Posted by: burusi | 10/04/2009

ნიკო ფიროსმანი – “რთველი”

ნიკო ფიროსმანი, რთველი

ნიკოს გონებაში ჩარჩა თავისი გამრჯე მშობლები, რომლებიც ვაზს ელოლიავებოდნენ. კახელ კაცს თუ ვენახი არ ჰქონდა, მისი ცხოვრება სრულფასოვანი არ იყო. ღვინის გარეშე სტუმართან დახვედრას, ჭირსა და ლხინს ლაზათი აკლდა. ამიტომ ყოველთვის ცდილობდა უვენახოდ არ ყოფილიყო.
ტილოზე “რთველი” ასახულია ქალი და კაცი. ქალი 30-35 წლის იქნება, კაცი – 40-45-ის, წვერმოშვებული, თუშური ქუდით ყურძნით სავსე გოდრის წინ დგას და თავის შრომის ნაყოფს ოცნებაში ჩაძირული დაჰყურებს. ქალს კი ყურძნით სავსე გოგროხა მიაქვს და მეუღლისაკენ მიდის. მათ უკან მოჩანს ქარვისფერი მტევნებით დახუნძლული ვენახი.

ნიკო ფიროსმანი, ყურძნის კრეფანიკო ფიროსმანი, ყურძნის კრეფა

დოვლათიანი შემოდგომა წარმოგვიდგება თვალწინ. ურემში შებმული კამეჩები დატვირთულია ვაშლით სავსე გოდრებით. უკანასკნელ გოდორს ავსებს ვაშლის ხეზე აბობღებული ქალი. მალე მეურმე შოლტს მოიქნევს და ბეღლისაკენ დაიძვრება. საწნახელში ჩაყრილ ყურძენს ფეხით სრესს ორი კაცი, თან მხიარული გამომეტყველება აღბეჭვდიათ სახეზე. მათთან ახლოს სუფრა გაუშლია და ბიჭი დამდგარა თასით და ღვინით სავსე დოქით ხელში.
ვენახს შუაზე ყოფს პატარა მდინარე, რომლის ვერცხლის ზოლს ქამრად შემორტყმია ორი ხიდი. ერთზე ცხენზე ამხედრებული კაცი გადმოდის, სწორედ მას ეგებება დოქიანი ბიჭი და სტუმარს რთველში იწვევს. ქვევრის გასარეცხად ჩამჯდარა ვიღაც. იქვე ახლოს ტიკჭორა აგდია, შეყვითლებული გოგრის ძირზე დამწიფებულა ნაყოფი და დასაკრეფად გეპატიჟებიან.
ბალღებით ჩამდგარა ქალი ვენახში და ყურძენს კრეფს, კაცები კი საწნახელისკენ ეზიდებიან. იქვე ახლოს მოჩანს თივისაგან ახორხილი კარავი. მის წინ კი სუფრა გაუშლიათ და მაჭარს ჭაშნიკს უსინჯავენ მოქეიფე თავადები. შამფურზე წამოცმული მწვადი სადაცაა მზად იქნება, მთელი ხბო იწვის ცეცხლის ალზე, ჯაჭვზე ჩამოკიდებული ქვაბი თუხთუხებს და მოქეიფეებს გემრიელი ვახშამი უმზადდებათ. სადღაც, შორს მოჩანს ეკლესია და გადამფრენი ჩიტების გუნდი.

ამბობენ, თითქოს და ნიკალა არასოდეს ყოფილა რთველში, რაც შეეხება ამ საოცარ სურათს, ის მთელი დეტალებით მას დაუხატავს. მიკიტან ნიკო სოზიაშვილის ნაამბობისა და ახსნის მიხედვით, იგი ყვებოდა რთველის სურათებს და ნიკო კი ხატავდა მათ საოცარი სისწრაფით, შემდეგ კი მიკიტანი იგონებდა: ”ყველაფრის დახატვა მინდოდა ტილოზე, რაც კი რთველის სურათიანობას შეეხებოდა, ამიტომ ყველა წვრილმანში ვერეოდი, ვუხსნიდი, გულუბყვილოდ ვუწუნებდი ზოგიერთ ნაწილებს და ჩემებურად დამყავდა მისი ფუნჯი. დიდხანს მითმინა, ბოლოს როცა ურემში შებმული ხარების ტანადობაც დავუწუნე, აიმღვრა, მრისხანედ მომაძახა: ”შენ რა გემოვნება გაქვს, ვაჭარი ხარ, დახლში დაჯექიო” და გაქანდა კარში, ორ კვირას აღარ შემოუხედია. ტილო ,,ყურძნის კრეფა” საწნახელის სურნელითაა გაჟღენთილი. აქ ყველაფერია: კრეფა, წურვა, ლხინი. სურათს ამთავრებს ბავშვი დათვის ბელით.

დიდი მარანი ტყეშიდიდი მარანი ტყეში

************************************************************************

ივანე ჯავახიშვილი – “რთველი”

რთველს ძველად სთველი ერქვა. ხილეული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ – მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა. დღესაც რომ ჭურის თავზე შემოუსხდებიან და დედას პურს გასტეხენ, ალბათ შარშანდენ სთვლობას გაიხსენებენ და წლევანდელი მოსავლის დაკრეფა-დაწურვაზე ჩამოაგდებენ სიტყვას. ჯერ კიდევ მოსაკრეფ ვენახს ძველად სასთულებელს ეძახდნენ. ამ სიტყვის არქაული კეთილხმოვანება, ჩემი აზრით, ღვინისადმი, როგორც რეალური სითხისადმი მოწიწებას ამჟღავნებს. ყურძნის კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. ისე კი, ჩვეულებრივ, ადრინდელ საქართველოში, ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. ამაზევე მეტყველებს ამ თვის ორი სახელწოდება – სთუელის თვე და ღვინობისთვე. ვენახის და ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც “მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს”, ის უნდა დაწურონ კიდეცო. ყურძნის კრეფას თავის დათქმული დრო ჰქონდა და დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ერთი და ორი კაცი ამ შრომატევად საქმეს ვერ აუვიდოდა. მეზვრესა და მესთველეს გარდა ამ საქმეში საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო ჩაბმული. მტევანს ან ხელით წყვეტდნენ ან დანით ჭრიდნენ და ფაქიზად აწყობდნენ მოცულობით დიდსა თუ მცირე ჩასაწყობში. ყურძენს ჯერ კალათაში აწყობდნენ, კალათა რომ გაივსებოდა, გოდორს მოიკითხავდნენ. სულხან-საბა განგვიმარტავს, კალათა მცირე გოდორიაო. იმერეთში გოდრის მაგივრობას გიდელი სწევდა. გიდელს გურიაში და სამეგრელოშიც იყენებდნენ. ხეზე ასული კაცი გიდელს რომ გაავსებდა, ნახვრეტებში თოკს გაუყრიდა, ქვემოთ ჩამოუშვებდა და ჩასძახებდა: “ა გიდელიო”. ვის არ მოუსმენია გურული ფოლკლორის მშვენება, შესანიშნავი სიმღერა “ა გიდელი”. ამ სიმღერაში რიტუალურ მოთმინებასთან ერთად გლეხკაცის უტეხობა და სიჯიუტეც გამოსჭვივის. ეს თავისებური შრომის ჰიმნია, რომელსაც სიხარული და ახლისქმნის ენთუზიაზმი ახლავს. და აი დადგა ჟამი წნეხვისა! სიტყვა “წნეხვა” მაშინ გაჩნდა, როცა ერთად დაგროვილი ყურძნის ჭყლეტას და დაწურვას მიჰყვეს ხელი. საწნეხელი ანუ საწნახელი, ქართლ-კახეთში მოგრძო ოთხკუთხა ქვიტკირისგან გაკეთებული აუზია. მისი ფსკერი ერთ მხარესაა დაქანებული და ბოლოში დაწურული ყურძნის წვენის გამოსასვლელად ღარი აქვს გაკეთებული. საწნეხელში ჩამდგარი მამკაცები ხელიხელგადახვეული ერთად წურავენ ღვინოს. ეს მწიფე ნაყოფთა მოსთვლის თავისებური აპოთეოზია. მშვენიერი ფერხულია, თანახმიერებით და თანადგომით გამორჩეული. საწნახელს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ქართლ-კახეთში მას ნავსაც უწოდებდნენ, იმერეთში, საწნახელი და ონჯარო, რაჭაში – ხორგო და ჩაჭრილა, გურია-სამეგრელოში – ოჭინახი, ჯირაქვა და ჯერუკი. ყურძნის დაწურვას თავისებური წესები და ტექნოლოგია აქვს. მწურავი ცდილობს ჭაჭა და კლერტი საწნახელში დარჩეს, წვენი კი ღარში ჩაედინოს. XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კახეთში ამ მიზნით “საწნეხლის ლატანს” (საბა) იყენებდნენ. ამ ლატანს თუ ლასტს ერქვა ტოპკირი. ტოპკირი საცერის მსგავსი მოწყობილობა იყო. რაღა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხეში ყურძნის წურვის თავისებური გამოცდილება არსებობდა. ვთქვათ რაჭაში იყენებდნენ საწნეხს, რომელსაც ჭახრაკი ერქვა. ჭახრაკი საკმაოდ რთული მოწყობილობა გახლდათ. სირთულის თვალსაზრისით მას არც სხვა რაჭული საწნეხი – წბერი ჩამოუვარდებოდა. საერთოდ, საწნეხ მოწყობილობებს საქართველოში თავისი ისტორია აქვს. ყოველ კუთხეში განსხვავებული სტრუქტურის მქონე მოწყობილობები არსებობდა. შესაბამისად მათ თავიანთი სახელწოდება ჰქონდათ. უძველესი საწნეხი იყო საქაჩავი, იგივე საქაჯავი, ან საქაჯველი, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთში ხმარობდნენ. ჭახრაკს (უკვე ვახსენეთ) რაჭის გარდა გურიაშიც იყენებდნენ; წბერის შესახებ უკვე ვისაუბრეთ; არსებობდა კიდევ ხარხინი, იგივე ხარხიმი. ესენი იმერეთსა და რაჭაში გამოიყენებოდა. ბუნებრივია, ყურძნის წვენს აწყვაც სჭირდებოდა, ე.ი. გარკვეული ტევადობის საწყაო. ამიტომ ძველად საქართველოში საწნახელი არა მხოლოდ დასაწნეხ მოწყობილობად მოიაზრებოდა, არამედ საზომის ერთეულადაც იყო ნავარაუდევი. ყურძნის წვენის ოდენობა ყოველთვის მკაცრად იყო განსაზღვრული. გარკვეული დროის განმავლობაში ღვინის ესა თუ ის მარაგი უნდა ჰყოფნოდა ოჯახს. სხვა საწყაოთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კოკა და ჩაფი. დასტურლამალის მიხედვით, შულავრის მოურავს ყოველწლიურად საწნახლიდან ერთი კოკა ტკბილი ერგებოდა, ნაცვალს – ორი ჩაფი უნდა ხვდომოდა წილად. ღვინის საზომი ერთეულები იყო აგრეთვე კოკა, ბათმანი, თუნგი.ქვევრის ტევადობა კოკათა რაოდენობით განისაზღვრებოდა. ვთქვათ, გურიაში ძალზე დიდ ჭურებს ამზადებდნენ, თითოეული მათგანი 200-300 კოკიანი ყოფილა. გურიაშიც და სამეგრელოშიც ჭურ-ქვევრების თავი ისეთი ვიწრო იყო, რომ მრეცხავი შიგ ვერ ჩადიოდა და სარეცხს ხმარობდა. აბა ის ქვევრი რა ქვევრი იყო, რომელსაც თავისი სახურავი არ ჰქონდა. ქვევრის სახურავს სარქველი ჰქვია. სარქველს ჩვეულებრივ ქვისას აკეთებდნენ. იმერეთში ხისგან გაკეთებული სახურავიიყო გავრცელებული, გურიაში სარქველს როგო ერქვა. ორშიმო! ვის არ სმენია ეს კეთილხმოვანი, სასიამოვნო ასოციაციების აღმძვრელი სიტყვა!ორშიმოს ქვევრში ჩაჰყოფდნენ და ფრთხილად იღებდნენ ღვთაებრივ სითხეს!ყურძნის დაკრეფა და დაწურვა არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სრულიად განსაკუთრებული რიტუალი. კრეფას განუმეორებელი სიმღერები ახლდა, წურვა კი თვითონ იყო საკვირველი “ქორეოგრაფია”. საწნახელში ჩამდგარი ხელიხელგადახვეულ ჭაბუკთა მოძრაობის რიტმი სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებდა.

********************************************************************************

ანზორ მაძღარაშვილი – “ფიროსმანის გარემო”

სექტემბრის ბოლოს რთველი გაჩაღდებოდა. წინადღით მეზობლებს, ნათესავებს მოიპატიჟებდნენ, ურემზეგოდრებს დააწყობდნენ, გასუქებულ თხას უკან გამოაბავდნენ და “ჭყიტა” რომ ამოინათებდა, გოდრებით დატვირთული ურემი ვენახისკენ გაეშურებოდა. დილის სიმყუდროვეს ურმის თვლების ჭრიალი, მეურმის შოლტის ტყლაშუნი და მისივე ტკბილი ღიღინი არღვევდა:
“აღზევანს წავალ მარილზე,
მარილს მოვიტან ბროლსაო,
ჯერ დედას გადავეხვევი,
მერე შვილსა და ცოლსაო.
ყუდროებაა შორი შორს,
ისმის ხმაური ჭოტისა,
ხარებს აფხიზლებს ურმული
და ტლაშა ტლუში შოლტისა.
ჰამო გამიწით ხარებო,
არ გადამჩეხოთ კლდეზედა,
არ ამიცრემლოთ ცოლშვილი,
გლოვად არ დასვათ ჩემზედა.”
ვენახის თავში ცეცხლს გააჩაღებდნენ, თხას ან გასუქებულ ჭედილას დაკლავდნენ, კიბალზე ხორცით სავსე ქვაბს ჩამოკიდებდნენ, ნაკვერჩხლებზე, სახელდახელოდ გათლილ ხის შამფურებზე წამოგებულ მწვადს ააშიშხინებდნენ, ქარვისფერ ყურძენს მოკრეფდნენ და ვენახის თავში ნამიან მწვანეზე სუფრას გაშლიდნენ. მეზვრე არყით დაილოცებოდა, შენაყრდებოდნენ შემდეგ კი შეუდგებოდნენ ჩაშაქრული ყურძნის კრეფას. დაკრეფილი ყურძნით გოდრებს გაავსებდნენ და წინასწარ გამზადებულ, გაკრიალებულ, ყურძნის დასაწურ ნავში ყრიდნენ, სადაც ლამაზად მოჩადული ტოპკირი იყო ჩდებული.
მუხლმაგარი ჯეელი ბიჭები შარვლის ტოტებს აიკეპწავდნენ, ფეხს სუფთად დაიბანდნენ ყურძნით სავსე ნავში ჩადგებოდნენ, ფეხის ტერფებს შეათამაშებდნენ და ღარში რაკრაკით წამოვიდოდა ყურძნის მადლიანი წვენი, რომელსაც მწურავების ლამაზი სიმღერა უერთდებოდა:
“მასპინძელო, შემკობილო,
მარნის კარი გიჭრიალებს,
გამოგვიტა ვაზის წვენი,
პირსაც ჩაგვიმაჭრიანებს”.
ოჯახის დიასახლისი დოქს გარეცხავდა, რომ ბოლო ნაწურისათვის შეედგა და სათათარე აეღო. ოჯახის უფროსი კი ნავში ჩარჩენილ ჭაჭას ამოიღებდა და ქვევრებში გაანაწილებდა.
ორი-სამი დღის შემდეგ ჩუმი და ტკბილი სითხე ქვევრებში აბობოქრდებოდა და ზევით ამოვარდნას ლამობდა; მეზვრე სპეციალური ხის სარევით ზევით ამოსულ ჭაჭას ქვევრის ძირისკენ აბრუნებდა, ორიოდე კვირის შემდეგ თანდათანობით მაჭარი დუღილს წყვეტდა და დაღვინებას იწყებდა. ჭაჭა რომ ქვევით ჩაიძირებოდა და კრიალა ღვინო ზევით მოექცეოდა, უკვე გადასაღებად მზად იყო და მეზვრეც დიდი მონდომებით სითხეს ცალკე ქვევრში გადაიღებდა. ჭაჭას სათანადო ჭურჭელში ჩაყრიდა და არყის გამოსახდელ “ზაოდზე” წაიღებდა.

******************************************************************************

სამეგრელო და ვაზი

სამეგრელოში ყურძნის საკრეფად ხეზე ადიან – იქ მიწა ნოტიოა, ვაზს კი მცხუნვარე მზე სჭირდება დასამწიფებლად. ამიტომაც ოდიშში ყურძენს ძველებიც ხეებზე უშვებდნენ ან ტალავერზე ზრდიდნენ. ტრადიცია დღესაც გრძელდება.

ჩვენამდე მეგრული ყურძნის ჯიშის აუარება სახელმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშებიდან ნაწილი აღარც არსებობს – ოჯალეში კი სამეგრელოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია. თუმცა, ძველქართულ დოკუმენტებსა და გეოგრაფიულ ნაწარმოებებში სხვა ჯიშებზეც ბევრს წერენ, როგორც განსაკუთრებულ, მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელ და ამ მხრივ ორიგინალურ ჯიშებზე.

ხარდანის ვაზი ღონიერი და მოსავლიანი ყოფილა. დიდი და მომრგვალო, მუქი მწვანე და გლუვი, ოდნავ დაკბილული ფოთლებით. ბუსუსიანი. მტევანი “დიდი, წოწოლა და მეჩხერი” სცოდნია.

მარცვალი მრგვალკვერცხისებრი და თხელკანიანი. ხორცი მაგარი და ტკბილი. ძველების აღწერით, ეს ჯიში მაგარი “სატკვერი”, “საკვნეტი” იყო. მალე მწიფდებოდა. “მაჭრად აყენებენ. ღვინო კო შედარებით მდარე დგებაო”, ვკითხულობთ ივანე ჯავახიშვილთან. ორგვარი ყოფილა ხარდანის ჯიშის ყურძენი – შავი და თეთრი. ამიტომაც, პირველს მეგრულად ხარდანი უჩა, თეთრს კი ხარდანი ჩე ეწოდებოდა.

შონური ანუ სვანური, რომელიც მთელ სამეგრელოში ოჯალეშის სახელითაა ცნობილი, ღონიერ ვაზად ითვლება, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, შედარებით ნაკლებმოსავლიან ჯიშია. მისი ნორჩი რქის სიგრძე 2 მეტრს აღწევს ხოლმე. ფოთოლი დიდი და მრგვალი და მასაც ოდნავ დაკბილული აქვს. ორივე მხარეს გლუვია. მტევანი კი “პატარა და კუმსი” იცის. მარცვალი შავი. მრგვალი და საშუალო სიდიდისა. საკმაოდ სქელკანიანი და ხორციანია, რაც მთავარია, ტკბილი და გემრიელი. ოჯალეშის დამწიფებას მეგრელები ნოემბრის მეორე ნახევრამდე ელიან და შემდეგ მისგან მუქ წითელ, სურნელოვან ღვინოს აყენებენ.

აკიდოს თვისებებზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ის კინჩხაში, მარტვილში, თამაკონსა და სხვა სოფლებში ყოფილა გავრცელებული.

წყაროებში ნაკლებია ცნობები ტოროკუჩხის ჯიშზეც. ნათქვამია მხოლოდ, რომ მისი ყურძნისაგან კარგი ღვინო დგებოდა და ჯვარში, ჭკადუაში, ხიბულაში იზრდებოდა. ტოროკუჩხი მაღლარი ვაზი ყოფილა. კუჩხი მეგრულად ფეხსა ნიშნავს, ტორონჯი მტრედს ეწოდება. და ყურძენსაც ასე ერქვა – მტრედის ფეხა.

არანაკლებ უცნაური სახელები ერქვა ყურძნის სხვა ჯიშებსაც. არავინ იცის რატომ დაარქვეს ერთ-ერთ ჯიშს კერთოლი – ეს ყურძენი სენაკში, ნოქალაქევსა და მის ახლოს მდებარე სოფლებში ყოფილა გავრცელებული. კერი მეგრულად ტახს ნიშნავს, თოლი – თვალს. კერთოლი კი ტახის თვალს. მეცნიერები იმასაც ფიქრობდნენ, რომ ეს იგივე გურიაში შემორჩენილი ყურძნის ძველი ჯიში – “ღორისთვალაა”.

უფრო მეტიც, მეგრელებმა ერთ ჯიშს დედოფლის კითი (იგივე დედოფლის თითი), დაარქვეს. უფრო უცნაური – დღუდღუში, პუმპულაში, კოლოში (რომლისგანაც მოვარდისფრო მშვენიერი ღვინო დგებოდა), მდინარე ენგურს გაღმა ყოფილა გავრცელებული. შავი ყურძნებიდან გამოირჩეოდა პანეში, გოდავათური, მაჭკვატური, მახვატელი, კეთილური….

ზერდაგის ჯიშს მდ. ხოფას და ტეხურს შუა შეხვდებოდით. ვახუშტის დახასიათებიდან ჩანს, რომ მე-18-ე საუკუნის დამდეგს ის სამეგრელოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშთაგანი ყოფილა.

“კარგ ღვინოს იძლეოდა” თურმე ჩეში. თეთრი ჯიშებიდან ასევე გავრცელებული ყოფილა ჩერგვალი, ცხინკილოური, ჭვიტილოური და სხვა.

დიდი რთველი სამეგრელოში არასოდეს სცოდნიათ. ყურძნის დაკრეფის წესი ხომ ოდიშელებს დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებული ჰქონდათ. ყურძნის კრეფა აგვისტოს დამლევს იწყებოდა და ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდებოდა. მაღლარი ვაზის საკრეფად გიდელს ხმარობდნენ. ამ გიდელს სახელურების მაგივრად ნახვრეტები ჰქონდა, რომელშიც ბოლოკავიან-კვანძიან თოკს უყრიდნენ ხოლმე ასაწევ-დასაწევად. სამეგრელოში ამ თოკს ოწილარი თოკი ერქვა. ხეზე ასული ყურძნის მკრეფელი, რომელსაც სამეგრელოში “ყურძენიში მაწილარი” ეწოდებოდა, გიდელს რომ ყურძნით აავსებდა, კავსა და თოკს გიდელის ნახვრეტებს გაუყრიდა, ყურძნით დატვირთულ ამ კალათს ჩაუშვებდა დაბლა და თანაც ჩასძახებდა: “ა გიდელი” -ო.

იქ მდგომი გიდელის მცველი ანუ მეგიდლე, როგორც ოდიშში უწოდებდნენ, ყურძენს გიდელიდან გოდორში, ანუ კალათაში აწყობდა. გიდელს რომ დაცლიდა, ყურძნის მკრეფელს შესძახებდა, “მშვიდობით გიმართიო”. ამ შეძახილით მკრეფელი ხვდებოდა, რომ გიდელი ცარიელი იყო და მისი აწევა შეიძლებოდა. ერთი გიდლის მცველი 3-4 ყურძნის მკრეფავს ემსახურებოდა. მოკრეფილ ყურძენს ფერის მიხედვით გადაარჩევდნენ ხოლმე, რადგან თეთრი ან მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი ჰქონოდა. დასაწურად იყოფოდა მაღლარი და დაბლარი ჯიშის ყურძენიც.

თუ დანარჩენ საქართველოში საღვინე წვენის მიღებას ყურძნის დაწურვას უწოდებენ, მეგრელებისთვის ამ საქმეს წილახუა ჰქვია. ამ პროცედურის ჩასატარებლად კი მათ ნავის მსგავსი ხის საჭყლეტი ჰქონდათ, იგივე ოჭინახი ანუ საწნახელი. უფრო მომცრო საწნეხს კი ჯერუკს უწოდებდნენ. ამ უკანასკნელს ღარი არ ჰქონდა. ოჭინახი, როგორც წესი, ცაცხვის ან წაბლის ხისგან მზადდებოდა.

საწნეხი ხის მანქანა სამეგრელოშიც ყოფილა და მას ხარხენი ერქვა. რაც ხრახნილისგან უნდა იყოს წარმომდგარი.

სენაკელი მზია მამფორიას ეზო სამეგრელოში დღესაც მაღალი ტალავერითაა დაჩრდილული. როცა იქ ადესა მწიფს, ეზოში ამ ყურძნის განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელი დგას.

“დღეს ვენახები ჩვენსკენ იშვიათია, უფრო ტალავერის ვაზი აქვთ ოჯახებში. ჩვენ, მაგალითად, ყურძნის ორ ჯიშს ვუვლით. ადესას და კაჭიჭას. ორივე შავი ყურძენია. ერთი მსხვილი და ტკბილი, მეორე შედარებით წვრილი, მაგრამ არომატული. ტალავერი საკმაოდ მაღალია, რომ მზემ კარგად დააცხუნოს. ჩვენ ის სახლის ორივე მხარეს გვაქვს და ეზოს ზაფხულში მთლიანად ჩრდილავს. ყურძენს ოჯახის წევრები ვკრეფთ. მერე მინდორზე გაშლილ ცელოფანზე ვაგროვებთ, შემდეგ კი ხის ჭურჭელში გადაგვაქვს, რომელსაც შიგნიდან გუდრონი აქვს გამოვლებული, წვენი რომ არ გაიპაროს. 10-15 დღე ვტოვებთ ასე ოჭინახში, სანამ დუღილს არ მორჩება. თავზე ცელოფანს ვაფარებთ და და დღეში 2-3-ჯერ ვურევთ. დუღილს რომ დაასრულებს, ღვინო მინის ბოცებში გადაგვაქვს. საბოლოოდ კი ქვევრებში ვინახავთ. არც ჭაჭას ვყრით. მისგან საუცხოო არაყი გამოდის”, – გვიყვება მზია მამფორია, რომლის ოჯახსაც საკუთარ ეზოში მოყვანილი ღვინო მთელი წლის მანძილზე ჰყოფნის.

ჭურ-ქვევრების დამზადების ხელობა სენაკში, მუხურაში, ჯვარში და სხვა ადგილებში იყო გავრცელებული. სამეგრელოში ჭურს სახელს მისი სიდიდის მიხედვით არქმევდნენ. საშუალო ტანის ჭურჭელს ლაგვანი ერქვა, მომცროს კი ლახუტი. ოდიშში ჭურებს ისე ვიწრო ყელს უკეთებდნენ, რომ ჭურის მრეცხავს მასში ჩასვლა არ შეეძლო და აუცილებლად სარცხით უნდა ამოერეცხათ. მისი სარქველიც სხვადასხვაგვარი იყო. სამეგრელოში ჭურს ფიცრის სახურავს ახურავდნენ, რომელსაც ორგუს ეძახდნენ, მაგრამ არსებობდა ქვის სარქველიც, რომელსაც მარტივად “ქუა” ერქვა. ჭურს ჯერ ბლის ხის ქერქს გადააფარებდნენ, რომელსაც ბულეში ე.ი. ბალისა ერქვა, ზედ კი ორგუს ან ქვას დააფარებდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ადგილობრივებმა ჭურის მიწაში ჩაფვლის რამდენიმე წესიც შემოიღეს. ზოგჯერ ღვინის ჭურჭელი მიწაში უფრო ღრმად იყო ხოლმე ჩაფლული, ხანაც უფრო მომაღლო მდგომარეობას ურჩევდნენ. ყველაფერი ადგილსა და ნაიდაგზე იყო დამოკიდებული. მშრალ ადგილას ჭურს ღრმად ჩაფლავდნენ ხოლმე, ნოტიო ნიადაგში კი პირიქით. როდესაც ის ნიადაგის პირამდე იყო ჩასული, მას თავ-დაბალი ერქვა. ხოლო ზოგჯერ ისინი მიწის ზედაპირიდან 2-3 გოჯით მაღლა იყო ამოშვერილი და ასეთს თავ-მაღალს უწოდებდნენ. ისეთ ჭურს, რომელიც 12 გოჯის სიმაღლეზე იყო მიწის ზემოთ ამოწეული, ბორკილიანი ერქვა.

მეგრელებს სარცხიც თავისებური ჰქონდათ. იქ ჭურს “ორჩხეშით” რეცხავენ. რომელიც აგრეთვე გრძელი სარია, რომელსაც ძმერხლის ფოთლების კონა აქვს ბოლოში წამოცმული. ქვევრს ცივი წყლით, რამდენჯერმე და მეტად გულმოდგინედ რეცხავდნენ. ტრადიციულად ამ საქმეს მამაკაცი ან ქვრივი ქალი აკეთებდა.

ღვინის დადუღების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ მას განსაკუთრებული ჭურჭლით, რომელსაც ჩხრიკე ეწოდებოდა, კოკაში ანუ ლაგვანში ჩაასხამდნენ ხოლმე. სამგზის დაწურული ყურძნის ჭაჭა ხის საწნახელიდან ქვის საწნახელში გადაჰქონდათ, სადაც უკვე საწნეხით წნეხდნენ, რომლის საშუალებითაც მიღებულ ყურძნის სქელ წვენს იმ ჭურებში ასხამდნენ, სადაც დაწურული ღვინო ჰქონდათ. მერე ქვევრებს სარქველით ხურავდნენ, მიწას წააყრიდნენ და გაზაფხულამდე ეს ღვინო ამ ქვევრებში ჰქონდათ, შემდეგ კი ადგილს ისევ უცვლიდნენ… ასე “უვლიდნენ” ღვინის არცთუ ისე უხვ მოსავალს მეგრელები.

ოდიშის ღვინო “მსუბუქი და კარგი” ყოფილა. ქართველი გეოგრაფის ცნობით, “ღვინო ზერდაგი”, რაც სპარსულად ოქროსფერს ნიშნავს, ყოფილა “ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა”.

დღესაც სამეგრელოში მაღლარი ჯიშის ვაზისგან გაცილებით უკეთესი ღვინო დგება, ვიდრე დაბლარისგან. ეს გარემოება მეტისმეტად ნოტიო ნიადაგის მიზეზით აიხსნება. ამიტომაა, რომ ყურძენს სამეგრელოში “მზესთან უშვებენ”.

მეგრული ჯიშები:

წითელი – გოდაათური, გრეხი, ვერნახი, კეთილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, მუხიშხა, ოჯალეში, პანეში, პუმპულა, უგვარო, უჩაჭუბური, უჩახარდანი, ჩხაბერძულა, ჩხოროკუნი, ჩხუში, ჭითაში, ჭოტიში, ხოჯისთოლი.

თეთრი – აფხაზურა, დედოფლის კითი, დუდგუში, დღვლაბე, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კაპისტონი მეგრული, კვაწახურა, ლაგილური, ოფოფი, ოქონა, საკუმა, სამაჭრო, ჩეკოლოში, ჩერგვალი, ჩეში, ჩეჩქიში, ჩეჭიფეში, ჩეხარდანი, ჩიჩკიში, ჩხუჩეში, წალენჯიხის თეთრი, ჭვიტილური, ჭუბერი.

*************************************************************************************

რაფიელ ერისთავი – “რთველი”

ყურძენი დამწიფებულა,
დახე, როგორ წითლად ღუის,
ჩქარა, თორემ რთველი, თორემ
კოღო, ბუზი თავს დაბზუის.

შეიკრიბნენ მკრეფავები,
ამოუდგნენ თითო ვაზსა,
ყურძენს სვლეპენ, იცინიან
და მოაბეს მხარი მხარსა.

მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს, გაჰკრეს ვენახს ხელი,
კალათები იზვირთება
და შეიქმნა ხშირი რთველი!..

საურმეზე გოდრები დგას,
კალათს სცლიან ზედიზედა,
აბა, ბიჭო, მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაიჭედა.

იკიდებენ მძიმე გოდრებს
სიცილით და ღიღინითა,
ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,
ნება-ნება, ჭრიჭინითა…

აბა, გიგო, კრჩხა თუ გინდა,
ან ჯაგანი, ან აკიდო,
შენი წილი ზამთრისათვის
მოდი, ზურგზე წამოგკიდო…

ჩვეულება ასეთი გვაქვს,
ხილს ვინახავთ საზამთროსა,
ყურძენი სჯობს შესანახად
ნესვებსა და საზამთროსა…

მზე ჩავიდა. საწნახლიდან
მოწანწკარებს ტკბილი წყარო,
აბა, ბიჭო, შეადექით,
ახლა წურვას მოვუჩქაროთ…

ბიჭებმა ფეხთ დაიბანეს,
შემოადგნენ საწნახელსა,
გადიან და გამოდიან,
უმადლიან ყურძნის რთველსა.

აგერ ტკბილმაც მოიმატა,
ძლივსღა იტევს მოკლე ღარი,
ჩქაფაჩქუფით მოჩქრიალებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!..

დაილოცა ღვთის ნაკურთხი,
ჩვენის ოფლით მონაგარი,
მაშ, პირველა ღვთისთვის იყოს,
ზედაშე და კელაპტარი!..

***********************************************************************************

პაოლო იაშვილი – “ზემოური რთველი”

ჯერ სოფელში კიდევ თბილა,
თუმცა მთები დაითრთვილა,
და ცაც უფრო მუქი გახდა,
გზაზე მოდის ჩემი კბილა
და ღიღინებს ისე ტკბილად
თითქოს ნატვრა გაინაღდა.

მიდის, ჩადის სავსე ზვარში,
მეზობლებთან მხარი-მხარში
მიაშურებს ფერად მტევნებს:
სამალაბა მკლავებს გაშლის,
გადააგდებს მტევანს ძარში
და სიმღერას დაადევნებს.

დიდი ძარი წარამარა
შეანათებს სოფლის მარანს;
საწნახელიც აკრიალდა;
უკვე დილის იჯრად კმარა,
რაც სიმდიდრით დაიფარა
მისი ღრმა და უხვი კალთა.

ბავშვმა წყალი მოიტანა
და გაჩაღდა ფეხის ბანა;
მხიარული ყურძნის სრესვა,
აღუღუნდა წვენი თანაც…
ყავრის ჭერში ოქროს დანა
გაურჭვია დილის მზესა.

მზეა, ქარიც… ფიცხი ჩალა
ნაფუზარში აიშალა,
მიეხვეტა ყანის ღობეს;
ავსებულა ჯოგით ჭალა
და მწყემსები ხმა წკრიალა
გვრიტს ესვრიან ფილთა თოფებს.

განგაშშია რთველის ალო,
ტაროებით ბრწყინავს კალო
და ქალები სხედან განად…
“აბა ერთი, ჩორთა ქალო,
შენი სულის სამოწყალოდ
წამოიწყე იავნანა…”

და გაისმა სოფლის ველად
ნანინა და ოროველა
ჩანგურული კილოს ხმაზე…
უკვე რაჭის მთებში ბნელა,
მთვარე – ძროხის ერთი წველა
დევს პერანგას ქიმის ჯამზე.

***********************************************************************************

ტიციან ტაბიძე – “ალავერდობა”

ნატა ვაჩნაძეს

ჩარდახიანი დგანან ურმები,
კამეჩი კამეჩს ლანდით აშინებს.
გამოუცლიათ ღვინის რუმბები
ხატობას მოსულ ვაჟას აფშინებს.

კავკასიონსაც შეცვლია გვერდი
და სიყვარულის დასხმია რეტი.
სურს მოიტაცოს ეს ალავერდი –
ბარში დაბმული ტაძარი მტრედი.

დღემ მოატანა ალაზანამდე,
ნისლის შავი ზღვა რომ გადათელა;
დღეო, ნეტავი აღარ დაღამდე,
თუ დაღამდები, არ გაგათენა.

მეორე მხრიდან ალაზანს უწევს
მთვრალი ფარეხი ღამენათევი,
თითქო მინდიას სუფრა გაუწყვეს,
გველის მჭამელი დევს აწევს დევი.

მავთულზე ცეკვით ქანცმილეული
ცეცხლს მიჯდომია ქისტი ჯამბაზი,
ხალხიც ისეა აქ არეული,
როგორც არღანი და მუხამბაზი.

მაგრამ ამ კახეთს სხვა ხმაც ევალა
თეთრი ტახისა და თეთრი ბატის;
მღერის ახალი დედას ლევანა,
ხმა ალავერდის საძირკველს ჩადის.

ზედ რომ მიუშვა, ამოთხრის ძელქვას,
ეხლა კი სეირს უნდა უყურო;
დაუთოკია სიკვდილის წელკავს
სვეტზე მიბმული კურატი კურო.

ნეტავ რამ წვიმა, ანდა რამ თოვა
ამდენი ხალხი და ჯამაათი.
შესმენ ალაზანს, ღვინოთ თუ მოვა,
და ახლა კიდევ, ჭამა თქვი მათი.

ტკბილო კახეთო, მადლი შენ გამჩენს,
შენ ბარაქიან და რძიან ცურებს,
ღრუბელი ცაზე მიაგავს კამეჩს
და კამეჩივით ღამე მისცურავს.

დგას ოხშივარი და ორთქლი მწვადის,
კაცი ამ ბოლში თვალს ვერ გაახელს.
ირემი ირემს ბალახს მიაწვდის,
სავსე ღვინის ჯამს – კახელი კახელს.

დგას ფიროსმანი, ხატავს დღეობას
და ჩარდახიან ურმების მორევს.
ვაჟა-ფშაველა უქებს ხელობას
ჯიხვის შაირით შესცვლის მეორეს.

შეიბნენ ერთად შაშვი, კაკაბი,
ბესიკის გაფი და საათნოვა,
კიდევ ბევრია ლხინის საბაბი,
ახლა კახეთში რთველი შემოვა.

ტკბილო კახეთო, მადლი შენს გამჩენს,
ქვეყნად რომ არვის დავეჯაბნებით,
ალავერდიდან მოვალთ ალავერდს
სავსე ცხოვრების დიდი ჯამებით.

სექტემბერი, 1936 წ. თბილისი

******************************************************************

ი.ნონეშვილი – “რთველი არის თუ შენი ქორწილი?!”

ვაზო,
ლამაზო,
ფესვო ნაკურთხო,
ვაზო,
ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო,
ბარაქით უხვო,
შენით სანშობლო ხარობს,ირთვება.

ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო,
შენს გამო არ ვართ მოცლილი…
შემოდგომაზე,
გვითხარ,ასულო,
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!

ოჯახს დოვლათად დაებედები,
ყველა დაგხარის,
თავზე გევლება,
ნერგო კეთილო,
ქართულ ედემის,
გუნდი ვარსკვლავთა
გშვენის მტევნებად.

ვაზო,
მცხეთაში ჯვარად შეკრულო,
ლერწო,
ქალწულის თმებით გამთბარო,
შენით ჩუქურთმა არაის შეკრული,
წრომს თუ გუდარეხს,
გარეჯს,სამთავროს…

ვაზო,
ვართ შენით წელგამართული,
ხელში ამაყად თასი გვიპყრია.
ვით არ დალოცონ
ვაზი ქართული
იქ,სადაც ღვინის ქებას იტყვიან.

მინდორზე,სერზე,
თუ მთის კალთაზე,
ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ,
წყაროვ დოვლათის,
ლხინის სათავევ,
მზით ავსებ გულებს,
როგორც ფიალებს.

ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო,
შენს გამო არ ვართ მოცლილი,
შემოდგომაზე,
გვითხარ, ასულო,
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!

*****************************************

ლადო ასათიაი – “გულბაათ ჭავჭავაძე”

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.

*

სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, —
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
— კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
— ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!”
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.

*

გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: “მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!”

1942

ჭავჭავაძე გულბაათი – ღვინის სმით განთქმული ძველი კახელი თავადი.
ჭილაძე შედანი – სახელგანთქმული ღვინისმსმელი ძველი სამეგრელოს მთავრის – დადიანის კარზე, მოხსენიებულია იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერაში“ (1654).

**************************************************************************

მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია…
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში…
უკვე მღერიან…
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე…
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი…სამი…ან უფრო მეტი…
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები…
მერე რთველია…
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში…
სადღაც მღერიან….

******************************************************************************

სერგო კლდიაშვილი – “რთველში”

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.

შუადღისას საწნახელი აივდო.

ყურძენს ფუტკარი დასევია.

საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.

საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.

დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს…

წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.

დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.

– ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.

…ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.

სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.

ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.

ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

*************************************************************************

ეკატერინე გაბაშვილი – “ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები!”

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართველოდ ვენახის გამოწმენდას ანდომებენ, დედაკაცები სულ ჩურჩხელების სამზადისში არიან. რვა ენკენისთვეს კაკლის ბერტყვა დაიწყო, დედათქვენმა კრეფის დროსვე საუკეთესო კაკლები გადაარჩია, დაკროლა, წენგოსაგან გასუფთავებული, დიდს ჭილობზედ გაგვაშლევინა მზის გულზედ და თვითონ აივნიდგან თვალმოუშორებლივ ორი-სამი დღე უყარაულა.

– იქით, იქით, ონავარო, – ეუბნებოდა პატარა ნიკოს, რომელიც, წუწკ ციცუნიასავით ოთხზედ დამდგარი, ეპარებოდა კაკლებს. – საჩურჩხელეა, საჩურჩხელე, არ მიეკარო, თორემ ხელებზედ გცემ.

– ხელი, ხელი არ ახლო, – სასტიკად შეუყვირა მზარეულს – გიგუას, რომელსაც ერთი-ორი კაკალი უნდა აეწაპნა ჩასაკნატუნებლად. – განა სხვა კაკალი არ მოიპოვება სახლში, რომ მაგას არ წაეტანო?! არ იცი, რომ საჩურჩხელეა?!

მესამე დღეს, საღამოზედ, ჩაის შემდეგ, ჭილობზედ შეგროვილი, გამშრალი კაკალი ქალბატონის ოთახში შევიტანეთ, გარს შემოვუსხედით, წინ ბრტყელი ქვები დავიწყეთ, ხელში – მრგვლები, და შევუდექით მტვრევას და რჩევას: მებაღის ცოლი მართა, იმისი ქალი ნუშკა, ჩვენი პატარა გოგო ანუა, ტარამანაანთ ნინუა და თქვენი მოსიყვარულე გამდელი თინათინა.

ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და ჩვენს მიწვდენილს ქაღალდივით თეთრს ნიგოზს დიდ სინებზედ აგროვებდა.

მტვრევის დროს ვმღეროდით, ვიცინოდით, რძესავით გემრიელს ნიგოზს ვღეჭავდით და თან ვანგარიშობდით, თუ რამდენი ჩურჩხელა უნდა აგვესხა, რომ ყველას, ჩვენო ძვირფასებო, გყოფნოდათ და ჩვენთვის – სტუმარ-მასპინძლისათვისაც ბლომად დაგვრჩენოდა.

ათ საათამდის ვიმუშავეთ, ათზედ კი ყველანი ჩავჩუმდით, თვალზედ რული მოგვეპარა, ხელების აღებ-დაღებას ვუკელით, ქვების რაკარუკი მიყუჩდა. ქალბატონმა დაღალულობა შეგვატყო და საქმეზედ ხელი აგვაღებინა.

– კმარა, კმარა დღეს, დანარჩენი ხვალ საღამოსთვის იყოს, – თქვა, სავსე ლანგრებს გაზეთის ფურცლები გადააფარა და განჯინაში შეაწყო.

დილით წუხანდელი დარჩეული ნიგოზი მზეზედ გავფინეთ. საღამოზედ კვლავ ვამტვრიეთ კაკალი. ქალბატონი კი თავისის ჯიბის დანით დილით გამხმარს ნიგოზს საჩურჩხლედ სჭრიდა. ჩვენ კიდევ ვიცინოდით, ვმღეროდით, ვამტვრევდით, ვარჩევდით და ვღეჭავდით რძით სავსე ნიგოზს. ბევრჯერ მოგიგონეთ თქვენ: ვანო, ლადო, ნატო, კატო! საწყლებო, რამდენი წელიწადი აღარ მოსწრებიხართ რთველს, ჩურჩხელების გავლებას, ბროლივით თეთრის და შაქარივით ტკბილის თათარას წინწკლების ლოკვას ტაბაკებზედ!

რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი ექვსი დღე ვასხამდით ჩურჩხელებს. ორი დღე მარტო თავდებები ვუკეთეთ მე და ქალბატონმა და მერე, ჯარივით ჩარახტული გრძელ სარზედ, მზეზედ ჩამოვკიდეთ. ახლა ნარკვევის რჩევას შევუდექით. მთელი სამი დღე ჩავკირკიტებდით ჭვავით სავსე ხორბალს და ძლივს ბოლო მოვუღეთ. ასე გარჩეული ხორბალი წისქვილში მე თვითონ ჩავიტანე. ხვიმირა ჩემის ხელით ამოვწმინდე, იქაურობა დავგავ-დავწმინდე, რომ მტვერი არ მიჰკარებოდა საჩურჩხელე ხორბალს და ჩემის ხელითვე დავაყარე წისქვილს.

მანამ ხორბალი ჩამოვიდოდა, წინდით ხელში იქვე, წისქვილის კარებში, ჩავჯექ და ყურს ვუგდებდი სარეკელას, ღარში დაქანებულის წყლის ჭრიალს, წისქვილის ქვის ერთგვარს გრიალს, და იქვე ტომარაზედ მიყრდნობილს, ტკბილად მძინარე გოგიას.

ხორბალი ჩამოვიდა, სიფრთხილით ავკრიფე თეთრს პარკში, თეთრი ფქვილი ჩემისვე ხელით შინ ამოვიტანე, დიდი სათათარე ქვაბები დავაკალვინეთ, ციცხვები დავფხიკეთ, ხონჩები დავარაკრაკეთ, ბადაგის გადასასხმელი ქილა-ხელადები ქვიშით დავხეხეთ და ასე გამზადებულნი მივეგებეთ რთველს პირველს ღვინობისთვეს.

იჰ, რა სანეტაროა ეს რთველი! რა სიხარულს და კმაყოფილებას გრძნობს ყოველი ადამიანი! მეტადრე მოზარდი თაობაა ხოლმე გადარეული და თქვენ კი, ჩემო ჭრუკებო, აქ წიგნებში ხართ თავჩაღუნული.

რთველი გაჩაღებული იყო. ქალები კალათებში კრეფდნენ ყურძენს, კაცები მოსაკიდებში აგროვებდნენ, მებაღეები საწნეხელისკენ ეზიდებოდნენ.

ქალბატონი ვენახის ბოლოში, კაკალქვეშ, იჯდა და თეთრს დამკრახულს ყურძენს საჩურჩხელედ არჩევდა. საჩურჩხელე ცალკე ნავში დავწურეთ და მარნიდან პირდაპირ დიდის ქვაბებით ზედადგარზედ შემოვდგით.

საღამო ჟამი იყო, თბილი საღამო. მთვარე, ოდნავად ბურუსში გახვეული, მკრთალად ანათებდა სოფელს და ჩვენი სახლის კარ-მიდამოს, რომელიც სათათარავე ტკბილების ქვაბების ქვეშიდან აპრიალებული ცეცხლის შუქით იყო გაჩირაღდნებული. აქვე ქვებზედ, კიბეებზედ ვისხედით ჩვენ ყველანი და ქვაბების ადუღებას ველოდით.

კარგა შუაღამე გადავიდა, საგრძნობლად აცივდა, როდესაც დუღილით დანახევრებული ქვაბები ცეცხლიდგან გადმოვდგით და წითლად დარაკრაკებულს ქილა-ხელადებში გადავასხით.

მეორე დღეს ადრიანად მობადაგებული ტკბილი, ქილებში დაწმენდილი, ნელ-ნელა, დიდის სიფრთხილით ისევ ქვაბებში გადავიღეთ, ისევ ცეცხლზედ შემოვდგით, გავაცხელეთ, ბადაგში გალესილი, მომზადებული ფქვილი ჩავასხით და ნიჩბებივით დიდის ციცხვებით ვიწყეთ რევა, ზელვა, თან ცეცხლს გამხმარი სარის შეშას ვუმატებდით. ერთს საათზედ თათარამ მოიწია.

ბედს მადლობა მივუძღვენ, რომ კიდევ შემასწრო ამ ბედნიერ დღეს და პირველად ეს მთელ-მთელლებნიანი, გრძელი ჩურჩხელები ამოვავლე.

„ეს ჩემს მშვენიერს ვანოს, ეს ჩემ გონიერ ლადის, ეს დახატულს ნატოს, ეს დაბრძენებულს კატოს“, – ვამბობდი და ჩურჩხელებს ქალბატონის გამოწვდილი ხელის თითებზედ ვაცმევდი.

ქალბატონი აწოდებდა სარზე წამოსაცმელად ძალუათქვენს, ელისაბედს, ელისაბედი – მართას, მართა – თავისს ქალს ნუშკას, ნუშკა – გოგია მზარეულს, რომელიც გავსებულს სარებს წყნარად, სიფრთხილით, რომ ჩამოკონწიალებული ჩურჩხელები ერთმანეთს არ მიჰკარებოდა, წინადვე მომზადებულ ჯინჯიბახებზედ ჰკიდებდა.

მშვენიერი ბრწყინვალე მზე იდგა, მკათათვესავით ცხელოდა. სწორედ საჩურჩხელე დარი იდგა. ქალბატონი პირზედ ღიმილით ამბობდა: თუ ასეთი დარი დაიჭირა, ერთ კვირაზე ჩურჩხელები ქალაქს გაიგზავნებაო. ხუთასი ჩურჩხელა გავავლეთ, ოცდაათი სარი გამწკრივებული ეკიდა ჯინჯიბახებზედ, ქალბატონს წელი ასტკივდა ქვაბთან დახრითა და დგომით, მე მარჯვენა მიცახცახებდა ციცხვის ქნევით, მაგრამ გათავებას არ ვჩქარობდით.

ლხინში ადამიანს ჭირი ყოველთვის ავიწყდება! ჩურჩხელებქვეშ გაყრილ სუფთა ხონჩებზედ მეზობელ გლეხთა გოგო-ბიჭები ჩურჩხელის წინწკლებს გაფაციცებით ლოკავდნენ; ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, სცემდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ნამდვილი დღესასწაული იყო…

მზე მიილულა და ქვაბების ძირებიც გამოჩნდა. ჩურჩხელებს მოვრჩით და ახლა გასქელებული თათარის დარიგებას მოვუნდით. ყველა მეზობელს, მოსამსახურეს, მუშებს თეფშებზედ თითო ციცხვი დავუგლისე. სამხრობა გადასული იყო, როდესაც დიდი ხნით მოკეცილი, ჯდომით დაბუხული ძლივსღა ამაყენეს, ქალბატონი, წელში გაწყვეტილი ფეხზე დგომით, ძლივსღა ავიდა აივანზედ. მხოლოდ ახლა მოაგონდა, რომ მთელი დღე ნაყრი არ ჩასულა ჩვენს პირში და სადილის სამზადისს შეუდგა. ჯერ მუხლებში წყალი არ ჩაგვდგომოდა, ლუკმა ყელს არ ჩაგვცდენოდა, რომ ქარმა წამოისისინა, ჩურჩხელებმა რხევა დაიწყეს.

– არიქათ, არიქათ, მიეშველეთ ჩურჩხელებს, – დაგვიკიჟინა ქალბატონმა. – ქარი სულ ძირს დასცემს და ამდენი ხნის ამაგს მტვერში ამოგვივლებს.

საჩქაროდ გავცვივდით, დიდი და პატარა სარების აკრეფას შევუდექით. ნელ-ნელა ამოგვქონდა კიბეზედ და სასტუმრო ოთახში ორი მაგიდის შუა ვკიდებდით. მერე შემშრალი ჩურჩხელები სარის შუა წელზედ შევაგროვეთ და, როცა ხუთასი ჩურჩხელა ერთს ალაგს შევაგროვეთ, ქალბატონმა დიდი ჯამით ბადაგი შემოიტანა და იატაკზედ დაჩოქილმა, თითო-თითოს ცალ-ცალკე ორივ ხელით ბადაგი ჩამოუსვა. მერე თეთრი სუფრა შემოახვია ჩურჩხელის გროვას, სუფრას ზემოდგან დიდი, თბილი შალი, და ასე შეფუთნული ჩურჩხელები კარდაკეტილში დავტოვეთ.

– სიფრთხილეს თავი არა სტკივა, სულმა არავის წასძლიოს, – სთქვა ქალბატონმა: – ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს თვითონვე შესჭამდაო, ნათქვამია.

მესამე დღეს დილით სუფრა შემოვხსენით და თეთრად შეშაქრული ჩურჩხელები კვალვ გავწი-გამოვწიეთ სარებზედ და ჯინჯიბახებზედ გავიტანეთ.

ასე შეგვქონდა და გაგვქონდა მთელი ერთი კვირა. ქარი, ღრუბელი გულს გვიხეთქავდა და ყოველს წამს თავს დავტრიალებდით. მერვე დღეს სარებს დავაძრეთ ჩურჩხელები, ქალბატონმა თავდებები დააჭრა, ჩურჩხელები გაანაწილა და საოჯახო ნაწილი იმ დიდს წითელს სკივრში ჩააალაგა, რომელსაც თქვენ ყველანი კარგად იცნობთ და, რომელიც ნოეს კიდობანივით ყოველთვის სავსეა თქვენთვის ტკბილეულის სასუსნავით.

თქვენთვის გადაწყობილი კი ცალ-ცალკე თეთრ პარკებში ამოკერა და აი ჩემი ხელით გაახლათ. მიირთვით და შეექეცით, კეთილად შეგარგოთ, მრავალს რთველს და მოსავლის შეკრებას შეგასწროთ, სწავლა მალე დაგასრულებინოთ და პირადად თქვენ თვითონ შეგაძლებინოთ ამ მძიმე, მაგრამ ქართულის ოჯახის სამხიარულო და სახალისო საქმის გაწყობა, სოფელი არ დაგავიწყოთ და მისი საქმე და ჩვეულება გულში ჩაგინერგოთ!..

…ასე გაგვახარა ჩვენმა გამდელმა, ბებერმა თინამ, თეთრი, დაშაქრული ჩურჩხელებით ცალკე და ჩურჩხელების მძიმე სამზადისის მოთხრობით ცალკე.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები