Posted by: burusi | 05/06/2009

ირმა ჩიტაია: “უდროობის ეპოქიდან გადარჩენილი…” (შალვა მჭედლიშვილი)

ირმა ჩიტაია: “უდროობის ეპოქიდან გადარჩენილი…” (შალვა მჭედლიშვილი)

დამშვიდობება

მშვიდობით, ვტოვებ
მშობლიურ ქალაქს,
სადაც მაწამეს და ჯვარზე მაცვეს,
სადაც ყოველდღე
ვხვდებოდი ჯალათს,
სადაც ყოველღდე
ვხვდებოდი გამცემს.
რა მახსოვს ან
რას ვნატრობდი ნეტავ,
ან სიყმაწვილის წლები სად არის!
მამულის ყველა საპყრობილეთა
გამხადეს მკვიდრი მე ბინადარი.
კურთხეულ იყვნენ სხივნი მზისანი,
მზე – ღვთაებრივი ქალის ხატება,
ო, უბედური მხოლოდ ის არის,
ვინც არასოდეს დაიბადება.

შალვა მჭედლიშვილი

შალვა მჭედლიშვილი ქართულ მწერლობაში გასული საუკუნის 40-იან წლებში მოვიდა… ახალგაზრდა პოეტს ადრევე ჩაუსაფრდა მისი ნიჭიერებისათვის გზის დამხშობი ძალა! ეს იყო უდროობის ბოროტი ეპოქა, რომელმაც დიდხანს და სასტიკად სდევნა მას… სდევნა საქართველოსა თუ ჩრდილოეთის ცივ, მიუსაფარ ქვეყნებში…

დღეს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. უკვე მხცოვანი და მრავალჭირვარამ გადანახადი პოეტი ერთხელ კიდევ გვიხსნის სევდიან მოგონებათა ყულაბას და თვალწინ გვეშლება გარდასული წლების უსახური სინამდვილე.

…წამებამდე სავალი რჩება ერთი უბიწო და სათუთი გზა – ბავშვობა, ღვთით შთაგონებული იდეებით.

ამით იწყებს საუბარს ჩემი რესპოდენტი:

– შევესწარი, როგორ დაინგრა წმინდა გიორგის შესანიშნავი ტაძარი კარდენახში (დედულეთში). მახსოვს კოლმეურნეობის დაფუძნების პირველი წელი და იქ ჩასული სახელმწიფო მოღვაწე ფილიპე მახარაძე. მღელვარება სუფევდა, რადგან სოფლის მესვეურებსა და მოსახლეობას შორის ჭირდა საერთო ენის გამონახვა.

სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, რომელიც ოდესღაც თავად ფორაქაშვილს ეკუთვნოდა და ჩამოართვეს. დიდი რისკის ფასად მამაჩემმა შესძლო, მათთვის გამოეყო ყველაზე საუკეთესო ოთახი. იქვე დაასახლა განსვენებული ფორაქაშვილის ქვრივი ირინე და მისი 16 წლის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც ხშირად მიკითხავდა რუსი პოეტების ლექსებს, მიამბობდა ზღაპრებს.

მამა სკოლის დირექტორი გახლდათ. მანვე ააშენა სოფლის პირველი კლუბი და თავის ძმასთან, ლადო მჭედლიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა სასიმღერო გუნდები. თავადაც შესანიშნავად უკრავდა ქართულ საკრავებზე.

დედა – ნინო თუშიშვილი რომანტიკული ბუნებით გამოირჩეოდა. აღმერთებდა ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და სხვებს. ადრეული ბავშვობიდანვე ჩამენერგა მათი სიყვარული. მოგვიანებით, როდესაც გამომძიებელი მეკითხებოდა, შენზე, ასეთ პატარა ბიჭზე ვინ იქონია გავლენა და როგორ ჩამოგიყალიბდა ნაციონალური იდეებიო, ვპასუხობდი: თვითონ ღმერთმა შთამაგონა-მეთქი…

1930 წლიდან შალვა მჭედლიშვილის ოჯახი დამკვიდრდა თბილისში. პატარა შალვა სასწავლებლად შეიყვანეს 1-ლ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (დღევანდელი 1-ლი გიმნაზია), რომელიც 1940 წ. დაამთავრა. ამის შემდეგ საბუთები შეუტანია ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მშობლებს ერთადერთი შვილის უნივერსიტეტში შეტანილი საბუთები გამოუტანიათ და სამედიცინო ინსტიტუტში შეუტანიათ…

– მიზეზი გახლდათ ის, რომ იმ დროისათვის “იდეოლოგიურად მიუღებელ” ლექსებს ვწერდი, – აგვიხსნა ბატონმა შალვამ, – მშობლები შიშობდნენ, არ გავმხდარიყავი რეპრესიების მსხვერპლი.

დედ-მამის მწვავე წინათგრძნობა ახდა და 1945 წლის 27 მარტს ჩემი ლექსების გამო დამაპატიმრეს.

თავდაპირველად, ქ. თბილისის სუკის საპატიმროში მომისაჯეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. მოგვიანებით კი, სპეციალური დადგენილებით, როგორც ყველა პოლიტპატიმარი, მეც შორეულ მხარეში გადამასახლეს…

არცთუ შორეულ ეპოქას, რომელზედაც ვსაუბრობთ, მხოლოდ ათეული წლების შემდეგ ეწოდა უღმერთობისა და განუკითხაობის ხანა. დღეს შეგვიძლია ამის შესახებ ვთქვათ თამამად… მაშინ კი, ალბათ, უახლოეს მეგობარსაც ვერ გაენდობოდი. დრო იყო ასეთი და იმიტომ!

ბატონი შალვა გულისტკივილით გვიამბობს გადასახლებაში გატარებულ წლებზე:

– გადამასახლეს იმერ-პოლარეთში, ვორკუტის საკატორღო საპატიმრო ბანაკში. ეს იყო საშინელი, არნახული სისასტიკისა და არაადამიანურ ჯოჯოხეთში გატარებული წლები, საიდანაც 1957 წლის 27 მარტს “განვთავისუფლდი”. შინ დაბრუნების ნაცვლად, ვორკუტის ციხეში შემასახლეს. ეს მაინც ერთგვარი ფუფუნება იყო, რადგან არც ქვანახშირის მაღაროში მიწევდა მუშაობა და არც სიცივე-ყიამათში ზედამხედველის თანხლებით ხეტიალი… ბოლოს, გამიღიმა ბედმა და მუდმივ გადასახლებაში გამგზავნეს ყაზახეთის იმ რეგიონში, რომელიც ციმბირს ეკუთვნოდა…

ბოროტების ამ ეპოქაში გამონაკლისი არ გახლდათ ჩემი რესპოდენტის ხვედრი. ასევე დაუნდობლად ეწამებოდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილები. “ხალხის მტრად” შერაცხულები სრულიად უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს ცივსა და მიუსაფარ ქვეყნებში. ეწამებოდნენ და მაინც ჯიუტად, დაბრუნების ურყევი რწმენით, ჯოჯოხეთად ქცეული კატორღებიდან ჭირისუფლობდნენ საქართველოს.

– მრავალი ღირსეული ადამინი უმიზეზოდ, უსამართლოდ იტანჯებოდა. იმ შორეულ მიწაზე ერთი სატკივარი, საერთო გასაჭირი გვაძლებინებდა. ნიჭიერი საზოგადო მოღვაწე, კიტა ბუაჩიძე, “დანაშაულის დაფარვის” გამო იხდიდა სასჯელს. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული შესანიშნავი პოეტი ალექსანდრე ბეგაშვილი. მსოფლიო სახელის მქონე ფიზიოლოგი, სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, გიორგი ვაწაძე და სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ცნობილი ლიდერის, ბარბიუსის ახლო მეგობარი ვალერიან დვალიშვილი ვორკუტაში იხდიდნენ სასჯელს. ამ უკანასკნელს შუბლზე და ზურგზე კატორღელის ნომერი ჰქონდა ამოტვიფრული და თავისი გვარი უკვე აღარ გააჩნდა.

მხოლოდ 1957 წელს მოახერხა შალვა მჭედლიშვილმა სამშობლოში დაბრუნება ამნისტიის წყალობით.

– მამა გარდაცვლილი დამხვდა, დედა – დამბლადაცემული. როგორც ექიმს (გადასახლებაშივე დავამთავრე ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი), სამუშაო არ მომცეს. სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო, – ასეთ მკაცრ პირობებში დაუბრუნდა იგი მშობლიურ გარემოს…

ბოლოს, კეთილი ადამიანების შეწევნით სამსახურიც უპოვია, იგი საქართველოს სხვადასხვა კურორტებში: შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად…

ამჟამად შალვა მჭედლიშვილის სიხარული და სიამაყე, როგორც თავად გვიამბობს, მისი ოჯახია. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამიც შვილიშვილი…

მისი პირველი სიყვარული და პირველი ოჯახი კი ერთი დიდებული პოეტი ქალის სახელს, ანა კალანდაძეს უკავშირდება.

“დიდი პოეტი და ღვთისნიერი ადამიანი” – დღეს ასე მოიხსენიებს იგი საქართველოს მგოსანსა და ყოფილ მეუღლეს… ჩანს, ხანგრძლივი ბედნიერებისათვის სიყვარული ვერ აღმოჩნდა საკმარისი და ბედისწერასაც მათი გზები სამუდამოდ გაუთიშავს…

ამ თემაზე ბატონმა შალვამ საუბარი არ ისურვა.

– ალბათ, ბედად არ გვეწერა ერთად ყოფნა. იმხანად ჩემს ჭერქვეშ ცხოვრება მისი მხრიდან დიდი მოქალაქეობრივი გაბედულებაც იყო. როდესაც ნახა, რომ ოჯახი ნადგურდებოდა, მე კი მომავალი ჯერჯერობით არ მიღიმოდა, ანა ჩემგან წავიდა! – იმ წარსულიდან შალვა მჭედლიშვილს მხოლოდ ეს სიტყვები დავაცდევინე…

ადვილი შესამჩნევია, რომ ჩემი რესპოდენტის ყოველი ფრაზა, როგორც იტყვიან, აწონილ-გაზომილია. ალბათ, ესეცაა მისი მოკრძალებული ბუნებისა და თავმდაბლობის მაჩვენებელი, ხასიათის ის უზადო შტრიხი, რაც საოცრად განასხვავებს შალვა მჭედლიშვილს დანარჩენთაგან.

ამიტომაც მოვიძიეთ მასზე, მის გარეშე, სასაუბროდ მისივე მეგობარი, პროფესორი ბიძინა ლუტიძე:

– არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი, ხალასი, სუფთა და მოსიყვარულე, ინტელექტუალური, ლირიკული და გულუბრყვილოც კი, – ასეთი გახლავთ ბატონი შალვა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. მიუხედავად თავს დატეხილი უბედურებისა, თავისი ცხოვრების პრინციპებისათვის არასოდეს უღალატია.

ერთ სკოლაში ვსწავლობდით. პოეზიამ შეგვკრა და დაგვამეგობრა ერთმანეთთან. ჩაბმული ვიყავით ლიტერატურულ წრეებში.

იმ პერიოდში ყველა ლიტერატურული წრე კონტროლდებოდა. აუცილებლად უნდა გვეწერა საბჭოთა იდეოლოგიით, ეს რატომღაც მხიარული განწყობილების გარეშე წარმოუდგენელი ეჩვენებოდათ. ცხოვრება მარტო სიხარული ხომ არ არის? ბუნებრივია, არსებობდა სევდაც, მაგრამ ამის გამოხატვა გვეკრძალებოდა. ამიტომაც საკუთარი ემოციების, სულისკვეთებისა და ინტიმური განცდების გადმოსაცემად შალვა მჭედლიშვილის ოჯახში დაარსდა ახალგაზრდა მწერლების ხელნაწერი ჟურნალი “ქარიშხალა”.

ბატონი შალვა ძალიან საინტერესო ლექსებს წერდა. მისი პოეზიით ბავშვობიდანვე ვიყავით აღტაცებულები. საერთოდ, ლექსების საშუალებით საოცრად ვახერხებდით ერთმანეთის სულში ჩახედვას. ეს ბადებდა ჩვენში დიდ სიყვარულსა და მოწიწებას, რაც დღემდე გამომყვა.

იმხანად ჩვენში არცერთი ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება არ ყოფილა ანტისაბჭოური. უბრალოდ, ჩვენს სულიერ განცდებს გადმოვცემდით… სამწუხაროდ, ჟურნალის არსებობის საიდუმლო გაიცა და სასწრაფოდ დახურეს. რეპრესიებისგან თავი რომ დაგვეღწია, ბევრი მათგანი ჯარში წავიდა, მათ შორის მეც (შალვა მჭედლიშვილი ავადმყოფობის გამო არ გაიწვიეს. როდესაც ჩვენ დავბრუნდით, ის უკვე გადასახლებაში იყო).

კარგად მოგეხსენებათ იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რაც მან გადასახლებაში გამოიარა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი პიროვნება სრულიად უმიზეზოდ მოხვდა არაადამიანურ გარემოცვაში. მისი ცხოვრების ეს საშინელი წლები რომ არა, გაცილებით მეტს გააკეთებდა… პატიმრობის შემდეგ, ფაქტობრივად, მედიცინაში გადავიდა. ბოლოს მაინც შემობრუნდა პოეზიისკენ. ცხადია, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა – ვერ იარსებებდა ლექსების გარეშე, რადგან ეს არის მისი მოთხოვნილება.

გარდა იმისა, რომ ბატონი შალვა ნიჭიერი შემოქმედია, ასევე უდიდესია ის, როგორც პიროვნება. როცა მასზე ვსაუბრობ, მინდა გამოვყო უსაზღვრო სიკეთე, რითაც მან დღევანდლამდე მოაღწია. ამაზე სასწაული რა უნდა ყოფილიყო, იცოდა ვინ გასცა და ამაზე წლების მანძილზე დუმდა. შეეძლო, მაგრამ არასოდეს დასდგომია შურისძიების გზას. მიმტევებელი ბუნებით გამორჩეულს არ შეშლია, როდის გამოეთქვა ხმამაღლა წლობით დაგროვილი ტკივილი.

ირმა ჩიტაია

P. S. ამასწინათ თსუ-ის დარბაზში პოეზიის საღამო ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა ოდესღაც დევნილ, დღეს უკვე უანგარო პოეტსა და მედიცინის ღვაწლმოსილ მუშაკს, შალვა მჭედლიშვილს – საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ათიოდე პოეტური კრებულის, მრავალი პუბლიცისტური წერილისა და სამედიცინო-სამეცნიერო შრომების ავტორს.

პოეზიის საღამოზე თავშეყრილმა ადამიანებმა დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით გაუმხილეს პოეტს დაგვიანებული სათქმელი.

“საქართველო ” # 7 (1778) 2 ივლისი, 2002 წელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები