარცხებულზე თითქმის არც უფიქრია, შეუბრალებლად გადაულოცა თავის ყრმას დემონისეულ გზაზე სიარული.

მამამ სახელოსნოს თაროებიდან ჩამოიღო საკუთარი საღებავები და ფუნჯები. უკანასკნელად გადაუსვა აკანკალებული ხელები, გადასცა შვილს და მას შემდეგ არასოდეს არ დაუხატავს.

შუშის ცრემლები

თითქოს მოისვენა. უკვე აღარ სტანჯავს ხელოვნების დემონი. დროც თავზე საყრელად აქვს. მუყაოსაგან სათამაშოებს, ყუთებს ამზადებს პაბლოსათვის.

ქალის თაბაშირის ქანდაკებას წვეტიანი კუთხეები წაახერხა, თავი შეაფერადა, სამოსით მობურა.

“სასაცილოა, ამას ხომ ერთი უბრალო, უნიჭო ხელოსანიც გააკეთებს” – გაიფიქრა მან და ქანდაკებას შუშის ცრემლები მიაკრა ლოყაზე.

უნებლიე ხატი

დაკარგული სიცოცხლე, უხალისო, გულგრილი თვალები, თითქოს ყველაფრისადმი გულაცრუებული გამოხედვა.

ცივი, გაყინული მზერა უცხო სიშორეში.

ასეთი იყო პაბლოს მიერ იმდროინდელ ნახატებში აღქმული მამა.

,,როცა ვხატავ, ჩემდაუნებურად მამაზე ვფიქრობ. რაც დამიხატავს, ცოტად თუ ბევრად მისი სახე ამოიცნობა.”

ქრისტე, სატანის მომნანიე

პაბლო მოლბერტთან იდგა. რამდენიმე დღეა, უცნაურმა სიუჟეტმა გაიტაცა. სათაურიც უნებლიედ აეკვიატა, _ ,,ქრისტე, სატანის მომნანიე”.

ანაზდად მამა წაადგა თავს. თითქოს დანაშაულზე  წაასწრესო, მღელვარებამ შეიპყრო.

სურდა შემოეხედა, მაგრამ მამა უკან იდგა და მობრუნებას ვერ ბედავდა. იგრძნო მისი მომნუსხველი მზერა. თავს ძალა დაატანა, ცდილობდა, არაფერი შეემჩნია და თითქოს არაფერი მომხდარაო, გულდამშვიდებით განაგრძო ხატვა.

გაიწელა დუმილი. არცერთს სურდა ხმის ამოღება და დასაბამიერ კითხვებზე პასუხის გაცემა.

,,მამაღმერთის სიყვარული უსაზღვროა, თვით ეშმაკსაც მოუნანიებს მეორედ მოსვლამდე”, _ გაიფიქრა მან და ქრისტეს მამის სახე და თვალები მისცა ნახატზე.

წითელი მამალი

ცივ ოფლს დაეცვარა შუბლი. პაბლომ სისხლიანი დანა მიწაზე მოისროლა და კისერგამოღადრულ მამალს დაუწყო ცქერა. თავაწყვეტილი დაფორთხავდა  მამალი. წითლად შეეღება მიწა, მწვანე ბალახი. სისხლის მწკლარტე სუნით გაიჟღინთა ჰაერი.

ონკანი მოუშვა და შეეცადა, წყლით ჩამოერეცხა ხელებზე შეშხეფებული სისხლის წვეთები.

,,ამ ხელებს თავის დღეში სიწმინდე აღარ მოეკიდებათ”, – გაიფიქრა პაბლომ და ცხვირთან ახლოს მიიტანა.

,,მაინც სისხლის სუნი მომდის; მთელი არაბეთის სურნელოვანი ბალახები ამ პატარა ხელს ვერ გასწმენდენ”.

ღარიბი მოხუცი ბიჭით, 1903

ღარიბი მოხუცი ბიჭით, 1903

ბრმები უკეთესად ხატავენ

ილეოდა ღამე. პატარა სახელოსნო სიგარეტის ბოლში იყო გახვეული. ნამწვი საფერფლეზე დაბერტყა და სავარძლისაკენ გაემართა. უძილობისაგან თვალები ეწვოდა. საშინელ დაღლილობას გრძნობდა.

საწოლზე სოფოკლეს ტრაგედიების ძველი გამოცემა იდო. ყდაგაცრეცილი წიგნი ხელში აიღო და ჩანიშნულ ადგილას გადაფურცლა. ოიდიპოსის ბრმა თვალებს მისწვდა მისი აზრი და ბოლოდროინდელ ტილოებზე გამოსახულ უსინათლო მოხუცებზე დაფიქრდა. მიხვდა, თუ რად იტაცებდა ბრმათა სულიერი უღონობისა და სასოწარკვეთილი სახეების ხატვა: მანაც ხომ შემოქმედებითად დააბრმავა საკუთარი მამა!

,,ბრმები უკეთესად ხატავენ”, _ გაიფიქრა მან და ისევ მოლბერტზე დაკიდებულ სურათზე გადაიტანა მზერა.

ცისფერი

ცა შეიღება ლურჯად. თალხი დაისი ჩამოწვა ჰორიზონტზე. სანუკველ სიღამესთან შეხვედრის მოლოდინით შეპყრობილი დაემშვიდობა დღის სინათლეს. ცისფერმა ჩრდილებმა ჩაჰკიდეს ხელები და გაიტაცეს მრუმე ფერებით მიმქრალ უშორეს სიღრმეებში. განშორდა ჩვეულებრივ, აწეწილ სამყაროს. თვალ¬მიუწვდენი, უკიდეგანო ოკეანე გამოჩნდა წინ. იწყებოდა გონების სიკვდილი.

ალესილი ცელით გადაიკვეთა ცნობიერთან უკანსავალი გზები. ჩრდილების საუფლოში დაიდო ბინა. თითქოს მიაგნო, რასაც მთელი სიცოცხლე დაეძებდა. რამეთუ აქ, გონებისა და განსჯის მეუფებისაგან შორსაა სულის ხსნა. მხოლოდ აქაა მისეული სამყარო. დროებით ჩამოიშორა ცნობიერების სულთამხუთავი ჯაჭვები. უკანმოუხედავად გაექცა მზის მსუსხავ სინათლეს და ჩავიდა ცისფერ ჰადესში. აწ ცნობიერს ქვევითაა, უშფოთველად დაცურავს უსაზღვრო ოკეანის სილურჯეში.

ცისფერი ღამის მორჩილი ტყვეა. ქვეცნობიერიც ცისფერ ანგელოზად ევლინება. იგია დამცავი ფილტრი მასა და საძულველ სამყაროს შორის.

სხეული კვდება, სულს აღარ აქვს ხორცითა და ჩონჩხით შემბოჭავი მყრალი გალია. სიკვდილის ცისფერ მერანზეა ამხედრებული შიშველი სული და აწყვეტილივით მიაქანებს უჩინარს მიღმა.

მოხუცი გიტარისტი, 1903

მოხუცი გიტარისტი, 1903

ბედის ირონია

ნახატზე ბრმა მოხუცს ფეხები ავადმყოფურად მოეხარა. ჭაღარით მოსილი თავი მხრებზე ჩამოეგდო. გიტარაზე უკრავდა დაუძლურებული ბებერი ხელოვანი.

სიბრალული უმწეო და ავადმყოფ სიბერეზე. შიში დროის წარმავლობის ულმობელ და სასტიკ დამანგრეველ ძალასთან.

“ამ წაწვეტებული, ელ გრეკოსეული სახეების არაფერი მესმის” _ უთხრა მამამ.

მისთვის ველასკესი უფრო მისაღები იყო, ვიდრე ხელოვნურად დაგრძელებული სახეები. ცდილობდა, ჩაწვდომოდა შვილის ჯიუტ გატაცებას ხელოვნების იმ უჩვეულო ფორმებისადმი, რომელიც ყოველთვის ზიზღს ჰგვრიდა.

პაბლო ფანჯარასთან იდგა და სახელოსნოს პირდაპირ აღმართულ ასწლოვან ხეს გასცქეროდა. ფიქრებში გართულს აღარ უპასუხნია.

იწურებოდა ცივი ზამთარი. ფოთლებისაგან განძარცვული შიშველი ხეები თვალებამოგლეჯილ უმწეო არსებებს ჰგვანდნენ.

,,საოცარია, ასე რატომ შეიძულა ელ გრეკო. ჩემი ნახატებიც დამიწუნა. მისთვის ისევ რენესანსის დროა. ვერაფრით შეგუებია გამოსახვის ახალ ფორმებს”, _ გაიფიქრა მან.

ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ მამისათვის საძულველი მხატვრის ხელწერით შესრულებულ მოხუც მუსიკოსს მამის სახე მისცა.

ბრმა კაცის სადილი, 1903

ბრმა კაცის სადილი, 1903

შინაგანი თვალი

კარები გაიღო და უსინათლო მოხუცი შემოვიდა პერე რომეს კაფეში. ხელჯოხით მიიკვლევდა გზას. ახალგაზრდა ოფიციანტი შემოეგება და ცარიელ მაგიდასთან დასვა. კაფეში თოჯინების წარმოდგენა გაემართათ. ტევა არ იყო დარბაზში.

უსინათლომ ხელი გააცოცა მაგიდაზე და წყლით სავსე დოქს მიაგნო შეხებით. ბებერი ხის გაცოცხლებულ ტოტს მიაგავდა სუსტი, წვრილი ხელები.

პაბლო მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა ხაიტე საბარტესთან ერთად და ბრმა მოხუცის ხელების მოძრაობას მიშტერებოდა.

_ საოცარია, _ თქვა მან, _ სულ ვერ ხედავს.

_ ფანჯრებდაგმანულ ოთახს არ ჰგავს? _ უპასუხა საბარტესმა. _ გარე სამყაროს დარაბები დახურულია.

_ საოცარი განცდაა. შინაგანი ხედვა უფრო ძლიერდება.

მოხუცმა დოქი აიღო და ხელის ცეცებით ჭიქა გაივსო. ოფიციანტმა ლუდით სავსე ტოლჩა დაუდგა მაგიდაზე.

_ გმადლობთ, _ უთხრა უსინათლომ.

ოფიციანტმა გაუღიმა და ისევ უკან გაბრუნდა.

_ როგორ გგონია, _ თქვა პაბლომ, _ მართლაც მშვენიერია ბრმა მხატვარი. მხოლოდ წარმოსახვაა. ფიზიკური ხედვის გარეშეც შეიძლება, ნახო.

_ რა მნიშვნელობა აქვს? _ უპასუხა საბარტესმა. _ ამ სამყაროს მართალ სახეს მაინც ვერასოდეს ხედავ.

,,სიბრმავის მრუმე ლაბირინთებში დანახული სიმართლე, _ გაიფიქრა მან, _ მხატვრობაც ხომ დაფარული შინაგანი სამყაროს ხილული სახეა”.

ცისფერი ლუციფერი

ვიწრო სახელოსნოში პატარა სარკმელი გამოეჭრათ და გარედან ძლივს აღწევდა მთვარის შუქი. ცისფრად ბრკიალებდა ოთახი. იატაკზე უწესრიგოდ ეყარა ფუნჯები და დაუმთავრებელი ტილოები. ცუდი განათების გამო იძულებული იყო მრუმე ბურუსიან ოთახში ეხატა.

ფანჯარათან იდგა და ცისფრად განათებულ ქალაქის ღარიბ უბანს გასცქეროდა. თვალწინ წარმოუდგა ღამის ბნელ ქუჩებში საშოვარზე გამოსულ მეძავთა, ჭლექიანთა, ათაშანგიანთა უსასოო სახეები. ლუციფერი დათარეშობდა სიღარიბისა და გარყვნილების ქვესკნელურ ჯოჯოხეთში.

ლაზურის ფერი მოსდებოდა სახლის სახურავებს. თითქოს სამყაროსგან მოწყვეტილები დალასლასებდნენ გაურკვევლობისა და მიუსაფრობის ნისლში გახვეული უბადრუკი ბინადარნი. თვითონაც ყოველდღიური სიღარიბისა და შიმშილის ზღურბლზე იდგა და ქაოტური რეალობისაგან გამოხვეწილი ცისფერი ფერის სიმშვიდეში პოვებდა შვებას.

,,ეგვიპტური ჯოჯოხეთის სილურჯე” – გაიფიქრა მან და აპოკალიფსურ ფსკერზე მხედი ერთადერთი სარკმელი მძიმედ გამოიხურა.

კასაგემასის სიკვდილი, 1901

კასაგემასის სიკვდილი, 1901

სანთელი იწვის, ქრება

კასაგემასის ცხედართან იდგა და თვითმკვლელობით დამთავრებულ სიცოცხლეზე ფიქრობდა.

,,არის კი ქვეყნად ბედნიერება?” – თითქოს იმქვეყნიდან კითხულობდა ცვილისფერი სახე. მხატვრობისთვის ადრე გაანებებინა თავი. ამაოების გამანადგურებელი გრძნობა რომ ჩაეკლა, ღვინოს მიეძალა. დუქნიდან დუქანში გადადიოდა ღვი¬ნით გამობრუჟული და მისავათებული. დუქნიდან გამოსული სამეძაო სახლს მიაკითხავდა. მეძავებთან ჟინის მოკვლის შემდეგ ისევ დუქანში ბრუნდებოდა. ყველაფრის წარმავლობის მომწამვლელ ჟინს და თვითგანადგურებისადმი დაუოკებელ სწრაფვას დაემონებინა.

სახეგაფითრებული შესცქეროდა მეგობრის ცხედარს. სასოწარკვეთილების დამღუპველ ძალას თვითმკვლელობამდე მიჰყავდა სუსტი გონება. შიში და ძრწოლვა დაეუფლა ადამიანთა გარდუვალი უსასოობისა და ხელოვნურად შეწყვეტილი სიცოცხლის აბსურდულობის მიმართ.

ცხედრის თავთან მდგარ სანთელს მიაპყრო მზერა.

,,ეს სანთელიც წარმავალია. ცოტაც და საუკუნოდ გაქრება” _ გაიფიქრა მან, _ ,,მაგრამ ბოლომდე იწვის!”

ჭიპლარი გაწყდა

ფანჯარასთან მივიდა, შუბლი მიადო ცივ სარკეს და მძინარე ბარსელონას ჩაბნელებულ ქუჩებს გადახედა. მკრთალი ლილისფერი მოსდებოდა ცას. მთვარის მიმქრალებული შუქით განათებული ქალაქი უკაცრიელი ჩანდა. შუაღამე კარგახნის გადასული იყო, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. გალურსულივით იდგა და ყურს უგდებდა ღამის მდუმარებას.

ფარნების შუქზე მომაჯადოებლად მოქმედებდა იდუმალი ქალაქი. გრძნობდა, თუ როგორ იხვევდა ლილისფერი ღამის სიცარიელე. სარკმლიდან ტკბებოდა უდაბნოსავით უტყვი, ყრუ ქუჩებით. თითქოს დრო შეჩერდაო, არსაიდან ისმოდა ჩქამი.

მთვარის სხივებში გახვეულ სახურავებს მიაშტერდა. მოცისფრო შუქს ირეკლავდა მრუმე კედლების მკრთალი სილუეტები. სთვლემდა ძველი ქალაქი. მოთალხო მწუხრი დაჰფენოდა უსასრულოდ მიმობნეულ ვიწრო შესახვევებს. კედლებშებილწული, უშნო სახლები ისე მოჩანდნენ როგორც სნეულთა დაჭიავებული ჩონჩხები.

მთელ დღეს უგუნებოდ იყო. ტანჯავდა ბარსელონასთან განშორება, მაგრამ დარჩენაც უკვე აუტანელი ხდებოდა. მობეზრდა ბინძური მიწათხრილებით გადახერგილი პატარა ჩიხების ლაბირინთი, რამბლას საროსკიპოებში ხეტიალი, სან-ჟოანზე მდებარე სახელოსნოში გამართული ჰიპოქონდრიკების გაუთავებელი წვეულებები. ყრუ კედლები გასაქანს არ აძლევდნენ. გალიაში გამომწყვდეულივით გრძნობდა თავს.

მამის მელანქოლიით მონისლული სახე წარმოუდგა თვალწინ. თავისუფლად რომ ეგრძნო თავი, სახელოსნო ცალკე უქირავა, მაგრამ ისევ თრგუნავდა მისი სიახლოვე. ისევ მისი ზედამხედველობასა და მზრუნველობას განიცდიდა. ესეც არ იყოს, უკვე ოც წელს გადააბიჯა, ყოველთვის მის ჭკუაზე ხომ არ ივლიდა, ან დედის კალთას ხომ არ იქნებოდა მიკრული?!

პარიზში გაქცევის დაუოკებელი წადილით მოიწამლა. თვითდამკვიდრებისათვის პირენეი გადასალახია. მხოლოდ იქ, ევროპის ამ ინტელექტუალურ ცენტრში ეგულება შემოქმედებითი ფანტაზიის მეტი თავისუფლება.

უთენია დატოვა სახელოსნო და შინისაკენ გაემართა. ისე ჰქონდა წასვლის სურვილი ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ გადაფიქრებას აზრი არ ჰქონდა. შინ ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით გადაათქმნევინეს განზრახვა.

_ აღარაფერი დაგრჩა? _ ჰკითხა დონა მარიამ პაბლოს მოულოდნელი გადაწყვეტილებით ჩაფიქრებულ მეუღლეს. ხელოვნების ბევრი არაფერი გაეგებოდა დედას, მაგრამ ფანატიკურად სწამდა მისი.

მამა ადგა, თავისი ოთახისაკენ გაემართა. მხოლოდ რამდენიმე პესეტაღა დაიტოვა, რომელიც თვის ბოლომდე თუ ეყოფოდა ოჯახის შესანახად და რაც გააჩნდა, ყველაფერი შვილს გადასცა.

სიცოცხლე, La Vie, 1903

სიცოცხლე, La Vie, 1903

La Vie*

კიდია იგი ჯვარზე, მშობელ დედასა და საყვარელ ქალს შორის. ორივენი ლურსმნებია, ხელისგულზე სასჯელივით შერჭობილი.

თბილ საშოში ნირვანასავით სულთქმა.

შეუბრალებლად გამოაგდეს ჯოჯოხეთის უკუნეთ სიბნელეში.

სუსხიან სივრცეს ისევ მხოლოდ დედის თბილი მკერდი ავიწყებს.

ლორწოვანი გარსი აღარ აკრავს თავზე. სადღა არის სახურავი, ზევით მხოლოდ თვალშეუდგამი წვიმიანი ცაა.

დაკარგული სითბოსა და სახურავის საძებნელად გაბუნდოვნებულ ბურუსში უსასოო ხეტიალი.

მიამსგავსა თითქოს. უთვალავ სულიერთაგან გამოარჩია მისი ლორწოს სუნი. გაფოთებით დაეწაფა რძესავით ტკბილ ბაგეებს.

დედისაგან საბოლოოდ მოწყდა, მაგრამ ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, რადგან საყვარელი ქალია დედის თბილი მკერდი.

შური და ფარული მტრობა. ორი ქალის ერთი შეუცვლელი კერპი.

კავკასიური ცარცის წრე. ჩასჭიდებიან ორმხრივ და ექაჩებიან თავთავისკენ.

…და კიდია იგი ჯვარზე, მშობელ დედასა და საყვარელ ქალს შორის.

Yo el Rey*

საღამოხანს, შინიდან გამოსულზე, რომეს კაფეში შეიარა მეგობრებთან გამოსამშვიდობებლად. სახელოსნოში გვიან დაბრუნდა. დილით მიემგზავრებოდა პარიზს და წასაღები ნივთები უნდა მოეწესრიგებინა.

უჩვეულო გრძნობა დაუფლებოდა, თითქოს რაღაც დამთავრდა და იწყებოდა ახალი, სრულიად შეუცნობი და შორეული. მიაჩნდა, რომ ბარსელონასთან განშორება მოუშორებელი მელანქოლიის პანაცეა იქნებოდა. მხოლოდ პარიზს შეეძლო მისგან განკურნება.

უსუსურობის შეგრძნებაც სადღაც გაუქრა. თითქოს გამარჯვებას ზეიმობდა მიუსაფარი სული. განთავისუფლდა შემბოჭველი არტახებისაგან და გადაეშვა შეუცნობად საზღვარს მიღმა.

სიმთვრალისაგან თავი უხურდა, არეული ნაბიჯებით მიუახ-ლოვდა კედელზე ჩამოკიდებულ ავტოპორტრეტს და მოსალოდნელი ბედნიერებით აღელვებულმა მაგიური სიტყვები მიაწერა.

,,Yo el Rey… Yo el Rey… Yo el Rey…”

შორი, ცივი ცა

ადრე დაიხურა ბერტა ვეილის საგამოფენო სალონი. მისი 15 სურათიდან არცერთი გაყიდულა.

იმედგაცრუებული დაუყვა სენის ქუჩას. არაერთხელ ჰქონია გულგატეხილობა. ხშირად სტანჯავდა საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და არასრულფასოვნების შეგრძნება, მაგრამ ისე არასოდეს განუცდია ასეთი შეურაცხმყოფველი სისასტიკე, როგორც დღეს.

ზამთრის სუსხი ატანდა ძვალ-რბილში, პალტოს საყელო აეწია. უკვე აღარ ახსოვდა შიმშილი, თუმცა მთელ დღეს ლუკ-მაც არ ჩაუდვია პირში. არც გაყინულ ბინაზე უფიქრია. თით-ქოს მთლიანად შთანთქა ხელმოცარვის გამაცამტვერებელმა გრძნობამ.

ამით ყველაფერი დასრულდა. პარიზში მისი მაინც არავის ესმის. ამაოდ ელოდება სასწაულს, რომ ოდესმე გაუგებენ.

ტროტუარის კიდეზე დადგა და ნაცრისფერ ცას მიაშტერდა. უსუსურობა იგრძნო პარიზის თვალშეუდგამი სიდიადის შემყურემ.

ხაზები ფერფლზე

შეუჩერებლივ თოვდა. თეთრად შეიმოსა ვოლტერის მოედანი. სიცივე ატანდა ვიწრო ოთახის ჭუჭრუტანებს.

ეცადა, შეშის ფული მოეგროვებინა, მაგრამ გროშებადაც არავინ იყიდა მისი სურათები. ყინვისაგან გათოშილი იდგა მაქს ჟაკობთან ერთად. მშვიდად ადევნებდა თვალს ღუმელში შეყრილ ალმოდებულ ნახატებს. ტილოებს სწრაფად ეკიდებოდა ცეცხლი.

_ ნეტა, რას აიხირე სურათების განადგურება?! იქნებ, ხვალ შეძლებდი გაყიდვას! ამ საღამოსაც როგორმე გადავიტანდით სითბოს გარეშე, _ თქვა მაქსმა. აბრიალებულ ღუმელთან მიმჯდარიყო და ხელებს ითბობდა.

_ რაღა აზრი აქვს. მაინც არავის აინტერესებს ჩემი ნახატები. სულ არ მენანება.

_ გენანება, როგორ არ გენანება.

_ წარმოიდგინე, რომ არა. პირიქით, სიამოვნებასაც კი მგვრის.

_ შენ მაგას ისე ამბობ.

_ არა, მაქს. მართალს გეუბნები. მეზიზღება ყველაფერი. გულს მირევს!

_ სულაც არ ვფიქრობ ასე. დიდებული სურათებია. არ ღირდა ერთი თბილი საღამოსათვის მათი განადგურება.

_ ნუ დარდობ. დიდი არაფერი მომხდარა.

_ მესმის.

_ ჰოდა, თუ ასე გესმის, გემუდარები, მეტი არაფერი მკითხო.

სკამიდან წამოდგა. ნაკვერჩხალზე სიგარეტს მოუკიდა. ნერვული ნაბიჯებით სცემდა ბოლთას ოთახში. მაქსს თავი ჩაეღუნა და დამნაშავესავით დუმდა.

სასიამო სითბოს აფრქვევდა გახურებული ღუმელი. დამ¬წვარი აკვარელისა და საღებავების სუნი დატრიალდა ოთახში.

პაბლო მონუსხულივით მიაშტერდა ფერფლადქცეულ მამის სურათს. მამის თვალები გამხვრეტი მზერით შემოსცქეროდნენ აალებული ფერფლიდან.

აივანზე, მაღლა

მთელ ღამეს მოლბერტთან იდგა და შეუსვენებლივ ხატავდა. მალე საღებავიც გამოელია. თავს ძალა დაატანა, რომ შემოქმედებითი აღტყინება მოეთოკა. ხვალაც ვერაფერს დახატავს, რადგან საღებავის შესაძენი საკმარისი ფული არ გააჩნია.

აივანზე გამოვიდა და მოაჯირს მკლავებით დაეყრდნო. მუქლურჯად ბრკიალებდა დაისი. მეხუთე სართულის სიმაღლიდან გადმოხედა ღამის მდუმარებას და რატომღაც თვითმკვლელობაზე ფიქრი აეკვიატა.

რაღაც წამებში შეიძლება ყველა ტანჯვის დასასრული. გადმოხტება ამ სიმაღლიდან და სული არც დაჰყვება მიწამდე. მეორე დღეს მხოლოდ ორიოდე წინადადებით მოიხსენიებენ გაზეთში, ან შეიძლება სულაც არაფერი დაწერონ და თითქოს არც ყოფილაო, ისე მიივიწყებენ.

 ავტოპორტრეტი, 1901

ავტოპორტრეტი, 1901

დახვეული სურათები

ჩათვალა, რომ პარიზში საბოლოოდ მოეცარა ხელი. ვერც კი წარმოედგინა ასეთი გაწბილება. ხელოვანთა მექამ არ მიიღო უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი. ცდილობდა შებრ¬ძოლებოდა ბედისწერას, მაგრამ ყოველ მის ახალ ნაბიჯს მუსრს ავლებდა შეუცნობადი რეალობა. პარიზში დარჩენას აზ¬რი არ ჰქონდა. მშიერ-მწყურვალ ყოფნას შინ დაბრუნება ერჩია.

როგორც იქნა, გაიყიდა მისი ერთადერთი სურათი, ,,დედა ზღვის ნაპირზე”. მოგროვილი თანხა მხოლოდ ბარსელონაში გასამგზავრებლად თუ ეყოფოდა.

დარჩენილი სურათები დაახვია და თავის მეგობარ მხატვარს, რამონ პიჩოტს დაუტოვა.

_ იქნებ რამეში გამოგადგეს. რაც კი აქ ყოფნისას დავხატე, ყველაფერს გიტოვებ.

_ შენ ვერაფერში გამოიყენე და არ მგონია, ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, _ უპასუხა პიჩოტმა _ ისე, ფიქრი ნუ გაქვს.

_ ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია. ნეტა, სულ არ ჩამოვსულიყავი. თითქოს ჯოჯოხეთი მიტრიალებს თავში.

_ წავიდეთ, თითო ჭიქა კონიაკი დავლიოთ. მოგეშვება.

თავი გააქნია და ძველი, ფეხებმორყეული სავარძლიდან წამოდგა. პიჩოტმა დახვეული სურათები გამოართვა და კარადის თავზე შეაგდო მთელი ,,ცისფერი პერიოდი”.

ბარსელონა. 1903

ბარსელონა. 1903

არასოდეს

ტიბიდაბოს მთაზე ავიდა და ბარსელონას წიაღს გადმოხედა. ხელისგულივით მოჩანდა ძველი, მშობლიური ქალაქი. მიმქრალებული მთვარე ანათებდა მრუმე ცაზე. ტკბებოდა ცისფერ ბურუსში გახვეული მშვენიერებით.

დედაც ძნელად იშორებს მუცლადმყოფ პირმშოს. გარეთ გაუსაძლისი სუსხია და თუ მოშორდა, სამუდამოდ მიუსაფრობითაა განწირული. მაინც თავისკენ გიზიდავს პირველყოფილი სითბო. ვერც ვერასოდეს შორდები

ფრთების გამოსხმაზე ოცნებობდა. მთის სიმაღლიდან სულსწრაფივით სურდა გადმოფრენა და მიმზიდველ სითბოსთან მიახლოება.

თვალი მოთვალთვალე

სპირალურად დახვეული ვიწრო კიბე აიარა და საბარტესის კარებზე დააკაკუნა. არავინ გამოხმაურებია.

,,რისი მაქნისია შინ რომ დარჩეს? ალბათ, დაეხეტება სადმე.” _ გაიფიქრა მან და უკან გამობრუნდა. კიბეებზე ჩასვლისას ცარიელ კედლებს გადმოხედა.

არაერთხელ ამოსულა ამ კიბეებზე, ბარსელონას ცნობილ მეძავებთან ერთად. აღტყინებისა და დაუოკებელი ორგაზმის სუნს გრძნობდა ყოველთვის. გაახსენდა, როგორ დასცინოდა საბარტესი, გაუკუღმართებული ყნოსვა გაქვსო როსკიპებზე.

ახლაც იგრძნო ეს დამანგრეველი სუნი. ერთიანად აიტაცა მოუთოკავმა ჟინმა. გაშმაგებით ეცა ფუნჯს და მოზღვავებული ვნების დასაკმაყოფილებლად დერეფნის კედლის მოხატვას შეუდგა.

შიშველი მავრი ხეზეა ჩამოკიდებული. სიკვდილისწინა აგონიაში მყოფს ერეგირებული ფალოსი ავხორცულად აშვებოდა. დალეული თვალებით გასცქერის ხის ქვეშ ვნებიანად შერწყმულ შიშველ წყვილს. ექსტაზური გახელება სწყურია აღვირახსნილი ორგაზმის შემხედვარეს, დუჟმორეული იკრუნჩხება ბაწარში თავგა-ყოფით სიკვდილმისჯილი.

მზის სინათლემ გამოიჭყიტა ოვალური სარკმლიდან. მწველი სხივები მიანათა მოხატულ კედელს. თითქოს სარკმელიც უთვალთვალებდა სიყვარულით შერწყმულ წყვილს. უშველებელი წამწამები მიახატა კედელზე გამოჭრილ სარკმელს. ცნობისმოყვარედ დაჭყეტილ თვალად იქცა მზით გაცისკროვნებული სარკმელი.

ყომრალი წუთისოფლის ერთადერთი ბედნიერება და მასაც მოთვალთვალე აჰკიდებია, ვერსად დაემალები!

მეორე დღეს ისევ შეიარა საბარტესის სახლში. წუხანდელი ნამუშევარი აღარ დახვდა. მობინადრეებს ჩამოერეცხათ ურცხვი ჟინით მოხატული კედლები.

მხოლოდ სარკმელს შერჩენოდა ფართო წამწამები. მზე იჭყიტებოდა ოვალური სარკმლის თვალიდან და ცარიელ კედლებს ეფრქვეოდა სხივთა ნათელი.

ბაბილონი

ისევ აიტაცა პარიზთან შეხვედრის დაუოკებელმა ჟინმა, შორიდანაც რომ არ აძლევდა მოსვენებას. თვალწინ წარმოუდგა ჰიუგენსის ქუჩაზე მდებარე სარდაფი, ხელოვანთა იატაკქვეშეთი.

ვეღარ სძლია ერთხელ ნაგემ ცთუნებას, საბოლოოდ გაითვალა მისი გრძნეულობით.

ისევ ჩავიდა ბაბილონში.

შიმშილი წარმავალია, წყურვილსაც მოიკლავს კაცი. პარიზში მშიერიც შთაგონებითაა მაძღარი.

ბატო-ლავუარ _ უპოვართა მექა

რავინიანის ქუჩაზე დაიდო ბინა. მონმარტრის მაღლობზე მდგარი სახლიდან ხელისგულივით მოჩანდა პარიზი. ბატო-ლავუარ _ ,,მცურავი სამრეცხაო”, ასე ერქვა ამ ძველ, ხის შენობას, თუმცა სამრეცხაო აქ არასოდეს ყოფილა. გარეცხილ თეთრეულს პირდაპირ ფანჯრებზე კიდებდნენ და ხუთსართულიანი შენობა აფრებიან ხომალდს მიაგავდა, ზურგის ქარით ზღვაში მოცურავეს.

ისევე როგორც გემზე, ვიწრო დერეფნები ყოფდა ჭრაჭუნა იატაკიან პატარა ოთახებს და მხატვრების სახელოსნოებს. წყლის ერთადერთი ონკანი შენობის სარდაფში იყო – და ყველა აქ მოდიოდა წყლის წასაღებად. გაზი არ იყო და ოთახები ღუმელით თბებოდა. ხუთსართულიან ბარაკს მხოლოდ ერთგან ჰქონდა საპირფარეშო, რომლის კარები კოჭაკის არარსებობის გამო არ იკეტებოდა და მუდმივად ისმოდა ორპირით გამოწვეული ჯახუნის ხმა.

უპოვარ ხელოვანთა მექაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ უცნობი, ღარიბი მხატვრები, პოეტები, მწერლები, მეეზოვეები და ქუჩის მოვაჭრეები… სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულთ არ სჩვეოდათ პოლიტიკური, სოციალური თუ ეროვნული უთანხმოება. ინტერნაციონალური პატრიოტიზმი პარიზის განსაკუთრებული  პრივილეგიად იყო მიჩნეული. ასეთი განსხვავებული მოწოდებისა და ხასიათის ადამიანებს აერთიანებდათ სიღარიბე. ნახშირის ფული არ ჰქონდათ რომ ოთახი გაეთბოთ და სადილი მოემზადებინათ. მახლობელ კაბარე ლე ლაპინ აგილეს შესასვლელთან მათთვის ხშირად გამოჰქონდათ წვნიანი ქვაბი.

უფულობისგან ვერც თეატრებში ვეღარ დადიოდნენ და საღამოობით ლამფის შუქზე მართავდნენ წარმოდგენებს. სახლს კონსიერჟი არ ჰყავდა, რის გამოც კარები არასოდეს იკეტებოდა. მოცალეობისას ერთმანეთში დადიოდნენ და მთელი პარიზის ყურმოკრულ ამბებს ჰყვებოდნენ.

საღამოობით მხატვრები, რომელთაც პიკასოს ბანდას ეძახდნენ, ლოთობდნენ და დახეტიალობდნენ მონმარტრზე. ღამის ნავარდი გამთენიისას მთავრდებოდა, როცა პაბლო რევოლვერიდან გასროლით ამცნობდა ბატო-ლავუარს თავის დაბრუნებას. ემილ-გუდოს ქუჩის მობინადრეთათვის ეს ნიშნავდა: გეყოთ ძილი, მუშაობის დროა.

თეთრი თაგუნა

გამთენიისას გამოვიდა კაფედან. სურდა, მარტო წასულიყო შინისაკენ. ძლივს მოიშორა ლუდით გამობრუჟული ქალი, კაფეში რომ აეკიდა და მოსვენებას არ აძლევდა. გაზაფხულის მშვენიერი, თბილი დილა იდგა. ღრუბლები აღარ იწვა მოწმენდილ ცაზე. გზის პირას ჩამწკრივებული, ცერად დახრილი ხეები მწვანეს შეემოსა. გარეთ, ტროტუარზე გამოტანილი მაგიდები დაცარიელებული ჩანდა. ,,ლაპინ აგილეც” უკვე დაეკეტათ. კანტიკუნტად გამოივლიდნენ ქვეითად მოსიარულენი.

ბახუსი მოჰკიდებოდა. რწევით განაგრძობდა ქუჩაში სიარულს. გული მოეწურა წუხანდელი ღრეობის გახსენებაზე. თავი უხურდა. ისევ აეშალა ნაღველი. ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ. ჯერ ერთი თვეც არაა გასული, რაც პარიზს ჩამოვიდა და თავდაპირველი გულდაჯერება თანდათან გაქრობოდა, თითქოს მთლიანად გადაყლაპაო უცნობმა ქალაქმა, სრულიად გამოიცვალა.

,,ასე თუ გაგრძელდა უსათუოდ დავიღუპები”, _ გაიფიქრა მან და ღრმად შეისუნთქა დილის გრილი ჰაერი.

მაისის მზე ძალას იკრეფდა. სითბომ დაუარა ძვალ-რბილში. შეეცადა, სწორად გადაედგა ნაბიჯები. რავინიანის მოედანი გადაჭრა და ბატო-ლავუარის ვიწრო კიბეებს აუყვა. ის იყო საკუთარ ბინას მიუახლოვდა, რომ  ნახევრად ჩამობნელებულ დერეფანში, კარებთან, სარდინის ყუთს, პურის ნაჭერსა და ღვინით სავსე ბოთლს მოჰკრა თვალი. აღარ გაჰკვირვებია, რადგან შიმშილისაგან სული რომ არ ამოხდომოდა, ესპანელი მეგობარი, პაკო დურიო ხშირად უტოვებდა ძღვენს.

კარები გამოაღო. სელის ზეთისა და პარაფინის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ეკვეთა. უბადრუკ სოროს მოავლო მზერა. გული მოეწურა. ძველი ლეიბი, ერთი მორყეული მაგიდა და ჟანგით შეჭმული თუჯის ღუმელი შეადგენდა სახელოსნოს ავეჯს. ოთახში არეულად ეყარა საგნები. აუცილებელ მოთხოვნილებადაც გადაექცა უწესრიგობა, თითქოს ქაოტურად გაბნეული საგნები უფრო აცხოველებდა მხატვრობის ჟინს, ფიქრის მეტ საშუალებას აძლევდა.

გაცრეცილ სავარძელზე ჩამოჯდა. სხეულის სიმძიმისაგან ზამბარებმა ჭრიალი იწყეს. ღამისთევას მოექანცა. ისევ აეშალა ფიქრები. ნერვებს წიწკნიდა გაუთავებელი ღრეობით დროის უაზრო ფანტვა. უსასოოდ მიაჩერდა გაჭვარტლულ ჭერზე დაბლანდულ ობობას ქსელს. შემდეგ კედელზე დახატულ ფულის ნიშნებზე გადაიტანა მზერა.

,,ალბათ, ისიც ჩემსავით ღარიბი იყო და შეჭირვებისას ფულის ნიშნებს ხატავდა კედლებზე.”

მორყეული სავარძლიდან წამოდგა. ყვითელი თიხის ქოთნიდან წყალი გადაივლო. ის იყო ტანს იმშრალებდა, რომ კარებზე კაკუნის ხმა მოესმა. მოსასხამი გადაიცვა და კარებისკენ გაემართა.

კარებთან პაკო იდგა და ახლადგამოღვიძებული თვალებით მიშტერებოდა. კარგა გამობრუჟული ჩანდა.

_ შენი ფეხის ხმა გავიგონე, კიბეებზე რომ ამოდიოდი, _ უთხრა პაკომ, _ წუხელის სად წახვედი?

_ შენ როგორ გგონია? სად ვიქნებოდი? _ გაეპასუხა ის. ღვინის სუნი ასდიოდა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

_ რა ვიცი.

_ ფრედეს ,,ლე ლაპინ აგილეში”.

_ მარგოს ყვავი მოგენატრა?

_ კარგი ერთი.

_ ხო, მართლა, ლოლა როგორ არის, ჩვენი გენიალური ვირი?

_ შესანიშნავად. უკეთესს ვერც წარმოიდგენ.

_ რაო, ისევ ხომ არ მოუარა ხელოვნების ჟინმა?

_ მერე და როგორ. ასე, ალბათ, შენ არასოდეს განგიცდია.

_ საინტერესოა.

_ თურმე, ცხოველებს უფრო მეტი წარმოსახვის უნარი აქვთ.

_ კუდით ხომ არ დაახატინეთ ფრედეს კაბარეს თავზე მთვარის ამოსვლა?

_ რამ გაგასულელა?

_ ცოტა ნაბახუსევი ვარ. თავი მისკდება. შენც დათვერი?

_ არა. არც ისე.

_ მიდი, მიდი. ნეტა, სახეზე არ გეტყობოდეს. _ უთხრა პაკომ და აწითლებულ თვალებში ჩააშტერდა. _ აი, შე ლოთო მაწანწალა. სულაც აიყარე გული მხატვრობაზე!

_ კარგი, მოეშვი. ამ უთენია რას მამასხარავებ.

_ თუ იცი მაინც, რა უბედურება გჭირს?

_ ეჰ, _ უპასუხა და თავი გააქნია.

_ ხომ არ გეწყინა? ნაბახუსევი ვარ, თორემ ასე არ ჩაგაცივდებოდი.

_ თუ ღმერთი გწამს!

_ კეთილი, _ უთხრა პაკომ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, _ მანოლო იყო მოსული. დიდხანს გელოდით. ჩვენც მაგრად გამოვიბრუჟეთ. ერთი გოგო აგვეკიდა. სამივენი ვსვამდით. ღვინით გავიჟღინთეთ. უჰ, რა ქალი იყო! ჭკუას დაკარგავ.

_ შენ ისე ლაპარაკობ, გულში ჩაგვარდნია.

_ შენი ამბავი რომ ვიცი, მაგასაც წამართმევ.

_ რა ჩემი ბრალია, მოათრევთ ამ სოროში ჩემს გასაცნობად და უმალვე გღალატობენ.

_ ვერ გამიგია, როგორ ახერხებ მათ მონადირებას?! ეს გოგოც სულ შენს ამბავს გვეკითხებოდა. ჩვენც ვეღარ მოვითმინეთ და საფრთხობელად წარმოვუდგინეთ შენი თავი.

_ წარმომიდგენია. მანოლოს გუშინ ვაწყენინე და მთელ ჯავრს, ალბათ, ჩემზე იყრიდა.

_ ნეტა, შენც ყოფილიყავი წუხელ. საშინელი ღრეობა გაიმართა. უთენია წამოვედით იქიდან. ყველანი შენ გნატრობდით

_ მართლა? ძალიან კარგი.

_ არ წამოხვალ ამ საღამოს? _ ჰკითხა პაკომ, ანთებული თვალებით შემოხედა _ იქ დაგველოდებიან. მაქსიც მოვა

_ არა. არა მგონია.

_ რაღა გიშლის?

_ სამუშაო მაქვს. უდემ სამას ფრანკად სურათი შემიკვეთა.

_ ამ გერმანელს მაინც სად გადაეყარე?

_ წარმოიდგინე, რომ გერმანელებს ხელოვნების უფრო გაფაქიზებული ყნოსვა აღმოაჩნდათ.

_ ესეც საკითხავია, თუ რისი ყნოსვა. მონმარტრის უჩვეულო სუნით არიან მოწამლულები.

_ ისევე, როგორც ჩვენ, ესპანელები.

_ რას იტყვი, არ წამოხვალ?

_ დილას უნდა მოვრჩე.

_ ხატვა ერთ საღამოს მოიცდის.

_ ხატვა კი მოიცდის, მაგრამ შიმშილს და უფულობას აღარ იკითხავ?

_ ნეტა, რას სულელობ.

_ მართლა არ შემიძლია. ეგეც რომ არ იყოს, უძილობისაგან თავი მისკდება.

_ რაღა გაეწყობა. ჯობს წავიდე და დავწვე, იქნებ, საღამომდე გამოვიძინო. _ ჩაილაპარაკა პაკომ და ოთახიდან გავიდა.

კარებს ზურგით მიეყრდნო. ხელები ჩამოისვა სახეზე. ისევ მიმოავლო თვალი დაულაგებელ სოროს და თავის ყოფას ჩაუფიქრდა, რომელიც სანუგეშოს არაფერს უქადდა. ხვდებოდა, რომ ლუკმა-პურისათვის გამწარებულ ბრძოლაში ბევრს ვერაფერს მიაღწევდა. ახლაღა იგემა შინიდან გაქცევით გამოწვეული სიმწარე და უიმედობა. ბარსელონა დაუდგა თვალწინ. იქაც თვითდამკვიდრებისა და საკუთარი გზის ძიებისათვის იბრძოდა დღენიადაგ, მაგრამ გაჭირვების ჟამს მშობლები ეგულებოდა გვერდით, გამოუვალი ყოფიდან ყოველთვის პოულობდა გამოსავალს.

,,ესეც შენი საოცნებო სამყარო”, _ ფიქრობდა იგი. ღამენათევი თვალები მოიფშვნიტა და პატარა სარკმლიდან შემომავალ მზის ნათელს დაუწყო ჭვრეტა. ხარბად ისუნთქავდა დილის დამათრობელ ჰაერს .

ფხაკუნის ხმა მოესმა. ახლაღა მოაგონდა თეთრი თაგუნა. მაგიდის უჯრა ფრთხილად გამოსწია. ხელისგულზე დაისვა და პაკოს მიერ დანატოვები პურის ნამცეცები დაუყარა მოშიებულს.

ფერნანდა ოლივიე, 1906

ფერნანდა ოლივიე, 1906

ღარიბული სადილი

გარეთ უსაშველოდ წვიმდა. მომძლავრებული ქარიშხალი ხეს ტოტებს აგლეჯდა და ქუჩა სავსე იყო დალეწილი ნამტვრევებით. ქვეითად მოსიარულენი თავქუდმოგლეჯით გარბოდნენ თავშესაფრის საძებნელად.

ბატო-ლავუარის შემოსასვლელ კარებთან იდგა და სახლის სახურავებზე დატანებულ საკვამურებს გაჰყურებდა. გაქუცული პალტო ეცვა. დიდი ხნის დაუბანელი, გრძელი თმები მხრებზე ჩამოშლოდა. ის იყო, უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ უეცრად ქალი შემოვარდა და დღის სინათლით ოდნავ განათებულ დერეფანში შეეჯახა. ქალი ახალგაზრდა ჩანდა, რუხი მოწითალო თმები წელამდე ჩამოშლოდა. ძლივს გამოეღწია თავსხმა წვიმისაგან. ერთიანად გალუმპულიყო. სველი კაბა ფეხებს ეწებებოდა.

დაბნეული იდგა და ქალის გაწუწულ თმებს მიშტერებოდა. ცეცებით მიაგნო სველ ხელებს და ვიწრო დერეფანში ძლივს გაიკვლიეს გზა. როცა თითები მაგრად მოუჭირა, ქალმა წამით შემოხედა და მიმქრალებულ შუქზე ისე მოიხიბლა მისი შავი თვალებით, რომ არაფერი შეიმჩნია. მიდიოდა სიბნელეში და არაფერს უწევდა ანგარიშს. დაუოკებელი ძალა უკარნახებდა, ხელი არ გაეშვა უცხო მამაკაცისთვის.

_ ღმერთო ჩემო, რა თავსხმაა, _ თქვა ქალმა.

_ სიფრთხილე გმართებთ, არაფერს წამოედოთ, _ გაუღიმა პაბლომ.

ქალმა არაფერი უპასუხა. ისევ დააკვირდა უტიფარ თვალებს.

_ ცოტა ხნით არ შემოხვალთ? _ ჰკითხა პაბლომ და თავისი სახელოსნოს კარებთან გაჩერდა. _ ესპანურ აბსენთს დაგალევინებთ. გათბებით. იქნებ ჩემი ნახატები გენახათ.

_ სიამოვნებით, _ უპასუხა ქალმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ და ოთახში შეჰყვა.

იატაკზე უწესრიგოდ ეყარა დაუმთავრებელი ტილოები. მტვერი ედო ჩალის სკამზე დაგდებულ საღებავებს. ჭუჭყიან ფანჯარასთან მიმდგარ ღუმელში ცეცხლი არ ენთო და მაგიდაზე გაყინული ჩაის ჭიქა იდგა.

ქალი მშვიდი, აუმღვრეველი თვალებით მიაჩერდა კედელზე ჩამოკიდებულ სურათს, რომელსაც ,,ღარიბული სადილი” ერქვა. არც ამ სურათის მწარე შინაარსს და არც ოთახის სიმწირეს არ შეუშფოთებია იგი, რადგანაც თვითონ იყო ბატო-ლავუარის, ამ მაგნიტივით მიმზიდველი მექის ბინადარი.

ქალს ამელი ლანგი ერქვა, იგივე ფერნანდა ოლივიე, დიდებული, ბრწყინვალე ფერნანდა, როგორც მას ეძახდნენ ბატო ლავუარის მობინადრენი.

პაბლომ პატარა, გულისფორმიანი სარკე აჩუქა და ასე გახდა იგი ბატო-ლავუარში მისი ბოჰემური ცხოვრების თანამგზავრი.

უმწეო ჭვრეტა

დადგა ზამთარი. ყინვების დაწყებისთანავე ფოთოლთა ცვენაც დამთავრდა. ტროტუარების გასწვრივ მხოლოდ გატიტვლებული ხეებიღა შემორჩა. უნიათოდ ანათებდა ყვითელი მზე. ირგვლივ ცივი ზამთრის ერთფეროვნებამ და უსიცოცხლობამ დაისადგურა. ქუჩებში მოსეირნეთაგანაც შეიფერთხა ქალაქი, სუსხისაგან გათოშილნი, მობუზულნი დაიარებოდნენ.

_ მშვენიერია, _ თქვა პაბლომ. წვრილი ხაზი გააყოლა სურათზე გამოსახულ ქალის პროფილს.

_ გავიყინე. ცოტა ხნით მაინც დავიხურავ საბანს, _ უპასუხა ფერნანდამ. საწოლიდან წამოიწია და გაცრეცილ საბანში ჩაიფუთნა. ჟრჟოლაატანილს კბილები უძაგძაგებდა.

ყინვას მინები შეეჭირხლა. გაუსაძლისმა სიცივემ დაიჭირა ოთახში. ნახშირის ფული არ ჰქონდათ და ღუმელი არ იყო დანთებული.

პაბლომ ხელები დაიორთქლა. ყელზე შარფი მოიხვია და ხატვა განაგრძო. დროდადრო ფერნანდას გასცქეროდა, რომელსაც საბნიდან მხოლოდ თვალებიღა მოუჩანდა. გული მოეწურა მისი უშფოთველი გამოხედვის შემყურეს.

ავადმყოფურად ეჭვიანი იყო, თუ სადმე წავიდოდა, გასაღებით ჩაკეტავდა. ყველაზე აუტანელი მაინც ფერნანდას იძულებითი უსაქმურობა იყო, პაბლო სხვა მხატვრებთან პოზიო¬რობის უფლებას არ აძლევდა.

ქალს ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა იგი და იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ ხელმოკლეობასა და სიცივესაც ავიწყებდა. თვითონაც ადრე მიეტოვებინა მშობლების ჭერქვეშ უზრუნველი ყოფა. მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. შემდეგ იყო კოშმარული ქორწინება, ლესბოსური კავშირი ქმრის ნათესავთან, რომანი მოქადაკე დებიენთან.

არასოდეს დაუჩივლია ულუკმაპურობა, თითქოს შეგუებოდა ახალგაზრდა, უცნობი მხატვრისათვის ჩვეულ სიღატაკეს. თვლიდა, რომ პაბლოს მაგნეტიზმის ძალა გააჩნდა, რომლის მიმართ უძლური იყო და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

მერამდენე დღეა, ფეხსაცმელს ლანჩი გაძვრა. ახალს უფულობის გამო ვეღარ ყიდულობდა. მოენატრა მონმარტრზე გასეირნება, კაფეებში ხეტიალი, მეგობრებიც აკითხავდნენ წასა¬ყვანად. ის კი უტყვი მორჩილივით იწვა გაყინულ საწოლში და ოთახიდან არ გადიოდა.

_ როგორ გაგიმართლა, _ უთხრა ფერნანდამ, _ გარეთ ვეღარ გამესვლება. შეგიძლია, მოუსვენებლივ მხატო.

– ისე ლაპარაკობ, თითქოს ძალიან გიყვარდეს გარეთ გასვლა. შენზე ზარმაცი არავინ მეგულება. ზოგჯერ კვირა ისე გაივლის, სახლიდან ცხვირსაც არ გაყოფ. მთელი დღე დივანზე ხარ წამოწოლილი და ბულვარული რომანების კითხვის მეტს არაფერს აკეთებ.

– შენ კი ოთახში გამომკეტავ, თითქოს ვინმე მომიტაცებდეს. შენს მეტი ბატო ლავუარში არავის აქვს გასაღები. გალიაში დამწყვდეულივითა ვარ.

_ ასე სჯობს, მომავალი დაგიფასებს, _ უპასუხა პაბლომ და ღიმილით შემოხედა.

_ კარგი სიამოვნებაა!

_ სამაგიეროდ…

_ სამაგიეროდ მცივა, შიმშილისაგან კუჭი მიხმება.

_ ცოტაც მოითმინე. თორმეტ საათზე შიკრიკი მოვა საფუნთუშედან.

_ შენ რა, ისევ შეუკვეთე?

_ რა თქმა უნდა.

_ მგონია, რომ დღეს არ დაგვიტოვებენ.

_ რატომ?

_ გუშინდელი არ გადაგვიხდია.

_ არა უშავს. უწინაც ყოფილა ასე. იციან, რომ ერთად გადავუხდი.

_ დარწმუნებული ხარ?

_ სანაძლეოს ჩამოვდივარ, რომ დღესაც დაგვიტოვებენ კარების ქვეშ. სუნამოზე თანახმა ხარ? _ უთხრა პაბლომ.

– არა, ქუდი მირჩევნია. ვიტრინაზე ვნახე ამასწინათ, სულ რაღაც ორ ლუიდორად.

_ აგრე იყოს. კეთილი და პატიოსანი. ახლა უკეთ ხარ?

_ უკეთ. კარებზე დატოვებულ საჭმლით სავსე კალათას ველოდები.

_ მშვიდად იწექი.

_ დიდებული ეშმაკობაა, მაგრამ ნეტა, კარებს დიდხანს არ აკაკუნებდეს. ნერვებზე მშლის.

– თუ არაფერი გამოვა, კეთილი, მდიდარი მეზობლების კარებს ჩამოვუაროთ. შიკრიკები იქ მაინც დატოვებენ რამეს.

– წარმოიდგინე, არასოდეს მიქურდია. რაღა ამ რძისა და კრუასანების ქურდობისთვის დამიჭირონ. ყველას აჯობებს ჩვენი კატა გავუშვათ სანადიროდ. არ გახსოვს, ძეხვები რომ მოგვიტანა წინა კვირას.

– სისხლიანი ძეხვები? რომ წარმოვიდგენ, ახლაც კი გული მერევა.

ერთ ხანს ხმა არ გაუღია. ისევ განაგრძობდა ხატვას. ცდილობდა, არ ეფიქრა აბატისის მოედანზე მდებარე საფუნთუშეს ვალებზე. არაფერია, ვერნერის კაფეს მიაკითხავს კავალოტის ქუჩაზე და ერთ ჭიქა ყავას მაინც დაალევინებენ. ვერნერის გულმოწყალების სჯერა. რამდენჯერ გაუწევია დახმარება ახალგაზრდა, ხელმოკლე  მხატვრებისათვის. ერთ ნა¬ჭერ ყველს წამოუღებს საბრალო ფერნანდას, დღეისათვის არა უშავს, მხოლოდ ამითაც გადავლენ. დილით კლოვის საგოს მიერ შეკვეთილი ნახატიც მზად ექნება და აღებული ფულით ვალებსაც გაისტუმრებს.

კარებზე კაკუნი გაისმა. ოთახიდან ხმა არავის გაუცია. დიდ¬ხანს გაგრძელდა დუმილი. მოლბერტთან იდგა და საბანში გახვეულ, გატრუნულ ქალს გაჰყურებდა.

კაკუნი შეწყდა. ცოტა ხნის შემდეგ სარკმლიდან გაიხედა და როცა შიკრიკი რავინიანის მოედნიდან თვალს მიეფარა, ფრთხილად გადასწია საკეტი.

ცივი ჰაერი შემოიჭრა ოთახში. ყინვისაგან თრთოლამ აიტანა. ქვევით დაიხედა და იმედგაცრუებულს გული მოეწურა. კალათა არ იყო დატოვებული.

ჯამბაზი და ყმაწვილი არლეკინო, 1905

ჯამბაზი და ყმაწვილი არლეკინო, 1905

არლეკინო

გადაიცვა ჭრელი, წითელ-ყვითლად გაწყობილი მოსასხამი, სახეზე აიკრა მასხარის ნიღაბი და გავიდა სახლიდან.

გულს მოეფონა მასხარის სამოსელში გახვეულს. აწ აღარ აქვს დასასრულზე ფიქრი. მაგიური სახეცვლილებით დაამარცხა იგი.

მისტიური ზეიმი სიკვდილზე…

შეუძლია, უჩინრადაც იქცეს და უსხეულოდ იფარფატოს უჩინარს მიღმა. უშიშობა იყო მისი ხატება, განსვლა დროისა და სივრცის გარეთ. მეყსეული გაბრუებით იწყებოდა კატაბაზისი. თითქოს გაქრა ზღუდეთა მიღმა არსებული მწვავე ტკივილი. ჩავიდა ჰადესს და ამ ფანტასტიკურ მორთულობით მოგზაურობს კაცობრიობის ფსიქიურ ისტორიაში. თითქოს ჯუდის თეატრის მსახიობია და ქრისტოფოროსა და პულჩინელის სამოსელში გამოწყობილი დახეტიალობს ქუჩა-ქუჩა, უსახური მაყურებლების გასართობად.

გოზოლი

ანდორის ველის გაღმა მთები იწყებოდა და გზები გაუვალი ხდებოდა. ფერდობებზე აღმავალ ვიწრო, საცალფეხო ბილი¬კებზე მხოლოდ ვირით თუ შეძლებდი ასვლას. ზემო კატალონიის ზედ, მთის თხემზე, გაშლილიყო სოფელი გოზოლი. კვიპარისების უღრანი ტყე ზღუდესავით ეკრა გარს. ზაფხულის მწველი მზე ძლივს ატანდა წიწვოვან ხეთა ფოთლებს.

თითქოს დრო შეჩერდაო, ბუნების შეურყვნელობა იგრძნობოდა ირგვლივ. პასტორალურ სიმაღლეს ჯერ არ შეხებოდა ქვედა სამყაროს გამხრწნელი ქაოსი. გადასული ხანის ლანდები იწვნენ გამეფებულ სიჩუმეში. სიძველის სუნით გაჟღენთილიყო უწყინარი სივრცე.

კლდეზე პირველყოფილი წინაპრების მიერ გამოსახულ პრიმიტიულ ნიღბებს გასცქეროდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა ამ სამყაროსაგან მოწყვეტილ სიმაღლეზე.

,,გალერეა ღია ცის ქვეშ, ზარზეიმურ სიჩუმეში დან¬თქმული”, _ გაიფიქრა და სახეთა ცილინდრულმა, წაწვეტებულმა ფორმებმა მიიპყრო ყურადღება. ახლოს მივიდა კლდის ძირში გდებულ უზარმაზარ ქვასთან, რათა უფრო ნათლად ამოეცნო უცნაური ფიგურები. ჟამს უვნებლად შემოენახა ისინი. წინაპართა მაგიური ძალა გამოსჭვიოდა უწვდენელი სიშორიდან. სამკუთხა, ნიღბისებრ სახეებს შემორჩენოდათ გადასული დროის გრძნეული გზნება.

ქვაზე ჩამოჯდა, ხელით მიეყრდნო ნიკაპს და მონუსხული უჭვრეტდა ათასწლოვან ხელწერას.

,,ქვაზე გამოხატულ ამ ერთ სახედაც არ ღირს მთელი რენესანსი”, _ გაიფიქრა და იგრძნო, თუ როგორ მოყირჭებოდა აკადემიზმი და სენტიმენტალიზმით სავსე ფორმალური სრულყოფა, გულის ამაჩუყებელი გატყლარჭულობა და ლამაზი ხელწერისადმი ელეგიური ცთუნება.

თითქოს შიში იგრძნო. იწყებოდა ახალი, რომელსაც შეუბრალებლად უნდა დაენგრია  ძველი კერპი.

კლდისაკენ გაემართა და ქვევით გაწოლილ თვალშეუდგამ უფსკრულს გადახედა. ყური მიუგდო. ბუბუნის ხმა ამოდიოდა უკიდეგანო ღრმულიდან.

გერტრუდა სტაინის პორტრეტი, 1905-1906

გერტრუდა სტაინის პორტრეტი, 1905-1906

საუკუნის დასასრული

მთელი ზაფხული დაყო გოზოლში. ბედნიერ  ხანად თვლიდა აქ გატარებულ დღეებს. სრულიად შეცვლილი დაბრუნდა პარიზში.

სახელოსნოს კარები შეაღო თუ არა, ოთახში მიმობნეულ ნახატებს შეავლო თვალი.

,,ყველაფერი ეს სენტიმენტებია”, _ გაიფიქრა მან და მიხვდა, რომ დამთავრდა ,,ცისფერი” და ,,ვარდისფერი” პერიოდი. მოსაბეზრებელი ჩანდა მადრანოს ცირკის მსახიობების მოხეტიალე ფიგურები, ხეიბრები, ცისფერი ფერის სევდა, მელანქოლია, სიღარიბე, “აბსენტის მოყვარული”, “ღარიბი მოხუცი და ბიჭი”.

,,თითქოს ყველა ერთ თარგზეა გამოჭრილი, _ ზიზღი იგრძნო ერთფეროვნებისა და შელამაზებული უბრალოების მიმათ, – ეშმაკმაც დაწყევლოს ტრადიციული ხელოვნება, ცვედანი, თესლგამშრალი საუკუნე, უძლურებისგან ერთ ადგილზე რომ იტკეპნება და არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ცოხნოს წარსულის ერთიდაიგივე, დაობებული, აშმორებული საჭმელი”

მასხარად აიგდებენ, შეშლილად მონათლავენ. სიცილადაც არ ეყოფათ მისი სიმახინჯის აპოლოგია. არაფერს შეეძლო მისი შეჩერება ხელოვნების არატრადიციული აღქმის ჯერაც გაუკვალავ ლაბირინთებში. ერთადერთი, რაც გაუცნობიერებელ ტკივილს აყენებდა, მამა იყო. მოაგონდა დონ ხოზეს მოწიწება ველასკესის მიმართ. მისი ,,უბიწო ჩასახვა”, წარმოუდგა თვალწინ და ირონიულად ჩაიცინა.

,,უმწიკვლო ესპანელი გოგონა, რომლის შარავანდედს თორმეტი ვარსკვლავი უნათებს”.

მამამ ველასკესის სანახავად წაიყვანა პრადოს  მუზეუმში, მაგრამ ,,მოგვების თაყვანისცემისა” და ბახუსის მხლებელი ფავნების ნაცვლად ელ გრეკოს მისტიკამ  უფრო მოხიბლა. მამის წინააღმდეგაც რომ წავიდეს, ველასკესისებურად მაინც ვერაფერს შექმნის. ისე ეტაკა ტრადიციული ხელოვნების უარყოფის გაშმაგებული ლტოლვა, რომ დანაშაულის ჯოჯოხეთურ წამებას გადააბიჯა. გვემამ საპირისპირო ქმედება მიიღო, ნარკოტიკივით გააბრუა და ტკივილიც დაუყუჩდა.

გერტრუდა სტაინის დაუმთავრებელ პორტრეტს დაჟინებით ჩააშტერდა მოლბერტზე.

,,გაცილებით მეტია ემოცია და შინაარსი”, _ გაიფიქრა მან და შეეცადა, სრულიად შეეცვალა ჩანაფიქრი. თავდაპირველად არაპროპორციული, სხვადასხვა ზომის თვალები მიახატა. მარცხენა ჭრილი შესამჩნევად შეამცირა, ოდნავ მოჭუტული გახადა. სახეს ნიღბის ფორმა მისცა.

გერტრუდა სტაინი შემდეგ იგონებდა: ,,ვარდისფერი პერიოდი ჩემი პორტრეტით დამთავრდაო.”

,,ჩვენ სრულიად არ გვაინტერესებს ფანჯრის მიღმა დანახული ბაღის ჭვრეტა, არამედ ჩვენი ყურადღება მიქცეულია ფანჯრის იმ მინაზე, რომელიც ბაღს გვაშორებს”

,,ხელოვნების დეჰუმანიზაცია“  გასეტი

მბრუნი მორევი

მოსაღამოვდება და შემოდგომის უღიმღამო ცას შეეპარება ვნებასავით მომწამვლელი სიბნელე. დადგება ყრუ, ყველაფრის დამმალავი, კუპრი ღამე. გაზის ცისფერი ფარნები აინთება აქაიქ და ნახევრად მაინც გამოაჩენს საროსკიპოების ჭუჭყიან უბანს.

დაეხეტება ვიწრო ქუჩების გაუგნებელ ლაბირინთებში. ჩამობნელებულ კუთხეებში მეძავები დგანან და უტიფრად აყოლებენ მრუშ თვალებს. თანდათან ითრევს ვნების თავბრუდამხვევად მბრუნი მორევი. სულსწრაფივით მიიწევს ანდა-მატივით მიმზიდველი, ოხშივარავარდნილი, ცხელი ღრმულისაკენ. გონებისა და განსჯის მეუფება სახურავმორღვეული სახლივით ნაწილ-ნაწილ იშლება და თანდათან ეფლობა თავაწყვეტილი აღვირახსნილობის უკიდეგანო ქაოსში.

საროსკიპოში ქალები ყოველთვის შიშვლები იცდიან. მოწყურებული წყურვილს იკლავს. ვნება დაიცლება და შემოხეტებულს სიცარიელედქცეულ ბუნაგში რა გააჩერებს. უკანმოუხედავად გარბის.

გადაწეულ ფარდებთან დემონები ახლა უკვე სხვებს ელოდებიან…

ავტოპორტრეტი. პიკასო. 1907

ავტოპორტრეტი. პიკასო. 1907

ეშმაკეულის შემლოცველი

დღეს “ველურებსაც” ეწაფებიან: ქვისაგან თუ

ხისაგან გამოჭრილ აფრიკის კერპებს

გაოცებაში მოჰყავთ ამდროული ხელოვანნი.

გრიგოლ რობაქიძე

საბედისწერო აღმოჩნდა ტროკადეროს ეთნოგრაფიის მუზე¬უმში დანახული აფრიკული ნიღბები. ასეთ ნიღბებს აკეთებდნენ დასავლეთაფრიკელი, ფანგთა, დოგონთა, სენუფთა და ბამბართა ველური ტომები.

მაგიურად მოქმედებდა სპილოს ძვლის კუნძულიდან გადმოყოლილი ეშმათა ხატება. შემაძრწუნებელ ზიზღს აფრქვევდნენ ირგვლივ ყოველთა მიმართ მტრულად განწყობილი ნიღბები. თითქოს ისიც გაეხვია დამთრგუნველ ბურუსში, არსებულის მოცემულობისადმი სიძულვილი გადაედო. მაგიური გავლენით დატყვევებულს გაქცევა სურდა, მაგრამ რაღაც ეწეოდა უკან, ადგილიდან არ განძრეულა. თვალგაშტერებით მისჩერებოდა.

საროსკიპოში შეყრილი ათაშანგი სატანის ქმედებად მია¬ჩნდა. გონებაში გაუელვა აფრიკელთა რწმენა; ნიღაბს თვლიდნენ ეშმაკეულისაგან თავდახსნის იარაღად. თუ მის სახეს მიიღებ და რაღაც ნაწილს დაუთმობ, დემონის მეუფებას გადა¬სცემ თუნდაც გაურკვეველ ფორმას, მით მცირედ იქნები დამოკიდებული მასზე. პირველყოფილი წინაპრები ხორციელი ვნებებისაგან თავდასაღწევად ეშმის სახეს აძლევდნენ ქალის სახეს.

მისი სურათებიც იგივე ნიღბებია, შუამავალი მასა და ეშმაკეულს შორის, სულში მოფარფატე უფორმო სატანის მოჯადოების უებარი წამალი.

იგრძნო, რომ ამ პრიმიტიული ნიღბით უფრო უკეთესად დაინახავდა ამ სამყაროს და თანაც, დაინახავდა ისე, როგორც სურდა. შეიძლება უფრო მეტიც ეხილა, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. აიფარებს თუ არა, ტირანი ველასკესიც ერთ პატარა, სასაცილო ჯუჯად მოეჩვენება. მის მიმართ მონური მორჩილების შიში ამ ნიღაბზე გადავა, თავისუფლდები თითქოს. დაკოდვილობისგან თავდახსნის მაგიური იარაღია ეს აფრიკული ნიღაბი. მით უფრო მცირდება მკოდავი ტირანის მეუფება. მთავარია არა პიროვნება, პერსონა, არამედ ნიღაბი – არსება, რომელიც გამოსახავს არა თავის თავს, არამედ რაღაც პირობით მრავალსახეობას.  არა პიროვნება, არამედ მყარი კუბები, მათემატიკური ფორმულები, როგორც სამყაროს ტიპიური უნივერსალური სახე. არა შინაარსი, გადმოცემული ცირკის მსახიობებში თუ ხეიბრებში, არა ადამიანი კონკრეტული სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა მახასიათებლებით, არამედ აბსტრაქტული, სტატიური სახეები, ფიგურების უხეირო, მოუხერხებელი კონტურები, ასიმეტრია, გაწყვეტილი ხაზები, გაფართოებული, უხეშად დაშტრიხული დეტალები, უტრირებული თავისუფალი დამოკიდებულება სივრცესთან და პროპორციებთან, სხეულის არქიტექტურული დანაწევრება, ისე, როგორც ეს აფრიკულ, პრიმიტიულ ნიღბებშია, სადაც თავი ტანისგან დამოუკიდებლად არსებობს. თავი წრეა, ხელები – მართკუთხედი, ზურგი – სამკუთხედი. ფეხები? ფეხები თითქოს სხეულს არც ეკუთვნიან.

აიფარე თვალზე ნიღაბი შავი.

კასაგემასის სიკვდილი. 1901

კასაგემასის სიკვდილი. 1901

სიკვდილის შიში

სანტა კრეუს მორგისაკენ გაემართა. ნაცნობი როსკიპის გვამი ეგულებოდა. ბარსელონელი მეგობრის, ექიმ-გინეკო¬ლოგის წყალობით, ხშირად დადიოდა სანტა-კრეუს საავადმყოფოში, სადაც როსკიპებს მკურნალობდნენ. ჩააცვამდნენ თეთრ ხალათს და უფლებას აძლევდნენ ავადმყოფ როსკიპთა გასინჯვებს დასწრებოდა. პაციენტები ექიმის ასისტენტად თვლიდნენ.

,,სიამოვნება სიცოცხლეზე მეტია, ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს”, – ფიქრობდა იგი გზაში.

სახე აელეწა და იგრძნო, თუ როგორ დასრიალებდა საკუთარ სისხლში ათაშანგი. ამ წუთში არაფერი იყო მისთვის უფრო სანატრელი, ვიდრე ამ უბოროტეს მტერთან გათამაშება. თავი იმით დაიმშვიდა, რომ გოიაც ვენერიული სნეულებით იყო დაავადებული.

ყველგან დაეძებდა სიკვდილის აჩრდილს. სურდა, მოეშინა¬ურებინა. დაუძლეველი შიშისაგან გასანთავისუფებლად სარო¬სკიპოს ათაშანგიან ქალებს სურათზე თავისი თვალები მიახატა.

უნებურად შეყრილი საშინელი სენის შიში ისე ჰქონდა ძვალ-რბილში  გამჯდარი, რომ მარტო ეშმაკეული სახის დახატვა არ იყო მისთვის საკმარისი. ვერც სენ-ლაზარეს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ვერც სანტა კრაუს მორგში ათაშანგიანი ქალის გვამის მონახულება უშველიდა. თვითონ უნდა შეექმნა საკუთარი მაგია და ამ მაგიური ენით გაებრუებინა გასვრილ სულში მყარად დავანებული ეშმაკეული ლტოლვა.

მოუცილებელი წუხილისაგან გასაქცევად დემონებს თავისი შავი თვალებიც კი მისცა. საკუთარი ხორციდან ამოიგლიჯა სნეული ნაწილი და მაგიურ ძალებს გაატანა ცოდვათა განსაქარვებლად.

ავინიონელი ქალები, 1907

ავინიონელი ქალები, 1907

ფილოსოფიური ბორდელი

საროსკიპოდან დაბრუნებულმა კარები ჩაიკეტა და რამდენიმე დღის განმავლობაში არავისთვის გაუღია. აფრიკული შავი ნიღბები აეკვიატა. თითქოს მათი მაგიური ძალა გადმოვიდა და სულიან-ხორციანად დაიმონა, ეშმაშეპყრობილივით ხატავდა. ყოველგვარი შინაარსისაგან განთავისუფლება სურდა. ექიმი-სტუდენტი და მეზღვაურიც გააქრო სურათიდან.

,,შიშველ მეძავებთან ჩაცმული მამაკაცები ისხდნენ. შემდეგ კაცები წავიდნენ. განა ჩვეულებრივ ასე არ ხდება საროსკიპოებში?” _ გაიფიქრა მან და ისევ განაგრძო ხატვა.

გონებიდან ვერაფრით ამოიშალა კალე ავინიონის ბორდელში აკიდებულ სენზე ფიქრი. ათაშანგი გახდა მისი ჯოჯოხეთური წყევლა. სურდა სურათზე გადმოტანა სამეძაო სახლის ათაშანგიანი ჯოჯოხეთი.

დამანგრეველი დეფორმაცია, დანაწევრებული სხეული, აფრიკული შავი ნიღბებივით უსქესონი, დაშტრიხული სახეები, პინოქიოს უსიცოცხლო, სამკუთხა ცხვირი, თითქოს ქვისაა, დიდი, გადმოკარკლული თვალებით, სპილოს ძვლის სანაპიროს ჯადოქმნილი კერპები.

ორმოცი დღეა და ორმოცი ღამე, გადაუღებლივ წვიმს წარღვნის ცოდვა.

,,ავინიონელი ქალების” მაგიური ხელოვნებით თითქოს მოიშორა გახრწნილი სული. უკვე ამოიცნო და გაითავისა მაგიური ბნელთმეტყველება. ამიერიდან თვითონაა დემონიურის შემლოცველი შავი მაგია.

ერთი ხელის მოსმით წაიშალა რაფაელის ნატიფი ხაზები და ველასკესი, მამა. სამუდამოდ დაასამარა დაკარგული უცოდ¬ველობის აღმდგენი ინგლისელი პრერაფაელისტების ხელოვნება.

დანაშაულის შეგრძნებისაგან სულაც არ შეწუხებულა. ზღვარ¬ს¬გადასული ტკივილი ისევ ნარკოტიკივით მოქმედებდა. თვითონაც უკვირდა, თუ რა ადვილად დაილეწა მამის მოჯადოებული გალია. ახლა უკვე გარეთაა. მისი ზედამხედველური თვალთვალიც გაქრა და თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ დაამარცხებს ქენჯნის ტკივილს და არც არასოდეს დაუბრუნდება.

შიშველი სავარძელში, 1909

შიშველი სავარძელში, 1909

კუბები, ბურუსი

გზას გადაუხვია და ველზე გავიდა. ცივი ბურუსი გადაჰ¬კვროდა მიწის ზედაპირს. რაც უფრო შორდებოდა გზას, მით უფრო ეხვეოდა თეთრად ჩამოფენილ ნისლში.

ისე იყო გართული ფიქრებში, რომ ვერც შეამჩნია, როგორ მოიტაცა დახშულმა სივრცემ. განურჩეველი ბურუსი ერტყა გარს. უკვე ვერაფერს ხედავდა.

თვალწინ წარმოუდგა კუბისტური ნახატები და უჩვეულო ფორმებში დაფარული აზრი ირგვლივ ჩამოწოლილ ბურუსს შეადარა უნებლიედ.

დაწყვეტილი ხაზები. კუბები, ცილინდრები. დაშლილი ცენტრი. დემონური სიმახინჯე.

შიზოფრენია.

ინტელექტუალურ-ირონიული ანარქიზმი. გროტესკული ნიღბები.

სიფილიზმი.

ჭლექიანთა სიზმარეული ჩვენებები. ფრაგმენტული დანა¬წევრება.

კუბისტური იდუმალთწერა, სახლების, ტელეფონების გაში¬ფრული ნომრები, შეყვარებულთა სახელების, ქუჩების დუქნების ამოგლეჯილი ნაწყვეტები.

სამყაროს ახალი კონსტრუქტორი სჭირდება. თავიდანაა გადასაკეთებელი.

თავადაა შეუბრალებელი და სასტიკი ღმერთი, რომელსაც სურს, თავიდან გამოჭედოს უცენტროდ განფენილი სამყარო.

ჩემი ლამაზმანი

გერტრუდა და ლეო სტაინების, ამბრუაზ ვოლარის და დანიელ ანრი კანვეილერის გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა პიკასოს ცხოვრება. მათ მისი სურათების ყიდვა დაიწყეს, რამაც საშუალება მისცა ცნობილი პიგალეს მოედნის ახლოს, დიდ ოთახში გადასულიყვნენ. მოახლეც გაიჩინეს. ფერნანდაც უეცრად მადამ პიკასო გახდა.

ერთ საღამოს გერტრუდა სტაინი ეწვია. პაბლო არ იყო სახლში, მოსვლას იგვიანებდა. გერტრუდა ხელჯოხით მივიდა კედელზე ჩამოკიდებულ სურათთან. ტილოს ქვემო კიდესთან წარწერა ამოიკითხა: “ჩემი ლამაზმანი”.

– ჩემი ლამაზმანი? – ჩაილაპარაკა გერტრუდამ, – ისე, რა თოჯინასავით გოგოა არა? სუსტი და ნაზი.

– ჰო, პატარა, მინიატურული ქალია, – უპასუხა ფერნანდამ.

– მომხიბლავია, – თქვა გერტრუდამ და ფერნანდას შემოხედა, თითქოს მის ჩათქვირებულ ტანს ადარებსო.

– რაო დედილო გერტრუდა?

– შენ სრულებითაც არ გგავს.

– პაბლოს მიერ დახატული ყველა ქალი რატომ მე უნდა მგავდეს.

– მგონი შენ არ უნდა იყო პაბლოს “ჩემი ლამაზმანი”.

– მაშინ ვინ უნდა იყოს იგი? – ჰკითხა შეცბუნებით ფერნანდამ.

გერტრუდა სტაინმა მხრები აიჩეჩა და სახელოსნო დატოვა.

ადვილად, ცრემლებისა და წყენის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. პაბლომ ერთი გროშიც არ დაუტოვა, ისე გამოაგდო. თუმცა, სიღარიბე არ იყო ფერნანდასთვის მძიმე განსაცდელი – ამას როგორღაც შეეჩვია. სიღარიბისგან დაღწევის მიზნით, ყველასაგან მიტოვებულმა ფერნანდამ მოგონებების წიგნის წერა გადაწყვიტა. მემუარებიდან ნაწყვეტები პარიზულ გაზეთ “სუარში” დაბეჭდეს. პაბლო განრისხებას ვერ ფარავდა. ოლივიე წერდა ოპიუმის ერთობლივი მოწევის შესახებ, ინტიმურ ურთიერთობებზე, სიღარიბეზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. მემუარებმა სკანდალი მართლაც გამოიწვია, მაგრამ იმდენი ფული მაინც ვერ იშოვა, რომ სიღარიბისგან დაეღწია თავი. მიუსაფრობაში ამოხდა სული. დასაფლავების შემდეგ ფერნანდას ოთახში ძვირფასეულობების შესანახი ზარდახშა იპოვეს. მასში მხოლოდ პაბლოს ნაჩუქარი გულისფორმიანი სარკე იდო.

,,Ma vie est un enfer”

მარსელა ამბერს ,,ჩემს ლამაზმანს” ეძახდა, რადგან ,,ო მანონ, ჩემო ლამაზმანოს” მთელი პარიზი მღეროდა კაფეებსა და წვეულებებზე. პოლონელ მხატვარს, მარკუსისს წაართვა იგი. მეტსახელად ევა დაარქვა, რადგანაც იგი მიაჩნდა მის პირველ და ერთადერთ ცდუნებად.

პარიზის ბოჰემურ ცენტრში, მონპარნასზე დაედოთ ბინა, ლა კუპოლესა და კლოზერი დეს ლილას კაფეებთან ახლოს. ოთახის ფანჯრები ძველ სასაფლაოს გადაჰყურებდა. მოშავბნელებული და სევდისმომგვრელი სანახაობა იშლებოდა წინ. უწინ ამისათვის არც მიუქცევია ყურადღება, სანამ სტუმრად მოსულ გერტრუდა სტაინს ცუდად არ ენიშნა.

ხანმოკლე აღმოჩნდა ამ ლამაზმანის სიცოცხლე. იცოდა, რომ ჭლექი განუკურნებელი დაავადება იყო, მაგრამ მიუხედავად სიკვდილისადმი შიშისა, მაინც შეიყვარა ეს სუსტი, თოჯინასავით პატარა ქალი და არასოდეს ასე არავინ ჰყვარებია.

სერაში და ვილა ლეს კლოჩეტეში გატარებული ბედნიერი დღეები გაახსენდა. მაშინ ჟორჟ ბრაკიც ჩამოვიდა ცოლთან ერთად და მთელი ზაფხული ერთად გაატარეს.

მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს ერთად. ომის პირველ ზამთარს “ჩემი ლამაზმანი” უკვე აღარ იყო ცოცხალი.

მარტოშთენილს გამოცარიელებულად ეჩვენა ოთახი. ამიერიდან აქ აღარ დაედგომებოდა. ფანჯარა გამოაღო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. მუმიასავით გაწოლილი სასაფლა¬ოსაკენ არც გაუხედავს. პირველად იგრძნო იქიდან მომავალი, სიკვდილით გაჟღენთილი ჰაერის უსიამო სუნი.

იმ დღესვე დაცალა გაუსაძლისად სევდისამშლელი ოთახი და მონრუჟში სულსწრაფივით გადაბარგდა.

1904, L'aueugle et la jeune fille, პაბლო პიკასო

ტოტემი მოკვდა

პარიზის ერთ-ერთ კაფეში იჯდა, როცა მამის გარდაცვალება გაიგო. თავდაპირველად ვერც გაიაზრა. ერთადერთი, რასაც ამ წუთებში განიცდიდა, იყო მამისადმი ღალატის გრძნობა. საბოლოოდ ჩამოშორდა ხელოვნების მისეულ ხედვას. არც აღარაფერი დარჩა მამისაგან. მის გვარზეც უარი თქვა. კარგახანია, წარწერა “რუისი” გაქრა სურათებიდან. დარჩა მხოლოდ დედის ქალიშვილობის გვარი – “პიკასო”. თავი არც კი წარმოედგინა პაბლო რუისად, ან დიეგო-ხოზე რუისად, ან ხუან-ნეპომუსენო რუისად. მოსწონდა ორი “ს” ანრი მატისის, ნიკოლა პუსენის, ჰენრი რუსსოს გვარებში.

ეგონა, კაფეში დარჩენა ტკივილებს დაუყუჩებდა. სევდა უფრო შემოაწვა. უარესად იგრძნო თავი.

კაფე თანდათან დაცარიელდა. მაგიდასთან იჯდა და უაზროდ მიშტერებოდა ფანჯრებს მიღმა მდგარ უსაშველო სიბნელეს.

დასაფლავებაზე არ ჩასულა.

დედის პორტრეტი, 1896

დედის პორტრეტი, 1896

დედის რწმენა

დედის აღფრთოვანება ყოველთვის თან სდევდა. ყოველგვარი ეჭვების გარეშე, იგი იყო მისი ცხოვრების მუდმივი განზომილება.

მარია პიკასოს ბრმად სწამდა შვილის.

“მეუბნებიან რომ წერ. ეს მე არ მაოცებს, შენ ყველაფერი შეგიძლია. თუ ერთხელ მეტყვიან, რომ შენ მესსა იმღერე, მე ამასაც დავიჯერებ”

«ჯარისკაცი რომ გამხდარიყავი, გენერლობას მიაღწევდი. მღვდელი რომ ყოფილიყავი, პაპის ტახტამდე ახვიდოდი!»

შესაძლოა ასეც ეთქვა: «მხატვრობას რომ გაჰყოლოდი, პიკასო გახდებოდი უცილოდ!»

კბილებიანი საშო

შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო. თვალებს რული არ ეკიდებოდა. გვერდით მწოლიარე მეუღლის კედელზე გამო-სახულ აჩრდილს მიაჩერდა. შიშველ ლამაზმანს საბანი არ ეხუ-რა. ფეხები ფართედ გაეშალა და პირგაღებულს ჩასძინებოდა.

,,მტაცებელი გრძნეული გორგონა!” _ გაიფიქრა მან და გაახსენდა რომში გასტროლებზე მყოფი სერგეი დიაგილევის საბალეტო დასთან გატარებული დღეები. ერიკ სატის ბალეტ “აღლუმისთვის” ფარდა უნდა მოეხატა პომპეის სტილში. შეხვედრისთანავე შეუყვარდა მორცხვი და გაუბედავი უკრაინელი მოცეკვავე. მის დახვეწილ მანერებში მაღალი სოციალური მდგომარეობის ოჯახში მიღებული აღზრდა იგრძნობოდა. სპექტაკლების შემდეგ, მთვარიან ღამეს, ხშირად სეირნობდნენ რომის ქუჩებში. დიაგილევმა თავი მოვალედ ჩათვალა, რომ გაეფრთხილებინა: “ფრთხილად იყავი, ოლგა რუსია, რუსებთან ხუმრობა არ გაგივა, მათზე ქორწინდებიან”.

ერთ დღეს თავის სახელოსნოში შემოიპატიჟა. დამშვიდობე-ბისას ოლგა კარის ზღურბლთან წაბორძიკდა, ფეხი იღრძო. პაბლო დაიხარა და ხელი სთხოვა: “დამნაშავე ვარ, და რადგან ჩემს გამო ვეღარ იცეკვებთ, ვალდებული ვარ თქვენზე ვიქორ-წინო”. რუსეთის მეფის არმიის პოლკოვნიკის, ხოხლოვის ქა-ლიშვილი ათი წლით უმცროსი იყო მასზე. გაკვირვებას ვერ მა-ლავდა, როცა გაიგო, რომ თეატრის ბოჰემურ სამ¬ყაროში მოტ-რიალე ოლგა მტკიცედ ინახავდა უბიწოებას. ამ ახალგაზრდა, უმანკო ქალიშვილის ცხოვრებაში პირველ მამაკაცად თვლიდა თავს, რითაც განსაკუთრებულ სიამაყეს განიცდიდა.

ბარსელონაში წაიყვანა დედის გასაცნობად. დონა მარიამ გულთმისნობა გამოავლინა და პირველი ნახვისთანავე ამო¬იცნო სარძლოს მკაცრი და ჭირვეული ხასიათი. უიღბლო ქორწინებას უწინასწარმეტყველებდა.

,,იგი მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არასოდეს არავის ემორჩილება”, _ პაბლოზე მიანიშნა დედამ მომავალ რძალს, მაგრამ მათი დაშორება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ოლგას მაგიური ზემოქმედება მოეხდინა მასზე.

მართლმადიდებლურად დაიწერეს ჯვარი, დარიუს ქუჩაზე, რუსულ ეკლესიაში. პაბლო ათეისტი იყო, მაგრამ ასეთ მსხვერპლზე ოლგას თხოვნით წავიდა. თაფლობის თვე ბიარიცში გაატარეს. ქორწინების შემდეგ ოლგამ თავი დაანება ბალეტს. ესპანურის სწავლა დაიწყო, რომ პაბლოსთვის მშობლიურ ენაზე ელაპარაკა.

ბოენის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში დაბინავდნენ. პირველი სართული პაბლომ სახელოსნოდ გადააკეთა, მეორე სართული კი მთლიანად ოლგას გადასცა. საძინებელ ოთახში ორი დიდი საწოლი იდგა. რატომღაც ცუდად ენიშნა, შეიძლებოდა ერთი, დიდი საწოლი მდგარიყო, სადაც ორივენი დაეტეოდნენ. ოლგამ თავის სართულზე კლასიკური სალონი მოაწყო, პორტიერებით, სარკეებით. პაბლომ მანქანა იყიდა, მძღოლი იქირავა, ძვირადღირებულ კოსტიუმებში გამოეწყო. მალე ვაჟი შეეძინათ, პატარა პოლი, რომელსაც აღმერთებდა, ავადმყოფური ჟინით ხატავდა.

“აუტანელი გახდა ამ ბოლოხანს. დაიჟინა, რომ აუცი¬ლებლად ვიღაც გაქსუებული ბურჟუის წვეულებაზე უნდა წამიყვანოს. მისი ბედნიერება პარიზის მაღალ საზოგადოებაში ტრიალი, იდეალური წესრიგი და  ტრადიციებია. საშინელებაა ამ გაბღენძილების ცქერა, გულს მირევს. დროის ფუჭი ფანტვაა. ეს ლივრეებიანი მძღოლები მაინც რაში აიხირა. გახვალ სახლიდან და შემოსასვლელ კარებთან ლივრეებში გამოწკიპული მძღოლები გელოდება. მომყირჭდა მისი კლასიკური არისტოკრატიზმი, ბურჟუაზიული რესპექტაბელობა. ასე მითხრა, შენ ხომ მხოლოდ შმორიანი ბატო ლავუარელების გჯერაო. ჯერაც ვერ გამოხვედიო მაგ აღვირახსნილთა მექიდან. ეჰ, ჩემი ბოჰემური ცხოვრება ევა გუალთან ერთად დასრულდა. ეშმაკივით შემომეპარა სიმდიდრე, აღიარება და ოლგას სალონის გაბღენძილ ბურჟუად ვიქეცი”. _ ფიქრობდა იგი. ბატო ლავუარის მორყეული სახლი მოენატრა, სადაც ყველგან ცივი ქარი ატანდა და ერთი გაქუცული პალტო ეცვა.

“ცოფიანი ვამპირი. რას ვიფიქრებდი, მისი უცოდველი კოცნაც შხამიან კბენად იქცეოდა”, – ჩაილაპარაკა მან და საბოლოოდ დარწმუნდა, ცოლქმრული სიყვარულის სიცრუეში. ადრე თუ გვიან ქალი სისხლისმწოველი ურჩხულის სახეს იღებს და ოჯახის ჭერქვეშ ჯოჯოხეთური ყოფის მეუფედ ხდება.

კედელზე გამოკვეთილ მეუღლის ლანდს პირი დაფჩენოდა და მჭრელი კბილები არაბუნებრივად წაგრძელებოდა. კაციჭამია საშოსაც კბილები გამოესხა. მაცდურის ორალურ-ვაგინალური აგრესია მუსრს ავლებდა შემოქმედის გაფაქიზებულ ხედვას. გაცოფებით ითრევდა ყოველთამშთანთქმელი სისხლიანი ღრმული.

ჯალათადქცეულმა ქალმა გამოწოვა შთაგონების წყარო. გადაუწვა მასულდგმულებელი ნერვი და გამოცარიელებული დატოვა ეშმაკეულით დაბრმავებული და დადამბლავებული.

,,სიყვარული?! ინსტინქტურად დაგებული მახე, ჭუჭყიანი მგრძნობიარობა და გაბრუებულის მოუთოკავი ლტოლვა კბილებით აბურძგნილი საშოსადმი”.

მეგერა

ოლგა მისი პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ცოლი იყო. პაბლომ სთხოვა, რომ ოფიციალურად გაყრილიყვნენ, მაგრამ ოლგა უარზე იყო, თვლიდა, რომ ჯერ კიდევ უყვარდა იგი. ერთხელ მეგობრებმა რესტორანში მოაწყვეს ორთავეს შეხვედრა, იმ იმედით, რომ შერიგდებოდნენ. მაგრამ უშედეგოდ.

– მე ისევ მიყვარხარ პაბლო, – უთხრა ოლგამ, – შემიძლია ყველაფერი დავთმო ეს სიყვარული რომ შევინარჩუნო.

– შენი სალონის ბურჟუებსაც დათმობ?

– პაბლო! ძალიან გთხოვ!

– ჩვენ არამარტო ჩვენი სახლის ორ სხვადასხვა სართულზე ვცხოვრობთ, არამედ სრულიად სხვადასხვა სამყაროში. ძალი¬ან გაგვიჭირდება.

– შენთან გაცნობის ორი წლის შემდეგ მივხვდი, თუ რა შეცდომა დავუშვი.

– ეს შენ დაუშვი შეცდომა, თუ მე?

– შენთვის ისევ ჭვარტლიანი ბატო ლავუარია საოცნებო ადგილი.

– ჭვარტლიანი? ჭვარტლიანები შენს სალონში მოიკითხე!

– პაბლო! მე მაინც მიყვარხარ!

– შენ გიყვარვარ ისე, როგორც უყვართ ქათმის ხორცის ნაჭერი, ძვლებამდე რომ ცდილობენ შესანსვლას.

პაბლომ მუშტი დაარტყა მაგიდაზე, უკანმოუხედავად დატოვა კაფე.

ადვოკატებმა მიაღწიეს პაბლოს რამდენიმე სურათის დაპატიმრებას, იმ თანხის სანაცვლოდ, რაც მას უნდა გადაეხადა ოლგასთვის. იმ დღიდან პაბლომ სამუდამოდ შეიძულა იგი. მაგრამ ოლგა ცდილობდა არ გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან. გაყრის შემდეგაც დასდევდა მას, შეეძლო საათობით ევლო მის უკან, ქუჩაში, მორიგ საყვარელთან ერთადაც.

იმდენად ძლიერი იყო ოლგასადმი სიძულვილი, რომ ცდილობდა როგორმე სამაგიერო გადაეხადა. ფსიქოლოგიზმში გადავარდა, საზარელი, ანარქიული, ზოგჯერ სადისტური პორტრეტების მთელი სერია შექმნა, სადაც ოლგას ურჩხულის სახე ჰქონდა, გამომშრალი ძუძუებით, არაბუნებრივად დიდი, ფართო სასქესო ორგანოებით.

ოლგას განუკურნებელი სენი შეეყარა და სიმსივნით გარდაიცვალა ქალაქის საავადმყოფოში. დასაფლავებაზე მოვიდნენ მხოლოდ მისი ვაჟი და რამდენიმე მეგობარი. პიკასო ამ დროს პარიზში იყო და “ალჟირელ ქალებზე” მუშაობდა, დასაფლავებაზე არ ჩამოსულა.

სასოწარკვეთილი სიშიშვლე

მატადორზე მეტად ხარი მიაჩნდა ცნობიერს ქვემოთ დაფარული გრძნობების ცოცხალ სახედ. შეჰყურებდა არენაზე აღტყინებული ხალხის თავშესაქცევად გამოყვანილ ხარს და თითქოს თვითონ შიშვლდებოდა ყოველთა წინაშე.

ხელოვნება ექსგიბიციონიზმია თავად, კორიდის ავანსცენაზე გამოყვანილი განწირული ხარის სასოწარკვეთილი სიშიშვლე. ყოვლისშემძლე მატადორის ხელშია მისი ბედისწერა. თავმოყვარე, განსწავლული მატადორი წითელი ფერით ადვილად ატყუებს ინსტიქტურ და უმართავ ხარს.

მცხუნვარე, წითელი მზით გათანგული ქვესამყარო მორჩილად მიდიოდა მსხვერპლშეწირვის სასაკლაოზე.

ვალკირია

იანვრის ერთ ჩვეულებრივ, წვიმიან დღეს სრულიად უცნობ, ჩვიდმეტი წლის მარი ტერეზას შემთხვევით გადაეყარა მაღაზია გალერი-ლაფაიეტის წინ. მაშინ იგი 50 წლის იყო.

– მე მსურს თქვენი პორტრეტი დავხატო, მე – პიკასო ვარ.

– პიკასო? ეს სახელი არაფერს მეუბნება. არასოდეს მსმენია თქვენს შესახებ. არ გიცნობთ. ალბათ ერთი ჭკუანაღრძობი მხატვარი ხართ!

– მენდეთ, ჩვენ ორნი ბევრ შთამბეჭდავს შევქმნით, – უთხრა მან უწყინარ ახალგაზრდა ქალს და სახელოსნოში წამოიყვანა, თუმცა მისი ზღურბლი არავის გადმოელახა.

ქალმა გადასწია ფარდა და ბოჰემური ყოფის მომაჯადო¬ებელი ჰაერი ეკვეთა. გაითვალა ხარის დუჟმორეული მზერით და თავდავიწყებით გადაეშვა სიყვარულის მორევში, რომლიდა¬ნაც არასოდეს ამოსულა. სამუდამოდ იქცა მის მენატურე მონად.

მალე ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მაია დაარქვეს. გოგონა ჩაწერეს როგორც უცნობი მამის ქალიშვილი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ოლგასთან გაყრილი და პაბლო არწმუნებდა, რომ როგორც კი ეს მოხდებოდა, მაშინათვე ცნობდა ქალიშვილს. მაგრამ გაყრის შემდეგაც ვერ მიიღო მაიამ მისი გვარი, თუმცა დათანმდა, რომ ნათლიმამად დარჩებოდა.

მარი ტერეზა უპრეტენზიო იყო. არასოდეს მოუთხოვია მისგან რამე. პაბლო მას ქალებს შორის ყველაზე საუკეთესოს ეძახდა.

მისი გაცნობის შემდეგ ტილოებზე ისევ გაჩნდა ქალის მრგვალი, მკვრივი ძუძუები, მოღიმარი სახეები, ხოლო დეფორმირებული ფიგურები ისევ ასხივებდნენ გრძნობიერ სიხარულს.

უბედურად დასრულდა მარი-ტერეზას სიცოცხლე. პაბლოს გარდაცვალება ვეღარ გადაიტანა და ოთხი წლის თავზე, 1977 წლის 20 ოქტომბერს, საკუთარი სახლის გარაჟში, ხმელთაშუაზღვის ქალაქ ჟუან-ლე-პენში ჩამოიხრჩო თავი.

მინოტავრი

შეუბრალებელი სიყვარულის  სისასტიკეს სულაც არ თვლიდა შეშლილობად. ულმობელი ბედი მის ნებელობას აღემატებოდა. იგი მიაჩნდა ყოველთა გამგებლად, რადგან გულქვა ქიმერასავით მოსდევდა უკან და ალესილი ცელით აცილებდა ცხოვრების გზაზე მომავალ ყოველ შემხვედრს. ბევრი შეიყვარა ჭეშმარიტი სიყვარულით, მაგრამ ვისაც შეხვდა, ადრე თუ გვიან, ყველა გაანადგურა. ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. თითქოს სამსხვერპლო კერპს უნდა შეწირვოდნენ.

სენ ჟერმენის ქუჩაზე, კაფე “ორ მაკაკაში” იჯდა პოლ ელუართან ერთად. წინა მაგიდასთან შავგვრემანი ქალი იჯდა, ხელები დაედო და დანას ატარებდა გაშლილ თითებს შორის. უცებ დანა კანს შეეხო და სისხლიც წამოუვიდა, მაგრამ ქალი ტკივილს სრულებითაც არ გრძნობდა. ქალმა მწვანე, ფართო თვალებით შემოხედა და მის მზერაში სულის დაჭიმული სიმები ამოიცნო. იგრძნო, როგორ ამოხეთქა დათრგუნვილმა ძალამ, საკუთარ თავში სიცოცხლის ახალი ჩანასახი ჰპოვა და უჩვეულო, ჭაბუკური სისხლის ჩქროლვამ აიტანა.

დორამ ხელთათმანები გაიკეთაA

– თუ შეიძლება ხელთათმანი მისახსოვროთ? – უთხრა პაბლომ და ჯიქური მზერით მიაშტერდა.

– სიამოვნებით, – უპასუხა ქალმა, მოიხსნა ხელთათმანი და პაბლოს გადასცა.

სიკვდილის ბოლომდე ინახავდა პაბლო ქალის სისხლიან ხელთათმნებს შუშებიან კარადაში.

ოლგას მიერ მერი ტერეზაზე ეჭვიანობით გატანჯულმა სულიერი წამების შემსუბუქებად მიიჩნია დორა მაარის გამოჩენა. იგი არ იყო მხატვართა ბოჰემური სამყაროსათვის დამახასიათებელი უბრალო ახირება, ან ქარაფშუტული ჟინი. განთავისუფლების წყურვილი იყო თავი და თავი, საყვარელი ქალისადმი ღალატის მძიმე ტვირთის მოხსნა, ქალისადმი, რომელმაც პირველი შვილი მისცა და მამობრივ გრძნობას აზიარა.

ეჭვიანი მეუღლისა და მობეზრებული საყვარლისაგან გაქცევის სურვილმა ისე შემოუტია, რომ რამდენიმე დღეში პარიზი დატოვა და დორასთან ერთად მუჟენეში გაემგზავრა.

სიურეალისტებთან სიახლოვეს ირაციონალურისადმი ფანატიკურ ტყვედ ექცია დორა. მისი გაორებული სულიერი სამყაროდან შეშლილობის ნაპერწკლებიც შემოანათებდნენ. თვითონაც ხელოვანი იყო, მაგრამ ადრე მიხვდა, მისგან მხატვარი ვერასოდეს შედგებოდა და ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.

ჯალათმა ბედმა ისევ გამოაჩინა მომაკვდინებელი კლანჭები. შეუბრალებელი მინოტავრისაგან გაინავსა დორა. თავაგლეჯილი მხედარივით ბრმად მიექანებოდა სიგიჟის ჯოჯოხეთისაკენ. ისიც განწირულია დასაღუპავად. უნდა განადგურდეს და მსხვერპლად შეეწიროს სასტიკ კერპს. ყოველთამშთანთქმელმა მინოტავრმა სახიდან ააგლიჯა დამცავი ნიღაბი და მთლად გააშიშვლა ქალის დახლეჩილი სულიერი სამყარო. ნიღბის ახდით უფრო დაიშალა ბლანტი და უფორმო მასა. უკიდეგანო სივრცეში ქაოტურად გაიბნა დარღვეული ნაწილები.

მტირალა ქალი

სიწყნარეს დაესადგურებინა მუჟენეს განაპირას გადაშლილ უკაცრიელ ველზე. ნიავიც არ იძვროდა სიცხით გალექილ ცისქვეშეთში. თვლემდა მყუდრო მიდამო.

მოშორებით იდგა და სულგანაბული გასცქეროდა ქვიშაზე გაწოლილ დორას მომნუსხველ სიშიშვლეს. გაუცნობიერებელი მღელვარება იგრძნო.

დორა ჩაფიქრებით მისჩერებოდა დამატყვევებელ დადუმებულ სივრცეს. უსაშველო დარდი გამოკრთოდა თვალთაგან. მოუშორებელი სევდა შემოსწოლოდა. მოწყენილობისა და სასოწარკვეთილობის ჟამს აქ უყვარდა განმარტოება. გაშორდებოდა ამქვეყნიურ ამაოებას და სიცარიელეში იკლავდა მარტოობის წყურვილს.

ცაზე ღრუბლის ფთილაც არ ჩანდა. თითქოს მიწყდა ხმაური, ჭაჭანება არ ისმოდა არსაითგან. იდუმალებას მოეცვა ტიტველი ველი.

დორას ჭვრეტით გართულს უეცრად ტირილი შემოესმა. ის იყო, წამოდგომა დააპირა, რათა ახლოდან შეეხედა, მაგრამ თავი შეიკავა. სურდა, არ დაერღვია ქალის მიუსაფრობით აღტკინება, თავისუფლება მიეცა მისთვის, ჩაურევლად ეცქირა შორიდან.

ხმამაღლა ტიროდა დორა. გაფითრებულ სახეზე თვალები შეშლილივით უელავდა. მის ქმედებაში ყოველი კუნთის ისეთი დაძაბულობა გამოიჭვიოდა, თითქოს თავბრუდახვეული ტორტმანებდა ხახადაფჩენილი უფსკრულის პირას და ნეტარებას განაცდევინებდა წონასწორობის დაკარგვის შიშით გამოწვეული ტანჯვა. შესაზარი შესახედავი იყო დაუმორჩილებელი ისტერია.

აღარ შესცოდებია შეუბრალებელ ჯალათს. მიმზიდველად ეჩვენა მრისხანებისაგან დაღმეჭილი სახე. მშვიდად შესცქეროდა საყვარელი ქალის თავაწყვეტილ გაფოთებას. აღარც მისი გამწარებული ღაღადისთვის შეუხრია წარბები. ცხოველური გზნება დაეუფლა სასომიხდილ ღრიალზე. მსგავსი არასოდეს გაუგონია. შეძრწუნებული ყურს უგდებდა გაფოთებულ ხმას. მაგრამ ამ შეძრწუნებაშიც იგრძნობოდა სიტკბო. თითქოს თვითონაც განუცდია წინათ. სულის სიღრმეებში მივიწყებული ვნება ამოუტივტივდა.

დორა შეუჩერებლივ ღრიალებდა. გაეშიშვლებინა სულის ყველაზე იდუმალი შრეები და კაცთა მოდგმისადმი გაუგონარ ზიზღს აფრქვევდა. სიმწრის ცრემლებმა ნახეთქებად აქციეს სისველით დალბობილი სახე. კალაპოტი მიეცათ ცრემლის დაუშრტობელ მდინარეებს. ასკდებოდა დაოსებულ თვალთაგან გაუთავებელ კურცხალთა დინება. დალპა გალახული სხეული. ნაწილ-ნაწილ დაიშალა დახვრეტილი თავის ქალა. დაჭიავებული თვალები ამოცვივდნენ ბუდეებიდან. ალესილ ხანჯლად იქცა ხახიდან აწყვეტილი, უშველებელი ენა. კბილები წვერწამახული ლურსმნებივით ჩამწკრივებულიყვნენ და დუჟმორეულნი ელოდებოდნენ დამღუპველი ჯალათის სისხლს.

სასიკვდილოდ ვეღარ გაიმეტა სატანური გენიის ჯალათი. მჭრელი ლურსმნები ადგილზევე გაქვავდნენ. ბასრმა კბილებმაც მოიკლეს სისხლის წყურვილი.

დორამაც ვერ შეძლო მინოტავრის მოთვინიერება. ვეღარ გაუძლო გამანადგურებელი დემონის მიერ მისი სულის ნაკუწ-ნაკუწ ჩეხვას. ძლივს გაასწრო, გამოექცა მომაკვდინებელ კლანჭებს. სრულიად დაშლილმა და დარღვეულმა სულით ავადმყოფთა თავშესაფარში პოვა სასუფეველი. გაუსაძლის სივრცეში ქაოტურად მიმობნეულ ნაწილებსაც არ სურდათ შეერთება. უგზოუკვლოდ გაქრა ამა სოფლიდან, თითქოს არც ყოფილა არასოდეს.

ესპანეთი – სისხლის წყურვილი

კორიდაზე მატადორი ეგდო. ხარს ალესილი რქებით მუცელი გაეფატრა და ნაწლავები ამოეყარა. დუჟმორეული მიშტერებოდა მსხვერპლს, გაცოფებით ირქინებოდა.

გაიფხრიწა სხეული. მეწამულმა სისხლმა ამოხეთქა დახლეჩილი ძარღვებიდან. მწყურვალივით დაეწაფა ხარი გადმომსკდარ სასიამო სითხეს.

შეირყა სასეიროდ მოსული აღტყინებული ხალხი. თავბრუ დაეხვა სისხლიანი სცენის შემხედვარეს, ბლანტი სუნი მისწვდა გაფაქიზებულ ყნოსვას და სანეტაროდ გააბრუა.

ტორტმანებდა სისხლის ცქერით ბანგმოკიდებული ბრბო. მყარი საძირკველიც გამოეცალათ ფეხქვეშ. უწონად სივრცეში იწყეს ლასლასი.

სისხლით მოითხაპნა მინდვრის მწვანე ზედაპირი. შესა¬ზარად აღრიალდა ბრბო. მოარღვიეს სცენის ზღუდე და გადა¬ეშვნენ. სულსწრაფივით ეძგერნენ სისხლის ტკბილ წვეთებს.

თევზის სიკვდილი

ზაფხულის წყნარი და თბილი საღამო იდგა ანტიბში. გაუსაძლისი სიცხის შემდეგ ოდნავ აგრილდა. აგვისტოს სავსე მთვარე მოყვითანო სხივებს აფრქვევდა არე-მარეს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უამრავი ხალხი იყო გამოფენილი.

ჩრდილოეთით, ევროპის შუაგულში, მოსალოდნელი ომის სუნი ტრიალებდა. ბევრი გამოქცეოდა დამღლელ შიშს და საფრანგეთის სამხრეთში განეზრახა დასვენება.

ნაპირთან დორა და ჟაკლინი იდგნენ და მეთევზეებს მისჩერებოდნენ.

_ აი, უკვე მთელი საათია თევზი ანკესს არ ეკარება , ვერაფერს გავხდი, _ თქვა მეთევზემ.

_ მერე რა უნდა ქნა? _ ჰკითხა ჟაკლინმა.

_ არაფერი. უნდა ველოდო. იქნებ, ამ ლამფის შუქმა მიიტყუოს.

_ შუქი იზიდავთ. სინათლეზე მალე ითანგებიან და დაბრმავებულებივით დაცურავენ, _ თქვა მეორე მეთევზემ.

_ რაკი ეგრეა, ვნახოთ, _ უპასუხა დორამ.

_ რატომაც არა, _ თქვა პირველმა მეთევზემ. ნაპირთან მდგარ ქალებს თვალს არ აცილებდა. ჟაკლინმა თითქოს იგრძნო გამომწვევი მზერა, თავი გააბრუნა და  წყალთან მორიალე მწერებს მიაჩერდა, რომლებიც უნებლიეთ მიელტვოდნენ ლამფის შუქისაკენ და იქვე იღუპებოდნენ.

მეთევზე წამოდგა და ნავის მეორე ბოლოსაკენ გაემართა. ქორულად ჩააშტერდა შუქზე მოლაპლაპე იისფერ წყალს.

დორა  დადუმებული იჯდა ველოსიპედზე.  სიცხისაგან გა¬სა¬გრილებლად ნაყინს ისე მიირთმევდა, თითქოს ფუტკარივით ნექტარს წუწნიდა ყვავილთა ბუტკოებიდან.

მეთევზემ დაინახა, როგორ ამოსხლტა შუქით დაბრმავებული თევზი და წყლის მოსარკულ ზედაპირზე გასრიალდა. წვერწამახული ისარი მოიმარჯვა და წყლის მინიშნებულ ადგილას ჩასცა. მერე ზღვის სიღრმეში ჩაიხედა, სადაც წაწვეტებული ისარი იყო ჩაშვებული.  მსხვერპლი სწორედ იქ ელოდა.

_ რა მძიმეა, _ თქვა მეთევზემ, ორივე ხელით ისარს ჩაეჭიდა. მტაცებელივით მოტრიალდა და წყლიდან უშველებელი თევზი ამოათრია.

_ რას იტყვი, როგორია?

_ კარგი რამეა, _ მიუგო მეორემ.

_ ჯერ კიდევ ცოცხალია.

მეწამული სისხლი მოწვეთავდა ისარზე გაკრულ თევზიდან. შემდეგ ჩამოხსნა, მჭრელი დანით გამოფატრა. თხელ-თხელ ფენებად დაჭრა და ფიცარზე დააწყო.

მეორე დღეს მთელ ქალაქს მოედო პოლონეთზე თავდასხმისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ამბავი.

მანათობელი სანთელი

განუწყვეტლივ რეკდა სანტა მარიას ზარები. მოხუცი მღვდელი ასულიყო სამრეკლოზე და განკითხვის ჟამის დადგომას ამცნობდა ქვეყნიერებას. ჯოჯოხეთის შიკრიკებად მოფრინდნენ. წრე მოხაზეს გაფოთებულ ცაზე. წამოვიდა ყუმბარების უსაშველო წვიმა. ატყდა საშინელი გრუხუნი.

სატანური სიცილით წკრიალებდა ბომბების ცვენის გამჭო¬ლი ხმა. ცეცხლი მოედო დედამიწის პირს, ალის დანისპი¬რული, მჭრელი ენები ავარდა ზეცას. ჯოჯოხეთური წყვდიადი გადაეფარა კვამლით გამურულ სამყაროს.

დაიბობმა ადამიანთა შესაფარი. ნაწილ-ნაწილ ცვიოდნენ მონგრეული კედლები. ქვეშ მოიყოლიეს უმწეოდ დარჩენილი მობინადრენი. იწვოდა ალმოკიდებული სახლები. იწვოდა კედლებში ჩაჭყლეტილი გვამები.

ახრჩოლდა ჰაერი. მომწამვლელი სუნით გაიჟღინთა გადაბუგული სივრცე. მოუხშირა ბომბთა ცვენამ. მოხეთქავდა მფრი¬ნავი სატანის პირიდან გამანადგურებელი რკინის შხამი. დაითხარა მიწა.

შავი გესლი აწვიმდა ქალაქს. კოშმარული სიბნელე იწვა დანაცრებულ მიწაზე. იდუმალი მთვარეც გადაეფარა კვამლის მრუმე სამოსს. თვალდათხრილივით გაყურსულიყო წაბილწული ცა.

სისხლისფერი თვალი მოავლო მღვდელმა ფერფლადქცეულ გერნიკას. არავინ ჩანდა სულიერი. სიცოცხლის ნიშანწყალი არ აჩნდა ნაქალაქარს. დასახიჩრებული გვამები ეყარა ჩამოქცეულ ნანგრევებზე. მომაკვდინებელ ყუმბარას დაეხლიჩა ახალშობილი. სხეულის ნაწილები მიმოფანტულიყო უწესრიგოდ. სისხლის ჯერ კიდევ თბილი შხეფები შერჩენოდა კედლებს.

ტარტაროზთა ბოროტებით გონდაკარგულმა ისევ მოავლო ხელი ზარებს. დაარისხა.

გაიხვრიტა გაუპატიოსნებელი გვამებით გადახერგილი სასაფლაოს სიყრუე. იმძლავრა ზარების გრგვინვამ. შეირყა მოჩვენებითი სიჩუმე. მავედრებელ საგალობელად ჟღერდა ზარების აწყვეტილი ხმა.

ფერფლის ტუტისფერ ველზე ბებერი, ტოტებშელეწილი ხე ენიშნა. ვითარცა ჩაუმქრალი სანთელი, ამართულიყო ბოროტებით ნაჯალათარ სატანის საუფლოში.

ლოცვანივით რეკდნენ ზარები. იდგა ხე, როგორც სიცოცხლის ერთადერთი სახება და  უპატრონოდ შთენილ, ლეშადქცეულ უკუნეთს ანათებდა.

გერნიკა

სამყაროს კიდეგანის ოთხივ მხრიდან წამოსულა მრუმე წიწამური. ფრთაგაშლილი მორონინობს, ფრთებს მოავლებს ჯერაც თეთრად მქროლავ სივრცეს. გრძნეულივით აჯადოებს და შავი მჭვარტლით იფარება უცოდველი სითეთრე.

საცთური სატანის კუპრისფერი, გრძელი ნაწნავები დაფრინავენ ხმაგაკმენდილი სამყაროს აღმა-დაღმა. აწეწილი თმები სულსწრაფივით მოჰქრის და თან მიაქვს ამ სამყაროს შეურყვნელი სული.

შავი ნისლის ბორიოში გახვეული აიჭრება თეთრი ცხენი. ფაფარს დაბოღმილი აშლის, გაშტერებით იხედება უსინათლოდ გარდაქმნილი ჰორიზონტის გარეშემო. გაუვალი უკუნეთი გართხმულა კიდით კიდე. დიდრონ, წყლიან თვალებს ებლანდება უცნაურად მოცეკვავე მრუმე ფერი. იქნებ მზის დაბნელებაა უცაბედი?! სული ეხუთება, სურს გაექცეს დახშულ სივრცეს. სასოწარკვეთილ ჭიხვინსაც არავინ ჰყავს მოპასუხე. გაყურსულა შავი ბოლით დახუთული სამყარო. კუპრი წიწამურით გაიმურა თეთრი ცხენი. სიშავეში უკვალოდ ჩაინთქა, დაიკარგა მის სითეთრით მნათი სივრცე და თითქოს აღარც იყო არასოდეს, ისე გაქრა.

ცხენის უსასოო ჭიხვინს უკან მოსდევს სულთამხუთავი ჰაერით მოწამლული ქალი. ნაიარევ ფეხებს ითრევს, მოიქანცა. ფეხებიც ჯოჯოხეთად გადაექცა, სირბილისგან დაუსივდა და თითქოს უზარმაზარ მთებს მოათრევსო, ქანცგაწყვეტილი მიფორთხავს დაოსებულ მიწაზე.

,,ღმერთო ჩემო, ეს ფეხებიც მომაჭერი. ვეღარ მოგსდევ, სული გადამელია ამ ჯურღმულებში. ვერაფერს ვხედავ, შენც ვერ გხედავ, თვალთ სინათლე დამეკარგა. ხელებს ვაცეცებ, იქნებ გიპოვო სადმე. უსასოოდ გავრბივარ უკუნეთში, თვითონაც არ ვიცი, საითკენ, სად? ასე არასდროს მიგრძვნია უშენობა. იქნებ განკითხვის დღეა და მეც იმ მოუსავლეთში გინდა, გამიყენო. თუ ასეა, მაშინ რაღას მარბენინებ?! აქვე მომახრჩვე და გამათავე!”.

საცთურივით მიიტყუა ეშმამ კაცი. გრძნეული თმები მოახვია, მახრჩობელასავით მოაწვა, გააბრუა, სისხლი გამოწოვა და იქვე დააგდო სისხლდაცლილი, ცარიელი ჩონჩხი. წყლიანი თვალები ამოკორტნა გაშმაგებით, გაფოთებული დაეწაფა ბროლის დამატკბობელ სისველეს. სიბოროტის წყურვილი მოიკლა და გამომშრალი თვალები აყროლებულ თავის ქალას მიანარცხა.

გდია ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ასო-ასო აჩეხილი კაცის უტყვი გვამი. საუკუნოდ გაშეშებულს პირი ღიად დარჩენია. თითქოს სამუდამოდ განერიდა ქვესკნელში დარჩენილი უკანასკნელი მოჰიკანების გამაყრუებელ ღრიალს.

დედის ძუძუს მიკრულ ახალშობილს  დემონმა სუნთქვა შეუკრა. უბედურ დედას სიმწრისაგან უნებლიედ ხელებიდან გაუვარდა შვილის თბილი სხეული. შეშლილ თვალებს წვიმასავით მოასკდა ცრემლები. დაუსრულებელი სისველისაგან თვალებმაც დაკარგეს ხედვა, ცრემლის ჭრილად იქცნენ.

აპოკალიფსური ხარის ბღავილმა გააყრუა არე-მარე. დაილეწა თვალსაწიერი. აღარაფერი დარჩა ბოროტებით ჩამობნელებულ ცისქვეშეთში.

ნაცრადქცეულ ჰორიზონტზე ეულად იდგა ერთადერთი  ხე, როგორც ძლევაი საკვირველი. ჯოჯოხეთად ქცეულ სივრცეში თითქოს მხოლოდ იგი დაეტოვებინა ხელუხლებლად არსთა განმრიგეს. მოტიტვლებულ მიწის ზედაპირზე მანათობელ შუქურასავით ანათებდა ჩამოწოლილ სიბნელეს.

ეშმაკეულით იავარქმნილ სამწყსოს ცის სიშორიდან გადმოხედა შემოქმედმა. მზის სადარი, გიგანტური თვალი მიანათა პარტახიან უკუნეთს. ყოვლისმხედი თვალი მნათობივით გადმოკიდა სატანით დაბნელებულ ცას.

მაცთუნებელი ალუბლები

პარიზი ფაშისტებს ეკავათ. თავისუფლად შეეძლო გადასულიყო უსაფრთხო ქვეყანაში. ამისთვის ფულიც საკმარისი გააჩნდა და მოწვევებიც არ აკლდა. ამერიკის კონსულმა არაერთხელ სთხოვა, დაეტოვებინა საფრანგეთი. არავინ იცოდა რითი დამთავრდებოდა ომი და შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. ან ტყვედ აიყვანდნენ, ან სურათებს დაწვავდნენ კოცონზე. არავის, თვით რომის პაპსაც არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია აუტოდაფესთვის.

იგი დარჩა ოკუპირებულ პარიზში, ბოლომდე დარჩა, როგორც ერთ-ერთი რიგითი პარიზელი.

იმ დღეს რესტორან «კატალონიელში” იჯდა ახალგაცნობილ ქალთან ერთად. მაგიდაზე ალუბლით სავსე ლარნაკი იდო.

– ალუბალს ხომ არ მიირთმევდით? – ჰკითხა მან.

– გმადლობთ, – უპასუხა ფრანსუაზამ, ალუბალი გადმოიღო ლარნაკიდან, – გემრიელი ალუბალია.

– ალბათ, სწავლობთ სადმე?

– სორბონას უნივერსიტეტი დავტოვე ახლახან. ხატვის გაკვეთილებზე დავდივარ.

– სორბონა გაცვალეთ ხატვის გაკვეთილებზე?

– ჰო, ასე გამოდის. ამისთვის მამამ სახლიდან გამომაგდო.

– ალბათ განიცდით მამასთან განშორებას?

– არა, სრულებითაც არ ვდარდობ. მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებაც ვისწავლე. ცხენზე სიარულის გაკვეთილებს ვატარებ და ამით ვირჩენ თავს.

– ასეთი ლამაზი ქალი არ შეიძლება მხატვარი იყოს!

– თქვენ რა, ლამაზი არ ბრძანდებით?

– თუ ასე მოგეწონეთ, შეგიძლიათ ჩემს სახელოსნოში მობრძანდეთ.

– კეთილი. დიდებულია, დიდ მხატვართან ვიზიტი.

– არა, “ლამაზ” მხატვართან. თუ მხოლოდ ჩემი ნახატების ნახვა გსურთ, უმჯობესია მუზეუმში შეიხედოთ.

– კარგით, ასე იყოს, – უპასუხა ფრანსუაზამ, იგი ღფრთოვანებული იყო სწორედ მისი პიროვნებით, რომელიც ორმოცი წლით უფროსი იყო მასზე და ბაბუად თუ შეეფერებოდა.

თამაშის დასასრული

ფრანსუაზა სახელოსნოში არ მოვიდა. როცა მეორედ შეხვდნენ, პაბლომ ფრანსუაზას გრავირების გაკვეთილების ჩატარება შესთავაზა.

დათქმულ დროს მოსწავლე გამოცხადდა მეტრთან, საღამოს კაბაში გამოწყობილი.

– ასეთი ჩაცმულობით შენ გინდა გრავირება ისწავლო? – ჰკითხა პაბლომ.

– მე მოვედი “ლამაზ” მხატვართან და არა მასწავლებელთან. დარწმუნებული ვარ, რომ ხელობას ვერ მასწავლით. მეც შესაბამის ფორმაში გამოვეწყვე, – უპასუხა ფრანსუაზამ და დიდრონი თვალები გამომწვევად მიაშტერა.

– თავი მაინც მოგეჩვენებინა, რომ სასწავლებლად მოხვედი, ისე როგორც ამას ქალები ჩვეულებრივ აკეთებენ?

– ჩავთვალე, რომ დიდ მხატვართან თამაში არაბუნებრივად გამომივიდოდა.

– დიდ მხატვართან თუ “ლამაზ” მხატვართან?

– ამ შემთხვევაში დიდ მხატვართან. ლამაზ მხატვრებთან თამაში არცთუ ისე ძნელია.

“მე კი სწორედ ცთუნების თამაში მსურდა” – გაიფიქრა პაბლომ და თვალი გაუსწორა ქალის ჟინიან მზერას.

ლამაზი მკერდი

ომის შემდეგ, “შემოდგომის სალონში”, უამრავი ტილოები გამოფინა. კედელზე ჩამოკიდებული ნახატებიდან მკერდსავსე ქალები იმზირებოდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ ახალი მუზა ფრანსუაზა ჟილოს განასახიერებდა.

პაბლო თაყვანს სცემდა დედობის გრძნობას.

– რომელი ქალის მკერდია ყველაზე ლამაზი? – ჰკითხეს ერთხელ.

– ის, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იძლევა, – უპასუხა მან.

ახალგაზრდა ქალს ხშირად ბეზრდებოდა ბებერ მხატვართან თავისი როლის თამაში და სახლიდან გარბოდა. ასეთ დროს პაბლო მას მარტივ წამალს – ორსულობას გამოუწერდა.

ერთხელ, შინიდან გაქცეულმა ფრანსუაზამ ფეხით დააპირა წასვლა, იმ იმედით, რომ ავტოსტოპით მარსელამდე ჩავიდოდა. პიკასო უკან გამოედევნა, გზაზე წამოეწია.

– მე ვიცი, რაც გინდა. შენ ბავშვის გაჩენა გსურს, – შემოსძახა პაბლომ.

ფრანსუაზა შემობრუნდა, გამელოტებულ, ჭაღარა თმას მიაშტერდა. მხატვარს ღიმილით გაბადროდა დანაოჭებული სახე.

პალომა

შემდგომად შვიდთა დღეთასა კუალად

განავლინა ტრედი კიდობნისაგან.

და მიაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი

და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი

რტოთა პირსა შინა მისსა.

და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი

პირისაგან ქუეყანისა.

წიგნი შესაქმისა

პარიზში მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესი ტარდებოდა. იგი პლეიელის დარბაზში იჯდა და ახალდამთავრებულ ომზე ფიქრობდა.

“ვერსალის ზავის შემდეგაც ასე ლაყბობდნენ, მაგრამ რა გამოვიდა? ომი გარდაუვალია, ომი და შემდეგ მონანიება”, ჩაილაპარაკა მან და სამშობიარო სახლისკენ გაემართა, სადაც მელოგინე ფრანსუაზა ელოდებოდა.

სამშობიარო სახლის თეთრად შეფეთქილ კედელს მიეყრ¬დნო, ახალშობილის ყვირილს უგდებდა ყურს. მთელი ღამე დერეფანში გაატარა. თვალებს სჭრიდა უჩვეულო სითეთრე. იატაკზეც თეთრი ხალიჩა ეფინა.

,,პირველად ყველაფერი თეთრია, მშვიდი და ნათელი. შემდეგ თანდათან იმტვერება და ისე ეჩვევი, თითქოს არც არასოდეს ყოფილა თეთრი”, – გაიფიქრა მან.

ახალშობილი დედის მკერდს მისწოლოდა და მჭრელი სინათლე რძისფერ სახეს სათნოდ უნათებდა.

“მტრედს არ ჰგავს”? გაიფიქრა მან და რატომღაც მალაგის მტრედები მოაგონა.

მივიწყებული ტკივილი ისევ განუახლდა. თვალწინ წარმოუდგა სახელოსნოში უწესრიგოდ დაყრილი მტრედის თეთრი ფიტულები. მამას ხომ ყველაზე ადვილად მისი ხატვა გამოსდიოდა. გაახსენდა საბავშვო ბაღში წასვლის წინ მოპარული ფიტულები.

,,ნეტავ სულ ასე დამნაშავესავით არ ვგრძნობდე თავს”, – ჩაილაპარაკა და სულის დაფარული სიღრმეებიდან ისევ ამოუ¬ტივტივდა გვემა, რაც მთელი სიცოცხლე ჯვარცმად გადაექცა.

სამშობიარო სახლის თეთრად შუქმფინარე ოთახში, ახლადმოვლენილი პირმშოს დანახვისთანავე უცებ მოასკდა მამისადმი მადლიერების გრძნობა. იდუმალ ლაბირინთებში დაუსრულებელი ხეტიალის შემდეგ ნიაღვარივით ეტაკა თეთრ მტრედებთან დაბრუნების წყურვილი.

_ რა მოგივიდა? _ ჰკითხა ფრანსუაზამ.

_ ბავშვს პალომა მინდა დავარქვა. _ უპასუხა მან ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, _ რას იტყვი?

_ პალომა? მგონი, ესპანურად რაღაცას ნიშნავს, არა?

_ მტრედს.

_ მშვენიერია!

პატარა პალომას გამოხედა და როცა მის პაწაწა ტუჩებზე ნაცნობი და სანატრელი ღიმილი იხილა, ისევ იგრძნო მამის მოახლოება.

იმ ღამეს ერთი ამოსუნთქვით დახატა მტრედი უზარმაზარ ტილოზე. მეორე დღეს, მშვიდობის კონგრესზე, მთელმა მსოფლიომ ცნო მტრედი მშვიდობის სიმბოლოდ.

მიახლოება

,,მე მოვედი მამა, შენი მატადორი შვილი. გარეთ თვალშეუდგამი წყვდიადია. გიყურებ ამ ჯოჯოხეთური სიბნელიდან და აღარ ვიცი, როგორ მიმიღებ. მსურს, მოვიშორო დამნაშავის ნიღაბი. მსურს, დაგიბრუნო სინათლე და ფუნჯები.

აქ ყველგან ქარი დათარეშობს. აღარ ვიცი, საითკენ გამიტაცებს, სად მიმანარცხებს დელგმა და თქეში. ციცაბო უფსკრულებზეც საშიშია სიარული.

მიწას ავცილდი. აღარ მიღებს თავისკენ თბილი მიწა. ჰაერში ვარ უაზროდ გამოკიდებული. მომენატრა მიწაზე სიარული. მომეცი ხელი. იქნებ შეძლო ჩემი უკან დაბრუნება.

უგზოუკვლოდ დავწოწიალობ მიუსაფარ სიცარიელეში. რაც დაგშორდი, ჩემთვის არც სიმშვიდეა, არც სიხარული. მასხარად ვიქეცი, ყველაფრის დამცინავ სასაცილო მოთამაშედ, რომლისგან აზრიც არ მოიკითხება, რადგან ბნედიანია და იცის, რომ ყველა შეუნდობს.

აქ ყინულოვანი სიცივეა. ლოლუებად იქცევა ყოველი ამონასუნთქი. აქ არც ცენტრია,  სანთელი რომ დავდგა და გავანათო სუსხიანი სიბნელე. დაშლილი და დახლეჩილია სამყარო.

მომეცი ხელი, წართმეული მსურს დაგიბრუნო. დამაბრუნე უსწორმასწორო გზებიდან. დამაბრუნე შინ. სახურავი მომენატრა, ჩვენი მყუდრო სახლი.

მამა – ველასკესი

გაახსენდა პრადოს მუზეუმში მისი სტუმრობა. ბარსელონას სამხატვრო სკოლის პირველი კურსი ახალდამთავრებული ჰქონდა და მამამ მადრიდს წაიყვანა ველასკესის ,,მენინების” სანახავად.

თვალწინ წარმოუდგა სამეფო კარის მხატვრის გამოხედვა, თითქოს მაღლიდან უყურებსო ყველას, როგორც მეფე-დედოფალს, ასევე მთელ სამყაროს და _ საკუთარ ნიჭსაც კი, რომლის წყალობითაც სამეფო ოჯახს დაუახლოვდა.

იდგა პაბლო მამის გვერდით მუზეუმის ფართო დარბაზში და თვალი არ მოუშორებია კედელზე ჩამოკიდებული ტილოსთვის. პირველად მაშინ გაუელვა გონებაში მამისა და ველასკესის მსგავსებამ.

თვალში ეცა ველასკესის მკაცრი სახე. სურათი შემინულ ჩარჩოში იყო ჩასმული და როცა ველასკესის თავთან მამის არეკლილ სახეს შეავლო თვალი, სიბრალულით აღივსო.

ჩარჩოდან იმზირებოდა ველასკესი, სამეფო კარის დიდი მხატვარი და მამა, ხელმოცარული ხელოვანი, ერთ-ერთი სკოლის რიგითი მასწავლებელი.

1957, Mენინას აფტერ Vელასქუეზ

მენინები

სახელოსნოს ცენტრში ქერათმიანი, პატარა ინფანტა მარგარიტა დგას. გვერდით მენინები, ახალგაზრდა სეფექალები დაფუსფუსებენ. სარმიენტოთა ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, ფრეილინა დონა მარია ავგუსტინა წყლით სავსე ჭიქას აწვდის მარგარიტას. მეორე ფრეილინა, გრაფინია ისაველია ველასკო ინფანტას გვერდით დგას რევერანსის პოზაში. მისი მზერა ინფანტასკენაა მიმართული. მათგან ხელმარჯვნივ, სასახლის მასხარა, დიდთავა ჯუჯა ქალი მარია ბარბოლაა. მარია ბარბოლას გვერდით ჯუჯა – პაჟი ნიკოლაზიტო პეტრუსატო მოკალათებულა. ფეხთით ძაღლი გაწოლილა. ნიკოლაზიტო ფეხით ამაოდ ცდილობს ძაღლის ადგილიდან დაძვრას.

კედელთან მდგარი ძაძებიანი დიდებული ქვრივი, მარია მარსელა დე უდოა სასახლის კარის კავალერს ესაუბრება.

ოთახის მოპირდაპირე მხარეს კარები იღება, ფარდა გადაიწევა და გარედან შემოჭრილ შუქზე აჩრდილივით გამოჩნდება სასახლის კიდევ ერთი დიდებული, დედოფლის ჰოფმარშალი, შავმოსასხამიანი დონ ხოზე ნიეტო. იგი შემოსასვლელ საფეხურებზე ჩამოდის. კარების გვერდით სარკეა ჩამოკიდებული, რომელზეც, ოდნავ შესამჩნევად, მათი უდიდებულესობის, მეფე-დედოფლის ფიგურები ირეკლება.

მოლბერტთან ველასკესი დგას და ხატავს.

– გმადლობთ დონა მარია, – უთხრა მარგარიტამ დონა მარიას და ჭიქა გამოართვა, წყალი მოსვა.

ფერმკრთალი ლოყები შეუფაკლდა მორცხვ დონა მარიას.

– რა ლამაზი კაბა გაცვიათ პრინცესა, – უთხრა გრაფინია ისაველიამ, სახეზე ღიმილი გამოესახა. კაბაზე ბაფთები გაუსწორა ინფანტას.

– მოგწონს?

– დიდებულია!

– ხომ არ დაგღალეთ ჩემო პატარა? – ჰკითხა მოლბერტთან მდგარმა ველასკესმა, – დღეს რაღაც ნაღვლიანი მეჩვენებით.

– ჩემს დას, მარია ტერეზას საფრანგეთის მეფეზე, ლუდოვიკოზე ათხოვებენ. ძალიან განვიცდი მარია ტერეზასთან განშორებას.

– უკვე გადაწყვიტეს?

– დედოფალმა ანამ თანხმობა განაცხადა ქორწინებაზე.

– უნდა მომიტევოთ მაესტრო, – საუბარში ჩაერია დონ ხოზე ნიეტო, – ჩემი ფიქრით, პრინცესა გადაიღალა, დღეს საკმარისია. დიდხანს ნუ შევაწუხებთ ინფანტას!

– ბატონი ბრძანდებით! – უპასუხა ველასკესმა და ფუნჯი მაგიდაზე დადო, მოლბერტს გაშორდა.

– სრულიად არ დავღლილვარ, კიდევ შემიძლია ვიდგე. – მიუგო ინფანტამ დონ ხოზე ნიეტოს და ველასკესს გახედა, – თქვენთან დარჩენას, დონ დიეგო, მთელ დღეს ვისურვებდი.

– დონ დიეგოს ხვალაც შეუძლია გააგრძელოს ხატვა, ჩემო პატარა პრინცესა, – უთხრა დონ ხოზე ნიეტომ.

– იმის უფლება მაინც მაქვს, რომ ვიყო იქ, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ და დავრჩე იმდენი ხანი, რამდენიც მომესურვება!

– დონ ხოზე ნიეტო მართალია, შევისვენოთ ჩემო პატარა, – თქვა ველასკესმა, – ხვალ, თქვენივე ნებით, კვლავაც გავბედავ და ისევ მოგმართავთ.

– მე ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან, დონ დიეგო!

– მარტო ეგ თქვენი სიტყვა და თქვენი გამოხედვა ჩემთვის დიდი წყალობაა. ნება მობოძეთ, თქვენს მეგობრად ვიგულვო თავი!

– აბა, გამოვემშვიდობოთ დონ დიეგოს, – თქვა დონ ხოზე ნიეტომ

– დონ ხოზე, მცირე ხნით აქ დავრჩები, დონ დიეგოსთან.

– ნება თქვენია ინფანტა! – უპასუხა დონ ხოზე ნიეტომ, თავი დაუხარა მოწიწებით ინფანტას და ოთახიდან გავიდა.

– აბა, ნიკოლაზიტო, ახალს რას გვეტყვი, გაგვართე რამეთი, – მიმართა ველასკესმა ნიკოლაზიტოს.

– წუხელ რომ გვაცინე ისა სჯობია. კიდევ ერთხელ რა, ნიკოლასიტო! – ფრეილინები ნიკოლასიტოს გარს შემოეხვევიან.

– რომ ეწყინოს? – ჰკითხა ნიკოლასიტომ.

– არა, არ ეწყინება, – უპასუხეს ფრეილინებმა.

– თქვენ როგორ ფიქრობთ? ხომ არ გაგვიბრაზდება? – ჰკითხა ნიკოლასიტომ მარგარიტას.

– არა, ნიკოლასიტო, გაგვიმეორე, არ ეწყინება, – უპასუხა მარგარიტამ.

ნიკოლაზიტომ ველასკესისებურად გაიკეთა ულვაშები, თავზე პარიკი მოირგო, გრძელი მოსასხამი შემოიგდო მხრებზე, ხელში ფუნჯი აიღო და მოლბერტისკენ გასწია. ფრეილინები და ინფანტა სიცილს ვერ იკავებდენ.

მოულოდნელად მეფე ფილიპე VI შემობრძანდა სახელოსნოს ოთახში.

– ჩინებულია მაესტრო, – თქვა მეფე ფილიპე VI, აღტაცებით მიშტერებოდა ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ნახატს – მსგავსი არაფერი მინახავს. თითქოს ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერს ბუნებრივი ელფერი დაჰკრავს. მაესტრო, თქვენ ესპანეთის დიდი მხატვარი ბრძანდებით! გუშინ რომის პაპის ელჩმა თქვენს საქმეზე შუამდგომლობის წერილი გადმომცა. ამიერიდან თქვენ გენიჭებათ გრაფის წოდება, გადმოგეცემათ სანტ იაგოს ორდენის რაინდის სამოსი და ჯვარი.

– მოხარული ვარ ვემსახურო თქვენს უდიდებულესობას! – მდაბლად დაუკრა თავი ველასკესმა.

დიდებულებმა ველასკესს რაინდის სამოსი ჩააცვეს, კამზოლზე წითელი ჯვარი დაკიდეს. ორდენის მინიჭება მიულოცეს მხატვარს.

ულვაშებიან, პარიკმორგებულ ჯუჯა ნიკოლაზიტოს მუხლები მოეყარა ველასკესის წინაშე, მდაბლად თაყვანს სცემდა მეფის რჩეულ მხატვარს.

მასხარა ნიკოლაზიტო

უკვე გვიანი ღამე იყო. მაღალი ფანჯრებიდან გამომავალი მთვარის სუსტი, მქრქალი სინათლე ძლივს აღწევდა ოთახს. ფუნჯით ხელში იდგა მოლბერტთან და სურდა სურათზე გადაეტანა სამოცდაორი წლის წინ ველასკესის ,,მენინებით” გამოწვეული შთაბეჭდილებები.

სულის სიღრმეში დაფარულ სინდისის ქენჯნას განიცდიდა. მამის საყვარელი სურათი მისთვის ჩვეული ბუნდოვანი ხელწერის მეოხებით კიდევ უფრო გაუგებარი გახადა. ხელოვნების ახალი ფორმა, რომელსაც თვითონ მისცა დასაბამი და რითაც მრავალი თაყვანისმცემელი გაიჩინა, ახლა ჯოჯოხეთურ წამებად გადაექცა.

თითქოს გამოუსწორებელი უძღები შვილია, გაუკვალავ, უსწორო გზებზე მოსიარულე, სამუდამოდ რომ უარყო მშვიდი სახლი და უსასოოდ დაწოწიალობს უბინაო და გზაარეული.

ეჭვებმა შეიპყრეს. თვით კუბისტური ხანის პირველ წლებში არ უგრძვნია საკუთარი ნიჭისადმი ასეთი არასრულფასოვნება.

,, უაზროდ მითხაპნილი ლაქები. საგანი საგანს არ ჰგავს. განა ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება?”

უშედეგო აღმოჩნდა მამის მცდელობა, ველასკესის გაცნობას გავლენა მოეხდინა ყრმა მხატვარზე. თითქოს წინდაწინ იცოდა მამამ, უძღები შვილი ადრე თუ გვიან მასაც არ დაინდობდა და შეუბრალებლად გაანადგურებდა.

დაე, აღსრულდეს მისტიური წინასწარმეტყველება, მამამ უარი თქვა ხელოვნებაზე, შვილს გადაულოცა. ულმობელი ძე კი აკვიატებულივით, მთელი ცხოვრების მანძილზე ანგრევდა მამისათვის წმიდათა წმიდა ხელოვნებას, თითქოს არაერთგზის უნდა ეწამებინა სამსხვერპლო ეშაფოტზე დაუსრულებელი აყვანით.

მოუშუშებელ ჭრილობად დარჩა მამის თვითნებური განკვეთა. თითქოს სურდა, დანაშაული გამოესყიდა. სიყმაწვილისას, პრადოს კედლებზე ველასკესის ნახვით განცდილს უჩვეულო აღქმა მოუძებნა. ველასკესს მამის სახე მისცა. ხელმოცარული მამა თავისი დროის გენიალურ მხატვრამდე აამაღლა. თითქოს ამით ცოდვილი სული მოინანია, წართმეული ფუნჯი და საღებავები, მასულდგმულებელი ხელოვნება ისევ უკან დაუბრუნა.

დიდებული მამის ფონზე სასაცილოდ გამოიყურებოდა თვითონ იგი. ველასკესის დროინდელი სამეფო კარის მასხარად, ჯუჯა ნიკოლაზიტოდ გამოიყვანა საკუთარი თავი.

უცნობი ფიროსმანი

პერსონალური გამოფენიდან შინ ბრუნდებოდა.

მომქანცავ ტვირთად დააწვა აღიარება. დიდების მწვერვალზე ასულს მოსვენებას არ აძლევდა თავბრუდამხვევი სიმაღლის განცდა. სიყრმიდანვე გამომუშავებული თავგამოდების წყალობით დღენიადაგ ახალ ფორმებს ეძებდა და ყველასაგან განსხვავებული, მხოლოდ მისთვის ჩვეული ხელწერის მეშვეობით მთელი საუკუნის სახედ იქცა.

გასაღები გადაატრიალა, ოთახის კარები გააღო. თვალში ეცა ზდანევიჩის მიერ მოტანილი უცნობი მხატვრის, ფიროსმანის სურათი.

“ფიროსმანი… ჩემი სულიერი ძმა. დიდი ხანია მოდიხარ, მაინც მოხვედი და მომაგენი, დივიწყების, სიღატაკის, შიმშილის, სიკვდილის შემდეგ.

შემდეგ. თუმცა ყველაფერი მაინც შემდეგ ხდება…

შენ ისევ იწყებ ცხოვრებას გარდაცვალების შემდეგ.

სიძველის სუნი

გავიდნენ წლები და ფრანსუაზასთვის აუტანელი გახდა სიბერესთან შეხება. გრძნობდა, რომ პაბლო მისთვის მხოლოდ ისტორიული ძეგლი იყო და სხვა არაფერი. ჯერ კიდევ ახალგაზრდას კი ასეთ ანტიკვართან ერთად სიცოცხლის დარჩენილი წლების გატარება არ სურდა.

შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.

– არაფერი ისე არ ჰგავს პუდელს, როგორც მომდევნო, სხვა პუდელი. ასევე შეიძლებე ითქვას ქალებზეც, – უთხრა პაბლომ განშორებისას.

სიცრუე

სარკის წინ იდგა და თვალის უპეებთან გაჩენილ ღარებს ათვალიერებდა. ჭაღარაშერთულ, თმაგაცვენილ თავზე მოისვა ხელები. ელვის სისწრაფით გაიელვა ცხოვრების წლებმა. წუთისოფელის ამაოებამ ჩააფიქრა.

გაახსენდა გერტრუდა სტაინთან დედის საუბარი:

– ბავშვობაში რომ გენახათ პაბლო, უთუოდ გაგაოცებდათ მისი სილამაზე. მასში იყო ანგელოზიც და ეშმაკიც. თვალს ვერ მოსწყვეტდი.

– ახლა? – ჰკითხა დედას პიკასომ.

– ახლა შენი წარსული სილამაზიდან კვალიც კი აღარ დარ¬ჩა, – ერთსულოვნად უპასუხეს ორივე ქალმა

“ანგელოზი და ეშმაკი” – დედის სიტყვები აეკვიატა სარკის წინ მდგომს.

“სარკეში დანახული მოჩვენებითი სიმართლეც ტყუილია, _ ფიქრობდა იგი. _ უაზროა სინამდვილის დაუსრულებელი ძებნა”.

სარკიდან მომზირალი სიბერის დამთრგუნველი მზერა რომ აეცილებინა, მოლბერტზე მდგარ ავტოპორტრეტს შეხედა.

,,თუ სიმართლე ტყუილია, მაშინ ხელოვნების ტყუილიც სიმართლეა”, _ გაიფიქრა და მას შემდეგ არასოდეს ჩაუხედავს სარკეში.

ბავშვური წარმოსახვა

ბავშვთა სურათების გამოფენას ეწვია და კარგა ხანს თავს იქცევდა ბუნებრივი სიცინცხალის ჭვრეტით. მათ ასაკში მასაც რაფაელივით შეეძლო ხატვა, მაგრამ ჩათვალა რომ აქ გამოფენილი ნახატები თვით რაფაელსაც აღემატებოდა.

,,საჭიროა ხანგრძლივი სიცოცხლე, ასე ხატვა რომ ისწავლო”, – გაიფიქრა და საგამოფენო დარბაზში მორიალე ნორჩ მხატვრებს მიაჩერდა.

ალჟირელი ქალი

26 წლის ახალ ფავორიტს ჟაკლინ როკი ერქვა. ალჟირელ ქალს აგონებდა დელაკრუას სურათიდან “ალჟირელი ქალები”.

ამ ქალს რომ გაეცნო, პაბლო სამოცდაათს გადაცილებული იყო. კანთან ახლოს, “ლა კალიფორნიას” ვილაში დაიდეს ბინა.

ჟაკლინი არც მგრძნობიარე ფერნანდას ჰგავდა, არც ნაზ ევას, არც გრაციოზულ ოლგას, არც მშვენიერ მარი-ტერეზას, არც გონიერ დორა მაარს, არც ნიჭიერ ფრანსუაზას, მაგრამ მათგან განსხვავებით, უფრო ნაკლებს მოითხოვდა პაბლოსგან. წლების განმავლობაში მორჩილად იტანდა მხატვრის ახირებებს. “ჩემს მონსენიორს” ეძახდა. თანდათან მთლიანად დაიმორჩილა ხელოვანი, თითქმის ყველაფერს მხოლოდ იგი წყვეტდა. თავდაპირველად ყველა მეგობარი ჩამოაცილა, შემდეგ ბავშვებიც – პაოლო, მაია, კლოდი, პალომა. შეძლო პაბლოსთვის ჩაეგონებინა, რომ შვილები, მემკვიდრეობის მიღების მიზნით, მხოლოდ მის სიკვდილს ელოდებოდნენ.

პაბლოს გარდაცვალების შემდეგ ჟაკლინი ვოვნარგის ვილაში ჩაიკეტა. საშინელი დეპრესიებისგან გატანჯული შეშლილობის ზღვარზე იდგა.

1986 წლის 15 ოქტომბერს, მადრიდში სურათების გამოფენის გახსნის წინადღეს, დილის სამ საათზე, თავის საწოლთან მოიკლა თავი.

დაბრუნება

ცხოვრების დაისზე წარმავალი დროის ფასმა ჩააფიქრა. შიში დაეუფლა, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებდა, დაულეველ შემოქმედებით წყაროს ბოლომდე ვერ დააშრობდა.

პარიზისაგან შორს, სიმყუდროვეში სურდა განმარტოება.

ერთხელ, ბავშვობაში, როცა ესპანეთს მიწისძვრამ გადაუარა, მამა იძულებული გახდა მეგობრისათვის ეთხოვა თავშესაფარი და ოჯახმა მთის წვერზე, მტკიცედ ნაგებ სახლში დაიდო ბინა. გაახსენდა მამის ნათქვამი: მხოლოდ დიდ მხატვრებს შეუძლიათ მშვიდი სიბერის მოპოვება.

ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, მისი მცდელობით არაერთხელ იძვრა მიწა ხელოვნების სამყაროში. სიბერის ჟამს მაინც შეინარჩუნა სიმყუდროვე.

კანის მახლობლად, კალიფორნიის მწვანე ბორცვზე გაშენებულ უზარმაზარ სასახლეში განმარტოვდა. თითქოს აქ სურდა საბოლოოდ ნავსაყუდელის დადება, გრანდ-ოგიუს¬ტენიდან და ვალორისიდან თან წამოიღო ყველა ის ნივთი და საგანი, რომელთაც მთელი ცხოვრება შეეჩვია და არასოდეს განშორებია.

სიხარულს ჰგვრიდა სამხრეთის მცხუნვარე მზით გამთბარი ლურჯი ზღვის ცქერა. მალაგაში გატარებულ უზრუნველ ბავშვობას ახსენებდა. ნაპირზე მდგარი სახლიდან ხელისგულივით მოჩანდა ხმელთაშუა ზღვა, რომლის ყოველდღიური ჭვრეტა შთაგონების ძალას უცხოველებდა. უსაზღვროების შემყურე იძირებოდა თვალშეუდგამ მარადიულობაში და პირველყოფილი სიმშვიდით აუწერელ ტკბობას ეძლეოდა.

დილეგიდან ახლადგაქცეულივით აიტანა შემოქმედების მწველმა ჟინმა. წარმოსახვითი ცთუნებანი საშველს არ აძლევ¬დნენ და ისიც, სახეებით გონებადაცხრილული გამოიკეტა თავის მიუსაფარ კოშკში და სულსწრაფივით ხორცს ასხამდა განუმეორებელ ფანტაზმებს.

თეთრი მტრედი

ოთახში უწესრიგოდ ეყარა საღებავები, თავწატეხილი ლამ¬ფა. წაქცეული ლარნაკიდან იატაკზე მიმობნეულიყო დამჭ¬კნარი ყვავილები.

გაუხდელად იწვა და ნახევრად ჩამობნელებულ დარბაზს გასცქეროდა. რამდენიმე დღეა, თან დასდევდა მამის აჩრდილი. თითქოს უკან დატრიალდა დროის ბორბალი და ისევ დაუბრუნდა მალაგის თბილი ზღვა, ისევ ყრმაა და მამას საღებავებსა და მტრედის ფიტულებს პარავს. თითქოს ყველაფერმა ფერი იცვალა. სამყაროც ისევ უცოდველია, თეთრი მტრედებივით ქათქათა და სუფთა.

საიდანღაც გაურკვეველი ხმები მოესმა. ყური მიუგდო. მცირე ხმაური ისევ განმეორდა. სუნთქვაშეკრულმა წამოიწია საწოლიდან. ოთახს მიმოავლო თვალი. სმენადქცეულს ვერ გაერკვია, საიდან მოდიოდა ხმა.

მაღალი სარკმლების ჭრიალი გაისმა. გრძლად ჩამოფარებულმა ფარდებმაც მძიმედ გაიშრიალა. ანაზდად უცხო ფრინველი შემოიჭრა ოთახში და თაღებიანი ჭერის სიმაღლეზე იწყო ფრენა. თითქოს იპოვაო ის, რასაც ეძებდა, მოლბერტზე მდგარ ახლადდამთავრებულ ნახატს მიუახლოვდა და პირდაპირ მდგარ სკამის საზურგეზე დაფრინდა.

ფრინველი რომ არ დაეფრთხო, მხნეობა მოიკრიბა და თითქოს არაფერი მომხდარაო, სასთუმალზე ჩამოდო თავი. გაუნ¬ძრევლად მიაშტერდა მშვენიერებით მომაჯადოებელ უნებლიე სტუმარს.

მთვარის სუსტ ნათელზე თეთრი მტრედი გაარჩია. იფიქრა, მხედველობა ხომ არ მატყუებსო. ჰალუცინაციად ჩათვალა. ისევ მიაპყრო მზერა. მქრქალი ნათელი იდგა, მაგრამ თვალი თანდათან შეეჩვია და ახლა უკვე მთლიანად მოიხიბლა მტრედის განუმეორებელი სითეთრით.

იმდენად მომნუსხველი იყო მისი ცქერის წადილი, რომ თავს ძალა დაატანა და მხედველობა დაძაბა. შენიშნა, რომ მტრედს წვრილი თვალები ფართოდ გახელოდა და გაშეშებული მიშტერებოდა სურათს.  მთრთოლვარე, პატარა ნისკარტი თითქოს ხმაგაუღებლივ ჩურჩულებდა.

სულით ხორცამდე შეძრა მტრედმა. ისევ თვალწინ წარმოუდგა მალაგაში, სახლის წინ მოგოგმანე თეთრი მტრედები და ისე წაართვეს თავი ბავშვობის მოგონებებმა, რომ არც შეუმჩნევია ოთახიდან მტრედის გაუჩინარება.

გული შეუღონდა მარტოშთენილს. საწოლიდან წამოიჭრა და როცა მოლბერტთან მივიდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, მტრედი აღარსად ჩანდა.

იგი იდგა და გაოცებული იყურებოდა ირგვლივ, ვერ მიმხვდარიყო მტრედის მოულოდნელი გამოჩენის თუ გაუჩინარების მიზეზს.

მონანიება

სუნთქვაშეკვრით ჩაირბინა მარმარილოს საფეხურები, გრძელი დერეფნით ტერასაზე გავიდა. მთვარე უცოდველივით მიირწეოდა ლილისფერ ცაზე. უშურველად ათოვდა ვერცხლის¬ფერ სხივებს პალმებსა და მიმოზის ხეებს.

იდგა იგი გუმბათივით გადმომდგარი წყნარი ცის ქვეშ, სამყაროს ძე შეცთომილი და მომნანიე თვალებით გაჰყურებდა დადუმებულ გარემოს.

იყო რაღაც პირველყოფილი და შეურყვნელი ბუნების ამ უჩვეულო იდუმალებაში. მხოლოდ ზღვის ტალღების ყრუ დგაფუნი მოისმოდა შორიდან. ასეთ წუთებში ყოველთვის შველო¬და უწყინარი ზღვის უსაზღვროების ჭვრეტა. მარადიულობასთან ზიარებას განაცდევინებდა უკიდეგანო ზღვასთან სიახლოვე.

მწვალებელ ფიქრთაგან გადაღლილმა სიმშვიდე იგრძნო, გულს მოეფონა. უსაზღვროების სანუკველი ჭვრეტით იყო გართული, რომ ანაზდად შავი აჩრდილი გამოეყო კვიპაროსის ვეება ხეს.

აჩრდილი ფეხაკრებით, მსუბუქი ნაბიჯებით მოიწევდა და გაზადაგზა ქანდაკებებს ათვალიერებდა. თითქოს ვერაფერი გაუგოო ბუნდოვან, მისთვის გაუგებარ ქმნილებებს, აჩრდილმა მათ ზურგი აქცია.

მოულოდნელობისაგან სუნთქვა შეეკრა. თვალებს არ უჯერებდა. მის წინაშე მამის აჩრდილი იდგა და მიმტევებელი თვალებით მისჩერებოდა. თითქოს სურს, ისევ მოუნანიოს უძღებ შვილს, ისევ გასცეს, რაც აბადია. ისევ მამაა მისი მწყალობელი. მხოლოდ მას შეუძლია დაუბრუნოს სულიერი სიმშვიდე.

მეხივით დაეცა თავს მამის უტყვი ლანდი. დანაშაულის შეგრძნებამ დაბორკილ მონასავით აქცია. ადგილიდან არ განძრეულა. მომნანიე მზერამ მთლად დაამუნჯა. მუხლმოკვეთით მივიდა და დაეჩოქა. ერთბაშად ამოხეთქა ძველმა ტკივილმა, დიდი ხანი რომ მოჰყვებოდა და უსაშველო გვემისაგან დღითიდღე ფიტავდა. ვეღარ გაუძლო ქუში აჩრდილის მომნუსხველ მზერას. თავი დამნაშავესავით ხელებში ჩარგო.

ციებიანივით კანკალებდა. თავს ძალა დაატანა და ხელები მოიშორა სახიდან. გაოცებისაგან ადგილზე გაქვავდა. მის წინ გადაშლილ ცარიელ სივრცეს მიაჩერდა. მამის აჩრდილი გამქრალიყო.

მიუსაფრად იგრძნო თავი. სურდა, ჩაწვდომოდა ამ იდუმალებით მოცულ ღამეს. ვერაფრით გაერკვია, ცხადი იყო თუ სიზმარეული ჩვენება, შემოქმედებითი წვით გადაღლილი ტვინის მისტერიული ჰალუცინაცია.

ზღვიდან ნიავმა წამოიქროლა. ღრმად შეისუნთქა აყვავებული მიმოზების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.

გონებიდან არ შორდებოდა უწყინარი თეთრი მტრედისა და მამის აჩრდილი. ხვდებოდა, რომ ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე ნავსაყუდელის დადებამ უფრო გაუცხოველა  მშობლიური მალაგის მოგონება. თვალწინ წარმოუდგა ღრუბლიანი და ცივი ლა კორუნიო. მამის სასოწარკვეთილამდე მისული მოწყენა, თეთრი მტრედების გადაკარგვა.

სახელოსნოს მიაშურა. სურდა ნახატზე გადმოეტანა დაგროვილი სულიერი გვემა.

ტილოზე მწველი მზე დამაბრმავებლად ანათებდა ხმელთაშუა ზღვის ცაზე. უწყნარი მტრედები ირეოდნენ მზით აბრკიალებულ სარკმელთან.

იგი უჭვრეტდა ჯერ კიდევ დაუმთავრებელ სურათს და უჩვეულო სულიერ სიმშვიდეს განიცდიდა, თითქოს მამას დაუბრუნა მზე, ზღვა, ფუნჯი და თეთრი მტრედები.


Responses

  1. ვახ! როგორ დაწერე ესა! ნუთუ შენ მხატვარი არ ხარ?

  2. ძალიან მაგარი ნამუშევარია, დიდი სიამოვნება მივიღე. უღრმესი მადლობა!

  3. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

  4. საინტერესო სტილია…
    პიკასოსავით…

  5. sainteresoaaaaaa

  6. რამდენი შრომა დევს ბლოგში. გმადლობ!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: