Posted by: burusi | 18/12/2010

მარიკა ლაფაური-ბურკი – “მელიტონ ბალანჩივაძე” გახსენება

მელიტონ ბალანჩივაძის (სურათის ცენტრში, პალტოში) მომღერალთა გუნდი, მარცხნიდან კოტე მაყაშვილი, ზურაბ აბდუშელიშვილი, იოსებ მაყაშვილი, ოსიკო ბარათაშვილი, 1898 წ.

მელიტონ ბალანჩივაძე – Meliton Balanchivadze (1862-1937)

მარიკა ლაფაური – Marika Lapauri-Burk

მარიკა ლაფაური-ბურკი – “მელიტონ ბალანჩივაძე”
გახსენება

24 დეკემბერს მელიტონ ბალანჩივაძეს 148 წელი შეუსრულდებოდა. ეს არ არის საიუბილეო თარიღი, მაგრამ ჩვენი მიზანიც ესაა,ß-საიუბილეო თარიღამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედი გვაქვს, საზოგადოება ამ თარიღის აღსანიშნავად მოემზადება ისე, როგორც ქართული კულტურის ერთერთ მნიშვნელოვან მოღვაწეს, მელიტონ ბალანჩივაძეს შეეფრება. სტატიის ფორმატში იმედია შევძლებთ ამ დიდი მოღვაწის შთამბეჭდავ, მისი, როგორც მომხიბვლელი ადამიანის პორტრეტის მცირედი შტირხებით მოხაზვას.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს ისტორიის იმ ფურცლების გულდასმით გადაფურცვლა, რომლებიც საუკუნეების მიჯნაზე მყოფ საქართველოზე მოგვითხრობენ.

ამ მოკლე პერიოდში, ისტორიის კატაკლიზმებს შორის მოქცეულმა საქართველომ თითქოს ბუნების რაღაც ძალების დახმარებით შვა მთელი რიგი დიდებული ადამიანები, მთელი თაობა, რომ მათ შეძლებოდათ უფსკრულის პირას მყოფი ქართული იდეის კიდევ ერთხელ გადარჩენა. თუკი ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში დღეისთვის რაიმე ხელმოსაჭიდი ფასეულობა და სულიერება არსებობს, ეს ამ დიდი მოღვაწეების თავდადებული შრომის, ენთუზიაზმის, თავგანწირვისა და იდეისადმი ერთგულების შედეგია. სამწუხაროდ, ამ თაობას არ დასცალდა ახალი, თანამედროვე სამყაროს შესატყვისი ქართული იდენტობის ცნობიერებაში ისეთ შრეებამდე შემოტანა, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს საყრდენად გამოიყენებდა.

…“ძალზე მოკლედ თუ ვიტყვით, მისი (იგულისხმ. ილია ჭავჭავაძე. ავტორი) (და მისი გარემოცვის) ძალისხმევა წარმოადგენს დრამატულ მცდელობას იმისა, რომ ქართული ისტორიის ნაფლეთებისაგან, პრეტერისტული თუ ეთნოგრაფიული ილუზიებისაგან, ისტორიული ძალების ნაშთებისა თუ ოპტიმიზმის სუსტი და, ხშირად, ილუზორული გამოვლინებებისაგან ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის იდეა აგებულიყო…“(ზ. ფირალიშვილი. „ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება“) ვფიქრობთ, რომ საქრთველი საზოგადოება სწორედ ამ პერიოდის სულიერებას და დინამიურობას ვერ შეიგრძნობს სათანადოდ. ჩაჭიდებულია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის პოსტულატებს, უხეშად მანიპულირებს ამ ცნებებს და საბოლოო ჯამში ფუნდამეტალიზმად აქცევს მას.

საბჭოთა ეპოქოს ჰომო სოვიეტიკუსის ძერწვის პერიოდში, საქართველოს საზოდაგოება ისეთ ისტორიულ ნაპრალებში მოექცა, საიდანაც მხოლოდ მითოლოგიზირებული წარმოდგენებიღა ასაზრდოებდა მის ნებელობას. საბჭოთა პერიოდში თანდათანობით განიდევნა ის ავანგარდული, შემოქმედებითი, ენთუზიასტური სული, რომელიც საუკუნის დასაწყისის საქართველოში, ნებისმიერ დარგში სუფევდა.

“მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი ბათუმში და კაციშვილს არ გაჩენია აზრი მოსწავლეებისათვის მოეყოლა ვის სახელს ატარებდა სკოლა…“- ვკითხულობთ ვინმე დავითის ჩანაწერს ქართულ ვებგვერდზე. ბათუმის სასწავლებელი ერთერთია მელიტონ ბალანჩივაძის დაარსებულ სკოლებს შორის. ეს სევდისმომგვრელი კომენტარი მიგვანიშნებს სწორედ იმ სიცარიელეზე, რომლის ამოვსებას ვერანაირი გაბედული რეფორმებით ვერ შევძლებთ, სანამ ჩვენ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსებს ინტენსიურად, ინტერდისციპლინირებული კვლევებით არ ავამოქმედებთ.

ვფიქრობთ, რომ სანამ ქართული საზოგადოება დღეს საკუთარი იდენტობის ძიებაში, ნიჰილიზმის და ფსევდოაღმოჩენების ქაოსურ კორიანტელში ბოლომდე არ გახვეულა, უპრიანი იქნებოდა ფუნდამენტურად გადაგვეხედა ქართული ავანგარდის პერიოდისათვის. დარწმუნებულნი ვართ, დღევანდელი, მაგალითად განათლების რეფორმებისათვის ბევრი საინტერესო დასაყრდნობი მასალა აღმოაჩნდება დიმიტრი უზნაძისა თუ მელიტონ ბალანჩივაძისნაირი ადამიანების ნამოღვაწარში.

მელიტონ ბალანჩივაძე ქართული კულტურისათვის ერთერთი გამორჩეული მოღვაწეა. მისი ისტორიული მნიშვნელობა დღეისათვის აღარ არის ფართო საზოგადოების ცნობიერებაში. ქართული კლასიკური მუსიკის საწყისებთან, პროფესიული მუსიკის განვითარებისათვის, ქართული ტრადიციული მუსიკის გადარჩენისათვის მისი წვლილი მხოლოდ მუსიკალურ სამყაროშია ცნობილი.

მელიტონ ბალანჩივაძე ავტორია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად პირველი ეროვნული ოპერისა, არამედ მისი კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალურ ფორმებად პირველად შეიქმნა საქართველოში. ასეთია, მისი რეჩიტატივი (ოპერიდან „დარეჯან ცბიერი“ 1896/1936), კანტატა, „დიდება ზაჰესს“ (1927) რომელიც პირველი ნიმუშია პლენარული მუსიკისა, საორკესტრო ნაწარმოები „ქართული ეროვნული მარში“ (1921), რომანსები.

მიუხედავად საკომპოზიციო ტექნიკის არასრულყოფილებისა, რასაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები უდევს საფუძვლად, უდავოა ბალანჩივაძის მელოდიის, კანტილენის გამომსახველობა. მელიტონ ბალანჩივაძის ისტორიული როლი სრულიადაც არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი კომპოზიციებით. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ კომპოზიტორი ბალანჩივაძე „დაიჩაგრა“ საკუთარი ეროვნული მოღვაწეობის ხარჯზე. მელიტონ ბალანჩივაძის შემოქმედების გადახედვისას აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება და მისი დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ იმსახურებს საზოგადოებისაგან გაცნობიერებას. ზაზა ფირალიშვილის სიტყვებით, რომ ვთქვათ, მ. ბალანჩივაძე იყო „ვისაც სურდა და მზად იყო, ქართულ ეროვნულ იდეას, უფრო სწორად, ამ იდეის აქ და ახლა არსებობას მომსახურებოდა. (…) რათა შედეგად დამკვიდრებულიყო ერთი პლასტი მაინც ქართული სულიერებისა.“ (ზ. ფ. „ილია:ისტორიული კონტექსტი და პიროვნება“)
სამწუხაროა, რომ ჩვენ რომელიმე მემორიალურ დაფასთან მდგომნი, შესაძლოა ვერ ვხვდებოდეთ, თუ რატომ არის ესა თუ ის დაწესებულება მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან დაკავშირებული, ან რატომ არის ის ქართველებისათვის ისეთ სათაყვანებელ ადგილას დასაფლავებული, როგორიცაა ბაგრატის ტაძრის გალავანი.

მელიტონ ბალანჩივაძის ცხოვრება გარკვეულად განისაზღვრა 1880 წელს ფილიმონ ქორიძის საქართველოში დაბრუნებით. ფილიმონ ქორიძე, (ცნობილი მომღერალი, ბანი) მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრების სცენებზე წარმატებით გამოდიოდა, მელიტონ ბალანჩივაძის ნათესავი იყო დედის მხრდიდან. 1880 წლის 25 ივნისს თბილისში, არწრუნის თეატრში (შემდგომ გრიბოედივის თეატრი) ფილიმონ ქორიძის კონცერტი გაიმართა, რაზედაც „დროება“ წერდა: „..და ახლა, როდესაც მის (ფ. ქორიძის. ავტ.) ნიჭს თვით ევროპის ტეატრებშიაც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენცა და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროსო.“

ამ მოკლე საგაზეთო ამონარიდიდანაც კარგად ჩანს ის სულისკვეთება, რაც ამ პერიოდის საქართველოში სუფევდა. ფილიმონ ქორიძემ დათმო თავისი კარიერა, პირადი კეთილდრეობა, დარჩა საქართველოში, პიანისტ მეუღლესთან (პეტერბურგელი პიანისტი ზინაიდა მიხაელოვნა ვორობიცი,) ერთად და მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება ქართული საგალობლების ჩაწერას მოანდომა, რითაც მან თავისი ცხოვრება ფასდაუდებელ და საშვილიშვილო საქმეს მიუძღვნა. მის გვერდით დადგა ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე.

„და თუ ბოლოს და ბოლოს ქართული მუსიკის უცვლელდად შენახვას შევუდექი, მეტ წილად მელიტონისა და ჩემი მეგობრების – აკაკის, გიორგი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის რჩევა წაქეზებით, მერე გავბედე… და ამ გამბედაობის დაფასება მომავალი თაობის საქმეა…“ ჰყვება ფილიმონ ქორიძე (პ.ხუჭუას მონოგრაფიის მიხედვით) მელიტონიც, თმობს თბილისის საოპერო თეატრში თავის ახალ დაწყებულ კარიერას და ფილიმონთან ერთად 1883 წელს ქუთაისში გადადის. ფილიმონ ქორიძე და მელიტონ ბალანჩივაძე სათავეში უდგებიან დიდ ეროვნულ საქმეს, – ქართული მუსიკის გადარჩენას.

ქუთაისში წასვლამდე, 13 მარტს მელიტონმა გამართა კონცერტი, თავისი დაარსებული 12 კაციანი გუნდით. ასეთი ღონისძიებები დიდ ეროვნულ საქმედ აღიქმებოდა, რასაც იქ დამსწრე საზოგადოების ჩამონათვალიც, – ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექანდრე ყაზბეგი და სხვ. – ადასტურებს. ამ დროს მელიტონი მხოლოდ 21 წლის იყო!

სტატიაში ქუთაისის პერიოდზე უფრო დეტალური თხრობის საშუალება არ გვაქვს. ქუთაისის როლი, აქ მოღვაწე ადამიანები, თავისთავად განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში, როგორც ქვეყნის იდეური და სულიერი ცხოვრების ცენტრისა და გასაკუთრებით შესწავლას იმსახურებს. (ალბათ, სწორედ ეს თემა უნდა იქცეს ქუთაისის მუზეუმის ცენტრალურ პროფილად. ამაზე სხვა დროს)

1889 წელს, პროფესიული დონის ასამაღლებლად მ. ბალანჩივაძე პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისი უფროსი ძმა, ნიჭიერი მხატვარი, ვასილ ბალანჩივაძე დ.სარაჯიშვილის სტიპენიანტი იყო. მ. ბალანჩივაძე პეტერბურგში 28 წელი გაატარა. ამ პერიოდის მანძილზე ის სამშობლოში ყოფნას შვებულებების დროს მაინც ახერხებდა.

ჩვენს სტატიაში მხოლოდ ძალიან მოკლედ ვახსენებთ პეტერბურგის პერიოდში გაწეული ღვაწლს: ანტონ რუბინშტეინი, მელიტონს, როგორც ნიჭიერ სტუდენტს, სტუდენტური გაჭირვების პირველ წლებში ჩუქნის პიანინოს და ეხმარება სტიპენდიით.

მელიტონი დაუახლოვდა პეტერბურგის კულტურულ საზოგადოებას და როგორც ჩანს, დიდი იყო მისდამი კეთილგანწყობა. მელიტონი, ისევე, როგორც საქართველოში, გადადებს რა საკუთარ კარიერას, ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებით არის დაკავებული. ამ დროისათვის რუსეთში უკვე დაარსებულია ყოველწლიური ე.წ. „ქართული საღამოები“, (პირველი ჩატარდა 1861 წელს) რომლებიც დიდი ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მ. ბალანჩივაძე სათავეში უდგება „ქართული საღამოების“ მოწყობას და მას საყოველთაო ღირშესანიშნაობად აქცევს. ეს არის მისი დიდი ისტორიული ღვაწლი, რაზეც ამ სტატიის ფარგლებში სამწუხაროდ ვერ შევრჩერდებით.

აქ კი მხოლოდ ავღნიშნავდით 1897 წლის 20 დეკემბერს შემდგარ რიგით 30-ე „ქართულ საღამოს“, სადაც აჟღერდა ნაწყვეტები პირველი ქართული ოპერიდან „თამარ ცბიერი.“ 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული კულტურის დეკადისათვის ამ ოპერას ახალი რედაქცით “დარეჯან ცბიერი“ ეწოდა. ოპერის პირველი გამოცემა 1901 წელს კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ დააფინანსა. ოპერის ერთერთ საბალეტო ნომერს სახელგანთქმული მოცეკვავე, მარიუს პეტიპა ასრულებდა. ასეთ საღამოებს დიდი რეცენზიები ეძღვნებოდა და მის სულისჩამდგმელს, მელიტონ ბალანჩივაძეს დიდ პატივს მიაგებდა. აღსანიშნავია, რომ „ქართული საღამოები“ საქველმოქმედო იყო და რუსეთში ქართველი სტუდენტების დახმარებას ემსახურებოდა.

მელიტონ ბალანჩივაძე

მხოლოდ პეტერბურგში ამ 1903 წლის მონაცემებით 3000-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ამ პერიოდის სათვისტომოები და მათი მოღვაწეობა თავისი ორგანიზირებულობით, შინაარსით ცალკე თემაა და ბევრ საინტერესო ფურცელს შეიცავს, რომელიც ჩვენი აზრით დღევანდელ დიასპორის სამინისტორსაც გზამკვლევად გამოადგებოდა.

1901 წელს მელიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, – მან 100 მანეთიანი ლატარიით 200.000 მანეთი მოიგო. ისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ შესაბამისად გაიზარდა მისი გულისხმიერების არეალიც. ის ბევრს ეხმარებოდა და მნიშვნელოვანია, რომ მან პირველად გამოსცა მიხაილ გლინკას წერილების სრული კრებული, რაზედაც პროფ. ა.ვ. ოსოვსკი წერდა: „მ. ბალანჩივაძემ მ.ი. გლინკას წერილების სრული კრებულის გამოცემით მან თავის თავს ძეგლი აუგო…“

მ. ბალანჩივაძე აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში, სადაც აქ მოყვანილი ამონარიდით მისი პოზიცია გამოკვეთილია: „ევგენი ონეგინის“ სახელოვან ავტორს (იგულისხმ. პ. ჩაიკოვსკი. ავტ) არ შეეფერებოდა გადაეცმია ქართული თვითმყოფი და პატივსაცემი ჰანგისათვის მსუბუქი, მისთვის შეუფერები სამოსი და სრულებით უცხო და სხვა სახელით გაესტუმრებინა მსოფლიოში“. – წერს მელიტონ ბალანჩივაძე, ჩაიკოვსკის მიერ, ბალეტ „მაკნატუნაში“ გამოყენებულ „იავნანა“ს შესახებ, რომელსაც ჩაიკოვსკიმ „არაბული ცეკვა„ უწოდა. მანამდე ენისელში, თავად ჯორჯაძის მამულში ეს სიმღერა ჩაიწერა ქართული მუსიკის დიდმა მოამაგემ იპოლიტოვ-ივანოვმა, ვისგანაც ჩაიკოვსკიმ ეს ნოტები მიიღო.

1895 წელს პეტერბურგში მყოფი მელიტონი გაბრაზდა რა ვინმე რუს რეცენზენტზე, რომელიც სვანურ სიმღერას ველურს და პრიმიტიულს უწოდებდა, ჩავიდა სვანეთში, პირველად ჩაწერა რამდენიმე სვანური სიმღერა, თან წამოიყვანა სამი სვანი და ქუთაისში კონცერტები გამართა. მელიტონ ბალანჩივაძე პირველია ქართველ მუსიკოსთა შორის, ვინც საზოგადოებას სვანური სიმღერის მშვენება ამცნო. პეტერბურგის პერიოდშივე ჩაწერა მან კახური სიმღერები.

მელიტონ ბალანჩივაძის მეუღლე მარია ნიკოლაევნა ვასილიევა იყო და მათ ოთხი შვილი შეეძინათ. უფროსი, ნინო,- ბავშვობაში გარდაიცვალა, თამარი, – ნიჭიერი მხატვარი 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადას ემსხვერპლა, გიორგი (ჯორჯ ბალანჩინი) ცნობილი ქორეოგრაფი, 1924 გასტროლებიდან ახლად შექმნილ სსრკß-ში აღარ დაბრუნებულა და ანდრია, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი.

1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში ბრუნდება, სადაც ის 1937 წელს გარდაიცვალა.

სასიხარულოა, რომ ბალანჩივაძეების საგვარეულო ტრადიცია ქართული კულტურის სამსახურისათვის კვლავ გრძელდება. შვილიშვილები ჯარჯი, – პიანისტია, ცისკარა,- ბალერინა და შვილთაშვილი ანტონი, – მხატვარია.

ამ სტატიით ჩვენ ასევე გვსურს ხმა მივაწვდინოთ სათანადო უწყებებს. სწორედ დროული იქნებოდა ახლა დაწყებულიყო მზადება, დაგეგმილიყო რამოდენიმე პროექტი, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის ნამოღვაწარს მიეძღვნებოდა. აუცილებლად მიგვაჩნია ბალანჩივაძის აუდიო ჩანაწერების გამოცემა. დარწმუნებული ვართ ასეთ პროექტში ჩვენი სასიქადულო ვოკალისტები სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ მელიტონ ბალანჩივაძეზე მწირი ცნობების გარდა, ინტერნეტში არაფერი მასალა არ იძებნება. აქვე დავძენთ, რომ ქართული ინტერნეტ- საძიებლები სახელმწიფოს ერთერთი პრიორიტეტი უნდა იყოს და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, უნდა ცდილობდნენ ამ დიდი ხარვეზის სწრაფად ამოვსებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • პავლე ხუჭუა, მელიტონ ბალანჩივაძე. მონოგრაფია გამომცემლობა „ხელოვნება“ 1950
  • ალექსი ბარნოვი, ძველი თბილისის მუსიკოსები. გამომცემლობა „ხელოვნება“. 1974
  • შალვა კაშმაძე, თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრი ტ. I, 1950. ტ. II, 1955. გამომცემლობა „ხელოვნება“ 1950
  • ზაზა ფირალიშვილი, ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება.

მარიკა ლაფაური-ბურკი

15.12.2010


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: