Posted by: burusi | 23/12/2009

სასტუმრო ივერია

სასტუმრო ”ივერია”

სასტუმრო ივერია – Hotel Iveria

1964 წლის 16 იანვარს რუსთაველის პროსპექტისა და ინაშვილის ქუჩის კუთხეში საძირკველი ჩაეყარა ოცდაორსართულიანი სასტუმროს მშენებლობას. იგი დასრულდა 1967 წელს. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასტუმროს ეწოდა “ივერია”.
სასტუმრო “ივერია” შეიცავდა 289 ნომერს, 540 ადგილით, მისი მოცულობა შეადგენდა 60000 კუბურ მეტრს. იგი წარმოადგენდა სრულიად ახალი ტიპის შენობას, რომლის მსგავსი არ იცოდა ქალაქის ომამდელმა არქტიტექტურამ. თანამედროვე ლოგიკურად ნათელ და მკაცრ არქიტექტურულ ფორმებს შეესაბამება ინტერიერების დეკორატიული მორთულობა.
შენობის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს გრანიტის ახალი ჯიში – რიკოთა, მარმარილო, თეძამის ფირუზისფერი ტუფი, ხის მაგარი ჯიშები, ალუმინის ვიტრაჟები, პოლირებული მინა და სხვ. პირველი სართულის ჰოლებში ბუნებრივი ქვა ორგანულად ეხამება ხეს, მინას, ლითონს,კერამიკას. ცენტრალური ჰოლის შემინული კედელი სინათლის ძირითადი წყაროა. აქედან იხსნება ხედი შიდა ეზოსაკენ, სადაც დეკორატიული აუზი, ყურძნის ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა მოჩანს – გაზაფხულის სიმბოლო (მოქანდაკე გურამ კორძახია). ფრესკა ხალხური ცხოვრების თემაზე, ბელა ბერძენიშვილის მიერ შესრულებული რესტორნის კედელზე, ორმოცი მონუმენტური, ფოლკლორული მოტივებით დატვირთული ჭედური ფურცლები ანთიმოზ გორგაძისა, ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატულობით, კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით და ბარელიეფი გულდა კალაძისა – ყოველივე ეს სასტუმროს არქიტექტურაში ეროვნული საწყისის დამადასტურებელია და მოწმობს არქტიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის მაღალ დონეს, რომელიც ქართველი ხუროთმოძღვრების, მხატვრების, მოქანდაკეების, ჭედური ხელოვნების ოსტატთა თანამშრომლობის შედეგად არის მიღწეული ომის შემდგომ წლებში.
პროექტი დამუშავდა “თბილქალაქპროექტში”. მისი ავტორია არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, თანაავტორი – ი. ცხომელიძე. პროექტის ავტორს არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა.
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის ტრაგიკული მოვლენების შედეგად შენობა საგრძნობლად დაზიანდა და გაპარტახდა. მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული.
21-ე საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია სილკ როუდ ჯგუფს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თანამოწილესთან ერთად სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია რადისონს მიჰყიდა. განახლებული პროექტი 2005 წელს დამტკიცდა და სამშენებლო სამუშაოები 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. 18 სართულიან შენობაში 248 ოთახი იქნება, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტები. სასტუმროს რეკონსტრუქციის ბიუჯეტი $65 მილიონი დოლარია.

ლიტერატურა:
გიორგი ხუციშვილი, ჩემო თბილის ქალაქი, თბილისი, 1980 წ.
გ. ბეჟანიშვილი, რუსთაველის პროსპექტი და მოედანი, თბილისი, 1967 წ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები