Posted by: burusi | 11/03/2010

რევაზ გაბაშვილი – „რაც მახსოვს“

რევაზ გაბაშვილი

რევაზ გაბაშვილი – Revaz Gabashvili (1883-1969)

ნაწყვეტი წიგნიდან „რაც მახსოვს“

…როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება, დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; ჰეკერის პლანიც, – 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ – ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბ-ნმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო“-ო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, – მგლის მადის… ვითომ გასანელებლად…

ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ „ბატარეას“. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს („გიმნასტიკისა“) ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს, ამ სიცივეში, არც ცხელი საჭმელი უნახავთო.

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ, შეცდომით (?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო“, და საწყალი გაყინული იუნკრებიც, ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ…

24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი, ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს და, შეიძლება ამიტომ (?) გასცა ბრძანება ჟორდანიამ – ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

…სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, „შტაბში“, – რკინის გზის (?), თუ რაღაც მინაგვარ შენობაში, „მეისრეებისათვის“ რომ აშენებენ, ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: აბა ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!“ შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… სადა გვყავს ცხენები? – აგერ ცხენები… ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა… ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, – მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი… რომ „ეკუნკულნა“ ფრონტებს შორის.

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის „წარმომადგენელს“ შუა, და, რის ვაი-ვაგლახით „კომპრომისით“ გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, – ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ…

სარდალი ეფიცებოდა გვარდიელს:
– ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ!
– არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთ!
– კაცო, რა დროს მაგაზე დავაა, საჩქარო საქმეა!
– გვარდიის შტაბი ნებას არ იძლევა ჩვენი „ინვენტარისა და იარაღის თხოვებაზე“… და ასე გაუთავებლად…

…აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთ საჭიროებისათვის, შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა და წამიყვანა იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც წინა დღეებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი მარცხი მიაყენეს რუსებს. აი, ამ სანგარში შემოიჭრა მტერი, მაგრამ დახოცეს, დასჭრეს, გაჰყარეს და ტყვეები ჩავიგდეთ ხელში. ორიოდე ცხენოსანი ესკადრონი რომ გვყოლოდა, გაქცეული მტრების სადევნელად, სულ გავანადგურებდით და ათასობით კიდევ მეტს ტყვეებს ჩავიგდებდით ხელშიო… შემდეგ მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო.

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი“-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12-საათზე ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ!“-ო. – როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? – მთავრობის დადგენილებაა… და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

ისეთი თავზარ-დამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული – მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, – მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა.

ერთ-ერთმა ცნობილმა მენშევიკმა – პეტრე გელეიშვილმა აი, რა უპასუხა მტრის შემოსევითა და ქართველ ხელისუფალთა უცხოეთში გაქცევით შეცბუნებულ მუშებს, როცა მათ ჰკითხეს: „– ამხანაგო პეტრე, ეს რა ამბავია, რავა იქნება ეხლა საქმე? რა გვეშველება? „ამხანაგმა“ პეტრემ ნერვიული გაბრაზებით შეჰყვირა: – გამიჭირეთ საქმე, ყველგან მაგას მეკითხებიან: „რა მოხდა, რა მოხდა?!-ო, რა მოხდა? რაზე ღელავთ?: ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?“


პასუხები

  1. აი ნამდვილი ისტორია, რომელსაც ათეულობით წელი ამაოდ ვეძებდით. ქვეცნობიერი გვკარნახობდა, რომ სხვა – არა თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია არსებობდა – სინამდვილის ადეკვატური.
    ეხლა რა ვქნათ, ერთი საუკუნის შემდეგ?
    “რაც მახსოვს” ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელახლა გამოიცა?
    მავანი იფიქრებს – “ასეთი ინტერესი თუ გქონდათ და შემოგრჩათ კიდეც ამ საკითხებისადმი, აი ბიბლიოთეკები, ეტრატები და ჩაუჯექით, იკვლიეთ” და ა.შ.
    შემცდარია მავანი. მე ინჟინერი გახლავართ – რეალური ინჟინერი და არა მარტო დიპლომიანი (პოლიტექნიკური ინსტიტუტი რომ ათასეულობით “შტამპავდა”, ისეთი არა) და უფლება მაქვს უსაქმურ ისტორიკოსებისა და ჩაციკლულ ფილოლოგებისაგან მოვითხოვო ამ საკითხების ადეკვატური შესწავლა, იმ პერსპექტივით, რომ ქვეყნის განათლების სისტემამ ჩვენს შვილიშვილთა თაობამდე მიტანა მაინც შეძლოს.

  2. რევაზ, საქართველოს რაინდო და ხმალო…შესანიშნავი გენერალიტეტი ჰყავდა საქართველოს გაბაშვილის, მაზნიაშვილის, ანდრონიკასვილის, ოდიშელიძის, აფხაზის და სხვათა და სხვათა სახით


დატოვე კომენტარი

კატეგორიები