Posted by: burusi | 12/09/2009

უჩა ბლუაშვილი – მიხეილ თამარაშვილი

მიხეილ თამარაშვილი - Mikheil Tamarashvili

მიხეილ თამარაშვილი - Mikheil Tamarashvili

რაბათელი თამარაშვილები ჯავახეთის სოფელ თოკიდან გადმოსულან ახალციხეში. მისიონერ პატრებს მათთვის კათოლიკობა მიუღებინებიათ და მთელი ოჯახი სომხურ კათოლიკურ რიტზე მოუქცევიათ. სომხურ ეკლესიას მათი გვარის შეცვლაც უცდია და საეკლესიო წიგნებში ისინი ბაინდუროვებად ჩაუწერია, მაგრამ თამარაშვილებს, დიდი ბრძოლის შედეგად, მაინც თავისი გაუტანიათ და ნამდვილი გვარი და ეროვნება შეუნარჩუნებიათ.
ახალციხეში გადმოსულ თამარაშვილებს რუმბების მოკუპვრადამზადებით გაუთქვამთ სახელი. ერთხანს ამ ხელობას კარგი გასავალიც ჰქონია, მაგრამ მაჰმადიანობის მასობრივი გავრცელების კვალობაზე მესხეთში მევენახეობა იკვეცებოდა. შესაბამისად _ მცირდებოდა რუმბებზე მოთხოვნილებაც. ამის გამო სოლომონ თამარაშვილი (მიხეილის პაპა) მეზობლებთან ერთად იმერეთში გადასულა და სოლომონ მეორისთვის წყალობა და ვაჭრობის უფლება გამოუთხოვია. შემდეგ ის ახალციხეში დამზადებული ტიკებით ხშირად დაიარებოდა ბაღდათის ბაზარზე და ოჯახისთვის სარჩოს შოულობდა. მესხეთსა და იმერეთს შორის ასეთი სავაჭრო ურთიერთობები ისე ძლიერი იყო, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ატეხილ ომსაც ვერ შეუწყვეტია. ომის დროსაც ახალციხელი ვაჭრები თავისუფლად დაიარებოდნენ ბაღდათის ბაზარზე.
მიხეილის მამა _ პეტრე თამარაშვილი იმერეთს ისე გაშინაურებია, რომ ქუთაისში ბინაც შეუძენია და ერთხანს ოჯახით იქ დასახლებასაც კი აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც მშობლიურ ახალციხეს ვერ შელევია.
მიხეილის დედა _ გაიანე არლელი ბათმანაშვილების ქალი იყო. იგი გამჭრიახობით, ჭკუითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. მიხეილ თამარაშვილი თავისი მშობლების მეცხრე შვილად 1958 წლის სექტემბერში მოვლენია ქვეყანას. პეტრეს და გაიანეს სულ ათი შვილი გაუზრდიათ _ ორი ქალი და რვა ვაჟი. მიხეილს ერისკაცობისას ალექსანდრე რქმევია. პეტრეს მიხეილის ძმებისთვის თავისი ხელობა შეუსწავლებია, მიხეილი კი, როგორც ნიჭით განსაკუთრებულად გამორჩეული, სწავლაში გასაწვრთნელად იოანე ნათლისმცემლის ე.წ. ქვემო ეკლესიის სამრევლო სკოლაში ივანე გვარამაძისთვის მიუბარებია. თავისი მოძღვრისგან მიხეილს მხოლოდ წერა-კითხვა კი არ შეუსწავლია, არამედ “ღრუბელივით შეუსვამს მამულის სიყვარული და მისთვის თავდადების აუცილებლობა”.
14 წლის იყო მიხეილი, მამა რომ გარდაეცვალა. ნიჭიერი ყმაწვილი იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ხელობის შესასწავლად ხარაზს მიბარებოდა. 1874 წელს მიხეილი ქუთაისში თავის ძმასთან ჩავიდა ხელოსნობაში ბედის საცდელად. ძმის დუქანში ერთხანს წაღებს ჰკერავდა, მაგრამ ორიოდე წელიწადში ძმები გაკოტრდნენ და საცხოვრებლად ხაშურში გადავიდნენ. დახლი ვერც იქ დაიყენეს, სახელოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეს დაუბრუნდნენ.
1878 წელს ივანე გვარამაძის დაჟინებული რჩევით 20 წლის თამარაშვილი კონსტანტინეპოლში გაემგზავრა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ამ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. საფუძვლიანად ისწავლებოდა ფრანგული და ლათინურიც. სამ წელიწადში მიხეილი თავისუფლად დაეუფლა ამ ენებს.
სკოლის ხელმძღვანელობამ ყველაზე ნიჭიერი სამი მოსწავლე შეარჩია და სასწავლებლად ესპანეთში გაგზავნა. აქაურ სემინარიაში მიხეილმა კიდევ სამი წელი დაჰყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა კვლავ გამოარჩია სწავლას მოწყურებული ყმაწვილი და ამჯერად უკვე პარიზში, ლაზარეს სასწავლებელში მიავლინა.
პარიზის სამეცნიერო ცხოვრების გაცნობამ მიხეილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1888 წელს სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თამარაშვილი თავის განუყრელ მეგობარ იოსებ მერაბიშვილთან ერთად კონსტანტინეპოლის ქართველთა ძმობაში მიიწვიეს. ამ დროისთვის დასნეულებული პეტრე ხარისჭირაშვილის ნაცვლად კონსტანტინეპოლის ქართველთა ცენტრს ნიკოლოზ მანველიშვილი განაგებდა, მონასტერში ის ძველი აღტყინება და შემართება აღარ სუფევდა.
თამარაშვილს გულმა სამშობლოსკენ გამოუწია. “დედა-ბინაზე” დაბრუნებულს კი მყისვე შავრაზმულ რეჟიმთან დაპირისპირება მოუხდა. ჟანდარმერიამ მასში იმპერიისთვის საშიში პიროვნება დაინახა (უნდა ითქვას _ არც თუ უსაფუძვლოდ) და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. თბილისში თამარაშვილი “მიძინების ეკლესიის” მოძღვრად განაწესეს. მან აქ თავისებური `განაწესი~ შემოიღო: ყოველი წირვისას თუ ლოცვისას ეკლესიის კათედრიდან ის მრევლს საქართველოს ისტორიის ცალკეულ ეპიზოდებზეც მოუთხრობდა. ცხადია, ეს ქართველ მრევლს ძალზე მოსწონდა. მაგრამ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგენიც. სომეხ კათოლიკეებს არ ესიამოვნათ მათ მიერვე გაყალბებული ისტორიის შესახებ სიმართლე, ამიტომ დაბეზღებებით, ათასგვარი ცილისწამებითა და ქრთამებით თარამაშვილისთვის ჯერ თბილისში, შემდეგ კი სრულიად საქართველოში მღვდელთმსახურების აკრძალვას მიაღწიეს. საქართველოს მაშინდელ მთავარმართებელ დუნდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით მიხეილ თამარაშვილს, როგორც არაკეთილი აზრების მქონეს, “ნაციონალისტური პროპაგანდისთვის” საქართველოს ტერიტორიაზე მღვდელთმსახურება აუკრძალეს. მას უფლება დართეს ახალციხეში ეცხოვრა, ოღონდ, მღვდლის მოვალეობა არც აქ უნდა შეესრულებინა.
ახალციხეში ჩასული თამარაშვილი თავის მოძღვართან და უფროს მეგობართან _ ივანე გვარამაძესთან “საყვარელ საგნებზე” საუბრით იქარვებდა დარდს. თუმცა, მალე ის ახალციხიდანაც გააძევეს. მიხეილ თამარაშვილს, როგორც მთავრობის მიერ “შერისხულს” არც რომში წასვლის ნებართვას აძლევდნენ. სომხური ტიპიკონის მქონე ახალციხის ეკლესიამაც არ მიიღო. მამისეულ სახლში კი სიღარიბე და შიმშილი მეფობდა.
1890 წელს მიხეილ თამარაშვილმა მაინც მოახერხა ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე სტამბოლში ჩასულიყო. აქედან იგი რომს გაემართა. აქ მან რომის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა გამოცდები. უსახსროდ დარჩენილს მხსნელად თავისივე ნიჭიერება მოევლინა. მას სტიპენდია დაუნიშნეს. 1894 წელს თამარაშვილმა აკადემია წარჩინებით დაამთავრა და დოქტორის წოდება მოიპოვა. დადგა შემოქმედებითი მეცნიერული მუშაობის ეტაპი მის ცხოვრებაში.
ამ დროისთვის მეტად მწვავედ იდგა ქართველ კათოლიკეთა წარმომავლობის საკითხი. სომხური კათოლიკური ეკლესიის მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ქართველი კათოლიკენი ბუნებაში არ არსებობდნენ. ისინი, ვინც დღეს თავს ქართველ კათოლიკეებს უწოდებენ, სინამდვილეში გაქართველებული სომხები არიანო.
1886 წელს კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენა აკრძალეს. ივანე გვარამაძე წერდა მიხეილ თამარაშვილს: “რომ არა ჩვენი ქალების დიდი შემართება, ამ ბრძანების შემდეგ ქართულ ქადაგებას საერთოდ ვეღარ შევძლებდითო”.
ქართველი კათოლიკენი რომის პაპთანაც ჩავიდნენ, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი. 1894 წელს პაპის მიერ გამოცემული დეკრეტით აღმოსავლეთის კათოლიკეებს საერთოდ აეკრძალათ ლათინური ტიპიკონით წირვა, მათ მხოლოდ სომხური ტიპიკონით უნდა ეწირათ.
კავკასიის მთავარმართებლის 1893 წლის მაისის ბრძანებაში თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია სომხურ ეკლესიად იყო მოხსენიებული.
დაიწყო დავა ქართული კათოლიკური ეკლესიის თაობაზე. ქართველები ამტკიცებდნენ _ მთავარმართებელ ციციანოვის დროს ეს ეკლესია ქართველებმა ავაშენეთო. სომხები გაიძახოდნენ _ ეკლესია სომხური კაპიტალით არის აშენებული, მაშასადამე, ის ჩვენ გვეკუთვნისო. (ცხადია, სომხები არ აზუსტებდნენ _ სად და ვისი ძარცვის გზით შეიძინეს ეს კაპიტალი).
საქმე სასამართლომდე მივიდა. საჭირო გახდა დოკუმენტების მოძიება. ასეთი დოკუმენტები კი რომის არქივებში ინახებოდა. 1892 წელს თბილისის კათოლიკურმა ეკლესიამ თხოვნით მიმართა მიხეილ თამარაშვილს _ მოეძიებინა ვატიკანის წიგნთსაცავებში საჭირო დოკუმენტები. შეკვეთა სიამოვნებით იქნა მიღებული. თამარაშვილის მიერ მოძიებულმა დოკუმენტებმა საქმე ერთმნიშვნელოვნად ქართველების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
რომის არქივებში მიხეილი არა მარტო საეკლესიო, არამედ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი მასალების მოძიებასაც შეუდგა. 1898 წელს ის რომიდან სწერდა თავის მასწავლებელს _ ივანე გვარამაძეს: “წიგნებს დღიდან დღეზე ვპოულობ. ძებნაზე დიდ შრომასა ვდებ… ხშირად 40-60 ტომს და ათასობით ფურცლებს ვფურცლავ და ზოგჯერ სრულებით ვერაფერს ვპოულობ და ზოგჯერ უცბად და მოულოდნელად შესანიშნავსა და სასიამოვნო ქაღალდებს შევხვდები… კიდევ დრო ბევრი უნდა, რომ ამისთანა დოკუმენტები შევკრიბო…”
ამ მართლაც ტიტანურ შრომას თამარაშვილი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ეწეოდა. მისი ერთადერთი შემოსავალი ამ დროს მღვდელთმსახურების მცირე თანხა იყო.
1894 წელს თამარაშვილი კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა დაჟინებული თხოვნით ფერიქოვის (კონსტანტინეპოლის ერთერთი უბანი) ქართული სკოლის მასწავლებლობას იწყებს და თავისი ლექციებით აღფრთოვანებაში მოჰყავს მოსწავლეები. მაგრამ სკოლაში გამეფებულმა ფორმალობამ და რუტინამ მალე მას გული აუცრუა.
თამარაშვილს არ მოსწონდა, რომ სკოლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა სტეფანე გიორგაძემ “სახლის გათავების შემდეგ დაიწყო ბაღისა და შადრევნების გაკეთება”, მოსწავლეთა აღზრდის საქმეს კი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.
1897 წელს მიხეილ თამარაშვილი რომში დაბრუნდა. 1898 წელს ახალციხეში მძიმედ ავადმყოფი დედამისი გარდაიცვალა. 1900 წლისთვის მიხეილს უკვე მზად ჰქონდა ნაშრომი `ისტორია ქართველი კათოლიკეებისა ქართველთა შორის”.
დაიწყო წიგნის დაბეჭდვისთვის საჭირო სახსრების მოძიების რთული ეტაპი. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ წიგნის გამოცემა ქართველმა ქველმოქმედმა _ სტეფანე ზუბალაშვილმა ითავა. 1902 წელს თბილისის სტამბაში რედაქტორ-კორექტორ პეტრე მირიანაშვილის თავდადებით წიგნმა მზის სინათლე იხილა.
მიხეილ თამარაშვილის ეს წიგნი მაშინვე იქცა მნიშვნელოვან მოვლენად ქართული საზოგადოებისთვის. მასში დასმული საკითხები შორს სცილდებოდა ქართველ კათოლიკეთა ისტორიას და სრულიად საქართველოს არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებდა. სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ახალი დოკუმენტების ანალიზის გზით თამარაშვილმა სრულიად ორიგინალური და, ამავე დროს, დამაჯერებელი პასუხი გასცა მანამდე ბურუსით მოცულ მრავალ კითხვას. თამარაშვილმა უტყუარ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაასაბუთა, რომ რომის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესია ქრისტიანული სამყაროს გათიშვის (1054) შემდეგაც აგრძელებდა ურთიერთობას. მე 12-13 საუკუნეებშიც საქართველოს ეკლესიის სიგელ-გურჯებში უწინდებურად მოხსენიებულია მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებული ხუთი პატრიარქი: ანტიოქიის, რომის, იერუსალიმის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა რომის ეკლესიასთან სრული გათიშულობის პირობებში. ამ შემთხვევაში ბერძნებივით მხოლოდ ოთხ პატრიარქს დავასახელებდით და რომის პატრიარქის სახსენებელს მათსავით მოვშლიდით, როგორც ეს მე-13 საუკუნის შემდეგ გავაკეთეთ კიდეცო.
თამარაშვილმა მოიძია და სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა ქართველ მეფეთა მიმოწერა რომის პაპებთან. ყვარყვარე ათაბაგისა და გიორგი მერვის წერილების გამოქვეყნებით მან ნათლად დაგვანახა მაშინდელი საქართველოს მესვეურთა უზარმაზარი ძალისხმევა თურქთა წინააღმდეგ დიდი კოალაციის შექმნისთვის. 1459 წელს ყვარყვარე ათაბაგის მიერ პაპთან გაგზავნილ წერილში კარგად ჩანს არა მარტო სამცხის მაშინდელი ხელისუფალის პოლიტიკური ორიენტაცია, არამედ მისი პოლიტიკური ალღო და შექმნილი რთული ვითარების ღრმა ანალიზის უნარიც. “…ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ. …გასულ წლებში მეზობელ ქრისტიან, მთავრებთან ომი რომ არ მომხდენოდა უფრო მომეტებულად გავიმარჯვებდი ურწმუნოებზე. ახლა შევურიგდი ყველა ჩემს მეზობელ ქრისტიან მთავარს და გარდავწყვიტე მთელი ჩემი ღონე და შეძლება მოვიხმარო ოსმალების წინააღმდეგ. მევე უნდა წავუძღვე 20 000 ცხენოსანს საომრად, რათა შეერთებულის ძალით შევებათ და ვსძლიოთ ოსმალთ.
გპირდებით, რომ ერთის ზაფხულის განმავლობაში დავიპყრობთ ანატოლიასა და ყველა ქვეყნებს, რომელიც ოსმალოს ამ მხარეს უჭირავს.
მეორე მხარეს თქვენ დაგიტოვებთ. ორ ჯარს შუა მოქცეული ოსმალეთი დამარცხდება… უწყოდეთ, რომ თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, კიდევაც რომ გულით მოინდომოთ, ვერაფერს გააარიგებთ, რადგან ურჯულო ოსმალეთი მუდამდღე ძლიერდება და ვეღარც შევძლებთ შემდეგში გულმოდგინეთ შეერთებას”.
თამარაშვილმა ისიც დაასაბუთა, რომ ასეთი კოალიციის შექმნა ჩაიშალა სწორედ დასავლეთის სახელმწიფოთა მიზეზით. ირან-თურქეთის ექსპანსიის დროს ყველაზე მეტად განაპირა მხარეებს _ სამცხეს და კახეთს გაუჭირდათ. მე-17 საუკუნეში მანუჩარ ათაბაგმა და ალექსანდრე კახთა მეფემ თავიანთ სამფლობელოებში კათოლიკე მისიონერები მიიპატიჟეს, რაც იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ ევროპაზე პოლიტიკური ორიენტაცია გრძელდებოდა.
თამარაშვილი დიდ ყურადღებას უთმობს ვახტანგ VI და სულხანსაბა ორბელიანის მოღვაწეობის გაშუქებას, ასევე ფართოდ მიმოიხილავს თეიმურაზისა და ერეკლეს ხანას, ხაზგასმით აღნიშნავს მათ დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციას.
თამარაშვილის წიგნი გამოცემისთანავე იქცა საერთო ქართულ მოვლენად. “გამოცემულმა თქვენს მიერ “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” ყოველი საქართველოს ყურე და კუთხე დაიარა და ყველგან აღფრთოვანებული ნათელი წაიღო და სიბნელეს სხივი მიაყენა და დასძრა და დაჰფანტა იჭვიანობა… გამოვიდნენ ასპარეზზედ თქვენი ჰაზრების დამცველნი”… წერდნენ ერთნი წიგნის გამოცემისთანავე.
`შენი გამოცემული წიგნები, რომელნიც არიან დოკუმენტები საქართველოს ისტორიის გვაროვნობისა და ქართული ტიპიკონისა, მართლაც ძვირფასი და დაუფასებელნი საუნჯენი არიან მამულის შვილებისათვის და თავგასული მტრებისთვის ლაგამის ამოსადებად…
მართლა რომ შენი შრომა ძვირფასია ჩვენი საწყალი ქვეყნისთვის”… წერდნენ სხვანი კონსტანტინეპოლის ქართული მონასტრიდან 1906 წელს.
ილიას `ივერია~ კი 1902 წლის N# 254-ში აღნიშნავდა: “ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა: და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა”.
მიხეილ თამარაშვილის წიგნს გამოეხმაურენ იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, მოსე ჯანაშვილი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, თედო სახოკია, მიხეილ წერეთელი, ივანე გვარამაძე და სხვები. ყველა მათგანი აღნიშნავდა ავტორის მიერ გაწეულ ტიტანურ შრომას და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი ფასდაუდებელი დოკუმენტების განუზომლად დიდ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის არაერთი ბურუსით მოცული მოვლენის ახსნის საქმეში.
უსახსრობის გამო მიხეილ თამარაშვილმა თავისი წიგნის მეორე ტომის გამოცემა ვერ შესძლო. მან ისღა მოახერხა, რომ ცალკე გამოყო საკითხების ნაწილი და ჩვენი ისტორიის გამყალბებელთა წინააღმდეგ პოლემისტური წიგნის სახით დაბეჭდა.
1902 წელს იტალიაში იტალიურ ენაზე მხიტარისტთა კონგრეგაციის წევრმა ტერ-გაბრიელ ნახაპეტიანმა გამოსცა წიგნი `სომხის კათოლიკეები საქართველოში და საკითხი კათოლიკე სომეხთა და ქართველთა შორის”, რომელშიც ქართველთა მიმართ ცილისწამება იყო გადმონთხეული.
1904 წელს ისევ და ისევ სტეფანე ზუბალაშვილის ფინანსური მხარდაჭერით და პავლე მირიანაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის აქტიური მონაწილეობით გამოიცა მიხეილ თამარაშვილის წიგნი “პასუხი სომეხ მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას (ისტორიული გამოკვლევა)”.
ავტორი აღნიშნავდა: “აზრად არა გვაქვს პოლემიკა გავმართოთ საერთოდ სომხის მწერლებთან, გარნა უპასუხოთ არ გვინდა დავტოვოთ ეგოდენი უსაფუძვლო და ცრუ აზრები, რომელნიც კადნიერად გამოაქვეყნეს ქართველ კათოლიკების წინააღმდეგ სომხურ გაზეთ “მშაკში” 1897 და 1898 წლებში”. თამარაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი პასუხები მხოლოდ “სომხის ზოგიერთ მწერალთ” შეეხებათ, რომელთაც თავიანთი სინიდისის ფასად იცრუეს და ისტორიაში ჩაუხედავი, მდაბიო ხალხის მოტყუებას შეეცადნენ.
ნაშრომში სათანადო ასახვა ჰპოვა ქართული დამწერლობის წარმოშობის, საქართველოში სომეხთა შემოხიზვნისა და გადმოსახლების, კათოლიკე მისიონერთა საქართველოში მოღვაწეობის, ქართველ კათოლიკეებში სომხური რიტის გავრცელების და სხვა საკითხებმა. “წამკითხველები ჰაერში აფრინდნენ სიხარულით… ძლივს გამოვიდა ვინმე ასპარეზზედ, რომელმაც უნდა გააცნოს ქვეყნიერებას ჩვენი ქვეყნის ამბავი”, _ წერდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი ლაზარე გოზალიშვილი ამ წიგნის გამოსვლისთანავე.
1905 წლისთვის მიხეილ თამარაშვილმა ფრანგულ ენაზე მოამზადა ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ, რომელსაც დაურთო დოკუმენტური ტექსტები, გეოგრაფიული რუკები, სურათები და ა.შ. ასეთი ნაშრომის გამოცემა, ცხადია, გაცილებით ძვირი ჯდებოდა.
თამარაშვილს ამჯერადაც ზუბალაშვილების იმედი ჰქონდა, მაგრამ 1904 წელს გარდაცვლილი სტეფანე ზუბალაშვილის მემკვიდრეებმა და ძმებმა აღარ ისურვეს მკვლევარის დახმარება. პირიქით, მას სტეფანესგან დანიშნული სუბსიდიაც მოუხსნეს, რის შემდეგაც თამარაშვილი სრულიად უსახსროდ დარჩა.
საჭირო გახდა აკაკი წერეთლის, ზაქარია ჭიჭინაძის, ცხადაძის და სხვა ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევა, რომ ზუბალაშვილებს კვლავ მოწყალე თვალით შეეხედათ რომში მყოფი მამულიშვილისთვის.
მათ კვლავ აღუდგინეს დახმარება თამარაშვილს და წიგნის გამოცემაშიც თანადგომა აღუთქვეს. 1910 წელს წიგნი ფრანგულ ენაზე გამოიცა.
საყოველთაო შეფასებით ამ წიგნის გამოცემა მოასწავებდა ახალი ეტაპის დაწყებას ქართველოლოგიის სფეროში. ევროპელთათვის ის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. თვით მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავდა, რომ `ადრე ჩემს მიერ გამოცემული წიგნები ამ წიგნთან მოსატანი და სახსენებელიც არ არიანო”.
საქართველოში წიგნმა 1910 წლის ივნისში ჩამოაღწია. ლ. გოზალიშვილი თამარაშვილს სწერდა: თავადაზნაურთა საკრებულოში “.. რა ნახეს წიგნი განცვიფრებაში მოვიდნენ… წიგნის სიდიადეზე და ავტორის მხნეობაზე… და უზენაესს უმადლოდნენ, რომ მოევლინა ქვეყანას ჩვენი კულტურის დასავლეთში გასაცნობად თქვენი მამობა. ვერ მოვახერხებ მათი სიხარულის გამოთქმას. დამპირდნენ, რომ ახლა მაინც შეგეწევიან, რომ სინდისი გაისწორონ. მგონი 1000 მანეთამდე გაახლონ…”.
1911 წლის 5 თებერვალს სვიმონ ქვარიანი თამარაშვილს ქუთაისიდან რომში სწერდა: “ეს ერთი თვეა, რაც ჩამივარდა ხელში თქვენი ფრიად შესანიშნავი თხზულება ფრანგულ ენაზე… წაკითხულმა აღტაცებაში მომიყვანა თავისი მეცნიერული ნაშენობით, საგულისხმო მასალა ფაქტებით და კარგი ფრანგული ენით… ამ საგანზე ჯერ მსგავსი არაფერი დაწერილა…”.
ხუთიოდე თვის განმავლობაში წიგნის გამოცემიდან ევროპაში ამის შესახებ 50-ზე მეტი რეცენზია დაიწერა. წიგნს უმაღლესი შეფასება მისცა ვატიკანმაც. “..სახელოვანმა ავტორმა მიხეილ თამარაშვილმა მოგვიძღვნა თავისი შესანიშნავი წიგნი ფრანგულ ენაზე. საუცხოო სტილით, სისწორით და გემოვნებით დაწერილი.. ეს თხზულება შესანიშნავია ძველი დროის საბუთების და მასალების საქართველოს ეკლესიის შესახებ ბრძნული კრიტიკით და თავისი ქვეყნის მტერთა მიმართ წყნარი ტონით….შიგ გამოსჭვივის მხურვალე, მაგრამ შეგნებული პატრიოტიზმი ავტორისა, რომელიც ერთგვარი სისწორით აღნიშნავს თავისი ერის როგორც ბრწყინვალე საქმეებს, ისე შეცდომებსა და საშუალებებს, რითაც შეეძლო მას თავი დაეხსნა… მკითხველნი, რომელნიც შეიძენენ ამ დიდებულ თხზულებას, მიუძღვნიან მის ავტორს დიდ მადლობას… ისინი გულის ფანცქალით წაიკითხავენ ამ წიგნში საგმირო ისტორიას იმ ერისას, რომელმაც, მიუხედავად საშინელი დევნისა და ტანჯვა-წამებისა, შეინარჩუნა სიმამაცე, სულგრძელობა, სამართლიანობა და უმეტეს შემთხვევაში დარჩა თავისი ქრისტიანული ტრადიციების ერთგული”, _ წერდა ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ჟოზეფ პტი.
თამარაშვილის შრომებმა ერთგვარად შეაჯამეს უცხოეთში მოღვაწე ქართველ კათოლიკეთა პატრიოტული საქმიანობაც. მას კონტაქტები ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს თითქმის ყველა წიგნთსაცავთან და არქივთან, რომელშიც კი ქართული მასალების არსებობა იყო სავარაუდებელი. მან უკვე უტყუარად იცოდა, რომ საქართველოს ისტორიის შესახებ დოკუმენტები მრავლად მოიპოვებოდა პეტერბურგის, მოსკოვის, ლენინგრადის, პარიზის, კონსტანტინეპოლის, ტრაპიზონის, ბეირუთის, ქაიროს, ალეპოს და სხვა ქალაქების წიგნთსაცავებსა და არქივებში.
ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მიხეილ თამარაშვილი დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად.
1911 წლის 2(15) სექტემბერს მიხეილ თამარაშვილი სოფელ სანტამარინელასთან ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე პროფესორ ავგუსტისთან ერთად სეირნობდა. ზღვა საოცრად წყნარი იყო. უბედურებას, თითქოს არაფერი მოასწავებდა. მოულოდნელად ამინდი აირია, ამოვარდნილმა ქარმა ზღვა ააღელვა. ამ დროს ყვირილი გაისმა. ვიღაც განწირული ხმით შველას ითხოვდა. ყველა ნაპირს მიაწყდა, მაგრამ ზღვაში შესვლას ვერავინ ბედავდა. … ამ დროს შეგროვილ ხალხს ორი ვაჟკაცი გამოეყო და აქოჩრილ ტალღებს შეება. ერთი მათგანი მიხეილ თამარაშვილი იყო, მეორე _ მისი მეგობარი პროფესორი. მაშველებმა მსხვერპლის _ ნავების დარაჯის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ… თვითონ ნაპირს ვეღარ მიაღწიეს… მიხეილი ამ დროს მხოლოდ 53 წლის იყო.
ასე მოულოდნელად ტრაგიკულად და, ამავე დროს, გმირულად შეწყდა სიცოცხლე ადამიანისა, რომელსაც კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლო თავისი სამშობლოსთვის. რომში მიხეილ თამარაშვილი დიდი პატივით დაკრძალეს. იტალიური პრესა აღნიშნავდა, რომ ამ კაცში ბუნებრივად იყო შეთვისებული თავისი ერისთვის დამახასიათებელი ერთგულება და კაცთმოყვარეობისთვის გმირული თავგანწირვაო. იტალიის საზოგადოებამ გადაწყვიტა თამარაშვილისთვის ძეგლი დაედგა.
ამან ქართველი ინტელიგენცია გამოაფხიზლა. დაიწყო მსჯელობა თამარაშვილის ნეშთის საქართველოში გადმოსვენებაზე.
სამწუხაროდ, მაშინ ქართველმა საზოგადოებამ ვერ შესძლო სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა.
1978 წელს ქართველმა ხალხმა მაინც აღადგინა სამართლიანობა.
მიხეილ თამარაშვილის ნეშთი ქართულ მიწაზე გადმოასვენეს. სამშობლოსთვის დამაშვრალი მამულიშვილი დიდუბის პანთეონში განისვენებს.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები