Posted by: burusi | 02/06/2009

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ნიკო სამადაშვილის სულიერი ნათესაობისათვის

ნიკო სამადაშვილი

“ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ნიკო სამადაშვილის სულიერი ნათესაობისათვის”
ლიკა ბარათელი, ლელა წიქარიშვილი

“შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგათ მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი”

ასე მიმართავდა ნიკო სამადაშვილი ნიკო სამადაშვილს, პოეტი – ბუღალტერს, თუ – პირიქით, როგორც ეს მინიშნებულია ლექსის სათაურში, თუმცა, აშკარაა, რომ აქ ბუღალტერი ებოდიშება პოეტს: “

“ვერ გიპატრონე მე, ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა’’.

“ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები, ტანზე გამონაყარი’’

“ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა…”

ნიკო სამადაშვილი ტრაგიკული მსოფლშეგრძნებით ნიკო ბარათაშვილის მონათესავე პოეტური სულია. ცხოვრების გზითაც წააგავს იგი ბარათაშვილს: ბარათაშვილი გადამწერლად მსახურობდა, ნიკო სამადაშვილი ბუღალტერი გახლდათ; მამის – მელიტონ ბარათაშვილის ურთიერთობა ვაჟთან არ იყო იდეალური, ხოლო ნიკო სამადაშვილს ბავშვობიდან თან სდევდა მამით ობლობა, აღმზრდელთაგან მიყენებული წყენა, მამისეული წიაღიდან მოწყვეტა…
ნიკო სამადაშვილი საკუთარ ორეულს ესიტყვებოდა, “ებუზღუნებოდა და ეანჩხლებოდა”.

“შენს ორეულს შენი ძვლების ლერწის ქვეშ სძინავს, ხან სთვლემს, ხან ფხიზლობს… ისეთ დროს წამოგიხტება, რომ აღარ იცი, თავგზააბნეული სად დაემალო; დაგცინის, გეჭიდება, აქეთ-იქით გაწყვიტამს; როცა მოგქანცავს, მოგღლის, შეძვრება შენივე გულის საბუდარში და შენს დალეწილ სხეულის ნარეყს ესაყვარლება’’.

ნიკო ბარათაშვილის ჭიდილი ბოროტ, “აღმშფოთ” სულთან, რომელმაც “მოუკლა ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება,” გაბაასება საკუთარ ბედის ვარსკვლავთან, რომელსაც “მოციმციმებასა” და “გამოდარებას” სთხოვდა, სწორედ შინაგანი გაორების, ორეულთან ჭიდილის გამომხატველია.

ნიკო ბარათაშვილმა ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, ვერ მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურის სარბიელზე, არადა, ხომ ვიცით, რომ მისი სურვილი ჯარისკაცობა იყო…

ნიკო სამადაშვილი სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გიმნაზიაში, დაასრულა გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან გამოირიცხა, რამაც უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. თვითონვე წერდა: “ოჯახური უსასხსრობის გამოისობით უნივერსიტეტს თავი დავანებე და მოვეწყვე მოანგარიშეთ’.

ნიკო ბარათაშვილის პიროვნებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა სოლომონ დოდაშვილმა. როგორც ცნობილია, “ბედი
ქართლისას” სოლომონ ლეონიძისეული განსჯანი სოლომონ დოდაშვილის შეხედულებების გამოძახილია. ნიკო სამადაშვილსაც ჰყავდა თვისი მეტრი – ერეკლე ტატიშვილი, რომელსაც იგი თბილისში სწავლისას (ჯერ კიდევ გიმნაზიის პერიოდიდან) დაემოწაფა. ამ ურთიერთობამ განსაზღვრა ნიკო სამადაშვილის გემოვნება, თითქოსდა, ობოლი ნიკო ხელახლა იშვა ერეკლე ტატიშვილის ინტელექტიდან. “შეხვედრები და სინანული” – ეს პროზაული კრებული პოეტმა სწორედ ერეკლე ტატიშვილს მიუძღვნა წარწერით: “ჩემი ცხოვრების სიხარულსა და გულშემატკივარს, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას”. ერეკლე
ტატიშვილის გამოსათხოვარიც უდიდესი გულითადობითა და ტკივილითაა განმსჭვალული:

“როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე”.

ბარათაშვილის მოლხენა, ბოჰემური ყოფა და ოხუნჯობანი განთქმული გახლდათ იმდროინდელ თბილისში; ნიკო სამადაშვილსაც თავშესაფრად ეგულებოდა სუფრა, უბრალო სასადილოებსა თუ რესტორნებში შექცევა, თუნდაც – ბოშა ქალებთან ქეიფი… ნიკო ბარათაშვილი, როგორც ბესიკ ხარანაული იტყოდა, “სიყვარულისათვის გაწვდილი ხელით მოკვდა,” ისევე, როგორც ბევრი სხვა პოეტი…

ნიკო სამადაშვილის წერილები პირველი მეუღლის – ევა ჩაკალიდისადმი ადასტურებს, რომ პოეტისათვის ეს ქალი ძალზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და, ცხადია, მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვებოდა გაუზიარებელი სიყვარულის სინანული:

“მე გენდე, გენდე ისე, რომ შენზე იქნება დამყარებული აწმყოც და მომავალიც. როგორც გენებოს, როგორც გინდოდეს, ოღონდ მე შენთან დავისვენო ხოლმე…
რა საჭიროა კადნიერება იმასთან, ვინც პოეზიაზე უფრო გიყვარს, მე არაფერს არ გიმალავ, გეუბნები იმას, რასაც განვიცდი და დავიღალე ამდენი მარტოობით…
რაღას უნდა მოელოდე, ჩემო კარგო, ამ ოხერ ცხოვრებიდან, როცა ყოველივე დაგეხშობა და ის, ვინც დიდ იმედათ მიგაჩნდა, მზათა ხარ შენი მომავალი მის კეთილდღეობას ანაცვალო, გამოდგება ცივი და უგრძნობელი… ათი ათას ,,არა’’-ს შემდეგ მე მაინც მოვდიოდი შენთან! რადგან მჯეროდა, რომ გაქვავებული სიტყვების იქით იმალებოდა ის ნაზი და კარგი გული, რომელიც ოდესღაც მაინც იგრძნობდა ჩემ ჯვარცმულ და გატანჯულ სიყვარულს…”

ამ ფრაგმენტებიდან თითქოს ნიკო ბარათაშვილის წერილებისა და ლექსების განწყობილებები ისმის. ვინც მაღალი გრძნობის ეგონა, სწორედ მასში შეიცნო უგულობა, სიცივე და პირუმტკიცობა, ვისაც სილამაზისა და მშევნიერების საზრისს გაანდობდა, სწორედ მას არ აღმოაჩნდა განსჯა, მან ვერ გაუგო და დააფასა მისი ტრფიალი…

ოჯახის საზრუნავში ჩაფლული ნიკო სამადაშვილი მაინც საოცრად მარტოსული მოჩანს მისი ლექსებიდან, ისევე, როგორც ნათესავებით, დებითა და ახლობლებით გარშემორტყმული ნიკო ბარათაშვილი… ნიკო სამადაშვილსაც ეწადა, თავი დაეღწია მტანჯველი ყოველდღიურობისათვის, გრძნობდა, რომ სხვა იყო მისი მოწოდება და სრულიად განსხვავდებოდა იგი რეალობისაგან. პოეზია ღვთაებრივ მშვენიერებად ესახებოდა, მაგრამ ამ მშვენიერების ხილვით დასნეულებულად მიიჩნევდა თავს.

“პოეზია სიმინდის ქოჩოჩი როდია. ის გულამოსკვნილი სიმღერა არის, ის ხელოვნების ცისკრის ციმციმზე და მარადისობის ატეხილ ზარების ჰანგებზე როკავს. პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს”…

,,შემოქმედი გონებადაკარგვამდე უნდა ყვარობდეს ლექსის სიმღერას: ყოველი ლექსი გულის კურთხეულ სისხლში ბარძიმივით უნდა იყვეს ამოვლებული. რა
ნეტარებაა, როცა გულის გორგალზე ბრწყინავენ ამოხვეული ქარვის სტრიქონები და გვირისტშემოვლებული რითმები. შემოქმედების ცეცხლმა უნდა მოგიტაცოს, რომ იქ დაიწვე და დაიფერფლო. შენს ვენახში ქართული ლექსიკონის რთველი რომ მორჩე, შენივე განცდების საწნახელში დაწურე, შენივე შთაგონების ქვევრში ჩაასხი და არ ამორწყო სანამ კარგად არ დამაჭრდება და შენი ფიქრებიდან ფიქრებში ერთი ორჯელ მაინც არ გადაიღებ”…

ამ საწნახელში ფიქრითა და განცდით მოფუსფუსე პოეტი უმძიმესი ყოფის სამანებს ეხეთქებოდა, მას სხვა სანოვაგე უნდა ეძებნა დამქანცველ ყოველდღიურობაში:

“ფული ვისესხე, ბავშვებს პური ვუყიდე ძლივას,
მშიერ ოჯახში შევიტანე ერთი დღის სარჩო…
…დავალ, თვალებში ჩამჭედია რისხვა და ტყვია,
შევალ ოჯახში სხვილ ცრემლებით ჩაუქრობელი.

ყოველდღიურობა და ლუკმა-პურის შოვნისათვის გაღებული მორალური მსხვერპლი წამლავდა ნიკო სამადაშვილის ცხოვრებას, ლექსის გამოთქმას აძულებდა და თავბედს აწყევლინებდა:

“აი, გათენდა. ეს ოხერი უნდა წამოვდგე,
გარეთ გავიდე, ჩემს ბალღებს ვუშოვნო პური,
უნდა ვიარო, ვიწანწალო, თითქმის მთელი დღე,
სიცოცხლის გზაზე არ დავინდო არც გარეშე, არც შინაური”

საკუთარი შემოქმედება ტვირთად დააწვა ნიკო სამადაშვილს, მამხილებელ ხმად ჩაესმოდა სახე თუ რითმა, სინდისი ქენჯნიდა:

“როგორღა ვზიდო ბავშვების ცოდვა,
მომბეზრდა მუდამ სივრცისკენ ტრფობა,
ან სივრცეებში ნეტავ რა ყრია,
ვიცი, მიწები ჩემნაირ პოეტს
საყდრის კედელთან კიდევ დაყრიან”

ჩამქრალი ლამპრის, გამქრალი ტაძრისა და უნუგეშოდ დახშული კარის განცდა, ბარათაშვილისეულ “ვპოვე ტაძარში” რომ გაიჟღერებს და მკითხველის
მიერ რწმენის კრიზისად აღიქმება, ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში ღრმა სკეპტიციზმისა და ღვთისგან მიტოვებულობის ტკივილად იქცევა. ქრისტე და
ადამიანი ერთმანეთს დაშორდნენ, ადამიანმა “გააჩვეულებრივა” ღმერთი:

“საღამო მოდის, ტაძრის კარი ჩუმათ იღება,
სანთლების შუქი მეგებება დაღვრემილ პოეტს,
სამრეკლოს ზევით – დასაქცევი ცა იღრუბლება,
ქრისტე იცინის, გარეთ გადის და მარტოს მტოვებს…”

ბარათაშვილი რწმენის შერყევას განიცდიდა:

“რა ვარ აწ სოფლად, დაშთენილი უსაგნოდ, მარტო:
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი…’’

ნიკო სამადაშვილიც საკუთარ ურწმუნობასა და ღმერთთან მიუსვლელობას იგლოვს:

“საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა, რაც დაეთრევი, ჩემო ნიკო, დედამიწაზე. წლები გაფრინდნენ, შენ კი ყველგან დაგაგვიანდა, ღმერთი რა არის, ისიც თითქოს ვეღარ იწამე”.

ნიკო ბარათაშვილს მიუძღვნა ნიკო სამადაშვილმა თავისი მშვენიერი ესეი “პოეზიის მწვერვალები”. ბარათაშვილის გამოჩენას ქართულ სინამდვილეში ნიკო სამადაშვილი ისტორიულ-პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტს უკავშირებს: “აღამაჰმადხანის და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ვერაგ მუხლებზე გადატეხილ ქართულ სალამურს სიმებმოზიდული მუსიკოსი სწყუროდა, გაპარტახებულ მიწა-წყალს – მადლიანი მხატვარი… იმ შავბნელ დროში ბედის უკუღმართობამ პოეტის საუნჯენი ხელში არ ჩაუგდო ასოთამწყობს, თუმცა რა შეედრება ხალხის გულზე დასტამბულ ლექსებს…” ნიკო სამადაშვილის ეს ჩანაწერი შევიდა პროზაულ კრებულში “შეხვედრები და სინანული”. ამ კრებულის მთავარი გმირი თვით ავტორია, მთხრობელის “მეგობარი,” მისივე ორეული, რომელიც “კოჭებამდე ვერ სწვდებოდა ბარათაშვილის ხელოვნების მწვერვალებს, მაგრამ მუხლებზე ხომ ეხვეოდა, ხომ უკოცნიდა ნაღვლიან თვალებს, იმასაც ხომ ერეოდა სიხარულის ჟრუანტელი, როცა მთაწმინდას შემოაღამდებოდა და დიდი პოეტის რუხი ლანდი მთვარის განიერ სინათლეს მდინარის ტოტივით გადმოაგდებდა ხოლმე საქართველოში…”. ნიკო ბარათაშვილის ნაღვლიან თვალთა დამკოცნელი თვით ნიკო სამადაშვილია, იგი მისი დარდისა და სიხარულის მოზიარეა: “ჩემო ტატო! ნეტავი ეგ შენი გულის ფერფლი ამაკრეფინა, რომ შეუნახოთ განძის დარად შთამომავლობას” – ასეთი ძალის თანაგანცდა მხოლოდ ღრმა სულიერი ნათესაობის შედეგია. ნიკო ბარათაშვილს ნიკო სამადაშვილი სწორედ ამგვარი ნათესაური განცდით მოიხსენიებს:

,,გახსოვს, ქარი რომ ბურტყუნებდა დედის ბალადას? –
ხან კი მწირივით ყაყანებდა ხნიერ ცაცხვებზედ?!
ხელში მთაწმინდას რო ეჭირა ტატო ბალღივით,
და ღვთისმშობელი გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე?!’’

,,როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია
ტატოს ძეგლია აღმართული საქართველოში’’.

ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი პათეტიურია, ერთგვარად გვაგონებს ვაჟა-ფშაველას მიძღვნით ლექსებს სახოტბო ინტონაციითა და
ამაღლებული განწყობილებით, თუმცა, ამ პათეტიკაში არაფერია ყალბი, მოჩვენებითი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერებს პოეტმა “მწველი” უწოდა,
ხოლო თავად ბარათაშვილის სილუეტი მერანსა და მთაწმინდას დაუკავშირა:

“ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას,
რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით,
ირმის ნახტომი გაბნეული ღამის ნისლებზე,
თითქო ბუღია ავარდნილი ღამის ჭენებით.
შენი ხსენება ყველა კაცის გულს დაერევა,
უკვდავებისკენ გაფრენილო ბედნიერებავ!”

ნიკო სამადაშვილის ლექსებში გამორჩეული სივრცეა მთაწმინდა, ილიას საფლავი, რომელიც აღიქმება ბარათაშვილის საფლავისა და სილუეტის ფონზე: “მოვლენ ქარები, მოიტანენ ბარათაშვილის მერნის ჭენებით გზებზე აღმართულ მტვერს…” ილიას უკავშირდება ნიკო ბარათაშვილის სახელისა და შემოქმედების “აღმოჩენა”. ბარათაშვილის პოეტური სამყარო ნახევარი საუკუნის შემდეგ გახმიანდა საქართველოში. ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაც სრული სახით
პოეტის გარდაცვალებიდან საკმაო ხნის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ. 1973 წელს (პოეტის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე) გამომცემლობა “მერანმა” გამოსცა ნიკო სამადაშვილის ლექსების პირველი კრებული “ბეთანია,” რომელიც თამაზ ჩხენკელმა შეადგინა. როგორც ჩანს, ამ პოეტების შემოქმედებას ეს ხიბლი და იდუმალებაც უნდა შესძენოდა: სიცოცხლეში “დამალული” მათი ლექსების გამოქვეყნებით თვით პოეტურ ენას, პოეტურ ტრადიციას უნდა განეცადა რაღაც მნიშვნელოვანი, განმაახლებელი, მთელი სიმძაფრით უნდა წარმოჩენილიყო პოეტურ სულთა ყოფის ტრაგიზმი, რათა საყდრის ჩიტის გალობით ავსებულიყო “ვრცელი და ფუტურო ქვეყნიერება”.

ლიკა ბარათელი, ლელა წიქარიშვილი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები