Posted by: burusi | 29/10/2009

ზაქარია ფალიაშვილის უცნობი დოკუმენტები

ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი - Zakaria Paliashvili

ზაქარია ფალიაშვილი – Zakaria Paliashvili

საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის მიერ შედგენილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება, ორი განცხადება და წერილები, რომლებსაც დიდი კომპოზიტორი 1930-1933 წლებში მოსკოვში უგზავნიდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის რწმუნებულს, თვალსაჩინო იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ჟორდანიას (1885-1937) გიორგი არის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის თედო ჟორდანიას შვილი. სწავლა-განათლება მიიღო ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. იგი სტუდენტობის პერიოდიდან ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. მოსკოვში მყოფ ქართველებთან, მათ შორის პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან ერთად იბრძოდა ქართული კულტურის აღორძინებისა და პოპულარიზაციისათვის. გ. ჟორდანიას ხელმძრვანელობით 1907-12 წლებში მოსკოვსა და თბილისში დაარსდა ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად მოღვაწეობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. გარდა იურისპრუნდეციისა მისი ინტერესების სფეროში შედიოდა ქართული ლიტერატურა, თეატრი, ეთნოგრაფია, და ფოლკროლი. გ. ჟორდანია სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად ლათინური ენისა და სამართმცოდნეობის მასწავლებლად. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მსახურობდა იურისტად საარქივო სამმართველოში, მიწსახკომსა და სახკომსაბჭოში, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრში 1935 წლიდან იგი მუშაობდა მოსკოვში ჯერ მცირე თეატრის ფილიალში, 1937 წლიდან საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოებაში. ზაქარია ფალიაშვილის წერილები და ერთი განცხადება დაწერილია იმ დროს, როცა გ. ჟორდანია მუშაობდა იურისკონსულად თბილისის ოპერის თეატრში(1929-1930 წლებში). მას, სხვათა შორის, ევალებოდა თბილისის საოპერო თეატრის საგარეო საქმეების მოგვარება – საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში ქართული ოპერების დადგმებზე ხელშეკრულებების გაფორმება და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის გარე ზ. ფალიაშვილის ოპერების გატანის საკითხი დაისვა საბჭოთა ხელისუფლების დაწყარებისთანავე. პირველად ეს საკითხი წამოჭრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დირეკტორმა, ცნობილმა კომპოზიტორმა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა, მან 1924 წელს აღძრა შუამდგომლობა საკავშირო განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე სსრკ დიდ თეატრში “ აბესალომ და ეთერის “ დადგმის თაობაზე. ოპერის განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დადგმის შესახებ მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, კიევსა და ოდესაში. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ განხოლციელდა. “აბესალომ და ეთერი “ მხოლოდ 1931 წელს დაიდგა უკრაინულ ენაზე ხარკოვში. ამ შესანიშნავ პრემიერას ესწრებოდა თვით ავტორი. 1933 წელს გადაწყდა “აბესალომ და ეტერის” დადგმა სსრკ დიდი თეატრის სცენაზე, დადგმა უნდა განეხორციელებინა კოტე მარჯანიშვილს, მაგრამ რატომღაც მან ეს გადაწყვეტილებაც ქაღალდზე დარჩა. ყოველივე ამაზეა ლაპარაკი ზ. პალიაშვილის წინამდებარე წერილებში. “აბესალომ და ეთერმა” და “დაისმა” მოსკოვში პირველად გაიბწყინეს 1927 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, სადაც ზ. ფალიაშვილის ოპერებმა ჰპოვეს ფართო გამოხმაურება, როგორც პრესაში, ისე მსმენელთა შორის. დიდ თეატრში კი “აბესალომის” დადგმა მხოლოდ 1939 წელს განხორციელდა. აქედან მოყოლებული ზ. ფალიაშვილის საოპერო ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმება მოძმე რესპუბლიკებისა და საზგვარგარეთის საოპერო სცენებზე.

ვახტანგ გურგენიძე

ძვირგასო გიორგი! დღეს მივიღეთ შენი დეპეშა, მე კანდელაკმა! და ფაღავამ და აი პასუხსაცა გწერ და “დაისის” ნოტების მატერიალსაც ამასთანავე გიგზავნი. ნოტებს ვგზავნი, პარტიტურას, ორკესტრის პარტიებს და კლავირს. (არ ვიცი მხოლოდ რაში დაგჭირდათ “დაისის” კლავირი!?) ხვალ, ე. ი. 21-ში, აქედან გამოდის “კურიერის” მატარებელი და ნოტებს გამოვგზავნით ან “პროვოდნიკის” ხელით, ან კიდევ მარჯანიშვილის ქალი მოდის ამ მატარებლითვე და მისი ხელით. ყოველ შემთხვევაში, მაშინათვე ტელეგრამით გაცნობებთ, თუ ვის უნდა მოკითხო ნოტები. სულით და გულით ველით დიდი თეატრის დირექციის გადაწყვეტილების შესახებ “აბესალომ და ეთერისა”! მაგრამ ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ შენ ენერგიას და გამოცდილებას აქაც გამოიყენებ და საქმეს, რომელიც უკვე მომწიფებულია, ჩვენს სასარგებლოდ დააგვირგვინებ. შენს დეპეშაში ის ადგილი, სადაც ნათქვამია “ვააბშე ნოტი ლეზგინკავ, პრისტავლიაუში ინტერეს. ზრენია ნარკომპროსა გრუზინი შლიწე მნიე ი ტ.დ. ჩვენ ეს ადგილი –“ნარკომპროსის” აზრი-ესე გავიგეთ, რომ ჩვენი სულ “ლეკურები” იქნება შესრულებული და სხვა არაფერი! ამისათვის ხელოვნების სექტორიც გწერს (ტელეგრამით?), რომ რადგანაც ოქტომბრის ზეიმის დღეს, საცეკვაობების გარდა შესრულებული იყოს ვოკალური ნომრებიც, მაგ: იმ ნოტებიდან, რომელიც მე გადმოგეცი: ეთერის არია, აბესალომის არიოზო, აბესალომის და მურმანის დუეტი, არაყიშვილის ოპერა შოთადამ, “საისიდამ”, რომლის კლავირსაც გიგზავნი და სხვა… ამას თუ მოახერხებ და რამოდენიმე ნომერს ვოკალურსაც შეასრულებინებ, ეს, მეტად დიდი საქმე იქნება ქართული მუსიკით პროგრამის შევსებისათვის. ამის გარდა, თუ ხათრი გაქვს, ჩემს ნოტებს ყური უგდე და არავის ხელში არ ჩაუგდო. თეატრის გარდა ხომ იცი, ხელთნაწერს ყურის გდება უნდა და ამას მით მომეტებული გთხოვ ხაზს ვუსვამ კიდეც და რათა? აგერ გაგიშუქებ! საზგვარგარეთიდან მოსული –“ვნეშტორგის” ცნობა, რომელიც აქ მოუვიდა თეატრს, ჩვენი ოპერების პარტიტურების და კლავირების გადაწერის შესახებ და რომელთანაც ამ საქმეზედ მოსალაპარაკებლად მე შენ ნდობის ქაღალდიც გადმოგეცი, მოხდა შემდეგი: გუშინწინ მაჩაბელმა გამოიძახა თეატრში და ვიღაც ქალი, მეტად “სალიდნი”, გამაცნო, ეს ქალი, როგორც გამოირკვა ყოფილა მივნილებული სასომხეთში და თანაც დავალებული ჰქონია მისულიყო ჩვენი თეატრის დირექციასტან და მოეწესრიგებინა ამ ოპერების გადაწერის და შეძენის საქმე. მაჩაბელს უთქვამს, რომ ნოტების გადაწერის საქმე თეატრი კისრულობსო და, რაც შეეხება ავტორებთან მოლაპარაკებას, ეს თქვენ თვითონ მოელაპარაკეთო, აი, ამ მოსალაპარაკებლად ვიყავი გამოძახებული… მან მითხრა შემდეგი: რომ საზგვარგარეთიდან “ბერლინიდან” თხოულობენ თქვენი ნაწარმოებების პარტიტურებსაო და საჭიროა მათი გადაწერა და გადაგზავნო და სხვა… მაშინ მე შევეკითხე, რომ რა მიზნით თხოულობენ მეთქი ?! მან მიპასუხა, რომ ვგონებ რადიო თხოულობსო ე.ი. ეხლა შევიტყე, რომ თხოულობს ბერლინი რადიოსათვის. მერე შევეკითხე, რომ ავტორს ვინ აძლევს გარანტიას, ეს ნოტები არ გაიბნევა და მითვისებული არ იქნება მეთქი ვინმე პირისაგან.მან მიპასუხა, რომ არავინაო! რადგანაც სსსრ არ შედის “ვ მეჟდონაროდნუიუ კონვენციუ ვ ევროპე, მაშ გამოდის მეთქი რომ ავტორი, როგორც გაცილდება სსსრ-ის საზღვარს, ჰკარგავს თავისი საავტორო უფლებებს და ხელს იბანს მეთქი? ამაზედ მიპასუხა, რომ, რადგანაც, ჩვენ არ ვაძლევთ იქაურ ავტორებს, საავტორო ჰონონარსაო, მაშინ ჩვენც ნება არ გვაქვსო მოვთხოვოთ მათ საავტორო ჩვენი ავტორებისთვისაო! ამაზედ მე მაგრად დაუდექი და ვუთხარი, რომ ჩემდა საუბედუროდ მე იძულებული ვარ არ მოგცეთ ნება ჩემი თხზულების პარტიტურების გადაწერაზე მეთქი. ამან, რომ შეხედა, რომ მე მაგრად ვიყავი, მაშინ მითხრა, თქვენი მოსაზრება და პირობები მითხარით, თუ რა ჰონორარი დაგაკმაყოპილებთო, თუ ეს ნოტები იქ ან გამოიცა, ან დაიდგმება ან რადიო ისარგებლებს და სხვა? მაგალითადო, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ნება განსაზღვრული წლით ქირით იქონიონ ეს ნოტებიო და მერე კიდევ ამისთანები მითხრა! მე როცა შევატყვე, რომ კანონი ერთია,მაგრამ არც ისე ძნელი ყოფილა კანონის გვერდის ახვევა, (რადგანაც მან თვითონვე შემომთავაზა რას მოვითხოვ საავტოროს). მაშინ მე ვუთხარი. რომ მოსკოვში იმყოფება ამგზობად საქართველოს განსახკომის რწმუნებული გ.ჟორდანია, რომელსაც მინდობილი აქვს “აბესალომის” დიდ თეატრში დადგმის საქმე და ჩემგან პირადად კი მას აქვს სრული რწმუნებელი ქაღალდი იქაური “ვნეშტორგთან”, მოლაპარაკება გამართოს ჩემს მაგივრად შესახებ იმ საქმისა, რომელიც, როგორც თქვენ,ისე მომეტებულად მეც მაინტერესებს მეთქი . ამაზედ ის დამთანხმდა და მომცა თავისი მისამართი; რომ თქვენ ის ნახოთ და მოელაპარაკოთ ამ საქმეზედ. მისი მისამართია: მეჟდუნაროდნაია კნიგა, კუზნეცკიი მოსტ 18. ეკსპორტნიი ატძელ მიკუშინა ტელეფონ 3-75-46. მასკვა. ეხლა, ძმაო გიორგი! გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს, გთხოვ ამ საქმესაც გაუძღვე და სერიოზულად მოელაპარაკო მაგათ, რომ მე არაფერ შემთხვევაში არ შემიძლიან დავუთმო, და ჩემს შრომაზედ ხელები დავიბანო და გარიყული დავრჩე! რას მიქვია საზღვარგარეთ იდგმებოდეს ჩემი ოპერები, იქ ვისაც ჭკუაზე მოუვა და შეძლოს, ისარგებლოს იმითი და მე პირდაღებული ვუცქერიდე თუ, როგორ ფარფაშობენ ჩემს ნაწარმოებზედ სხვები?! ავტორის უფლება,- შენ ჩემზე უკეთ იცი, უნდა იყოს კანონით დაცული და და რადგანაც ამისთანა კანონი არსებობს, რომ ჩვენი ინტერესების დასაცველად მაგათ თავი არა სტკივათ, მაშინ (ადვილი არ არის ამისი თქმა ჩემთვის, როგორც ავტორი და ქართველი საზოგადო მოღვაწე), იძულებული კი ვიქნები ნება არ მივცე მათი გადაწერისა და ევროპაში გატანისა! მე ამის სრული უფლება ვიცი, რომ მაქვს. შენც არა ერთხელ გითქვამს ჩემთვის. მაგრამ რასაკვირველია სჯობს, ეს საკითხი საქმიანობისათვის ნებაყოფლობით გადაწყდეს და იქ, ევროპაშიაც ფეხი მოიდგას ჩვენმა კულტურამ. ყოველ შემთხვევაში “ვნეშტორგმა” უნდა შეჰკრას ჩემთან ხელშეკრულობა, იმის მხრივ, რომ ეს ჩემი თხზულებები არ გაიბნევა და იქ არავინ არ დაიჩემებს, აგრეთვე ჰონორარის მხრივაც უნდა უზრუნველყოფილი ვიყო, რადგანაც ქველმოქმედებას აქ ადგილი არ უნდა ჰქონოდეს. მე იმედი მაქვს შენც დამეთანხმები ამაში! ეხლა ნეტავი ვიცოდე თუ რა მდგომარეობაში არის “აბესალომის” საქმე? კიდევ დამილოცნიხარ გამარჯვებაზედ! ან ნეტავი რანაირად იღებს მონაწილეობას მელიქ-ფაშაევი, იპოლიტოვივანოვი და სხვებიც. ველით პასუხს სულით და გულით. დეპეშას დღესვე გამოგიგზავნის მთ. ხელოვნება.

მაშ იყავი ჯანმრთელად. შენი ვაჟი გივი მომიკითხე.

შენი კეთილის მსურველი ზაქარია ფალიაშვილი.

დამატებით ძმაო გიორგი! ეს წერილი დამთავრებული მქონდა, როცა მივიღეთ შენი დეპეშა, “აბესალომის” დადგმის მიღების შესახებ. გულწრფელად გილოცავ გამარჯვებისთვის! თუმცა ვერ გამოვრკვეულვართ, რად მოხდა ესე, რომ უნდა დაიდგას “ფილიალში” და არა დიდ თეატრში?! მაგრამ ალბად, რამე საპატიო მიზეზი არის, რომლის გაშუქებასაც წერილით გვაცნობენ მე მხოლოდ მეშინიან რომ მოესწრობა ამ სეზონში მისი დადგმა? დრო მეტად ცოტა არის , ინ შემთხვევაშიაც კი, რომ მაისში 1933 წელსაც რომ დაიდგას! წარმოიდგინე რამდენი სამუშაო არის: ჯერ თავდაპირველად თარგმანი, ეგ თარგმანი როგორც აქ გაგაფრთხილე და მელიქ-ფაშაევსაც ვწერდი კატეგორიულად უნდა უკუგდებული იყოს, თავისი უვარგისების გარდა, ჩემი მოსაზრებაც მაქვს თარგმანის შესახებ. მაშ საჭიროა მისი ხელახნა გადათარგმნა, ამას კი დიდი დრო სჭირიან. მერე მთელი ნოტების გადაწერა, როლების დარიგება და მათი შესწავლა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამას, ალბათ შენც დიდ ყურადებას მიაქცევ და სერიოზულად მოელაპარაკები დიდი თეატრის დირექციას, რომ ხელახელ არ მოხდეს “აბესალომის” დადგმა. მთარგმნელის შესახებაც იფიქრე მანდ უნდა ითარგმნოს თუ აქა?! ეს მეტად სერიოზული და საჩქარო საკითხია, რადგანაც მანამ თარგმანი არ იქნება მზად არტისტებს და გუნდს ვერას შეასწავლი. საზოგადოდ, როცა ეს საკითხი ოფიციალკურად გადაწყვეტილია და მიღებულია მისი დადგმა მოსკოვში, ალბათ ეხლა დიდი თეატრის დირექცია გამოგვიძახებს მოსკოვში როგორც მე ისე დამდგმელსაც და ერთად შეთანხმებით ამ საკითხს გამოვარკვევთ. ეს კი უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. რადგანაც გიმეორებ დრო მეტად შეზღუდულია, რომ ამ სეზონში ის წავიდეს მანდ, ღირსეულად ისე, როგორც საჭიროა! ეხლა თუ ხათრი გაქვს, შემატყობინე თუ რა სახით მიიღეს მონაწილეობა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში, მელიქ-ფაშაევმა, თუ იპოლიტოვ-ივანოვმა, რომ მათ წერილობით მადლობა გადავუხადო, რაც შეეხება შენს მონაწილეობას ამ საქმეში, დიდი, დიდი მადლობის ღირსი ხარ, რომელსაც პატივისცემით გიძღვნი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შჩერბაჩოვსაც მიუღია მონაწილეობა, (დელეგრამიდან ჩანს) ეგ ხომ დიდი პატივისმცემელია ჩვენი “აბესალომ და ეთერისა“. მაშ, შენი ჭირიმე, გიორგი!, ყველაფერში თადარიგი დაიკავე, რომ ეს საქმე ღირსეულად დაგვირგვინდეს და არ შევრცხვეთ. თავდაპირველად კი თარგმანი და კიდევ თარგმანი. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ, ბევრი სერიოზულ ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად, სადაც მე უსათუოდ საჭირო ვარ, დიდი თეატრის დირექცია ჩვენ ხელოვნების სექტორთან შეთანხმებით ერთი კვირით მაინც გამომიძახებს მოსკოვში. მაშ, ველი შენგან პასუხს.

შენი პატივისცემით ზაქარია ფალიაშვილი.

ტფილისი 25.10.32წ.

_________________________________

ძვირფასო გიორგი ! “დაისის” კლავირი და ლეკური:პარტიტურა და ორკესტრის ხმები გამოგიგზავნე მარჯანიშვილის სიძის ხელით, რომელიც ცოლით მოდიოდა მოსკოვში და ზედაც დეპეშა დავადევნე, რომ დახვედროდი და მიგეღო ეს ნოტები. ალბათ, ეხლა მიღებული გექნება კიდევაც. (ეს იყო რადგანაც) 24-ს ამ თვისას, კლავირის წინა გვერძზედ იყო დიდი ვრცელი წერილიც, ალბათ იმასაც წაიკითხავდი. გუშინწინ კიდევ გამოგიგზავნე დეპეშა, შესახებ საზღვარგარეთიდან ნოტების “აბესალომის და დაისია” მოთხოვნილებისა, სადაც გწერდი, რომ ბეზ მაიეი სანკციი ნი ზაკლუჩაც დაგავორა ს ვნეშტარგომ ი. ტ. ალბათ, ამასაც მიიღებდი. ეხლა ამის შესახებ ქვემოთა გწერ! შესახებ შენი საქმისა ხუხუნთან”, ფაღავამ მითხრა, რომ თუმცა კვანტი გამოსდესო გიორგისაო, მაგრამ იმედი მაქვს სულ ყველაფერი გამოკეთდებაო და მასაც მოუწერია შენთვის ამის შესახებ წერილი და დეპეშაც. რაც შეეხება შენს აქ ჩამოსვლას რამოდენიმე დღით, როგორც კომისარი, ისეც ლეო კანდელაკი ჯერჯერობით გარკვეულ პასუხს არ იძლევიან, თუმცა მეც და აკაკიც ვიყავით და პირადად ვთხოვეთ ორივეს. ეხლა, როგორც შენ გითქვამს აკაკი ფაღავასათვის ტელეფონით მოსკოვიდან, ველით იმ თქვენს ე.ი. შენს და პ.მესხის მოხსენებას ბედიასადმი და გვინდა გავეცნოთ მის შინაარსს. მანამ კი ორიოდე სიტყვით გეტყვი ჩემს უკმაყოფილებას მოსკოვის დიდი თეატრის დირექციისადმი მიმართულს. (ამ წერილის მოწერას მისთვის უფრო ვეჩქარები, რომ ხვალ აქედან მოდის მოსკოვში ჯანდიერის ქალი ტატიანა –გვარი არ ვიცი და რადგანაც იმის ბინაზედ დგახართ შენც და გივიც,იმედი მაქვს მაშინვე გადმოგცემს ამ წერილს!). ჰო! უკმაყოფილება მეთქი, უფრო კი, სწორედ, რომ ვსთქვათ, გულნაკლეობაა… ესე უყურადღებოდ მოქცევის, საქმე შემდეგშია: 1) რით ხელმძღვანელობდა დიდი თეატრის დირექცია, როცა “აბესალომის და ეთერის “ დადგმა გარდასწყვიტა “ფილიალში” და არა დიდ თეატრში? თუ, რომ “ალმასტი” ღირსი იყო დადგმულიყო დიდ სცენაზედ (თუმცა მერე კი გადაიტანეს ფილიალში), რა დააშავა “აბესალომმა?!” 2) ამ სეზონში დადგმა ! მაშინ როცა, რუსული თარგმანიც არ არის, როგორა ჰგონიათ, ეს სერიოზული დადგმა იქნება განა?! არა! და არა! ეს იქნება, მეტი რომ არა ვსთქვა სამუდამოდ ჩასაფლავება ქართული ოპერისა და ჩვენი კულტურისა. რომელიც პირველად უნდა გავიდეს საქართველოს საზღვრების იქით და ისიც სად? მოსკოვში! 3) რადგანაც ესე ფაცაფუცით უნდა დაიდგას ამ მოკლე ვადაზედ “აბესალომი”, მე ვფიქრობ, რომ სახელოვნო კომისიამ ალბათ მიიღო ეგ რუსული ტექსტი “ზინინისა” და მაგ თარგმანით უნდათ დასდგან ეგ ოპერა. მე შენც გთხოვე ამის შესახებ, მელიქ-გაშაევსაც და იპ. ივანოვსაც მიწერე, რომ ეგ თარგმანი ყოვლად უვარგისია და ყოვლად მიუღებელი, რადგანაც მაგ ტექსტით შესრულებული “აბესალომი” ერთიათად დაჰკარგავს მისი მუსიკის კოლორიტის სილამაზეს და დავიღუპებით, როგორც მე ავტორი ისეც, განსაკუთრებით ჩვენი ქართული მუსიკალური კულტურა, მაშ, ჩემო გიორგი! როგორც ქართველი კაცი და დიდი საზოგადო მოღვაწე, როგორათაც შენ გაცნობს მთელი ქართველი საზოგადოება, ამაზედ დამეთანხმები და ყველა ღონეს იღონებ, რომ ჩვენ ქართველი ერი თავისი კულტურით უკანონო შობილებად… არ წარსდგეს მანდ! ეს ჩვენთვის და პირადად ჩემთვისაც არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და საჭიროა, რომ “აბესალომი” დადგმული იყოს ღირსეულად და დიდი თეატრის დირექციამ ეს დააფასოს და ყოველი ღონე იღონოს მის საუკეთესოდ გასაშუქებლად. ყოველ შემთხვევაში, ველით თქვენს მოხსენებას ბედისადმი ? და ვნახოთ თუ რა შინაარსისა არის ის. ამას მე შენა გწერ, როგორც ჩემს მეგობარს, მუდამ ჩემთვის კეთილის მყოფელს და ჩვენი მუსიკის მოტრფიალეთაგან პირს. ეხლა შესახებ “ვნეშტორგისა” კიდევა გთხოვ, რომ ცემთან შეთანხმებით მოიქცე და უჩემოდ არაფერი ხელშეკრულება არ დაუდვა მათ. რადგანაც მე დანამდვილებით შევიტყვე, რომ ნება არა აქვს! ვნეშტორგს”. მე, როგორც ავტორს ანგარიში არ გამიწიოს. ყოველი ავტორია აქაური, თუ ევროპელი, იღებს აკურატნად თავის საავტოროს “ვნეშტირგნთან” ხელშეკრულების ძალით. ამაზედ მეტს აღარას ვიტყვი, რადგანაც შენ ათასჯერ ჩემზედ მეტი გესმის ამ საქმისა და ისე მომიწყობ ამ საქმეს, როგორც შენი საყვარელი შვილი გივისათვის, რომლისათვისაც მუდამ სიკეთის მოსურვე ხარ! შენი ჭირიმე გიორგი! ჩემს ნოტებს ყური უგდე და არას გზით თეატრში არავის მისცეს გადასაწერად. მე მეშინიან, რომ “ვნეშტორგმა” არ გადასწეროს მანდ ჩემი პარტიტურები და კლავირები. როგორც დეპეშაში გწერდ, ამ შემთხვევაში ავტორის ინტერესების დამცველად- ჩვენი და რუსეთის “დრამკონების” გარდა , არის ბოკც- იც. ალბათ ესეც შენ ჩემზედ უკეთ იცი და კმარა ამაზედ ლაპარაკი და შენი შეწუხება. მაშ შენი ჭირიმე გიორგი! “აბესალომის” შესახებ, როგორც ზემოთა გთხოვ, დაფაცურდი და ეს საქმე სასარგებლოდ ჩვენი საყვარელი მუსიკისა დააგვირგვინე ისე, როგორც მას შეჰფერის. დიდ ბოდიშს ვიხდი შენ წინაშე შენი შეწუხებისათვის, მაგრამ რა ვქნა, რომ შენს მეტი პატრონი ამ გზობად მე სხვა არავინ არა მყავს და არც მინდა მყავდეს. მწერ დაწყნარებით იყავიო! დამერწმუნე, ამ წერილსა ვსწერ სრულიად დაწყნარებული ისე, როგორც ავტორი კი არა, არამედ ერთი საზოგადო მოღვაწეთაგანი. დიდის სიყვარულით მოგიკითხავთ მეც და ვანოც. შენი ერთგული ზაქარია ფალიაშვილი.

ველი პასუხს

ტფილისი 01.12.32წ.

_______________________________

ძვირგასო გიორგი!

დღეს კოტე მარჯანიშვილი მოდის მოსკოვში და ამ წერილს მას ვატან. ერთი კვირის წინათ ტელეგრამით გაცნობე, შესახებ საავტორო ჰონორარისა და კლავირის გეკტოგრაფზედ დაბეჭვდის შესახებ და ალბათ მიიღებდი. ეხლა, ჩემო გიორგი ! მარჯანიშვილს გადავეცი რამოდენიმე საკითხის გამორკვევა, რომელიც მეც მაინტერესებს და შენცა გწერ! 1) ნათქვამია 1) დაიდგას უეჭველად დიდ თეატრში და არა მითხრა, რასაც შენა მწერდი, ე. ი. მარჯანიშვილი ეტყვის დირექციას მანდ, რომ თუ დიდ თეატრში არ დასთანხმდენ დადგმაზედ, მაშინ ის უარს განაცხადებს. მე ვგონებ ეს საკითხი შენ მანდ მოწესრიგებული გექნება აქამდე, მაგრამ მაინც გატყობინებ კოტეს აზრსაც. 2) ნოტების გადაწერის საქმე. მე ამის შესახებ ამ სამი დღის წინათვრცელი წერილი მივწერე მელიქ-ფაშაევს და შენცა გწერ. მინდა გითხრა რომ, რადგანაც “ვნეშტორგი” ჩემი ოპერების პარტიტურების საქმის გადაწერის საქმეში დღემდე გაჩუმდა და, როგორც შენა მწერ, შენც შესწყვიტე მათთან ამის შესახებ მოლაპარაკება, თუ ისინი მიმართავენ დიდ თეატრს “აბესალომის” პარტიტურის და კლავირის გადაწერის ნებართვაზე, არამც და არამც დიდმა თეატრმა მათ ერთი ფურცელიც კი არ გადააწერინოს, რადგანაც, როგორც ხელთნაწერი, არავის ჩემს ნება დაურთველად არ შეუძლიან მაგის გადაწერა. ეს შენ ჩემზე კარგად იცი და, ვგონებ, თეატრიც ამას არ ჩაიდენს! მაინც ცნობისათვის ამასა გწერ და გაირჯე და შეიტყვე, ხომ არ მიუმართნია “ვნეშტორგს” თეატრისათვის და თუ მიმართა, რა პასუხი მიიღო მან! 3) ჩემი მანდ ჩამოსვლის შესახებ. მე ვგონებ, რომ მე უნდა მომიხდეს მანდ ჩამოსვლა ორჯერ, ერთი ეხლა და მეორე დადგმის წინ (ეს ყველა დიდი თეატრის ხარჯით.) ეხლა მე გთხოვ, რადგანაც ესე ადვილი არ არის ჩემთვის სამსახურიდან შვებულების მიღება, ამისათვის (კოტესაც დავაბარე ეს) ამჟამად ისე მოახერხონ ჩემი მანდ გამოძახება, რომ ეს შეფარდებული იყოს ზამთრის კანიკულებთან. ე.ი. კონსერვატორიას ითხოვენ 18-20 დღით 1 იანვარს და აი, ამ კანიკულებით მინდა ვისარგებლო და ამ დროისათვის გამომიძახოს მე დიდმა თეატრმა! ეს მომიხერხე თუ ხათრი გაქვს, ჩემო გიორგი, რომ სწავლის დროს ნაკლებად მოვცდე გაკვეთილებს. მაშ, ეს თუ შესაძლებელია, მოახერხე და კოტეს პირით მაცნობე. 4) შესახებ დადგმის უფლების საავტორო ჰონორარისა, როგორც მოგწერე, იმას გიმეორებ,ე.ი. ნა უსმატრებია დირეკციი, რადგანაც მე ვიცი, რომ ვაჭრობას არ დაუწყებ, ოღონდ კი განხორციელდეს “აბესალომის” დადგმა და ზედმეტი 1000 მე არც გამამდიდრებს და არც გამაღარიბებს, მაგრამ შინაურათა გწერ, ეცადე რაც შესაძლოა, არ მაწყენინონ და ეს საკითხი ორივე მხრისათვის სასარგებლოდ გადააწყვეტინე (მაგრამ ეს სხვათა შორის) 5) გთხოვ მომიხერხო და, როცა კლავირი დაიბეჭდება, სახსოვრად ორი თუ არა ერთი კლავირი მეც, რომ იტყვიან “მიფეშკაშონ”, რომ მეც მეშველოს დავინახო ჩემი კლავირი დაბეჭდილი. უკანასკნელად შესახებ მთარგმნელი ყანჩელისა. კაცი მუშაობს, ცოტა რამ ძალიან კარგად უკვე გადათარგმნა, მაგრამ უხერხულობა იმაშია, რომ დღემდე იმან ვერ მიიღო ავანსი და ეს საქმეს აფერხებს უფრო. კაცს ფული სჭირიან და რატომ არ უგზავნიან? მათ, ხელოვნებამ ორჯერ ტელეგრამით გთხოვათ ამის შესახებ და დღემდე ავანსი კი არადა სჩანს, დააჩქარეთ! გისურვებ ყოველ სიკეთისა და ჯამრთელობისა. ვანომ მოგიკითხათ.

შენი ერთგული ზაქარია ფალიაშვილი.

ტფილისი 10.12.32წ. ძმაო გიორგი!

_____________________________________

იწერები, რომ “სდუმხარო”! ეგების მიწყრები რამეზეო და სხვა ამისთანები. მე კი გიპასუხებ, რომ არც “ვსდუმვარ” და არცა მაქვს საბუთი, რომ მაგოდენა მძიმე საქმის ჩამტარებელს, როგორც ჩვენი კულტურის, ისეცა პირადად ჩემთვის, რამეზედ გემდურებოდე! რაც მანდა ხარ, ხუთი წერილი გამომიგზავნია შენთვის ტელეგრამის გარდა, საქმეზედაც მიბაასნია შენთან, ბოლო წერილი კიდევ კოტე მარჯანიშვილს გამოვატანე შენთვის გადმოსაცემად და ალბათ ამასაც მიიღებდი. ეხლა ეს წერილი არის პასუხი იმ დეპეშისა, რომელიც მე მივიღე ბედიასაგან და რადგანაც ძნელია ყველაფრის ტელეგრამით თქმა, ვამჯობინე ცოტა დაგვიანებით მოგწერო ყველაფერი, დაწვრილებით, რასაკვირველია, დიდი კულტურული საქმე არის ჩვენთვის “აბეასალომის” კლავირის გამოცემა, ყოველი, ღონე უნდა ვიღონოთ, რომ ეს შესრულდეს, მაგრამ, ის პირობები, რომელიც მე შემთავაზეს. ე.ი. 2500 მანეთი, გარდამეტებით მცირეა! შენ, ჩემო გიორგი, უკეთ იცი ყოველივე საავტორო უფლებების დაცვის კანონები, მაგრამ მეც არ შემიძლიან სულ ვიქველმოქმედო! მაგ. ხარკოვში “აბესალომის” დადგმის საავტორო უფლებების გონორარიდან უარი მათქმევინეს, ეს “სმიჩკა” არისო, მეც დავთანხმდი და ერთი კაპიკი არ ამიღია, მანდ დადგმის უფლებების ჰონორარზე და მე ვგონებ მეტად კორექტულად მოვიქეცი. შენ შეკითხვაზე თუ, რას მოვითხოვ დიდ თეატრიდან, მოგწერე ნა უსმატრენიე დირეკციი, “გეკტოგრაფზე” დაბეზჭვდის შემდეგ ჩემი თანხმობა განგიცხადეთ და ეხლა კი, როცა საქმე მის დაბეჭვდაზე მივიდა, აქაც მეუბნებიან “გროშები” მიიღეო და სხვა. შენ კარგად იცი, რომ საქართველოს მაშტაბში, ავტორს თითო დაბეჭდილ გვერდზედ ერგება 35 მანეთი. აბესალომი, რომ დაიბეჭდოს, გამოვა 230-240 გვერდი. სხვა იანგარიშე თუ რას შეედრება ჰონორარი, 8000 მანეთამდე, ალბათ მანდაც იგივე ტარიფია და ამისდაგვარ მეც უნდა ვიყო დაკმაყოფილებული. მერმე კიდევ ისა, რომ არც ბედია და არც შენ არა მწერთ, თუ ვინ უნდა გამოსცეს კლავირი “გიზმა”, თეატრმა თუ ეგების “ვნეშტორგმა”, რომელიც დღესაც მალ-მალე სწერს აქაურ სამუსიკო მაღაზიებს და თხოულობს დაჟინებით ჩემი ოპერების პარტიტურებს და კლავირებს. მარჯანიშვილის ხელით წერილში გწერდი და ეხლაც გაწუხებ და გიმეორებ, რომ ერთი გვერდიც კი ჩვენი ნაწარმოებებისა თეატრმა არ მისცეს “ვნეშტორგს” ან კიდევ ვინც უნდა იყოს გადასაწერად. მაგ. გწერდი შენც და მელიქ-ფაშაევსაც, სად არის ჩემი კლავირი “დაისი”, რომელიც მე გამოგიგზავნე შენ 6 ნოემბერს საზეიმო დღისათვის? ნოტები ყველა მივიღეთ და ეს კლავირი კი არა სჩანს! მეეჭვება, რომ ის იყოს მოცემული ვინმესათვის გადასაწერად, თორემ სხვანაირად რაში სჭირდებათ მანდ “დაისის” კლავირი?! ამასაც შენა გთხოვ გამოარკვიო! მაშ, კიდევ გამოცემის შესახებ ჩემი პირობა ასეთია, 1000 ეგზემპლარის გამოსაცემი მივიღო უნდა 5000 მანეთი მაინც და არა ნაკლები, თანაც კანონიერი 15 დაბეჭდილი ეგზემპლარი საავტორო. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხელშეკრულობის დადება ჩემთან და მისი ნახევარი ავანსი. სხვანაირად არ შემიძლიან მოვიქცე და ნურავინ ნუ მისაყვედურებს. ეხლა შესახებ ჩემი მანდ გამოძახებისა, როგორც ავტორისა. მე ველი კოტეს ჩამოსვლას აქ. ეგებ იმან მაინც მითხრას ამის შესახებ რამე ახალი! მაგრამ ნუ გაუგებრად მიმაჩნია ამისთანა ჩემდამი მოქცევა! კოტე, როგორც დამდგმელი, ოფიციალურად იყო გამოწვეული მანდ. ეს ესეც უნდა მომხდარიყო, მთარგმნელ ალ.ყანჩელს აჩქარებენ თარგმნის საქმეზედ, ხელშეკრულებას და ავანსაც უგზავნიან. ესეც სასიხარულოა და ესეც უნდა იყოს და მე კი, გვერდზედ გარიყულივითა ვარ! რაშია, კაცო, საქმე ?მე ვგონებ, რომ პირველი მე უნდა გავხსენებოდი ყველას, მესმის მხოლოდ არა ერთხელ და ათჯერ, ხან ფილიალშიო, ხან დიდ თეატრშიო და წინააღმდეგად, მე დარწმუნებული ვარ , რომ მეც ერთი ორი კვირით მანდ ჩამოვსულიყავ, შენთან ერთად მეც ხალხს დავენახებოდი და საქმეს წინ წავწევდით. გწერდი და კიდევ გიმეორებ, ჩემო გიორგი! რომ იანვრის 1-10-მდე კონსერვატორია იქნება დათხოვნილი, “კანიკულები” არის და რადგანაც მე ვფიქრობ, რომ “აბესალომის” მანდ დასადგმელად მე ორჯერ უნდა მომიხდეს ჩამოსვლა. ეხლა და დადგმის დროს, ამ “კანიკულებით” მისარგებლონ და გამომიძახონ სხვა და სხვა მუსიკალურ ტექნიკური საქმეების გამოსარკვევად. რასაკვირველია, როგორც შენა მწერდი და ნამდვილიც არის, ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ ჩემი გამოძახება, თითონ დიდი თეატრის დირექციაც უნდა იყოს ამაში დაინტერესებული და უნდა გამომიძახოს უეჭველად. Eეს, ვგონებ მის ვალდებულებას შეადგენს, მაგრამ ამდენი ცდა და ლოდინი მე არ მომწონს და დანმადვილებოთ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სასარგებლო ვიყავი მე მის იქ დადგმაში და კიდეც გავიმარჯვებთ. ვგონებ! ყოველ შემთხვევაში მოვუცდი კოტეს აქ დაბრუნებას და შენ კი გთხოვ ამ საქმეს წინ მსვლელობა მისცე და ამ იანვრის “ კანიკულებით” საშუალება მომეცეს ვისარგებლო, რადგანაც ბოლოს და ბოლოს სამსახური სამსახურია და გამიძნელდება მალმალ მისი მიტოვება. ელიას დღეს ეEლიან აქ და, რასაკვირველია, მე ვინახულებ და რასაც შენა გწერ, ამასვე ვეტყვი იმასაც. ყანჩელი სთარგმნის “აბესალომს” და რაც გადათარგმნა, ყველას მოსწონს, ორი სურათი უკვე მზადა აქვს, ეხლა სთარგმნის მეორე აქტს, ჩემთან ერთად ყოველ დღე მუშაობს და ტექსტს ჩემის დახმარებით უყენებს მუსიკას, მაგრამ თუ 25 დეკემბრისათვის ვერ მოასწრო, ეს არც მისი და არავისი ბრალიც არ არის, პირველად, რომ ვადა ერთი თვე მეტად ცოტაა, და მეორეც ისა, რომ ასე ნაირად გაუჭინაურა დიდმა თეატრმა ავანსის გადმოგზავნა, რომ ის ვერ შეუდგა გულით მუშაობას, ყოველ შემთხვევაში როგორც ალექსნდრე ამბობს, იანვრის პირველ რიცხვებშივე მზად იქნება, კლავირი მიწერილი ტექსტით და თუ მე მომიხდა მანდ ჩამოსვლა, თვითონვე ჩამოვიტან ამნ კიდევ როგორც თეატრის ყანჩელთან ხელშეკრულებაში არის ნათქვამი, ის გადასცემს თარგმანს კოტე მარჯანიშვილს, მხოლოდ კლავირი სუფთა, ტექსტმიუწერავია და რა ვქნა არ ვიცი?! მე ერთი კლავირიღა მაქვს, მაგრამ ისეთნაირადაა ტექსტები ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე მიწერილი, რომ ადგილი აღარ არის სად მიეწეროს ახალი ტექსტი! მაშ, ცემო კარგო გიორგი! ეს საკითხები მოაწესრიგე: 1) გამოცემის საკითხი 2) დიდ თეატრთან ჩემი ურთიერთობის შესახებ. 3) “ვნეშტორგის” შესახებ, რომ არაფერი მისცენ გადასაწერად და ამასთან ერთად “დაისის” კლავირის შესახებ და 4) ჩემი მოსკოვში გამოწვევის საკითხი. ნინა ილიანიშნამ მითხრა, რომ ეს წერილი კიდევ მოგისწრებს შენს მოსკოვში. Eეცადე დიდ თეატრში დაიდგას უეჭველად, კოტე ამ აზრისა არის, როგორც მან მითხრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარს განაცხადებს დადგმაზედ. მეორე მხრივ კიდევ მეშინიან სულ არ მოიხსნას მისი მანდ დადგმა! მაშ, იყავი ჯამრთელად გისურვებ გამარჯვებას. ვანომ დიდის პატივისცემით მოგიკითხა.

შენი მუდამ მადლიერი ზაქარია ფალიაშვილი.

ველი პასუხს.

__________________________

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება

1) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია რესპუბლიკის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია, იმყოფება სახალხო განათლების სამინისტროს გამგებლობაში და მიზნად ისახავს, მისცეს სრული უმაღლესი მუსიკალური სპეციარული განათლება იმ პირთ, რომელთაც თავისი მოღვაწეობის დარგში კონსერვატორიაც დასახული აქვს შეკრიბოს და დაამუშაოს ხალხური მუსიკალური შემოქმედების მასალები, რისთვისაც იგი აწყობს სამუსიკო სამეცნიერო ექსკურსიებს. ბეჭდავს სამუსიკო-სასწავლო სახელმძღვანელოებს და სხვა… 2) კონსერვატორიაში სწავლების ვადა განისაზღვრება მოსწავლის ნიჭიერობით, მისი კონსერვატორიაში შესვლის დროის მომზადების ხარისხით და მეცადინეობაში წარმატებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ კონსერვატორიაში მისი ყოფნის დრო არ აღემატებოდეს ექვს წელს. შენიშვნა: კონსერვატორიის კურსი დაიყოფა ორ განყოფილებად: საშუალო და უმაღლესი. უმაღლეს კურსზედ შეს შესვლისათვის საჭიროა ან საშუალო სკოლის კურსის დამთავრება ან არადა შესაფერისი მომზადებითი მუშაობა თვით კონსერვატორიაში შეერთებული საშუალო სკოლის პროგრამით. 3) კონსერვატორიაში შემდეგი სპეციალური კლასებია: 1) დაკვრა ფორტეპიანოზედ, 2) ვიოლინოზედ 3) ვიოლინჩელზედ, 4) გალობა “სოლო” 5) კომპოზიციის თეორიის სპეციალური კლასი( სპეციალური ჰარმონია, კონტრაპუნქტი,კანონი,ფუგა, სპეციალური ინსტრუმენტობა, პარტიტურის კითხვა და პრაკტიკული ხთზულება 5) სალოტბარო კლასი 7) დაკვრა საორკესტრო ინსტრუმენტებზედ: ფლეიტა, ობოი,საყვირი “პიცცოლო” კლარნეტი, ფაგოტი, ვოლტარნა, ტრომბო, ტრომბონე, ტუბი, წინწილები, და ყველა სარტყამი იარაღები, კონტრაბასი, ებანი, (არფა) და სხვა. () დაკვრა ორგანოზედ. სავალდებულო საერთო-განათლების სამუსიკო კურსები: 1) ქართული სასულიერო და საერო მუიკის ისტორია. 2) საერთო მუსიკის ისტორია 3) რუსული მუსიკის ისტორია 4) ხელოვნების ისტორია და ესთეტიკური , 5) სპარსულ არაბული და სომხური მუსიკის ისტორია. 6) მუსიკის ელემენტარული თეორიის სოლფეძიოს! კურსი 7) სოლგფეჯიოს მეორე კურსი და ჰარმონიის პირველი კურსი, მომღერალთათვის (სიმღერის კლასი ” სოლო” ) 12) საორკესტრო კლასი 13) ბუნდობრივი კლასი 14) საოპერო-ვოკალური ანსამბლის კლასი (ქართული და რუსულ-იტალიური ენებზედ) 15) ინსტრუმენტარული ანსამბლის კლასი ფორტეპიანოთი 16) კვარტეტის დაკვრის კლასი, 17) იტალიური ენა, 18) პლასტიკა 19) ფარიკაობა, 20) სავალდებულო ალტის კლასი (ვიოლინოზედ დამკვრელთათვის). შენიშვნა: 1) 17,18, და 19 ზემოდაღნიშნული 3 მუხლისა სავალდებულოა მხოლოდ მოსწავლეთათვის გალობა. “სოლო”-ს კლასში. შენიშვნა: მე-2 გარდა ცჩამოთვლილ სპეციალურ და სავალდებულო საერთო —განათლების დისციპლინებისა, კონსერვატორიის საბჭოს შეხედულებით შეიძლება შეტანილ იქნას პროგრამას სწავლება სხვა დამხმარე საგნებისა ყოველმხრივი მუსიკალური განვითარებისათვის, როგორც მაგ. უცხოეთის ლიტერატურის ისტორია, კულტურის ისტორია, მუსიკალური ლიტერატურეს კურსი. 4) კონსერვატორიაში მოსწავლეთა მიღება ასაკის მხრივ სავსებით დამოკიდებულია მათ ნიჭიერებასა და ამორჩეულ სპეციალობაზე, აგრეთვე ამ სპეციალობისათვის მომზადების ხარისხზედ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კონსერვატორიაში მოსწავლის მიღების საკითხი, კონსერვატორიის საბჭოს გადაეცემა გაბსახილველად. 5) კონსერვატორიაში შემსვლელი ვალდებულია ამოირჩიოს მესამე მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი სპეციალობა, იმ აუცილებელის პირობით, რომ უნდა განვლოს მან ამ სპეციალობისათვის ყველა სავალდებული საერტო- სამუსიკო განათკების საგნების კურსი. 6) კონსერვატორიის კურსს დამთავრებული, რომელიც წარმოადგენს საშუალო სასწავლებლის დამთავრების მოწიფულობის მოწმობას, კონსერვატორიის გამომცდელ კომისიაში გამოცდების ჩაბარების შემდგომ, მიიღებს კონსერვატორიის დამთავრების დიპლომს, რაც მას ხელოვანი მუსიკოსის სახელწოდებას ანიჭებს.

პირადი შედგენილობა:

7) კონსერვატორიის სათავეში დგას ავტონომიური კონსერვატორიის საბჭო, საბჭოს მიერ ამორჩეული კონსერვატორიის დირექტორი და ინსპეკტორი (დირეკტორის არა ყოფის დროს მის ტანამდებობას ინსპექტორი ასრულებს). () კონსერვატორიის საბჭო, რომელსაც თავჯდომარეობს კონსერვატორიის დირექტორი, ან მის არა ყოფნის დროს ინსპექტორი შედგება პროფესორებისგან და უფროს მასწავლებებისაგან. 9) კონსერვაორიის საბჭო მართავს კონსერვატორიის ყოველგვარ საქმეს, ამასთანავე, იმ დარგში, რომელიც ეხება სამუსიკო სასწავლო საქმეს, იგი იყოფა სპეციალობის მიხედვით განყოფილებებად: 1) ფორტეპიანოსი სადაც შედიან ყველა მოსწავლეები ამ სპეციალობაში) 2) გალობისა “სოლო” (ყველა მასწავლებელი ამ სპეციაოლობაში ) 3) თეორიული (ყველა მასწავლებელი თეორიისა და კონსერვატორიის საბჭოს ამორჩევით, ის წევრები სხვა განყოფილებებისა, რომელტაც სპეციალური მომზადება და სტაჟი აქვთ ამ სპეციალობაში ) და 4) სიმებიანი და ჩასაბერავი ინსტრუმენტების (ყველა მასწავლებელი ამ სპეციალობაში). ყოველი განყოფილების სათავეში დგას თავჯდომარე. რომელსაც ირჩევენ განყოფილების წევრები თვის შორის. კონსერვატორიის დირექტორი და ინსპეკტორი შედიან ყოველ განყოფილების შემადგენლობაში თანამდებობისამებრ. გარდა ზემოხსენებულ განყოფილებათა , კონსერვატორიის საბჭო გამოყოფს თავისი წრიდან საარჩევნო წესით განსაკუთრებულ სამი წევრისაგან შემდგარს საფინანსო კომისიას, რომელსაც თავჯდომარეობს დირეკტორი ინსპეკტორის მონაწილეობით, ( დირეკტორის არ ყოფნის დროს თავჯდომარეობს ინსპეკტორი). კომისიას მართავს კონსერვატორიის საფინანსო-საოჯახო ნაწილს. 10) კონსერვატორიის საბჭო ირჩევს დირექტორს, ინსპექტორს დ სამუსიკო საგნების ყველა მასწავლებლებს, ანიჭებს მათ უმაღლეს სამუსიკო-სამეცნიერო ხარისხს და ათავისუფლებს ამ პირთ თანამდებობესაგან. 11) კონსერვატორიის საბჭოს უფლება აქვს გაანთავისუფლოს სწავლის ფასისაგან ნიჭიერი და ღარიბი მოწაფეები, ჩარიცხვის კონსერვატორიაში ისინი შეღავათიან პირობებში და მიუსაჯოს კონსერვატორიის საბჭო აწესებს ფულის რაოდენობას, რომელსაც ამტკიცებს სახალხო განათლების სამინისტრო. 12) კონსერვატორიის დირექტორი და ინსპექტორი, ამორჩეულია კონსერვატორიის საბჭოს მიერ, პირველი-სამი წლის ვადით, 13) მეორე-ხუთი წლის ვადით, დამტკიცებულ იქნებიან დებობაზედ სახალხო განათლების სამინისტროს მიერ. 14) კონსერვატორიის პროფესორები და უფროსი მასწავლებლებთან 1) თეორიულის საგნების ან 2) საკრავების მუსიკის და ვოკალური მუსიკის წარმომადგენლები არიან. 15) კონსერვატორიის პროფესიებად შეიძლება არჩეული იყოს ის პირი, რომელსაც ევროპის ერთ-ერთი კონსერვატორია აქვს დანთავრებული და სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთ კონსერვატორიაში ან თანასწორ უმაღლეს სასწავლებელში უფროს მასწავლებლად ნამყოფია. 16) კონსერვატორიის უფროს მასწავლებლად შეიძლება არჩეულ იქნეს, თეორიულ საგნებისა და საკრავების მუსიკისათვის ის მუსიკოსები, რომელსაც ევროპის ერთ-ერთი კონსერვატორია ან თანასწორი უმაღლესი სასწავლებელი აქვს გათავებული და არა ნაკლებ სამი წლის მუსიკალური და პედაგოგიური გამოცდილება აქვს. თეორიულ საგნების პროფესსორ-მასწავლებელს კი ამის გარდა მოეთხოვებათ დისერტაცია. 17) ვოკალური მუსიკის პროფესორად შესაძლებელია არჩეულ იქნას ხელოვანი, რომელსაც მიუხედავად ზემოხსენებული მუხლებისა, კონსერვატორია თუმცა დამთავრებული არა აქვს, იყოს მასწავლებლად კი არა ნაკლებ ხუთი წლის გამოცდილებაა საჭირო. 18) თავისუფალ კატედრაზედ პროფესორებისა და უფროს მასწავლებლების არჩევა შეიძლება მხოლოდ ისეთი პირებისა, რომლებიც ამ წესდების 15 და 16 მუხლს აკმაყოფილებენ, ან კონსერვატორიის პირადის შემადგენლობამ, ან გარეშე პირის მოწვევით ან არა და კონკურსით,. არჩევანი კონსერვატორიას საბჭოში უნდა მოხდეს ფარულის კენჭის ყრით.

კონსერვატორიის შტატი:

17) კონსერვატორიის შტატს შეადგენს: პროფესორები, უფროსი მასწავლებლები სპეციალური საგნების მასწავლებლები . აგრეთვე სავალდებულოა თეორიის, სავალდებულო ფორტეპიანოსი და სავალდებულო ალტის მასწავლებლები, იტალიური ენის, პლასტიკის და ფარიკაობის მასწავლებლები და როიალის მომმართველი.

ადმინისტრაცია

19) დირექტორი, ინსპეკტორი, ინსპეკტორის თანაშემწენი, ბუხგალტერი, მოლარე, კანცელარიის მართველი, საქმის მწარმოებელი, ეგზეკიტარი, წიგნთ და ნოტების საცავის გამდე, რემინგტონზედ მომუშავე და დაბალი მომსახურეები.

სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ ხელოვნების განყოფილების კოლეგიას

კომპოზიტორი პროფესორის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის თხოვნა

ვინაითაგან ჩემი ჯამრთელობა ამ ბოლო ხანებში მეტად შეირყა და ექიმების დაჟინებითი რჩევით მესაჭიროება დაუყონებლივ სერიოზული და სისტემატური წამლობა და განსაკუთრებით გაძლიერებული ჭამა-სმა ძარღვებისა და ფილტვების სისუტის წინააღმდეგ და ამს ყველას კი ესაჭიროება მატერიალური სახსარი, რომლის მხრივადაც მე , როგორც ოჯახის პატრონს მეტად შევიწროვებული და მოკლებული ვარ, ამისათვის მოგმართავთ უმორჩილესის თხოვნით მიშუამდგომლოთ სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე, რომ მან აღმომიჩინოს მატერიალური დახმარება შემდეგის სახით: მე მქონდა შეძენილი საკუთარი ფასით ნოტების საბეჭდი ქარალდი “მასლიანკა”, რომლის ერთი ნაწილიც ვიხმარე შარშან ჩემი ოპერის “აბესალომ და ეთერის” ორი ნომრის ცალკე გამოსაცემად. განზრახული მქონდა კიდევ რამოდენიმე ნომრების და საბავშვო ქართული სიმღერების გამოცემა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე. Eხლა ეს გადარცენილი ქაღალდი 10-11 ფუთამდე მთავრობის განკარულების ძალით რეგისტრაციაშია გატარებული ქართველ ხელოვანთა კავშირში. გამეორებითა გთხოვთ შუამდგომლობას სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე, რომ ეს ქაღალდი ხელოვნების განყოფილებამ ქართული ნოტების გამოსაცემად შეიძინოს და მისი ღირებული ფასი მომცეს, რომ ეს ფული ამ სიძვირეში მოვიხმარო ჩემი ჯამრთელობის აღსადგენად, რადგანაც უკიდურეს შემთხვევაში, ექიმების აზრით თუ ეხლავ არ შეუდგები წამლობას ყოვლად შესაძლებელია ავადმყოფობა ისე გართულდეს, რომ შემდეგში ფულითაც კი ვეღარ დავიბრუნო ის. მით მომეტებული ეს ქაღალდი ეხლა ჩვენ მეტად გვჭირიან, სხვა და სხვა სასიმღერო კრებულების გამოსაცემად. ერთ ამისთანა მუშაობათაგანს, ქართული სიმღერის კრებულს 16 სიმღერისაგან შემდგარს ფორტეპიანოს აკომპანიმენტით სკოლებში სახმარებლად ამასთანავე ერთად გიდგენთ და თუ მუსიკალური კოლეგია სესაძლებლად დაინახავს, გთხოვთ ეს კრებული დაიბეჭდოს მომავალ სასწავლო წლის დაწყებისათვის. იმედი მაქვს, რომ როგორც ხელოვნების კოლეგია, ისეც სახალხო განათლების კომისარიატი ყურადღებით მოექცევა ამ ჩემს თხოვნას და ამით შეძლებას მომცემს, ძან-ღონე მოვიკრიბო და განვაგრძო ჩემი საყვარელი მუშაობა ქართული მუსიკალური ხელოვნების საკეთილდღეოთ. ეს ჩემი თქვენდამი მომართვა გამოწვეულია იმით, რომ ე სარის ერთად ერთი გზა ჩემთვის, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს.

პროფესორი ზაქარია ფალიაშვილი!

________________________________

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დირექტორის რესპუბლიკის სახალხო არტისტის პროფესსორ ზაქარია ფალიაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ოცდა თერთმეტი წელია რაც თილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვმსახურობ, როგორც პროფესორის, ისეც ინსპექტორის და დირექტორის თანამდებობაზედაც. სხვებთან ერთად დიდი აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული სამუსიკო სკოლის კონსერვატორიად გარდაქმნის საქმეში. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისარგებლია ერთის თვის შვებულებით 1931 წ, ქ, ხარკოვში. როცა აქ იდგმებოდა პირველად ჩემი ოპერა ‘აბესალომ და ეთერის”. სადაც ჩემი იქ ყოფნა აუცილებრივ საჭირო იყო. ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდა და სამსახურს სინდისიერად ვეწეოდი. დღეს მოხდა ის, – რომ ძალზედ დაავადებულმა იძულებული ვარ მოგმართოთ თქვენ, რომ მიშუადგომლოთ სადაც კი ჯერ არს, რათა სერიოზულად სამკურნალოდ მომეცეს ორი თვის შვებულება, როგორც აქ წამლობის კურსის დასამთავრებლად, ისე ზაფხულში, სადაც ექიმები მირჩევენ, სადმე წასასვლელად და წამლობის გასაგრძელებლად. მაგრამ, რადგანაც ეს ყველა იწვევს ხარჯს, რომლის საშუალებაც არა მაქვს, ამისათვის აქაც გთხოვთ, – რომ გადარიცხული არ ვიქნე სოც. დაზღვევ სალაროში (ამ ორ თვეს) და ერთდროული მატერიალური დახმარებაც აღმომიჩინოდ ,ან განსახკომის ან კიდევ სახ. კომისართა საბჭოსაგან. თუ ამ ორმოცი წლის განმავლობაში რა ღვაწლი მიმიძღვის ქართული მუსიკის განვითარების საქმეში, მე ამაზედ არას ვიტყვი რა, რადგანაც ჩემი ნაშრომები ყველასათვის პირნათელია. რაც შეეხება კონსერვატორიაში ჩემს საგნებს და კურსი ჰარმონიისას, დაბეჯითებითა გთხოვთ ამხ. შ. მშველიძეს გადასცეთ , რადგანაც ის, როგორც ბაგრინოვსკის მოწაფე, იმ სისტემითვე განაგრძობს მეცადინეობას, რომელსაც მე ვაწარმოვებდი. ყოველივე საჭირო დასკვნებს ექიმებისას, რომლებიც მე მწამლობენ, პირველივე მოთხოვნილებისამებრ წარმოგიდგენთ!! შვებულებას გთხოვთ პირველი აპრილიდან. იმედი მაქვს ამ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევთ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები