Posted by: burusi | 18/06/2009

ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია – Kashveti Saint George Church

ქაშვეთის ეკლესია, თბილისი

ქაშვეთი. ლოცვა და სინაზე. თეთრი ქვები.
გრიგოლ რობაქიძე

ქაშვეთის ეკლესიის ადგილზე ტაძარი ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს იყო აგებული. სიტყვა ” ქაშვეთის” წარმოშობა დაკავშირებულია მამა დავითის (გარეჯელის) სახელთან – “ქვა – შვეთი”. ლეგენდის მიხედვით, იმ ადგილას სადაც ამჟამად ქაშვეთის ტაძარია, ადრე დედათა მონასტერი იყო. მონასტერში ხშირად დადიოდა მამა დავითი, რომელიც მთაწმინდაზე, ერთ-ერთ გამოქვაბულში იყო დამკვიდრებული და ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადმიანი მიიზიდა და ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია, თუმცა ბევრი მტერიც გაუჩნდა. ქურუმებს სურდათ დავითი თბილისიდან განედევნათ და ცეცხლის თაყვანისცემა ისევ გაეგრძელებინათ. ამ ბოროტი განზრახვის აღსასრულებლად მათ ცილისწამებას მიმართეს. მოგვებმა ფეხმძიმე დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. ამით მოგვებს წმ. ბერის სახელის დამცრობა უნდოდათ. მამა დავითი ძლიერ გაკვირდა, აღაპყრო ხელები მაღლა და უფლისაგან შველა ითხოვა. მოგვები და ცეცხლთაყვანისმცემლები დავითის დასჯას ითხოვდნენ. წმ. ბერმა სიტყვით მიმართა ხალხს, ღმერთია მოწამე, დამნაშავე არ ვარ და უკეთუ ჩემი ბრალმდებელნი მართალნი არიან, თვით უფალი გვიჩვენებსო ამას. მამა დავითმა დედაკაცს სთხოვა სიმართლე ეთქვა, მაგრამ დედაკაცი უნამუსოდ სდებდა ბრალს მამა დავითს. მაშინ წმინდა ბერი უფალს შეევედრა ხალხისთვის სასწაული ეჩვენებინა. აიღო ჯვრიანი კვერთხი, შეეხო დედაკაცის მუცელს და უფლის სახელით ჩვილს უბრძანა ეუწყებინა ნამდვილი მამის სახელი. მოხდა სასწაული. ჩვილმა მყისვე ამოიღო ხმა დედის მუცლიდან. იგი ამბობდა რომ მამამისი მჭედელი იყო. ყველა განცვიფრებული იყო ამ სასწაულის ხილვით. მაშინ მამა დავითმა დედაკაცს უთხრა: “შენ ქვას შობ” და ასეც მოხდა, დედაკაცმა ქვა შვა. აღელვებულმა ხალხმა კი დედაკაცი ქვით ჩაქოლა. შემდეგ კი ამ ადგილას ტაძარი ააგეს, რომელსაც ქვაშვეთი ანუ ქაშვეთი ეწოდა. მამა დავითი კი ამ ამბების მერე განერიდა თბილისს და გარეჯის უდაბნოში დასახლდა.

ამ ლეგენდასთან გახსენდება გრიგოლ რობაქიძის “გველის პერანგი”:
“აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი – რბილი – ნაზი – თვინიერი. ტაძარი თვითონაც ქალწულია: წარმართი ქალწული სასხვერპლოდ დასაკლავი. არა: აქ თვალები სევდას ნახულობენ.
აუარ ქაშვეთს. უეცრად თვალები გამოანათებენ: ათასში – ერთხელ. ათას ქალებში ათას თვალებში გამოიცნობ ამ თვალებს. ივერიის ქალწულის თვალები. რასსა შეურეველი და ხალასი. სიამაყე და დარცხვენა – ერთად. ჩაივლის ქალწული. მიიმალება გროვაში. რომელი თვალი დაივიწყებს?!
ქაშვეთის თვალები თუ იყო თვითონ…”

1753 წელს ძველი ტაძარი გივი ამილახვარის მიერ აგებული აგურის ეკლესიით შეიცვალა (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში).
XIX საუკუნის მიწურულს ტაძარი დაზიანდა. XX საუკუნის დასაწყისში ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. 1901 წლის გაზაფხულზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქაშვეთის ძველი ეკლესიის დანგრევის და მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესიის აგების შესახებ. იმავე წლის შემოდგომაზე ეკლესიის კომიტეტის სხდომაზე (კომიტეტის თავმჯდომარე ი. გ. ამილახვარი) განხილულ იქნა ახალი ტაძრის აგების გეგმა. დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. ტაძრის აშენებისათვის თანხები შემოწირეს ანა ამილახვარმა, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილებმა, მართა თურქიამ, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეებმა, ბარბარე ლორთქიფანიძემ, დავით სარაჯიშვილმა. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ-პ. ბილფელდმა (ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები). პროექტის ნიმუშად გამოყენებულ იქნა სამთავისის ტაძარი. ფასადი ნეოფატე აღლაძემ მოაჩუქურთმა.
1904 წელს დაწყებული ეკლესიის მშენებლობა 1910 წელს დაასრულეს. 1910 წლის 31 ოქტომბერს საზეიმოდ აკურთხეს ქაშვეთის ეკლესია. კურთხევას დიდძალი ხალხი დაესწრო. საინტერესოა ამ დღის ერთერთი მოგონება. ზაქ. ფალიაშვილმა ეკლესიის კურთხევის დღეს გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერალთაგან გაერთიანებული, ძლიერი გუნდი გამოიყვანა. ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდიც. ეგზარქოსმა მოსთხოვა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება თავისი გუნდისათვის. ზაქარია ფალიაშვილმა არასგზით არ დაუთმო, თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა და იქვე ლოტბარობდა ბოლომდე. უნაყოფო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი ქართულად (შ. კაშმაძე – ზაქარია ფალიაშვილი. გვ.46).

1947 ქაშვეთის ტაძარი მოხატა ლ. გუდიაშვილმა. ტაძარში გრინევსკის ძველი ხატებია: “თამარ მეფე” და “დავით აღმაშენებელი”.
თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული – არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები.

თენგიზ ვერულავა

ლიტერატურა:
1. ქართლი. თბილისის ქაშვეთის ეკლესია. ბერიძე ვ.  XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. – თბილისი, 1994. – გვ. 113-115.
2. თ. ბერიძე …და აღმოცენდა თბილისი. – თბილისი, 1977. – გვ.34-45.
3. ახალი ამბავი, ცნობის ფურცელი. -1901 (15აპრ.). -N1436. -გვ.3.
4. ახალი ამბავი //ცნობის ფურცელი.-1901(7ნოემბ.).-N1634.-გვ.2.
5. ბეჟანიშვილი გ. კულტურის საამაყო ძეგლები //თბილისი.-1968(25 ოქტ.).-გვ.3.
6. ვაჩნაძე ე. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატვის გამო //ჯვარი ვაზისა.-1990.-N1.-გვ.58-59.
7. კარბელაშვილი მ. კინწურაშვილი ს. ჯანბერიძე ნ. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლელი.-თბ.,1958.-გვ.79-80.
8. მათიაშვილი ი. ქაშვეთის საკურთხევლის მოხატულობა //საბჭოთა ხელოვნება.-1956.-N12.-გვ.103-110.
9. მოსულიშვილი თ. ქვაშვეთის წმ. გიორგის ტაძარი თბილისში //ძეგლის მეგობარი.-1993.-N2.-გვ.8-9.
10. “რადგანაც ქვაშვეთის კედლები საშიშოთ დახეთქილია…” //ივერია.-1905(15 აპრ.).-N82.-გვ.1.
11. ტფილისი //ივერია.-1904(27 აპრ.).-N99.-გვ.2.
12. ქვაშვეთი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.19.
13. ქაშვეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.495.
14.”ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია…” //ივერია.-1904(10 ივლ.).-N159.-გვ.2.
15.ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია //ცნობის ფურცელი.-1903(7 ივნ.).-N2173.-გვ.3.
16.ჩორგოლაშვილი მ. მთაწმინდა .-თბ.,1979.-გვ.34.
17.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორიიდან.-ტფ.,1926.-გვ.85.
18.ჯანაშვილი მ. საქართველოს დედქალაქი ტფილისი.ქუთაისი.-1899.-გვ.181-182.
19.ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია.-თბ.,1977.-გვ.54-55.
20.ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები //მეცნიერება და ტექნიკა.-1958.-N10.-გვ.20-24.
21.ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრება.II.-თბ.,1968.-გვ.87-89.
22. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 2, 1999 წ.


პასუხები

  1. დიდებული ტაძარია

  2. […] წყარო: https://burusi.wordpress.com/2009/06/18/kashveti-saint-george-church/ (0) […]


დატოვე კომენტარი

კატეგორიები