Posted by: burusi | 23/02/2011

თემურ კენკებაშვილი – “თამარ მეფის გარდაცვალება და დაკრძალვა“

ბეთანია. თამარ მეფის პორტრეტი. XII-XIII ს

თემურ კენკებაშვილი – “თამარ მეფის გარდაცვალება და დაკრძალვა“

“მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის. რამეთუ მეგულვების აწ [მე] წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა“ (1).
ასე იწყებს მემატიანე თამარ მეფის გარდაცვალების ამბის თხრობას.

“ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ, და მის წინაშე იყუნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი, და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თვისისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოხრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს, გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.“

“და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყუეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი: რამეთუ წარმოიყუანეს კუბოთა ტფილის[ს], და შემდგომად მცირეთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდნენ“(2) (კუბო “ესე არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი, აქლემთა ასაკიდებელი, გინა ხელით სატარებელი“ — სულხან-საბა ორბელიანი; ვახუშტი ბატონიშვილი კი ასე განგვიმარტავს: “კუბო – “ტახტრევანი“) (3). დასო იყო თბილისის მიდამოებში, მთიან ადგილას, ხშირი ტყე (მაღნარი), სადაც მეფე თავისი კარით ზაფხულსა და შემოდგომას ატარებდა (4). “დასო არს მაღნარისა და ჰშირისა რომელთაცა ფიჩხთა სახელი არს“(5) “ისწაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო. და კუალად წარმოიყუანეს აგარათა ციხესა“ (6).

სად იყო აგარათა ციხე? ისტორიულად დადასტურებულია, რომ იგი დღევანდელი კოჯრის ციხეა (7). “და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა…“

“… და მერმე უკანასკნელ ხმა აღმოუტევა, და ყოველთა მშვიდობა მისცა, ესრეთ მეტყუელმან: ქრისტე ღმერთო [ჩემო] მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო, შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულისა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა. მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა, და აღესრულა მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თÂისად დაგვაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა“ (8).

მართალია, ქართლის ცხოვრებაში ნათქვამია, თამარ მეფე აგარათა ციხეს გარდაიცვალაო, მაგრამ მისი გარდაცვალების ადგილი მაინც სადავო საკითხია, რადგან იქვე სწერია: “მიიცვალა მეფე თამარ ხმელსა დგომასა შინა“ (9).

რას უნდა ნიშნავდეს “ხმელსა“? ეს სიტყვა შესწავლილი აქვს აკად. კ. კეკელიძეს. იგი ამ სიტყვას გადამწერის შეცდომად თვლის და ამბობს: “ხმელსას“ მაგივრად “ტაბა – ხმელსა“ უნდა ეწეროსო. ნ. ბერძენიშვილის აზრით: აგარათა ციხეს `იმ დროს, ჩანს ტაბა – ხმელაც ეწოდებოდა“ – ო (10) თ. ჟორდანია ფიქრობს, რომ “ხმელსა დგომასა შინა“ უნდა ნიშნავდეს მარხვას, “როდესაც აკრძალულია თევზი, ღვინო და ზეთი და ჩვენის აზრით ეს უნდა იყოს მარიამობის მარხვა“-ო (11). (ივ. ჯავახიშვილს კი, ამ სიტყვაზე ყურადღება არ აქვს გამახვილებული). მე მგონია, რომ სიტყვა “ხმელსა“ გადამწერის შეცდომა ან მარხვა კი არა, არამედ სიტყვის “ტაბა – ხმელსა“-ს შემოკლებული ფორმა უნდა იყოს. აქ, ვეთანხმებით ნ. ბერძენიშვილის აზრს. როგორც ჩანს, იმ დროს ამ ადგილს “ტაბა ხმელა“ ეწოდებოდა. (“ზემო ტაბახმელას ანუ კოჯორს“ გარდაიცვალა თამარიო).(12) ამას ამტკიცებს ისიც, რომ იოანე ბატონიშვილს თავის ქართლის ისტორიაში (რომელიც კალმასობაშია შეტანილი) უწერია, რომ თამარ მეფე “ზემო ტაბა – ხმელას“ გარდაიცვალაო (13).

რომელ წელს გარდაიცვალა თამარი? მარიამ დედოფლისეულ ქართლის ცხოვრებაში და ბასილი ეზოსმოძღვარის “ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“-ში თარიღი არ არის. მხოლოდ სწერია: “თთუსა იანვარსა ი“ (14), (რაც უდრის 18 იანვარს) გარდაიცვალაო. ისტორიკოსები ძირითადად ასახელებენ თამარის გარდაცვალების სამ თარიღს, ესენია: 1207, 1210 და 1212 წლები. 1207 წელი გამორიცხულია. ივ. ჯავახიშვილი 1207 წელს გამორიცხავს ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების წლით. ზაქარია ამირსპასალარი გარდაიცვალა 1212 წელს, ხოლო თამარ მეფე ამის შემდეგ უნდა გარდაცვლილიყოო (15). ჩვენ 1207 წლის უარყოფას ავხსნი დავით სოსლანის გარდაცვალებით. დავით სოსლანი გარდაიცვალა 1207 წელს (16) და რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, თამარის გარდაცვალებამდე, რამოდენიმე ხანს უნდა გაევლო. ჩვენ, თამარის გარდაცვალების წლებიდან 1212 წელიც უნდა გამოვრიცხოთ, რადგანაც 1212 წლის ივნისს, ივლისსა და აგვისტოში მიმდინარეობდა მთიულთა აჯანყების ჩახშობა და ამ პერიოდში თამარ მეფე ცოცხალია (17) რაც შეეხება 1210 წელს… ამ პერიოდის ნუმიზმატიკური მასალების გამოკვლევის შედეგად საინტერესო დასკვნები აქვს გამოტანილი თ. დუნდუას (18). იგი ნუმიზმატიკურ მასალებზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ თამარ მეფე 1210 წელს უნდა გარდაცვლილიყო,19 მაგრამ არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლებელია “ამ დროისთვის დედამ გადასცა გიორგის სამეფო ხელისუფლების დიდი ნაწილი“ (20) ამ წელთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ არა მარტო ნუმიზმატიკური მასალა, არამედ რამოდენიმე ქართული და უცხოური წყარო თითქოს ადასტურებენ თამარის გარდაცვალების თარიღად 1210 წელს. მაგალითად: ქართული წყაროებიდან: ბარათაშვილისეული ქართლის ცხოვრება, რომელშიც თამარის გარდაცვალების თარიღად სწერია: “ქორონიკონსა ულ“ რაც უდრის 1210 წელს (780+430=1210) (21). უცხოური წყაროებიდან: რომის პაპის იოკენტი III —ის მიერ 1211 წელს მიწერილი ეპისტოლე ლაშა-გიორგისადმი: “საქართველოს ბრწყინვალე მეფეს მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად“ (22). აგრეთვე არსებობს ჰახბატის მონასტრის 1210 წლის სომხური წარწერა, რომელიც ზაქარია ამირსპასალარის სახელითაა ამოჭრილი: “წელთა ღმრთივცხებულისა მეფეთ მეფისა გიორგისა, დიდისა მეფისა თამარის ძისათა“, სადაც ამირსპასალარი ამბობს შესწირა: “მეფისა (და არა მეფეთა-ი.ჯ.) დღეგრძელობისათვის“ (23).

მაგრამ, თამარი აშკარაა რომ 1210 წლის შემდეგ ცოცხალია. თუნდაც ამას მოწმობს ზემოთ დასახელებული მთიულთა აჯანყების ლიკვიდაცია (1211-12წწ.), ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალება (1212 წ.). 1212 წლის ზაფხულის შემდეგ თამარი “ზამთარს დვინს (24) იყვის და ზაფხულს კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს“.25 ამ ციტატიდან ჩანს, რომ 1212 წლის შემდეგ თამარი რამდენიმე წელს კიდევ ცოცხალი იყო. კ. კეკელიძე მიიჩნევს, რომ “სიტყვები, “იყვის, ზოგჯერ გარდავიდის“, მაჩვენებელია მოქმედების მრავალგზისობისა, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქოთ, რომ 1212 წლის ზაფხულის შემდეგ თამარის სიკვდილამდე გაუვლია არა ერთს ზამთარსა და ზაფხულს“ (26). ივ. ჯავახიშვილის აზრით თამარ მეფე 1213—1214 წწ. უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ ამ წლებს ქართლის ცხოვრება (და არც სხვა რაიმე ცნობა) არ ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ივ. ჯავახიშვილის აზრს ბევრი მეცნიერი ეთანხმება. (რ. მეტრეველი ფიქრობს, რომ თამარი გარდაიცვალა 1213 წლის იანვარში (27) აკად. კ. კეკელიძის აზრით თამარის გარდაცვალებას არ შეიძლება ადგილი ჰქონოდა არაუადრეს 1215 წლისა. ისტორიანი და აზმანში სწერია: “აღავსნა ეპისკოპოსნი და საყდარნი შეწირვითა თავისუფალყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან გააზნაურდეს ქუეყანისა მოქმედნი და გადიდებულდეს აზნაურნი და გახელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა ათერთმეტთა მოქცევათა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელო რომელმან სიმშვიდითა დავითიანითა სიბრძნითა სოლომონიანითა სიმხნითა და საურავთა ღესის და ხვალეს არ მიგდებითა ალექსანდრიანითა…“ (28).

რას უნდა ნიშნავდეს “ათერთმეტთა მოქცევათა ჟამთა“? კ. კეკელიძის აზრით იგი უნდა მიანიშნებდეს თამარის მეფობის სრულ წელს, (29) მაგრამ შეუძლებელია თამარს თერთმეტი წელიწადი ემეფა. როგორც ჩანს “ათერთმეტთა“ გადამწერის შეცდომაა და მის ადგილზე უნდა ეწეროს: “ოცდაათერთმეტთა მოქცევათა ჟამთა (30) ე.ი. 1215 წელი (1184+31=1215). აგრეთვე იერუსალიმის “სვინაქსარში“ რომელიც XIII საუკუნის I ნახევარში ყოფილა გადაწერილი, შემონახულია კატეგორიული ცნობა თამარის გარდაცვალების თვისა და რიცხვის შესახებ, მასში დასახელებულია 27 იანვარი: 27 იანვრის ქვეშ მიწერილია: “ამასავე დღესა განცვალა აქად ესე აქა ესე მეფობა ცხორებად და სუფევად საუკუნოდ ნეტარებით მოხსენებულმან თამარ დედოფალმან, რომლისა ხსენება და კურთხევა საუკუნომცა არს“ 31 იქვე რამოდენიმე ადგილას სწერია: “ამათ წმიდათა მეოხებითა მოიხსენე, უფალო, სული თამარ დედოფლისა“. (32)

ერთი შეხედვით თითქოს “კოჯორ-ტაბახმელას სახაფხულო სადგურში ავადმყოფი ქალის აყვანა და ნოემბერ-დეკემბერში აქ გაჩერება არც იყო სავარაუდო: ნოემბერ-დეკემბერში იქ უფრო ცივა, ვიდრე კაბენის ქვაბულში, სადაც აკად ნ. ბერძენიშვილის აზრით `დასო~ არსებობდა“ (33). “მაგრამ აქ ნამდვილად წინააღმდეგობა არაა: თამარის ავადმყოფობა დაიწყებოდა ნაჭარმაგევს ზაფხულში, მის გადაყვან-გადმოყვანას ადგილი ექნებოდა ზაფხულსა და შემოდგომის პერიოდში, ხოლო გარდაცვალებას, ტაბა ხმელას, (27) იანვარს“ (34) ამიტომ, ამ წყაროთაგან გამომდინარე სავარაუდოდ თამარი უნდა გარდაცვლილიყო 1215 წლის 27 იანვარს.

“აქა რაღა ჯერ არს თქუმა, გარნა ბავთის[ა] ღაღადი. ბნელი უნათლო, და გლოვა უნუგეშინის-[მ]ცემო. რამეთუ, ვინ იყო ნუგეშინის მცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათვის… ხმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს. ყოველნი ფლასითა [შეიმოსრნეს]. ესრეთ გვანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვდესცა და ყოველი სოფელი.“
“მაშინ უკუე აღმოიყუანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკუიდრებულთა პაპ[ა]თა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა“ (35) გელათის დიდებული ტაძარი ააგო დავით აღმაშენებელმა ბაგრატიონთა გვარის საძვალედ. დავით IV იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც დაკრძალეს გელათში. მის შთამომავლებს (დავით-ნარინის ჩათვლით: 1293 წ.) ამ ტაძარში ასაფლავებდნენ. ამიტომ, როდესაც თამარის ისტორიკოსები ამბობენ: თამარი “გელათს დაამკვიდრეს თÂსსა შინა სამარხოსა“, სრულიად სანდო უწყებაა.

ლიტერატურა:

1 ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ. 1959. გვ. 144; ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი. ივ. ჯავახიშვილის რედ. თბ. 1944. გვ. 32.

2 ბასილი ეზოსმძღვარი ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. გვ. 144.

3 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ. 1973. გვ. 933.

4 ნ. ბერძენიშვილი, ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან. ჟურნ. “მიმომხილველი“. 1951. #2. გვ. 54.

5 ვახუშტი ბატონიშვილი. ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. IV. თბ. 1973. გვ. 191.

6 ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლისეული ნუსხა. ე. თაყაიშვილის რედ. თბ. 1906. გვ. 530; ბასილი ეზოსმოძღვარი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 144.

7 ნ. ბერძენიშვილი, დასახ ნაშრომი; თ. კენკებაშვილი, კოჯრის ისტორია. თბ. 2009. გვ. 6.

8 მარიამისეული ქართლის ცხოვრება. გვ. 530-531; ზ. ჭიჭინაძე. ქართლის ცხოვრება. დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდე. წII. ტI. ტფ. 1898. გვ. 488; ბასილი ეზოსმოძღვარი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 144-146.

9 ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, კ. კეკელიძის რედ. თბ. 1941. გვ. 40; ისტორიანი დააზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 112.

10 ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ. 55.

11 თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა. ტფ. 1892. თბ. 2004. გვ. 301.

12 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VIII. თბ. 1979. გვ. 308.

13 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 41.

14 ბასილი ეზოსმოძღვარი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 146.

15 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. II. თბ. 1931. გვ. 290; ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების აღნიშნული თარიღი უწერია ვარდანსაც. იხ. Всеобщая История Вардана Великаго, Перевелъ Н. Эминъ. Москва. 1861г. стр. 172.

16 ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა. ს. ყაუხჩიშვილის რედ. თბ. 1942. გვ. 242; ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ. 279-280.

17 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 42.

18 გ. დუნდუა, თ. დუნდუა, ქართული ნუმიზმატიკა. ტ. I. თბ. 2006. გვ. 201-210.

19 იქვე. გვ. 208. იგივეს ამტკიცებენ თ. ნატროშვილი და გ. ჯაფარიძე. იხ. მათი: ცდა ერთი თარიღის დადგენისა. `მაცნე~, ენისა და ლიტერატურეს სერია, 1974, #1. გვ. 151-165.

20 თ. დუნდუა, თ. ქამუშაძე, ანტიკური და ფეოდალური ხანის საქართველოს ნუმიზმატიკა. თბ. 2007. გვ. 25.

21 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ. 290.

22 ა. გოგოლაძე, მეფე ხუცესის ტრანსფორმირებული ვარიანტი დე ბუას ეპისტოლეში. მ. ლორთქიფანიძე 85. თბ. 2007. გვ. 375.

23 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ. 290.

24 ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში: “დურს იყვის“. იხ. ბასილი ეზოსმოძღვარი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 111.

25 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 42; მარიამისეული ქართლის ცხოვრება. გვ. 527.

26 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 42.

27 რ. მეტრეველი, მეფე თამარი. თბ. 1991. გვ. 206.

28 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 17.

29 იქვე, გვ. 43.

30 იქვე.

31 ი. ლოლაშვილი, თამარ მეფის აკლდამა გელათში. თბ. 1989. გვ. 8-9.

32 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 42.

33 ი. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი. თბ. 1987. გვ. 32.

34 ისტორიანი და აზმანი,…კ. კეკელიძის რედ. გვ. 42.

35 ზ. ჭიჭინაძე, დასახ. ნაშრომი. გვ. 488—489; მარიამისეული ქართლის ცხოვრება. გვ: 532—533; ბასილი ეზოსმოძღვარი. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. II. გვ. 146.


Responses

  1. ტელევიზორში გავიგონე ამასწინად.. სამწუხაროდ ვერ მოვუსმინე და დიდი მადლობა გაზიარებისათვის = ))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: