Posted by: burusi | 02/04/2010

სანდრო ახმეტელი

სანდრო ახმეტელი - Sandro Akhmeteli

სანდრო ახმეტელი – Sandro Akhmeteli

სანდრო ახმეტელი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი.

1886 წელს, 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილს და მის მეუღლეს მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილი ოთხი დღის მერე, იმავე ეკლესიაში მონათლეს. ნათლია ყოფილა მნათეს დიმიტრი ახმეტელიშვილის მეუღლე– ქრისტინე.

ვასილ ახმეტელიშვილს შეძლებული ოჯახი ჰქონია. პატარა სანდროს და-ძმებიც ჰყავდა. მისი და ეკატერინე ახმეტელიშვილი იყო ქალი პირველი ქართველ ქალთაგან, რომელმაც უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. იგი ყოფილა მეუღლე ქართული ქირურგიის ფუძემდებლის-გრიგოლ მუხაძისა.

ძმა(უფროსი) დავითი-ამთავრებს ვეტერინალურ ინსტიტუტს და პროფესორი ხდება.მეორე ძმა ილია ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს და ცნობილი ქირურგი ხდება. მესამე ძმა – გიორგი პროფესიით ინჟინერი იყო. ამიტომ ამ ოჯახს სოფელში ,,მინისტერაანთ’” ეძახოდნენ.

ოჯახი 1891 წლიდან საცხოვრებლად გადადის თელავში. მამამისი სოფელ კოღოთოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1900 წელს ალ. ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სანდროს ჯერ კიდევ, მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.

1905 წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის ივანე როსტომაშვილის ასული ტასო. 1907 წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი-შალვა შეეძინათ.

1907 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მასთან უსწავლია შალვა ნუცუბიძეს და გიორგი ციციშვილს. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი ,,ცნობის ფურცელი”.

1910 წელს ქვემო მაჩხაანში პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ დადგა სუმპატაშვილ-იუჟინის პიესა ,,ღალატი”. სანდრო თვითონ ჰქმნიდა გრიმებს და კოსტიუმების მოდელებს.

1916 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა და იურისტის დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში.1917 წელს შეეძინათ მეორე ვაჟი– ჯუანშერი.

1919 წლიდან ჩაირიცხა ქართული დრამის დასში, როგორც რეჟისორი. I დადგმა იყო არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე”. სპექტაკლში მღეროდა მისი თანამამულე ვანო სარაჯიშვილი. 1920 წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის “ბერდო ზმანია”.

1922 წელს საქართველოში ჩამოდის რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. 1923 წელს კ. მარჯანიშვილმა იგი თავისთან მიიწვია რეჟისორად. შემდეგ იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1926-1935 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა კორპორაცია “დურუჯის” დაარსებისა (1924). იგი იყო კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის “გმირი”, 1923; ს. შანშიაშვილის “ჰერეთის გმირები”, უ. შექსპირის “უინძორელი ცელქი ქალები”, ორივე 1924 და სხვა).

1928 წელს ახმეტელმა დადგა ბ. ლავრენიოვის “რღვევა”, რომელიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში, და ს. შანშიაშვილის “ანზორა”. ამ სპექტაკლებში კლასობრივი ბრძოლის ფონზე გახსნილია ახალი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყარო. ახმეტელმა “ანზორში”, შ. დადიანის “თეთნულდსა” (1931) და ვ. კირშონის “ქართა ქალაქში” (1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახალი ეპოქის ხასიათი და კოლექტივიზმის ძალა. ახმეტელის შმოქმედებაში ახალი სიტყვა იყო ფ. შილერის “ყაჩაღბის” (1933) დადგმა (თანადამდგმელი შ. აღსაბაძე). აქ ყაჩაღთა ბრბო გამოყვანილი იყო ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზებულ ძალად.

ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შმოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს. სპექტაკლები ა. გლებოვის “ზაგმუკი” (1926), ნ. შიუკაშვილის “ამერიკელი ძია”, I ნაწილი (1926), II ნაწილი (1927), მ. ლორთქიფანიძის “ათი დღე” (1927, ჯ. რიდის მიხედვით, ა. ვასაძესთან ერთად), კ. ლიფსკეროვის “კარმენსიტა” (1927), ე. ბილბელოცერკოვსკის “საჭე მარცხნივ” (1927, ა. ვასაძესთან ერთად), “ლამარა” (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1930), ლ. სლავინის “ინტერვენცია” (1934), ხოზიკას “ხოჭოების დოღი” (1928, კ. პატარიესთან ერთად), ჰაყენკლევერის “საქმის კაცი” (1929, შ. აღსაბაძესათან ერთად), ა. მირცხულავას (მაშაშვილი) “განგაში” (1931), გ. ბუხნიკაშვილის “ნაბიჭვარი” (ვ. შკვარკინის მიხედვით). საოპერო სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის “ლატავრა” და დ. არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე”.

ს. ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. 10 წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. “ლამარას” ნახვის შემდეგ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის “ლამარამ”. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.

ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.

შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, “მწვანე თეატრში” გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ “მწვანე თეატრში” 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.
1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა.

სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული სპექტაკლები:

1 დ. არაყიშვილის – ,,თქმულება შოთა რუსთაველზე” 1919 წ.
2. ს. შანშიაშვილის – ,,ბერდო ზმანია” 1920 წ.
3. ჯ. სინგის – ,,გმირი” 1923 წ.
4. ს.შანშიაშვილის – ,,ჰერეთის გმირები” 1924 წ.
5. უ. შექსპირის – ,,უინძორელი ცელქი ქალები” 1924 წ.
6. ა. გლებოვის – ,,ზაგმუკი”1926 წ.
7. ნ. შიუკაშვილის – ,,ამერიკელი ძია” ( 1 ნაწ.) 1926 წ. ( 2 ნაწ.) 1927 წ.
8. მ. ლორთქიფანიძის – ,,ათი დღე” 1927წ.
9. კ. ლიფსკეროვი – ,,კარმენსიტა” 1927 წ.
10. ე. ბილბელოცერკოვსკი – ,,საჭე მარცხნივ”1927 წ.
11. ბ.ლავრენიოვის – ,,რღვევა” 1928 წ.
12. ს.შანშიაშვილის – ,,ანზორა” 1928 წ.
13. ხოზიკა – ,,ხოჭოების დოღი” 1928 წ.
14. ჰაყენკლევერის – ,,საქმის კაცი” 1929 წ.
15. ვ. კირშონის – ,,ქართა ქალაქი” 1929 წ.
16. ვაჟა-ფშაველას მიხედვით – ,,ლამარა” 1930 წ.
17. შ. დადიანის – ,,თეთნულდი” 1931 წ.
18. მირცხულავას – ,,განგაში” 1931 წ.
19. ბუხნიკაშვილის – ,,ნაბიჭვარი” 1931 წ.
20. ფ. შილერის – ,,ყაჩაღები” 1933 წ.
21. ლ. სლავინის – ,,ინტერვენცია” 1934 წ.

ლიტერატურა


დატოვე კომენტარი

კატეგორიები