Posted by: burusi | 08/06/2013

თორნიკე სებისკვერაძე, მარიამ ხუციშვილი – ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკდინებელი ცოდვა (კონრად ლორენცი)

Golconde. 1953

Golconde. 1953

თორნიკე სებისკვერაძე, მარიამ ხუციშვილი – “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკდინებელი ცოდვა” (კონრად ლორენცი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

კონრად ლორენცმა თავისი ნაშრომი “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკდინებელი ცოდვა” მეგობრის, ედუარდ გარტენის დაბადების სამოცდაათი წლისთავისათვის მიძღვნილი საიუბილეო კრებულისათვის დაწერა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი არ გავს იუბილარისთვის მიძღვნილ წიგნს, რადგან მთლიანი ნაშრომი კაცობრიობისადმი მიმართული მოწოდებაა მონანიებისა და შემობრუნებისათვის.

ამ წიგნის დაწერის მთავარი მიზეზი ავტორის რადიო გამოსვლა გახდა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია და უახლოესი მეგობრების თხოვნის შემდეგ, ლორენცმა წიგნის გამოქვეყნება გადაწყვიტა. მისი აზრით ასეთი ტიპის ნაშრომი უფრო საეკლესიო მქადაგებელს შეეფერებოდა, მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში მიმდინარე სახიფათო პროცესებს სწორედ ბუნების მკვლევარი ხედავს ყველაზე კარგად, რადგან პირველი ატყობს ბუნებრივი პროცესების მოშლის ტენდენციას.

თავის ნაშრომში ლორენცი შეეცადა შეეჯამებინა ჩვენი დროის ყველა ის პრობლემა, რომელიც ემუქრება არამარტო ცივილიზაციას, არამედ ადამიანს როგორც სახეობას.

პირველ თავში იგი ცდილობს აგვიხსნას, თუ რატომ ყალიბდება ცოცხალი სისტემები ისეთი ფორმით და ისეთი ფუნქციებით, როგორითაც ისინი ყალიბდებიან. ნებისმიერი ფორმა და ფუნქცია ყალიბდება ევოლუციის პროცესის შედეგად და ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ რეკომბინაციებს, მუტაციებს და ბუნებრივ გადარჩევებს.

პირველ, ყველაზე მომაკვდინებელ ცოდვად ლორენცი ჭარბ მოსახლეობას მიიჩნევს, რომელიც დანარჩენი სხვა ცოდვების საწყისად მიაჩნია. იგი თვლის, რომ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ამდენი ადამიანის ცხოვრება ბევრ პრობლემებს ქმნის. მიაჩნია, რომ ადამიანს აქვს გარკვეული სოციალური კონტაქტების აღქმის უნარი და როდესაც იგი ზღვარს ცდება, ცდილობს გარკვეული კედელი აღმართოს და აღარ შევიდეს უფრო ახლო კონტაქტში მის გარშემო მყოფებთან. ამ დროს იკარგება ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა.

თვალსჩინოებისათვის მას მოჰყავს სოფლისა და ქალაქის მაგალითი. სოფლად სიამოვნებთ სტუმრის მისვლა. რაც შეეხება ქალაქს, კონრად ლორენცს თავისი მაგალითი მოყავს. ერთხელ, როდესაც სტუმრად ყავდა ამერიკის ერთ-ერთი პროვინციიდან სტუმრები, საღამოს ვახშმისას კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, რაც ლორენცმა გაიკვირვა, ასე გვიან ვინ უნდა იყოსო. ეს ყოველივე კი პროვინციელი სტუმრების გაკვირვების მიზეზი გახდა, რადგან ვერ წარმოედგინათ, თუ რატომ არ უნდა გახარებოდა სტუმრის მოსვლა კონრადს.

მისი აზრით, ჭარბი მოსახლეობა იწვევს გულგრილობას. შესაძლოა ხალხმრავალ ქუჩებში დღისით ვიღაცა გაძარცვონ, მოკლან ან გააუპატიურონ, და ამ დროს გამვლელებს არანაირი რეაქცია არ ჰქონდეთ. აღნიშნული შესაძლოა აგრესიაში გადაიზარდოს, რამაც საბოლოოდ ომის სახეც კი მიიღოს. ლორენცი წერს: “მოსახლეობის სიჭარბე, რომელიც ყოველ ჩვენგანს, სოციალური კონტაქტების მოზღვავების გამო, აიძულებს არსებითად “არაადამიანურად“ გაემიჯნოს სხვას, და რომელიც, ვიწრო სივრცეში უამრავი ინდივიდის თავმოყრის გამო უშუალო აგრესიას ბადებს.“

მეორე მომაკვდინებელ ცოდვად კონრად ლორენცი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგებას მიიჩნევს. მისი აზრით საყოველთაოდაა გავრცელებული აზრი, თითქოს “ბუნება ამოუწურავია.“ ლორენცს მიაჩნია, რომ ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება არა მარტო გარემო სამყაროს ანგრევს, არამედ ადამიანშიც ანადგურებს სამყაროს სრულყოფილებისა და სილამაზისადმი მოწიწების გრძნობას. მოზარდს ვერ გაუჩნდება რაიმეს წინაშე მოწიწების გრძნობა, როდესაც ყველაფერი, რასაც მის გარშემო ხედავს ადამიანის ნახელავია, თანაც იაფასიანი და უშნო. მისი აზრით, ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და მასში ადამიანის ჩარევას ხშირად კატასტროფული შედეგები მოყვება. ბუნებაში ანუ ეკოსისტემაში ყველაფერი ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ერთი კომპონენტის განადგურება იწვევს სხვა დანარჩენი კომპონენტების განადგურებას.

კონრად ლორენცის მიხედვით, მესამე მომაკვდინებელი ცოდვაა “კაცობრიობის შეჯიბრი საკუთარ თავთან, რომელსაც სულ უფრო მეტად აჩქარებს ტექნოლოგიის განვითარება, ადამიანს ჭეშმარიტი ღირებულების დასანახ თვალს უბრმავებს და დროს აღარ ტოვებს ჭეშმარიტად ადამიანური სააზროვნო საქმიანობისთვის.“ ჩვეულებრივ, ბუნებაში ინდივიდებზე მოქმედებს შემდეგი ძალები: შიდასახეობრივი გადარჩევა და სახეობათშორისი გადარჩევა, აგრეთვე გარემოს სხვა ფაქტორებიც. ადამიანს არ ყავს სახეობათაშორისი კონკურენტი, ხოლო მჭიდრო მოსახლეობის გამო კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ ადამიანი ივიწყებს ყოველგვარ გრძნობებს: სიყვარულს, თანაგრძნობას… იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვას. გააფთრებული კონკურენციის გამო ადამიანს აღარ რჩება დრო საკუთარ თავთან დასარჩენად. მას ეკარგება საკუთარი თავის შემეცნების სურვილი, რაც აზროვნების საფუძველია. შესაძლებელია, ადამიანი შეგნებულად გაურბოდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენას.

გრძნობების გაცივება ლორენცს მეოთხე ცოდვათ აქვს მოხსენიებული. ცოცხალ არსებაში პავლოვისეული რეფლექსების გამომუშავება შესაძლებელია ორი საწინააღმდეგო მოქმედების სტიმულით: “გამაძლიერებელი“ სტიმულით და მეორე “გადამჩვევი“ სტიმულით. დადებითი სტიმულაცია, რომელიც ზედიზედ მრავალჯერ მეორდება, თანდათანობით კარგავს თავის დადებით მოქმედებას ორგანიზმზე და ნეიტრალური ხდება. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით სიამოვნებისკენ ისწრაფვიან თანდათან კარგავენ სიამოვნების აღქმის უნარს, მათთვის ცხოვრება უინტერესო, მოსაწყენი ხდება და ცდილობს ათასგვარი ხერხი მოიგონოს სიამოვნების მისაღებად. სიამოვნება,რომელიც არ მოიპოვება შრომისა და წვალების შედეგად ნაკლებად აღქმადი ხდება და აღარ წარმოადგენს ადამიანისთვის ძლიერ დადებით სტიმულს. გრძნობების კვდომა, პირველ რიგში, გამოწვეულია სიამოვნება-უსიამოვნების მექნიზმის მოშლით, რაც იწვევს სიციალური კონტაქტების რღვევის პროცესს.

მეხუთე ყველაზე მომაკვდინებელ ცოდვად, ლორენცი გენეტიკურ რღვევას მიიჩნევს. თანასაზოგადოებაში, სადაც ალტრუიზმი, ანუ ერთმანეთის უანგარო დახმარება, სოციალური ქცევის შემადგენელი ნაწილია, მისი არარსებობა ზოგიერთი ინდივიდების ასოციალურობას განაპირობებს. სოციუმი ეწინააღმდეგება ასოციალური ინდივიდების არსებობას. ლორენცის აზრით, სხვადასხვა ქვეყნებში სამართლებრივი სტრუქტურების მსგავსების ახსნის სამი კონცეფცია არსებობს: მეტაფიზიკური – ანუ ყველაფერში არსებობს ბუნებრივი მიზანშეწონილობა, რაც ბუნების სიბრძნით აისახება. ისტორული -იდეების მიმოცვლა სხვადასხვა სამართლებრივი კონცეფციებს შორის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, და მესამე ეკოლოგიური ახსნა – ქცევის გარკვეული ნორმების დაცვა ხელს უწყობს არსებულ გარემოსთან შეგუებას.

რა იწვევს ნორმების დარღვევას? ლორენცის აზრით, იგი შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული: გენეტიკური დარღვევების ან არასწორი აღრზდის შედეგად. როდესაც ადამიანს გენეტიკური დარღვევები აქვს, მკურნალობა ძალიან რთულია. იგი თვლის, რომ ზნეობის არსებობა ადამიანებში ხელს უწყობს სოციუმის შენარჩუნებას, ხოლო ზნეობის დარღვევა ძალიან საშიში ხდება სოციუმისათვის.

მეექვსე მომაკვდინებელი ცოდვად ლორენცის მიიჩნევს ტრადიციებისგან მოწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის კულტურული და სახეობის განვითარება ევოლუციის პერიოდში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივეს შედეგად ხდება ისეთი ნიშნების გადარჩევა, რომელიც სასარგებლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მას ტრადიცია ჰქვია. თუ თაობათა ურთიერთობამ ისეთ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, როცა უმცროსი თაობა კარგავს უფროსთან ურთიერთგაგებას, მას ისე ექცევა, როგორც უცხოს და სიძულვილს ახვედრებს, ხდება ტრადიციებისგან მოწყვეტა, ადამიანი კარგავს საკუთარი თავის ინდენტიფიკაციის უნარსაც. ტრადიციებზე უარის თქმა ნიშნავს სასარგებლო ცოდნის უგულვებელყოფას, თუმცა, ლორენცის აზრით, მხოლოდ ტრადიციებზე დაყრდნობა, ახალი ცოდნის, ახალი ტრადიციის ჩამოყალიბებაზე უარის თქმაა. ადრეულ ასაკში, ახალგაზრდები ხშირად უარს ამბობენ ტრადიციებზე, სამაგიეროდ იძენენ ახალ ცოდნას. მოგვიანებით ისინი აცნობიერებენ ტრადიციების მნიშვნელობას, ისეევ უბრუნდებიან მათ და ამდიდრებენ ახლად შეძენილი გამოცდილებით.

ლორენცი მეშვიდე მომაკვდინებელ ცოდვად ინდოქტრინაციას მიიჩნევს. მისი აზრით, დოქტრინების საშუალებით ხდება მასების “კონდიციონირება“, ანუ ტვინის გამორეცხვა. თუ ადამიანს შესაბამის “კონდიციონირებას“ გაუკეთებ, მისგან შესაძლებელია ყველაფერი ის მოითხოვო, ან ყველანაირად ისეთი შექმნა, როგორიც გინდა. ეს არის ადამიანის და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ინდოქტრინაცია საფუძვლად უდევს ცივილიზებული კაცობრიობის მრავალ ცოდვას. ადამიანების რიცხოვნობის ზრდა, ტექნიკური საშუალებების განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე მოქმედების ხერხების დახვეწა იწვევს აზრების ისეთ უნიფიცირებას, რაც აქამდე არ ახსოვს კაცობრიობის განვითარების ისტორიას. ხდება მასების ინდოქტრინაცია – ხშირ შემთხვევაში მცდარი ჰიპოთეზის თავს მოხვევა, რაც ხელს უწყობს მასების მართვას.

ბოლო ცოდვად კონრად ლორენცი ბირთვულ იარაღს განიხილავს. ბირთვული იარაღი საშინელ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, თუმცა მისი თავიდან აცილება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.

ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვაში, ლორენცმა წარმოადგინა თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემები. კარგი იქნება თუ ყველა ადამიანი ჩაუღრმავდება ამ ნაშრომს, რადგან მასში შესაძლოა საკუთარ თავი დაინახონ და შეცდომებიც ამოიცნონ.


პასუხები

  1. ძალიან კარგი ნაშრომია.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები