Posted by: burusi | 06/05/2010

გალაკტიონ ტაბიძე – “წერილები ოლია ოკუჯავასადმი”

ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე; Olia Okujava & Galaktion Tabidze

გალაკტიონ ტაბიძე – Galaktion Tabidze (1891 – 1959)

ოლია ოკუჯავასადმი

ძვირფასო ოლოლ!

ამეღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდან… გავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით. მგონია, თითქოს სამუდამოს ვემშვიდობები ქუთაისის არემარეს, გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობას და მარტოობას ვგრძნობ.
სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნირების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ მეშინია!
ეხლა, განშორების წინ, მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული, საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟება… მეპატიჟება მხოლოდ და ვინც იცის, ავასრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ისეთი, ტაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? – არ ვიცი!
გესმის, ოლოლ ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო… მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი როგორი იქნება… მაგრამ ჩემი მტერი, ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.
ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს… მაშინ გეწყინება არა? მე მგონია, შენ ერთადერთი აარსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება დულს გატკენს… ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…
ჰო იმას ვამბობდი… (მეც არ ვიცი ახლა რაას ვამბობ და რას არა), რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი-მეთქი… არავინ არ მინდა ვნახო… დაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს.
ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარი), საკანდიტროში ვზივარ და ისე ვწერ ამ წერილს… არავინ არ არის მახლობლად… ერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმა… მინდა ნიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ…
თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდე… ის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნად… მე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე მიშა ადგა და გავიდა, მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერა… ბედისწერა…
დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა იმასთანაც ბევრი, ბევრი მესაუბენა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი…
კოლიაც შემხვდა – იმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე- როგორც ერთმანეთს ვხდებით ხოლმე.
სიმონიკასაც შევხედე სადრაც…
მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია,ის პირადად არ შემხვედრია.
მალე დაკეტავენ საკანდიტროს და გავალ ქუჩაში… გავალ…
გკოცნი,ოლოლ…ოლოლ, მშვიდობით.

მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე

P.S. სურათი არაა მზად, თორემ გამოვგზავნიდი… რა ვქნა, ოლოლ, ვკვდები…

გ. ტ ა ბ ი ძ ე

გამოგიგზავნი წერილს… გახსოვდე
რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადვილი არაა.
სურათში დიდებულათა ხარ გამოსული;ორივენი კარგადა ვართ…
სურათი ისევ შენ უნდა გამოიწერო, თუ მე მომიხდა ქუთაისში ჩასვლა, წავიღებ ერთს…

1913 წ. 25 ენკენისთვე

***

ოლია!

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. Mმე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდაჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.
მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში… როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.
აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:
ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.
შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.
რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?
შადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?
დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. შაწყალი დედა! Iგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო… რამდენი ხანია კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან… თითქმის ოთხი წელიწადნახევარია.
ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონდა მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. Eეგ კი იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდესმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელ ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! Uკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა…
რა უნდა ვქნა ეხლა?
სადაა საშველი გზა?
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?
ასეა საქმეები, ჩემო ოლია……
იყავი კარგად……
მშვიდობით, მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე.

ქ. ქუთაისი

6 იანვარი, 1914 წ.

***

ოლოლ! გამარჯვება!

შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი ბედნიერების.
ნუ გეწყინება, ოლია, და მე პირდაპირ გეტყვი: შენ სრულიადაც არა ხარ უბედური ადამიანი, ანდა თუ ხარ, იმდენათ, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი. მაშ რატომ უნდა ემდუროდე შენს ბედს? შენ უყვარხართ და შენ გიყვარს!
მაშ, რატომ ხარ უბედური?
ამბობ, რომ ავადა ვარო. მაგრამ მცირე ექიმობა და, შენც თავისუფალი იქნები. თუ იმდენად სულელია ადამიანი, რომ ექიმთან მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია, იმისი ხომ არაფერი ღირს!
ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს – დაივიწყე!
არაფერი იმაზე სამწუხარო არა არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჯე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.
ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ გვამახინჯებს… საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებად გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია: “ტანჯვა”, “გამოუთქმელი მწუხარება”, “სულის სიცარიელე” და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ: “სიცოცხლე”, “სიხალისე”, “ბედნიერება”-თქო. თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება. გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი, თუ სიყმაწვილეშიაც უბედურად წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?
ოლია, არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება. Жизнь на радость нам дана!
თავს მოუფრთხილდი, ოლია! თუ ჯანმრთელობა არ იქნა, რად გინდა რამე? მთელი შენი “настроение” – ბი და იმისთანები სულ იმისგანაა, რომ თავს არ უვლი. აი თუნდაც შენი საჭმელი. არაფერს არ სჭამ და რა გასაკვირველია, რომ ავად იყო. ოლია, თუ გინდა, რომ ორივენი როდისმე მაინც ბედნიერები ვიყვეთ, უპირველესად გახდი ჯანმრთელი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, სავსე იმედებით, რწმენით! ცხოვრებასთან გასამკლავებლად საჭიროა როგორც მშვენიერი და სიხალისით სავსე სული, ისე ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა!
ოლია, საზაფხულოთ უსათუოდ ერთად ვიქნებით სადმე… აი ნახავ. თუ საზაფხულოთ არა, მოსკოვში ხომ მაინც… თუ მოსკოვშიც არა, როდისმე ხომ მაინც ვიქნებით ერთად? ჯანი გავარდეს. მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი, ისე გულით მინდა, მაგრამ რა გავახერხო? სტიპენდიაზე ფიქრი ტყუილია. სხვაფრივ კი არ შეიძლება.
მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები და კურსისტკები რუსეთიდან, საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს დაპირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტად შურიანი რომ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასათვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ…
ოლია, მომწერე წერილი.
მაშ…
იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.

შ ე ნ ი გ.
1914წ. 18 თებერვალი,
საღამო.

***

ოლკინ!

შენ იცი, როგორ სულიერ განწყობილებაში ვიცი მე შენთვის წერილების წერა. მოიგონე ჩემი წინანდელი წერილები… ყოველთვის უსათუოდ დიდი მწუხარება მაწუხებდა, მაგრამ ეხლა პუშკინის ლექსით გეტყვი: “Мне тяжело, как смутное похмелье”. ყველაფერი დღეს სულ სხვანაირად მეჩვენება. მე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, რაც მოხდა შენი წასვლის შემდეგ. მივედი თუ არა ბინაზე, მე, დედაჩემი და ჩემი ძმა წავედით გორაზე ოთახისათვის, მაგრამ მხოლოდ ნივთების შეკვრა მოვასწარით. გატანა არ მოხერხდა, რადგან მატარებელზე აგვიანდებოდათ. შემდეგ ისინი სადგურისკენ წავიდნენ, მე კი თეატრში წავედი. საღამოზე… როგორც მაშინ გითხარი, ამ საღამოზე გამოსვლა მე არ მინდოდა, მაგრამ მიცემული მქონდა სიტყვა. გავედი თუ არა, დავიწყე “მე და ღამე”, მაგრამ ვერ დავათავე, რადგან დამავიწყდა. უხერხული მდგომარეობიდან გამიმიყვანა ერთმა გარემოებამ: იქვე კათედრაზე ვიღაცას ლექსი დარჩენოდა, ავდექი და მეც ეს ლექსი წავიკითხე. საზოგადოებამ შეატყო, ბევრი მიძახა მეორეჯერ, მაგრამ მე არ გავედი… ყვავილები ძალიან ბევრი მომიტანეს, განსაკუთრებით, როცა თეატრიდან გამოვედი. საშინლად ცუდ გუნებაზე ვიყავი. შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რომელიც მთელს ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება… მე და ლადო მაჭავარიანი ერთ რესტორანში წავედით სავახშმოდ. შევქეიფიანდით, როცა რესტორანიდან გამოვედით, გავსწიეთ პირდაპირ ჩემი ბინისაკენ, მაგრამ კარები დაეკეტათ და ნახევარი საათის განმავლობაში ვიდექით, კარები არავინ არ გაგვიღო. რაღა გზა იყო, ჩვენ ისევ ქალაქში დავბრუნდით შუაღამისას, რომ ბინა გვეშოვა სადმე სასტუმროში. სასტუმროებში თავისუფალი და იაფი ოთახი ვერსად ვერ ვიშოვეთ და ვიყავით გაჩერებული ერთ ადგილას და ვფიქრობდით, თუ რა უნდა გვექნა. უცებ გამოიარა სათავადაზნაურო გიმნაზიის ხუთმა მოწაფემ, ორი ახალგაზრდა ქალით. ერთმა მათგანმა ისე მძლავრად გამკრა მხარი, რომ ხელი ახლაც მტკივა; გამკრა მხარი და მიდიოდა თავისთვის, თითქო აქ არაფერიაო, არც ბოდიშის მოხდა, არც არაფერი. მე ეს ძალიან მეწყინა, და მივაყოლე: ცოტა ხეირიანად გაიარე – მეთქი. გიმნაზიელი მობრუნდა, გაჩერდა და ისე დამიწყო ცქერა, თითქო დამცინოდა კიდეც. მთელი კომპანია შეჩერდა. მე მოთმინებიდან გამიმიყვანაგიმნაზიელის უზრდელმა ქცევამ და ჯოხი დავარტყი… ყველას ხელის გამოღება უნდოდა, მაგრამ ჩემი ჯოხი ყველასათვის მწარე გამოდგა. ამის შემდეგ ყველამ იკადრა პირის ბრუნება, მარა დაედევნა ლადო და მთელი გეგუთის ქუჩა სულ ცემა-ტყეპით გაარონია, პირდაპირ ზღაპრული სიმარჯვე გამოიჩინა, მაგრამ მე დავედევნე და შევაჩერე. შემდეგ მათი თანამგზავრი ქ ალებიც ჩაერიენ და მშვიდობა ჩამოაგდეს, მაგრამ ჩვენ იმ ღამეს არ გვძინებია… გავედით ქალაქგარეთ და ამასობაში კიდეც გათენდა. ლადო რედაქციისკენ წავიდა, მე ზევით გორაზე. ოთახში მე მძინავდა ორი საათის განმავლობაში და როცა გამომეღვიძა, ოჰ, შენ წარმოიდგენ ჩემს მდგომარეობას, რანაირი გამოღვიძება, საშინელი უმწეობა, მარტოობა, სინანული. საჩქაროდ დავეშვი გორიდან ქვევით და, აი, ვწერ წერილს. ოლკინ, როგორ მოგწონს ეგ საქმე? ჯოხით, შენგან ნაჩუქარი ჯოხით, კაცს ვცემდი… რა მეშველება, ოლკინ, ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? ღმერთმანი, არ ვიცი რა მემართება!
ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს იგი არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა, პირდაპირ. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია, “Мы ещё повოюем”. შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?
მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ. მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ… ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ… დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.
სხვა, როგორ იმგზავრე? გზაში ეშმაკობდი, არა? ოლკინ, ჭკვიანად იყავი და უბრალოდ ნურავის დაენდობი, ხომ იცი, რა საზიზღარი ქმნილებაა ადამიანი – ზოგიერთი.
ვერას გადაეცი ჩემი უგულითადესი სალამი, უთხარი, რომ მას დიდ პატივს ვსცემ… გახსოვს, ბაკურიანში რომ წერილზე ვეხუმრე, ალბათ ეხლა მას ჰგონია, რომ ჩემისთანა მატყუარა კაცი ქუთაისის ბულვარში არ დადის. აუხსენი, რომ მე არა ვარ მაგგვარი. მართალია, ხშირად ბევრი ცუდი საქმე მიქნია, მაგრამ ჩემი ეშმაკობა უმეტეს შემთხვევაში არავის ძიანს არ მიაყენებს… გადაეცი სალამი ვერას.
მიშა ვნახე, სანამდი სალიტერატურო საღამო დაიწყებოდა. მან მკითხა: ამეღამ გამოდიხართო? მე ვუთხარი. შემდეგ მკითხა, თუ რა შემადგენლობა იღებს მონაწილეობას საღამოში. მე ვუპასუხე, რომ ყველა სულელი ხალხია და მეც მათ შორის-მეთქი. მიშამ ზრდილობიანად გამაწყვეტინა: – “Вас можно выделить”.
სოფლიდან დღეს ჩამოვიდა მიშელი. ჩემი ამბავი გაეგო და ძლიერ მამტყუნებს, მარა ეხლა მეც თვითონ მცხვენია.
გადაეცი ყველა ჭიათურელებს: გალონმა შემოგითვალათ, ჩემს ოლოლს არაფერი აწყენინოთ-თქო.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა, ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ… მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით.

გალაკტიონი
31 აგვისტო
(1914 წ. ქუთაისი).

***
ოლოლ!

როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს… მაგრამ არა, რა იდეალური ამხანაგი გყოლია, ოლოლ! ეს ნატალია კაკაბაძე… მე ისიც, ისიც მიყვარს… უთხარი მას, რომ ისიც ძალიან კარგი გოგონა ყოფილა… მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არასდროს არ შემიცოდავს…

მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე

(5 სექტემბერი, 1914 წ.)

***

ოლოლი!

ლო იცოდე, ლა მშვენიერი დღე ალის დღეს! პირდაპირ არ გინდა კაცს სახლში იჯდე, გინდა გაინავარდო სადმე, წაჰყვე ვისმეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივი სიხარული და ბედნიერებაა.
დღეს ძალიან ადრე გამომეღვიძა, გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა. ცოტა სიცივეა, მაგრამ ცა ისე იყო მოწმენდილი, რომ უნებურად რომაშოვივით ლერმონტოვის სიტყვები გავიმეორე: [. . . . . . . ]
საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში “ვაჟნოთ” გავსწიე ქალაქგარეთ. უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავიუ, აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღეა, 8 იანვარს, შუა ზამთარში. რომ ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში წამეკითხა, არ დავიჯერებდი. მაგრამ ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს.
მივდიოდი იმ ქუჩაზე, სადაც გიჟებს ამწყვდევენ და სადაც რამდენჯერმე გულწრფელად გადავწყვიტე შენი იქ ჩამწყვდევა, ჩემო ოლოლი! იქ ერთი გიჟი გადმომდგარიყო ფანჯარაში და ჩემს შეხედვაზე გულიანად გაიცინა. მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე და ამაყი ღიმილით ჩავიარე, თან ჩემს თავზე გავიფიქრე: “И он усмехнулся горьким презрительнам смехом”.
გზამ სოფელ ქვიტირში მიმიყვანა. თურმე სულ ახლოს ყოფილა და მე არ ვიცოდი. გზაზე ბევრ მშვენიერ ფიქრს ვფიქრობდი და ძალიანაც არ მომგონებია, თუ სად მივდიოდი. შევედი ეკლესიის ეზოში და დიდხანს ვიწექი ქვაზე, შემდეგ წარწერებს ვათვალიერებდი, გავიცანი ბევრი მკვდრები, რომლებიც სიამოვნებით მომეგებნენ და მითხრეს: მობრძანდით, მობრძანდით! მაგრე რიგად ნუ გეშინია ჩვენი. ერთდროს ახლობელი მეგობრები ვიქნებით ან ჯოჯოხეთში, ან სამოთხეში, უფრო კი ჯოჯოხეთში. თან ისიც მიამბეს, რომ უმეტესი ნაწილი ქვიტირლებისა, და, საზოგადოდ, მთელი ქვეყნის მცხოვრებლების, ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან სამოთხეში ყველას არ უშვებენ ცეცხლისხმლიანი ანგელოზები. გავიგე ისიც, რომ ჯოჯოხეთში შესვლა არც ისეთი საშინელებაა , როგორც ბევრ ცოცხალსა გონია. თურმე კუპრის ზღვაში და ცეცხლის მორევში ცურაობა ჯობნებია იმ ათასნაირ დამცირება-გაჭირვებებს, რომელთაც ქვეყანაზე განიცდიან ცოცხალი ადამიანები. რისი ცოცხალი! მკვდრები დაჟინებით მიმტკიცებენ, რომ მათში ბევრი მოიპოვება ისეთი, რომლებიც ცოცხლებს სჯობიან ყველაფერში. აი თუნდაც შენო! – მითხრა ერთმა მკვდარმა, – ნუ გეწყინება და ეხლაც თუ მე შენ არ გჯობდე, დამიმტვრიე ეგ ძვლებიო. რა თქმა უნდა, მე იმ მკვდრისთვის სულ არ დამიმტვრევია ყბები, რადგან სრული სიმართლე სთქვა. მეორე მკვდარმა თავისი ლექსები ამოიღო და პათოსით კითხვა დაიწყო… ძალიან კარგი დეკლამატორი ყოფილა. მითხრა: აბა შეადარე შენს ლექსებს, რომელი სჯობიაო? თურმე ის კაცი მკვდრების საზოგადოებაში გენიოს პოეტად ითვლებოდა… საზოგადოდ, ჩემო ოლოლი, ცოტა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დღეს სასაფლაომ. იმ პოეტმა ტრაბახით ამიკლო, სულ ძვლებს აჩხარუნებდა და ისე გაიძახოდა: ჩემისთანა არ იქნებაო! მეც ვეღარ მოვითმინე და თავის ქება დავიწყე, მაგრამ მკვდარმა პოეტმა დაცინვით გაიღიმა და ჯიბიდან გაზეთი “შადრევანი” ამოიღო, სადაც მიხ. წულუკიძის წერილია მოთავსებული. მე სირცხვილით გავწითლდი და ხმა გავიკმინდე.
ხუმრობის გარეშე, მართლაც ბევრ სისულელეს ვფიქრობდი, როცა იმ საფლავის ქვაზე ვიყავი წამოწოლილი. მერე ჩემი ფიქრების მევე შემრცხვა, რადგან ჩემს თავზე გავიფიქრე: Он лежал на плите бледный, неподвижный და სხვები… უცებ წამოვხტი, ერთი გულიანად გადავიხარხარე და ისევ უკან დავბრუნდი. დამხვდა შენი წერილები.
…ოლოლი, ეხლა ვწყვეტ წერილის წერას. სახლის პატრონის ბავშვი შემოვიდა და სამელნე მთხოვა… კალამიც წამართვა, ასე რომ…

შენი გ.

P.შ. რისთვის გეგონა, რომ მე იმ დროს თეატრში ვიქნებოდი? მე ეხლა არსად არ დავდივარ და, მადლობა ღმერთს, არც ჩემთან დადიან. მხოლოდ ერთხელ გავისეირნე საღამოთი. ვიყიდე ია და დაფიქრებული მოვდიოდი ჩემთვის. უცებ შემომესმა ძახილი. მოვიხედე, რას დაინახავ: მანია, დედაშენი, დეიდაშენი, შალიკო, ვასიკო და სხვები მიდიან. ჩემთვის დაძახება არ უნდოდათ, მაგრამ როცა მანიამ ია დაინახა, ვერ მოითმინა და დამიძახა. მანიას ია ვუთავაზე, ყველას ხელი ჩამოვართვი და იმწამშივე დავბრუნდი…
იმ დღეს, შენ რომ წადი (ნათლიღება არ იყო?), ბაღში გავედი გასასეირნებლად. მივდიოდი მე და ვიღაც ღვდელი და დავინახეთ ვალია და ნინა ერთ სკამზე ისხდნენ და რაღაც სერიოზულ საუბარში იყვნენ…
ასეთი ამბებია ქუთაისში, ე.ი. ქუთაისში სხვა ამბებიც არის, მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს. ძმა ერთხელ მეტად არ მინახავს, მგონია წავიდა კიდეც სოფელში. მშვიდობით, იყავი კარგად, ჩემო ოლოლო!

გალაკტიონი
1915 წ. 8 იანვარი.

***

ёლკინ

გმადლობ მოკითხვისათვის! ნუცამ გადმომცა წერილის შინაარსი და თან დასძინა: ოლიას სახლში მიუწერია წერილი, სადაც ამბობს, რომ ბათუმზე ”ცეპელინები” დაფრინავენო, ვააა! იმ “ცეპელინით” ქე არავინ გაგიტაცოს და!
სხვა ёლკინ, რა გითხრა ზღვამ? ხომ კარგი ამინდებია? როგორი შლიაპა გაქვს, “ცეპელინი” ხომ არ გახურავს თავზე? თუ სიცხეებია, ალბათ, ფართოკიდეებიანი შლიაპა დაგჭირდება… ჩემი საქმეები, ёლკინ, ამ მაისში ვერ ეწყობა (საღამო). ფული ვისესხე. ივნისამდე, როცა საღამო მექნება… პეტრე გულიაშვილმა შემომითვალა, რომ არაფერი გზით ივნისამდე საღამო არ გამართო სამტრედიაშიო, ივნისში კი მარტო ერთ საღამოზე 150 მანეთს ჩაგაბარებო. თბილისიდან არც ერთ წერილზე პასუხი არ მოსულა. პირდაპირ უსინდისო ხალხი ყოფილა, თუ როდისმე ძალა მექნა ხელში, იმათ სეირს გაყურებინებ… ეხლა იმათ ხელში ვარ და არაფერი გამეწყობა…
ოლკინ! მომიკითხე ზღვა და . . . . . . .
მომწერე “პრიკლიუჩენიები”.

1915 წ. 11 მაისი
ქ. ქუთაისი.

***

დაგვიანებული სალამი ჩემს ოლოლს! ოლია, შენი ორი წერილი ახლახან მივიღე, რადგან ადრესი მართალი არ იყო, ამიტომ მთელი თითო კვირაეარნა სხვადასხვა ქუჩებში ჩემს წერილებს. წერილი გამოგზავნე ამ მისამართით: Кут. III Алекс. д.Григория Хачатурова. ადრესი დაიხსომე. სხვა, მე მე ძლიერ მოწყენილათა ვარ. მას მერე, რაც შენ წადი, ყველაფრის ხალისი დამეკარგა, ნამდვილმა “ხანდრამ” გარემომიცვა.
შენ რაღაც საიდუმლოებაზე მესაუბრები მეორე წერილში. ეტყობა, ღრმა საიდუმლოება არის, თორემ ისე როგორ იტყოდი, რომ სიკვდილამდე მას არ გაამხელ? მე კიდევაც ვგრძნობ, თუ რა უნდა იყოს შენი საიდუმლო (ქალის საიდუმლო ყოველთვის ძლიერ გამჭირვალეა)… და თუ ისეა, როგორც მე ვფიქრობ…
სხვა, მე ერთი პატარა ლექსი დავსწერე, რომელიც მსურს შენ მოგიძღვნა, ჯერჯერობით მშვიდობით… ლექსს მალე დავბეჭდავ, ეხლა კი იმგვარ ხასიათზე ვარ, რომ არც ერთი სტრიქონის მეტის დაწერა არ შემიძლია!

მარადის შენი გ.

P.შ. ადგილის დატოვებაზე იწერები… მე მანდ არა გამეგება რა. მოკლე ხანში ვრცელ წერილს გამოგიგზავნი.
მშვიდობით, ოლოლ! მშვიდობით
[1916 წლამდე]

***
დგება გაზაფხული! რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას. მგონია, თითქო, არასდროს ამისთანა გაზაფხული არ ყოფილა; ჩემთვის, რასაკვირველია, არც გაზაფხულია ნამდვილად ახალი და მოულოდნელი… გაზაფხული ისეთივეა როგორც შარშან და შარშანწინ… იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა. ან უნდა მოხდეს… ველი… ნუთუ ამ გაზაფხულთან ერთად იწყება ჩემი სიცოცხლის ვრცელი, უსაზღვრო და დაუმონებელი გაზაფხული? ნუთუ იგი ახალსა და სასიამოვნო ნუგეშს მომიტანს? მაშ რათაა, რომ ასე ხალისიანათ ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს… დღეს ჩემს თვალში არ არსებობს არავისი დანაშაული და უბედურება. მე დღეს ბედნიერი ვარ!
ნუთუ დღეს შენ არა ხარ ბედნიერი, ოლოლ?
მართლა, ოლოლ! რას ნიშნავს სიტყვები: Страшно ты мои переживания затрагивал, много плохого приписал… и дальше я не могла с тобою искренно говорить – боюсь чтобы мои чувства и помыслы не были задеты. და სხვა ასეთები? რას ნიშნავს? ჰო, მაპატივე, ოლია. მე ვთქვი რაღაცეები, მეც არ მახსოვს… მე მინდოდა მეთქვა, რომ… მაგრამ სრულიადაც მიზნად არ მქონია შეურაცყოფა ან ასეთი რამე. ნუთუ შენ ასე გესმის ადამიანის გულწრფელი სიტყვები? მაგრამ არა, ჩემი სიტყვები… მე არ მჯერა, რომ ჩემი სიტყვები შენ გაწყენინებდნენ…
მე მხოლოდ მინდა, რომ ჯანმრთელად და მხიარულად იყო… მეც არ ვიცი რათ მინდა ასე, ან რა უფლება მაქვს ჩემი სურვილები იმგვარად ვთქვა, რომ შენ დაღონდე?
…და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი და წერილის მიწერა… ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს, ოლია. მინდა ვთქვა და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და გამოდის სრულიად სხვა. ვამბობ და ვწერ იმას, რაც არავის არ ესიამოვნება, ეწყინება. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მაგალითი, რომ ჩემი ტკბილი გამარჯვება კაცს დაცინვით მიუღია, ვერ გაიგებენ…
აი, ასეთი ცუდი კაცი ვარ მე, ოლოლ!
მე კიდევ არ ვიცი, უკანასკნელ წერილებს გულწრფელადა ვწერ, თუ სიყალბე შემაქვს შიგ… აი, თუნდაც, ეს წერილი… ვერასგზით ვერ გავიგე, რა მინდა ვთქვა და რასა ვსწერ… ღმერთმანი, ასე არის, იმნაირათ ვწერ, იმნაირათ გიგზავნი წერილებს, მინდა, რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს და უეცრად შენ ყოველთვის პასუხად საომარ წერილებს გამოგზავნი… ბრძოლის გუნებაზე დადგები, რაღა! კარგია, შენმა მზემ…

გ. ტაბიძე
[1916 წლამდე]

***

ოლინკ!

რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ეხლა გაზაფხულია, სითბოა. როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს… რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე…
დასწყევლოს ღმერთმა მოსკოვი! მე მალე ჩამოვალ ალბათ, მაგრამ რა ეშველება სიცივეს, რომელიც მაქ არის? აქ ეხლა გაზაფხულია. ნეტავი ჩამოხვიდოდე! როგორ გამოცოცხლდებოდი, ვერ წარმოიდგენ. შენ ეხლა მანდ გძინავს, მზე გჭირია! აქ ვგრძნობ მხოლოდ, რომ ღმერთი ვარ!
ოლია, იცოცხლე ისე, როგორც შეშვენის ქალს, [ . . .] თქვენებთან ჯერ არ ვყოფილვარ.
შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! დავლევ უკანასკნელ წვეთს, დავწერ ამ წერილის უკანასკნელ სტრიქონებს და მივქრივარ თქვენებთან ეტლით.
ოლია, იყავი როგორც პრინცესა!
მარგარიტას რამკებმა საქმე გამიჭირვა, სულ სცვინდებოდა და ნერვები ამიშალა, ბოლოს გადავყარე, არ უთხრა.
ხვალ წერილს გწერ კიდევ.

გალაკტიონი
29 ნოემბერი, დილა, 1916 წელი.

***
ოლკინ!

შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!
მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ.
ამ წერილს კაფეში ვწერ. შემოვიდა გრ. ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს. ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ.
მეორე დღეა ქუთაისში ვარ და არავინ არ მინახავს. ვნახოთ, ვნახოთ…
ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?
მშვიდობით ოლია.

გალაკტიონ ტაბიძე
[30 ნოემბერი, 1916 წ.]
[ქუთაისი]

***

ვიყავი თქვენსას, ვიგრძენი ნამდვილი ბედნიერება. ყველაფერს მოგიყვები, როდესაც ჩამოვალ (ჩამოვალ კი?), ალბათ, გაუკვირდათ თქვენებს: დილას რომ დავწევი, შუაღამემდე არ გამომღვიძებია. ვიგრძენი, რომ დედაშენს ძალიან ვუყვარვარ, (ასე მომწერე წერილი). შენი “პაპა” შემხვდა გზაში. ვიგრძენი, რომ ძალიან კარგი კაცია! სახლში დამხვდა ნინა, რომელიც მალე წავიდა. შემდეგ მოვიდა მანია. ვიგრძენი, რომ მანია შესანიშნავია, დამახვედრა კალამი. ყველა თქვენები მიყვარს. მაპატიე ეს სიტყვები. მე “ქუჩის ბავშვი”, ღირსი არ ვარ ეს სიტყვები ვთქვა; შალიკო, ვასია, ყველა კარგებია! შენც კარგი ხარ, ჩემო ძვირფასო ლიოლი! შენისთანა არავინ არ არის!
მე ვარ მხოლოდ უბედური და დაწყევლილი, უსახლკარო, უბინაო… მე მართლა, შენი არ იყოს, “ქუჩის ბიჭი” ვარ!

გალაკტიონ ტაბიძე

30 ნოემბერი
[1916 წ]

***
ოლი!

თუ გავნთავისუფლდი, მე აქ მალე საღამოს გავმართავ! საღამოს დიდებულად მოვაწყობ. ფული შემოვა. რა ამიდებია! რა ამიდებია, რომ იცოდე! ზაფხულია პირდაპირ!
შეიძლება იების მოკრეფა. თუ მოვკრიფე, მოგიტან უსათუოდ.
ჩამს საღამოზე მომიტანენ ყვავილებს? ვინ იცის!

გალაკტიონ ტაბიძე
[30 ნოემბერი, 1916 წ.]

***
ოლია!

ნუ გამამტყუნებ, რომ ამდენი ხანი წერილი ვერ მოგწერე. არაფერი ჯერ არ გამიკეთებია და, როდესაც საქმეებს მოვათავებ, შეგატყობინებ. მიდის აქ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად, ძლიერ უფერულად და უსიხარულოდ. ბინად ვარ ჩუდეცკისთან. ერთხელ ჩუდეცკისთან მოვიდა მეორე მხატვარი, კროტკოვი, და დიდ ქაღალდზე დახატა ჩემი სურათი, ვერ წარმოიდგენ რა შესანიშნავია. თანვე წაიღო. დახატული ვარ პროფილში. ჩუდეცკიმაც დაიწყო ჩემი სურათის ხატვა – ამ დღეებში დათავდება. 23 დეკემბერს ქალაქის თეატრში მაქვს სალიტერატურო საღამო. ძალიან მიშლიან ხელს, რომ საღამო კარგი გამოვიდეს, მაგრამ მოვაწყობ რამეს. სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს მე, გაფრინდაშვილი და იაშვილი. ძალიან დიდი ჩხუბი მოგვივიდა და ვუთხარით ერთმანეთს ისეთი სიტყვები, რომლებიც ამის შემდეგ დაახლოვების ნებას არ მოგვცემს. მე არ ვნანობ. ამ დღეებში გამოვა მეორე “ცისფერი ყანწები”. დიდი ამბებია, ერთი სიტყვით… ჩემი ჯარისკაცობის საქმე ბურუსშია. რაღაც მეშინია გამოცხადება, ამ დღეებში მაინც გამოვცხადდები. აქ ჩამოვიდა ჩემი ძმა, მისცეს ორი თვის “ოტსროჩკა”, პირდაპირ სასაცილოა ეს ამბავი! მიშელ ბოჭორიშვილი მიიღეს, მაგრამ შეიძლება მასწავლებლობამ უშველოს… ამასწინად ფოშტაში ვიყავი და შემხვდა დათიკო… წავედით ერთად სასადილოდ. ბევრი ვისაუბრეთ. დათიკო ამბობს, რომ ნუცა გადიდკაცდაო, გულგატეხილი ამბობს, რომ საზოგადოდ იცვლება რაღაც ხალხიო. ეჰ, ეგ მართალია, მართალია! მე მთლად ნერვებად ვარ გადაქცეული. ძალიან მწარეა ჩემი ცხოვრება, ძალიან!
ტიტე თურმე აქ ჩემზე ცოტათი ირონიულ წერილებს იწერება. ტინიტა ლა ცომედია!
ალბათ სიცივეა ეხლა მოსკოვში, არა? არ გაცივდე, ოლი! აქ დაიწყო წვიმები და აღარ თავდება, შემოდგომის შთაბეჭდილებაა: “Настанет скоро осень,- пора глухих ночей”.
ნეტავი ეხლა შენთან ვიყო მანდ, მოსკოვში. ოლი, თავს მოუფრთხილდი, თავს მოუფრთხილდი! ყველაფერს მოესწრება კაცი, მაგრამ დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენას კი ვეღარ! ამასთანავე, ოლი, ილოცე ჩემთვის! ნეტავი გავიმარჯვებთ თუ არა ამ საღამოზე? ოლი, არავინ ყვავილებს არ მოიტანს, არავინ! მაგრამ იმ დღას ჩემთან განუყრელად იქნება შენი ოცნება, არა? მე ეს გამამხნევებს… აქ ყველა ჩემი მტრებია!
ჩამოვალ მოსკოვში და უსათუოდ ვიცხოვროთ ერთად სადმე კარგ ოთახში, ყველასაგან დაშორებით. უსათუოდ ასე სჯობია, არა?
მიშა ჩამოვიდა, ჯერ არ მინახავს.
მანია დავინახე: ეტლით მიჰქროდა სადღაცა, კარგი [. . . ] რას შვებიან შენი მეგობრები?
ღმერთო! შენ იყავი ჩვენი ორივესი მფარველი.

სამარის კარამდი შენი გ ა ლ.

[ქუთაისი]
1916წ.
15 დეკემბერი.

***
ოლია!

სწერ თუ არა ჩემზე წერილს? უსათუოდ უნდა დამახვედრო, , იცოდე, როდესაც ჩამოვალ. ჩემი წიგნი უნდა გამოვცეთ რუსულად, თარგმანები. აქ იყო იგორ სევერიანინი… გავიცანი… ძალიან კარგი კაცი ყოფილა, ჰო მართლა, ამასწინად შენი დედა შემხვდა და საყვედური მითხრა, რომ წერილებს არ გწერ… ძალიან აღელვებული იყო.
ყოჩაღად იყავი, ოლია!
როდესაც ჩამოვალ, ჩვენ ერთედ ვიცხოვრებთ, წამოსვლას შეგატყობინებ დეპეშით. ეხლა კი მშვიდობით…

შენი გალაკტიონი

[29 იანვარი
1917 წ.]

***
ოლია!

როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! არ ვიცი, შეიძლება თუ არა იანვრიდან შანიავსკის უნივერსიტეტში ჩაწერა? ეს აუცილებლად საჭიროა სტიპენდიისათვის. მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ. მე ამის იმედი მაქვს. Будет жить припеваючи! ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მობყრობა, ცხოვრება მიდის!

30 ნოემბერი [1917 წ.]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: