Posted by: burusi | 25/06/2010

სიმონ ხეჩინაშვილი

სიმონ ხეჩინაშვილი – Simon Khechinashvili

სიმონ ხეჩინაშვილი – Simon Khechinashvili (1919-2010)

სიმონ ხეჩინაშვილი 1919 წლის 26 ნოემბერს დაიბადა ქუთაისში. საშუალო განათლება იქვე მიიღო. 1944 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 1941–1942 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის # 1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად. 1942–1946 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად.
სიმონ ხეჩინაშვილი 1947-1954 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ი. ბერიტაშვილთან. სიმონ ხეჩინაშვილი 1946-დან 1950 წლამდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტის, 1951-დან 1988 წლამდე კათედრის გამგის, 1979-დან 1988 წლამდე რექტორის, 1989-დან 2000 წლამდე რექტორის მრჩევლის, ხოლო 2001 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის ოტოლარინგოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სადოქტორო დისერტაცია სიმონ ხეჩინაშვილმა 1950 წელს დაიცვა.
სიმონ ხეჩინაშვილი ხანგრძლივი დროით სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში.
სიმონ ხეჩინაშვილი რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახლდათ. იგი არჩეული იყო გერმანიის ბუნებისმეტყველთა აკადემიის უცხოელ წევრად, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად, ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.
აკადემიკოსმა სიმონ ხეჩინაშვილმა ქართულ სამეცნიერო ოტოლარინგოლოგიაში მთელი ეპოქა შექმნა. როგორც აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სკოლის ერთ-ერთმა უნიჭიერესმა წარმომადგენელმა, მან პირველმა დანერგა კლინიკურ ოტოლარინგოლოგიაში ფიზიოლოგიური აზროვნება, პირველმა დაამკვიდრა დარგში ბერიტაშვილისეული მეთოდოლოგია და თეორიული კონცეფციები.
სიმონ ხეჩინაშვილი ყურის რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ოტოსკლეროზის ოპერაცია და ათასობით სმენადაქვეითებულს დაუბრუნა სმენა. ენდოლარინგოლოგიური ქირურგია და ლაზეროქირურგია საქართველოში მისივე ძალისხმევით დაინერგა.
აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის მონოგრაფიები და ასეულობით სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ არის აღიარებული. შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია. 1964 წელს მიენიჭა ლენინური პრემია, 1966 წელს ლენინის ორდენი, 1971 წელს წითელი დროშის ორდენი, 1969 წელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის მედალი, 1979 წელს ოქტომბრის რევოლუციის ორდენი.
სიმონ ხეჩინაშვილის დიდი რუდუნებით დაარსდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ლაბორატორია, რომელიც ამჟამად აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრად იწოდება. საქართველოს მეცნიერული და კლინიკური აუდიოლოგიის, კერძოდ კი სასმენი აპარატებით სმენის რეაბილიტაციის ინსტიტუტის დაარსება უშუალოდ ბატონი სიმონის სახელს უკავშირდება.
აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია არის დაცული.
ბატონი სიმონი თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები