Posted by: burusi | 09/12/2009

ერეკლე ტატიშვილი – ბიოგრაფია

ერეკლე ტატიშვილი

ერეკლე ტატიშვილი დაიბადა 1884 წლის 28 აგვისტოს გორში. დაწყებითი განათლება მიიღო გორში, შემდეგ სწავლობდა ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904-1906 წლებში სწავლას განაგრძობს ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ (გორსა და პეტერბურგში) ანარქისტული მოღვაწეობის გამო, თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებშიც “მუშა” და “ხმა”. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, მერე კი – ევროპაში. 1909–11 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობს იურისპოდენციას, 1913 წელს ამთავრებს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მიემგზავრება ლონდონში ჟურნალისტიკის შესასწავლად.
პირველმა მსოფლიო ომმა მოუსწრო ბრიუსელში, სადაც იგი თედო სახოკიას ბინაზე ცხოვრობდა. ქართულ კოლონიასთან ერთად მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, სადაც წმინდა იოსების კოლეჯში ასწავლის ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. ექიმადაც კი მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს ბრუნდება სამშობლოში, რომელმაც სწორედ იმხანად ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1918 წლიდან ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი – თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლის გერმანულ ენას. მცირე ხნით კვლავ უბრუნდება პოლიტიკურ მორვაწეობას: 1920 – 21 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე – ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ ვერ მოურიგდა მენშევიკურ მთავრობას. მისი მძაფრი ეროვნული ინტერესები ვერ ჰგუობდა ვერაფერს, რაც საქართველოს საკეთილდღეოდ არ ხდებოდა და ამიტომაც მიატოვა მალე სამინისტროს დირექტორის პოსტი. 1921 – 23 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში (ყოფილი ქართული გიმნაზია). საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ერეკლე ტატიშვილი 1922 წელს სხვა ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად გახდა წევრი ახლად დაარსებული ქართულ მწერალთა აკადემიური ასოციაციისა, რომლის შექმნაც მიზნად ისახავდა, უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში, კულტურული ავტონომიის შანარჩუნების გზით გადაერჩინა ჩვენი ეროვნული სული. აქტიურად თანამშრომლობდა ამ ასოციაციის ჟურნალ–გაზეთებში “ილიონი” “საქართველოს სამრეკლო”(რედაქტორი: კონსტანტინე გამსახურდია) “პოეზიის დღე” (რედაქტორი : ვახტანგ კოტეტიშვილი) “კავკასიონი” და “ახლი კავკასიონი” (რედაქტორი: პავლე ინგოროყვა), გამოაქვეყნა ლიტერატურულ–ფილოსოფიური ესეები და ერთი მათგანიც, ედგარ პოს ლექსი პროზად “სიჩუმე” (მეორე თრგმანი პოს ნოველისა “შავი კატა” “კავკასიონის” გამოცემის შეწყვეტის გამო აღარ დაბეჭდილა და დიდი ხანი არ არის, რაც პავლე ინგოროყვას არქივში აღმოჩნდა). “საქართველოს სამრეკლოს” რედაქციაში საერთაშორისო მიმოხილვის განყოფილება ებარა, მაგრამ გაზეთის გამოცემა პირველი ნომრის გამოსვლისთანავე შეწყდა. 1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც. 1931 წელს ხელისუფლებამ დაარბია და საბოლოოდ დაშალა ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია და სხვებთან ერთად ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან (17 მაისის სხდომაზე). 1935 წელს დაარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა (დღევანდელ დასავლურ ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტის წინამორბედი) და იყო მისი პირველი გამგე. სამეცნიერო ხარისხი ოფიციალურად არ დაუცავს, მაგრამ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მაინც მიანიჭა ჯერ დოცენტის, შემდგომ კი პროფესორის წოდება. რეპრესიებს ვერც სიცოცხლის ბოლოს გადაურჩა, თითქოს დევნის, დაპატიმრებისა და სამშობლოდან გაძევების აუტანელი ყოფა მანამ ცოტა ეგემნოს. ჯერ თანდათანობით შეავიწროვეს, ჩამოართვეს საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ისტორიის კურსი. 1941 წლის 23 ივნისს სულაც დააპატიმრეს, როგორც ხელისუფლების თვალში არაკეთილსაიმედო, და ორ წელიწადზე მეტხანს დაჰყო თბილისის საპატიმროში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და უცხო ენების სწავლების გარდა ხელი მოჰკიდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1945 წ.) მას მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. ერეკლე ტატიშვილის ცხედარი მისმა ერთგულმა უმცროსმა მეგობრებმა და მოწაფეებმა ხელით წაასვენეს მთაწმინდის უბნიდან–სადაც ერთ პაწია ოთახში ცხოვრობდა– და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე (მისის საფლავის ქვა ნიკო სამსადაშვილმა ჩამოიტანა). განუზომელია ერეკლე ტატიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე, ჯერ მარტო როგორც პედაგოგისა: საერთაშორისო სამსართლის, საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტთა და მთარგმნელათა აღმზრდელის. შეიძლება ითქვას, რომ მისმა პიროვნულმა და მოძღვრულმა ღირსებებმა, მათ შორის, უკომპრომისო, თავგანწირულმა ხასიათმა და უაღრესად ფართო ლიტერატურულ–რელიგიურ, ფილოსოფიურ–იურიდიულმა განათლებამ განსაკუთრებული როლი შეასრულა, რათა ჩვენი უნივესიტეტის მაშინდელი სტუდენტობის საკმაოდ მოზრდილსა და საუკეთესო ნაწიკლს შინაგანი მზერით გაერღვია თავსმოხვეული უკიდურესად დახშული სივრცე და ზიარებოდა საკუთარი მეობის გადარჩენისათვის აუცილებელ ნამდვილ, წარუვალ სულიერ ღირებულებებს : ერთის მხრივ, ქართული კულტურის წიაღიდან და მეორეს მხრივ, ადრეული თუ თანადროული ევროპული კულტურისა. რაც შეეხება ერეკლე ტატიშვილის ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი მხატვრული და მთარგმნელობითი მემკვიდრეობა არ არის დიდი და ბოლო ხანებამდე მთლიანად ესეც არ იყო ცნობილი. მისი თანამშრომლობა ქართულ სალიტერატურო პრესაში შეწყდა: აკადემიური ასოციაციის უკანასკნელი ჟურნალის “ახალი კავკასიონის” გამოცემის შეწყვეტასთან(1925 წ.) ერთად. ერეკლე ტატიშვილს თარგმნილი ჰქონია ჩარლზ დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, მაგრამ გამოსაცემად გამზადებული წიგნი სამწუხარო და აუხსნელი შემთხვევის გამო, სტამბაში დაკარგულა… მისი სახელი გაიელვებს გრიგოლ წერეთლის “ბერძნული ლიტერატურის ისტორიის” მეორე ტომის შესავალში, სადაც ჩვენი სახელოვენი ელინისტი გულითად მადლობას უძღვნის სამ მთარგმნელს, მათ შორის ერეკლე ტატიშვილს, რომელთაც მის მიერ რუსულად დაწერილი წიგნი ქართულად გადმოიღეს. თარგმნა რამდენიმე პიესაც, თავისი დისწულის რეჟისორ გიორგი ჟურულის თხოვნით: ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული” (პირველად დაიდგა 1935 წელს), ბერნად შოუს “კეისარი და კლეოპატრა” რომლის დადგმაც ვერარ მოხერხდა, დაბედვით კი საკმაოდ მოგვიანებით დაიბეჭდა ოღონდ სრულად, განსხვავებით შილერის პიესისგან, რომლისაც მხოლოდ სამონტაჟო ტექსტი აღმოჩნდა და გამოქვეყნებისას მისმა მოწაფეებმა შეავსეს… რაც შეეხება მაქსიმ გორკის “ეგორ ბულიჩოვს”, მისი თარგმნის დედანი ჯერჯერობით მიუკვლეველია. რასაკვირველია ერეკლე ტატიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეიობის გვირგვინი ფრიდრიჰ ნიცშეს ფილოფოფიური რომანის “ესე იტყოდა ზარატუსტრას” თარგმანია. ერეკლე ტატიშვილი არამარტო “ზარატუსტრას” არსს, მის ფარულ ხვეულებს არმოაჩენს, არამედ თვალნათლივ გადაგვიშლის თვითონ ფილოსოფოსის, ამ უკიდურესობათა ჯადოქრისა და ახალი სიტყვის მაუწყებლის სულეირ ტრაგედიას, სადაც ნიცშე ერთდროულად გვევლინება გმირად, ჯალათად და მსხვერპლად.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები