Posted by: burusi | 11/09/2009

გია არგანაშვილი – ზებულონის ტრაგედია (ჯემალ ქარჩხაძე)

ორი წლის წინ ხელახლა გამოიცა ჯემალ ქარჩხაძის გახმაურებული რომანი „ზებულონი”. ხმაური მის დაწერას არ მოჰყოლია, ის უფრო გვიან ატყდა, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც კრიტიკამ ძველ სტერეოტიპებს თავი დააღწია და ახალს დაემორჩილა.
მაშინ არა მხოლოდ ეს რომანი, არამედ ჯემალ ქარჩხაძის მთელი შემოქმედება გადაფასდა, უფრო სწორედ ხელახლა შეფასდა და დაფასდა.
საკვირველი ის იყო, რომ მწერლის ტექსტები პირველად წიგნის „მოძულე” მოზარდებმა აიტაცეს. მახსოვს „იგის” განსაკუთრებით აქებდნენ, აღტაცებულნი იყვნენ მისით, ეს პატარა მოთხრობა და მერე სხვა ნაწარმოებებიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
„ზებულონი” მწერლის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.
წიგნს ყდაზე რომანის მოკლე ანოტაცია, სარეკლამო ტექსტი ერთვის, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ წინ ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი, ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემული დაუვიწყარი ხასიათები, წარუშლელი ხატები, უზადო ქართული, დაძაბული თხრობა და წერის საოცრად მსუბუქი მანერა ელოდება.
ახალგაზრდა მკითხველის ასეთი ფორმით შეპატიჟება მხატვრული ტექსტის სამყაროში გამართლებულია, ხოლო მათთვის, ვინც ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას დიდი ხანია იცნობს ზედმეტი მეჩვენება.
რომანის მთავარი პერსონაჟი ზებულონია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში დრო ერთი შეხედვით ძალზე კონკრეტულია, ზებულონის ხასიათში ბევრი ნაცნობი დეტალი შეინიშნება, მისი სახე ძალზე ზოგადია ქართული სინამდვილისთვის, პერსონაჟის ბუნებაში მითოლოგიური გმირის ხასიათიც იკვეთება.
მწერალმა ის ისტორიიდან გამოიხმო, არა სულის მოსახსენიებლად, არა ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლის დასაფასებლად (ზებულონი ხომ მეომარი იყო), არამედ ახალი საგმირო საქმეების ჩასადენად. მწერალმა პერსონაჟს ძველი იდეალების მსხვრევა და გმირის ახალი სახის შექმნა შეუკვეთა, პირადული და საზოგადოებრივი ინტერესი შეეჯახა ერთმანეთს და მსხვერპლშეწირვის იდეას პიროვნული თავისუფლების იდეა დაუპირისპირდა.
ზებულონს მოუწია იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც თვითონ, როგორც ძველი მხედარი, იყო ჩამომჯდარი. ბუნებრივია, მისი ამგვარი ქმედება შესაბამისი შედეგითურთ ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა, ამიტომ რომანიც ნაღვლიანი გამოვიდა, თუმცა სასარგებლო. მხატვრული ტექსტი აუცილებელ გამოცდილებას შესძენს მას, ვინც მომავალში ზებულონის გზაზე სიარულს გადაწყვეტს.
და თუ რატომაა ზებულონის გზა ასეთი სახიფათო, ამაზე გვექნება ამ წერილში საუბარი.
ამ მხრივ ეს ნაწარმოები შეგვიძლია ერთგვარ საზოგადოებრივ დაკვეთადაც კი ჩავთვალოთ, რადგან როდესაც მწერალმა ამ თემაზე დაიწყო მუშაობა, დასავლური იდეალების (პიროვნული თავისუფლების იდეა) პროპაგანდა ჩვენში უკვე კარგ ტონად ითვლებოდა, თუმცა ეს ახალი იდეა რატომღაც უპირისპირდებოდა ძველს (მსხვერპლთშეწირვის იდეას და არა კოლექტიურ ცნობიერებას), რომელსაც მანამდე ეროვნული იდეოლოგიის სახელი ჰქონდა მოპოვებული.
ნურავინ იტყვის, რომ პიროვნული თავისუფლების ცნება დღევანდელ დასავლურ ცივილიზაციაში, ადამიანის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოებრივ განცდას ეწინააღმდეგება, ქვეყნისათვის თავგანწირვის მაგალითებიც დასავლური ქვეყნების ისტორიაში და დღევანდელობაშიც საკმაოდ მრავლადაა, ეს იმიტომ რომ იქ სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის უფრო მეტი და სასარგებლო გამოცდილება დაგროვდა, იქ მრავალთა მოვალეობებისადმი ერთგულება ცალკეულ ინდივიდთა თავგანწირვის აუცილებლობას გამორიცხავს, ეს მართლაც ახალი მსოფლმხედველობაა, რომლის მიბაძვაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნაა.
ამიტომ პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ნაწარმოებში ორი აზრის, ორი მსოფლმხედველობის ასეთი ფორმით დაპირისპირება, კათალიკოსისა: „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო” და ზებულონისა (ავტორისა): „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!”
ზებულონი და ზებულონი _ ამგვარი გამოთქმა ძალიან ხშირად გვხვდება წიგნში. ზებულონი გაორებულია (თუმცა ამ გაორების მიზეზი კარგად არ ჩანს, რადგან შურისძიების აქტიც მხოლოდ შედეგია), ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონაჟის შინაგან გათიშულობას, რომელიც საბოლოოდ მისი ტრაგედიის მიზეზიც ხდება.
ჩვენ ვისაუბრებთ ზებულონზე, ვეკამათებით და ვედავებით უშუალოდ პერსონაჟს, რადგან ის ნამდვილი ადამიანია. მწერლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გმირი იმდენად ცოცხალია, რომ ავტორისაგან დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება, პასუხისმგებელია საკუთარ აზრებზე და მოქმედებებზე, შეუძლია თავის მართლებაც და დაცვაც.
მისი ბუნებრივი შესაძლებლობა უფრო აქტიური მოქმედების საშუალებასაც იძლევა, თუმცა ეს ცოცხალი ადამიანი მაინც იზღუდება, და არა იმიტომ, რომ ის ქართველია და ქართველს რაიმე განსაკუთრებული მისია აკისრია საკუთარი ქვეყნისადმი, ზებულონი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული ბედისწერის ნებისა, რომელიც პერსონაჟს აიძულებს ავტორის მტკიცე ხელს დაყვეს და ნახედნი ბედაურივით წრეზე იტრიალოს.
ზებულონი მარტოსული ადამიანია, თუმცა მისი მარტოსულობა ჩვეულებრივ კომპლექსებით დატვირთული, ამპარტავნებით სავსე მოზარდის განმარტოებაა (ზებულონს ჯიუტი ხასიათი ჰქონდა და სხვების ჭკუაზე სიარული არ შეეძლო), რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ დიდებულ მარტოსულობასთან, სიბრძნის დედად რომ უნდა იქცეს. ჩვეულებრივ ასეთ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვე უფრო იზიდავთ, მათ ბუნების ენა უკეთ ესმით, ვიდრე ადამიანებისა, ამიტომ გაურბიან საზოგადოებას და ხალხმრავალ ადგილებშიც მარტოდ ყოფნას ახერხებენ.
ზებულონს იოველ ბატონიშვილის შეგირდად დადგომა სურდა.
ზებულონი არჩევანის წინაშე იდგა, იოველ ბატონიშვილთან წასულიყო თუ შური ეძია დაროაშვილებზე (დაროაშვილებმა ზებულონს მამა მოუკლეს), მან შურისძიება გადაწყვიტა, რადგან ხალხის მოთხოვნით, როგორც ფიცით, ისე იყო შეკრული. სწორედ ამგვარი არჩევანის წინაშე იდგა ზენონი („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”) და მან ერის ხმას ღვთის ხმა არჩია.
ზენონი შემთხვევით არ გვიხსენებია, ზებულონისა და ზენონის შედარება მართლაც შეიძლება (შესაძლოა ავტორსაც ჰქონდა ასეთი სურვილი), მათი გზები მაშინ გაიყარა, როდესაც ზებულონმა შურისძიება გადაწყვიტა, ზენონმა კი მონასტერში წასვლა აირჩია (ზებულონსაც შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება), ზენონის გადაწვეტილების შედეგი კარგად ვიცით (აგიოგრაფი მას დიდ ზენონად იხსენიებს), ზებულონი კი.. ზებულონი მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება ცრუ და უსაგნო ჩვენება იყო.
ზებულონმა შური იძია დაროაშვილებზე, მან სოფელი გააოცა თავისი სისასტიკით, არა მარტო გააოცა, არამედ დაიმორჩილა კიდეც, თუმცა მას მორჩილება არაფრად ეპიტნავებოდა, არაფერში სჭირდებოდა (როგორც თინია), შურისძიებამ ის შემსრულებლად, იარაღად ჩამოაყალიბა და გაუყენა გზას, სადაც ის საკუთარი შესაძლებლობების შემკვეთს მოძებნის.
ზებულონის შურისძიება გაუგონარი ქმედებაა, ავტორი ამბობს, რომ ეს მას სოფელმა მოთხოვა (ბუნებრივია, რომ ავტორი პერსონაჟის მხარეს იჭერს და მის გამართლებას ცდილობს), მაგრამ შურისძიების ფორმაც სოფელმა უკარნახა? საიდანაა ახალგაზრდა კაცში ამდენი სისასტიკე? ეს არაა რიტორიკული კითხვა, მკითხველი მის პასუხს ტექსტში დაუწყებს ძებნას და სამწუხაროდ ვერ იპოვის.
არავინაა ისეთი მიამიტი, რომ მებრძოლი ადამიანი გულჩვილ პაციფისტად წარმოიდგინოს, საეროდ ქვეყნისადმი, მოყვასისადმი თავგანწირვის უნარს ხშირად დიდი დანაშაულის (ცოდვის) გამოსყიდვის სურვილი ჰბადებს (გავიხსენოთ როგორი თავგანწირვით იბრძვის ონისე („ხევისბერი გოჩა” _ ალექსანდრე ყაზბეგი), რომელსაც ჩადენილი დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს), მაგრამ ზებულონის შურისძიება ჩვეულებრივ დანაშაულად ვერ ჩაითვლება, გაკვირვებას იწვევს არა დანაშაულის სიმძიმე, არამედ მისი ფორმა, ღრმა ფანტაზიის შედეგი, რომელიც ზებულონს სრულიად სხვა კუთხიდან გვაჩვენებს.
თუმცა ამ ხაზს აღარ გავყვებით, რადგან მწერალიც საგანგებოდ არ უღრმავდება ამ დეტალს (ამ მხრივ რომანი არათანმიმდევრულია). ზებულონმა თავისი ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, ასეთი ცოდვის მტვირთველი ახალგაზრდა ადამიანისთვის არაფერს შეუძლია სიმშვიდის მოტანა, გარდა ქვეყნისადმი, მოყვასისადმი ზრუნვას (დანაშაულის გამოსყიდვის ერთადერთი გზა), მართალია, ზებულონი თავდაუზოგავად ემსახურა ქვეყანას, მაგრამ ეს იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ეს იყო იძულება, სამწუხაროდ ზებულონს სინანულის გრძნობა აკლია და შესაბამისად არც მსახურების უნარი გააჩნია, რომელსაც შეუძლია მისი გახლეჩილი ცნობიერება გაამთელოს და სინდისი დაუმშვიდოს.
თუმცა, ზებულონი ხსნის გზას შეგნებულად არიდებს თავს, ამ შემთხვევაში (გავიმეორებ) პერსონაჟი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული უჩვეულო მსოფლმხედველობისა.
ამის განცდა კი ზებულონს მოუწია:
ზებულონი ბუნებაში გაიზარდა, მას ჰქონდა საშუალება ბუნების წესრიგი და ურთიერთდამოკიდებულება შეეცნო, თუმცა იქ, სადაც სხვა თავისუფალი ნების გამოვლენას დაინახავდა, ზებულონმა სულ სხვა რამ შენიშნა, ნაწარმოებში სრულიად ახლებურადაა გააზრებული მუხის სიმბოლო.
ერთხელ ზებულონი მუხებს შუა ჩადგა, ფეხები რაც შეეძლო ღონივრად დააბჯინა მიწას, ხელები მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, ვითომ თვითონაც მუხა იყო. დიდხანს იდგა ასე, თვალდახუჭული და გატრუნული. მანამ იდგა, სანამ მუხად არ იქცა და არ მიხვდა რა დიდებული რამ ყოფილა მუხა, რა მძლავრი, რა მშვიდი, რა ღონიერი…
შემდეგ ეს ნეტარი განცდა უკვალოდ გაქრა და მის ადგილას ერთბაშად შიშისა და გაუვალი უმწეობის გულის შემკუმშველი ზვირთი შემოვარდა. ზებულონმა უეცრად იგრძნო _ მუხის სიამაყე მოჩვენებითი ყოფილა, მუხის ძალა უქმი ყოფილა, მუხის მოთმინება უძლური და შემგუებელი ყოფილა,
მუხა მიწის ტყვეა, მუხა დაბმულია ფესვებით და უცხო მინდორთა სილამაზეს იგი ვერასოდეს იხილავს, მუხა განწირულია მის ფუტურო სიამაყეს არავითარი ფასი არა აქვს.
ასე ფიქრობდა ზებულონი.
თუმცა ზებულონმა არ იცოდა, რომ მუხის არსი მის ტყვეობაშია, რადგან ღვთისგან შექმნილ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, თვით ჩვენი პლანეტაც ორბიტის ტყვეა და სწორედ ეს დამოკიდებულება უნარჩუნებს მას თვითმყოფადობას. ამ ცოდნის გარეშე ზებულონი თავის გზას დაადგა.
ამ გზაზე ზებულონი ბექა ამილახვარს, ერთსა და იმავე დროს ბელზაბელსა და წმინდანს, გადაეყარა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო (ვინმე ბექა აუცილებლად გამოჩნდებოდა), ვინმეს უნდა სასიკეთოდ გამოეყენებინა ზებულონის სტიქიური ძალა, რომელსაც კალაპოტი სჭირდებოდა, რადგან უამისოდ მას შეეძლო მთელი სამყაროს ნგრევაც კი გამოეწვია.
აზნაურ ისახარის ვაჟს სწორედ აზნაურის კეთილშობილება, პიროვნული თავისუფლების ნება აკლდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ამიტომ იგი მუდამ სხვის კარნახს ელოდება. ზებულონი ინსტიქტის ადამიანია, მას საკუთარი სურვილების გაცნობიერებაც უჭირს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მის მოქმედებას მოკრძალებას ვერ დავარქმევთ.
ჰოდა, ასე უაზროდ გალია საკუთარი წუთისოფელი წყაროსთვალელმა ჭაბუკმა ზებულონმა.
ნეტავ, ვის აუჩუყებს გულს ზებულონის უკანასკნელი მონოლოგი, სიკვდილისწინა აღსარება?Gგანა ეწადა დაროაშვილების დახოცვა? მაგრამ დახოცა, ვინაიდან სოფელმა ჩუმი რისხვით უბრძანა დახოცეო.Gგანა წიგნი არ ერჩივნა ბრძოლას? მაგრამ ბრძოლაში დააღამა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა, ქვეყანას მეომარი სჭირდება და არა სწავლულიო, განა…
„ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.”
… ყველაფერი უკუღმა უკეთებია ზებულონს… არ უნდა დაეხოცა დაროაშვილები ზებულონს. ისახარს რაღას უშველიდა! უნდა მისულიყო იოველ ბატონიშვილთან ზებულონი. ვითომ რატომ არ მიიღებდა? ნესტანი არ უნდა დაეთმო ზებულონს. ვინ მისცა ქვეყანას იმისი ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!
Qქვეყანას მართლაც არა აქვს ამისი ნება, რომ ადამიანს ყველაფერი წაართვას და არაფერი დაუტოვოს, მაგრამ ადამიანს აქვს უფლება მსხვერპლად შეეწიროს მას, თუმცა ამის აუცილებლობას საზოგადოება არ ითხოვს, ამას ადამიანს მხოლოდ საკუთარი სინდისი კარნახობს, რადგან, საბედნიეროდ, ადამიანი ნადირი არ არის. მართალია, ადამიანი სინდისის ტყვეა, მაგრამ სწორედ ამ ტყვეობაშია მისი არსის გამოხატულება.
ამას რომ ვერ მიხვდა ზებულონი, სწორედ ეს იყო მისი ტრაგედიის მიზეზი, ამან ათქმევინა ეს სიტყვებიც:
ნუთუ მართლა ეს იყო ცხოვრება?
ძველი მხედარს ზებულონს სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა (არ ჩანს), მაგრამ რომც ჰქონოდა მაინც ვერ იმღერებდა „მხედართა ძველ სიმღერას”
სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვკვდებით გულდამშვიდებულნი…
ისტორიიდან გამოხმობილი გმირი განუხორციელებელი წავიდა ამ ქვეყნიდან.
ზებულონი მოკვდა.
ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, რომ ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.
* * *
რომანში ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეგხვდებათ, ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ბექა, კათალიკოსი) ლიტერატურული ტიპაჟის სიმაღლესაც კი აღწევენ, თუმცა რომანის ძირითად ტვირთს მაინც ზებულონი მიათრევს. ისტორიული რომანი ჩვენში ყველაზე პოპულარული ჟანრია, სქემები და სახეებიც ჭარბად დამუშავებულა, ასეთ დროს ძალზე ძნელია სტერეოტიპებიდან თავის დაღწევა, რადგან ისტორიაში ხედვის კუთხე ჩვენს მწერლობაში ათწლეულებიდან ათწლეულებამდე, თაობიდან თაობამდე არსებითად არ იცვლება.
იოველ ბატონიშვილი თითქმის იმეორებს ილია ჭავჭავაძის აზრს წიგნისა და ხმლის დროულობაზე. ხოლო მისი და ისახარის საუბარი ზებულონის მომავალ ბედ-იღბალზე მღვდლისა და პეტრეს საუბარს („გლახის ნაამბობს”) გვაგონებს.
გათათრებული მეფის მონოლოგი, სადაც იგი ქართველ ხალხს სდებს ბრალს მის გამუსლიმანებაში, ძალიან ჰგავს კონსტანტინე ბატონიშვილის მსჯელობას (ლევან გოთუა „გმირთა ვარამი”), მისი არგუმენტებიც იმდენად საფუძვლიანი ჩანს, რომ შეიძლება დაეთანხმო, თუმცა…
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაცნობი პასაჟები მწერლის მიერ შეგნებულადაა მოხმობილი, ეს ძველი აგურით ახალი შენობის აშენებას მაგონებს, ავტორის სურვილიც ალბათ ეს იყო, სხვა საქმეა თუ რამდენად მყარია ეს შენობა, რამდენხანს გაუძლებს დროთა დინებას, თუ მხოლოდ დროებითი საცხოვრებლის ფუნქცი აკისრია?
სტერეოტიპულია წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლის სახეც, არა მგონია ეს ბუნებრივი იყოს იმდროინდელ, თუნდაც გაუნათლებელი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ხარკია, რომელიც ქართულმა მწერლობამ გადაიხადა ათეისტური მსოფლმხედველობის წინაშე და რომანის ავტორიც შესაძლოა იძულებითი გადამხდელი შეიქმნა.
ჯემალ ქარჩხაძე პროფესიონალი მწერალია. მის ტექსტებში შემოქმედებითი ან საშემსრულებლო ხელოვნების პრობლემა თითქმის არ არსებობს. მწერალი იმას აღწევს, რაც სურს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ გმირთან ამდენი გვაბრძოლა და გვაკამათა, ესეც რომანის მხატვრულ ღირსებაზე მეტყველებს.
სხვა რამ მწერალს, ალბათ, არც მოეთხოვება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: