Posted by: burusi | 18/06/2010

არჩილ ქურდიანი

არჩილ ქურდიანი, სტადიონ ”დინამოს” გახსნა

ქურდიანები – Kurdiani

არჩილ გრიგოლის ძე ქურდიანი (უფროსი)

სახალხო არქიტექტორი
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
აკადემიკოსი, პროფესორი

დაიბადა 1903 წლის 26 მარტს ქ. თბილისში ღვაწლმოსილი ინჟინრის და ხუროთმოძღვრის გრიგოლ ქურდიანის ოჯახში.
1922 წელს ამთავრებს თბილისის პირველ გიმნაზიას და შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე არქიტექტურის განყოფილებაზე.
1929 წელს უკვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებს მხოლოდ ორი დიპლომანტი: არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე ქეთევანი _ პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი.
ოცდაათიანი წლები არჩილ ქურდიანისთვის, მისი ოჯახისათვის იყო საწყისი დიდი ეპოპეის, რასაც ერქვა „დინამოს“ სტადიონი. ეს მცნება იქცა ოჯახის ტრადიციად.
1936 წლიდან არჩილ ქურდიანი ინიშნება ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორად. ამ პოსტზე მუშაობს წლების მანძილზე და ხელმძღვანელობს სარეკონსტრუქციო-კეთილმოწყობით სამუშაოებს.
1932-1936 წელს იგი აპროექტებს და აშენებს “დინამოს” სტადიონს. როდესაც, ოცდაათიან წლებში შემოქმედებითად იბადებოდა პირველი სტადიონის პროექტი _ 1932 წელს დაიბადა გია, ხოლო, როდესაც მამა-შვილი არჩილ და გია ქურდიანები სამოციან წლებში იწყებდნენ მუშაობას ახალი „დინამოს“ სტადიონის პროექტზე, 1965 წელს ქურდიანების ოჯახს შეეძინა ვაჟი პატარა არჩილ ქურდიანი, რომელიც დღეს მამასთან გია ქურდიანთან ერთად ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას.
არჩილ ქურდიანის შემოქმედების ერთ-ერთ ეტაპობრივ ნაწარმოებს წარმოადგენს ოცდაათიანი წლების თბილისის „დინამოს“ სტადიონი.
სპორტულ – ტექნიკურ და კონსტრუქციულად ახლებურ გადაწყვეტასთან ერთად, სტადიონი თავისი არქიტექტურით წარმოადგენდა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. ეს იყო ნიმუში ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულად ჩამოყალიბებული კომპოზიციებისა, არქიტექტურული ფორმების შექმნის პრინციპების და შემოქმედებითი გარდაქმნის ახლებური მიდგომა–ძიება. ეს იყო შექმნა პირველი სპორტული ნაგებობისა საქართველოში. თბილისის „დინამოს“ სტადიონი თავისი არქიტექტურული ღირსებით მიეკუთვნებოდა სპორტულ ნაგებობათა საუკეთესოთა რიცხვს.
„დინამოს“ სტადიონის დამთავრების თანავე, არჩილ ქურდიანი არქიტექტორებთან გ. ლეჟავასთან, ი. ჟიტკოვსკისთან, ქეთევანთან ერთად მოსკოვში აპროექტებს და აშენებს საქართველოს პავილიონს.
პავილიონის არქიტექტურა, მისი მხატვრული იერ-სახე დაფუძნებული იყო სივრცობრივ და მოცულობით კონტრასტების დაპირისპირებაზე. საინტერესოა, რომ აღნიშნული კონტრასტები არ არღვევდნენ შენობის ორგანულ ერთიანობას. მათ აერთიანებდა ჭეშმარიტად ქართული, ეროვნული ხუროთმოძღვრების კოლორიტი. კოლორიტი, რომელიც გამოსჭვივოდა, როგორც თვით შენობის სტრუქტურაში, ასევე გვერდითი კედლების ნახატში, გაცოცხლებულს თაღედითა და მცირე ზომის ღიობებით;ცენტრალური შესასვლელის სვეტებში და კაპიტელებში, ჩუქურთმების, დეტალების და საერთოდ მაღალმხატვრული დეკორის შესანიშნავ პლასტიკაში.
საქართველოს პავილიონი აღიარებული იყო გამოფენაზე როგორც საუკეთესო. და მის ავტორს არჩილ ქურდიანს მიენიჭა სტალინური პრემიის ლაურეატის წოდება და საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო „ლენინის ორდენი“.
ეს იყო არჩილ ქურდიანის ნიჭის კიდევ ერთი შესანიშნავი გამოვლინება. ეს იყო ახალი ქართული ხუროთმოძღვრების უბადლო ნიმუში.
სამწუხაროდ პავილიონი დაიწვა.
ქურდიანების ოჯახის წევრების ერთობლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ითვლის დაახლოებით 100 წელზე მეტს. შემოქმედებითი ძიების ყველა მომენტი თუ კომპონენტი პირველ რიგში განიცდიდა და განიცდის უმკაცრეს აპრობირებას ოჯახში და მხოლოდ შემდგომში გამოდის სამსჯავროზე. ეს პრინციპი ყალიბდებოდა ოციან წლებში, როდესაც იწყებდნენ მოღვაწეობას არჩილი და ქეთევანი, ეს იყო როდესაც მოღვაწეობდნენ არჩილი, ქეთევანი და გია, ეს გრძელდება დღესაც, როდესაც მოღვაწეობენ გია და არჩილი, ხოლო მათთან ერთად, უხილავად, დიდი არჩილი და ქეთევანი.
რაც შეეხება პატარა გიორგის, ის ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, მხოლოდ უყურებს მამას და გია პაპას მოღვაწეობას და ალბათ შინაგანად შემოქმედებითად იმუხტება.
40-50-იანი წლების არჩილ ქურდიანის შემოქმედება აღინიშნება მთელი რიგი ობიექტებით, რომლებიც ხასიათდება თავისი მნიშვნელობით, დანიშნულებითა და მაღალი მახტვრულ-არქიტექტურული ღირსებით.
ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი კრწანისში; დიდი საცხოვრებელი სახლი რუსთაველის გამზირის დასაწყისში მ. მელიასა და ს. ყუბანეიშვილთან ერთად, ბარათაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ს. დემჩინელთან და გ. ჯანდიერთან ერთად; დიდუბის ხიდი ინჟინერ დიდიძესთან ერთად; მუზეუმი გორში; სასტუმრო „ ინტურისტი“ გორში მეუღლესთან ქალბატონ ქეთევანთან ერთად; ტელეცენტრის შენობა თბილისში და სხვა. შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, არჩილ ქურდიანი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას: არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი და თავმჯდომარე, „თბილქალაქპროექტის“ დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი; თბილისის პირველი მთავარი არქიტექტორი და აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, ძეგლთა დაცვის სამსახურის და სახმშენის შექმნა-ორგანიზება.
ახალგაზრდობიდან პედაგოგიური მოღვაწეობა ჯერ ახლად დაარსებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდგომ კი, სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორად.
დავით გარეჯის სახალხო უნივერსიტეტის საპატიო რექტორი.
60-70 წლებში არქიტექტორები არჩილ ქურდიანი, გია ქურდიანი, კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი გვევლინებიან როგორც „დინამო“-ს სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები ხოლო გია ქურდიანი დამატებით პროექტის მთავარ არქიტექტორად. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ძველი “დინამოს” სტადიონის იძულებითი დანგრევა, ეს იყო არჩილ ქურდიანის ოჯახის შემოქმედებითი ტრაგედია, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს იყო ახალი დიდი შემოქმედებითი წარმატების მაუწყებელი-ახალი “დინამოს” სტადიონის ტრიუმფალური გახსნა.
სცენისა თუ სპორტის მოღვაწეებისაგან განსხვავებით, ხუროთმოძღვარი, როგორც წესი, მოკლებულია თავისი შემოქმედების აღიარების ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა ტაში, ოვაცია და ა.შ.
1976 წლის 26 სექტემბერს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნა ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. სწორედ ამ ზეიმის დროს, სტადიონის მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ტაშით მიესალმა სტადიონის ავტორებს. ეს იყო მათი შრომის, მოღვაწეობის მაღალი შეფასება. ეს იყო ავტორებისათვის ბედნიერი წუთები; ხოლო, გავიდა წლები, და 1988 წლის ოქტომბერში, ბატონი არჩილის გარდაცვალებისას, მრავალათასიანმა ფეხბურთის გულშემატკივარმა, სტადიონზე ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას.
არჩილ ქურდიანის ოჯახი უდიდესი მადლიერებით იგონებს იმ დიდ პატივისცემის გამოხატვას ბატონი არჩილის ხსოვნის მიმართ.
80-იან წლებში არჩილ ქურდიანი თავის ვაჟთან გია ქურდიანთან და შვილიშვილთან არჩილ ქურდიანი (უმცროსთან) ერთად აპროექტებენ თბილისის ტელეცენტრის რეკონსტრუქციას და „დინამოს“ სპორტული დიდების მუზეუმს.
1988 წელს ოქტომბერში არჩილ გრიგოლის-ძე ქურდიანი გარდაიცვალა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები