Posted by: burusi | 24/08/2009

პაატა ქურდოვანიძე – ცხოვრება და გზა, განვლილი მეუფე იოანესი (ნაწყვეტი წიგნიდან)

(მაღალყოვლადსამღვდელო ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსი, იოანე-ცეზარ ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი 1948-1998 წ.წ.)

“იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”… _ ასე იწყება ქართული ხალხური ზღაპარი. რა საოცარი უშუალობითა და სიბრძნით გვაზიარებს ეს ფრაზა იდუმალ სამყაროს! საკვირველია, როგორ გამორჩათ იგი კომუნისტური სახელმწიფოს მკაცრ ცენზორთ, მაშინ როცა 70 წლის განმავლობაში თვალი არ მოუშორებიათ მეცნიერთა, მწერალთა, ღვთისმსახურთა თუ საზოგადო მოღვაწეთა ნებისმიერი ნააზრევისათვის.
“ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…” მშვიდად ჩაგვაგონებს უცნობი მეზღაპრე. მართალი გითხრათ, ბავშვობაში, ალბათ, არც გამიაზრებია ამ შეგონების ჭეშმარიტება _ არ მახსოვს, ვერ დავიჩემებ, ტყუილს კი არ გკადრებ, ჩემო მკითხველო. ეს შემდგომ, მოწიფულობაში მოხდა. იმ ასაკში კი სულსწრაფად გადავავლებდი თვალს დასაწყისს, და უფრო ის მაინტერესებდა, მეფისწული დაიხსნიდა თუ არა მზეთუნახავს ცხრაკლიტულიდან, ან რა ხრიკს ჩაიდენდა ბოროტი დევის გასაცუცურაკებლად ნაცარქექია…
ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი, _ კარგად უწყოდა, ბავშვს ფეხისადგმისთანავე რომ უნდა ჩაუნერგო ღვთის სიყვარული. ვინ უწყის, ქართული ზღაპრის მადლით რამდენ ადამიანს აქვს ჩვილობაშივე გულსჩაბეჭდილი ამ დიდი საიდუმლოს ჭეშმარიტება. ალბათ, ამის წყალობითაცაა, ქრისტესათვის თავშეწირული ამდენი სახელოვანი წინაპარი რომ გვყავს.
გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ქართლში, სოფელ კირბალში, ერთ ღვთისმოშიშ, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული პატარა ბიჭი უფლის სწორედ ის რჩეული აღმოჩნდა, დედის ძუძუს თანაზიარად, ქართული ხალხური ზღაპრის მადლით, პატარაობიდანვე რომ გულში აღიბეჭდა მაცხოვრის სიყვარული.
XIX საუკუნის დიდებულ ფრანგ პოეტს სტეფან მალარმეს ერთხელ უბრძანებია _ სამყაროში ყველაფერი იმისათვის არსებობს, რომ ბოლოს და ბოლოს წიგნად იქცესო.
ვერ გავკადნიერდები და თეკლათის კეთილსახელოვანი დედათა მონასტრის თითქმის საუკუნენახევრის ისტორიისა თუ იქ მოღვაწე სასულიერო პირთა ბიოგრაფიების ნაკლულევანებით აღწერის ჩემეულ მცდელობას სრულყოფილ მატიანეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, კომუნისტური მმართველობის ბოლო ორი ათეული წლის პერიოდის აღწერისას, გვერდს რომ ვერავინ აუვლის თეკლათის მონასტრისათვის გაწეულ იმ ღვაწლს, ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოს იოანეს რომ მიუძღვის.
ჩემს ხელთაა, ორიოდ ფურცელზე დატეული, მისი ცხოვრების პირველ ნახევრის მომცავი ავტობიოგრაფია:
“მე, ჭყონდიდელი და აგარაკ-წალკელი მთავარეპისკოპოსი იოანე, ერში _ ცეზარ ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი, ეროვნებით ქართველი, დავიბადე 1948 წლის 5 იანვარს, გორის რაიონის სოფელ კირბალში, მოსამსახურის ოჯახში. ვარ უცოლშვილო, ბერი.
როგორც მე, ისე დედ-მამას, არ გამოგვიცვლია გვარი, სახელი და მამის სახელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ეკლესიურ სახელს, რომელსაც ვატარებ,”_ასე იწყებს თხრობას ნეტარხსენებული.
ბევრი რამ იყო მის ცხოვრებაში სიმბოლური. აკი გვარიც ასეთი ჰქონდა: ანანიაშვილი. ანანია _ “ღრუბელი უფლისა, გინა მადლი უფლისა” _ განგვიმარტავს საბა ორბელიანი.
ეს წიგნი არაერთი ღვთისმსახურის ბიოგრაფიის აღდგენის მცდელობაა. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს, არცერთი არაა ჩვენი თანამედროვე. იოანე ანანიაშვილი კი ჩემი თაობის კაცია, თითქმის ჩემი ტოლი. ერთ ეპოქაში ვართ აღზრდილნი და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა, ვმეგობრობდით, ის ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობ პიროვნებად დარჩა…
მეუფის ღვაწლზე წინა თავებში არაერთგზის ვისაუბრე, არაერთხელ გამოვიყენე ამონარიდი მისი ნაშრომებიდან. გაიხსენებთ, ალბათ, თუ როგორი სიყვარულით ჰყვება იგი თეკლათელ დედათა ძველი დასის უკანასკნელ მონაზვნებზე, მათ სულიერ სიმაღლესა და ეკლესიისა თუ ქვეყნის წინაშე გაწეულ დამსახურებაზე ან როგორი სულიერი ტკივილით ეთხოვება არქიმანდრიტ კონსტანტინეს დამაშვრალ ნეშტს.
სიმბოლურია ისიც, რომ ამ წიგნის ბოლო თავი მას მივუძღვენი. ვგონებ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ჭეშმარიტება, რომ ისტორიის მდინარებისას ქართველებს ყოველთვის გვყავდა სულიერი მღვიძარებისათვის დამაშვრალი, მაცხოვრისათვის თავშეწირვისა თუ ქრისტიანული ზნეობის სრულყოფისაკენ მსწრაფველი, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისაკენ მომწოდებელი მოღვაწენი. მათ მიერ განვლილი ამქვეყნიური გზა, მათი პირადი VIA DOLOREZA ერს არასოდეს აძლევდა სულიერი მიძინების უფლებას.
განვაგრძოთ, ყოვლადსამღვდელოს ბიოგრაფიის წაკითხვა: _ “1962 წლიდან 1970-მდე ვიყავი კომკავშირის წევრი. 1971 წელს დავტოვე კომკავშირის რიგები და შევედი მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
1955 წელს დამაწყებინეს სწავლა თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში, სადაც ვსწავლობდი მეშვიდე კლასის ჩათვლით. შემდეგ, საცხოვრებელი ბინის გამოცვლის გამო, სწავლა განვაგრძე თბილისი 88-ე საშუალო სკოლაში. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა დავიწყე თბილისის მანქანათა მშენებლობის ტექნიკუმში, რომელიც 1967 წელს ტექნიკოს-ტექნოლოგის დიპლომით დავამთავრე.
იმავე წლის 23 იანვრიდან მუშაობას შევუდექი თბილისი ქარხანა “მაგნიტოფონში”, ტექნიკოს-კონტროლიორად, შემდეგ ტექნიკოს-ტექნოლოგად, უფროს ტექნიკოს-ნორმადარად.
1968 წლის ნოემბრიდან ვიდრე 1970 წლის დეკემბრამდე ვმსახურობდი საბჭოთა არმიის რიგებში.
1971 წლის იანვრიდან კვლავ დავუბრუნდი სამუშაო ადგილს, უკვე ინჟინერ-ტექნოლოგად.
1971 წლის სექტემბრიდან სწავლა დავიწყე მცხეთის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩარიცხულ ვიქენ მეორე კურსზე.”
23 წლისამ შეაღო პირველად მცხეთის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიის კარები და ქრისტიანულ სიბრძნეს ისეთი მონდომებით დაეწაფა, რომ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის, უწმინდესისა და უნეტარესის, იმჟამად სემინარიის რექტორის _ ილია მეორის კეთილ თვალს არ გამოჰპარვია ამ ყმაწვილი კაცის მართალი გულის უბრალოება და სულიერი სიბრძნის დაუფლების გაუნელებელი წადილი.
სემინარიაში განსწავლისას სახარების მადლთან ზიარებამ, წმიდა წერილებში, ფსალმუნებში ჩაღრმავებამ აღავსო და გაამდიდრა მისი სულიერი სამყარო. მეორე მხრივ, მცხეთაში ხშირად ყოფნამ, სვეტიცხოველსა და სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე ძველი თაობის ღვთისმსახურებთან დაახლოებამ, მათი ცხოვრების წესებზე დაკვირვებამ მყარად დაარწმუნა არჩევანის უდიდეს პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობაში.
“მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრებაი” (იოანე 14.6.) _ მოგვიწოდებს უფალი და ამ გზაზე სასოებით მავალად განემზადა კიდეც ახალგაზრდა კაცი.
მაგონდება, თუ როგორი მოწიწებითა და სითბოთი მიამბობდა სამთავროს მონასტრის მხცოვან დედებზე. ერთხელ ცეცხლის ალით კიდეებშელახული ფოტო გამომიტანა. მასზე კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II, იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია და მცხეთელი მონაზვნები არიან ასახულნი. ასევე _ მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვარი დედა ანა აჭაიძე, პატრიარქის ნათლია დედა ზოილე დვალიშვილი, დედა ეფემია ხიზანიშვილი _ “დიდი ლიზა”, დედა სალომე უგრეხელიძე რაჭიდან, სიკეთით სავსე “დედა პასიკო”… ღვაწლით, ხასიათით, სულის სიმტკიცით გამორჩეულ თითოეულ მათგანს შთამბეჭდავი შტრიხებით ახასიათებდა და თვალწინ მიცოცხლებდა. გულისტკივილით მიამბო იმ ფოტოს ისტორია: ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, სიონში მისული, პატრიარქ ეფრემ II-ის არქივის დაწვის ცდას გადაჰყრია. ვინც ეს ჩაიდინა, უმეცრობით მოსდიოდა და არა შეგნებითო. იმ დღეს ბევრი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი და ფოტოსურათი გადაურჩენია ფერფლადქცევას. ეს ფოტო კი სამახსოვროდ წამოვიღე და ახლა შენ გჩუქნიო, მითხრა.
სასწავლებელში ყოფნის ჟამს, ქრისტესმიერი სიყვარულით დაახლოებია მცხეთელ ღირს მამა გაბრიელს. მამაშვილური ურთიერთობა ჰქონია მიტროპოლიტ რომანოზთანაც (პეტრიაშვილი). დასტურად მათი სულიერი მეგობრობისა მეუფის არქივში ინახება რამდენიმე საღვთისმსახურო დანიშნულების ძველებური წიგნი ყოვლადსამღვდელოს მიძღვნითი ავტოგრაფით: “ვუძღვნი მამა იოანეს ამ ღვთისმშობლის რუსულს დაუჯდომელს. მიტ. რომანოზი 30.12.74.წ.”; “მამა იოანეს (ანანიაშვილს) ვუტოვებ ჩემს სახსოვრად ამ დაუჯდომელს (რუსულს) მიტ. რომანოზი 2.01.75.” და ა. შ. და ა. შ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: