Posted by: burusi | 19/01/2010

ერეკლე II-ის მოედანი

ერეკლე II-ის მოედანი, თბილისის ერთ-ერთი ძველი მოედანი მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, სახელი ეწოდა მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად.

როსტომ მეფემდე სამეფო სასახლე იყო ნარიყალაში, ისანში, სეიდაბადში. მაგრამ იმის გამო, რომ ნარიყალაში ძირითადად სპარსელი მეციხოვნეები იდგენენ როსტომ მეფემ სპარსული გარნიზონის გარემოცვაში ყოფნა არ ისურვა და 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის წინ ტერიტორიას სამეფო უბანი, ხოლო მიმდებარე მოედანს ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა. მოედანი წარმოადგენდა ქალაქის ზემო უბნის ცენტრს და მას ზემო მოედანსაც ეძახდნენ. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში – მეფის მოედანზე სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ითვლებოდა თათრის მოედანი (ახლანდელი მეიდანი). სასახლის გვერდზე მეფე როსტომმა ააშენებინა გოგირდის აბანო. აბანოთუბნიდან საგანგებოდ გამოიყვანეს თიხის მილების ორი ხაზით ცხელი და ცივი წყლები. მისი რვა ოთახის კედლები მოპირკეთებული იყო ორნამენტირებული მოჭიქული ფილებით, ხოლო იატაკი თეთრი მარმარილოსგან იყო გაკეთებული. აბანოს ამშვენებდა დიდი და მცირე გუმბათები სინათლისათვის დატოვებული ჭრილებით. სამეფო უბანი შიდა გალავნითაც იყო შემოფარგლული და ღამე იკეტებოდა.
XVII საუკუნის II ნახევარში სასახლე გადააკეთა მეფე ვახტანგ V-მ. 1709 წელს მეფე ვახტანგ მეექვსემ მოედანზე, აბანოს წინ, საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში პირველი სტამბა დაარსდა. სტამბის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღეს რუმინელმა კულტურის მოღვაწეებმა ეპისკოპოს ანთიმოზ ივერიელის მეთაურობით, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო. თბილისში მაშინდელი ვლახეთიდან ჩამოვიდა უნგრელი ოსტატი მიხაი უნგროვლახელი (იშტვანოვიჩი), ჩამოიტანა სტამბის მოწყობილობა, მასალები და მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად გამოიცა ქართული ბეჭდური წიგნები. აქ განხორციელდა პირველად “ვეფხისტყაოსნის” ბეჭდური გამოცემა. 1723 წელს სტამბა თურქებმა დაანგრიეს, შემდეგ ერეკლე მეორემ აღადგინა და კვლავ დაინგრა. 1959 წელს, როდესაც აღინიშნა სტამბაში ნაბეჭდი წიგნის 250 წლისთავი, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც სტამბა არსებობდა, დაიდგა სამახსოვრო ობელისკი (არქიტექტორი ლერი კენჭოშვილი).
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს მეფის სასახლე დაინგრა. დაინგრა აბანოც, რომელშიც საჭურისი აღა მაჰმად ხანი ჩავიდა და რომ ვერ განიკურნა სერიოზულად დააზიანა.
აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი XII მოედნის ჩრდილოეთით უბრალო სასახლე (ორსართულიანი აივნიანი შენობა) ააშენა დროებით სადგომად. გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ სასახლეს სხვა, კერძო პატრონები გამოუჩნდა, რომელთა დროს მისი ფასადი და შინა სათავსები რამდენჯერმე გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განლაგდა საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1809 წელს, მოედანზე გუბერნატორის სახლი ააგეს და ბატონის მოედანს გუბერნატორის მოედანი ეწოდა. XIX საუკუნის I მეოთხედში ამ ადგილას იყო სინოდალური კანტორა და საქართველოს ეგზარქოსის რეზიდენცია, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო – ეგზარქოსის მოედანი. 1804 წელს ნახევრადდანგრეული მეფის აბანოში ფულის მოსაჭრელი შენობა (ზარაფხანა) და სასინჯი პალატა გახსნეს. აქედან შემორჩა კიდეც დღემდე მოღწეული სახელი – ზარაფხანა.
ერეკლე II-ის მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას სალაყბოსაც ეძახდნენ. 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა ქალაქში ინფორმაციის მთავარ მატარებლებად და გადამცემებად ე.წ. “რაამბავისტები” არსებობდნენ. “ამბავისტები” ბატონის მოედანზე იყრიდნენ თავს და ქალაქის მოსახლეობას საინფორმაციო წყურვილს უკლავდნენ. ამავე მოედანზე შეხვდა ქართული საზოგადოება ქვეყნის ანექსიასაც.
ერეკლეს მოედანს ეკრა კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ მოედანს ავგუსტ ბებელის სახელი ეწოდა, უფრო გვიან კი – ერეკლე II-ისა.
1956-1957 წლებში ერეკლე II-ის მოედანზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. დადგინდა 4 ფენა, რომელთაგან უძველესი V საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება.

ლიტერატურა:

  • გიორგი ხუციშვილი, ჩემი თბილის ქალაქი, 1980 წ.

ერეკლეს მოედანი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები