Posted by: burusi | 14/08/2009

მუშტაიდის ბაღი – Mushtaidi Park

მუშტაიდის ბაღი

მუშტაიდის ბაღი – Mushtaidi Park

ძველი თბილისი (ფოტო, ისტორია) – Old Tbilisi (Photo, History)

თბილისის ერთ-ერთი უძველესი მუშტაიდის პარკი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ამ ადგილას 5 ჰექტარ ფართობზე პირველი ბაღი 1828 წელს ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ გახსნა. იგი ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი-მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოსდგა ბაღის სახელიც-მუშტაიდი.
ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან, მეტად განათლებული, მჭევრმეტყველი. იყო ძალიან კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველას უყვარდა და დიდი სახელიც ჰქონდა გავარდნილი. მუშტაიდი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშტაიდი თბილისში დასახლდა. ხელისუფლებამ ნება დართო, სასულიერო სკოლა გაეხსნა და ამისათვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთიც კი გამოუყვეს, სადაც მან შესანიშნავი ბაღი გააშენა. ამავე დროს მას მტკვრიდან გვირაბი და სარწყავი არხიც გამოუყვანია, ეს გვირაბი ახლაც არის, რომელიც იწყება მუშტაიდის ბაღიდან და უერთდება მტკვარს, ასევე – არხიც, რომელიც დღესაც მუშაობს და წყალს აწვდის თბილისის რკინიგზასა და ბაღს.
მუშტაიდის ბაღის დაარსებას მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად. მუშტაიდს ცოლად ჰყავდა ულამაზესი ქართველი ქალი – ნინო, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ირანიდან გახიზნულმა, სწორედ მისი თხოვნით აირჩია საცხოვრებლად თბილისი. ქალს თბილისში თავის მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და დიდხანს არ უცოცხლია, იგი ექვს თვეში გარდაცვლილა.
საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო, გლოვობდა საყვარელ ცოლს, საღამოობით იგი დიდხანს იჯდა ცოლის საფლავთან. საფლავის ირგვლივ რგავდა დიდი რაოდენობით ვარდებს, ყვევილებს, ბუჩქებსა და ხე-მცენარეებს, ასე დაწყებულა ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება, რომელსაც დიდხანს და დღესაც მუშტაიდის ბაღად მოიხსენიებენ. ბაღის მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12 კილომეტრიანი არხი გაიყვანა.
შაჰმა მუშტაიდი შეიწყალა და 1845 წელს ისიც დაბრუნდა თავრიზში, ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. ამის შემდეგ ბაღმა რამოდენიმეჯერ გამოიცვალა პატრონი და ბოლოს სასეირნო ბაღად იქცა. მთავარმართებელმა მუშტაიდის ბაღი გაადიდ-გაალამაზა და სასეირნო და მოსალხენი ადგილი გახადა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი*, საზაფხულო თეატრი.
სწორედ მუშტაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა. ბაღში კონცერტებს სხვებიც მართავდნენ. აქვე ეწყობოდა გამოფენები, იწვევდნენ სტუმრებს. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს.

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ცნობილი გერმანელი მწერალი, არტურ ლაისტი, ასე იგონებს მუშტაიდს: „მუშტაიდი და მისი ახლომახლო მდებარე ბაღები ნამდვილი კერაა აქაური საოზგადოებრივი ცხოვრებისა. აქ ყოველ საღამოს, ხუთი საათიდან შუაღამემდე, გაცხარებული დროსტარებაა, ჭეშმარიტად მხიარული და ხმაურიანი, რადგან ქეიფის დროს ქართველებს უყვართ ბაასი. მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება“.

მუშტაიდის ბაღში ათეული ათასობით უნიკალური მცენარეთა ჯიშებია გაშენებული, აქ არის როგორც ფოთლოვანი: გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ისე წიწვოვანიც: ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი სხვა ბუჩქის თუ ყვავილის სახეობანი, ვაზის ჯიშები და სხვა. პარკი გაშენებულია 16 ჰექტარ ფართობზე. აქვე აქვს საკუთარი სანერგე, საიდანაც ყოველწლიურად ათეულათასობით დეკორატიული მცენარე და ყვავილების ჩითილები გამოყავთ. ვაზის ხეივანში ჩინური და გორული ვაზის ჯიშებია გახარებული.
1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგური.
1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა სამი სადგურით, ერთნახევარ კილომეტრ სიგრძის რკინიგზაზე პატარა ორთქმავალს ოთხი ვაგონი დაჰყავდა, თითოეულ ვაგონში 50 ბავშვი ეტეოდა.
1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის დახმარებით მოეწყო პლანეტარიუმი.
ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის, ძელქვის კორომი.

მას შემდეგ მრავალჯერ ეცადნენ სახელი შეეცვალათ ბაღისათვის: ხან რკინიგზელთა სახელობისა უწოდეს, ხან ორჯონიკიძის, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისი დამაარსებლის, თბილისელი სპარსის, მუშტაიდის სახელი დაიბრუნა.

ლიტერატურა:


დატოვე კომენტარი

კატეგორიები