Posted by: burusi | 24/11/2010

იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?”

იავნანამ რა ჰქმნა, მხატვარი ოსკარ შმერლინგი

იაკობ გოგებაშვილი – Iakob Gogebashvili (1840-1912)

იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?”

ბავშვის სულიერი ცხოვრების მრავალი საიდუმლოება და ინტიმური მხარე გააშუქა იაკობ გოგებაშვილმა თავის მხატვრულ შემოქმედებაში, მაგრამ მის ფსიქოლოგიურ მოთხრობათა შორის განსაკუთრებულია “იავნანამ რა ჰქმნა?” ეს შესანიშნავი მოთხრობა დამსახურებული საყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდობაში.

მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?” შეიცავს ბავშვის ფსიქოლოგიური არსის კანონზომიერების ღრმა ესთეტიკურ ანალიზს. მისი მთავარი პერსონაჟი ქეთო რეალური სახეა, რომელიც ასევე რეალური ურთიერთობისა და სიტუაციის ფონზეა ნაჩვენები, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მხატვრულად. ამ მოთხრობით ავტორის განზრახვაა, გვიჩვენოს ბავშვის ბუნების ცვალებადობა გარემოსა და გარემოების ცვალებადობის მიხედვით და მუსიკალური ემოციების მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური გარდაქმნის საქმეში.

ქეთოს ადამიანური ჩამოყალიბება დაიწყო ერთ სოციალურ გარემოში; კახეთის ბუნება და ხალხი ზრდიდა მას ქართული ნაციონალური იერითა და სულისკვეთებით, მაგრამ შეცვლილ სოციალურსა და ნაციონალურ პირობებში იგი სხვა ხალხის ზნე-ჩვეულების გავლენის ქვეშ მოექცა. ეს პროცესი არ არის ხანგრძლივი. ბავშვზე აწმყო უფრო ეფექტიანად
მოქმედებს, ვიდრე წარსული. აწმყო უფრო ძლიერია და ადვილად ფარავს ბავშვის ცნობიერებაში მის წარსულს. ამიტომ მართალია იაკობი, როდესაც წერს “წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად, განუყოფლად”.

იავნანამ რა ჰქმნა, მხატარი ოსკარ შმერლინგი

შეცვლილმა სოციალურმა ყოფამ და გარემომ “ქართველი ქალი გადააქცია ლეკ ქალად, კახეთის შვილი – დაღესტნის შვილად”. ქეთოს ჩამოყალიბება, როგორც ადამიანისა, დაღესტანში არ დამთავრებულა, მისი განვითარება არ შეწყვეტილა, ამიტომ სრულიად დასაშვებია მისი ხელახალი გარდაქმნა როგორც სოციალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ასეც ხდება. ქეთოს აბრუნებენ მშობლიურ გარემოცვაში, კახეთის ხალხსა და ბუნებაში, სადაც იგი მოტაცებამდე იზრდებოდა. კვლავ შეიცვალა მისი ცხოვრების პირობები და შეიქმნა მისი ხელახალი გარდაქმნის საფუძველი.

მეორედ გარდაქმნის პროცესი უფრო ხანგრძლივი და რთულია. რატომ? ქეთო ახლა უფრო დიდია, მასზე ახლა უფრო მეტად მოქმედებს წარსული, ვიდრე ეს იყო ნორჩი ასაკის პერიოდში; ძველი შთაბეჭდილებანი ახლა უფრო დიდხანს ინარჩუნებენ თავის ძალასა და ეფექტს. წარსული მაგრად ზის ჭაბუკის არსში, აწმყოს უხდება მასზე გაბატონება ბრძოლით, წინააღმდეგობითა და, მაშასადამე, ნელი ტემპით და ასე, შედარებით ნელი პროცესით ხდება ადამიანის ხელახალი გარდაქმნა.

იაკობ გოგებაშვილს მშვენივრად ესმის ეს გარემოება. პირველ ხანებში ქეთოზე არავითარ გავლენას არ ახდენდა ძველი მშობლიური გარემოცვა. ცივად და უგრძნობლად შეხვდა იგი დედის მხურვალე ალერსსაც. უფრო მეტიც, დედის მშობლიური ალერსი ისე უცხოდ, ნაძალადევად და თვალთმაქცურად მოეჩვენა, რომ მასში სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. “მაგდანას ალერსმა ცოცხლად წარმოუდგინა თვალწინ ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი. ვარამი კიდევ უფრო გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან”. ასეთივე განცდა აღეძრა ტანსაცმლისაგან; მშობლების მიერ შეკერილი მშვენიერი ქართული ტანსაცმელი “ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი”.

“ბუნებაც შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა”. ქეთო თანდათან იყრის ნაღველს და იწყებს დაკვირვებას ახალ ცხოვრებაზე. მან პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენს სიყვარულს უცხო ადამიანები და რად სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო”. და ეს იყო პირველი მომენტი მისი ხელახალი გარდაქმნის დასაწყისისა. აწმყომ სძლია ახლო წარსულს და რადგანაც ეს აწმყო მას ძველ, ქორფა ბავშვობის დროს წარსულს აგონებდა, ამდენად აწმყო და ძველი წარსული მის ცნობიერებაში გაერთიანდა. ამ გზით შესაძლებელი შეიქმნა ახლო (ანუ დაღისტნის პერიოდის) წარსულის დაძლევა. ქეთოს ცვლილება დაეტყო. მას თანდათან აგონდებოდა სამშობლოს არემარე, გარემოცვა, გადამწყვეტი როლი “იავნანას” მშობლიურმა ჰანგმა ითამაშა.

იავნანამ რა ჰქმნა, მხატვარი ოსკარ შმერლინგი

რა ჰქნა იავნანამ? დედის საამურმა იავნანამ მოხიბლა ქეთო. მას “აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამალული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძნა. გონების ძირიდან რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქასა, მაგრამ ზევიდან კეც-კეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა”.

ასე ზუსტი დაკვირვებითა და სიმართლით აქვს გადმოცემული იაკობ გოგებაშვილს ის დიდი ფსიქოლოგიური კოლიზია, რომელსაც განიცდიდა ქეთო აწმყო და ძველ მოგონებათა ჭიდილში.

“მაგდანამ კარგად შეამჩნია შვილის გამოფხიზლების ნიშნები და თავის ხმას საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა მისცა… მაგდანას ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის. შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის სანატრელი ნაშთნი და საგონებელნი. მაგდანა თან ხმას აძლევდა მომხიბლავ ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქოს სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა ამ სახეზე ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა”.

საიდუმლოება ამოიხსნა. ძველი წარსულის პირველი გადამწყვეტი მოგონება ცნობიერების ზედაპირზე ამოიზიდა. “იავნანამ” ქეთოს თავისი პიროვნება აპოვნინა. “მისი აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა. პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი. განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით “დედავ”, სწრაფად მივარდა მაგდანასთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა”.

ასეთია მშობლიური “იავნანა”, ასეთია მისი მელოდიის ემოციური ძალა. თუ მივიღებთ მხედველობაში ბუნების გარემოცვას და იმ სოციალურ პირობებს, რომელმაც შეამზადა ქეთოს ცნობიერება პირველი გადამწყვეტი მოგონებისათვის, სავსებით მართალია გოგებაშვილი, როცა იგი ფიქრობს, რომ “იავნანას” საოცარი მუსიკა ამ შემზადებულ ნიადაგზე გადაიქცა იმ დამატებით სტიმულად, რომელმაც გამოიწვია გადამწყვეტი მოგონება – დედა. პირველი მოგონება იწვევს მეორეს, მეორე – მესამეს და ასე, ასოციაციის კანონის მიხედვით, ქეთომ აღადგინა თავისი ადრეული ბავშვობის პერიოდი, აღადგინა იგი სრულიად ახალ ფსიქოლოგიურ საფუძველზე.

წყარო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი 4. იაკობ გოგებაშვილი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები