Posted by: burusi | 19/07/2010

რევაზ დოღონაძე – ბიოგრაფია

რევაზ დოღონაძე – Revaz Dogonadze

რევაზ დოღონაძე – Revaz Dogonadze (1931-1985)

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ რომანის ძე დოღონაძე (1931 წლის 21 ნოემბერი – 1985 წლის 13 მაისი) გახლდათ ახალი სამეცნიერო მიმართულების, – კვანტური ელექტროქიმიის ერთ–ერთი ფუძემდებელი. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით ჯერ კიდევ 1970–იანი წლების დამდეგს შეიქმნა “ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური პროცესების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ–მექანიკური თეორია”, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1955), 23 წლის მანძილზე მოღვაწეობდა მოსკოვში: მრავალი წლის მანძილზე იყო მოსკოვის ელექტროქიმიის ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 1966 წელს მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1972 წელს – პროფესორის წოდება. 1978 წელს დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წელს, თბილისის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მან დააარსა თეორიულ კვლევათა განყოფილება, რომელსაც განაგებდა სიცოცხლის ბოლომდე. დღეს ეს განყოფილება მის სახელს ატარებს. 1982 წლიდან გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის) ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. იმავე წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. რევაზ დოღონაძე გახლდათ 180–ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10–მდე მონოგრაფიის ავტორი. მისი 50–ზე მეტი შრომა გამოქვეყნდა უცხოეთის სამეცნიერო პრესაში. მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის დასტური იყო ის ფაქტი, რომ 1975 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო ელექტროქიმიის საერთაშორისო საზოგადოების (ISE, შვეიცარია) ელექტროქიმიური ფიზიკის განყოფილების თავმჯდომარე და ამ საზოგადოების საბჭოს წევრი. 1984 წლის ოქტომბერში მისი თაოსნობით თელავში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “ფაზთაშორისი საზღვრის ელექტროდინამიკა, კვანტური ეფექტები ადსორბირებულ ფენებსა და აფსკებში”. პროფესორმა რევაზ დოღონაძემ მხოლოდ 54 წელი იცოცხლა: ულმობელმა სენმა იმსხვერპლა იგი 1985 წლის 13 მაისს. 2008 წელს იგი შეყვანილ იქნა უაღრესად ავტორიტეტულ საერთაშორისო ენციკლოპედიურ გამოცემაში, – “ელექტროქიმიის ლექსიკონში” (“Electrochemical Dictionary”, Springer-Verlag, Berlin-Heidelberg, 2008). აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ რევაზ დოღონაძეს საბჭოთა რეჟიმის პირობებში მოუხდა ცხოვრება, იგი არასდროს ყოფილა ავადსახსენებელი კომპარტიის წევრი…


დატოვე კომენტარი

კატეგორიები