Posted by: burusi | 20/12/2009

ალექსანდრეს ბაღი (9 აპრილის ბაღი) – Aleksander Square (9 April Garden)

ალექსანდრეს ბაღი

ძველი თბილისი (ფოტო, ისტორია) – Old Tbilisi (Photo, History)

ალექსანდრეს ბაღი (9 აპრილის ბაღი) – Aleksander Square (9 April Garden)

დღევანდელი ბაღის ქვედა ბაქანზე ძველად მოწყობილი იყო ყაბახი, საასპარეზო ადგილი და ეწყობოდა სხვადასხვა საცხენოსნო შეჯიბრებები, ჭიდაობა და მშვილდოსნობა. ყაბახი დატანილია თბილისის ტურნეფორისეულ (1701), ვახუშტისეულ (1735) და 1800 წ. გეგმებზე. ზედა ბაქანზე, ქაშუეთის ეკლესიასა და გ. ჭანტურიას (ყოფ. ჯორჯიაშვილის) ქუჩას შორის, გვიან შუა საუკუნეებში ქართული სასაფლაო იყო (1850-იან წლებში ბაღის გაშენების შემდეგ გადატანილ იქნა ვერაზე). დაახლოებით ახლანდ. თაბუკაშვილის ქუჩის გასწვრივ კი განლაგებული იყო აგურის მცირე საწარმოების (აგურხანების) რიგები. ისინი შემდეგ კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით მოშალეს, რადგან გზას აზიანებდა.
XIX ს. შუა ხანებში ძველი ყაბახის ტერიტორიაზე რუსულმა ადმინისტრაციამ მოაწყო სამხედრო პლაცი და მისი ვრცელი ტერიტორია გამოყენებულ იქნა სამხედრო სწავლების მოედნად. მოედანს იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელი ეწოდა („ალექსანდრეს პლაცი“).
ფერდობზე გაშლილი საზოგადოებრივი ბაღი შეიქმნა 1859 წელს თბილისში მოღვაწე არქიტექტორ ოტო სიმონსონის (1832—1914) პროექტის მიხედვით. პროექტი მოიცავდა ბაღს, მასში განლაგებულ საგამოფენო პავილიონებს, მებაღის სახლს, კაფე-რესტორანს, შადრევნებს და ქაშუეთის ახალ გალავანს. ბაღი საზეიმოდ 1865 წელს გაიხსნა და იმპერატორ ალექსანდრე მეორის სახელი შეუნარჩუნდა. იგი წარმოადგენდა პრივილეგირებული მოსახლეობის სასეირნო ადგილს.
ბაღის ზემო ტერასაზე მაშინ იდგა ქვემეხი: ყოველდღე ზუსტად 12 საათზე აქედან გაისმოდა ქვემეხის გრიალი, რაც ზუსტი დროის მანიშნებელი იყო.
საბჭოთა პერიოდში ბაღს კომუნარების სახელი უწოდეს. მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ზედა და ქვედა ტერასების შემაერთებელი ფართო კიბე გააუქმეს, რის გამოც რეზო თაბუკაშვილის (ყოფილი საპიორნაიას, საბჭოთა პერიოდში ბ. ძნელაძის ქუჩა) ქუჩა საკოლმეურნეო მოედნამდე გაგრძელდა, რამაც რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ განტვირთა საქალაქო ტრანსპორტის დინებისაგან.
1981 წ. ჩატარდა მისი ქვემო ნაწილის რეკონსტრუქცია. 1991 წ. პარკს 1989 წ. მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა 9 აპრილის ბაღი. ბაღის ტერიტორია დაზიადნა 1991-1992 წწ. სამხედრო გადატრიალების დროს. 2007-2009 წწ. მოხდა ბაღის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა.
ბაღის ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე გამავალი ორი შენობა დგას — ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია და ეროვნული გალერეა, რომელიც 1885 წ. აშენდა როგორც სამხედრო-ისტორიული მუზეუმი „დიდების ტაძარი“.
ბაღის ზედა ნაწილში 1904 წ. დადგეს მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ შესრულებული ნ. გოგოლის ძეგლი, რომელიც 1990-იან წწ. დაიკარგა. 1922 წ. ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გადაკვეთასთან გაიხსნა ი. ნიკოლაძის მიერ შექმნილი ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი. საბჭოთა პერიოდში ბაღის საწინააღმდეგო მხარეს ა. ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან იდგა სოც.-დემოკრ. რევოლუციონერის ლადო კეცხოველის ძეგლი (მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე, 1936), ხოლო ბაღის ქვედა ტერასაზე — კომკავშირის ლიდერის ბორის ძნელაძის ძეგლი (მოქანდაკეები რუბენ თავაძე და კოტე მერაბიშვილი, 1929), შადრევნის მარჯვნივ აღმართული იყო ობელისკი მშრომელთა მიტინგის სამახსოვროდ, რომელიც გაიმართა საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოცილების მენშევიკური პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. 1918 წლის 10 თებერვალს მიტინგის მონაწილენი დაუხვრეტიათ.
2003 წ. გაიხსნა ლადო გუდიაშვილის ძეგლი (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), ხოლო 2004 წ. ანატოლი სობჩაკის ბიუსტი. ბაღის ტერიტორიაზეა ასევე სკულპტურული კომპოზიცია „რევოლუციის ქარიშხალი“ (მოქანდაკე გ.შხვაცაბაია, 1985) და გ. ლეონიძის ძეგლი (მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, 1998-1991).
1979 წელს ბაღში დაუდგიათ უზარმაზარი კარავი, რომელიც სამას კაცამდე იტევდა. აქ მიმდინარეობდა მეტეხის ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლები.
ამჟამად ბაღს ორ ნაწილად ჰყოფს რ. თაბუკაშვილის ქუჩა, ქვედა ნაწილი გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს..

ლიტერატურა:


დატოვე კომენტარი

კატეგორიები