Posted by: burusi | 08/06/2013

ლელა მორჩილაძე – კულტურული მრავალფეროვნების საკითხი

"ამბავი სურამის ციხისა", სერგო ფარაჯანოვი – "Legend of Suram Fortress" - Sergei Parajanov

“ამბავი სურამის ციხისა”, სერგო ფარაჯანოვი – “Legend of Suram Fortress” – Sergei Parajanov

ლელა მორჩილაძე – კულტურული მრავალფეროვნების საკითხი

(კლოდ ლევი-სტროსის „რასა და ისტორია“-ს მიხედვით)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

კლოდ ლევი-სტროსი ფრანგი ფილოსოფოსი, ანთროპოლოგი და ეთნოლოგი, სტრუქტურეალიზმის ფუძემდებელია ანთროპოლოგიაში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის სოციალურ და ფილოსოფიურ სამყაროში.

სტროსი ცდილობდა შეექმნა კულტურის გრამატიკა, რომ ეჩვენებინა როგორ იქმნებიან კულტურული დისკურსის შემადგენელი ნაწილები (ბინარული ოპოზიციების პრინციპი), წესები, რომელთა მიხედვითაც ეს შემადგენელი ნაწილები (ოპოზიციურ ცნებათა წყვილები) განლაგდებიან და ერთმანეთს ერწყმიან, რათა შემდეგ შექმნან კულტურის პროდუქტები (მითები, ქორწინების წესები, ტოტემური კლანის წესები და ა.შ). კულტურა მისთვის სტრუქრტურულ ერთიანობას წარმოადგენდა.

და მაინც რა არის კულტურის არსი? რა განაპირობებს მის მრავალფეროვნებას?

კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებულობას სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება, როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი. მისი მეშვეობით იგი ქმნის ახალ სამყაროსა და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა. ლევი სტროსი ფროიდის გავლენას გარკვეულ წილად განიცდიდა და ამას თავადაც ადასტურებდა. კულტურის განხილვისას ფროიდის შეხედულება მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, რომელიც ამბობს, რომ კულტურის ცნება იმ მონაპოვართა და ინსტიტუტების ერთობლიობის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც გვაშორებს ჩვენს ცხოველურ საწყისებს და ორ მიზანს ემსახურება – ადამიანის ბუნებისაგან დაცვას და ადამიანთა ურთიერთობების რეგულაციას.“ კულტურა ცდილობს დაიმორჩლოს აგრესია და თვითგანადგურებისაკენ სწრაფვა, რაც შეუძლებელს ხდის თანაცხოვრებას.

ლევი სტროსი ერთ-ერთ ნაშრომში „რასა და ისტორია“ ფიქრობს, რომ კულტურა გაცილებით მეტია ვიდრე რასა. „ორი კულტურა რომელიც შექმნილია ერთი და იგივე მოდგმის ადამიანების მიერ, ისევე ან უფრო მეტად შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, როგორც რასობრივი თვალსაზრისით განსხვავებული ჯგუფების მიერ შექმნილი კულტურები“. ეს ყველაფერი კი ქმნის მრავალფეროვან კულტურებს რომელთა სიმრავლემაც არ უნდა დაგვაბნიოს და არ უნდა მოხდეს ერთი კულტუტის უარყოფა მეორე ჯგუფის კულტურული გადმოსახედიდან, რაც იწვევს ეთნოცენტრიზმს და კონფლიქტს კულტურებს შორის. საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს აღვიქვამთ სწორად, ხოლო სხვისთვის დამახასიათებელს არასწორად. ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, რომ არცერთი კულტურა არ არის განცალკევებული და მარტო მდგომი, კულტურული მეზობლობის და სხვა კულტურისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების შედეგია კულტურიული მრავაფეროვნება და თვითმყოფადობა. კულტურების წარმატება გამოცდილების დაგროვებაზეა დამოკიდებული, და რაც უფრო ღიაობით ხასიათდება კულტურა, მით მეტად განიცდის პროგრესს. პროგრესის ცნება არ უნდა იყოს გაგებული როგორც აღმავალი გზა ან ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, მან შიეძლება თავისი წინსვლით ბევრი რამე გააუქმოს. პროგრესი მოულოდნელად და ნახტომისებურად ჩნდება და იგი არც აუცილებელია და არც უწყვეტი.

ლევის ტროსმა დაყო კულტურა სტაციონალური და კომულაციური ისტორიის მქონე კულტურებად. სტაციონალურ კულტურად შეიძლება მოვიხსენიოთ დასავლური კულტურა, რომელიც მიმღებლობით გამოირჩევა, რაც ერთის მხრივ იწვევს გამოცდილების დაგროვებას და ახალი კულტურის ჩამოყალიბებას ძველთან მიმართებაში. დასავლური კულტურა განიცდის მუდმივ ცვლას და ტრანსფორმაციას, თუმცა ეს არ იწვევს კულტურული ისტორიის გაქრობას, არამედ მის გამრავალფეროვნებას. კომულაციური ისტორია კი პროგრესს არ ანიცდის და ხდება თაობიდან თაობაზე ერთი და იგივე კულტურული პროდუქტების გადაცემა. მაგრამ ეს კულტურა არ გულისხმობს უძრაობას.

თანამედროვე კულტურის ჭეშმარიტი აზრი დაფარულია. მის დასანახად ლევი სტროსი პრიმიტიულ საზოგადოებას იყენებს. პირველყოფილი ადამიანი არის ერთგვარი სარკე, რომელიც თანამედროვე ადამიანს თავისი არაცნობიერის დანახვის საშუალებას აძლევს, რაც ხიდია ბუნებასა და კულტურას შორის. პიველყოფილ ადამიანსა და თანამედროვეს შორის არსებობს განსხვავება „მე“-ს გაგების თვალსაზრისით. თანამდეროვე პიროვნებასთან გარეგან მე-სა და და შინაგან მე-ს შორის კავშირი გაწყვეტილია ისტორიის მეშვეობით. ხოლო ამ კავშირის აღდგენას ის ცდილობს მითების მეშვეობით. ხშირად მითის სტრუქტურა და საზოგადოების ყოფა ერთმანეთის პარალელურია, თუმცა მითი კი არ ირეკლავს საზოგადებას, არამედ მითიცა და სოციუმიც ეფუძნება საერთო სტრუქტურას. კულტურათა მიერ გადმოცემული მრავალი მითოლოგიური ამბავი შესაძლო სახეცვლილებებია დროსა და სივრცეში მუდამ უცვლელი და განსაზღვრული მითებისა.

თუმცა ყველა ცივილიზაციას თავისი შესაფასებელი კრიტერიუმები აქვს და სწორედ ეს განაპირობებს კულტურულ მრავალფეროვნებას. ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ არსებობენ პრიმიტიული და არქაული საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა უარყოფა და მსოფლიო ცივილიზაციიდან ამოშლა დაუშვებელია, რადგან მასაც თავისი წვლილი შეაქვს კულტურული გამრავალფეროვნების გზაზე. მაგალითად რომელიმე აფრიკული ტომის ცივილიზაციით თუ ვიმსჯელებთ ის შეიძლება უმაღლეს საფეხურზე იდგეს თავისი განვითარებით და სულაც არ არის აუცილებელი მისი ყურება ეროპული ან დასავლური კულტურის თვალით, რადგან სწორედ ეს პრობლემა იწვევს კულტურული თვითმყოფადობის შელახვას და ტენდენციას მსოფლიო გლობალიზაციისკენ და ერთიანი კულტურის შექმნისკენ, საერთო ხედვისაკენ, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ფროიდთან კულტურა დიდი რაოდენობის ადამიანთა ურთიერთობას ეფუძნება და მისი მიზანი ადამიანების მრავალრიცხოვან საზოგადოებაში გაერთიანებაა, მაგრამ ოჯახს ინდივიდის გაშვება არ სურს. მალინოვსკის აზრითაც ოჯახი არის აკვანი საკაცობრიო კულტურისა, და რაგანაც საჭიროა, რომ არ დაირღვეს ოჯახის მნიშნელობა და მოხდეს მისი გამრავლება, საჭირო გახდა ინცესტის აკრძალვა, რამაც ინდივიდი კულტურულ სამყაროს მიაკუთვნა და წარმოშვა კულტურული თანამშრომლობა.

დღეს შეინიშნება დასავლური ცივილიზაციის ბატონობა. ჩვენ, როგორც სტროსი ამბობს, ვირჩევთ დასავლეთს არა მისი სიკარგიდან გამომდიარე არამედ არჩევანის არქონიდან გამომდინარე. დასავლური კულტურა და ყოფიერება ამკვიდრებს თავის წესებს სამყაროს თითქმის ყველა წერტილში, რაც გლობალიზაციის დასაწყისია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კულტურა ბევრად უფრო მეტია ვიდრე კოკა-კოლის ბოთლი ან ბიგ-მაკი და შესაძლებელია მოხდეს თანამშრომლობა კულტურებს შორის მათი ლოკალურობისა თუ გლობალურობის მიუხედავად. არც ერთი კულტურა არ არის მარტო, და ცივლიზაციის დემოკრატიული არსი იმაში მდგომარეობს, რომ კულტურები თანაარსებობენ ერთმანეთის გვერდით და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარია კულტურული კოალიცია. თავად ლევი სტროსი თავის ერთ-ერთ ნაშორმში საუბრობს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ძველი და ახალი ცივილიზაიის შერწყმა ერთმანეთთან, ისე რომ არ დაირღვეს თვითმყოფადობა და ამის საილუსტრაციოდ მოყავს იაპონიის მაგალითი. იაპონელებმა მონახეს გზა და „ცოცხალ ეროვნულ საგანძურად“ (ნინგენ კოკუჰო) წოდებული სიტემა შექმნეს. იაპონია გაბედულად შევიდა თანამედროვე ცივილიზაციაში და ეს მან თავისი ინდივიდუალობისა და თავისებურებების მეშვეობით შესძლო.

დგას დღეს საქართველო ინდივიდუალობის დაკარგვის წინაშე? ან იქნებ მანაც შესძლოს და მოძებნოს საკუთრი გზა, რათა გადაურჩეს გაქრობას. კულტურა რომ გადარჩეს აუცილებელია ისწავლოს როდის იყოს ღია სხვა კულტურისადმი და როდის დახურული. ორიგინალობის შესანარჩუნებლად კულტურა უნდა იყოს საკუთარი თავის ერთგული. ჩემი ფიქრით, განსხვავებული კულტურის წარმომადგენელს ჩვენში სწორედ ის სიძველე და ტრადიციულობა ხიბლავს რაც მოდერნიზმთანაა შერწყმული და არა ის, რომ ვუარყოთ საკუთარი ტრადიციები და ყველაფერში ვბაძავდეთ მათ, ვინც ჩვენი კულტურის მიღმაა. საქართველოსთვის გამოსავალი არა კოპირება, არამედ გამრავალფეროვნებაა ძველ კულტურასთან შეთანხმებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (წიგნი 2)
2. http://socioflaneur.wordpress.com
3. http://www.culturedialogue.com/resources/library/schools/struqturalizmi.shtml
4. http://giorgimarjanishvili.blogspot.com/2011/04/blog-post_17.html
5. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?
6. ვიდეო ლექციები „კლოდ ლევი სტროსი“. ზ. კიკნაძე.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი

2013 წლის გაზაფხულის სემესტრი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: