Posted by: burusi | 05/12/2009

ალექსი მაჭავარიანი – ბიოგრაფია

ალექსი მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი და სამუსიკო კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავისი შესანიშნავი ქმნილებებით მან გაამდიდრა ეროვნული მუსიკის საგანძური. ა. მაჭავარიანს, როგორც ძლიერი შემოქმედებითი ინდივიდუალობის, დიდი ერუდიციის მუსიკოსს, იცნობენ და აფასებებენ არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც.

ა. მაჭავარიანი დაიბადა 1913 წ. ქ. გორში. მისი მამა, დავითი გახლდათ მეტად განათლებული, განსწავლული ადამიანი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეგობრებისაგან შემდგარ გუნდს. მაჭავარიანების სახლიდან მუდამ ისმოდა მუსიკის ხმა. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ლიტერატურის და მუსიკის ხელოვნების ღირსეული წარმომადგენლები: გ. ლეონიძე, შ. დადიანი, კ. გამსახურდია, ს. შანშიაშვილი, ი გრიშაშვილი, გრიგოლ კილაძე, არჩილ კერესელიძე, ვ. მურადელი და სხვა. აი ასეთ ატმოსფეროში იზრდებოდა ალექსი მაჭავარიანი.

7 წლის ალექსი შეიყვანეს გორის სკოლაში. აქ პედაგოგების ძალებით ჩამოყალიბებული იყო კამერული ორკესტრი, რომლის რეპერტუარში იყო მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, ფალიაშვილის, არაყიშვილის ნაწარმოებები. მომავალი კომპოზიტორის სამუსიკო შთაბეჭდილებებიც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.

1930 წ. ალექსი მაჭავარიანი ჩამოდის თბილისში და შედის სახ. კონსერვატორიაში აღჭურვილი ხალხური სიმღერების უბადლო ცოდნით. კონსერვატორიაში მისი პედაგოგები იყვნენ პროფესორი პეტრე რიაზანოვი და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. მათ დიდი როლი ითამაშეს მაჭავარიანის, როგორც კომპოზიტორის დახელოვნების საქმეში.

ალექსი მაჭავარიანმა 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სამამულო ომის დაწყებამდე, ერთი წლით ადრე მან რიაზანოვის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა კომპოზიციის კლასით. მაჭავარიანი შემოქმედებით ასპარეზზე გამოდის 40-იან წლებში.

ა. მაჭავარიანს შექმნილი აქვს საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ორატორია, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი.

გარდა საკომპოზიციო მოღვაწეობისა, ა. მაჭავარიანი დიდ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

1935-39 წლებში თბილისის მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგეა, 1939 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1963 წლიდან – პროფესორი). 1956-1959 წლებში – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია, 1956-1959 წლებში – საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელია. 1958 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება. 1962-1968 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. 1962-1972 წლებში სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანია და გამგეობის მუდმივი წევრი.

დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, ”ბრაიდენზის” ოქროს მედლით ”ოტელოს” მუსიკისათვის (1974 წ.), პიკასოს სახელობის პრემიით ”ვეფხისტყაოსნის” დადგმისათვის (აშშ, 1988 წ.).

ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა 1995 წ. დკრძალულია თბილისში დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები