Posted by: burusi | 02/05/2009

რეზო ადამია – “ხაიმ სუტინის ფერწერული განმარტოება”

ჰაიმ სუტინის პორტრეტი, ამადეო მოდილიანი, 1917ჰაიმ სუტინის პორტრეტი, ამადეო მოდილიანი, 1917

ხელოვნების ნებისმიერი სახეობა შედევრის დაბადებას და მის გამარადიულებას ემსახურება; სულის ჩადგმა ნაწარმოებში ამოუხსნელი ზეძალებისაგან მომდინარეობს და ერთ-ერთი საოცრებათაგანია სამყაროს მთლიან სივრცეში. როგორც სიცოცხლის გაჩენაა ღვთიური გვირგვინი, ასევე ხელოვნების შედევრის შობაა მისი ტოლფასი. გენიოსში ორი დიდი კოსმიური საოცრებაა, მისი პირადი ფიზიოლოგიური სიცოცხლე და შემოქმედებითი სულიერება. ორი კოსმიური მზეა მასში ჩაღვრილი და ორივე ერთდროულად ასხივებს. როგორც კი რომელიმე მათგანი ჩაქრება, ის მაშინვე წყვეტს მიწიერ სიცოცხლეს (პიროვნება) და სრულიად სხვა კოსმიურ სამყაროში გადადის. მისგან შობილი შემოქმედებითი მრავალსულიანობა კი მარადიულობის გალერეაში დამოუკიდებელ სიცოცხლედ რჩება… აი, ასეთია ყოველი შედევრის და მისი შემოქმედის კოსმიური პორტრეტი.

ფერწერა, ეს მონუმენტური იქნება თუ დაზგური, უნიკალურ ოქროს ნაკეთობათა და ძვირფას ქვათა საგანძურში, მოზრდილ ბურთად ჩაგორებული ბრიალიანტია. – ფერმწერი ღმერთსა და ადამიანს შორის ზეციური შუამავალიაო, გვმოძღვრავს დიდი ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო…

რამდენიმე წელია, ლუვრის საგამოფენო დარბაზების ხშირი სტუმარი გახლავართ. ათასწლეულების თუ ჩვენი ათასწლეულის უგვიანესი ეპოქებიდან მოყოლებული, კაცობრიობის ღვთიური ნიჭის საგანძურში, ნებისმიერი ერის თუ რასის წარმომადგენელი, ერთნაირი სულიერი და გონებრივი განწყობილებით უშუალო კონტაქტებს ამყარებს, ფერწერის, ქანდაკების თუ დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებთან: განსაკუთრებით ხალხის გაუთავებელი რიგია ლეონარდო და ვინჩის “ჯოკონდასთან”, რაფაელთან, ბოტიჩელის, ტიციანის, დელაკრუას, ბრეიგელის, რემბრანდტის, დიურერის, გოლბეინის, კრანახის, მცირე ჰოლანდიელების, გოიას, ველასკესის, ელ-გრეკოსა და მრავალ სხვა კლასიკოსთა შედევრების წინ. იგივე მდგომარეობაა უახლოესი საუკუნის ფერწერის ვარსკვლავებთან, რომლებიც ექსპონირებულია პარიზის სხვადასხვა მუზეუმში: სეზანთან, ვან-გოგთან, გოგენთან, ბურდელთან, მაიოლთან, დესპიოსთან, ჰენრი მურთან, ცატკინთან, ბრანკუსისთან, ვლამინკთან, დერენთან, მატისთან, ჟორჟ რუოსთან, დიუფისთან, პიკასოსთან და კაზიმირ მალევიჩთან, შაგალთან, მოდილიანთან და კონდისკისთან. აქ ხსენებულ მხატვართა გვარებს გადაავლეთ თვალი, როგორი მოზღვავებაა ებრაული ნიჭისა. მათ შორის აღსანიშნავია უდიდესი ფერმწერი ხაიმ სუტინი; დიდი ხანია ამ შესანიშნავი ფერმწერით ვარ გატაცებული, დაინტერესებული და აღფრთოვანებული.

პარიზში, კერძოდ “ორანჟერიის” მუზეუმში, სუტინის ოცდაათამდე ორიგინალი, ფერწერული ტილო ვნახე. მერე, მუზეუმშივე, მხატვრის ძალიან კარგი ალბომიც შევიძინე. საქვეყნოდ აღიარებულია რომ, ხაიმ სუტინი უდიდესი ფერმწერია. საოცრად დამოუკიდებელი და ყველა ფერმწერისგან გამორჩეული ინდივიდი. სუტინისმიერი მხატვრებიდან ისეთმა გამორჩეულებმა, როგორებიც არიან, ამადეო მოდილიანი, მარკ შაგალი, ვასილ კანდინსკი, ხუან მირო, ჟორჟ რუო და მრავალმა სხვამ ისე ძლიერად იპოვეს თავიანთი სულიერი სახე და ფერწერის ფორმა, მანერა და სტილი, რომ პირადად მე ამის სრული აღწერა მიძნელდება;

ხაიმ სუტინის ტილოზე ფერის ცის ნაკადად მოსვლაა და სულიერის განწყობილების უცნაური გახელებაა, დიდი მისტიკური ფერმწერი, როგორც მარტოობის მხატვარი, თავისუფალი გონებისა და ხალასი სულისაა… მის სურათებში ფერთა ნიაღვრული მოვარდნაა და კოსმიურ სივრცეში, დედამიწის ფერთა სრულყოფილი და დამოუკიდებელი მოგზაურობაა; უსაზღვრო ჟღერადობის ფერთა, ლაქათა და ხაზთა სწრაფმავალი დინამიკაა. ყოველივე ეს საოცრება, თითქოსდა ხელშესახებ ხილულ სურად გვესახება. ვდგავართ, მისი სურათის წინ და ირგვლივ იდუმალ ფერთა და ლაქათა ღრმა, ენერგიული მოძრაობაა ყველგან. ზოგჯერ ნიავივით ტრიალებს სრული მიწიერი საამო მისტიკა. სუტინის, ფერწერული სურათების მისტიკურ-ზღაპრული განწყობილება, თავშეუკავებლობით და აწყვეტილი დინამიკით, მძაფრი ტემპერამენტითა და უშველებელი მელანქოლიური სევდის მეშვეობით იძერწება ახალი მხატვრობის უცხო და ჩვენგან შორეული ფერწერული მაგია, რომელიც ყოველ ნორმალურ ადამიანს, მაჯის პულსს აუჩქარებს, სულს აუფორიაქებს და ორგანიზმის მიკრო უჯრედიც მისდა შესატყვისად გაცოცხლებულია (რა ცოტა ხანს იცოცხლა ამ დიდმა ფერმწერმაც). ამრიგად მის ირგვლივ გამოფენილ მრავალ მხატვარს გავიწყებს და მხოლოდ მისეული ნიჭის და საოცარი ინდივიდის ტყვეობაში ვარდები. მხატვრის მიერ ფერწერულად მკვრივად ჩამოსხმულ პორტრეტებში, გროტესკულობის და ყოველგვარი კარიკატურობის გვერდის ავლით, პერსონაჟთა არნახული მძაფრი ხასიათებია გახსნილი, შესაძლებელია ბოსხსაც შეშურებოდა ყოველივე ეს. სურათის ხასიათური განწყობილება, შაშხანიდან გასროლილ ტყვიასავითაა, რომელიც მიზნის შუაგულ წერტილშია მოხვედრივი. დიდი რემბრანდტის, ვან-გოგის, სეზანის, დერენის, გოგენის, მოდილიანისა და მრავალ ფერმწერთა ჯადოქრული მთავარი არტერიები და ჯანსაღი, სისხლის გამტარი ძარღვები სუტინშია ჩაქსოვილი. აქედან გაოლმდინარე, უნაკლო ნიჭის მხატვარ-ინდივიდი დიდ სუტინადაა ჩამოქანდაკებული. ყოველი ფერწერული სურათის ზედაპირზე, ფუნჯით წერის არნახული თავისუფლებაა (მხოლოდ ფუნჯის) და ჯანსაღი სულის უკიდეგანო აწყვეტაა. მხოლოდ ასეთია ნაღდი ბუნების ფერთა დამოუკიდებელი არსებობა და დედამიწისეული სურნელით გაჟღენთილი მარადიული სიცოცხლე. მატისში, დერენში, პიკასოში, მოდილიანში, ვან-გოგში, დიუფიში; ფერი, ხაზი, ფორმა და სიტყვიერად ძალიან ძნელად გამოსახატი მხატვრული საოცრება, სურათის შინაგანი გემოვნება და კულტურა, რომელიც სრულყოფილად ემსახურება ფერწერული კომპოზიციის შექმნას; გენიალური მგოსნის, ყოველი აბზაცის, საკუთარი პოეტური სტილის და უხილავი რითმ-ხაზის განწყობილებასავითაა შობილი სუტინის ფერწერა, ანტუან ბურდელის შემოქმედებასავითაა ქვეყნიერების წინაშე ხელოვნების ამბოხებულად მოსული მისი სურათის ყოველ მონაკვეთში სრული მისტიკის კოსმიური, უსასრულო დინამიკა. ფეთქებადი ფერთა ფორმების, მძლავრი კონტრასტული ლაქების და სურათში ამ ძალთა შემბოჭავი მხატვრული ხაზების და აუცილებელი ფერადოვანი წერტილების ზეძალა რომ არა, სურათის შემადგენელი ფერები და ფორმები ნიაღვრად გადმოიღვრებოდა კოსმიურ უსასრულობაში; სხვადასხვა ფორმის და ორნამენტიანი ჩარჩოების საცოდავი ცარიელი სახეები უნდა გენახათ მერმე…

სუტინის ფერთა ღელვა მისი სისტემა და იშვიათი შემადგენლობა, სამყაროს რომელიღაც შორეულ გალაქტიკაში აფეთქებული, უზარმაზარი პლანეტასავითაა, რომელმაც წარმოშვა, მრავალი მიკრო პლანეტები და უთვალავი მეტეორები, რომელნიც უკიდეგანოდ მიმოფანტულია სამყაროს უსასრულობაში ამდაგვარ კოსმიურ სასწაულს მოგვაგონებს ხაიმ სუტინის, ზეემოციური შემოქმედება და დინამიტური ფერწერის უსასრულო და საკვირველ ფერთა ალიაქოთური ატეხვა; ხელოვნებაში ნებისმიერი მოდერნი უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ცხოვრებისეულ და ბუნებრივ იდეას… სუტინის, მუზეუმის ყველა მხატვრებისაგან განსხვავებული დარბაზიდან გავდივარ, ჩემთვის გარკვეული ფერწერული მიზნების და იქვე, მათივე სტილის დასაზუსტებლად, ასევე სუტინის, სხვა ფერმწერ მხატვრებთან შედარებისათვის. ამჯერად დერენის დარბაზში ვჩერდები და სრულიად განსხვავებული შემოქმედებითი ღია ცის ქვეშ მოვხვდი: აქ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, მაგრამ, შინაგანი ფერწერული გამჭვირვალება და უხმო, მძაფრი და ჩვენს სუტინთან ნათესაური დინამიკაა დერენშიც…

დერენთან, ძუნწი ფერების, შინაგანი სურათული ფუნქციის აწევაა მაღალ დონეზე და თანამედროვე მხატვრის საუბარია დიდი კლასიკოსების გახსენებით. დერენის ულამაზესი სურათებიდან გადავინაცვლე სხვა მომდევნო საგამოფენო დარბაზში და აგერ, ჩემი ტანჯული მოდილიანი შემომეგება ფერი? ფერი არ გახლავთ, მაღალი მხატვრული გემოვნების და მხატვრული შემადგენლობით საამოდ მსუყე, ღრმა შინაარსიანი, დრამატული, მაგრამ მხატვრის მიერ შექმნილი ყოველი ფორმა ხაზი და კონკრეტული ულამაზესი ლაქები, ჯერ არნახული სიცოცხლით სავსე და ღრმად სულიერი, ჯანმრთელი ფერთა ჟღერადობისაა და სრულიად ახალი მუსიკალური ფორმის შობაა, ყოველი დეტალიც კი სურათში უდიდესი მათემატიკოსის დონეზეა გაანგარიშებული.

ხაიმ სუტინის შემოქმედებაში კი, სამყაროს უახლოესი ციური სხეულების ჩვენი პლანეტის და მასზე მცხოვრებ ადამიანთა სულიერი ამბოხის ფერწერული სურათია შექმნილი, რომელსაც გაგრძელება არ უწერია. ის შემოქმედებითი ალიაქოთი, მხოლოდ სუტინით მოვიდა და ძალიან ჩქარა წავიდა; ამ უძლიერესმა ფერწერულმა ქარბორბალამ ავტორი უდროოდ მიიტაცა. რატომღაც უზენაესი ძალისაგან სამუდამოდ დაკანონებულია, რომ გენიები, ვაჟკაცურად ეწირებიან მათივე უდიდეს ნიჭიერებას და მაღალ სულს, ანუ ყოველი მათგანი ჩაძირულია კოსმიურ უმწვავეს შემოქმედებით საიდუმლოებათა უსამსრულობაში…

ხაიმ სუტინს, თავისი შემოქმედებითი აზროვნების გალერეაში არ სჭირდებოდა აბსტრაქტული ფორმების მოხმობა; რათა მთლიანობაში მისი ფერწერული მტკიცე სულიერი მოგზაურობა, ხალასი აბსტრაქტითაა გაჟღენთილი ამ ზოგადსაგნობრივი მხატვრობით. მხატვრობამ უფრო გაამძაფრა ძერწერის სულიერი ჟღერადობა და ფერის ინტენსიურობა, მოძრაობა და ფერთა და ლაქათა დინამიკა. აბსტრაქტული ხელოვნებით, შესაძლოა მას სწრაფმავალი კამკამა მდინარიდან, ამოგდებული თევზივით ხელიდან გასხლტომოდა, ის უნიკალური სულიერება, რომელიც ანკარა მთის წყაროდ მოედინება მის მარად მღელვარე სურათებიდან; სუტინი დამსახურებულად აღიარებულია თანამედროვე რემბრანდტად..

სამწუხაროდ, ამ დიდი მხატვრის ბიოგრაფია მე არა მაქვს ძირფესვიანად შესწავლილი. მაშინ მე, უფრო და უფრო მივუახლოვდებოდი, მხატვრის გონებრივ და ფერწერის ენით სულიერ განსჯას, მის ღრმასა და ურთულეს შემოქმედებას. შესაძლოა, სუტინის უფაქიზესი ნიჭის ნიუანსებამდეც ჩავწდომილიყავი…

სუტინი როგორც სხვა მრავალი სახეობის ხელოვანთა უმეტესობა შემოქმედებითი უკმარისობის მელანქოლიური შემოტევებით იტანჯებოდა ალბათ…

ხაიმ სუტინთან, ფერწერული ღვთიური ნიჭის სიმაღლის განუზომლობაა და შემოქმედი ჯადო სულის ვანგოგისეული აღმაფრენაა, რომელიც ზღვის ტალღებად გამუდმებით ეხეთქებოდა მისი პიროვნების ცოცხალ კედელს. კაცობრიობის ისტორიის მიღმა, ფესვებგადგმული ძველებრაული სული ბობოქრობს მის სურათებში, რომელზეც კოსმიური მკაფიო მელანქოლიის და სევდის მგრძნობიარე მისტიკური ძაფი გაედინება.

მხატვრის სული უკიდურესად აფორიაქებულია, რომელიც ქართველი დიდი მგოსნის, ტერენტი გრანელის არ იყოს, დედამიწაზე განსასვენებელ ადგილს ვერ პოულობს. არადა, რომელ განსასვენებელზეა საუბარი, როცა მხატვრის სულიერი ჭურჭელი, კოსმიური ხელოვნების, მდუღარე ცისფერი სითხითაა სავსე. მატისის და მოდილიანის სურათებს რომ შეყურებ, გინდა მათგან ფერთა დინამიკის, ხაზის ცოცხალი მოძრაობის უფრო მეტი და მეტი სულიერი გახელება იხილო, მაგრამ როცა აზრი, ფორმა, ხაზი და ფერთა შერჩეული ლაქები, ნაწარმოების სრულიად ახალი სურათულობის კანონზომიერებაზე მუშაობენ; ზემოთ ხსენებული ელემენტები ყოველივეს ეწირებიან, თანმიმდევრობით რეგულირდება და სურათულ მაღალ სიდიადეს საკვირველი ჰარმონიულობით აწესრიგებენ… სუტინის ნებისმიერი პიროვნული პორტრეტი, ნატურმორტი თუ პეიზაჟი, ფერწერულად თითქმის თანაბარ დონეზეა აჟღერებული და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის დარად, გუგუნებს სურათთა ფერწერული საოცარი მუსიკა.

რა თქმა უნდა, აქაც ვლინდება მხატვრის განსაკუთრებული უნივერსალიზმი და უსაზღვრო ნიჭით ყველგან წვდომა.

ფერწერის უდიდეს ჯადოქართან წითელი და თეთრი ფერი, მუქი ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერთა უამრავი ვარიაციები, კეთილშობილი ტონალობით გაჯერებული მარავალსახეობა შავებით: სხვადასხვა ტონალობის და ფერების მწვანეებით, უამრავი სახის ყვითლები, ია-იას ფერთა თანხლებით, მთლიანობაში კი მის სურათებზე სპექტრის ყველა ფერთა, მონაწილეობა და საკუთარ ფერწერულ ჟღერადობადაა გარდასახული. ასევე საჭირო ადგილებში მათი დაბალი ფუნქციის მიხედვით, ფერთა თავისებური ჟღერადობის ფერწერული წნევა, უმდაბლეს ტონალობამდეა დაყვანილი, რომელიც საოცარ, სრულიად ახალ მხატვრულსა და ფერწერეულ სახებას ემსახურება.

სუტინის მდიდარი ფერწერის, მსუყე ფერთა მრავალი ტონალობა, იქვე ძუნწი და მაღალმხატვრული ხაზის ფართო მასშტაბიანი ლაქების ძლიერი ჟღერადობა მძლავრ სტიქიურ დონეზეა თავმოყრილი და უჩვეულოდ ჰარმონიზებული. ამდაგვარი უცნაური და უცხო ფერწერის სტიქიური მოვარდნა, სრულიად ახალ მხატვრულ ფერწერულ სურათებს ქმნის. ოკეანის შუა ზედაპირზე, ბუნებრივად წარმოშობილ ქარბორბალასავით სულიერებით სავსე შემოქმედებას მაღალი საზოგადოების წინაშე, ხელოვნებათმცოდნეები; მოდილიანთან, მატისთან, კანტისკთან, პიკასოსთან, სალვადორ დალისთან და ზოგიერთი სხვა კორიფეების გვერდით საკადრისად არ მოიხსენიებენ, ზემოთ ჩამოთვლილმა მხატვრებმა, სურათის სალაპარაკო-მხატვრული ენა უკიდურესად დაამუშავეს. სუტინი კი ცალკე აფეთქებული დუმილია. უცნაური და ამდაგვარი ფორმის, კოსმიური სურათი დაფიქსირდა მხატვარში… ამ შემთხვევაში, ჩემებურად ავხსნიდი მკვეთრად განსხვავებულ მდგომარებას. ოდითგანვე ადამიანები, მისი გაჩენის თუ დედამიწაზე ჩამობრძანების დღიდან, ანუ სანამ ჩამობრძანდებოდნენ, რა თქმა უნდა, ისინი პირვანდელ საუფლოშიც თავიანთი გონებით და აზროვნებით სამყაროს ზე ძალებისაგან ჩაგზავნილი კანონიკებით დაკანონებულნი იყვნენ და არიან: ეს აუცილებელი და ხელთუხლებელი სამყაროსეული მარადიული კანონიზაციაა, ჩვენს ცხოვრებაშიც ყველგან ვლინდება, რელიგიური გარემოდან დაწყებული (რელიგიური სამყარო კი მკაცრი კანონიკებითაა შემოფარგლული, რომელიც დოგმატიზმად მოიხსენიება). მხატვრებიდან, მაგალითისათვის მოვიყვანოთ მოდილიანი, ის ხომ უდიდესი ინდივიდი და გენიაა, რომლის შემოქმედება უზენაესის თანადგომით მკაცრად დაკანონებულია, ამგვარად, მოდილიანმა შექმნა, თავისი დამოუკიდებელი სტილი და ყველასგან განსხვავებული მხატვრული გარემო, რომელიც მოდილიანისეულად შექმნილ კანონიკებშია ჩაკირული. უფრო სრულყოფილად რომ ავხსნათ, შორეული თავისუფლებიდან ჩამობრძანებულ სრულიად ახალ მხატვრულ სახეს, ზეციური კანონიკებიც ჩამოყვა და მთელ მის შემოქმედებაში განთავსდა. იგივე შემოქმედებით პროცესს გადიან ბოსხი, კრანახი, ბრეიგელი, ელ-გრეკო, ნიკო ფიროსმანაშვილი, პიკასო, მატისი, სარიანი და სხვა მრავალი (ამ ურთულეს თემაზე, ცალკე შეიძლება ვრცელი წერილი დაიბეჭდოს) ყოველი მათგანი ემორჩილება მათ და უნებურად გარკვეულ კანონიკებს, რომელიც ჩვენამდე უხილავი არხებით სამყაროს კოდექსის წიგნიდან მოჟონავს და ის ყოველ დიდ შემოქმედებით და მეცნიერულ სიახლეებს თანამგზავრობს. მაგალითისათვის, ვასილ კანდინსკის შემოქმედება და ალბერტ აინშტაინის მეცნიერებაც გვეყოფა. მათი მხატვრული და მეცნიერული სიახლე, აბსტრაქტული ხელოვნებით ხომ კოსმიურ კანონიკებშია გაფილტრული…

ხაიმ სუტინი კი, თავისი შორეული და მაღალი კოსმიური გონებიდან გამომდინარე, ამდაგვარ სისტემასთან დაუმორჩილებლობას ამჟღავნებს, რატომღაც მხატვარი ყოველ ფერწერეული ტილოს ხატვას იწყებს თავისი პიროვნულიდან გამომდინარე, მძაფრი სტიქიური აწყვეტილობით და უსაზღვრო ფორიაქით; რომელიც ყოველგვარი ფერწერის აუცილებელ კანონებსაც კი სცილდება. მერე, საბედნიეროდ, როგორც ნებისმიერი ბუნების სტიქიურ აბობოქრებას აწესრიგებს სამყაროს კანონიკური უძლიერესი ზეძალა, ასევე ხაიმ სუტინის ფერწერას ამშვიდებს იგივე კოსმიური წესრიგი: მაგრამ მაინც, მხატვრის ნებისმიერი სურათის მესამე პლანზე, ნათლად შეინიშნება, ამბოხებული ადამიანის მოძრაობა, ყოველგვარი ფერწერის და მხატვრული შემოქმედებითი კანონებისადმი დაუმორჩილებლობისა, აქვე, მხსნელ შემთხვევაში, სამყაროს მთლიანობის მომწესრიგებელი ზეკანონიკური მძლავრი ზეგავლენა რომ არა; სუტინი კაცობრიობის და უკვდავი ხელოვნების წინაშე გაშიშვლებული წარსდგებოდა თანამედროვეობიდან მარადიულობაში, ქაოსური ფერწერის საკვირველ ნიმუშად. მოგეხსენებათ, უამრავი ფორმის და სახის, ურთულესი თვისებების და ძალის მქონე ქაოსებიცაა სამყაროს უზარმაზარ სამზარეულოში. მაგრამ მათზე უფრო დიდი და ღვთიური სიდიადის კანონთა წინაშე, ისინი უთუოდ უძლური და უსუსურია. ამ შემთხვევაში, ხაიმ სუტინის თითქოსდა უდრეკი ზეციური ნიჭი და მთლიანი შემოქმედება, ზე ძალამ იხსნა ამდაგვარი კოსმიური ქარბორბალასაგან და მხატვარფერმწერი, წარმოგვიდგინა სამყაროს კანონიკურ თვისებათა დასრულებული

ფორმის ტყუპისცალად და აქაა კაცობრიობის მოწინავე და მაღალ ხელოვნებაში ხაიმ სუტინისეული, სიახლე და მარადიული სიდიადე…

პარიზი, 2006 წ.

“ლიტერატურული საქართველო ” N 29;  27 ივლისი – 7 სექტემბერი, 2007 წელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები