Posted by: burusi | 29/11/2009

შალვა ნუცუბიძე – ბიოგრაფია

შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძე – Shalva Nutsubidze (1888 – 1969 წწ.)

შალვა ნუცუბიძე დაიბადა 1888 წლის 14 დეკემბერს სოფ. ფარცხანაყანევში, ქუთაისთან. 1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის (რუსეთი) ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ფილოსოფიის განხრით. მუშაობდა ცნობილი პროფესორების ა. ვედენსკის, ნ. ლოსკის და ი. ლაფშინის ხელმძღვანელობით. 1911-1914 წლებში ლაიპციგის უნივერსიტეტის (გერმანია) სტუდენტია. გერმანიაში ყოფნის დროს მუშაობდა ვუნდტის, ფოლკელტისა და ბართის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება – ალეთოლოგია. დიდი აღიარება მოუტანა 1913 წელს რუსულად გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ “ბოლცანო და მეცნიერების თეორია”. 1915 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. თბილისის უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ შ. ნუცუბიძე აქტიურ ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი.

თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პირველსავე წლებში ქვეყნდება მისი სამი შრომა: “ფილოსოფიის შესავალი”, “ალეთოლოგიის საფუძვლები” და “ლოგიკა”, რომლებშიც ძირითადად გადმოცემულია შ. ნუცუბიძის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითადი მიმართულება. “ალეთოლოგიის საფუძლებში” შ. ნუცუბიძემ შეიმუშავა საკუთარი თეორია ჭეშმარიტების პრობლემაზე (ალეთოლოგია ბერძნულად ნიშნავს მოძღვრებას ჭეშმარიტებაზე). ამ თეორიის ჩამოყალიბება განაპირობა კანტისა და კანტიანური ფილოსოფიის იმ გადაუჭრელმა პრობლემამ, რასაც ტრანსცენდენტურისა და იმანენტურის (შემეცნების ობიექტისა და შემმეცნებელი სუბიექტის) დამოკიდებულებასთან იყო დაკავშირებული. ამ დამოკიდებულებას “ჩატეხილი ხიდის” პრობლემა ეწოდება, რომლის მიხედვითაც სუბიექტი ვერასოდეს გავა თავისი იმანენტური შესაძლებლობიდან და ვერ დაადგენს ტრანსცენდენტურის შესახებ ჭეშმარიტებას.
შ. ნუცუბიძის თეორიის მიხედვით, არსებობს “ჭეშმარიტება თავისთავად”, რომელიც პირობაა “ჭეშმარიტებისა ჩვენთვის”, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენთვის ჭეშმარიტება თვით არის პირობა “ჭეშმარიტებისა თავისთავად”. ამით შემეცნების ობიექტი და შემმეცნებელი სუბიექტი ერთიმეორეს ემთხვევა და ჩატეხილი ხიდის პრობლემა იხსნება. ფილოსოფიაში ყოველთვის არსებობს სადაო პრობლემები, რომელზეც ერთიანი აზრის მიღება შეუძლებელია. სწორედ ასეთ საკითხს განეკუთვნება ჭეშმარიტების პრობლემა ფილოსოფიაში, რომელზეც თავისი გაბედული პოზიცია ჩამოაყალიბა იმ დროს სრულიად ახალგაზრდა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ.
შ. ნუცუბიძე რამდენიმე წლით საზღვარგარეთ მიემგზავრება. 1925-1926 წლებში იყო ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. შ. ნუცუბიძე გერმანულ ენაზე აქვეყნებს ორ უმნიშვნელოვანეს გამოკვლევას: “ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა” (1926 წ.) და “ფილოსოფია და სიბრძნე” (1931 წ.). ამ შრომებში დიდი ინტერესით შეხვდნენ ევროპელი მეცნიერები. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
მნიშვნელოვანია შ. ნუცუბიძის ღვაწლი ხელოვნების თეორიის პრობლემების დამუშავებაში, რომლებიც გადმოცემულია მის ნაშრომში – “ხელოვნების თეორია, მონისტური ესთეტიკის საფუძვლები” (ნაწ. I, თბ. 1920 წ.).

ნუცუბიძე ოცდაათიანი წლების II ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ „აღმოსავლური რენესანსის“ საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა.

დიდი წვლილი შეიტანა ნიციბიძემ ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა მან წამოაყენა 1942 წელს, მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

ნუცუბიძემ გაარკვია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისა ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა. ახლებურად გადაწყვიტა პოემის ეროვნულ-ფილოსოფიური წყაროების შესწავლის საკითხი, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნუცუბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანი მოწინავე აღმოსავეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტურ გამოსახვას და ქართული რენესანსის მწვერვალს წარმოადგენს. ნუცუბიძის დასაბუთებით ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა – სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება – პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული.

ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ნუცუბიძემ ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა. ვეფხისტყაოსნის ლიტერატურულ-იდეოლოგიური წყაროების ძიებაში ნუცუბიძეს დიდად ეხმარებოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, აგრეთვე ფილოსოფიური აზროვნების ზედმიწევნით ცოდნა, მათი ტექსტების დადგენა, კომენტირება და მხატვრული თარგმნა (რუსელ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“). ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ.

ნუცუბიძე იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სსრ ცაკის წევრი; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ განათლების კომისარიატთან არსებულ საქართველოს უცხოეთთან კულტურული ერთიერთობის საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ 1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის 25 თებერვალი) შემდეგ იგი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა.

თბილისის უნივერსიტეტში ნუცუბიძის მიერ 20-იან წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები: მოსე გოგიბერიძე, კონსტანტინე მეგრელიძე, სავლე წერეთელი კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. გარდაიცვალა 1969 წელს, თბილისში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.


პასუხები

  1. “დადაში სწავლაში თავიდანვე დიდ ნიჭს ავლენდა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისმა ნიჭმა სამთავრობო სტიპენდია და გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების უფლება მოუპოვა; სწორედ მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების გამო მას მეტსახელად “ქართველი ჰეგელი” შეარქვეს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, გეორგ ვილჰელმ ჰეგელის, პატივსაცემად. (თავის დროზე ჰეგელმა ახალგაზრდა კარლ მარქსზე უდიდესი ზეგავლენა იქონია.) 1920-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების დროს დადაში სოფელ ლეჩხუმში გაიხიზნა, რათა თავისი არისტოკრატული წარმოშობა დაემალა. 1924 წელს იგი საბჭოთა პოლიციამ დააკავა და დაკითხვა მოუწყო. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პოლიციამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლეს, მაგრამ შენობის დატოვებისას დადაში კიბეზე წაბორძიკდა და პალტოს ჯიბიდან ფილიგრანით გაწყობილი ოქროს სათვალის ბუდე ამოუვარდა. ფუფუნებისა და პრივილეგიის ამ სიმბოლოს დანახვისთანავე პოლიციამ იგი კვლავ დააკავა. მოგვიანებით იგი სიკვდილით დასაჯეს.”
    შალვა ნუცუბიძემ მისი საყვარელი სტუდენტის დახვრეტა ,რომ შეიტყო , გამოაღო პირველი კორპუსის აუდიტორიის ფანჯრები და განწირული ხმით იყვირა ” თქვენ დახვრიტეთ მე-20 საუკუნის ქართული აზროვნება “

  2. ვაიმე! გული გამეგლიჯა……..ღმერთო რა უღმერტოები იყვნენ ეს კომუნისტები……რა განსხვავებაა ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის,ამიხსენით ვინმემ…..


დატოვე კომენტარი

კატეგორიები