Posted by: burusi | 29/06/2010

მურმან ლებანიძე – “დავით კლდიაშვილი”

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili

მურმან ლებანიძე – Murman Lebanidze (1922 – 2002)

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili (1862 – 1931)

მურმან ლებანიძე – “დავით კლდიაშვილი”

გაშლის ქართველი მამა პაპათ ძვირფას სურათებს
და საუკუნეს მეცხრამეტეს მიაყურადებს…
“ბრძენი ილია, გმირი ვაჟა” ცეცხლი აკაკი”
ვიცით ცხოვრების დიდებულის მათის ავ-კარგი;

ვიცით რას იქმდა უკვდავების ღირსი სამება,
ბარათაშვილის, მარტოსულის, ვიცით წამება,
კი, ყველა ვიცით არდათმობის, თმობის, მიყოლის,
ორბელიანის გენერლობაც ვიცით გრიგოლის,
მაგრამ ამ მკაცრმა, თვალჭროღამ და მიმინოს მსგავსმა,
სერვანტესივით გამხდარმა და გამხმარმა კაცმა,
ვინ, ვინ უმადლის, ანუ, ვკითხო, ვინ მეტყვის ახლა,
სიცოცხლის რისკით სხვაზე მეტი კაცურად რაც ქნა?
შეფს “ჩერნომორსკი ვესტნიკისას”, რედაქტორს შავბნელს,
ჩვენს ქართველ ხალხზე დიდმყრობლურად აუგის მჯღაბნელს,
ვინმე პალმს გვარად, მიაფერთხა ცხვირ-პირში ზიზღით
ხელთათმანი და გასწორება მოსთხოვა სისხლით…
მაგრამ ამ კაცმა, ვინც დაგვჯღაბნა ბარბაროს ხალხად:
ნუ, იტყვით, თურმე, მიცვალებულს ჩვენ ცუდად ვმარხავთ,
არა საჩქაროდ, წესისამებრ ძვირფასის მათის,
არამედ ვუხდით პარაკლისებს, მივაგებთ პატივს,
კი, კი, ამ ჩვარმა, რა მიადგნენ გმირი რაინდის
სეკუნდატები კლდიაშვილის, დიდი დავითის შეშინდა,
დაფრთხა, არ ინდომა შებრძოლებოდა და,
რაკი წამხდარს კავკასს აღარ ედგომებოდა,
მიხიკ-მოხიკა ხურდა-მურდა, დაზოგა ტყავი და,
ლაფდასხმული, ოდესაში ამოყო თავი…
ხოლო ვინ იყო კაცი იგი, ვისი დამარხვაც ღირსი
პატივით არ მოსწონდა ჩვენს მტერს ხმამაღლა?
გამოსათხოვრის ნაცვლად ერზე პასკვილს სტამბავდა,
ვის აგინებდა აბდაუბდას თახსირს ლამბავდა?
კაცს ფილოსოფოსს, კაცს ზეგარდმო ნიჭით ხვავრიელს,
მას, მამას წმინდას, ეპისკოპოსს, მამაც გაბრიელს,
ვისი სახელიც რუსეთს იქით, ბრიტანეთს ჟღერდა,
დობროლუბოვი მორიდებით ვის წიგნზეც წერდა,
ვის ნეშთს ილიამ თაყვანი კადრა და ვისაც სიტყვა
ერის მამის დაადგა ნათლად…
რა აწუხებდა, გულს რა ჩხვლეტდა რედაქტორს შავბნელს?
რა არ მოსწონდა მეფის სატრაპს, დამსმენს და მჯღაბნელს?
სიცოცხლე ერის, კი, დღესავით არის ნათელი
და სხვა თუ მიხვდა, მიმხვდარია ამას ქართველი,
გაშლის პოეტი მამა-პაპათ ძვირფასს სურათებს
და ქარაშოტებს იმპერიულს მიაყურადებს.
და არსს ბრძოლისას მშობელს თვისას ხალხს დაანახვებს
და გამოარჩევს დიდთა შორის კაცს არანაკლებს;
”აგერა-კაცი,” იტყვის იგი და ხელს მიაშვერს
სერვანტესს ჩვენსას, მამას ჩვენთვის, დავით კლდიაშვილს.
და დასძენს წყნარად:”ლხინად უჩნდათ მსგავსნი თამაშნი
უხორცოსაებრ იყვნენ როსმე კაცნი მამაცნი,”
და რა ქნას ერმა, რა გააწყოს, არ ყავდეს ოდეს
ქომაგი მსგავსი გაფოფრილი მიმინო კორდის?


დატოვე კომენტარი

კატეგორიები