Posted by: burusi | 04/01/2011

თამაზ ბიბილური – “ზამთარი”

ზამთარი, ელენე ახვლედიანი

თამაზ ბიბილური – Tamaz Bibiluri

თამაზ ბიბილური – “ზამთარი”

თოვლი მოსულა!

ვიდრე ამას სიხარულით შევძახებდეთ, ან კიდევ ბებო ან მამა ჩაგვჩურჩულებდნენ ყურში დილაადრიანად, აბა, გადასწიე სარკმლის ფარდა და გარეთ გაიხედეთ (გარეთ კი ყველაფერი ახლად მოსული თოვლით იქნება გადათეთრებული), ერთხელაც, და ალბათ ჩვენს «ოთხ დროში» უკანასკნელად, თვალი მოვავლოთ იმ ვრცელ ველს, რომლის იქითაც კავკასიონის მთები დაყუდებულან. მთებზე უკვე კარგა ხანია დათოვა. მერე თოვლი ქვემოთ და ქვემოთ ჩამოვიდა, ახლა ჰა და ჰა, დღე-დღეზე ველით, ვიდრე აქაც, ჩვენს სოფლამდეც ჩამოაღწევდეს.

ყველაფერი ზამთრის მოლოდინს შეუპყრია: მთიდან შეშა მოაქვთ და ისე მოდიან, თითქოს ზამთარი ფეხდაფეხ მოსდევთ. მოლოდინი იგრძნობა მაშინაც, როცა ვიღაცა სადღაც ეშურება, სადღაც ეშურება ათიოდე ჩიტიც, ერთ მწკრივად დაწყობილი, და ჩვენ არ ვიცით, ამათ მაინც სადღა ეჩქარებათ, ჩიტები ხომ რა ხანია გაფრინდნენ და ალბათ კიდეც ჩააღწიეს იმ ქვეყანას, სადაც ჩვენებურ ზამთარს გაერიდნენ, ღრუბლებიც მიდიან, ისინიც ჩქარობენ, და ჩვენ არ ვიცით, ან იმათ საით გაუწევიათ. თითქოს ყველამ რაღაცის მოახლოება იგრძნო. ასე ხდება ხოლმე ჭექა-ქუხილის ან წვიმის წინ, როცა სადაცაა წამოვა მსხვილი წინწკლები და ვჩქარობთ თავის შეფარებას, იმ წამში თითქოს ქვეყანა გაირინდება, ჩქამი არ ისმის. სიო არ იძვრის…

და აი, ჩამოდგა უკანასკნელი წუთები მოლოდინისა.

ნუთუ ვერ მოვიხელთებთ იმ წუთებს, როცა ციდან თეთრი ფანტელები წამოვლენ? ნუთუ თვალს ვერ შევასწრებთ იმ პირველ ფანტელებს, ვიდრე დედამიწაზე დაეცემიან და მერე, ერთმანეთის მიყოლებით წამოსულნი, მთელ არემარეს გადაათეთრებენ?

მაგრამ თოვლი ჯერ მაინც არ მოდის.

ეტყობა, მოულოდნელად მოვა, ჩვენ რომ ვერაფერს გავიგებთ იმ დროს.

და აი, დილაადრიანად ვიღაცა ჩაგვძახის:

თოვლი მოსულა!

ეს უჩვეულო, მაგრამ ნანატრი ხმაური გაღვიძებს. ვიღაცა ვიღაცას გასძახის, ვიღაცა პასუხობს. ეს ხმაური არც ერთ სხვა ხმაურს არ ჰგავს. რაღაც საზეიმოა, განსაკუთრებული, რაღაც მოხდა იმგვარი, რაც იშვიათად ხდება:

თოვლი მოსულა!

აკი კარგა ხანია ველოდით, მაგრამ მაინც თითქოს მოულოდნელად მობრძანდა. წუხელ მოსულა, ჩუმად, ძილს რომ მივეცით თავი, დაუწყია და დილამდე ყველაფერი გადაუთეთრებია.

პაპას ნიჩაბი გამოაქვს და თოვლში ბილიკს კვალავს, ბებო ეჩხუბება, თბილი რამე მაინც მოიხურეო, ბეღურები დათოვლილ ტოტებზე ფრთხიალებენ და თოვლს პირდაპირ პაპას აყრიან თავზე. საჩეხი და აივანიც დათოვლილა და დედა ცოცხით ჰგვის. შეშა უკვე დახერხილი და დაპობილი გვაქვს და ბუხარი საამოდ ღუღუნებს, გარშემო სითეთრეა, პირველი თოვლის სითეთრე. ეს თეთრი ფერი და გადათოვლილი კარ-მიდამო სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ცოტა ხანიც და პირველ-ყოფილი სილამაზე დაირღვევა: ვიღაცა ეზოს გადათოვლავს, ბეღურები ტოტებიდან ჩამოჰყრიან თოვლს. გაიკვალება ბილიკები, შეიძლება უცებ მზეც გამოვიდეს და გზები ატალახდეს. ეს თოვლისფერი სითეთრე და თოვლის სიჩუმე ერთი გაელვებისაა, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ ჩასარჩენი.

აკი ვამბობდი, საშობაოდ მოვა თოვლი-მეთქი, — ამბობს ბებო, — თაობითვე ეგრე იყო, საშობაოდ დასდებოდა ხოლმე, პაპა დასცინის, მზიანი შობადღე ჯერ არ გინახავსო? კარგი საშობაოდ თუ არა, საახალწლოდ მაინცო, — უთმობს ბებო, ახალ-წლამდეც რაღა დარჩაო.

შობა-ახალწელზე საუბარი დილიდანვე იწყება. ყველანი იმ დღეებისათვის ემზადებიან. მეზობლიანთ თანდილას ქოხიც ემზადება. ღარიბია თანდილა, ერთი ნინუცა ყავს — ეშმაკობით სავსე ცოლი და სხვა არავინ. შვილები მსოფლიო ომში დაეხოცა. რა ახალი წელი უნდა დაუდგეს, მაგრამ ისიც ემზადება, ერთი მჭლე ღორი ყავდა ძლივს მოასუქა და ახლა ვერ გადაუწყვეტია, როდის აჯობებს _ საშობაოდ დაკლას თუ საახალწლოდ, გადმოვა ნინუცა თავის დაქალთან, ჩვენს ბებოსთან და, როგორც განათლებულს და «საღმრთო წერილში» განსწავლულ ქალს, ეკითხება, როდის უფრო ღვთსინიერი იქნება ღორის დაკვლა, საშობაოდ თუ საახალწლოდო, ბებო ტუქსავს, თუ ღვთისნიერობა გინდა, საშობაო მარხვა რად დაგავიწყდა, თუ არადა რით ვეღარ გაიგეთ, ღმერთს ხორციელის ჭამა რომ არ უყვარსო, ღმერთს ტკბილეულით უნდა მიეგებოთო. ტკბილეული სადღა გვაბადიაო — იცინის ნინუცა და იცის, რომ ამით ბებოს შეაბა ეჟვანი. დღეს არა ხვალ ბებო, ყველასგან დაფარულად, ან თაფლს გადაუტანს — გოზინაყი გააკეთეო, ან ბადაგს და თავისებურად ეტყვის — ბადაგი მაინც ვერ შეინახე, ერთ დღეში რომ იცით ყველაფრის მუცელში ჩაყრაო, ალბათ არიან ერთ სიცილში, მუჯლუგუნების წაკვრაში და ნინუცას ლოცვა-კურთხევაც იქვეა — მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოს ღმერთმაო.

და მაინც, წამოსვლის წინ, ნინუცა კვლავ გამოედევნება ბებოს და კვლავ ჰკითხავს, როდის აჯობებს ღორის დაკვლა, საშობაოდ თუ საახალწლოდო.

ბოლოს მაინც საშობაოდ დაკლავენ.

თითქოს განგებო, თანდილას ღორი, როგორც კი ხელსა სტაცებენ, მთელი სოფლის გასაგონად ჭყივის, ქვეყანას უხმობს — მიშველეთო.

და თანდილასაც უხარია, მთელ სოფელს ესმის, — თანდილაც ღორსა კლავს…

სწორედ საშობაოდ მოვიდა დიდი თოვლი.

ჩვენ ამას ზოგჯერ «ნამდვილ თოვლს» ვეძახით, უხვს, ერთბაშად მოსულს, მთელ არემარეს რომ გადაათეთრებს.

შობა-დღეში ქრისტეს შობა იგულისხმება, ოცდახუთი დეკემბერი ძველი სტი-ლით და დეკემბერს ხომ ქრისტეშობის თვეც ჰქვია ძველებურად.

დიდი ზეიმის დღე იყო.

მთელი საქრისტიანოს ზეიმი.

ყრმა იესოს შობა ბეთლემში საგანგებოდ აღინიშნებოდა ყველგან, და ცხადია, ძველ საქართველოშიც, როგორც ძველთაძველ საქრისტიანო ქვეყანაში.

**
მოდით, ჩვენ თოვლის მოსვლა ვნახოთ.

აკი ისე დადო, რომ ვერც შევავლეთ თვალი, ძილში ვიყავით წასულები. გათენდა და თეთრად იყო მთელი სოფელი გადალესილი, ხო, ახლა ისევ ნელ-ნელა წამოვიდა ფანტელები და ჰა, ხვავიანადაც დაიწყო ბარდნა. შინიდან უკვე სიმღერა გამოდის, ჩვენ კი ცოტა მოვცილდეთ სახლ-კარს და სოფლის იქით გავიხედოთ. რა მსხვილი ფანტელებია, თითქოს ბებოს დაჩეჩილი მატყლის ფთილებიაო, რა უთვალავი, რა ხვავრიელი! ჩამოდის ციდან და ბოლო არ უჩანს, შავად მზირალი სახლებისა და ხეების ფონზე ეს თეთრად დაწინწკლული ფარდა თოვლისა ყველაფერს ზღაპრული იდუმალების სამოსში ხვევს. რა სიჩუმე ჩამოვარდა! ყურს თუ კარგად მიაპყრობ, მხოლოდ ფანტელების შრიალიღა ისმის. სიმღერაც მიწყდა. აღარც ცულს აკაკუნებს ვინმე, აღარც ხბო გასძახის დედას, აღარც ჭიშკარი ჭრიალებს: ნუთუ მთელი სოფელი მხოლოდ იმიტომ გარინდულა, რომ ბუნების ამ საოცარი და იდუმალი ნახატით სულში ჩაღვრილი ნათელი სამარადისოდ დაირჩინოს და თქვას: მოვედი და რა არ მინახავს, მარტო ის რად ღირდა, თეთრად რომ ბარდნიდა, მე კი ვიდექი და გარინდული ვუსმენდი ფანტელების შრიალსო. ამიერიდან, როცა კი ზამთარი გაგვახსენდება, როცა კი ზამთარი მოგვენატრება, თვალწინ სწორედ ეს სურათი შემოგვანათებს: შავი სახლე-ბისა და ხეების წინ თეთრად დაწინწკლული თოვლის ფარდა…

**

შობას მოჰყვება ახალი წელი… ხალხი გალაღდება. მოხშირდება ქეიფი. მისვლა-მოსვლა. ზამთარია და საქმე არა აქვთ, და როგორც ვაჟა-ფშაველა იტყვის, სისხლი აფუვდება ძარღვებში. გაადვილდება მუშტის ხმარება, ჩამოვარდება შუღლი, შეძულება… მაგრამო, ამბობს აქვე მწერალი, ამან შეიძლება ბევრი-ბევრი დიდმარხვამდე გასტანოსო. დიდმარხვაში კი… დიდმარხვაში შერიგება უნდა მოხდეს უსათუოდ, მანამ არ შერიგდებიან, ზიარება, წმინდა საიდუმლო არც ერთს მაშფოთარს არ ერგება.»

სოფელს მტკიცედ ახსოვს ჯერ კიდევ ძვირფასი სიტყვა იესო ქორისტესი: «უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, რამეთუ ძმა შენი გულძვირ რაიმეა შენზედ, დაუტევე შესაწირავი იგი საკურთხეველსა ზედა, წარ-ვედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, მოვედ და შესწირე შესაწირავი იგი».

მაინც რას ამბობს ეს შეგონება? იმას, რომ შობა-ახალწელიწადი, დიდმარხვა და თვით მთელი ზამთარი ფიქრის დრო ყოფილა, საკუთარ სულში ჩაღრმავების დრო და, რაც მთავარია, მოყვარეზე, ანუ სხვაზე ფიქრის დროც. თუ ვინმესთვის, ნებით თუ უნებურად გული გიტკენია, ზამთრის გრძელი ღამეები და თოვლიანი დღეები ახლა იმას ჩაგჩურჩულებენ, რომ დროზე მიხვიდე მოყვასთან, ხელი გაუწოდო და უთხრა, რომ ყველაფერი, რამაც გული ატკინა, დაივიწყოს, სამუდამოდ გაატანოს ამ თოვლს და ამ ზამთარს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ თქვენთვის ზამთარს ამაოდ ჩაუვლია, მაშინ ზამთარი ფიქრისა არა ყოფილა და აღარც ზამთარი ეთქმის.

ბედნიერი დღეა ახალწლის დღე. ალბათ, ყველაზე ბედნიერია იმ ოთხ დროში, ერთმა წელმა რომ უნდა გაიაროს. საახალწლოდ, ასე გვგონია, მთელი წლის მანძილზე ვემზადებით. საამდღეოდ გვინდა ყველაფერი, რაც კი რამ კარგი გაგვაჩნია: საახალწლოდ ყველაზე თვალადი ხილი ყველაზე ძვირფას მეგობრებს, ნათესავებს და მოყვრებს. ახალ წლამდე ხელს არაფერს გახლებინებთო, — იმუქრებოდა დიდედა, არც სხვენში გვიშვებდა, არც კიდობანს გვაკარებდა და აჰა, ეს ახალი წელიც მოდის…

დიდედამ სხვენზე კიბე მიიდგა. სხვენის ვიწრო ასაძრომი დიდის ამბით ახსნა და დიდედა მაღლა აპირებს ასვლას. აქედან მამა წამოდგა, იქიდან დედა, რძლებმაც ხმა ამოიღეს, აბა როგორ იქნება, დედი, ზემოთ შენი ასვლა, ან ფეხი დაგიცდეს, ან იმ სიბნელეში სადმე წაიქცე, ჩვენ არ გვენდობი, ჩვენ შენზე ნაკლებად გადავარჩევთ გადასარჩევსო? მაგრამ დიდედა ყურს არავის უგდებს… პაპა იცინის მიუშვით, არ იცით, რა თავისნათქვამაა, მაგას რა წააქცევს, მთელი სხვენი ხუთი თითივით იცისო. დიდედაც უფრო ჯიუტობს, რატომ მაშინ არ დამიშალეთ ასვლა, ჯაგნები და ხილი რომ ამქონდა, რატომ დაბინავებაში არ იყავით მარჯვენი, ჩამოტანა ყველას შეგიძლიათო, რთველში ყველანი ხალისიანები ხართ, თოხის აღება გეზარებათო. მაგრამ არავის არაფერი სწყინს, ყველამ იცის, დიდედა დღეს ძალზე კარგ გუნებაზეა დ ხუმრობს. ესეც რომ არ იყოს, ახალ წელს წყენა როგორ შეიძლება, ახალი წელი წყენის დავიწყების, ღიმილისა და ალერსის დროა.

სხვენში ასვლა დიდედასათვის «რთველია», რთველივით განსაკუთრებული და საზეიმო. ყველანი, დიდიან-პატარიანად, ვჩუმდებით, რაკი ვიცით, რომ დიდედა, როგორც კი სხვენის იდუმალ სიბნელეში გაუჩინარდება, მაშინვე ჩამოგვძახებს, აბა, თქვენც ამოდით, ბიჭებოო. «ბიჭები» ჩვენა ვართ, შვილიშვილები, სწორედ ისინი, ვისაც დიდედამ სხვენის გაქურდვაზე მოგვისწრო და ისე შეგვარცხვინა, უკუღმა არ შეგვსვა ვირზე და სოფელზე არ ჩამოგვატარა, თორემ არც არაფერი დაგვაკლო. ასეც იცოდნენ უწინ, თუ ვინმე რამეს დააშავებდა, შესარცხვენად და თავლაფდასასხმელად ვირზე შესვამდნენ და უბან-უბან ჩამოატარებდნენ. მაგრამ, ეტყობა, ჩვენი ცელქობა მაინც მხოლოდ ცელქობა იყო და ამოდენა შერცხვენად არ ღირდა.

ჩვენც ავფრინავთ კიბეზე და მაშინვე ვუჩინარდებით ბნელ, ხახადაღებულ სხვენში.

იქ კი ისევ სამოთხეა, თუმცა სიბნელით ბნელა, ზამთრის ღრუბლიანი დღის ჩაღამებული ნათელი ერთი ბეწო სარკმლიდან, ვიწრო საჩიტეებიდან და საყვავის ღრიჭოებიდან სხვენში ძლივს აღწევს. დიდედა ასანთს იღებს და ხელის ფათუროით «ლამპას» ეძებს. გაკრავს ასანთს და ლამპის ალი ავარდება. მკრთალ, ყვითელ ნათელზე უფრო ჩაყვითლდებიან მსხლები და ვაშლები, კომშები და ყურძნის ჯაგნები. დიდედა დგას და თავის სამფლობელოს ამაყად გადასცქერის. თვალებით ეალერსება. მერე იღებს კალათს და იწყებს ყველაზე უფრო თვალმისასვლელი ხილის შერჩევას…

ქვემოდან რაღაცას ამოგვძახიან.

ხან ერთი ბიძა, ხან მორე, ხან ერთი ძალო, ხან მეორე, თავს ამოჰყოფენ სხვენში და რაღაცას ამბობენ. მაგრამ ჩვენ არავის ვუსმენთ, ჩვენ პასუხს არ ვიძლევით. ჩვენ გაამაყებულნი ვართ, როგორც ამოდენა სიმდიდრის, ანუ საოცნებო სხვენის ბატონ-პატრონნი.

ასე გვგონია ამ სხვენით მოხდა დასრულება ერთი დიდი წელიწადისა. ეს იყო ყველაფერი და მოსახდენი მოხდა, ამ დღეს ველოდით, სხვენში მოდიოდა ყველაფე-რი, რასაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჩვენი ფიქრი ელტვოდა, სხვენზე ვოცნებობდით, ჩვენც და აჰა, აქა ვართ! აქა ვართ როგორც ქურდები კი არა, როგორც ბატონ-პატრონნი ყველაფრისა, აქ არის დიდედა და ჩვენ ის გამორჩეული ხალხი ვართ, ვისაც დიდედამ მისცა ნება ამ ყველასაგან გამორჩეულ წუთებში აქ იყოს. რა კარგი ყოფილა ზამთარი!

რა კარგი ყოფილა სხვენი!

ნეტავ სულ ზამთარი იყოს…

მაგრამ დიდედა თავის საქმეს მოიმთავრებს, ჩვენ რაღაცას დაგვავალებს და ამით ერთბაშად გვაგრძნობინებს, რომ სულ ზამთარი ვერ იქნება და სულ სხვენში ყოფნაც ქარაფშუტობაა და მეტი არაფერი.

სხვენს რომ მოვათავებთ, ახლა მარანში შევდივართ.

იქ კიდობანი გველის, ჩურჩხელებით, ჩამიჩითა და ჩირებით სავსე კიდობანი. დიდედა იქაც წინ მიგვიძღვის, მერე ჩვენ მივყვებით, ჩვენს უკან ქალები მოდიან, ოღონდ ცოტა მოშორებით, ცოტა შორიახლოს. დიდედა კიდობანთან ჩერდება, ქალებს გადმოხედავს, რას შემოგვცქერით, საქმე დაილიაო, რამდენი რამაა საახალწლოდ მოსასწრები, წადით, მიხედეთო და ქალებიც კრძალვით დაიშლებიან.

დიდედა წინსაფრის ჯიბეში იქექება, ბოლოს დიდის ამბით ამოიღებს ძველე-ბურ გასაღებს (ეს საპატიო გასაღები მხოლოდ დიდედას აბარია) და კიდობნის ხვრელში უყრის.
კიდობანი ზრიალით იღება.

აჰა, საოცრებავ!

მართლა რა ყოფილა ეს ახალი წელი… კიდევ კარგი, დიდედას დავუჯერეთ და ახალ წელს დავუცადეთ, ასე რომ არა, ამას ხომ ჩვენი თვალით ვერა ვნახავდით, ეს დამათრობელი სუნი ბადაგისა და ხილისა ხომ მთელი ცხოვრება ვერ გაგვყვებოდა საგზლად…

ქალები სათონეში გასულან.

საახალწლოდ შოთები და ლავაშები ცხვება.

ნაზუქის ცომი ჩაკვრას ელის. ცოტაც და ხილის და ბადაგის სურნელებას ნაზუქის სუნიც შეერთვის.

მაგრამ ეს ვინ არიან, თონის კედლებზე რომ გამოუკრავთ და იქიდან შემოგვცქერიან?

ბასილა!

ხელგაშლილი გვილოცავს ახალ წელს.

გაბოტილა.

ჩამიჩისაგან გაკეთებულ თვალებს გვიპაჭუნებს.

გუთნები, წალდები, ცულები, ბარები…

შრომა რომ დაგვებედოს იმიტომ…

ჯარა, თითისტარი… — ეს, ეტყობა, გოგოებისთვის ცხვება…

და აი, დადგა ახალწლის ღამე. პური უკვე გამოცხვა. ნაზუქები და ქადებიც მზად არის. თვალებს აჭყეტს «ბასილა», პურის ხმლები და თითსტარები ხონჩაზე დაბრძანებულან. ბუხარში შეშა უფრო საამოდ ტკაცუნობს და ოთახსაც უფრო აჩირაღდნებს.

მამამ მარნიდან ახლადამოღებული ღვინო ამოიტანა. ბებომ კედელზე ყურძნის ჯაგანი, ჩხები და აკიდოები ჩამოკიდა. ერთი გორგომიჭელა ჩურჩხელაც ბუხრის თავზე ჩამოკონწიალდა და სუფრაზეც საამოდ ჩარიგდნენ ვაშლები და მსხლები, ბროწეულები და ჩირები. და იქვე, იმათ შორის გამოჩნდა ტყიდან ჩამოსული ჩამუქებული და ჩატკბილებული ზღმარტლი. ეს რა ყოფილა ახალი წელიწადი, რამოდენა ხილი დახვავდა და თანაც რა ლამაზად არიგებულ-ჩარიგებული!

მაგრამ ის, რაც ყველაზე მთავარია, ჯერ ახლა კეთდება. დედა ღუმელთან ტრიალებს და ოთახში იმგვარი სუნი დგას, რაც მხოლოდ ახალ წელს შეიძლება იგრძნო, — მდუღარე თაფლის სუნი. ნიგოზი უკვე დაუჭრიათ და თხილის გულებიც თეთრად ღადღადებენ. თაფლი რომ კარგად დადუღდება, ამ ნიგოზს თაფლში ჩაყრიან და, კარგად რომ მოშუშდება, ფიცარზე დააგებენ. ნეტავი შეიძლებოდეს ახლავე ხელის ჩავლება იმ რაღაც გოზინაყისა, მთელი წელიწადი რომ გვპირდება დედა. ან თაფლში მოხალული თხილი გვაგემა მანამ, ვიდრე ახალი წელი მართლა მოვიდოდეს… მაგრამ დედამაც რომ მოადუნოს სიფხიზლე, მაინც ვერაფერს გავხდებით. ვიცით, თითები დაგვეფუფქება და დედაც ამიტომ ამბობს არხეინად, ნეტავი სული წასძლევდეთ და ხელს წაატანდნენ, მერე ნახონ, როგორ უნდა წუწკობაო.

ეხ. რად გვინდა გოზინაყის ტყუილად ცქერა, სულ ერთია, ახალი წელი ახალი წელია და ჯერ გოზინაყს თითსაც ვერ დავაკარებთ. ისევ ის გვირჩევნია, გავიგოთ, მამა რას აკეთებს, რა საქმე წამოიწყო იმგვარი, რომ ზედაც არ გვიყურებს. აი, წამოდგა და წალოსთან მივიდა. ფარდა გადასწია და შეიხედა, ნეტავი რას ეძებს იმ წალოში? ისეთი რა შეუნახავს, ჩვენ რომ არ ვიცით?

ვიცით, როგორ არ ვიცით…

თოფი!

სწორედ თოფია ის, რის გამოც აქამდე წალოს ახლოსაც ვერ ვეკარებოდით, რადგან ბებომ თქვა, თოფი იმგვარი რამ არის, ერთხელ ეშმაკიც დატენისო. ვერ გავიგეთ, რა გვითხარიო, — ვუთხარით მაშინ ბებოს და მანაც, როგორც იცის, დაბეჯითებით აგვიხსნა: დატენილ თოფს, შვილო, მამათქვენი წალოში არ შეინახავს, მაგრამ ვაი თუ ეშმაკმა დატენა, თქვენ კი ჩახმახს თითი გამოსდოთ და გაგივარდეთო? ეშმაკი სად არი? წალოში რა უნდა ეშმაკს, მაგრამ მაინც ვერიდებით წალოს, ცდუნება იცოცხლეთ, დიდია, მაგრამ იქით გახედვაც არ გვინდა.

მამას გამოაქვს თოფი, სამფეხა სკამზე ჩამოჯდება და ჯერ გადახსნის, გადაატრიალ-გადმოატრიალებს, მერე ჩვრებს მოიმარჯვებს და თოფის გაწმენდას იწყებს…

გულმოდგინედ, ჩაკირკიტებით წმენდს მამა თოფს. აიღებს და ისევ გადახედავს ლულას. პაპა იცინის, რა ბალღივით ეალერსები, რომელი მონადირე შენა ხარ, ერთხელ გაისვრი და მერმის ახალ წლამდე აღარც დაგჭირდებაო, მამაც უჯერებს პაპას, ერთხელ კიდევ გახედავს, აიღებს ორ მსხვილ ტყვიას, ლულაში ჩადებს, თოფს გაასწორებს, მიიხედ-მოიხედავს, მივა და ზედ ტახტის თავზე, ხალიჩაში ჩარჭობილ ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

ჩვენ ვდგევართ და თოფს შევცქერით.

აბა, მიხედეთ თქვენს საქმესაო, — თავზე ხელს გადაგვისვამს მამა და მეტი რაღა დაგვრჩენია, თვალს ვაშორებთ იმ საიდუმლოებით სავსე თოფს, ოღონდ ის აღარ ვიცით, ჩვენი საქმე რა არის ამ ახალწლის ღამეს და რას უნდა მივხედოთ.

მოდით, ჩვენი კატა — ტასო ვათამაშოთ.

ტასო გაბერილი ზის და თავსაც არ გვიყადრებს, ეტყობა, ისიც საახალწლო ფიქრებშია ჩაძირული.

მოდით, გარეთ გავიხედოთ, ვინ იცის გარეთ რა ხდება.

გარეთ ცივა და ვიცით, რომ არ გაგვიშვებენ.

ბიჭოს, ახლა კი რაღაცა მოხდება:

ჭიშკართან ვიღაცა იძახის,

_ ოჯახიშვილებო!

ახალი წელი გვესტუმრა! — დავძახით ჩვენ და სიხარულისაგან ლამის დავლური დავუაროთ.

— ახალი წელი კი არა, ის არ გინდათ, — ჩურჩულებს ბებო და გარეთ იხედება, — ვიცი, ვინც იქნება…

— ჯანგირა იქნება, ლოთი, — ამბობს პაპა და მამას შესცინის, აბა შენ იცი, შენი ძმაკაცია და აქეიფეო.

კარი იღება და ოთახში მართლა ჯანგირა ძია შემოდის. კუნაპეტივით შავი, წვერმოშვებული, ალეწილი და თვალდაჭყეტილი.

— მამა უცინის — რაც არ უნდა იყოს, სტუმარია.

დედასაც ეღიმება.

პაპა თავს ღირსეულად უკრავს.

ბებო ცივად ესალმება და ახიც არის, — რა დროს მოსვლა იყო (შემოეღეტებაო — იტყვის მერე ბებო, როცა ჯანგირა ძია ბოლოს და ბოლოს მოიფიქრებს და შინ წავა), არ იცის, რომ ახალ წელს ყველა თავის ოჯახში უნდა შეხვდესო, სანამ ახალი წელი არ შემობრძანდება, არც ჭიქის აწევა შეიძლებაო. რომელი ახალი წელი მართლა ეგ ლოთი მყავს, რომ თავზე დაგვადგაო.

ჯანგირა ალეწილა, ოჯახს გაუმარჯოსო, — სჭექს და ხელში კი არაფერი უჭირავს. ბებომ იცის, რომ ამ «არაფერსაც» ჯანგირა მალე მოინაკლისებს, იტყვის, ეს რა ოჯახია თუ ერთ ჭიქას მაინც არ დამალევინებთო და მართლაც ასე ხდება: ჯანგირა სჭექს და ბებო უკვე ხმამაღლა ბუზღუნებს, მორჩა, ამ წელიწადში ვეღარ გავიხარებთ; თუ დროზე არ დააჩქარა გზას ბარაქა და მეკვლედ დაგვიჯდა, უკუღმართი წელიწადი დაგვიდგებაო.

პაპას ეცოდება ჯანგირა და ღვინოს უსხამს.

ჯანგირა სადღეგრძელოს იწყებს: ერთი, ისაო, იმ მთისაო, ამ ბარისაო, რაც რამ ბარაქააო, კეთილი გული მაქ, განა უკეთური ვარო…

ბებო უჩხუბება, რა ყაჭივით გააბი, დაცალე და შენ გზას ეწიე, ახალმა წელმა აქ არ მოგისწროს, ოჯახში უნდა შეხვდე, თაობითვე ეგრე თქმულაო.

ოჯახში რა მინდაო? — ბრაზობს ჯანგირა, — აქ რა, ჩემი ოჯახი არ არიო? მაშ ვისიაო?

ბებო იცინის, — შენია, სწორედ შენიაო და ჯანგირას ნაზუქს აწვდის. ჯანგირა ახლა ერთბაშად «მრავალჟამიერს» დააქუხებს. ბანს არვინ აძლევს და ჩვენ გადმოგვხედავს, ჩვენღა ვართ იმისი უკანასკნელი იმედი, — აბა ბალღებო, ახალი წელია, ბანი დასძახეთ, — ბდღვინავს და ჩვენც სიცილს ვეღარ ვიკავებთ. რატომაც არა? თუ ჯანგირა ძიას ეგრე უნდა, ჩვენც დავჭექოთ «მრავალჟამიერი», მამაც აგვყვება, დედაც და პაპაც…

ბებო? ბებოს დანა პირს არ უხსნის.

ჩვენც შაშვებივით ვაღებთ პირს და «მრავალჟამიერს» დავძახით. ჯანგირა ბანს დაგვბღავის. ბებო სულ ცეცხლდება, ჯანგირას სახელოზე ეჭიდება, მაგისთანა მრავალჟამიერი მარტო სიმთვრალეში გამოადგებათო, ჩვენზე ეუბნება და ჯანგირა ერთბაშად ჩაცხრება:

— განა ისა… ნათლიდედ…

ჯანგირა ჩურჩულებს… — კეთილი გულითაო… სხვამ რათ უნდა დამასწროს თქვენი დალოცვაო… ეგრე კეთილად გვემშვიდობება, თავს გვიკრავს და, კართან შეჩერებული, ხმამაღლა ამბობს:

— მთელ სოფელში, ჩემზე ადრე თოფს ვერავინ გაისვრის:

— ისევ სიჩუმე ჩამოდგება და უკანასკნელად დასჭექს ჯანგირაც:

— რათ უნდა გაისროლოს? ახალი წელიწადი ჩემია!

— ჯანგირა მიდის.

— მამა აცილებს და შინ სიცილით ბრუნდება…

— ახლა ყველანი იცინიან.

— ცოტა ხანიც და სოფლის თავზე გადაიქუხებს ჯანგირას თოფი.

— ახალი წელი კი ჯერ ისევ შორს არი.

**

ახლა თქვენ ახალ წელიწადს ნაძვის ხით ხვდებით.

«ნაძვის ხე» დატვირთულია გირლიანდებით და ბრჭყვიალა მოსართავებით. ყველაფერი ანთია, ყველაფერი ელავს — «გირჩებიც», «მსხლებიც», «ვაშლებიც», «ყურძნის მტევნებიც» და, რაღა თქმა უნდა, «ვარსკვლავებიც». ნაძვის ხე წინა დღეს, უფრო სწორად ახალი წლის მობრძანების წინა საათებში ირთვება, რათა, როცა საათი თორმეტჯერ დაჰკრავს, ყველაფერი ერთბაშად აანთოს და საზეიმო ელფერი მიიღოს.

უწინ ჩვენ ისე გვეგონა, თითქოს ყოველივე ამას ტყე გვიგზავნიდა იმ ნამდვილ ნაძვის ხესთან ერთად, რომელსაც ნამდვილი წიწვები ჰქონდა და სუნიც ნაძვისა ასდიოდა.
გვქონდა კი სოფელში ნაძვის ხე?

იყო კი მაშინ ამდენი ბრყჭვიალა მოსართავი და გირლიანდი?

არა ყოფილა.

და საახალწლოდაც ისევ ბუნების იმედადა ვრჩებოდით:

იდგა ტყიდან ჩამოტანილი ნაძვი.

ტოტებზე ეკიდა ნამდვილი მსხლები და ვაშლები, ნამდვილი ჩურჩხელები……

აქა-იქ თეთრად მოჩანდა ბამბა (ვითომდა თოვლიაო).

და ენთო ორიოდე პაწია სანთელი.

ჩვენ ესეც გვიხაროდა და გვჯეროდა, რომ ყოველივე ტყიდან იყო გამოგზავნილი მეკვლე პაპას მიერ. მნიშვნელობა არა ჰქოდა იმას, რომ ნაძვის ტოტებზე ჩამოკიდებულ ხილსაც ვცნობდით, მთავარი იყო დაჯერება, მთავარი იყო თამაში საახალწლო წარმოდგენისა. უნდა დაგვეჯერებინა მეკვლე პაპაც და მის მიერ ხურჯინით გამოგზავნილი ნობათიც. უნდა ჩავბმულიყავით თამაშში, რომელიც საგანგებოდ, სწორედ ჩვენთვის წამოეწყოთ დედას, მამას, პაპას, ბებოს და შეთქმულებივით გარიგებოდნენ იმ ვიღაც უხილავ მეკვლეს, რომელიც ახლა, ამ სიცივეში, სადღაც დათოვლილ ტყეში იყო და მთვარეს შესცქეროდა, რათა დროზე დასდგომოდა გზას და ზუსტად საახალწლოდ მოეღწია ჩვენამდე.

ნელა გადიოდა დრო…

ჯერ შუაღამე არ იქნებოდა დამდგარი, რომ მამა კედლიდან გადმოიღებდა იმ თოფს, ახალწლის შესახვედრად კარგად რომ გაწმინდა. ახლა, ოთახის კუთხეში მდგარი, ელოდა რაღაცას, რაღა რაღაცას, ახალი წელი უნდა მოსულიყო და სწორედ ახალ წელს ელოდა თავისი დატენილი თოფით. მერე უფრო და უფრო მოუთმენლობა იპყრობდა და წარამარა საათს შესცქეროდა, ძველებურ, გუგულის საათს და ჩვენც არასოდეს ასე მოუთმენლად არ დავლოდებივართ იმ პატარა გუგულს, რომელიც ჰა და ჰა, უნდა გამოვარდნილიყო სარკმლიდან და დაეძახა: «გუგუ!»

აჰა, გამოხტა, აჰა, დაიძახა!

მამა გადის სახლის აივანზე და თოფს ისვრის. გრიალი თოფისა მთელ იმ არე-მარეს შესძრავს, სოფელზე გადაივლის და, თითქოს ნიშანი მისცაო, მამას თოფს მთელი უბნის მეთოფენი უერთდებიან. თოფს ყველა ისვრის, მდიდარიც და ღარიბიც, დიდი ჯალაბის პატრონნიც და მარტოხელანიც. ოჯახმა თოფი აუცილებლად უნდა გაისროლოს, ავი სულები დააფრთხოს, ახალ წელს კარი გაუღოს და მშვიდობიანი მოსვლა უსურვოს. მახსოვს ეს გრიალი თოფებისა. ეს ჩახაჩუხი. ეს მკრთალი ნათელი, ყოველი სახლის თუ ქოხის სარკმლიდან რომ გამოკრთოდა და საწყალი პეტრე უღარიბესი, უქონელი, მუდამ რაღაცის მომჩივანი და მომლოდინე, თოფიც კი რომ არ გააჩნდა ავი სულების დასაფრთხობად და თავის ერთი ბეწო საჩეხში გადმომდგარი, მთელი უბნის თოფების ხმას ყვირილით უერთდებოდა: «ეჰე-ჰეეე!» გასძახოდა სიბნელეს პეტრე და თან ცოლს უხმობდა, გარეთ გამოდი, ვერა ხედავ, მოდის ახალი წელი ზათქითა და გრგვინვითო, მივეხმაუროთ, მივეფეროთ, იქნება რაც ძველმა არ გაიმეტა, ამან მაინც გაიმეტოსო. პეტრეს ცოლი — ნინუცა ქმარს რომ ეჩხუბებოდა, შინ შემო, კაცო, რა ტურასავით გაჰკივი, თუ კაცი ხარ, თოფი გაისროლე, თუ არა და დაირცხვინე მაინც, შენი ყვირილით ახალი წელი სულ არ დააფრთხო, გვერდით ისე არ ჩაგვიაროს, ჩვენი სახლისკენ პირიც არ მოაბრუნოსო. ეს ვიცოდით ყველამ. ეს ყვირილიც ყველას გაგვეგონა. ის სიტყვებიც წლიდან წლამდე მეორდებოდა. ამიტომ იყო, რომ ერთ დიდ ტყვიას მამა ლულაში ჩადებდა, ჩახმახს შეაყენებდა, ღიმილით გასწევდა პეტრეს სახლისკენ, ავიდოდა მის აივანზე და პეტრეს აივნიდანაც დაიქუხებდა თოფი! ამიტომ იყო, რომ ახალწლის დილას, ბებო, ტაბაკზე დაწყობილი ნაირნაირი ნუგბარით, პირდაპირ ნინუცას ქოხისკენ გასწევდა (დიდი დაქალობა ჰქონდათ), ახალ წელს მიულოცავდა და კარგა ხანიც დარჩებოდა… რას აკეთებდნენ იქ? ქეიფობდნენ — ღვინოს წრუპავდნენ თუ ბებოს მიწვდილ ხილს მიირთმევდნენ? ან იქნებ ტიროდნენ კიდეც? — ეს არავინ იცოდა. არც ჩვენ და არც თვით პეტრემ, რომელიც, ასეთ დროს, თავის მხრივ აუცილებლად ჩვენი ოჯახის სტუმარი იყო.

წინ გავიჭერით.

პეტრეს ოჯახის საცოდაობამ დაგვავიწყა ახალწლის ღამის ზარ-ზეიმი, რომელიც ნელ-ნელა მიწყდა. თოფები დაიცალა. ეშმაკეული დაფრთხა და ახალმა წელმა, ისე, რომ ეზო ოთხივ კუთხივ ხსნილი ჰქონდა, ჩვენს ოჯახში შემოაბიჯა. იქით, დიდ დარბაზში, მაგიდას შემოუსხდნენ დედა, მამა, ბებო, პაპა და ჭაბუკი ბიჭები. ყველანი შინ არიან, მთელი ჯალაბი. ახალ წელს ყველა თავის ოჯახშია, სტუმრიანობა მერე იწ-ყება. ახლა ხმადაბლა ლაპარაკობენ, ნელ-ნელა წრუპავენ ღვინოს (სახვალიოდ თავს ინახავენ), შეექცევიან საჭმელს და ტკბილეულს, ჩვენ კი ამ საზეიმო სიჩუმეში უკვე თვლემა გვერევა. ახალი წელი კი მოვიდა, მაგრამ ჯერ არ მოსულა მეკვლე. ჯერ არ დაუკაკუნებია სახლის კარზე…

ეს ხვალ მოხდება, დილაადრიანად…

მეორე დილით — სწორედ მეკვლეს ძახილზე ვიღვიძებთ.

მეკვლე ვინ გვეყოლებაო, მთელი წინა დღეები ახალი წლისა, ამაზე იყო ლაპარაკი.

აი, შარშან რო მეკვლე გვყავდა, კარგი ფეხი ჰქონდა, მოსავალიც კარგი მოვიდა და არც ვინმე გამოგვცლია ხელიდანო…

არც რო ავად გამხდარა ვინმეო?

ვინ იყო შარშან მეკვლეო?

ვინა და ჩვენებიანთ პატარა ბიჭი, — გიორგიო…

მაშ რაღა გვაქ საძებნი, ისევ ჩვენებიანთ ვუთხრათ, დილაადრიანად გამოაწყონ და გამოგზავნონო.

ახლა სწორედ ეს გიორგი დგას ღია კართან გაღიმებული.

ჯერ გარედან დაუძახია: ოჯახიშვილებოო!

მერე, კარი რომ გაუღეს — «შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო!» (როგორც დაარიგეს).

ამასობაში ჩვენც წამოვცვივდით ლოგინიდან და მეკვლეს გარშემო შემოვეხვიეთ.

მეკვლემაც აიღო და ტკბილეული ჩამოგვირიგა.

(სხვა დროს, ვიცი, არ გაიმეტებდა).

ბოლოს თვითონაც ტახტზე დააბრძანეს. გარშემო სულ ნაირ-ნაირი ტკბილეული შემოუდგეს და სწორედ მაშინა თქვა ჩვენმა მეკვლემ გიორგიმ ის, რაც სხვებმა კი დაიჯერეს (სხვები იცინოდნენ), მაგრამ ჩვენ არა: გინდათ თუ არა, ახალი წელი მე ვარო.

შენა ხარ, მაშ ვინაო? — ისევ იცინოდნენ ჩვენები. ყველაზე უფრო კი ბებო იცინოდა და ტახტზე დაბრძანებულ გიორგის დასძახოდა, ბიჭო, ნუ ფართხალებ, დარბაისლურად იჯექი, თორე წელს კრუხიც იფართხალებს და კვერცხებს სულ დაგვიმტვრევსო. ჩვენ ხომ მეტიც არ გვინდოდა და ახლა ამ «კრუხმა» გაგვაგიჟა. თანაც იმან, რომ გიორგი მართლა გიორგი იყო, ჩვენი მეკვლე და ახალი წელი ვარო, ტყუილად იჩემებედა. და არავინ იცის, საქმე რითი დამთავრდებოდა, თუ არა ისევ ჩვენი ბებო, შუაში რომ ჩაგვიდგა, გაგვაშველა და გვითხრა: რა გაჩხუბებთ, აი, მეც გაგიმზადეთ ტკბილეული, თქვენც წადით მეკვლედ, დააბერეთ გიორგიანი და თქვენც «ახალი წელი» იქნებითო. ამის თქმაზე ყველანი ჟივილ-ხივილით წამოვცვივდით და, როცა ბე-ბომ პატარა, თეთრტილოგადაფარებული ხონჩები სათითაოდ დაგვაჭერინა, მეზობლებისა და მოყვრების გზას გავუდექით.

რაღა გზას, გადავიარეთ ეზო, გადავჭერით ორღობე და ჩვენც დავიძახეთ:

— ოჯახიშვილებო!

მაშინვე გამოგვეგებნენ.

გაივლის დღეები და ჩვენ ისევ ახალი წლით ვიქნებით გაბრუებულნი.

ახალი წლის სიხარული სხვა ყველაფერს დაგვავიწყებს. შეიძლება ისიც კი გვეგონოს, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სიხარული სუფევს. უზრუნველყოფა და უდარდელობა მოგვეძალება. აკი ვინატრეთ, კიდეც, ნეტავ სულ ახალი წელი იყოსო… მაგრამ ამ სიხარულში თურმე რამდენი რამ გამოგვრჩა. ჩვენ გუგულის ძახილს ველოდით და მარტო იმის ფიქრში ვიყავით, როდის აიღებდა მამა თოფს და აივანზე როდის გავიდოდა. მერე ჩვენც გავცვივდით და ვუსმენდით, რა ბათქა-ბუთქი ისმოდა ზამთრის მოკრიალებულ ცივ, მთვარიან ღამეში და სულ დაგვავიწყდა პაპა და ბებო, რომელნიც ამ დროს ბუხართან ისხდნენ და ახალი წლის მოსვლას ხმის ამოუღებლად ელოდნენ. ნეტავი რაზე ფიქრობდნენ, ნეტავი რად იყვნენ დაღონებულები? რას ნიშნავდა მათთვის ძველის გაცილება? რას ელოდნენ ახლისაგან? რად დაუძახათ დედამ, თქვენც გამოდით, ნახეთ, რა ამბავია აღა მაჰმად-ხანის შემოსევას ჰგავსო, — მაგრამ ისინი არც კი წამომდგარან, კვლავ უძრავად ისხდნენ ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს მხარმიბმულნი და ბუხრის ცეცხლს ჩასცქეროდნენ. რას ეუბნებოდათ ისეთს ეს ბუხრის ცეცხლი, ვიდრე თოფის ხმაური და ყიჟინა ეტყოდათ?

ეს ახალი წლის სევდაა.

ამას თქვენ ჯერ ვერ მიხვდებით.

საამისოდ ცხოვრების გრძელი გზა უნდა გაიაროთ და სიბერის მოახლოება იგრძნოთ.

ამთავითვე კი ცუდი არ იქნება, გახსოვდეთ: ახალი წლის სიხარულის გვერდით არსებობს ახალი წლის სევდა. ამ სევდას, თქვენგან დაფარულად ატარებენ პაპები და ბებიები. თქვენ ამ სევდისაგან ჯერ შორსა ხართ, თქვენ ჯერ გარეთ გადით…

გარეთ ზამთრის მზიანი დღეა. აქ ათასგვარი მხიარულება გველის…

* * *

ზამთრის «მთავარი საქმე» გუნდაობაა. გუნდაობა ხელჩართული ბრძოლაა. ბრძოლის ველს გამარჯვებული ის ტოვებს, ვინც ბევრი მოწინააღმდეგე გახვია თეთრ თოვლში. მაგრამ ყველაზე უფრო ის გუნდაობა ჰგონიათ ვაჟკაცური, ათიოდე ბიჭი რომ მოიყრის თავს და გოგოებს ჩაუსაფრდება. ამ დროს, თუ მართლა ვაჟკაცი ხარ, გუნდა წყლით არ უნდა დაასველო, ზედმეტად არ უნდა გაამაგრო, რომ გოგოს არაფერი ავნო. გუნდა მსუბუქი უნდა იყოს და მსუბუქად მოეფინოს იმას, ვისაც ამდენი ხანია გულის ფანცქალით ელოდი. რა თქმა უნდა, ყიჟინას რომ დასცემ, მოფრთხილებაზეც ძნელად იფიქრებ, მაგრამ სირცხვილი არ აგცდება, თუ შენი რჩეული შინ ატირებული მივიდა და ძმებს შესჩივლა, დამილურჯა ლოყაო. გუნდის სახეში მორტყმა როგორ შეიძლება! გუნდა მართლა ბრძოლა კი არ გახლავთ, ხუმრობაა, გასართობი და მხიარული ხუმრობა.

მაგრამ ზამთრის მრავალგვარ გასართობში გუნდაობაც მალე მოგწყინდება.

ციგაობა კი სულ სხვაა, — მოუწყინარი და უფრო ამყოლი.

ციგა შენი ხელით უნდა გააკეთო: ორი სწორი მსხვილი ფიცარი აიღო, ძირი გლუვად გაუსუფთაო და წვერებიც იმგვარად აუმრგვალო, რომ თოვლში ცხვირით არ წავიდეს. მერე ზემოდან თხელი ფიცრები დააკრა, სახელურადაც ერთი თასმა შეაბა და ციგაც მზად არის. საციგაო ადგილი ხომ ვიცით. შარშანაც იქ ვციგაობდით, შარშანწინაც და იმის წინაც. საციგაო ადგილი ჩვენი ფერდობია, შუა უბანში, ან უბნის თავში. ყველა უბანს თავისი ფერდობი აქვს და ციგაობაც იქ იმართება. არის შეჯიბრი, ზემოდან დაშვება, კოტრიალი, თოვლში ამოსვრა, დაჯახება, ვინ წინა და ვინ უკანა! დაეშვები, მიჰქრიხარ და ზამთრის ცივი ჰაერი სახეში გცემს თითქოს გაგწკეპლაო. ამასაც არაფრად აგდებ და ასე გგონია, ჰაერში მივფრინავ ან მერანზე გადამჯდარი ველზე მივქრივარო. ბოლოს ჩაეშვები ხრამისკენ და ამოკოტრიალდები.

ახლა არ გინდა ისევ ზემოთ ასვლა? ფეხები თითქოს აღარ გემორჩილება. ეს ცი-გაც აღარ მოგდევს, მაგრამ ყველანი ზემოთ მიდიან და შენც, მეტი რა გზა გაქვს, სხვებს ხომ არ ჩამორჩები, უნდა წახვიდე.

მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

შორიახლოს გოგონები დგანან და შემოგცქერიან. იცი, რომ არც იმათთვის არის სულერთი, ვინ წინ იქნება და ვინ უკან. იცი, რომ იმათაც ჰყავთ თავიანთი რჩეულები და ამ რჩეულთა შორის არ შეიძლება შენც არ იყო…

მაგრამ ის რა წამომართულა ზედ გზის პირას? ვინ დადგა, ვინ გამოძერწა, როგორა ჰგავს კაცსა… კაცია და არც არი კაცი…

თოვლის კაცი!

ყველანი გავრბივართ და თოვლის, კაცს გარშემო ვეხვევით, ვათვალიერებთ, გვინდა რომ ნამდვილ კაცსა ჰგავდეს. ის კი ნამდვილიც არი და არც არი ნამდვილი. ვიღაცას თოვლის დიდი «ქვა» უპოვია და კაცი იქიდან გამოუძერწავს. «ქვის» მოპოვება კი არ არის ძნელი. აიღე პატარა გუნდა თოვლისა, ცოტა შეამაგრე, მერე მიაგდე თოვლზე და დაიწყე აგორება ამ გუნდისა. აგორებული გუნდა, რაც ახალ და ახალ თოვლის ფენას იკრავს, შენს თვალწინ დიდდება და მალე ისე მძიმდება, ერთი აღარ ეყოფი, თუ სხვაც არ მოგვეშველა, ამოდენა თოვლს ძვრასაც ვეღარ უზამ. მერე ის «სხვებიც» მოდიან და ნელ-ნელა, ხვნეშით მოგორავს ეს ჩვენი ბურთი თოვლიან ვაკეზე, ვიდრე მთლად არ დამძიმდება, ქვასავით არ ჩამკვრივდება და ვიდრე შესაფერ ადგილს არ მოვუძებნით. ეს ადგილი კი აუცილებლად გამოსაჩენი უნდა იყოს, სადაც მეტი გამვლელ-გამომვლელია.

ჩვენ თოვლის ძეგლს ვდგამთ, ძეგლს კი მუდამ საპატიო ადგილი შეჰფერის.

მერე მოვა ნიჩაბით ოსტატი, «საჭრეთელსაც» მოიყოლებს და იწყება ძერწვა.

ჯერ ზედმეტ თოვლს ჩამოვაცილებთ და ამ ვეება გუნდას ტანწერწეტას გავხდით. ახლა ხელები გვჭირდება და ხელებსაც გამოვძერწავთ. კაცს ხომ თავიც უნდა ჰქონდეს და თავისათვის, სხვა, უფრო მომცრო გუნდას ავაგორებთ, ახლა სახე იძერწება. ცხვირად ან ნაძვის გირჩს მივაბამთ სახეზე, ან პატარა თუნუქის მილს. თვალებს ნახშირით ჩავუშავებთ. ნახშირისავე ექნება წარბები. ტუჩ-კბილსაც ნახშირის ნატეხებით გავუწყობთ… რაღა დარჩა? კაცია და ქუდიც აუცილებლად უნდა ეხუროს. მით უფრო, რომ ზამთარია, უქუდოდ შესცივდება კიდეც, განსაკუთრებით ღამით, როცა მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები დასხდებიან და ყინვაც მოუჭერს. და აჰა, ქუდიც! ვიღაცა ძირგავარდნილ, ჟანგიან ვედროს მოარბენინებს და ჩვენს თოვლის კაცს თავზე ახურავს. ჟანგიანი ეძახე და მოუხდა კიდეც. დგას დარბაისლურად, დოინჯშემოყრილი, ცხვირაბზეკილი, თავისი «ფაფახით» და დარბაისელი კაცისათვის ცოტა არ იყოს შეუფერებლად იკრიჭება.

ჩვენ გარშემო დავრბივართ და ვართ ერთ ყოფაში.

ვიღაცა გუნდას ისვრის.

ვიღაცა ჩხუბობს, ემანდ თოვლის კაცს არ მოარტყათ, ცხვირი არ მოაძროთ, ისედაც დიდი დღე არ უწერიაო…

მართლაც, წამიც არ გასულა და ვიღაცის გუნდა თოვლის კაცს ხელს ჩამოტეხავს. «მოქანდაკე» ჯერ ნაწყენია, მერე აიღებს თოვლს და ხელს ისევ მიაბამს…

და მაინც, რატომ არ უწერია დიდი დღე? ზამთარი ზამთარია, მაგრამ მზეს მაინც თავისი გააქვს. ჩვენი თოვლის კაცი ნელ-ნელა დნობას იწყებს, ჯერ ყურები დაუპატარავდება, მერე თავი, ბოლოს სულაც დაილევა და აი, მაშინ კი დგება დრო, რომ გუნდებით მასაც შეეთამამონ და ყველაფერი დასრულდეს…

რას იზამ, ამქვეყნად ყველაფერს თავისი დასასრული აქვს.

ახლა კაკანათი?

კაკანათიც ზამთრის თამაშია, მაგრამ გუნდა-ციგასავით უწყინარი კი არა, ცოტა არ იყოს სევდიანი. დასასრული აქვს სევდიანი, რასაც თამაში არც ეთქმის. კაკანათი ნადირობაა, ჩიტებზე ნადირობა. ჩიტები კი უფრო მეტად ის ბეღურები არიან, რომლებიც ზამთრობით არ გვღალატობენ, სიცივეს არაფრად აგდებენ, ჩვენთან რჩებიან და ჩვენთან ერთად ელოდებიან გაზაფხულის მოსვლას.

ჩიტებს ლასტსაც უგებენ. აიღებენ პატარა ლასტს და ერთ მხარეს ჯოხს შეუყენებენ. ჯოხს ქვემოთ, წვერზე, გრძელი კანაფი აქვს გამობმული. კანაფის წვერი ჩვენ, შორიახლოს მიმალულებს (საბძელში, გომურში, ან საჩეხში) გვიჭირავს. ლასტის ქვეშ სატყუარია მოფენილი — ქერი ან შვრია, ხორბალი ან სიმინდი. ბეღურებს შიათ. ზაფხულშიც სულ სახლების გარშემო ტრიალებენ და ზამთარში ხომ ლამის შინაც შემოვიდნენ. როგორც კი თვალს მოჰკრავენ, ლასტის ქვეშ საკენკი «დავიწყებიათო», ჯერ ფრთხილად დაზვერავენ მიდამოს, მერე ლასტთან მოიყრიან თავს და სხვებსაც მოუხმობენ. მოდით, მოვგროვდეთ, ნახეთ, რას მივაგენითო. ბოლოს ყველაზე უფრო გულადნი ლასტის ქვეშაც შეძვრებიან… ჯერ დავიცადოთ, ჯერ ბევრმა მოიყაროს თავი, ჯერ ბევრი გულადი მოგროვდეს… და როცა ლასტის ქვეშ მართლა ბლომად მოიყრიან თავს ბეღურები, გამოსწევ კანაფს და ლასტი ქვეშ დაიყოლებს ბეღურებს. ვინც გადარჩა, გადარჩა, ერთბაშად მოსწყდნენ მიწას და გაფრინდნენ. ვინც ლასტმა დაიტანა…

სასტიკი «თამაშია».

აკი გითხარით, თამაში არც ეთქმის…

«კაკანათი» რაღაა? ამაზე ერთი მოთხრობა მოვისმინოთ იაკობ გოგებაშვილის «ბუნების კარიდან». მოთხრობას სწორედ «კაკანათი» ჰქვია:

«შუა ზამთარია. გარეთ სთოვს და ძალიან ცივა, მაგრამ მე და ჩვენი პატარა ბიჭი ვასუა ამ ამბავს სრულიადაც არაფრად არ ვაგდებთ და ბოსლის კართან ატუზულნი ძალიან გულმოდგინეთ ვუყურებთ ერთს ათიოდე ნაბიჯზე დაგებულს კაკანათსა. კაკანათი სრულიად დამალულია თოვლში, გარდა სამიოდე პურის მარცვლისა, რომელნიც ასხმულნი არიან და ელიან ეშმაკს ბეღურა ჩიტებსა… მოფრინდება პატარა ეშმაკი ჩიტი, დაინახავს მარცვალსა, მივა, ჩაჰკრავს, ჩაჰკრავს… კაპ… დაეცემა კაკანათი და ჩაეჭირება კისერში რკალი ჩვენს პატარა ჩიტუნიასა.

ჩვენ სულ-განაბულები ვუყურებთ კაკანათს პატარა ჭუჭრუტანიდამ.

ჩიტებმა დაიწყეს კაკანათთან მოგროვება. ერთი მათგანი გამოგოგდა კიდეც კაკანათისკენ, აურ-ჩაუარა მას, იპოვნა მის ახლო ორიოდე პურის მარცვალი და ერთბაშად ყლანჭი გაადინა. აი, დაუპირდაპირა კაკანათსაც და… ჩაჰკრა ერთი… ჩვენ სიხარულისაგან ყელში სისხლი მოგვაწვა. გულმა ძაგა-ძუგი დაგვიწყო.

— «მომეცა!» — იძახის ვასიკო, — «მომეცა, საცაა დაეცემა!» და რაც შეუძლიან, იჭყიტება ჭუჭრუტუნაში. მაგრამ ამ დროს კაკანათის დაცემის ხმის მაგიერ მოისმის ფრ..რ..რ.. და ჩიტები აიშლებიან. იმათმა ამშლელმა, ერთმა ვიღაცამ, ახმახმა, ნაბადში გახვეულმა კაცმა არხეინად ჩამოიარა კაკანათისკენ, თითქოს აქ არაფერიაო,წამოჰკრა კაკანათს თავისი ტოტყი ფეხები და ამოაგდო თოვლიდან.

— «მოგტყდეს კისერი, გაგიხმეს ფეხები!» — მისძახის მას უკან გულდათუთქული ვასიკო».

ვერაფერი დაიჭირეს ბიჭებმა.

ხან ვინ შეუშალათ ხელი, ხან ვინ…

«ეგ არის, კაკანათზედ იარე, შვილო კაკანათზედ! ეგ გაცხოვრებს აი!» — მეუბნება მამაჩემი. — «აჰყოლიხარ მაგ გიჟ ბიჭსა და მთელი დღე დასდევთ ჩიტებსა!»
და რაღა თქმა უნდა, როგორც ყველა მოთხრობას, რაც კი იაკობ გოგებაშვილს «ბუნების კარში» შეუტანია, თავისი მთავარი სათქმელი, მოჰყვება. მოთხრობის დასასრულს პატარა გმირი ამბობს:

«და ამიტომ, მამიჩემის სიტყვების შემდეგ, ვდგევარ გაოცებული ერთს ალაგას და ვფიქრობ, თუ რათ არის ჩემი ამხანაგი ვასუა გიჟი და კიდევ რაღაც საშინელს «ცხოვრებაზედ», რომელსაც მამაჩემი მაგონებს ყოველ ცისმარე დღე…»

მოთხრობა თითქოს «შეგონების» გარეშე დარჩა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით, რას ნიშნავს კაკანათი, რატომ არის ვასიკო «გიჟი» და რას ნიშნავს სიტყვა «ცხოვრება»…
უჭირს ზამთარში ყოველ სულიერს, — კაცსაც და პირუტყვსაც.

ვინც გაისარჯა და ზაფხული მძიმე შრომაში გაატარა, იმან ხო, თავი ზამთარშიც შეიძლება გაიტანოს, მისთვის ზამთარი სიხარულის მომგვრელიც იქნება… მაგრამ ვისაც ცოტა სარჩოღა დარჩა საზამთროდ?

მაგრამ ღიმილის გარეშე არც ზამთარი ჩაივლის. ღიმილით გვიყვება ერთი იგავი ერთი ოჯახის ცხოვრებაზე… სიზარმაცით იყო ცნობილი ეს ოჯახი. მთელი ზაფხული ისე გაივლიდა, არაფერს ინაღვლიდა ზამთრისათვის. ერთ ხელს არ გამოიღებდა, მარტო ფანდური, სიმღერა და მხიარულება უყვარდათ. და სწორედ მაშინ, პირველ თოვლს რომ ჩამოჰყრიდა, მთელი ოჯახი დამწკრივდებოდა და პირს მინდვრისაკენ იზამდა. სოფელმა წინასწარ იცოდა, რაცა ხდებოდა და სიცილით მისძახოდა, საით გაგიწევიათ, რომელ მოყვრებთან მისდიხართო? მაშინ მოიხედავდნენ მობუზულნი, სიცივით აკანკალებულნი და იტყოდნენ: ბატონიან ხოდაბუნებში მივდივართ, თავთავი უნდა ავკრიფოთო.

თავთავის კრეფა უკვე იცით, რაც არის.

შეიძლება ამ არაკში ცოტა რამ გაზვიადებული იყოს, ცოტა რამ სიცილისათვის მოგონილი, მაგრამ ხელთუპყარ და ზარმაც ოჯახს კი კარგად გვიხატავს.
ზამთარში უჭირთ ნადირ-ფრინველთაც…

როცა მთა და ტყე, მდინარე და ჭალა გადალესილია თოვლით, როცა ყინვას გა-უთანგავს ყველაფერი, ყოველი სულიერი მაინც ადამიანისკენ ისწრაფვის, ადამიანისგან ელის ხსნას.

იმ წელს დიდთოვლობა იყო, მთაში ყველაფერი გაქრა, ხის ტოტებსაც კი ვეღარ მოკვნეტდა სულდგმული და ერთბაშად ტყის ბინადარნი სოფლისკენ დაიძრნენ.
ერთმა ირემმა თავისი სიცოცხლე ადამიანის სინდისს და ადამიანურ ბუნებას მიანდო. წამოვიდა. გამოჰყვა ტყის ბილიკებს, გადმოიარა მინდვრები და ორღობეები და წყნარად, თითქოს გუშინაც აქ იყოო, სოფელს მოადგა. სწორედ იქ გადმოუხტნენ ხორცისა და სისხლის მწყურვალი «ვაჟკაცები» და ერთმანეთშიც ცილობა ატყდა, ვინ დაინახა პიველად, ვინ შეასწრო თვალი და პირველი ტყვიის უფლებაც ვის ჰქონდა.

ირემი კი მოდიოდა, როგორც განწირული, დინჯი, ფეხაუჩქარებელი და მთე-ლი არსებით სოფლის სიბრძნეს მინდობილი, ყურადღებას არავის აქცევდა.
ალბათ ამ სიმშვიდემ იხსნა იგი აუცილებელი სიკვდილისაგან.

ის მოადგა ჭიშკარს და გაჩერდა, როგორც ჩერდება საღამო ხანს საძოვრიდან მობრუნებული მარჩენალი ძროხა.

ჭიშკრიდან ასევე აუჩქარებლად გამოვიდა პაპა, ჯერ გახევდა «სტუმრის» დანახვაზე, მერე ირემს ჭიშკარი გაუღო.

ირემი ეზოში შევიდა.

პაპამ, თითქოს გუშინაც ამ სტუმარს უმასპინძლდებოდაო, საბძლიდან გამოიტანა ერთი იღლია თივა და ირემს დაუყარა.

ირემმა ერთი გადახედა ჭიშკართან მდგარ «ვაჟკაცებს» და თივისკენ დაიხარა.

იმ წუთში დედამიწაზე ის ჰარმონია სუფევდა, რაზეც ასე ოცნებობს ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრი.

თვითონ ტყე, თვითონ ბუნება ინდობს კი ადამიანს?

იქნებ ინდობს კიდეც…

წლების წინ, მთის ერთ სოფელში, პატარა ბიჭი დაიკარგა. ერთი კვირა ეძებეს და ვერსად იპოვეს. მერე ძებნაში მთელი ქვეყანა ჩაერია. ბოლოს მიაგნეს. წიფლის მსხვილ, ხავსიან ტოტზე იპოვეს მიძინებული.

რამ გადაარჩინა ერთი კვირით დაკარგული ბიჭი?

მარტო ტყის ხილმა? წაბლმა და მაჟალომ, პანტამ და შინდმა?

იქნებ მშობლიურმა ტყემ ვერ გაიმეტა თავისი შვილი…

და, გინდა თუ არა, უნდა დაიჯერო, რომ იმ გზააბნეულ ბიჭს თავის საზრდოს სთავაზობდნენ ხეები. ნანას უმღერდნენ მუხის და თელის ფოთლები, ამხნევებდნენ მთის წყაროები. იქვე, ახლოს, დარაჯად ედგნენ შვლები და ირმები. თუ საფრთხე ელოდა, თავს დასძახოდა და აღვიძებდა ჩხიკვი. ქედნები კი გზას ასწავლიდნენ, თავქვე დაჰყე მდინარეს და მდინარე აუცილებლად ბარში ჩაგიყვანსო.

მაგრამ ბიჭი პატარა იყო და არ იცოდა ხეების, წყაროების, ფრინველების ენა. მათ ენას სწავლობს სიბრძნეში შესული მინდია, რათა ეს სიბრძნე ჩვენც გაგვიზიაროს, თუ, რა თქმა უნდა, მოვისურვეთ ამ სიბრძნის გაზიარება და თუ გულდაწყვეტილნი, ან სულაც გაგულისებულნი არ გავბრუნდით შინისაკენ იმის გამო, რომ ის ტყიდან წა-მოსული ირემი მოხუცმა პაპამ შეივრდომა და არ დაგვანება მოსაკლავად.

* * *
დღისით თოვს. ღამით ცა მოკრიალდება და ყინავს.

მაგრამ ცხოვრება თავისი გზით მიდის. ყმაწვილი სწავლობს, გლეხკაცი მუშა-ობს: ქალები სართავს და ჯარას შემოსხდომიან, პაპა და დიდედა ზღაპრებს ჰყვებიან.

ბალღებს კვლავ უხარიათ თოვლი. რატომ მაინც და მაინც ბალღებს? დიდებსაც უხარიათ! სწორედ გლეხს უთქვამს თოვლზე: «ამის უკეთესს რას ნახავს კაცის თვალიო, ვიცი, რომ ზამთარს თოვლიანს თან მოსდევს მოსავალიო». ასე ყოფილა, ასე თქმულა: თოვლიანი ზამთრის მერე კარგი მოსავალი მოდისო. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ სოფლელი კაცი, რა დროსაც არ უნდა იყოს, ზაფხული თუ ზამთარი, მუდამ მოსავალზე და ჭირნახულზე ფიქრობს, ეს არის მისი საქმე — პურ-ღვინოს მოყვანა, ჭირნახულის მოწევა, ქვეყნის დაპურება.

ჩვენი მთავარი საქმე რაღაა?

სწავლა!

«სწავლის ძირი მწარე იყო» და ეს ყმაწვილს მაშინვე უნდა სცოდნოდა, როცა პირველად სასწავლებლის გზას გაუყენებდნენ. ამან დააწერინა ნიკო ლომოურს ლექსი ყინვისა და პატარა მოწაფის ბრძოლაზე:

«თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა
თითქოს ღრმა ძილით წასძინებოდა,
და ხშირსა ტყესა, ჩადრწამოსხმულსა,
სახე სრულიად გაშეშებოდა…»

ზამთარია და ამ სიჩუმით მოცულს მინდორში ყინვა თანდათან ძლიერდება, მეფურად დაბრძანდება და თან თვალს არ აშორებს დატკეპნილ გზას, იქნებ ვინმე მგზავრი გამოჩნდეს და წინ დავხვდეო.

«აგერა კიდეც გზაზე გამოჩნდა
ბავშვი წიგნებით იღლიაშია!
ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახით
მიცუნცულებდა ის სკოლაშია.
ყინვამ მაშინვე მისკენ მიმართა
და მრისხანებით გადუდგა წინა:
ბავშვო, სულელო, მსწრაფლ მიაძახა,
გირჩევ ახლავე დაბრუნდე შინა».

პატარა მოწაფე, ცხადია, არ ეპუება ყინვას. ჩვენც მასთან ერთად გვცივა, მასთან ერთად ვიყინებით, ბოლოს კი მასთან ერთად სწრაფად მოვკურცხლავთ სკოლისაკენ.
ბავშვმა სძლია ყინვას, ბავშვმა და სწავლის წყურვილმა!

ბოლოს კი გვახარებს ლექსის სტრიქონები:

«მირბის პატარა, მირბის და… აგერ
სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა!
სულ დაავიწყდა მაშინვე იმას
ყინვაც და მისი ბაქი-ბუქიცა»

* * *
ახლა ზამთარია. გათენდა და ყურში ჩაგძახიან, ადექი, ცეცხლი უკვე დავანთეთ, თბილად ჩაიცვი და სკოლაში გაიქეცი, არ დაგაგვიანდესო. შენც ვითომ არ გეს-მის, გულში ფიქრობ, ნეტავი ერთხელ მიმალულინა თვალი ამ თბილ ლოგინშიო. მაგ-რამ ყველანი ჩქარობენ, ხან დედა დაგადგება თავზე, ხან ბებო, ხან პაპა. თან ვითომ გეფერებიან, თან გემუქრებიან, თუ არ წამოდგები, იცოდე, ახლავე მამაშენს დავუძახებთო. მამისა გერიდება და ცოტა გეშინია კიდეც, თვალს იფშვნეტ, ამთქნარებ, იზმორები, აქეთ-იქით იხედები, ვითომდა ახლაღა გავიგე, რა გინდათო და წამოდგები. ცეცხლი მართლა დაუნთიათ. ოთახში თბილა. შენც თბილად იცმევ, თავზეც თბილ ქუდს იხურავ, ჩანთაში შოთ პურს და ყველს ჩაიდებ, ბებო ერთ ვაშლსაც მოაყოლებს და უკვე რიხიანად, ვითომც არაფერიაო, გარეთ გადიხარ.

გარეთ თოვლი დევს. წუხელ ისევ მოუთოვია. ჭიშკრამდე კი გაუკვალავს პაპას, სწორედ შენთვის, სკოლაში ადრიანად იქნება წასასვლელიო, მაგრამ ჭიშკრის იქით? ნაკვალევიც რომ არა ჩანს? ბევრი-ბევრი, ერთ ურემს გაევლოს ან ცხენოსანს და იმის ნაკვალევს ახლა შენ უნდა მიჰყვე, მიდიხარ და თან გულში გეამაყება, მარტო ხარ, მეფე ხარ მთელი ამ მიჩუმებული, დათოვლილი მიდამოსი. ათასში ერთხელ ყვავი დაგჩხავლებს კაკლიდან და, თითქოს განგებო, თოვლს შიგ კისერში ჩაგაყრის. შენ ვითომ ბრაზობ, ყვავს გასჭყივი, ამ თოვლში სად უნდა მოიგდო კენჭი, თორემ კენჭსაც ესროდი და ისევ გზას განაგრძობ. ხან მიცურაობ, ხან გარბიხარ, ხან ისევ ფეხს შეანელებ და ფიქრობ: რა ლამაზია ეს ოხერი თოვლი!

ცოტა ხანიც და შარაზე ვასიკო გამოვარდება.

იქითა ეზოდან ნოდარა მორბის.

ახლა უკვე სამნი ვართ. ერთმანეთს ხელსა ვკრავთ, თოვლში ვაგორავებთ, თუ თავდაღმართს წავადექით, ჩავიმუხლებით და მივსრიალებთ.

ჰეჰეჰეეე! გაუმარჯოს ზამთარს! გაუმარჯოს თოვლის ფანტელებს.

აგერ სკოლაც და აჟივჟივებული ბავშვებიც.

ერთადა ვართ და არც თოვლისა გვეშინია, არც ყინვისა.

გადავდივართ სკოლის გზაზე და მოდის ჩვენი ანიკო მასწავლებელი. გულზე რვეულები მიუხუტებია, როგორც იცის ხოლმე, და ერთს ცერად გადმოგვხედავს. ჩვენ თავებს დავხრით და გვერდზე გადამდგარნი მივესალმებით. ისიც თავს დაგვიქნევს, ჩაგვივლის და ჩვენც, მეტი რა გზა გვაქვს, ჩუმად, ფეხაკრებით გავყვებით მის კვალს.
ეგეთია სკოლა და სწავლა.

ანიკო მასწავლებელიც გვიყვარს და ჩვენი სკოლაც.

ისიც ხო, ჩვენი არ იყოს, დილაადრიანად ადგა და ამ მუხლამდე თოვლში აქეთ წამოვიდა.

ჩვენთვის არ წამოვიდა?

ან ეს ჩვენთვის არ მოსულა დილაადრიანად სკოლაში, ჩვენი დარაჯი სვიმანა, მოცინარი, ძალზე კეთილი კაცი? ჩვენთვის არ აუნთია ღუმელი, რა არი, მოვლენ და სითბო დახვდეთო? მერე რა, რომ ღუმელი მალე ჩაიწვა და შეშაც ცოტა გვაქვს, დასვენებაზე შემოვეხვევით გარშემო და ვთბებით. გოგოები გვეჩხუბებიან, ჩვენ მიგვიშვითო, მაგრამ ყურს ვინ უგდებს, ვიდრე ისევ მასწავლებელი არ შემოვა და არ იტყვის, კაცები ხართ და გოგოებივით ეხვევით ღუმელსო. მერე ისევ ზარი დაირეკება, ჩამოვრიგდებით იმ გადახუნებულ მერხებზე და იწყება «სუფთა წერა»…

ბინდისას ყველანი ერთად გავრბივართ შინისაკენ. სიცივეა, მაგრამ ჩვენი ჟრიამული მაინც მთელ სოფელს ედება, ნამეტნავად მაშინ, თუ ჩვენი არითმეტიკის მასწავლებელი დარო არ გამოჩნდა, სურდო შეეყარა და გაკვეთილი გაგვიცდა. ო, როგორ გვიყვარს იმ წუთებში დარო მასწავლებელი, შინაც კი ვეახლებოდით და ვკითხავდით, როგორ ბრძანდებითო, მაგრამ შინ მისვლა არ შეიძლება, შინ ხლებას ვერ გავუბედავთ.

ჩავალ ჩვენსა, ვეცემი ერთ ჯამ ლობიოს. ბებო მეჩხუბება, ნელა ჭამე, შეირგე, სად გეჩქარება, სწავლას ხომ მორჩიო, მაგრამ ყურს ვინ უგდებს? ვიცი, რატომაც მეჩქარება, მაგრამ ხომ არ ვიტყვი? აი, გარედან უკვე სტვენა ისმის. ვიცი, ვიცი, ვინც უსტვენს. ვანიკო მობრძანებულა, ყელზე დიდის ამბით შურდული ჩამოუკიდია და მანიშნებს, ჩიტებზე სანადიროდ წავიდეთო. აბა რას დაუმალავ და, ბებოც უკვე ყველაფერს ხვდება, გარეთ გამოდის და ვანიკოს ეალერსება, შინ შემობრძანდი, რა გარე-გარე დადიხარ, რა ხანია შენი ხმა აღარ გამიგიაო, სხვაფრივ როგორა ბრძანდები, როგორ გიკითხოთო. ვიცი, რასაცა ნიშნავს ეს «ბრძანდები» და საითაც უმიზნებს ბებო. ბოლოს თავით ფეხამდე შეავლებს თვალს ვანიკოს და ხელს შურდულზე უტაცებს, ეს რაღა ჯანდაბააო? რა ოლარივით ჩამოგიკიდნია, რომელი მღვდელი შენა ხარო? აკი გითხარი, ამ ჩიტებს დაანებეთ თავიო. მაგ ხოცვა-ჟლეტას, აიღოთ და საკენკი დაუყაროთ, არ გირჩევნიათო? ისინიც სულიერები არიან, სიცოცხლე იმათაც უხარიათო.

ვუყურებ ვანიკოს და ვიცი, საცაა, ტირილს დაიწყებს.

ნეტავი არ იტიროს!

ჩიტებს ვინ აღარ დასდევს, რაღა ჩვენ გვეკრძალება, რაღა ჩვენ გავხდით თითით საჩვენებლები?

ძალიანაც კარგი — ვანიკო არ ტირის… გაბუტული გაბრუნდება, ზურგს შეგვაქცევს და შინისაკენ მიდის.

სამაგიეროდ მე აღარ მინდა აღარც ამათი ლობიო და აღარც ამათი მწნილი, წა-მოვხტები, ტახტზე პირქვე მივეგდები და ვტირი.

რა გატირებსო?

რომელი რა მატირებს, ძმაკაცი სახლიდან გამიგდეს…

ვიტირე და გავჩუმდი. პაპამ გამაჩუმა და პაპაზე უფრო ისევ ბებომ, აი, ის რომ თქვა, დამიდგეს თვალი, იმ ბალღს ლობიოც კი არ დავუსხი, ვინ იცის, როგორ მოუნდაო.
ახლა ისევ ძველებური ბებოა და მეტი რა გზაა, გულში ყველაფერი უნდა ვაპატიო.

* * *

მთელი ოჯახი შინ არი.

ცეცხლთან ისევ კოჭობი მიუდგამთ. კოჭობი თიხის პატარა ქოთანია, ლობიოს მოსახარშად საგანგებოდ გამომწვარი, და ახლა შიგ მხიარულად თუხთუხებს სახვალიო ლობიო. ცეცხლზე რაღა დგას? იქნებ სიმინდი მოგვეხარშა? ტარო კი არა, დარჩეული, თეთრი სიმინდი, მთელი დღე რომ უნდა ხარშვა. მეორე დილისათვის კი ისე გადაიშლება, როგორც ბატი-ბუტმა იცის. ან იქნებ კორკოტი იხარშება? მაგრამ საკორკოტე ხორბალს ახლა ღერღავენ, ხელსაფქვავზე.

ხო, ლობიო თუხთუხებს და სიმინდი იხარშება. თუ ვინმე კარზე დაიძახებს და სტუმრად შემოივლის, იმ დამარილებულ ლორს გამოაჩენენ, ღორის დაკვლის დროს რომ ჩააწყვეს დიდ კასრში, ახლა კი ცეცხლის კვამლზე იბოლება. ყველიც იქვე გუდაშია, და იმიტომ ჰქვია გუდის ყველი, მწყემსებმა ჩამოიტანეს მთიდან. კიდევ რა ჩამოიტანეს მწყემსებმა? მატყლი! და ბებომ ეს მატყლი საგანგებოდ გაასუფთავა და დაწეწა. დაწეწილ მატყლს ახლა ბუხრის პირას ჩეჩავს. საამისოდ მამა-პაპას საჩეჩელი გამოუგონია. საჩეჩელი ფიცრისაა. ფიცრის სადგამზე ფიცრისავე კონუსი აქვს დაკრული. კონუსის თავზე მტკავლის სიგრძე ბასრი ლურსმნის «კბილები» აქვს ორ რიგად გაყოლებული. ბებო ფარდაგზე მოკეცილა. ცალი ფეხი საჩეჩლის კონუსში შეურგავს (ასეა წესი, ასე დამაგრდება საჩეჩელი) ერთი მუჭა დაწეწილი მატყლი აუღია, საჩეჩლის კბილებზე ჩამოაგებს, გამოწეწავს და ისევ ჩამოაგებს. ხელს ალერსით გადაუსვამს და ისევ თავიდან ჩამოაწეწავს… და ასე, ვიდრე მატყლი არ დაიჩეჩება, ანუ ვიდრე ბამბასავით თეთრ ფაფუკ ფთილას ერთხელაც არ გადაუსვამს ხელს (თითქოს მარ-თლაც მიეალერსაო) და გვერდით მოდგმულ ხონჩაში არ ჩადებს.

საღამოა. გარეთ ცივა. ერთი ბიძა ფანდურს აჩხაკუნებს, მეორე თოფს ამზადებს. ნადირი სოფლის გარე-გარე დაძრწის და თოფი თან უნდა მქონდეს, ტყეში მივდივა-რო. საცაა დაღამდება და აღარც მეზობელმა შემოიხედა. მოწყენილობა ღამესავით შემოდის შინ. პაპა ფიქრებში წასულა. ნეტა რაზე ფიქრობს? იქნებ გაზაფხულზე? იქნებ იმაზე, ამ გაზაფხულს ან მოვესწრები და ან არაო. თუ ასეა, ორიოდე სიტყვა ვუთხრათ პაპას, ფიქრიდან გამოვიყვანოთ, გავამხიარულოთ. ან მოდით, რაღას ვუცადოთ და თავისი კბილა სიყრმის მეგობარი დავუპატიჟოთ, გაერთობიან, მოიგონებენ იმ მთისას და ამ ბარისას. მაგრამ პაპა თურმე ამას ჩვენზე ადრე ფიქრობდა და სიჩუმეში ისმის მისი წყნარი ხმა: «წადი, ბიჭო, თედოს უთხარი, აქეთ გადმოვიდეს». ბიჭი გარბის, ბებო საჩეჩელს თავს ანებებს. თედოს გადმოსვლას პატარა სუფრა სჭირდება, იქვე, ბუხრის პირას, ტაბლაზე გაშლილი, თავისი მწნილით, შოთი პურით, ყველით, ბოლოკით და, რაღა თქმა უნდა, ერთი ხელადა ღვინით. ოღონდ სულ არ დალიონ… ბოლო ხანს პაპას ღვინო აღარ უხდება, მერე მთელი ღამე წუხს და შფოთიან ძილ-ღვიძილშია. პაპას სტუმარს ვახშამი ბებომ უნდა გაუმზადოს და არამც და არამც სხვა ვინმემ. ასე იყო თაობითვე და ასე იქნება, ვიდრე ბებოს მუხლებში ძალა აქვს და ფეხზე ტრიალი შეუძლია.

რძლები დაჩეჩილ მატყლს ართავენ, რათა მერე ბაწარი წინდებად, პაჭიჭებად, ჩითებად, თათმანებად, შალებად გადაიქცეს.

უფროსი რძალი ხელის წისქვილს მისჯდომია. ეს წისქვილიც ფარდაგზე დევს და ქვეშ თეთრი, ქათქათა სუფრა აქვს დაგებული. «ჩვეულებრივი წისქვილია», ოღონდ პატარა, ჰა და ჰა, ორ მტკაველზე ცოტა მეტი სიგანე თუ ექნება. ქვაც ორია, ერთი ქვემოთა, მეორე ზემოთა. ზემოთა ქვა, ცხადია, გულამოჭრილია და ქვემოთა ქვიდან ამოჩრილ მსხვილ, მაგარ პალოზე ჩამოცმული. ხისავე სახელური აქვს, ისიც ქვის ამოღრუნტულ ნაპირში მაგრად ჩამჯდარი. პატარძალი ხორბალს ხვრელში ყრის და სახელურით ქვას ატრიალებს. მძიმეა წისქვილის ქვის ტრიალი, თუნდაც ხელის წისქვილი იყოს… იმ საქმეს აკეთებ, რასაც დიდ წისქვილში წყალი აკეთებს, დოლაბსაც აბრუნებ და ხვიმირის მაგივრობასაც შენი მუჭა სწევს. საფქვავი, ცხადია წმინდა და გამტკიცებული ვერ იქნება და ხელსაფქვავს ეს არც მოეთხოვება. საკორკოტე იღერღება და კორკოტს სწორედ ხორბლის ღერღილი სჭირდება… ასე იფქვება მარილიც, იმ ცნობილი აღზევანიდან მოტანილი მარილი, რაზედაც ქართული ლექსი ამბობს: «აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო, ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო».

შორს იყო ეს აღზევანი და თანაც ურმებით მიდიოდნენ. ლექსი უმღერის შვინდას და გიშერას (ხარებია), რომელთაც ისეთი ურემი მიჰყავთ, ას ქვაბსაც კი გაუძლებს. ღერძი წიფლისა აქვს, თვლები კაკლისა, უბე კი ლართხებით და დანდლებით გადაბმული.

აღზევანიდან ურმების ქარავანი მარილის ქვებით დატვირთული ბრუნდება. ქვამარილს დამტვრევა სჭირდება, მერე კი დაფქვა… ახლა, საკორკოტეს რომ მორჩებიან, მარილის დაფქვას შეუდგებიან. ბუხარში კი ისევ ტკაცუნობს ცეცხლი, ისევ თუხთუხებს ლობიო. მწვანილებიც უკვე ჩაუჭრიათ, ხახვიც, ამოუზელიათ კიდეც და ოთახში საკმაზის საამო სურნელი დგას. კართან ხველება ისმის და აჰა, თედოც მოსულა, პაპას სიყრმის მეგობარი. პაპა ერთბაშად იცვლება, ფიქრი სადღაც იფანტება.

მთელ ოთახში ხალისი შემოიჭრება. ბუხარიც გამხიარულდება. ერთმანეთს რას არ ეხუმრებიან. ჩვენ აღარავის ვახსოვართ.

ხვალ? ხვალ რაღა იქნება?

ხვალ ქალები დასხდებიან და ქსოვას დაიწყებენ, და თანაც ბებოს მკაცრი მეთვალყურეობით, რადგან, ბებოს თქმით, ქსოვა უბრალო საქმე კი არ არის, ოსტატის საქმეა. თუ ოსტატი არა ხარ ნაქსოვი კი არა, ნაჯღლარდი გამოგივა.

კიდევ კარგი, ბიჭებსაც არ გვაქსოვინებენ. ბებომ თქვა, რა ბიჭის საქმეაო და სიხარულით აღარ ვიცოდით, რა გვექნა. აი, ჩვენი დაია ნუცა კი ძალით დასვეს ფარდაგზე, ხელში ჩხირები და ბაწარი მისცეს, გვერდით მოუსხდნენ და ეუბნებოდნენ, ეს თვალი უნდა გამოიღო და ის თვალიო. ნეტავი ეს «თვალი» რაღაა? ნუცას ფარდაგზე გული არ უდგებოდა და, ალბათ ფიქრობდა, ნეტავი როდის წამოვხტები და ბიჭებს გარეთ გავყვები სათოვლაოდო.

იჯდა ფარდაგზე, თან ხელში საქსოვი ჩხირები ეჭირა, თან ცრემლი ჩამოსდიოდა, თან თვალი ჩვენკენ ეჭირა. ეს ჩვენები კი… თავზე ედგნენ და ტუქსავდნენ, აბა, რას აკეთებ, მაგრე გითხარითო?

თან საცოდავი იყო ნუცა, თან სასაცილო.

მას მერე, როცა კი ეტყოდნენ, აბა, გვერდით მოგვიჯექი და ქსოვეო, სულ სიცილი გვინდოდა და გარეთ გავრბოდით, ბებო ჩხუბობდა, დაიცათ, გაზაფხული დადგეს, თქვენც გამოგიჩენთ საქმესო, თუმცა რაღა გაზაფხული, ახლავე გაიქეცით და შეშა დამიჭერითო. შეშა დაჭრილი არ არიო? — ვეუბნებოდით. არი, მაგრამ მე თქვენი დაჭრილი მინდაო.

ნეტავი ხმა არ ამოგვეღო…

ჩვენმა ნუცამ კი ერთ დღესაც დაგვიძახა, რაღაცა ჭრელი ნაქსოვი გვიჩვენა და გვითხრა: აი, მე მოვქსოვეო.

არ დავიჯერეთ!

თუ გინდათ, წინდასაც მოგიქსოვთო.

ვიცით, ვერ მოგვიქსოვს. ამწინებზე საჩეჩელთან დასვეს, მატყლის ჩეჩვა უნდა ესწავლებინათ და ხელი პირდაპირ საჩეჩელის კბილებზე ჩამოაგო. ის ტიროდა, ჩვენ ვიცინოდით და ბებო ახლა ჩვენ მოგვდა, რა გაცინებთ, თქვენი და გამწარდა და იცინითო? რად ჩამოიგო თითები, ვისი ბრალი იყო? გუშინ კიდევ თითისტარი ვერ დააბზრიალა და ახლა იმაზე გავიცინეთ და ისევ ჩვენ გაგვამტყუნეს, დაიცადეთ, ქვეყანა ერთ დღეს არ აშენებულა, ნახეთ, თუ ყველაფერი კარგად არ ისწავლოსო. აბა, თქვენ წადით და ვაზი გასხალით, თუ გასატყეპად არ გაგიხდეთ საქმე და თუ ნუცამ თქვენზე არ იცინოსო.

ამაზე პაპა ამბობს:

— ვაზთან მაგათ როგორ მივუშვებო.

და ახლა ნუცა იცინის.

იქნებ მართლა მოგვიქსოვოს ნუცამ წინდები?

რა ვიცით…

კარგი კი იქნება ჭრელი წინდები.

გავალთ ბიჭებში და ვიტყვით, ჩვენმა დამ მოგვიქსოვაო.

ვიცი, არ დაგვიჯერებენ.

არ დაგვიჯერებენ და ნუ დაგვიჯერებენ.

ჩვენ ხომ გვეცოდინება, რა ყოჩაღი და გვყავს.

* * *

რას არ ინახავს მახსოვრობა… ახლა, როცა ზამთარს ვიგონებ, თითქოს ხსოვნის ბურუსიდან გამოდის ზამთრის გრძელი ღამეები. სკოლიდან ბრუნდები, მოხედვაც ვერ მოასწარი და უკვე ღამეა. ეს ღამე გაიწელება და თუ ან მეზობელი არ გეწვია, ან შენ არ გადახვედი სადმე, აღარ იცი, რა გააკეთო. ფანდურის წკარუნი მოგწყინდა. თითქოს აღარც ბუხრის ცეცხლი ტკაცუნობს მხიარულად. აღარც კატა გართობს და აღარც ფარდაგზე კოტრიალი. ყველანი შინა ვართ. მამა ტახტზე წამოწვება. ბებო და პაპა თავიანთ ადგილზე, ბუხრის პირას ჩამოსხდებიან. ბებო საქსოვს მოიმარჯვებს, პაპა ჯოხზე ჩამოეყრდნობა. თითქოს რაღაცის მოლოდინში ვართ და აი, დედას წიგნი მოაქვს… აბა, ახლა წიგნი წავიკითხოთო, მრავალმნიშვნელოვნად ამბობს და ლამპას მიიმარჯვებს. უმცროსი და-ძმები კატას ეთამაშებიან, მაგრამ იმათაც ტუქსავენ, მოდით, თქვენც აქ ჩამოსხედით, ყველამ უნდა მოვისმინოთ, ამაზე კარგს სად რას გაიგონებთო.

ჩამოვსხდებით და იწყება…

რამდენი რამ წავიკითხეთ, რაც ეს ზამთარი დადგა და გრძელი ღამეები დაიწყო. ან წინა ზამთარში? ადრე ხო ბებო გვიკითხავდა! აიღებდა «ბუნების კარს» და დაიწყებდა: «დათიკოს მერცხლის ჭიკჭიკი ძლიერ უყვარდა».

მაგრამ ლუარსაბთან და დარეჯანთან მაინც ვერავინ მოვა. რაც ჩვენ ვიცინეთ… სიცილი რომ დაცხრებოდა, პაპა იტყოდა, აბა ეგ ადგილი თავიდან წაიკითხეთო და ისევ ვიცინოდით. პაპას ყველაზე უფრო სუტ-კნეინას ოინები მოსწონდა, ბებო ლამა-ზისეულზე ხითხითებდა, მამა ლუარსაბის ძმაზე — დავითზე ჯავრობდა, ვითომ ეგეც კაციაო! და ისე ჯავრობდა, რომ ახლა მამაზე ვიცინოდით. თქვენი არ ვიცი და ბალღებს კი ძალიან გვიყვარდნენ ორივენი — ლუარსაბი და დარეჯანი, ჩვენი მეზობლები რომ ყოფილიყვნენ, სულ იმათსა ვიქნებოდით.

ზამთრის გრძელი საღამო კი მიდის და საცაა, შუაღამეც წამოვა. დედა კითხვას ამთავრებს. სიცილი დაცხრა. ლუარსაბი და დარეჯანი ურემში ჩასხდნენ და თელეთის გზას დაადგნენ. ლამაზისეულიც ჩასვეს და ისიც უნდა წაიყვანონ. უმისოდ ვერ გაძლებენ.

დანარჩენი? დანარჩენი ხვალღამ იქნება. ვნახოთ, გასჭრის თუ არა თელეთის სალოცავი.

მერე ისევ წიგნზე ლაპარაკობენ.

ნეტავი ვინ იგონებს ამისთანა ამბებს და ლექსებს? — ვფიქრობ მე.

ბებო ნატრობს, ნეტავი ჩვენ შვილიშვილებსაც უყვარდეთ წიგნიო.

პაპა ამბობს, თუკი ჩვენ გვიყვარდაო?

და ბებო ახლა ამაზე იცინის, რომელი დიდი მწიგნობარი შენა მყავდიო.

პაპა თავს იდებს, რომ წიგნი (ანუ წერა-კითხვა) ჯერ ისევ ბალღმა, თავადის ოჯახში, მოჯამაგირეობისას ისწავლა.

ბებო ტოლს არ უდებს და უმატებს, რომ წიგნი პაპაზე უფრო ადრე იცოდა, თვით მღვდლის ცოლმა, ფოფოდიამ ასწავლა და როცა პაპამ კითხვაც არ იცოდა, ბებომ «საღმრთო წერილი» ზეპირად დაიმახსოვრა.

ესეც შეჯიბრებას ჰგავს და მთელი ოჯახი იცინის.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა…

მაშინ რა ვიცოდით, რომ პაპას და ბებოს მართლაც ჰქონიათ საამაყო. ვინ იცო-და იმ დროს წიგნი? ვის შეეძლო «საღმრთო წერილის» ზეპირად დასწავლა, ან «ვეფხისტყაოსნის» გადაწერა?

ეს იყო დიდი ხნის წინათ და მოგონებაც ისევ ბურუსში იძირება.

* * *
ზამთარი კი თითქოს არ იძვრის. დრო თითქოს გაჩერდა.

რატომ დაემსგავსა ერთმანეთს დღეები? რატომ იქცა მოლოდინად ყველაფერი? რატომ გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს? ეს ფანტელებიც, ეს გაშიშვლებული ხეებიც, ზამთრის მთელი მხიარულებაც მომაბეზრებელი რად გახდა? თოვლს ვნატრობდით და თოვლი აღარ გვინდა, ყოველ დილით ვიხედებით სარკმლიდან და გულდაწყვეტილები ვამბობთ: ისევ თოვს…

დღეები ერთფეროვანი ხდება.

ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს და არც საღამო გვპირდება რაიმე განსაკუთრებულს. ერთი რამ ნიშანი მაინც გამოჩნდეს, რაც გვაგრძნობინებს, რომ ზამთარი გადის და ახლოვდება ის, რომლის სახელსაც უკვე ნატვრით ვამბობთ: გაზაფხული.

გაზაფხული კი მაინც არ ჩანს.

სოფლის შარაზე ათასში ერთხელ თუ გაივლის ვინმე. ყველანი შინ შეყუჟულან. სოფელს გარეთ მზე თუ გამოიტყუებს, მზე კი სადღაც ღრუბლების მიღმა მიდის თავის გზაზე და ჩვენ ვერც ვხედავთ.

ვინმე მაინც გამოჩნდებოდეს. ის ვინმე სახლებიდან სხვებსაც გამოიტყუებს.

აი, ისიც… ჯერ ცხენი მოჩანს ბურუსიან გზაზე, მერე ხმაც გვესმის… მერე ცხენის პატრონიც გამოჩნდება. ვიღაცას ტყიდან სათარი მოაქვს. სათარი ვეება ხეა, ძირში მოჭრილი და ცხენზე გამობმული. ეტყობა ოჯახს შეშა არ ეყო. გაზაფხულის მოსვლა გაჭიანურდა და ახლა სათარი მოაქვთ, შეშად რომ დახერხონ, დააპონ და სახლი გაითბონ. სათარის დანახვაზე ჯერ ერთი ჭიშკარი იღება, მერე მეორე. ბაასი ხმადაბალია, ამ ბურუსის და ამ ნისლის შესაფერი: სად მოსჭერიო, ყორან კლდესთანო… დი-დი თოვლებიაო? დიდია, მაგრამ ჩამოტანა შეიძლებაო. წიფელიაო? წიფელია, მაგრამ ხმელია, შეშად გამოდგებაო. ცხენმა როგორ ათრიაო? ზემოთ უჭირდა, თოვლში ფეხი ეფლობოდა, რაც ტყიდან გამოვედით, არა უშავსო.

ცხენი გზას განაგრძობს. სათარი მიხრიალებს გაყინულ შარაზე. ჭიშკართან გა-მოსულნი თვალს გააყოლებენ, მერე ხმაური მიწყდება და მცირე ხნით გარეთ გამოსულნი ისევ შინ შედიან.

ნეტავი კიდევ ვინმე ჩამოივლიდეს…

როგორ არა? აი, მოდის კიდევაც!

მონადირე ქორია!

ქორიას დანახვაზე ყველა ჭიშკარი ერთბაშად იღება და ჯერ შორიდან, ნისლშივე გასძახიან, აბა მოგვახსენე, რა მოგაქვს, რა მოგიკლავსო, მერე ხელცარიელი ქორიას დანახვაზე სიცილი გაისმის. ქორია ჯერ იბღვირება, ნეტა შინ შეხვიდოდეთ და ძვლებს გაითბობდეთ, ნადირობა რა თქვენი საქმეაო. მერე დაიწყებს, ამ თოვლში სად ვივლიდი, საქამრემდე მწვდებოდა, განა თქვენ რო გზაზეც არ გამოდიხარა, ეგრეაო? მონადირის წესია, დღეს ხელცარიელი მოდის, ხვალ სადმე ირემს წააწყდებაო. შენ წაწყდიო — ქოქოლას აყრიან ქალები, ირემი რა შენი საქმეა, შენი მოსაკლავი ირემი საღა დარჩა, ეგე, ეგენი ხოცეო, და კაკლის კენწეროებისაკენ იხედებიან.

კაკლის კენწეროებზე ყვავები სხედან. შავად დახუნძლულან კენწეროები. ყვავები, თითქოს ეწყინათო, ერთბაშად აიშლებიან და ყრანტალით გადაიფრენენ ჭალისკენ. ცოტა ხანში ისევ მობრუნდებიან და ისევ გადაშავდება კენწეროები. ამათ დარჩათ ქვეყანაო, — ჩივიან ქალები და თან შინ ნაქსოვ შალში იფუთნებიან. მერე — ერთი-ორი სიტყვა, კარის გაჭრიალება და სოფლის შარაზე ისევ სიჩუმე ჩამოდგება.

ცოტა ხანიც და ვიღაცა წყაროზე მიდის, ხელში კოკა უჭირავს. წელში მობუზულა. აქეთ-იქით არც კი იხედება. ვიღაცა გზიდან გამოსძახის, მოიცა, ქალო რა მარტო მიიბუზები, მეც წყაროზე მოვდივარო. ქალი დგას და ელის. თან სცივა, ცახცახებს. ჭიშკარი გაიჭრიალებს და ის მეორე ქალიც გამოდის. ორნი ერთად მიდიან წყაროზე და ისინიც, როგორც ნისლიან დღეს შეჰფერის, ჩუმად საუბრობენ.

წყაროსთან არავინაა.

ქალები კოკას უდგამენ და საუბარს განაგრძობენ.

ნეტავ რაზე ლაპარაკობენ ამ სიცივეში, — ფიქრობს გზად მომავალი კაცი და ქალებისკენ იხედება.

ქალები ჩუმდებიან.

კაცი მიდის და ქალები ისევ განაგრძობენ ლაპარაკს.

წყაროს ძროხა და ცხენი უახლოვდებიან.

მათი პატრონი დაბალია, ქურქში ჩამალული და წელში მოხრილი. ძროხას აქეზებს, დალიე, ამათი ნუ გეშინიაო.

ქალები იცინიან და გვერდზე გადგებიან.

კოკები რახანია გავსებულა, მაგრამ საუბარი მაინც გრძელდება.

ძროხა წყალს სვამს. მალე ბეზრდება და ნავს ზურგს აქცევს.

ახლა ცხენი ჩაჰყოფს ჩიჩვირს ნავში და ხარბად ხვრეპს ცივ წყალს.

კაცი ხმას არ იღებს. ცხენს შესცქერის, უცდის, როდის გაძღებაო. «ვერ დაარწყულე, კაცო, რა მოგივიდაო», — უტევენ ქალები. «ნეტა თქვენ მაგრე გალაპარაკათო», — ჩაილაპარაკებს კაცი, ცხენსა და ძროხას შესძახებს და გზას გაუდგება.

უფრო ბინდდება.

ვიღაცა ქალი ეზოში შეშას ჭრის და თან თავის ბიჭსა სწყევლის: მაშ შეშა ვერ უნდა დაგაჭრევინო, ამოდენა ბიჭი დედის იმედათ რათ უნდა იყოო? ბიჭი არა ჩანს და ქალი ხმამაღლა განაგრძობს: ვინ დამწყევლა რომ შენისთანა შვილი გამომსვლოდაო.

სახლიდან ჩხუბით გამოდის ბიჭი. რა ქვეყანა შემიყარეო, ერთხელ აიღე ცული და მაშინაც გააშარავეო? მოიტა, მამაოხრე, დაგიჭრი და იქნება გაჩუმდეო. ქალი ცულს მიაგდებს და ახლა ბიჭი ჭრის შეშას.

ჭიშკართან დედაბერი დგას და ხელში ქათამი უჭირავს.

კაცს ელოდება, იქნება გზაზე ვინმემ გამოიაროს და დამიკლასო.

ღობის გადაღმიდან მეზობლის ქალი ეხუმრება, გადმომაწოდე, ერთი წავაცალო კისერიო. ქალის დაკლული როგორ იქნებაო — ხელებს ასავსავებს დედაბერი. ნუ გეშინია, მე ჩავდგები ცოდვაში, შენ ოღონდ ერთი ბარკალი ჩემთვის აახლიჩეო, — იცინის ქალი. ახლანდელები ეგეთები ხართო, — ჩივის დედაბერი. დაკალი თორემ, ეგეც პირში ჩაგადნება, ვერა ხედავ, მიმკვდარებულიაო, — არ ცხრება ქალი. შენ აღარ გჯობიაო? — არ უთმობს დედაბერიც და ისევ გზას გასცქერის.

გზაზე კაცი არა ჩანს.

ბინდდება.

სახლებიდან კვამლი ამოდის. კვამლი ნისლებში ერევა და ხის კენწეროებზე იწეწება. თითქოს მთელი ზეცა კვამლში ეხვევა. თითქოს მთელი სოფელი ერთიან ნაცრისფერში იძირება. და ამ ნაცრისფერში ერთი კუნჭული ნელ-ნელა ნათდება: პატარა ბიჭები გამოსულან, ტყაპუჭებში გახვეულნი და კაკლის ძირში, ერთი ბეწო მომშრალებულზე, კოცონს ანთებენ. ცეცხლი ჯერ უმწეოდ აბოლდება. მერე ბჟუტვას იწყებს. ცოტახანიც აბრიალდება. ცეცხლის შუქზე ბიჭების სახეები ნათდება. არც ისე დიდები არიან, მაგრამ დიდებივით დინჯად ეფიცხებიან სითბოს. ვიღაცა კიდევ უმა-ტებს ფიჩხს და ალი უფრო ზემოთ ადის. შინ შემოდით, ბიჭო, დაიხოცებითო, — გასძახიან სახლიდან, მაგრამ ბიჭებს აქ ურჩევნიათ. მერე რა, რომ კოცონი ერთბაშად აალდა და ისევ მალე ჩანავლდა, მერე რა, რომ ნაკვერჩხლები ხელებსა და მუხლებსღა უთბობთ, ზურგიდან კი სიცივე ატანთ? ერთად ხომ არიან, ცეცხლი ხომ ერთად ყოფნის სურვილმა დაანთებინათ? დგანან, ხელებს ნაკვერჩხლებისკენ იწვდიან და ისინიც, ზამთრის ნისლის შესაფერისად, ხმადაბლა საუბრობენ. ჰყვებიან ათასგვარ ამბავს, საკუთარი თვალით ნანახს თუ ყურმოკრულს.

ამ დროს ვიღაცა იძახის, კინო ჩამოიტანესო და ბიჭები სოფლის კლუბისკენ გარბიან.

კლუბის ეზოში ძრავა რახრახებს.

ხალხი კარებს აწყდება და ბიჭებიც იმ კარისაკენ მიძვრებიან. ცოტა ხანიც და ქრება სინათლე.

მთელ ეკრანზე მოჩანს არსენა!

ზამთარი სადღაც ქრება. არსენა განაგებს ყველაფერს.

* * *

აღარ უნდა გავიდეს ეს ზამთარი? — ჩივის დედაბერი და ეს მთელი სოფლის ჩივილია. დედაბერს ხელში «ნიტრიანი» უჭირავს და ღია კართან დგას. ბებო შინ ეპატიჟება, შემო, რასა დგეხარ, შეგცივდებაო. დედაბერი უხერხულად იხედება აქეთ-იქით და ჩურჩულებს: «კაცი შინ არი?» კაცი, რა თქმა უნდა, შინ არი, — კაცი პაპაა და დედაბერს ერიდება კაცისა. სხვა დროს შემოვიდოდა, ახლა კი ვერა. ბებოს ხმადაბლა ელაპარაკება. «ერთი ეს ლობიო მასესხეო…» ზამთრის სარჩო ოჯახს არ ეყო და ლობიო სასესხებელი გამხდარა. ბებო ხმის ამოუღებლად ართმევს «ნიტრიანს» და ისე, რომ «კაცმა არ გაიგოს», მარანში შედის. განა კაცი უარს იტყვის, მაგრამ ლობიოს გასესხება საკაცო საქმე არ არი. ბებო მარანშია. დედაბერი უმწეოდ დგას და სიცივისაგან აბუზული ელოდება. საჩეხში ახლად გამოჩეკილი წიწილები წივწივებენ. კაკალზე ყვავე-ბი ყრანტალებენ. ზეციდან ნელ-ნელა ცვივიან ფიფქები და დედაბერი თავისთვის ამბობს: ჯერაც არ მოსულხარ… ეს სამდურავი ამ ფიფქებს და გაჭიანურებულ ზამთარს ეკუთვნის. ბებოს გამოაქვს «ნიტრიანი», დედაბერი ართმევს, «ხო იცი, არ შევირჩენ», — ჩურჩულებს და ბებოც ეჩურჩულება: «ნეტავი შენ»… ახლა დედაბრის ჩურჩული: «განა თქვენ კი ბევრი გექნებათ»… ახლა ბებოსი: «სადამდეც გაგვწვდება, გაგვწვდეს…» «ეს თვეა დაწყევლილი თორემ, მხალი შემოვა და იოლას წავალთ…»

იოლას წავალთო? — ეს სიტყვები ჩვენც გვესმის და გარეთ ვიხედებით. სად უნდა წავიდნენ? ნეტავ სად არის ეს «იოლა»? რა უნდა იქ?

დედაბერი წასულა და ბებო იცინის.

«იოლას წასვლა» (ალბათ «იოლად წასვლა») როგორმე თავის გატანას ნიშნავს. გაზაფხულის მოსვლამდე როგორმე თავი უნდა გავიტანოთ.

ბებო გვეძახის და, სხვენში ადითო, გვეუბნება.

ეს რა ხდება? — ბებო თვითონ გვაძალებს სხვენში ასვლას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რასაც ნიშნავს ეს ასვლა. სხვენი უნდა დავათვალიეროთ და ბებოს იქიდან ჩამოვძახოთ: რამდენი ჯაგანი დარჩა, მსხალი თუ კიდევ არი, კაკალი სულ ხომ არ გაზიდეს თაგვებმა, ვაშლი ხომ არ დალპა, და თუ დალპა, ცალკე დამპალი უნდა გადაირჩეს, ცალკე საღი; კრამიტიდან წყალი ხომ არ ჩამოვიდა, ტაშტი რომ შეუდგეს, ის ტაშტი ხომ არ აივსო წყლით, და თუ აივსო, გადაღვრა სჭირდება…

ბებო დგას და გულისყურით გვისმენს.

სხვენიდან ჩამოვდივართ. სახლიდან პაპა გამოდის და კითხულობს, რა ამბავიაო. იცის, რა ამბავიც არი და ამიტომაც გამოვიდა. შემოგვიერთდა, ბებო აფრთხილებს, შინ შემო, არ გაცივდეო და ეტყობა თავად უფრო სცივა. ბებო გამომცდელად აკვირდება, ცუდად ხომ არა ხარო, ეკითხება. პაპა თავს აქნევს, არაო, აკი გითხარი წუხელ, ის ერთი ჭიქა აღარ დალიო-მეთქი — ჯავრობს ბებო, — ვერ დაიმახსოვრე, ღმერთი სამობით არი, მეოთხე რაღად გინდოდაო? იმ თედომაც გააჭიანურა, შუაღამემდე იყბედა, ფეხი აღარ მოიცვალაო, თაობითვე ეგრე იცოდით, ყაჭივით გააბამდით ხოლ-მეო. პაპა იცინის და ბებოც მშვიდდება. რაკი იცინის, ცუდადაც არა ყოფილა.

ბებო ეზოსკენ იყურება.

თოვლის ფანტელები უფრო ხვავრიელად მოდიან. ყველანი გასცქერიან თოვლს.

რა მოხდა? აღარც ჩვენ გვიხარია ეს ფანტელები, ჩვენც გვენატრება მზიანი დღე, ლახტი, რიკტაფელა, შარაზე სირბილი. ახლა ჩვენც ვფიქრობთ მერცხლებსა და შოშიებზე. იქნებ გზაში არიან? ვაითუ ყინვამ მოუსწროთ, ვაითუ გაზაფხული ეგონოთ და დაგვიბრუნდნენ? ვაითუ გაზაფხული სულაც არ დადგეს…

დადგება, როგორ არ დადგება?!

გზაზე ვიღაცა მოდის და პაპაც თვალს აყოლებს. კაცი გვესალმება. პაპა და ბებო ეძახიან, როგორა ხარო…

მეველე ყოფილა…

მეველე ღობესთან მოდის და თავადაც მოგვიკითხავს.

როგორი ზამთარიაო, — ისე, სიტყვის სათქმელად ეკითხებიან მეველეს…

ვერა ხედავთ, როგორიაო?

მეველე წამით ჩერდება და მერე იწყებს:

ამ წინებზე მგლები შემხვდნენ, კაცო…

ბებო და პაპა შესცქერიან. პაპა მამაჩემს გასძახის, აბა, გამოდი, მგელი შეხვედრიაო. მგელი კი არა, მგლებიო, ამბობს მეველე. ჩვენ შიშისაგან ვისუსებით, ჩვენ, ბალღები და მორიდებით შევცქერით მეველეს. ხუმრობა საქმეა, მგელი შეხვედრია, თანაც ერთი კი არა, და მაინც არხეინად დგას და გვიამბობს. სადაო? — კითხულობს მამა და დედაც კარს აღებს, გარეთ იხედება. იმასაც ეძახიან, გამოდი, შენი ყურით გაიგონე, მგლები შეხვედრიანო. მინდორშიო, მოვდიოდი ჩემთვის, როგორც ვიცი ხოლმეო. თოფი ხო თანა გქონდაო? აბა უთოფოდ სად წავიდოდიო? მივდივარ, თან აქეთ იქით ვიხედები, და უცებ შლიგინი არ მომესმაო? გავიხედე და გვერდზე კი არა, მე შუა მინდორში მივდივარ, ის ტყე-ტყე მოდის, ჯერ ზედაც არ შემიხედავს, ძაღლი მეგონა და დავუძახე, რას დაძრწიხარ ძაღლო ამ ტყეში-მეთქი… გაჩერდა და მიყურებს… დავაკვირდი… მგელი არ არი? წაველ, ისიც წამოვიდა, არც ახლო მოდის, არც უკან რჩება. ერთხელაც მივიხედე და შორიახლო ახლა მეორე არ მოსდევს? მთელი ხროვაა, კაცო! დრო უნდა იხელთონ და დამეცნენ. არა, ღამე რო ყოფილიყო, მართლა დამეცემოდნენ, რა შეაშინებდათ? ხო, რა შეაშინებდათ, რომელი ბაყბაყდევი შენა ხარო, — იცინის ბებო. მერე, ეგრე მოგყვნენ სოფლამდეო? — ეკითხება მამა. სოფლამდე რას მომყვე-ბოდნენ, ჩამოვიხსენი ეს ჩემი ჟაკანა და ერთხელ დავცალე — არაფერი, შენც არ მომიკვდე, მარტო გაჩერდნენ და ყურება დამიწყეს… ეგრე არ უნდა-მეთქი და მეორე, ტყვიაც დავცალე… მეორეზე დაფრთხებოდნენ — ამბობს პაპა. დაფრთხნენ, შეეშინდათ, ტყეში შეცვივდნენ. ბუჩქების ლაწა-ლუწი მესმოდა. მერე ხმაც გავიგე, ერთმა-ნეთს გასძახოდნენ… ალბათ, თავი დაანებეთ, იაროს, რას გვიშლისო, — იცინის ბებო. შენ იცინე, ნათლიდედ და ეგრე კი იყო… — ამბობს მეველე, — ეხლა ამას იმიტომ ვამბობ, უთოფოდ არსად გახვიდეთ, დიდი ზამთარია, სოფლის გარშემო დაძრწიან, ხიფათს არ გადაეყაროთო…

სოფლის გარშემო დაძრწიანო? — გვეშინია ჩვენ.

პაპა უკვე შინ შესულა და ხელადა გამოუტანია, — შეშინებული ხარ, ერთი ჭიქა გეკუთვნის, შენი გადარჩენისა იყოსო.

მეველე თავპატიჟს არ იდებს. ერთ ჭიქა ღვინოს გადაჰკრავს. შოთის წვერს მო-ტეხავს, აგაშენოთო, იტყვის და წავა.

— ტყუილი გვითხრა, — ჩურჩულებს ბებო.

პაპა იცინის.

დედა და მამაც იცინიან.

ის საღამო სულ მგლებზეა ლაპარაკი, ჩვენ ვლაპარაკობთ, ბალღები. სად შეხვდებოდაო. სად არი ის მინდორიო. რომელ ტყეში შეცვივდებოდნენო. სოფელში რა უნდათო. ბებო ისევ იცინის, ტყუილი იქნებაო და თან წინდას ქსოვს. გორგალი ხან ბებოს წინ გარბის, ხან ოთახის ბნელ კუთხეში გავარდება, თავისით კი არ გავარდება, ჩვენ ვაგორებთ. გორგალი გაგორდაო და იქვე, ბუხრის პირას თვლემაში ჩაძირული და ნაცარში ამოგანგლული ჩვენი კატა ტასო (ტასო მეზობლის «პატივსაცემად» დაარქვა მამამ) ერთბაშად წამოხტება, გაედევნება და დაიჭერს. ყველანი ვიცინით და ისევ ვაგორებთ გორგალს. ბებო იცინის და თან ჯავრობს — მეხი ამასაც დასცემია, თაგვი ჰგონია და იმიტომ დასდევს გორგალსაო, არ ურჩევნია, მართლა თაგვი დაიჭიროს, აკლებულები ვართო, მთელი კაკალი იმათ გაზიდეს, თხილზე აღარაფერს ვამბობო. ტასო დარცხვენილი ზის ბუხართან და თითქოს არაფერი მეხებაო, კვლავ იმ გორგალს არ აშორებს თვალს. ჩვენ ისევ გვინდა გავუგოროთ, მაგრამ ბებო ჯავრობს, აბა ახლა გამირთეთ კიდეც, წავიდეს, თავისი საქმე აკეთოსო, გორგალს წინსაფრის კალთაში იდებს და ტასოსაც ცოცხს მოუქნევს, წადი, რას უზიხარ, თაგვი დაიჭირეო. ტასო კნავის, წამით ბნელ კუთხეში მიიყუჟება და სწორედ ამ დროს ისმის თაგვების ფხაკუნი. ტასო ისევ ბუხართან ბრუნდება, ბებოს ეფერება, კუდით ელაქუცება და ამაზე უკვე ყველანი ერთად ვიცინით. შეეშინდაო, — იცინის ბებოც.

შუაღამე უკვე წამოსულა.

მატარებელმა ჩაიარაო? — კითხულობს ბებო.

ჯერ არ ჩაუვლიაო, — პასუხობს დედა და წიგნიდან თავს არ იღებს.

მატარებელი ჯერ სად არის? მერე ჩაივლის, ყრუდ დაიკივლებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა შუაღამე დამდგარა და დროა, ლოგინებში ჩაგვყარონ. ჩვენ კი არ გვეძინება. იქნებ მამამ მოიცალოს და რაიმე გვიამბოს? იქნებ პაპამ გვითხრას, სად ათევენ ღამეს მგლები, რატომ არ სცივათ ამ ყინვაში, რატომ ეშინიათ ადამიანებისა და ადამიანებიც რატომ გაურბიან მგლებს… მაგრამ ჩვენთვის არავის სცალია. დედა წიგნის კითხვას განაგრძობს. მამა ცხენის უნაგირზე ნაბადს აკრავს, გაცვდა და გაახლება სჭირდება. პაპა თვლემს. ბებო ქსოვას განაგრძობს. ტასომ კი თავი თათებში წარგო და დაიძინა.

მეტი რაღა დაგვრჩენია, ისევ ჩვენით ვერთობით, ტახტზე ვგორაობთ და რაღაცაზე ჩუმად ვხითხითებთ — მე, ჩემი და, ჩემი ბიძაშვილები და ნაბოლარა ძმა. არ ვიცი, რაზე ვხითხითებთ, მაგრამ ეტყობა, მარტო ხითხითს არ ვჯერდებით, ტახტზე თავდაყირა ვდგებით და მამა მკაცრად გვაფრთხილებს, თუ არ გაჩუმდებით, ამ წუთში გარეთ ყინვაში გაგყრითო. დედა მშვიდად ამბობს, ახლა მაგათ დავაწვენ და მორჩებიანო.

ჯერ რომ არ ჩაუვლია შუაღამის მატარებელს?

ჩაივლის, ცოტა ხანიც და ჩაივლისო.

და რაკი დედამ თქვა, ვიცით, რომ მართლა ჩაივლის.

აბა გაჩუმდით, საცაა შეჰკივლებს.

შორიდან მატარებლის კივილი ისმის.

შუაღამე მართლა დამდგარა.

ოჯახი ნელ-ნელა ლოგინებს აშურებს. ბუხარში მუგუზლები გაღეღეს, ნაღვერდალი დილისთვის შეინახეს ნაცარში. ტასომ რახანია დაიძინა. პაპა და ბებო უკვე თავიანთ ოთახში გასულან. დედამ ჩააქრო ლამპა და ოთახში სიბნელე ჩამოწვა. თითქოს ამას ელოდნენო, თაგვებმა უკვე დაიწყეს ფხაკუნი, მაგრამ ჩვენს ტასოს ვერაფერი გა-აღვიძებს. გარეთ სიჩუმეა. პაპას ხვრინვა უკვე ისმის და ბებოს ჩურჩულიც მოჰყვება, გვერდზე გადაბრუნდი, რა ახლავე გააბი ხვრინვა, რა ღვთის რისხვააო. პაპა, ეტყობა, გვერდზე გადაბრუნდა და ისევ სიჩუმე ჩამოდგა. და ერთბაშად შორიდან კივილი ისმის… ნეტავი რა კივის? კივილი კვლავ გრძელდება და თანაც უკვე სულ ახლოს, ზედ ჩვენი სახლის გადაღმა ხევში. ერთბაშად ვიღაცა თოფს გაისვრის და კივილი წყდება. ალბათ მგლები იყვნენ. მაგრამ მგლები დედაკაცებივით არა კივიან. მგლები ყმუიან. მელა იქნებოდა… არც მელა კივის… ხო, ტურები იქნებოდნენ, ტურები კიოდნენ!

დილით ბებოს ხმა გვაღვიძებს:

— გესმოდათ, წუხელ, რა დღეში იყვნენ ტურები?

მე მიხარია, რომ ყველაფერი მესმოდა.

ბუხარში უკვე ცეცხლი დაუნთიათ და გარედან სიცილით შემოდის მამა.

— თქვენ ტურებზე ილაპარაკეთ და მელამ ქვეყანა ამოაგდო…

ბებო და პაპა მამას შესცქერიან.

მამა ისევ იცინის:

— ქათამი წაუყვანია!

მელას ქათამი წაუყვანია, — ესეც ახალი ამბავი, გვიხარია, ჩვენ და გარეთ გავრბივართ. ბებო და პაპაც გარეთ გამოდიან. დედა წყალზე წასულა და ჯერ არაფერი იცის. ნეტავი როგორი მელა იყო? ეტყობა, ყოჩაღი იქნებოდა, იმ შუაღამისას რომ არაფრისა შეეშინდა, მოცუნცულდა და ქათამი მოგვტაცა. საიდან შესულა, კაცო? — კითხულობს პაპა. კარების ქვეშ გამოუთხრია, იქიდან შემძვრალა, ამბობს მამა. უყურე მაგ წყეულს, — ჩივის ბებო და ახლა ყველანი ერთმანეთს ვეკითხებით: რომელი ქათამი წაუყვანიაო? რომელი აარჩია, რომელს მისწვდა ის მართლა წყეულიო. მამა იცინის, ეტყობა, უკვე იცის, მაგრამ თქმა არ უნდა. ბებო ეხვეწება, მითხარი, ხო იცი, ერთი შევიხედავ და მაშინვე მივხვდებიო.

მამალი წაუყვანია!

და ბებო ლოყაში ხელს იცემს.

აღარც პაპას ეცინება.

მამა მაინც იცინის და თან ხუმრობს: ახლა ვიღა გაათენებს, რა გვეშველება, სულ რო ღამე იქნებაო.

— რაღა ის ამოარჩიაო, — ლამის არის იტიროს ბებომ.

— ძველი ჯავრი ექნებოდა, — ისევ იცინის მამა და ბებო ტუქსავს.

— ნეტავი რა გაცინებს, სადღა ვიშოვნი მაგისთანა მამალს, მთელი ქათმების პატრონი ეგ იყოო.

თუ პატრონი იყო, რაღათ დანებდა უბრძოლველადო? სადა თქმულა ჯერ სარდალი დაიჭირონ და მერე იმისი ჯარიო? ჯარი ხო ხელუხლებლად დაგვხვდა, სხვა რაღა გინდაო. ალბათ გაამწარა მელა და იმასაც რა ექნა, ჯავრი ამოიყარაო. რითი გაამწარებდაო? წუხანდლამდე ერთი-ორჯერ მაინც მოვიდოდა… რამდენი მოვიდა, ალბათ ყიყლიყო დაიძახა და დააფრთხო, მაშ რას უზამდა, შეარჩენდაო?

ყველანი ვიცინით, მაგრამ ყველას ძალზე გვენანება ჩვენი მამალი.

და ერთბაშად ყველას გაახსენდება ის, ვისაც ეს ამბავი უნდა დაბრალდეს.

ჩვენი ბოთვერა! ზანტად რომ გამოყო ცხვირი თავისი საბრძანებლიდან და თან იზმორება, თან თვალებით გვეკითხება, რა მოხდა, ამ დილაადრიან რაზე შეყრილხართ, მეც გამაგებინეთო… რა მოხდა და ჯანდაბას შენი თავიო, — ყველანი ერთხმად ეჩხუბებიან, — ეხლა გაიგე, შე ყურებდასავსებო, ვეღარ გასძეხი ძილით, ქვეყანა დაიქცა და შენ ვითომც არაფერიო! მამაშორეთ აქედანაო, — ამბობს ბებო და მამას შესცქერის, — წაიყვათ, სადმე ბაზარზე გაყიდეთ, ჩემმა თვალებმა არ დაინახონო. მაშ ისე უნდა აპარპაშოს მელა, რომ ერთი არ დაიყეფოსო? დაიყეფოს თორემ, გულს გაუხეთ-ქამდაო, — ცეცხლზე ნავთს ასხამს პაპა. რომ მოიყვანეთ, მაშინვე ვთქვი, ამისგან სიკეთე არ იქნება მეთქი, — ამბობს ბებო. მამა ისევ იცინის და ბოთვერას ემხრობა, — აბა მწყემსებსა ჰკითხეთ, რა ძაღლი იყო, რამდენი მგელი შეაშინაო? დაბერდა და რა ქნასო.
რაკი დაბერდა, ბებოსაც გული მოულბა და ბოთვერას ალერსით მიაყარა ქოქოლა, გადი, დაიკარგე, თვალით არ დამენახოო. ბოთვერა ჯერ საქათმესთან მივიდა და შეიხედა (განა არა. მივხვდი, რომ მამალი არსად ჩანდაო), მერე თავისი ბუდრუგანისაკენ წავიდა, შეძვრა და, რაც მართალია, მართალია, გარეთ ერთხელაც აღარ გამოუხედავს.
ბებო ჭიშკართან დგას და სოფლის შარას გასცქერის.

პაპა ბებოს გასძახის:

— შინ შემოდი, ქალო, შენი მტერი დაბრუნდეს, ის რომ დაბრუნდებაო…

ეს რა ყოფილა ზამთარი? აღარ უნდა გამოანათოს მზემ? რას მოქუფრულა ეს ცა? ან ეს ამოდენა ნისლები საიდან მოდიან, რომ არც თავი უჩანთ, არც ბოლო? სად არი გაზაფხული? ასე რად დაიგვიანა? თუ ტყეშია, აქამდე ვეღარ ჩამოვიდა? თუ ცაშია, რატომ მზის შუქს მაინც არ გვიგზავნის?

და თითქოს ჩვენს ფიქრებს მიგვიხვდაო, შარაზე მეზობლის ქალი გამოჩნდა. კოკა მხარზე შეუდგამს და ხუსხუსით მოდის. თავს გვიკრავს, გვესალმება და ხმამაღლა ამბობს: აღარ უნდა დათბეს ეს ოხერი?

ჩვენ ხმას არ ვიღებთ. არც მელიას და მამლის ამბავს ვეუბნებით. ჩვენი დარდი ჩვენვე უნდა გადავიტანოთ. მეველესავით ხომ არ დავდგებით შარაზე და ყველას არ ვეტყვით მამლის ამბავს?

და მაინც, ბებო შალს იხურავს და თავის დაქალთან, მეზობლიანთ ნენესთან გადადის. შინ გული არ უდგება. მამლის ამბავს ალბათ იმას ეტყვის.

* * *

იმ ღამეს ქარიშხალი ამოვარდა.

ჩვენ გვეშინია.

პაპა ამბობს, რომ უკვე დაიწყო…

ნეტავი რა დაიწყო?

გაზაფხულისა და ზამთრის ბრძოლა! გაზაფხული მოდის და ზამთარი არ უშვებს, მედგრად ხვდება. იბრძოლებენ და, რაღა თქმა უნდა, რომ გაზაფხული გაიმარჯვებს. ყველანი შინა ვართ შეყუჟულნი. დაუბერავს ქარი და ბუხრის ნაცარს თვალებში შემოგვაყრის. ოთახში კვამლი დგება. ეს რა ქარია! ემანდ სახლი თავზე არ დაგვანგრიოს! აკი მამაც ამბობდა, საყვავე ლპება და გამოცვლა უნდაო, წვიმა რომ წამოვა, ხან ერთი კრამიტიდან ჟონავს წყალი, ხან მეორედანო. მოდი და დაიძინე ამ გრიალში. თანაც შუაღამის მატარებელსაც აღარ ელოდებიან, ლოგინებში ჩაგვყარეს, თბილი საბნები დაგვხურეს და გვეჩურჩულებიან, დაიძინეთო. ქარი კი ხან თითქოს მიჩუმდება, ხან ისევ წამოუვლის. ჭრიალებენ ხეები. საჩეხში ჩახუნობს კარი. ჩვენ საბნის ქვემოდან ვიჭყიტებით და ვხედავთ, როგორ აღებს მამა სახლის კარს, გარეთ იხედება და ეზოს გასცქერის. ამ დროს ქარი ოთახშიც შემოვარდება და დედა მამას ეძახის, კარი დახურე და ლოგინში ჩაწექიო. სხვენში რაღაცა ფაჩუნობს. ჩვენი ლეღვი ტოტებს ულაწუნებს სათონეს. ძროხა დაიზმუვლებს და ისიც ჩაჩუმდება. ქარი ისევ ღმუის, კარებს აწყდება. ბუხრის საკვამურიდან ძირს ჩამოდის. ამასობაში ჩვენც თვალები გველულება…

დილა უკვე მზიანია.

ქარი ჩამდგარა და, როგორც ბებომ მოგვახარა, ცხრათვალა მზე ანათებს.

— აკი გითხარით, გაზაფხული ებრძვის-მეთქი, — ამბობს პაპა.

— ჯერ რა დროს გაზაფხულიაო, — იცინის ბებო და წყალს გვითბობს, რომ კარგად გავიღვრიჭინოთ ხელ-პირი და ისე გავიდეთ მზეში.

ჩვენ ხელ-პირს ვიბანთ, ერთ ყუა შოთს მოვიტეხავთ, თან ვილუკმებით, თან აივანზე გავრბივართ.

მამა ბაღჩაში წასულა.

პაპა აივანზე დგას და მზეს ეფიცხება.

— წუხელ იტყოდი, რომ ამისთანა მზე იქნებოდა? — უხარია ბებოს.

ღობესთან მეზობლიანთ ნენე მოდგება და გამოგვძახის, გაიგეთ, რა მომხდარაო? ყველანი ეკითხებიან, რაო? ნენე იცინის და ჰყვება, მეველემ ამოიარა, იმან გვითხრაო. მეველეს ხსენებაზე ყველანი იცინიან. ნენე კი ჰყვება, ქარს მინდორში მოუსწრია და კინაღამ წაუქცევიაო. შეშინებია და უფიქრია, ეხლა კი ვკვდებიო. აკი მგლებისაც არ მეშინიაო? ვერ გაისროლა თოფი? დააფრთხობდა ქარსაო… ამდგარა, უვლია, უვლია და ქოჩორა მუხასთან მიბობღებულა წარაფებში. აბა, ხო იცით, რამოდენა ფუღურო აქვს მუხასაო. შემძვრალა ფუღუროში ციყვივით და იქვე ჩასძინებია… თურმე ამბობდა, ჩემს სიცოცხლეში, აგრე ტკბილად არა მძინებიაო.

ჭიშკარი ჭრიალით იღება და შემოდის მამა.

თავჩაღუნულია, ეტყობა, ისევ რაღაცა მოხდა.

ბაღჩას დავხედე და ხეჭეჭურა მსხალი ძირიანად მოუგლეჯიაო. — ამბობს და წალდს საჩეხში მიაგდებს.

ბებო ლოყაზე ხელს შემოირტყამს.

პაპა ყურებს არ უჯერებს, — მართლა კაცო?

მართლა, ახლა იქიდან მოვდივარო, — ამბობს მამა და შინ შედის.

ყველანი ვიცვამთ, ვიფუთნებით და ბაღჩისკენ მივდივართ.

ბაღჩა ცოტა შორსა გვაქვს, ხევგაღმა. არც სიცივეს ვეპუებით, არც თოვლს, და გაკვალულ ბილიკს მწკრივად დაწყობილნი მივყვებით. წინ პაპა მიდის, მერე — ბებო, მერე — ჩვენ, ბოლოს კი ის მეზობლიანთ ნენე მოხუსხუსებს.

ბაღჩა…

პაპა გამშრალი დგას.

ბებო ცრემლს იწმენდს.

ნენე ხან ერთს შესცქერის, ხან მეორეს.

ვეება ხეჭეჭური თოვლში გულაღმა გდია.

— ჩემს ბიჭობაში უკვე იდგა, — ხმადაბლა ამბობს პაპა და ხეჭეჭურს ისე კრძალვით უვლის გარშემო, როგორც მიცვალებულს უვლიან ქუდმოხდილი ახლობლები. ბებო ისევ ტირის.

ჩვენ არ ვიცით, რა ვქნათ. ჩვენც ვიტიროთ თუ ეგრე, ხმისამოუღებლად საწყლად გადაქცეულ ხეჭეჭურს ვუყუროთ.

ბოლოს ბებო ხელს ჰკიდებს ნენეს, გვერდზე გაჰყავს და ჩვენ გვესმის ატირებული ბებოს ჩურჩული:

— ცუდად მენიშნა ეს ხეჭეჭური…

ნენე ჩურჩულებს, გაჩუმდიო, და პაპაზე ანიშნებს…

ბებო ჩუმდება.

ჩვენ უკვე ბილიკს თავდაღმა ჩავუყებით.

მზე კი ანათებს.

* * *

ერთბაშად პაპამ ტყაპუჭი გადაიცვა, ქუდი დაიხურა და ჯოხი აიღო.

ბებო მიხვდა, რომ პაპა სადღაც მიდიოდა და მაშინვე ლაპარაკი დაიწყო, საით გაგიწევია, ეს მზე ხო არ გატყუებს, აბა, ეხლა გარეთ გასვლის დრო არიო? რა მოხდა, თედოსთან გადავა, აქვეაო. — ამბობს მამა, მაგრამ ბებომ ყველაზე კარგად იცის, რომ ასე საგულდაგულოდ გამოწყობას პაპა თედოსთან გადასასვლელად არ დაიწყებდა. ხმა ამოიღე, კაცო, ვიცოდე, მაინც სად მიდიხარო, რომ აღარ მობრუნდე, სად გეძებოო? — ხმას იმაღლებს ბებო და ახლა ის სათნო ბებო აღარ არი, ახლა ვიცით, რომ პაპაც მის ხელშია და მისი ბედ-იღბალიც. ვენახში მივდივარ, ვენახს უნდა დავხედოო, — ხმადაბლა ამბობს პაპა და ბებო უფრო ცეცხლდება: რა დროს ვენახია, სად გაგექცევა, გაზაფხულამდე ვერ უნდა მოითმინო, ჯერ ისევ მუხლამდეა თოვლიო. რა დამიშავდე-ბა, დავხედავ და წამოვალო, — ამბობს პაპა და კიბისკენ მიიწევს. მაშინ მეც წამოვალო, არ ცხრება ბებო და შალს ეძებს. მაგრამ პაპა თვალებში შესცქერის, რაც იმას ნიშნავს, რომ წასვლაც მტკიცედ გადაუწყვეტია და თუ წავა, მარტო წავა, არავის გაიყოლებს. წაუსვლელობა არ იქნება, — თვალებში ეტყობა პაპას და განრისხებული ბებოც ერთბაშად ნებდება. წავიდეს, რაც იქნება, იქნება, რაკი ძალიან უნდა, წავიდეს…

პაპა მიდის თოვლიან გზაზე.

ბებო დგას და მის კვალს დიდ ხანს გასცქერის.

დღე მზიანია, მაგრამ მაინც ცივა და წუხანდელი ქარის კუდებიც ხან როდის ჩამოიქროლებენ, ხან როდის.

— მალე მოდი, თავი არ მაძებნინო, — დაადევნებს ბებო.

მაგრამ პაპა უკან აღარ იხედება.

სახლის სახურავებიდან გრძელი, გამჭვირვალე ყინულის ლოლუები პანტა-პუნტით ცვივიან. კრამიტებიდან იღვრებიან პირველი წვეთები. თოვლი ტირილს იწყებს. მთელი უბანი გარეთ გამოდის. მყუდროზე მზეს ეფიცხებიან დედაკაცები. აქვე გამოაქვთ სართავი და საჩეჩელი, საქსოვი და საკერავი. კაცები შორიახლოს დგანან და რაღაცაზე ბჭობენ. ბალღები ახლა მზეში თოვლაობენ. ხო, მზეს ჯერ ძალა არა აქვს, მაგრამ მაინც მზეა, მაინც მზიანი დღეა… და ერთბაშად ყველანი გაზაფხულის მოსვლაზე იწყებენ საუბარს. ზამთარი გაჭიანურდა. დროა თოვლმა დნობა დაიწყოს და ხეში წყალი ჩადგეს. თუმცა ჯერ რა დროის გაზაფხულია, და მაინც დროა… დროა… შეშა გეყოფა გაზაფხულამდე? — ეკითხებიან ერთმანეთს და პასუხი იმედიანია: თუ ძალიან არ გაჭიანურდა, შეშა სამყოფია. წისქვილებში ყინვა მოლღვა და უკვე დაფქვაც შეიძლება, თორემ დაფქულიდან აღარაფერი შემორჩა. ერთი მხალი მაჭამა, ნატ-რობს რომელიღაც დედაბერი და ყველანი იცინიან. ნუ გეშინია, ათ მხლობას მაინც მოესწრები, — ამშვიდებენ ქალები სიცილით. შარშან მაშოსაც ეგრე ამშვიდებდნენ, მაგრამ მოესწრო? — ამბობს დედაბერი და ისევ ნუგეშს მოელის. ნუ გეშინია, მაშო ავად იყო, — კვლავ ამშვიდებენ ქალები. და ისევ ყველანი გაზაფხულის მოსვლაზე ლაპარაკობენ. ყველას თითქოს უკვე სასხლავი უჭირავს ხელში, ყველა სადღაც მიიჩქარის, მაგრამ მზე ისევ შედის ღრუბლებში, მყუდროზე გამოფენილებს ცივი ნიავი დაუბერავთ, წამოიშლებიან და შინ გასძახიან, ბიჭო, ცეცხლი შეანთეო, და ვიღაცა იტყვის: ამაღამ ისევ მოვა თოვლი…

თოვლი ისევ მოდის, მაგრამ მეორე დღე მაინც მზიანია.

აი, ამ დროს, როცა გაზაფხული ჯერ ისევ შორს არი, კიდევ ერთხელ მოგვინდება ტყის ნახვა. წავიდეთ ტყეში, იქნებ შევხვდეთ სადმე გაზაფხულს, გაუბედავად რომ მოაბიჯებს სოფლისაკენ.

ტყის ბილიკი თოვლიანია და თავად ტყეც ისე შიშველი, რომ მთელ გასადევარზე გასწვდება თვალი.

ავიარეთ ორღობეები და გავედით სოფლის თავში.

თვალი შევავლეთ ძველებურ კოშკებს, ქონგურები რომ დათოვლიათ და ჩაქუფრული თვალით შემოგვცქერიან. გადავუხვიეთ პატარა ბაზილიკისაკენ და ჩამოქცეულ კედლებს შორის, ვიწრო კარში შევედით.

გახუნებული, წვიმისაგან ჩამორეცხილი წმინდა გიორგი, მისი თეთრი ცხენი, გრძელი შუბი და განგმირული ურჩხული…

აქეთ ღვთიშობელი მარიამი. იქით გარდაცვეთილი წარწერის ორიოდე ასო.

ჩამოქცეული კედლების წინაშე თავს თითქოს დამნაშავედ ვგრძნობთ. და გარეთ გამოვდივართ. ცოტა იქით გუმბათიანი ეკლესიაა, სოფლის პატარა ეკლესია. აქ ჯვარს იწერდნენ, ინათლებოდნენ. აღდგომასა და შობა-ახალწელიწადს ხვდებოდნენ. ღმერთს სწირავდნენ საკლავს. აქ ხომ არ დაიწერეს ჯვარი ლუარსაბმა და დარეჯანმა? აქ ხომ არ მოატყუეს საწყალი ლუარსაბი, როცა მზეთუნახავის ნაცვლად მახინჯი და უმზითვო დარეჯანი ამოუყენეს გვერდით? რა ვიცით, იქნებ აქაც იყო, ან სულაც არ იყო აქა. იქნებ აქ ჯვარი გაბრიელსა და თამროს უნდა დაეწერათ? ასე იყო თუ ისე, აქეთ მოდიოდნენ ჩითისკაბიანები, ჩოხა-ახალუხიანები, ნაბდის ქუდიანები და იმედით ფიქრობდნენ ხვალინდელ დღეზე.

წინ კი ტყე იწყება, ზამთრის ტყე.

ბილიკი ძლივს მიიკვლევს გზას თოვლში.

კარგა ხანი გასულა, და მზეც საცაა ჩავა.

მაგრამ გაზაფხული ჯერ არსად ჩანს.

აქა-იქ შემორჩენილა შემხმარი ასკილი და კუნელი. ხან ერთ, ხან მეორე ტოტზე აფრთხიალდება შეშინებული ჩიტი, ან ფუღუროდან თავს გამოყოფს ცნობისმოყვარე ციყვი… — ეს არის და ეს.

მაგრამ დაიცათ!

ერთბაშად თვალწინ შემოგვენთება კაშკაშა წითელი ფერი!

წითელი ფერი, თეთრი თოვლის ფონზე…

ძახველი!

ხელუხლებელი, ზამთრის სუსხს სასწაულად გადარჩენილი.

გაზაფხული სადღაც აქვეა, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ, ჯერ არ გვესმის მისი სუნთქვა.

მშვიდობით, წითელო ძახველო!

* * *
ისევ მოლოდინი.

ერთბაშად მზის გამოხედვა და გამოცოცხლება სოფლისა. ძროხამ კვლავ მოიგო ხბო.

კრუხმა გამოჩეკა ყვითელბუმბულა წიწილები.

მეზობლის რძალს ბიჭი შეეძინა. საყოველთაო სიხარულია, ეხუმრებით, სწორედ ბიჭი უნდოდათ! ნეტავი რას დაარქმევენ, რომელი პაპის სახელს? როდის იქნება ძეობა, ნათლიად ვის აირჩევენ? რა ეჩქარებათ, ცოტა დათბეს, შინ განა რამდენი კაცი უნდა დატიონ? ნუ გეშინიათ, დავეტევით, ბუხართან ძეობაც არ იქნება ურიგო. ღვინო თუ ჰქონდათ სააღდგომოდ შენახული? ექნებოდათ, მაშ ისე, როგორ იქნებოდა?

ბიჭი, რა თქმა უნდა, აკვანშია ჩაკრული. დიდის ამბით მოართვეს პირველი საჩუქარი — ხის შიბაქი, რომ ძილში არაფერი წასცდეს და თავი არ შეირცხვინოს. აკვანზე ზედ თვალებთან, ქარვის მძივი ჩამოუკიდეს, რომ ათასში ერთხელ, არტახებიდან ხელი აიშვას და იმ მძივს ეთამაშოს. მაგრამ ბიჭი იმისთანა მტირალა დადგა, მძივი ვერაფერს შველის. მაშინ «ჩხრიალას» გაუკეთებენ, და იმასაც თავთან დაუკიდებენ, რომ როგორმე გაერთოს. უკვე მთელმა უბანმა იცის, რომ ბიჭს ტირილი უყვარს, მოდიან სანახავად და რა ზიზილ-პიპილებს აღარ უკიდებენ, რას არ დასძახიან, როგორ არ ეალერსებიან, რომ ტირილს გადააჩვიონ. კაცმა რომ თქვას, გადაჩვევა რად უნდა, დედაბრები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტად იტირებს, ფილტვებიც უფრო გაუმაგრდება და მაგარი ბიჭიც დადგება. რო მოვკვდე, გაგაცინებო, — ჩასძახის ძალუა და, რას არ იგონებს, რომ ბიჭს ღიმილი მოჰგვაროს. მაგას რა გააცინებს, მამის შვილი არ არისო? — ამბობს სხვა, მაგრამ ერთი-ორი დღეც და ძალუა ტაშს შემოჰკრავს:

ბიჭმა გაიცინა!

ესეც მთელ უბანს მოედება…

სიხარულია და ისევ მოლოდინი…

* * *

მაგრამ მოლოდინი მწუხარებით მთავრდება:

პაპა გარდაიცვალა…

წუხელ დაუძინია, დილით თურმე აღვიძა, აღვიძა ბებომ და ვეღარ გააღვიძა. წასულა უთქმელად და ამქვეყნად ერთი სამდურავიც არ დაურჩენია. საბოლოოდ ხომ ვენახს დახედა… თურმე რატომ მიდიოდა, რატომ არ გაიყოლა არავინ. ამ გაზაფხულს ვეღარ მოვესწრებიო, — მარტო ეს უთქვამს და მეზობლის დედაკაცი თურმე ეხუმრებოდა: რა დროს შენი სიკვდილია, ათი გაზაფხული კიდევ გაქვს წინაო.

ბებო ტირის, უშენოდ რაღა იქნება ჩემი სიცოცხლეო. ქალები მკაცრად ამშვიდებენ, ტუქსავენ, აბა ჯერ შენ უნდა მომკვდარიყავიო? ვიღა მოუვლიდაო? წესია, ჯერ კაცი უნდა წავიდესო… მაგრამ ბებოს დამშვიდება ძნელია. ვაჟები გამშრალები, ქუდ-მოხდილები და თავდახრილები დგანან ეზოში. სიკვდილი მოულოდნელად მოსულა და ჯერ არავინ იცის, რა გააკეთონ. ქალები სახლს ასუფთავებენ და გვამს აპატიოსნებენ. პაპა წევს შუა დარბაზში, დაბალ ტახტზე და გადაჯვარედინებულ ხელში სანთელი უჭირავს. ბებო არ სცილდება. რძლები ჩუმად ტირიან. პაპა ტკბილი კაცი იყო და რძლებსაც გულწრფელად ენანებათ. მოდის თედო, პაპას ბავშვობის მეგობარი და ბებო შესტირის, ამაწინათ, რომ დაგიბარა და დაგპატიჟა, ეგე, უკანასკნელად დაგილევიათ საფერავიო. თედო ზურგშექცევით დამდგარა. პაპას ზედ არ დაჰყურებს და ჩუმად, ხმის ამოუღებლად იწმენდს ცრემლებს. მერე სხვებიც მოდიან, სხვა მეზობლები. შუადღისას უკვე მთელი ნათესაობა აქ არი. უკვე გაგზავნეს კაცი სხვა სოფელში. უკვე ლაპარაკობენ, სად იყიდონ ძროხა და ცხვარი, უკვე არჩევენ ლობიოს, საწანდილე ხორბალს. ცრიან ფქვილს. შავოსანი ქალები, წელზე შალშემოხვეულები, სატირლად მოდიან და პაპას ათასგვარ რამეს აბარებენ იმ ქვეყანაში. სამი დღეა მთელი სოფელი გლოვობს.

მესამე დღეს პაპა უკვე მუხის კუბოში ასვენია.

თავდახრილი კაცები სახლის წინ, დატკეპნილ თოვლზე დგანან.

დედაკაცები ცალკე შეყრილან.

ყველანი ჩუმად არიან. მდუმარებას არაფერი არღვევს.

ღრუბლიანი ამინდია, ცივა და ყველა იმას ფიქრობს, რომ ზეცამ დაგვაცადოს უკანასკნელ გზაზე პაპას წაყვანა.

სასაფლაო შორს არი, სოფლის თავში და ამოდენა თოვლიანი გზა ფეხით უნდა გაიარონ.

პაპას ოთხი ვაჟი მხარს უდგამს კუბოს და ციმციმ გამოაქვთ აივანზე.

წამით იქვე დაასვენებენ უკანასკნელად, რაკი ამ აივანზე აღარასოდეს გამოვა პაპა.

შორიახლოს დგანან პაპასკბილა ბერიკაცები — გაფითრებულნი და სანთლის ფერები. მათი ძმა მოკვდა და ბერიკაცებს თავადაც შავი ფიქრი მორევიათ.

და სწორედ მაშინ, როცა ოთხი ვაჟი კვლავ აწევს კუბოს და ნელ-ნელა სახლის კიბეზე ჩამოატარებს, ზეციდან ცვივა თოვლის თეთრი ფანტელები. პაპას უკანასკნელ გზაზე ყვავილებივით ეფინებიან თეთრი ფთილები. ეფინებიან მის გალურჯებულ ხელებს, გასანთლულ სახეს, თეთრ ულვაშებს და ამ სიჩუმეში, როცა მხოლოდ თოვლის ჩუმი შრიალი ისმის, დაირხევა ბებოს ცივი და მშვიდი ხმა:

— ეგე, უკანასკნელად მისდიხარ თოვლში, კაცო!

* * *
სად არის ახლა ჩვენი მზე? სამყაროს რომელ მხარეში? ან არის კი სადმე დიდი ხნით, თუნდ ერთი წამით? ჩერდება კი თავის რომელიმე სადგურზე? ყველაფერი მიდის, ყველაფერი მიისწრაფვის, ერთ ადგილზე წამითაც არაფერი ჩერდება. ვიდრე ზამთრის სამ თვეს მოვათავებდით, ჩვენმა მზემ სამი თანავარსკვლავედი გაიარა: «თხის რქისა», «მერწყულისა» და «თევზისა». დედამიწაზე ზამთრის სამმა თვემ ჩაიარა: დეკემბერმა — ძველი რომაული კალენდრის მეათე თვემ, რაკი «დეცემ» ლათინურად ათს ნიშნავს; იანვარმა, რომაული ორსახოვანი ღმერთის «იანუსის» სახელს რომ ატარებს და თებერვალმა, რომელიც აგრეთვე რომაული ღმერთის, ქვესკნელის მბრძანებლის «ფებრუსის» სახელს უკავშირდება. ძველქართულად ამ თვეებს ჰქვია: ტირისდენი, ანუ ხალხური ქრისტიშობისთვე, აპანი, ანუ თებერვალი, სარწყუნისი, ანუ განცხადებისთვე…

მიჰქრიან ვარსკვლავები.

მიჰქრიან პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები.

ყველაფერი მოძრაობს. ყველანი სამყაროს უსაზღვროებაში მიისწრაფიან.

მიჰქრის დედამიწა თავის მშობლიურ მზესთან ერთად.

ჰყავს თანამგზავრი, ანუ შვილობილი, რომელსაც მთვარეს ვეძახით.

ჰყავს უახლოესი დედმამიშვილები — მარსი და ვენერა.

ჰყავს უფრო შორეულნიც — იუპიტერი, სატურნი, პლუტონი და სხვანი, — ისინიც მზის შვილები.

მზესაც ჰყავს თავისი უახლოესი მეზობელი, სხვა «მზე».

ჰყავს უშორესი «მეზობლებიც»…

სამყარო, სადაც ჩვენი პატარა პლანეტა — დედამიწა მიჰქრის, უსაზღვროა და მაინც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ზოგჯერ თვით უშორესი ვარსკვლავი ან მთელი გალაქტიკა ჯერაც უცნობი ძალებით მოქმედებს მიწიერთა ყოფა-ზე. ჩვენ ამას ზეციურ ძალებს ვეძახით, რადგან სამყარო ჩვენი თვალისთვის ზეცაში მოჩანს, ვარსკვლავები და გალაქტიკები «ზეცის თაღზე» არიან «განლაგებულნი».

სოფელში, ჩვენი მზის ერთ უახლოეს ვარსკვლავზე — «სირიუსზე» ამბობდნენ, როცა ეს ვარსკვლავი გამოჩნდება, მამლები იწყებენ ყივილსო.

მართალია თუ ტყუილი?

იქნებ, ამგვარ გულუბრყვილობაზე მეცნიერებს გაეცინოთ კიდეც?

ან იქნებ გვითხრან: შეიძლება, ყველაფერი შეიძლება… სამყაროში რაღა არ ხდება, ჩვენ კი სამყაროს შვილები ვართ.

***
ამგვარი იყო ერთი წელიწადი,

მას შემდეგ, როგორც ხალხში იტყვიან ხოლმე, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა სხვა დროა და ბევრი რამ, რაც ჩვენ ძვირფასად მიგვაჩნდა, რაც გვახარებდა წელიწადის ოთხი დროის მანძილზე, შეიძლება მოძველდა, შეიძლება თქვენთვის არაფრისმთქმელი აღმოჩნდეს. ვამბობ ამას და გულში მაინც რჩება მბჟუტავი იმედი: იქნებ რაც ლამაზი იყო იმ დროს, ამ დროშიც ლამაზი და გაუხუნარი გამოჩნდეს? სამყარო ხომ იგივეა, იგივეა დედამიწა, იგივე მზე ამოდის დილით და იგივე მთვარე დაგვნათის ღამღამობით. იქნებ მთავარი სწორედ ისაა, რაც წარუდინებელია და რაც მნიშვნელობას არასოდეს კარგავს?

დრო არც დღეს ჩერდება.

გაივლის წლები და თქვენც გახდებით მამები, დედები, პაპები და დიდედები.

მერე მოვლენ სხვები.

გარდაიცვალა პაპა, მაგრამ დაიბადა ბიჭი და მეზობლებს უხაროდათ, ჩურჩულებდნენ, ნეტავი რას დაარქმევენო. ეს ბედნიერებაა, უბრალო, მაგრამ დიდი ადამიანური ბედნიერება……

სახლი. ეზო. კარ-მიდამო. სოფელი. ძველისძველი კაკალი და ძველისძველი ხეჭეჭური, რომელსაც ბოლოს ქარიშხალი გადააქცევს. წვიმა ჩვენი სახლის კრამიტზე. თოვლი ჩვენს ბაღჩაში. შორს აზიდული მთები. ჩვენი ვენახი და ბოსტანი, ჩვენი ტოლ-მეგობრები. ნათესავები. ახლობლები. მეგობრები… ეს არის სამშობლო. აქედან იწყება დიდი სიყვარული სიცოცხლისა და სწორედ აქედან უნდა გვიყვარდნენ სხვებიც, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, დედამიწის რომელ კუთხეში. მთიდან მოდიან ნაკადულები და მდინარეები. ქვემოთ ეშვებიან, ერთმანეთს უერთდებიან, დიდ მდინარეებად იქცევიან და ზღვას ერთვიან… ასე ერთვის დიდი ცხოვრების გზას ჩვენი პატარა ცხოვრება, რომელსაც თავისი სათავე აქვს. ეს სათავე ჩვენი სოფელია და ჩვენი კარმიდამო. ყველაფერი ამ სათავიდან იწყება და უპირველესად ის უნდა იყოს წმინდა. სადაც უნდა ვიყოთ, რაც უნდა ვაკეთოთ, ბოლოს მაინც ფიქრით იმ სათავისკენ წავალთ. მისი უნახაობა არ მოგვასვენებს და ერთ დღეს, როცა ვიგრძნობთ, რომ ყველაფერი მთავრდება, მისკენ გავსწევთ, რათა უკანასკნელად შევავლოთ თვალი და ჩვენს გულში, ისე, რომ არავის გავაგებინოთ, საბოლოოდ დავემშვიდობოთ.

როგორც პაპა წავიდა… როგორც პაპა დაემშვიდობა დათოვლილ ვენახს.

წელიწადი.

ოთხი დრო.

ეს სიტყვები ღრმა შინაარსის დამტევია.

ეს ადამიანთა ცხოვრების ერთი ფურცელია და არცთუ ისე ხანგრძლივი ცხოვრებისა. წლის ოთხი დროს ყველასათვის ერთნაირად ვერ ჩაივლის. ცხოვრებაში მუდამ არიან ბედნიერნი და უბედურნი, გალაღებულნი და განაპირებულნი. ადამიანთა ბედს ზოგჯერ «ზეგარდმო ძალები» განაგებენ. ჩაივლის წელი და ერთი იტყვის: ბედნიერი იყო ეს წელი ჩემთვის, ნეტავ სხვა წელიც ასე ჩაივლიდესო. მეორე თავს დაიიმედებს: რაც იყო, იყო, ყველა ჭირი ამ წელს წაჰყვესო. ახალი მაინც სასიკეთოდ მოვიდესო.
გალაკტიონ ტაბიძე ერთი განვლილი წლის წინაშე თავის ძრწოლას ამგვარ, უბრალოებით საოცარ ლექსში გამოხატავდა:

«შარშან ჩვენი სახლის წინ

იდგა ოთხი აფთარი —
გაზაფხული. ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი.
საშინელი რამ იყო
კარზე მათი მოდგომა, —
გაზაფხული, ზაფხული,
ზამთარი, შემოდგომა,
ო, ის წელი გულს გლეჯდა,
როგორც მიწას აფთარი, —
გაზაფხული ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი,
მათ გზა ჰქოდათ ლხენისა
და მე კი დაზაფრული, —
ზამთარი, შემოდგომა,
ზაფხული გაზაფხული.

განვლილი დრო მუდამ სევდას სტოვებს. სევდიანია განშორება. სევდიანია დამშვიდობება, ჩვენც დავემშვიდობოთ ერთ წელიწადს, წელიწადის ოთხ დროს და დაველოდოთ მერმისს.…

ჩვენი მამა-პაპაპისათვის ეს ერთი წელიწადი გარჯის, ჭირნახულის მოყვანის წელიწადი იყო.

ჩვენ? მჭვრეტელნი ამ გარჯისა თუ მონაწილენი?

ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სოფლელი ბავშვი ყველაფრის მონაწი-ლეა, რაც კი გარშემო ხდება. ასე იყო მაშინ და, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს დღესაც.
ჩვენ მწყემსებიც ვიყავით, მეხბორეებიც, მენახირენიც და მეველეებიც. ჩვენც ვკრეფდით ყურძენს, ვაგროვებდით ფიჩხს, დავეძებდით ტყეში პანტას და მაჟალოს _ რა თქმა უნდა, ჩვენი ასაკის შესაფერისად და ვისაც როგორ შეგვეძლო.

უჩვენოდ არც თავთავი აიკრიფებოდა, არც ნამჯა ჩაიშლებოდა კალოზე; არც ნერგი ჩაირგვებოდა და არც ვაზი შეიყელებოდა და ეს ყოველივე ისე უბრალოდ და ბუნებრივად ხდებოდა, რომ ასე გვეგონა, საგანგებოდ არავის არაფერი უსწავლებია.

გახსოვთ, რას ამბობს აკაკი წერეთელი «ჩემი თავგადასავალის» დასაწყისში? სოფელ სავანეში ყოფნისას, ჯერ ისევ ბავშვმა, ყველაფერი ვიცოდი, რასაც კი უფროსები საოჯახო საქმეს ეძახიანო.

ასე იყო მთელ საქართველოში,

გაიარა შრომის ერთმა წელიწადმა, რაც ხსოვნაში ჩაგვრჩა, ისევ ეს არის — ისევ ყანები, ვენახები პაპები და დიდედები, მამები და დედები ახლობლები და მეზობლები.
ისინი თანდათან მიდიან ამქვეყნიდან. მიდიან სწორედ შრომით დაღლილნი და ვალმოხდილნი, საუკუნეობრივი გამოცდილება, რომელიც მათ დაგვიტოვეს, ჩაგვაგონებს, რომ შრომა მხოლოდ აწრთობს ადამიანს, წვრთნის მის გონებას, უნერგავს ვაჟკაცობას, მოთმინებას და ამტანობას.

მალე გაზაფხული მოვა, ახალი გაზაფხული. მით უფრო, რომ ცხრათვალა მზე ანათებს, სახლებიდან ღაპაღუპით ჩამოდის «თოვლის ცრემლები».

კვლავ გავყვეთ თოვლით დაფარულ ტყის გზას… აგერ, კვირტებიც გამობერი-ლან ხის ტოტებზე. იმათაც უგრძვნიათ, რომ სადღაც ახლომახლო გაზაფხული ტრიალებს და საცაა აქ მოვა. და უცებ, ხის გაშიშვლებულ ტოტზე შემოსკუპდება ჩვენი ნაც-ნობი პატარა ტყის ჩიტი, რომელმაც შარშან «გაზაფხული მოიყვანა». ჩვენ არ ვიცით, რა ჰქვია ამ ჩიტს, ტყეში მრავლად არიან ამგვარი ერთი ბეწო ჩიტები, აი, შემოსკუპდა ტოტზე, რაღაც დასტვინა და ბოლოც ხალისით შეათამაშა, განა რა მოხდა ისეთი, ჩიტი ტოტზე ზის და ზემოთ, მზისკენ იყურება, ისევ დასტვინა და მაინც არ ვიცით რა-ტომ, ერთბაშად ვიგრძენით:

ჩიტი გაზაფხულს ელოდება!

ეს პატარა ჩიტი გაზაფხულის მოსვლას გრძნობს, მსუბუქ რტოზე ნაზად ირწევა, დროდადრო კვლავ დასტვენს და ზემოთ, ცისკენ იყურება.

ალბათ ციდან უნდა ჩამოვიდეს გაზაფხული.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: