Posted by: burusi | 22/10/2009

კოლაუ ნადირაძე – ბიოგრაფია

კოლაუ ნადირაძე - Kolau Nadiradze

კოლაუ ნადირაძე - Kolau Nadiradze

კოლაუ ნადირაძე – Kolau Nadiradze (1895-1990)

კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა.
ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.
ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით. თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.
კლასიკური გიმნაზიიდან “მგლის ბილეთით” გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
პირველი ლექსი “ავზნიანი ქალაქი” დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი “ბალდახინი” გამოსცა 1920 წ. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო “მოწამლული” სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები. კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მან მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზით, სითბოთი, სინათლითა და ამაღლებით გამოირჩევა. ეს არის ტკივილის, ფიქრისა და ოცნების ხმა, საგნებისა და ფერების მუსიკა, რომელიც საუკეთესოდ ჟღერს ლექსებში “ადაჟიო”, “ზღვასთან”, “ჩემს ბავშვებს”, “თამარის ხიდი”, “შემოდგომა იმერეთის სოფელში”, “ოცნება საქართველოზე”, “მთვარის წყალობა” და სხვა. პოეტისთვის გადამწყვეტია ეროვნული სულისკვეთება, მისი შთაგონების წყაროა ქართველ წინაპართა დიდებული სახეები და მისი ღვაწლმოსილი თანამედროვენი. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია “წიწამურიდან საგურამომდე”, რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია. უშიშარი რომ იყო, ეს ღრმად მოხუცებულმაც დაამტკიცა, 1985 წელს გამოაქვეყნა ანტიბოლშევიკური ლექსი “25 თებერვალი. 1921 წელი”, რომელიც მეხივით გავარდა იმდროინდელი კომუნისტური საზოგადოების “მოწმენდილ” ცაზე.

“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”

კოლაუ ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა: ქართული მწერლობა. – ნაწილი მეორე.–თბ. 2008 წ.


Responses

  1. magariaaaaaaaaaaaaaaaaa

  2. ratom aravin ar wert rames?

  3. udzlieresi leqsia dzalian momewona


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: