Posted by: burusi | 25/05/2010

გალაკტიონ ტაბიძე და ელენე დარიანი

ელენე დარიანი და გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე – Galaktion Tabidze (1891 – 1959)

ელენე დარიანი – Elene Dariani

ჟურნალი “ცისფერი ყანწების” პირველივე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონის ორი ლექსი, მაგრამ 1916 წლის 15 დეკემბერს, როგორც გალაკტიონი წერს თავის მეუღლეს, ოლია ოკუჯავას: “სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს მე, გაფრინდაშვილი და იაშვილი. ძალიან დიდი ჩხუბი მოგვივიდა და ვუთხარით ერთმანეთს ისეთი სიტყვები, რომლებიც ამის შემდეგ დაახლოების ნებას არ მოგვცემს. მე არ ვნანობ. ამ დღეებში გამოვიდა მეორე “ცისფერი ყანწები”. დიდი ამბებია, ერთი სიტყვით.”

მიუხედავად ამისა, გალაკტიონი მეგობრობდა ცისფერყანწელ ელენე დარიანთან.

ელენეს არქივში დაცულია გალაკტიონის 2 ლექსის ხელნაწერი. ერთი დაწერილია 1936 წელს და მიძღვნილია ელენე და შალვა ქართველიშვილებისადმი (შალვა ელენეს მეორე მეუღლე იყო):

“რადგან ვიცით კრთომა,
რადგან ვიცით კრძალვა,
მე თქვენ გენაცვალეთ
ელიკო და შალვა!
ვიყვეთ, ვუცქეროდეთ
ჩვენს მთებს და გორებს,
კიდევ გენაცვალეთ –
გული იმეორებს.
ამ ოჯახში ჩვენი
გული ერთად ვშალეთ,
კიდევ ვიმეორებ –
კიდევ გენაცვალეთ.”

მას შემდეგ, რაც შალვა ქართველიშვილიც, სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად, გამოასალმეს სიცოცხლეს, გალაკტიონი კვლავ ეწვია ქართველიშვილების ოჯახს. ალბათ, იმ დღის განცდით შექმნა ეს ლექსი:

“წერილი ელიკოს”

წამებას, ბევრის დაკარგვის გამო
ვერ გამოხატავს დღეთა მირონი.
მისთვის უდაბნო იყო მიდამო,
სადაც შელია და ბაირონი
ელიკო! გელის გალაკტიონი.

25\ I – 37. შენს ბინაში.”

გალაკტიონი შემდეგშიც ხშირად ხვდებოდა ელენეს, მაგრამ მათი ურთიერთობის ამსახველი 2 სურათის და ავტოგრაფიანი წიგნების გარდა, ბევრი აღარაფერია გადარჩენილი.

გალაკტიონის ერთ სურათს ამშვენებს ასეთი წარწერა: “ელიკოს მეგობრობისა და ყრმობის დღეების გასახსენებლად. გალაკტიონ ტაბიძე.”

ელენეს არქივში ინახება მოგონებები გალაკტიონზე. განსაკუთრებით საინტერესოა ელენეს მიერ ირაკლი აბაშიძისადმი მიწერილ წერილში მოტანილი ეპიზოდები გალაკტიონის ცხოვრებიდან.

ამბობენ, ელენეს უყვარდაო გალაკტიონზე ძმადნაფიცი ვალერიან გაფრინდაშვილის შემდეგი სიტყვების თქმა: “პოეტი კვდება, მისი სახელი ვარსკვლავად მიჰყვება მის კუბოს და შემდეგ იწყებს ხეტიალს მთელ მსოფლიოში. პოეზიის ცაზე ბევრი ვარსკვლავიაო”…

თავიდან თვითონ ელენეს სარვილი იყო, რომ მისი ვინაობა არ გამხელილიყო, შემდეგ კი, როცა მეორედაც დაქვრივდა, მხოლოდ ერთხელ სცადა, რომ მისი ლექსების ავტორად ეღიარებინათ, მაშინ არაფერი გამოუვიდა, მერე კი მემუარები დაწერა, სიკვდილამდე 3 წლით ადრე და გადაწყვიტა, სიმართლე მისი გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნებულიყო.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები