Posted by: burusi | 24/08/2009

პაატა ქურდოვანიძე – თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია ელეონორა (ნაწყვეტი წიგნიდან)

თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია ელეონორა
(ოლღა მიხეილის ასული დადიანი 1865 _ 1933წ.წ.)

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისი. ბოლშევიკური მმართველობის სასტიკი დროება…
შუაღამისას, მთვარიანში ჩაკარგული ეკის მთის სანახები. ასწლოვანი ცაცხვების იდუმალი შრიალი და აყვავებული მაგნოლიის სურნელით სავსე თეკლათის მონასტრის ეზო.
სენაკებში ჭრაქის მბჟუტავ შუქზე ხმადაბლა მოსაუბრე დედები…
ხის პატარა ოდის აივანზე შეზლონგში მჯდარი, სიკვდილთან მებრძოლი ახალგაზრდა მოძღვრის ცრემლით დაღარული სახე…
ამ განუმეორებელ სიმყუდროვეში ერთგვარი რიდით წამოწყებული ,,თავო ჩემო,” აკვნესებული გიტარის ჟღერა და ერთი-ერთს მიყოლებული სულის შემძვრელი რუსული რომანსები…
იქვე, ოთახში, წმიდა ხატებთან, მუხლმოდრეკით მლოცველი დედა. უხმოდ მტირალი და მარიამ ღვთისმშობლისადმი სასოებით მვედრებელი…
შვილი _ ბერ-მონაზონი დავითი გახლავთ, დავით გრიგოლის ძე დადიანი. ევროპაში განსწავლის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებული, ხელისუფლებისათვის მიუღებელი და საწუთროს ამაოებას განრიდებული…
დედა _ მონასტრის იღუმენია ელეონორა, მრავალგზის ვაებაშენახვედრი, ათი შვილის აღმზრდელი, მათი უბედობის მაცქერალი და უფლის ნებას მინდობილი. თვითონ მკაცრი, მონაზვნური წეს-განგების აღმსრულებელი, მომაკვდავი შვილის საერო სიმღერის ბოლომდე ვერ შელევის გამო,
მაცხოვრის წინაშე პატიების მთხოვნელი…

საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მომხდარი სოციალური ძვრებისაგან გამოწვეული ტრაგიკული ამბების თანაზიარად წარიმართა ელეონორა დადიანის ცხოვრების მეორე ნახევარი. ორი ეპოქის მკაცრი და დაუნდობელი შეჭიდების ჟამს, ეკლესია-მონასტრების არნახული რბევა-აწიოკების, სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნისა და არაერთი უახლოესი ადამიანის, ნათესავისა თუ მოყვრის ტრაგიკული ბედის უშუალო მომსწრე და მხილველი შეიქნა სულკურთხეული. მისი ცხოვრების პირუთვნელი აღწერა თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება იმ თაობისა და, საერთოდ, ეპოქის დასახასიათებლად.
იღუმენია ელეონორას უპირველესი საზრუნავი ყოვლადმოწყალე უფლის მსახურება, ერის, ოჯახის ერთგულება, ნათესავ-მოყვრისა თუ სულიერი შვილებისადმი სიყვარულის, სითბოს უშურველი გაცემა იყო.
ბავშვობიდან ჭეშმარიტი რწმენით აღსავსე, მთელი ცხოვრება ღვთიური სიმართლისაკენ მიილტვოდა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, თეკლათის მონასტერს შეეკედლა. მონაზვნად აღკვეციდან, ვიდრე აღსასრულამდე, მშვიდობითა და მყუდროებით, სახიერებითა და სიტკბოებით, მოწყალებითა და ძვირუხსენებლობით განვლო წუთისოფელი.
იგი არ იყო ღვთისმეტყველი მეცნიერი ან მჭევრმეტყველი მქადაგებელი, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვუწოდოთ უერთგულესი მსახური ღვთისა, ჭეშმარიტი რწმენის ადამიანი.
როგორც არაერთგზის მსმენია, სქემიღუმენია უდიდესი სულიერი სიმშვიდით ხვდებოდა დრო-ჟამით მოტანილ ავბედითი ამბების დაუსრულებელ წყებას და ღვთისადმი, მადლობის გარდა, სხვა სიტყვა არასდროს დასცდენია.
მაღალი, ცისფერთვალება, სევდიანი, სათნოებისა და სიკეთის განსახიერება, ადრე გაჭაღარავებული, ჩუმი და აუღელვებელი, მტკიცე და ჭირთამთმენი, ბოლომდე წელგამართული, _ აი, ასეთი ახსოვდათ ციცუ ბები, ანუ როგორც მას მიმართავდნენ ,,ბებული-ბაბული”-ის სახება მის ჭარმაგ შვილიშვილებს.
სქემიღუმენია ელეონორა _ ერობაში ციცუ (ნათლობის სახელით _ ოლღა) მიხეილის ასული დადიანი, ნოქალაქევში დამკვიდრებულ დადიანთა საგვარეულოს იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც სათავეს სამეგრელოს მთავრის _ ბეჟან დადიანის ძმის, მანუჩარ ბატონიშვილის შთამომავლობიდან იღებდა.
XIX საუკუნის დასასრულისათვის ამ ოჯახს ბატონიშვილობა უკვე აღარ ჰქონდა პატივად და გაღარიბებულ თავადთა წრეს ეკუთვნოდა. ობლობაში დაიზარდნენ ოლღა და მისი და-ძმანი, _ მალაქია (გუჯუ), პეტრე, მიხეილი, ნინო და პელაგია (პაშა).
სათნოებითა და სილამაზით განთქმული ციცუ გამორჩევით ჰყვარებია აღმზრდელ ბიძას _ ელიზბარ დადიანს. ერთ დღეს სწორედ მის ოჯახში იხილა იგი სამეგრელოს მთავრის ძმისწულმა გრიშა ბატონიშვილმა. ყმაწვილს თავდავიწყებით შეუყვარდა პირმშვენიერი თავადის ასული. რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილმა დიდგვაროვანმა სასიძომ შეძლო მოეხიბლა ქალიშვილი და რამდენიმე დღის სტუმრობის შემდეგ გულისრჩეულის თანხმობაც მიიღო.
მიუხედავად სამთავრო სახლის უფროსი თაობის უკმაყოფილებისა და განსაკუთრებით დედის _ მაია დადიანის წინააღმდეგობისა, გრიშამ მიიღო მშობლისაგან ლოცვა-კურთხევა და ჯვარიც დაიწერა.
კნეინა მაიამ, მართალია, უფროს ვაჟს უმამობა არ აგრძნობინა და საკადრისი ქორწილიც გადაუხადა, მაგრამ ურჩობისათვის დასაჯა. განუცხადა _ ცალკე დასახლებულიყო მისთვის განკუთვნილ ხორშის მამულში, საგამზრდელოში, თავად ჩიჩუათა სამოსახლოსთან ახლოს (იმ ადგილს დღესაც ,,დოხორეს” უწოდებენ).
მოგახსენეთ, ამ დროისათვის კონსტანტინე ბატონიშვილი გარდაცვლილი იყო. გრიშას მამა ნაბოლარა ვაჟი გახლდათ სამეგრელოს მთავარ ლევან V-ისა და დედოფალ მართა წერეთლისა. მას დროის შესაფერისი აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდობიდანვე სამხედრო სამსახურში მყოფი პენსიაზე გენერალ-ლეიტენანტის ჩინით გავიდა. კავკასიის ომების მონაწილე, დაჭრილიც არაერთხელ ყოფილა. ფლობდა იმპერიის უმაღლეს ჯილდოებს. მოვლილი ჰქონდა ევროპის ქვეყნები, პეტერბურგშიც ხშირად უხდებოდა ცხოვრება.
უფროსი ძმის _ დავითის გარდაცვალების შემდეგ ბატონიშვილი კონსტანტინე მხარში ამოუდგა რძალს _ მთავრინა ეკატერინეს. დედოფალიც დიდად ემადლიერებოდა უმცროს მაზლს.
კონსტანტინე დადიანს ახლო ნათესაობა აკავშირებდა ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოსა და საქართველოს არისტოკრატიის უპირველეს სახლეულობებთან. მეგობრობდა არაერთ გამოჩენილ ქართველ თუ უცხოელ პიროვნებასთან. დ. ყიფიანთან, ნ. ბარათაშვილთან, კ. მამაცაშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება თბილისში პირველი სახალხო ბიბლიოთეკის დაარსება. იგი ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დამაარსებელთა დასის წევრი იყო.
შემორჩენილია სალომე დადიან-მიურატისადმი 1877 წლის 12 იანვარს გრიგოლ ორბელიანის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც მხცოვანი პოეტი სიყვარულით მოიკითხავს სალომეს ბიძას: ,,თუ ნახო ბიძაშენი კონსტანტინე, ჩემი საყვარელი, გულით მეგობარი, განუცხადეთ ჩემს გულში დანერგილი, გრძნობა ძმობისა და მეგობრობისა მისადმი.”
ლაღი, ნადირობის ტრფიალი, უბადლო მეომარი… ერთი სიტყვით, ქართველი რაინდი, რომელსაც ახალი დროების ეკონომიკის არაფერი გაეგებოდა და არც გასჩენია მასში ჩაწვდომის სურვილი.
კონსტანტინე დადიანის ღირსეული თანამეცხედრე მაია (მარიამ) ბატონიშვილიც დადიანთა სამთავრო ოჯახის წევრი იყო. მეუღლისაგან განსხვავებით, მან მთელი ცხოვრება ხიბულაში, საკუთარი გემოვნებით აგებულ სასახლეში გაატარა და იშვიათ შემთხვევაში თუ დატოვებდა იქაობას.
მამულს კნეინა მაია განაგებდა. მის ფხიზელ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ბრძენი, ტრადიციებზე აღზრდილი, ღრმად მორწმუნე, სამშობლოს მოყვარე. გლეხობა პატივს სცემდა და ემადლიერებოდა დიდ ქალბატონს. მოწყალე ყოფილა, ამავ დროს ყაირათიანიც, მშრომელი კაცის დამფასებელი. მეუღლის ხელგაშლილი ცხოვრება და მუდმივი ქეიფები დიდად არ სიამოვნებდა და არც არასოდეს დაუმალავს ეს.
შემდგომში, უცხოეთში გადახვეწილი, მისი შვილიშვილი ლევან (ჯონჯი) დადიანი 1960 წლის 27 ივნისს ნეაპოლიდან გამოგზავნილ ერთ წერილში ასე იგონებს ბებიას: ,,ოქროს ბეჭედი” თანა მაქ, ველაპარაკები ხან ონისიმეს, ხან გიგიშას, ხან პლატონს (მაია დადიანის კარის მსახურნი _ პ.ქ.), ხან ჩემ საყვარელ დიდ ბების, რომელსაც მე ძალიან ვუყვარდი. იქ, მის ოთახში დამიჯენდა, მეტყოდა, უყურე ბებისო, ჩემისთანა ქალს მიდღემჩი ვერ ნახავო და კიდევაც მართალი, მთელი ქვეყანა მოვიარე და მისი ტოლი ადამიანი არ მინახავს. არცერთი დედოფალი, არც ძველი და არც ახალი მას ვერ შეედრება.”
მაია ბატონიშვილის მამა _ გიორგი დადიანი, სამეგრელოს სარდალ-მსაჯულთუხუცესისა და ფაქტობრივ მმართველის _ ,,დიდი ნიკოს” უფროსი ვაჟი იყო. ის მამის სიცოცხლეშივე აქტიურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა.
ბედის ირონიით, თუ ნიკო დადიანი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით სამთავროს რუსეთთან დაახლოებას ემსახურა, თავადი გიორგი ანტირუსული განწყობილებით იყო ცნობილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი სრულ ოპოზიციაში ჩაუდგა ლევან V-სა და დავით დადიანს. მას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა ქვეყნისა და მამულის მოწყობაზე და ამის გამო ვერ ეთანხმებოდა მათ. ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული პიროვნება იყო, ძირძველი ტრადიციების მიმდევარი, მეოცნებე იმაზე, თუ როდის დაეხსნებოდა ,,რუსი” საქართველოს. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ შვილებს სახელმწიფო სამსახურში ემსახურათ. მისმა ვაჟებმა _ დავითმა და კოწიამ კიდეც გაითქვეს სახელი, თავიანთი პოეტური შემოქმედებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.
გიორგი დადიანს მთელს კავკასიაში სცემდნენ პატივს, მის სიტყვას ყველგან ფასი ედო. თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც დროის კვალობაზე განათლებულ და განსწავლულ პიროვნებას, ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულს.
მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი მებატონე იყო, გლეხობის მხრიდან სიყვარულით სარგებლობდა, გიორგის სახით გლეხი მფარველს პოულობდა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები