Posted by: burusi | 17/07/2013

ვაჟა–ფშაველა – მთანი მაღალნი

კავკასიის მთებში

კავკასიის მთებში

ვაჟა–ფშაველა – მთანი მაღალნი

იდგნენ და ელოდენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი, უსაზღვრო ზღვადა სდგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში.

გარეთ, სახეზე-კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.

მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნება შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა, ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი. რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას…

როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი, მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.

რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო! რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მიჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას-კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი.

ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს…

არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულ-მკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რათა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუვებთ, თქვე კარგებო!

სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან.

წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.

სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, – გვეძახიან.

ჩვენ-კი იმათგან მოველით დამარხვას…

სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა.

ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალ-გულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.

1895 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: