Posted by: burusi | 18/01/2010

გიორგი ლეონიძის “ყივჩაღის პაემანი” – მარადიული სიყვარული

თავმოკვეთილი მეუღლე. ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1942

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze (1897-1966)

შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, –
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, –
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, –
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

ხალხური

სწორედ ეს უკვდავი ხალხური ბალადა გახდა ერთგვარი წყარო გიორგი ლეონიძის ლექსისა «ყივჩაღის პაემანი». ლექსი ამ შედევრის სტროფებით იწყება:

…ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა…

«წ» – თითქოს წამღერებასავით ისმის ეს თანხმოვანი და «წამის მარადიულობას მიგვაახლოვებს». «ყივჩაღი» – «ყ», «ჩ», «ღ», ძალისა და ენერგიის მფრქვეველი ბგერები ხვდება ჩვენს სმენას.

«პაემანი ყივჩაღთან» – შეხვედრა სიყვარულთან, საბედისწერო შეხვედრა, შეხვედრა წარსულთან.

«ყორღანებიდან გნოლი აფრინდა» – გნოლი სიცოცხლის, თავისუფლების, სიყვარულის სიმბოლოა. ყორღანი – საფლავზე დადგმული ქვაა. მაგრამ, თუ მსოფლიო ხალხთა მითოლოგიურ სიმბოლიკას გავითვალისწინებთ, ყორღანი არის ცთუნების, თვალთმაქცობის, ორპირობის, ამასთანავე ვნებისა და ჟინის სიმბოლო.

«ისევ აღვსდექი!» – პოეტი ხაზს უსვამს ყივჩაღის უკვდავებას, რადგან ამ შემთხვევაში იგი უკიდეგანო სიყვარულის მატარებელია. სიყვარული კი არ კვდება.

«მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს» – მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ყივჩაღი მზადაა საყვარელი ადამიანის მოსაპოვებლად, სიყვარულის მოსაპოვებლად ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს.

«ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას».

ხოდაბუნი – დიდი ფართობი, სახნავ-სათესო მიწა. თავთუხი – ხორბლის ერთ-ერთი სახეობა, აქვს მკვრივი, მსხვილი მარცვალი. ბადაგი – მაჭარი, ახლად დაწურული ყურძნის წვენი.

ლექსში გაზაფხულია. ყვავილები ხელ-მეორედ ამოდიან, არღვევენ მიწას. ე.ი. მცენარეებს ჟამი უდგებათ აღორძინებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს და ის მუდამ იმარჯვებს სიკვდილზე. ლექსში დომინირებს ოქროსფერი. ოქროსფერშია ქსანი და არაგვი გახვეული. ოქროსფერი ღვთიური შარავანდედით მოჰფენია არე-მარეს, რაც მიგვანიშნებს: სიყვარული ღვთის შექმნილია, იგი არ იფერფლება, მარადიულია. გაზაფხულის ეს სურათი ლირიკულ გმირს აგონებს სატრფოს ტუჩებს, რომელიც «ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას».

«ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა»

სტროფი ეხმაურება «ვეფხისტყაოსნის» გმირის – ავთანდილის პაემანს. რუსთაველი წერს: «მოწევნილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა»

სტრიქონი «ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა» – გამოხატავს ლირიკული გმირის განწყობილებას.

«ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!»

სტროფში გამოყენებულია ალიტერაციის მხატვრული ხერხი – თანხმოვანი «ტ», რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ ყივჩაღი მზად არის დაბრკოლების გადსალახავად, სასურველი ადამიანის მოსაპოვებლად. თუმცა ყივჩაღი გადამთიელია, მისთვის არაფერია სხვა ხალხის სულიერი სიწმინდის, ფასეულობის მსხვრევა, ზნეობრივი ღირებულების ხელყოფა. იგი ბარბაროსია, «მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად».

«მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!»

მუხრანელი ისევ გამოჩნდა ლექსში, ამჯერად მუზარადით. მუზრადიანი გმირი სამშობლოს დამცველ ვაჟკაცთან ასოცირდება, ვაჟკაცთან, რომელიც თავის საკუთრების ხელყოფის უფლებას არავის მისცემს. მუზარადი – ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი ქართველი ხალხია, რომელიც «კელაპტრიან ტაძრებს», «მცხეთის საკეტურების» ხელყოფის უფლებას არ მისცემს.

ტრაგიკულია საბედისწერო სიყვარულის დასასრული. «მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები»…

პოეტი ნისლებს საძროხე ქვაბიდან ამოვარდნილ ოხშივარს ადარებს: «როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…». ამით იგი გვიხატავს ყივჩაღის სიკვდილის სცენას, რომელიც პირუტყვივით შეეწირა სიყვარულს.

მაგრამ სიყვარული არ კვდება, ათასი წლის შემდეგაც მწველი და მგზნებარეა, მტკივნეულია. პოეტი ამბობს: «მოდი! გეძახი ათას წლის მერე». პაემანი კვლავ უნდა შესდგეს, ყივჩაღის სიკვდილით სიყვარული არ დამთავრებულა, ათას წლის შემდეგ პირველქმნილი ძალით ცოცხლობს. «დამნაცროს ელვამ შენი ტანისა», რაც მიგვანიშნებს, რომ ათასი წლის შემდეგაც «სიყვარულით კვლავ დავიფერფლებით».

ლექსი მთავრდება რუსთველური სტრიქონით: «ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!…» ეს ფრაზა ლექსის სამკაული არ არის მარტო, იგი არის ლექსის მთავარი სათქმელი, ლექსის თემაც და იდეური ჩანაფიქრიც. ზღვარგადასულია ყივჩაღის სწრაფვა სურვილის ასახდენად და თავგამეტება სიყვარულისთვის. ყივჩაღი სიყვარულისათვის თავგანწირული მებრძოლი, ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლია.
…და ამიუხედავად ამისა, სიყვარული ძალაა, რომელიც დედამიწას აბრუნებს, სიცოცხლეს აზრს მატებს. იგი მსხვერპლს მოითხოვს, ზოგჯერ სიცოცხლესაც კი. სიყვარულისთვის შეგიძლია ყველაფერს წინ აღუდგე, ყველა დაბრკოლება გადალახო და ვერავინ მოახერხოს შენი დამარცხება, რადგან მისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა. სიყვარული ყველაფრის დასაწყისი და დასასრულია. სიყვარული უკვდავია, ისე, როგორც ღმერთი, რადგან ათასწლეულებს ამარცხებს.

ლიტერატურა:
http://skola.edu.ge/Lemill/


პასუხები

  1. კარგია. სხვა ცნობილ ლექსებზე და ნაწარმოებებზეც კიდე უფრო მეტს თუ გააკეთებთ ძალიან კარგი იქნება.

  2. ძალიან კარგი განმარტებაა მომეწონა.რატომღაც ისეთი ქართულის პედაგოგი მყავს რომელიც არ გვიხსნის გაკვეთილებს და ძალიან მჭირდება ასეთი განმარტებები და გამიადვილდება ნაწარმოებების არსის გაგება….მადლობთთთ…

  3. lola chemi pedagogiiic egre arisss daaa martla madloob romm ese kargad gagvimartet. gaixaret :*:*:*

  4. shesanishnavi analizia,srulyofili da amomwuravi.

  5. dzalian didi madloba

  6. madlob ara gmadlob

  7. ძალიან დიდ მადლობა ასეთი განმარტებისთვის… მასწავლებელი გვიხსნის ძალიან კარგად, მაგრამ გვავალებს კრიტიკული ლიტერატურის წაკითხვას და შემდგომ არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს ინფორმაცია კი მერწმუნეთ ძალიან დამეხმარება =)

  8. სწორედ ეს უკვდავი ხალხური ბალადა გახდა ერთგვარი წყარო გიორგი ლეონიძის ლექსისა «ყივჩაღის პაემანი». ლექსი ამ შედევრის სტროფებით იწყება:

    …ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა…

    «წ» – თითქოს წამღერებასავით ისმის ეს თანხმოვანი და «წამის მარადიულობას მიგვაახლოვებს». «ყივჩაღი» – «ყ», «ჩ», «ღ», ძალისა და ენერგიის მფრქვეველი ბგერები ხვდება ჩვენს სმენას.

    «პაემანი ყივჩაღთან» – შეხვედრა სიყვარულთან, საბედისწერო შეხვედრა, შეხვედრა წარსულთან.

    «ყორღანებიდან გნოლი აფრინდა» – გნოლი სიცოცხლის, თავისუფლების, სიყვარულის სიმბოლოა. ყორღანი – საფლავზე დადგმული ქვაა. მაგრამ, თუ მსოფლიო ხალხთა მითოლოგიურ სიმბოლიკას გავითვალისწინებთ, ყორღანი არის ცთუნების, თვალთმაქცობის, ორპირობის, ამასთანავე ვნებისა და ჟინის სიმბოლო.

    «ისევ აღვსდექი!» – პოეტი ხაზს უსვამს ყივჩაღის უკვდავებას, რადგან ამ შემთხვევაში იგი უკიდეგანო სიყვარულის მატარებელია. სიყვარული კი არ კვდება.

    «მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს» – მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ყივჩაღი მზადაა საყვარელი ადამიანის მოსაპოვებლად, სიყვარულის მოსაპოვებლად ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს.

    «ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას».

    ხოდაბუნი – დიდი ფართობი, სახნავ-სათესო მიწა. თავთუხი – ხორბლის ერთ-ერთი სახეობა, აქვს მკვრივი, მსხვილი მარცვალი. ბადაგი – მაჭარი, ახლად დაწურული ყურძნის წვენი.

    ლექსში გაზაფხულია. ყვავილები ხელ-მეორედ ამოდიან, არღვევენ მიწას. ე.ი. მცენარეებს ჟამი უდგებათ აღორძინებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს და ის მუდამ იმარჯვებს სიკვდილზე. ლექსში დომინირებს ოქროსფერი. ოქროსფერშია ქსანი და არაგვი გახვეული. ოქროსფერი ღვთიური შარავანდედით მოჰფენია არე-მარეს, რაც მიგვანიშნებს: სიყვარული ღვთის შექმნილია, იგი არ იფერფლება, მარადიულია. გაზაფხულის ეს სურათი ლირიკულ გმირს აგონებს სატრფოს ტუჩებს, რომელიც «ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას».

    «ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა»

    სტროფი ეხმაურება «ვეფხისტყაოსნის» გმირის – ავთანდილის პაემანს. რუსთაველი წერს: «მოწევნილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა»

    სტრიქონი «ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა» – გამოხატავს ლირიკული გმირის განწყობილებას.

    «ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!»

    სტროფში გამოყენებულია ალიტერაციის მხატვრული ხერხი – თანხმოვანი «ტ», რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ ყივჩაღი მზად არის დაბრკოლების გადსალახავად, სასურველი ადამიანის მოსაპოვებლად. თუმცა ყივჩაღი გადამთიელია, მისთვის არაფერია სხვა ხალხის სულიერი სიწმინდის, ფასეულობის მსხვრევა, ზნეობრივი ღირებულების ხელყოფა. იგი ბარბაროსია, «მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად».

    «მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!»

    მუხრანელი ისევ გამოჩნდა ლექსში, ამჯერად მუზარადით. მუზრადიანი გმირი სამშობლოს დამცველ ვაჟკაცთან ასოცირდება, ვაჟკაცთან, რომელიც თავის საკუთრების ხელყოფის უფლებას არავის მისცემს. მუზარადი – ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი ქართველი ხალხია, რომელიც «კელაპტრიან ტაძრებს», «მცხეთის საკეტურების» ხელყოფის უფლებას არ მისცემს.

    ტრაგიკულია საბედისწერო სიყვარულის დასასრული. «მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები»…

    პოეტი ნისლებს საძროხე ქვაბიდან ამოვარდნილ ოხშივარს ადარებს: «როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…». ამით იგი გვიხატავს ყივჩაღის სიკვდილის სცენას, რომელიც პირუტყვივით შეეწირა სიყვარულს.

    მაგრამ სიყვარული არ კვდება, ათასი წლის შემდეგაც მწველი და მგზნებარეა, მტკივნეულია. პოეტი ამბობს: «მოდი! გეძახი ათას წლის მერე». პაემანი კვლავ უნდა შესდგეს, ყივჩაღის სიკვდილით სიყვარული არ დამთავრებულა, ათას წლის შემდეგ პირველქმნილი ძალით ცოცხლობს. «დამნაცროს ელვამ შენი ტანისა», რაც მიგვანიშნებს, რომ ათასი წლის შემდეგაც «სიყვარულით კვლავ დავიფერფლებით».

    ლექსი მთავრდება რუსთველური სტრიქონით: «ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!…» ეს ფრაზა ლექსის სამკაული არ არის მარტო, იგი არის ლექსის მთავარი სათქმელი, ლექსის თემაც და იდეური ჩანაფიქრიც. ზღვარგადასულია ყივჩაღის სწრაფვა სურვილის ასახდენად და თავგამეტება სიყვარულისთვის. ყივჩაღი სიყვარულისათვის თავგანწირული მებრძოლი, ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლია.
    …და ამიუხედავად ამისა, სიყვარული ძალაა, რომელიც დედამიწას აბრუნებს, სიცოცხლეს აზრს მატებს. იგი მსხვერპლს მოითხოვს, ზოგჯერ სიცოცხლესაც კი. სიყვარულისთვის შეგიძლია ყველაფერს წინ აღუდგე, ყველა დაბრკოლება გადალახო და ვერავინ მოახერხოს შენი დამარცხება, რადგან მისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა. სიყვარული ყველაფრის დასაწყისი და დასასრულია. სიყვარული უკვდავია, ისე, როგორც ღმერთი, რადგან ათასწლეულებს ამარცხებს.

  9. მადლობა რომ ანალიზის დაწერაში დამეხმარეთ


დატოვე კომენტარი

კატეგორიები