Posted by: burusi | 25/05/2010

გრიგოლ რობაქიძე და ელენე დარიანი

ელენე დარიანი – Elene Dariani

ელენე დარიანი – Elene Dariani

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze (1882 – 1962)

ელენემ გრიგოლ რობაქიძის სახელი პირველად ცისფერყანწელთა წრეში, პაოლო იაშვილისგან გაიგო.

სიმბოლისტები გრიგოლს მიიჩნევდნენ საქართველოში სიმბოლიზმის შემომტანად.

1915 წელს ქუთაისიდან ისე გაემგზავრა ელენე, რომ პირადად ვერ შეხვდა გრიგოლს, მის ლექსებს კი კარგად იცნობდა. განჯის პერიოდის დღიურში მისი ლექსი, “აქლემი” აქვს ჩაწერილი.

ის მალევე დაბრუნდა საქართველოში და შეხვდა ცისფერყანწელებს. სიყვარულით შეხვდა მას გრიგოლიც. მას გაახსენდა მის გაზეთ “მეგობრის” და ჟურნალ “ცისფერი ყანწების” ფურცლებზე დაბეჭდილი ლექსები და უთხრა ელენეს, პრესაში ჩემი აზრი უკვე გამოვთქვიო… (იგულისხმება 1918 წელს თბილისში დაბეჭდილი ჟურნალი “ARS”).

გრიგოლს წერილში, ქართველი ქალის ფენომენის ახსნის შემდეგ, შენიშნული აქვს, რომ ელენე დარიანი არის ქალური პოეტური სხივი და გამოირჩევა ქართული მოდერნიზმის დამწყებთა შორის. მწერლის ღრმა რწმენით კი “ქართველი ქალი – როგორც ქალი – უთუოდ პრობლემაა, მე ვფიქრობ, რომ მის სტიქიაში ძალზე ბევრია უძველეს ამორძალთა ნამსხვრევები – სიყვარულში მამაკაცებზე გამმეტებლად თავდამსხმელნი და მათი მკვლელები” არიანო. აქვე ნათქვამია ისიც, რომ ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ქალი ეროტიკული ფსიქიკით, თუ არ ჩავთვლით ყაზბეგის პროზის გმირებს. ამის შემდეგ კი სწორედ ელენე დარიანის ლექსებშია “შეყვარებულობის ჭეშმარიტი ეროტიკული განცდა და ამასთან, განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”.

ელენეს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს გრიგოლ რობაქიძესთან ერთ – ერთი შეხვედრის ეპიზოდი:

“იხატებოდა “ქიმერიონის” კედლები შესანიშნავი ფრესკებით… ლადო გუდიაშვილი და ვალიშევსკი ქმნიდნენ საინტერესო სურათებს. “დარბაზი” მოგაგონებდა მონმარტრის კაფეებს, სადაც იკრიბებოდა ხელოვნებისა და ლიტერატურის დიდი თუ პატარა წარმომადგენელი.

…აქ ვისხედით ერთ დღეს გრ. რობაქიძე, პაოლო, ტიციანი, ლელი ჯაფარიძე, ალი არსენიშვილი და ვსაუბრობდით, რომ პაოლოს (შემოსავალი კარის პირდაპირ იჯდა) უცებ სახე გაუნათდა სიხარულისგან სწრაფად წამოხტა და წამოიძახა: – შალვა, შალვა მოვიდაო!”

შალვა აღმოჩნდა დიდი ქართველი მოღვაწის, ივანე მაჩაბლის და პედაგოგ ლიზა ქართველიშვილის შვილი, ელენეს მომავალი მეუღლე.

ეს ლექსი შალვა ქართველიშვილს გრიგოლ რობაქიძემ მიუძღვნა, გრიგოლი მის ლიტერატურულ მოღვაწეობას პატივს სცემდა და უყვარდა მისი და ელენეს ოჯახი და ამიტომაც, ხშირად სტუმრობდა.

“ვიჩქაროდი შენკენ, ტურფა… გული ტოკდა, სული მღეროდა, –
სისხლი ტანში ხალისობდა, თვალ – წამწამი აგიშერდა…
და ვიხილე… მაგრამ ჩემ წინ სახე ცივი დავინახე, –
და ვცანი, რომ გაჰქრა ჩემი ტრფობის სავენახე…

და გათავდა ყველაფერი… ცახცახა გულს ეცა ელდა,
თავს შავი ბრუ მოეხვია და ყოველი გარს მიბნელდა…
ავიშალე, ავკანკალდი, შუბლს შევავლე ოდნავ ხელი, –
და მყის მოსკდა სისხლის ცვარი, მას ფრთაც მოჰყვა გასაძღოლად, –

და ჭრილობა ნათელ შუბლზე აყვავილდა წითელ ზოლად…
შენ კი, ჩემო, რა გეგონა: თუ ვიჰუმრე, თუ ვიჩმახე!
თუ რომ შუბლით ჰა, ჰა, ჰა, ჰა, თითქო ღობეს დავეჯახე!

არა, არა! შენ არ იცი, ნაზი ტანჯვის ანარეკლი!
ჰა, ჭრილობა, ჩემი შუბლის, გვირგვინია იგი ეკლის!”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები