Posted by: burusi | 05/06/2009

გიორგი ბუნდოვანი – “ადამიანები და ხეები”

ბუდა, ოდილონ რედონი, 1905 წ.

გიორგი ბუნდოვანი – “ადამიანები და ხეები” (ბადრი გუგუშვილის ხსოვნას)

ხეები კრთიან და იცვლებიან
გაუმჟღავნებელი ფირის ნეგატივებივით…
სახლები სდუმან, როგორც სდუმან მრავალი წლის უკან
მათი აღმშენებელი ადამიანები _ მრავალგზის დახოცილნი.
მძიმე ქვებით დახუნძლული ტერიტორიების უხმაურო კვნესით
ითრგუნება ბუნება.
ხეებთან მწყობრად დგებიან მარტივი ადამიანები,
რომლებიც თავიანთი იოლი მცდელობებით სხლავენ თავიანთ
ბერწ იმედებს.
ნაკურთხი წყლებით ირწყვებიან _ მკვდარი პოეტებისაგან
და მათი ცოდვილი სულებით ეჟღინთებათ ფესვები _
მივიწყებული სამარეებიდან…
რომლებზეც უხმოდ ამოსულნი, ხმაურიანად და ამაყად ჰყვავიან!
დაცემული ანგელოზებივით მოთქვამენ, როცა ბოროტი მეტყველნი,
ცულებით ხელში ულოცავენ უკანასკნელი წუთის დადგომას.
დაბნეული და გაბნეული თესლების ჰაერში ფარფატი,
_ აქედან იწყება ყოველი ახალი ნერგის ასწლოვანი ისტორია…
თანაც ოდესღაც, ასკეტი მორჩილნი, დოქებით ხელში
აპკურებდნენ მათს წინამორბედთ, მათთან ერთადვე გადაშენებულთ!
მრავალი ჩრდილი უძღვნიათ სიცხეში და მრავალი გზააბნეული
მგზავრისათვის იავნანა უშრიალებიათ ხმელი ფოთლების ქვითინით.
მე ვიცი, ხეების უსიტყვო სევდა,
მე მჯერა მათი ცოცხალი არსების და იმის, რომ ტკივილის
გამჭოლი გრძნობა, მათთვის უფრო მძიმედაა ასატანი,
რადგანაც არ შეუძლიათ შეკივლება და ოხვრა…
რადგანაც ყოველი ადამიანის დაუწერელი მოვალეობაა _
_ ერთი ხის დარგვა და მრავალის მოჭრა,
_ ერთი ადამიანის მოკვლა და ათასის შერისხვა.
თუნდაც ხეთა რიგს, გინდაც ჯარს, რკალად ხრიდეს
შემტევი ქარების სუსხიანი განმარტოება…
ეს ქარები ხომ ჩვენ შეგვმუსრავენ და აღგვგვიან
მიწის პირიდან!
ამიტომ რთულია კუნძებს მიუსამძიმრო, თუ მათი უხმო ენა არ იცი,
ამიტომ ადვილია მათზე ჩამოჯდომა ან სუფრის გაწყობა.
მით უმეტეს, თუ ყოფილი ხეების და ყოფილი ადამიანების სულთა მოსახსენიებელს
არც კი შესვამ, არც კი გაგახსენდება!
და საუკუნეების კოლექციონერი-ვერაგი დრო ხარბად იტევს მილიარდობით ხეთა
და ადამიანთა უსახელო ბიოგრაფიებს, რადგან საფლავებშიც ხომ ხის სასახლეებია
ჩაშვებული და ადამიანები, როხროხითა და გრიალით,
ხეებთან ერთად მიედინებიან უკანასკნელ, უთავბოლო მოგზაურობაში…
რომელსაც სიკვდილის ერთიანი საზრისი საზღვრავს!
ადამიანები და ხეები გვანან ერთმანეთს _ თავიანთი ურთიერთსაჭიროებით,
ურთიერთგარდუვალობით და ურთიერთშეზრდით!
და, რადგანაც ხის თუ რკინის ლოგინებში ადამიანები აკეთებენ
თავისნაირ არსებებს, უსასრულო რწევებითა და ღრჭიალით,
ამისდა გამო, ხისსავე სარკოфაგებში (ზოგჯერ რკინისებში…)
ასრულებენ თავიანთ მიწიერ არსებობას…
რკინის ხერხებით და ცულებით კლავენ ხეებს და რკინის დანებით
და ტყვიებით კლავენ ადამიანებს _ ადამიანები და რკინის უკმარისობა
სისხლში, აჩენს უამრავ ავადმყოფობას, ხის ყავარჯნიან, ხეიბარ
სინამდვილეში, რომელსაც ასევე მათი თანაარსებობა ჰქვია!
_ მე ყველა ხის და ადამიანის ჭირისუფალი ვარ!

2004


დატოვე კომენტარი

კატეგორიები