Posted by: burusi | 07/01/2010

გიორგი გვახარია – ვის ეშინია “სველი წრის”

ფოტო ქეთო ცაავა

გოგი გვახარია – Gogi Gvakharia

ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”

დასავლეთს რადიკალური კინოთი, დიდი ხანია, ვეღარ გააკვირვებ. რამდენი სისხლიც არ უნდა უჩვენო ეკრანზე და რაოდენ ნატურალისტურადაც არ უნდა გაატარო ადამიანის სხეული ხორცსაკეპ მანქანაში, აღშფოთებით აღარავინ აღშფოთდება. უფრო სიცილით გასკდებიან. როგორც, მაგალითად, ქუენთინ ტარანტინოს ახალ ფილმზე.

ასეთი სიტუაცია იყო 1985 წელსაც, როცა ფრანგმა რეჟისორმა ქალმა, ანიეს ვარდამ ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” მოიპოვა ფილმისთვის “სახურავისა და კანონის გარეშე”. თუმცა სურათის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფრანგულ საზოგადოებას ცოტა არ იყოს აღელვება დაეტყო. ფილმის გმირი, ახალგაზრდა ქალი, სახელად მონა, უსახლკარო მათხოვარია, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში ხეტიალობს, კარდაკარ დადის. არაფერი აქვს ძველი საძილე ტომრის გარდა. ერთხელაც, პოლიცია მონას გაყინულ ცხედარს გადაეყრება. გამოკითხავენ იმ ხალხს, ვისაც გოგონა ერთხელ მაინც უნახავს და დაასკვნიან: “მიცვალებულის ვინაობა ვერ დაზუსტდა. გაირკვა, მხოლოდ, რომ მას “მონა” ერქვა. ასოციალური ახალგაზრდა იყო”… მოწმეები ანიეს ვარდას გმირს ერთი და იგივე სიტყვებით ახასიათებენ “ჭუჭყიანი, დაუბანელი, უხეში…”. ერთი ძალიან სანდომიანი ქალბატონი, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ეკოლოგიის პრობლემებს იკვლევს, მონას ასე იგონებს: “მანქანაში როცა ჩამიჯდა, გამოველაპარაკე, დახმარება შევთავაზე, მაგრამ ისეთი მძაფრი სუნი ჰქონდა, ისე ყარდა, რომ გული წამივიდა!”

ვენეციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ანიეს ვარდამ განაცხადა: “ფილმის გადაღების დროს ვცხოვრობდით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც დაბანის საშუალება არ ჰქონდათ, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ, რა არის ცხელი წყალი. პირველად საშინლად გაგვიჭირდა, მაგრამ მალე შევეჩვიეთ და მივხვდით, რომ “სუნი” – კონკრეტული კულტურის მოგონილი ცნებაა, აკვიატებული გრძნობაა, რომელიც ოდესღაც მოიგონეს ადამიანებმა… “ცუდი სუნი” ხომ არაერთი შავბნელი იდეოლოგიის წინაპირობა გამხდარა”.

ბუნებრივია, ანიეს ვარდას თითქმის ვერავინ გაუგო. ისევე როგორც ვერავინ გაუგო მის გმირს – მონას… არა იმდენად ადამიანების, რამდენადაც კულტურის მიერ დევნილ გოგონას… “სახურავისა და კანონის გარეშე” მცხოვრებ მარგინალურ არსებას, რომელმაც ვერაფერი დატოვა დედამიწაზე, “მყრალი სუნის” გარდა.

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა სადიპლომო პერფორმანსმა “სველი წრე” რატომღაც ანიეს ვარდას ფილმი გამახსენა. უფრო სწორად, არა იმდენად პერფორმანსმა, რამდენადაც იმან, თუ როგორ აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ ეს უმტკივნეულო “ანცობა”.

“ანცობად” პერფორმანსი თავად გარემოებამ გადააქცია. თავდაპირველად აქცია ეროვნულ გალერეაში უნდა გამართულიყო. მაგრამ მოგვიანებით, აკადემიის სტუდენტები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ აქციის ადგილი. მათი პერფორმენსისთვის ბავშვთა სურათების გალერეა გამოიყო.

ექვსმა მხატვარმა – მთლიანად თეთრებში (თანაც ხაზგასმით გაკრიალებულ, სუფთა და აკურატულად შეკრულ “თეთრებში”) გამოწყობილმა გოგონებმა და ბიჭებმა, წრე შეკრეს და მაყურებლის თანდასწრებით, ფურთხება დაიწყეს. ტუმბოებზე ისხდნენ და ერთმანეთს აფურთხებდნენ – თანაც რიტმის მკაცრი დაცვით და საათის ისრის მიმართულებით – ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე… ცხადია, ასეთი “სველი წრე” გაცილებით უფრო ეფექტური, უფრო პროვოკაციული იქნებოდა ეროვნულ გალერეაში… გამოვიდოდა, რომ ახალგაზრდები იმის ფონზე იფურთხებოდნენ, რასაც ჩვენში “კულტურას” უწოდებენ – მაღალ კულტურას, რომელსაც შეუძლია იხსნას სამყარო, მაგრამ, ამავე დროს, თაობები “დააჩმოროს”, დათრგუნოს ახალგაზრდები. ისინი მიაფურთხებდნენ “კულტურას”, რომელიც თუკი ვერ განვითარდა, ათასნაირ სტერეოტიპს შექმნის და შესაძლებელია, “მკვლელის” როლშიც კი მოგვევლინოს… რომ არა “მყრალი სუნი” , მონას ხომ აუცილებლად შეიფარებდა ის ინტელექტუალი ფრანგი ქალბატონი. მაშინ ხომ აღარ გაიყინებოდა ეს უმწეო არსება? მაგრამ კულტურას სად სცალია უმწეო არსებებისთვის?

ბავშვთა ნახატების გალერიის ცარიელ და ცხელ დარბაზში პერფორმენსი უკვე სხვაგვარად აღიქმებოდა – აკადემიის კურსდამთავრებულები ჰგავდნენ ბავშვებს, რომელთაც აღარაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ აფურთხონ ერთმანეთს.

“დეტექტივი იქნებაო” გვარწმუნებდა, “პერფორმანსისტების” პედაგოგი. ჰოდა, ჩვენც დეტექტივს ველოდით. გვეგონა, რომ ეს მონოტონური ფურთხება ბოლოს რაღაცით დასრულდებოდა – თუნდაც კოცნაში გადაიზრდებოდა… ხალხმა გაიცინა, სურათები გადაიღო და დაიშალა. აზრი გამოიკვეთა – ჩვენ განუწყვეტლივ გვაფურთხებენ… და ეს რიტუალი უსასრულოდ გრძელდება. ჩვენ გვაფურთხებენ, ამიტომ, ჩვენც ვისწავლეთ ფურთხება – ზიზღით ცხოვრება… ისე, როგორც წარმოადგინეს “სველი წრე” აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა – როცა გაფურთხებენ, იმას კი არ პასუხობ, ვინც მოგაფურთხა, არამედ შენს გვერდზე მჯდომს უხდი სამაგიეროს… და, კიდევ – ყველაზე მთავარი; როცა ამას მხატვარი აკეთებს, ის უნებურად აღიარებს კიდეც, რომ თანამედროვე კულტურა თავად ემსგავსება “კოლექტიური ფურთხების” ამ ტრაგიკომიკურ რიტუალს.

პერფორმანსზე მობრძანებული პუბლიკა უაღრესად ცივილურად მოიქცა. კაცი იფიქრებდა, რომ ჩვენ უკვე არა მარტო “უძველესი ევროპელები”, არამედ ევროკავშირის უძველესი წევრები ვართ, თითქოს ჩვენც დავემსგავსეთ დასავლელ მაყურებელს, რომელსაც დღეს ვეღარაფრით გააკვირვებ. მაყურებელს შორის ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იყვირებდა – “შეწყვიტეთ ეს საზიზღრობა!”, ანდა, თავად შეაფურთხებდა ახალგაზრდა მხატვრებს. აქციის დასრულების შემდეგ, იფიქრებდით, რომ ექვსმა ახალგაზრდამ მიზანს ვერ მიაღწია, პერფორმანსი წარუმატებლად დასრულდა… “პერფორმანსი” ხომ პუბლიკის კოლექტიური არაცნობიერის აქტივიზაციას ემსახურება. აქ კი, რა მოხდა? გადაიღეს სურათები, ფირზე აღბეჭდეს ფურთხით დაფარული სახეები და წავიდნენ.
გადაღებული მასალა საღამოს ვიხილეთ, საინფორმაციო გამოშვებებში. უფრო მეტიც, “იმედმა” ახალგაზრდობის ანცობას მეორე (!) სიუჟეტი მიუძღვნა “დროებაში”. ჯერ გურამ შარაძის მკვლელობა გაგვახსენეს, შარაძის ქალიშვილმა გვითხრა, რომ ეს “საწყალი, უბედური, ზრდილობიანი” არსება მკვლელი ვერ იქნებოდა, მერე კი “სველი წრის” შესახებ გვიამბეს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინემატოგრაფიული ხერხის, “ინტელექტუალური მონტაჟის” თანახმად, აქ ორი მოვლენა ისე დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ მაყურებელი უნდა მიმხვდარიყო – ბატონი გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ არა მარტო “თურქებს” ჩამოასახლებენ და ლევილის მამულებს გაყიდიან, არამედ აი, ასეთ ხალხს გაეხსნება გზა!

ამის მერე ვიხილეთ ფურთხით მოცული ბიჭებისა და გოგონების სახეები. ამის მერე ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდებმა მადლობა უნდა გადაუხადონ ჩვენს ტელევიზიებს. იქ, საბავშვო გალერეაში, პერფორმანსი თეატრს ჰგავდა – შორიდან არ ჩანდა “მიფურთხებული სახეები”. ტელევიზიამ კი პერფორმანსი – კინოდ აქცია. გვიჩვენა ახალგაზრდა მხატვრების ახლო ხედები, რომლებმაც დაახლოებით ისე იმოქმედა ქართულ საზოგადოებაზე, როგორც დასავლელ მაყურებელზე 1928 წელს გადაღებულმა ლუის ბუნუელის ფილმმა “ანდალუზელი ნაგაზი”… პუბლიკა თვალს ხუჭავდა იმ კადრზე, რომელშიც სამართებელი ადამიანის თვალს ჭრის.

ახალგაზრდა მხატვრებმა მადლობა უნდა გადაუხადონ ჩვენს ტელევიზიებს იმიტომაც, რომ არც ერთმა, საზოგადოებრივი არხის გარდა, არ ახსნა პერფორმანსის მნიშვნელობა, არ უამბო იმ აქციებზე, რომელიც განუწყვეტლივ ტარდება დასავლეთში (მათ შორის ბევრად უფრო აგრესიულზე, ვიდრე “ფურთხებაა”)… არ უთხრა მაყურებელს, რომ დიპლომების დაცვა დასავლეთის სამხატვრო სასწავლებლებში დიდი ხანია აღარ ხდება მოლბერტზე დადებული სურათებისა და რეცენზენტების თანხლებით… ამ ექვს ახალგაზრდას კი აკადემიაში სწავლის დროს უკვე იმდენი აქვს გაკეთებული (დახატული), რომ შეუძლია ასეთი პერფორმანსით დაასრულოს სწავლა… ასეთი ინფორმაცია რომ მოეწოდებინათ მაყურებლისთვის, შესაძლებელია, პუბლიკას აგრესია აღარ გამოეხატა, აღარ ეძახა “ფუ, ფუ…”. მაშინ, რაღა აზრი ექნებოდა პერფორმანსს?

მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ქართული საზოგადოების ასეთ აგრესიას ეს ახალგაზრდებიც არ ელოდნენ. რომელი მათგანი იფიქრებდა, რომ ეს “სამარცხვინო ფაქტი” მათ მშობლებს, განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გია ბუღაძეს, ნაცმოძრაობას და თვით, მიხეილ სააკაშვილს დაბრალდებოდა? (“რას გვიშვება ეს სააკაშვილი!”)… რომელი მათგანი იფიქრებდა, რომ თბილისის ინტერნეტ ფორუმზე აი, ასე გამოეხმაურებოდნენ “სველ წრეს”?

“ერთი რამე ვიცი მხოლოდ დანამდვილებით – არჩევნებამდე როგორმე დიდი სუნთქვა უნდა ავიღოთ და გავუძლოთ, მერე ყველანი გამოვცხადდეთ და ბოლომდე ვუპატრონოთ საკუთარ ხმებს – შეცდომის დაშვების არანაირი უფლება აღარ გვაქვს ” (ამ მოსაზრების ავტორს ავატარად ჟულიეტ ბინოშის სურათი აქვს … რა ვქნა… მერე იტყვით, რას გადაეკიდა ამ ქალსო)!

“ფუ რა საშინელება იყო. რა ჩამოაბანინებდათ იმ საზიზღრობას”

“უხ, გარყვნილმა აზრმა გამიელვა თავში. მიფურთხების პონტში, ოღონდ არა ნერწყვის და არა პირით.”

ეს უკანასკნელი პოსტი განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩევა. ამ პოსტით ნათელი ხდება, რომ “სველი წრის” ავტორებმა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების სარკე წარმოგვიდგინეს, არამედ დაგვანახეს, როგორ გვაფურთხებენ და როგორ ვიფურთხებით (ამ მხრივ, ქართველებს რატომღაც ლიფტები უყვართ. ლიფტებში მოსდით ნერწყვი). “სველი წრის” პერფორმანსმა საზოგადოების არარეალიზებულ სექსუალურ ვნებებსა და ფანტაზიებზეც ითამაშა. “არა ნერწყვით, და არა პირით…”, ე.ი. ფალოსით? ე.ი. სპერმით? და თუკი მიფურთხებული სახე მაყურებელს პორნოგრაფიულ კინოში გავრცელებულ ცნობილ კადრს აგონებს, რა არის აქ საშიში და საზიზღარი? სექსი? სპერმა?

ამაზე კიდევ ერთი აკრძალული ფილმი გამახსენდა – ეიზენშტეინის “გენერალური ხაზი”. იქაა ასეთი სცენა – მწველავ ქალს, მარფა ლაპკინას, სახეზე რძის წვეთები ეშხეფება. თვალს ხუჭავს, მაგრამ სახე ბედნიერი აქვს. იმდენად ბედნიერი, რომ საბჭოთა ცენზურამ სასწრაფოდ ამოიღო ეს კადრი, როგორც “გაუგებარი სიმბოლო”, რომელმაც მაყურებელში შეიძლება “სექსუალური აქტის ასოციაცია შექმნას”.

მაგრამ, სპერმა ხომ სიცოცხლის სიმბოლოა, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო? რა არის, ასე გეშინიათ სიცოცხლის? ასე გეზიზღებათ?

ანდა, “სველმა წრემ” როგორ შეგაშინათ ასე, როცა ყოველ წუთას დედას იფიცებით?

თუმცა, რატომ იფიცებით? დღეს უფრო “ჩემი დედა!…” ასე იგინებით!

იგინებით და იფურთხებით. თუმცა, ავატარად ხანდახან “უმწიკვლო” ქალის, ჟულიეტ ბინოშის სურათს იყენებთ.

წყარო: ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”
2010 წელი, იანვარი, №56

__________________________


პასუხები

  1. მგონია იმ მხატვრებს სულ არ უფიქრიათ ის რასაც თქვენ ფიქრობთ ბატონო გოგი ანუ საათის ისრის სიმბოლიზმი და მთელი ნიუანსები. ისინი უბრალოდ ცდილობდნენ რამე განსხვავებული გაეკეთებინათ (პროვოკაციული პიარი და ზუსტად ის მეინსტრიმი რაც თქვენ ახსენეთ რო უცხოეთში სხვაგვარად ხდება ) კი ნამდვილად მჯერა რომ ცდილობდნენ ეჩვენებინათ სინამდვილეში თუ როგორ აფურთხებენ სახეში ქართველები ქართველებს მაგრამ მემგონი არაფერ შუაშია მარტო ქართველი, მთლიანად კაცობრიობაა ასეთი თვითონ ადამიანი როგორც არსება. თუ არ მოგვწონს როგორ აფურთხებს ადამიანი ადამიანს სახეში მაშინ ის რატომ უნდა მოგვწეონოს როგორი სახით გვიჩვენებს მხატვარი ამ პერფორმანსს? იმის საჩვენებლად რომ გაჩვენო როგორ ცუდად იქცევი მეც იგივე უნდა გავიმეორო? ანუ შენ რომ კაცი მოკლა მეც კაცი უნდა მოვკლა ფიზიკურათ ან თუმდაც სულიერად რომ მაგალითი გიჩვენო რა ცუდად იქცევი? მემგონი ეს პერფორმანსი აი ამ დონესაც ვერ გაცდება: http://www.youtube.com/watch?v=g25XhK8Qvh0

  2. me vetanxmebi batoni gogis gamoxmaurebas…radganac vici rac xdeba samxatvro akademiashi dges da saertod saqartveloshi…da es zusti protestia imisa tu ra gvacuxebs samxatvro akademielebs dges!

  3. თემა ძალიან მომეწონა, უღრმესი მადლობა…
    საბოლოო ჯამში, ერთი წინადადება გამახსენდა: ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის…”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები