Posted by: burusi | 02/05/2009

ზაურ მაჭავარიანი – “51 წლის წინათ, 9 მარტს, თბილისის სანაპიროზე”

თბილისში 9 მარტს დახვრეტილ მომიტინგეთა მემორიალი

1956 წლის 9 მარტის ტრაგედია – Tragedy of 1956 9 March

ახლოვდება ი.ბ. სტალინის გარდაცვალება – დაკრძალვის დღეები. ბევრი რამ დაიწერა ქართულ პრესაში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით; გამოიცა წიგნები, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი. მეამაყება, რომ იმ დღეს, სანაპიროზე, ბელადის ძეგლთან ჩატარებულ ასეულ ათასიან მიტინგს მე ვხელმძღვანელობდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო ფაქტის მომსწრე და მონაწილე ვარ, ხმამაღლა და საქვეყნოდ ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია. მთელი ცხოვრება თან მდევს ის პათოსი, რომელიც მძაფრი ეროვნული თვითშეგნების სახით სუფევდა მაშინდელ ახალგაზრდებში და დღევანდელი თაობისათვის რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საქართველოს მაშინდელ ხელისუფალთა დიდ ნაწილშიც.

1956 წლის 14-26 თებერვალს მოსკოვში გამართულ პარტიის მე-20 ყრილობაზე იოსებ სტალინის მთელი მოღვაწეობა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაუმსახურებელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. როდესაც იგი ყრილობის დარბაზში წარმოთქვამდა ცნობილ ანტისტალინურ სიტყვას, ხშირად წყვეტდა ხოლმე გამოსვლას, მუშტს აბრახუნებდა ტრიბუნაზე და გაჰყვიროდა “. ეროვნულობის ხაზგასმა შემთხვევითი არ ყოფილა. ამით საქართველოსკენ, ქართველი ხალხისაკენ სურდათ მიემართათ რეპრესიების პერიოდში დატანჯული ხალხების სიძულვილი, რასაც მოჰყვა ეროვნული განცდების ბუნებრივი ამოფრქვევა. 9 მარტის თაობა გმირული თაობა იყო. მათ ხმის ამოღება გაბედეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მძლავრობდა სტალინის მიერ შექმნილი იმპერია. ახალგაზრდობამ უფროსი თაობისგან ვერ მიიღო შექმნილი მდგომარეობის დამაჯერებელი ახსნა და ბელადის ღირსების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა, ანუ მოიქცა ისე, როგორც ამას გვასწავლიდნენ სკოლის ასაკიდან – ყოველთვის ვყოფილიყავით სტალინის იდეებისთვის მებრძოლნი. მათ შორის ვიყავი მეც, 19 წლის ჭაბუკი, ფრიადზე სკოლადამთავრებული და პოლიტექნიკური ინსტიტუტის I კურსის ფრიადოსანი სტუდენტი.

დღევანდელ ეგრეთწოდებულ მშრალ ხიდზე 50 წლის წინ ტრამვაი მოძრაობდა. მიმდებარე ბაღში მაღალ პოსტამენტზე იდგა სტალინის ძეგლი, რომელსაც გარშემო ლამაზი ყვავილნარი ამშვენებდა. ბელადის გარდაცვალების დღეს, 3 მარტს, დილის 8.30 წუთზე, სახლიდან ინსტიტუტში მიმავალმა ტრამვაიდანდავინახე, რომ მაღალი, ბრგე ვაჟკაცი ზურგით ჩემსკენ, ულამაზეს დიდ გვირგვინს ამაგრებდა. წამიერად რაღაცამ მიბიძგა, ჩამოვხტი გაქანებული ტრამვაიდან და კიბეებით დავეშვი ძეგლისკენ. ღმერთო ჩემო, ეს ბრგე ვაჟკაცი აღმოჩნდა დიდი ქართველი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი – აი, ვინ მოიტანა პირველი გვირგვინი ბელადის ძეგლთან გარდაცვალების მესამე წლისთავის დღეს. გადავწყვიტე ლექციები გამეცდინა, დავბრუნდი სახლში, მძლავრი ემოციების ქვეშ დავწერე საკმაოდ მგრძნობიარე სტროფები და საღამოს ძეგლთან გამართულ მიტინგზე ლექსით მივმართე სტალინის მაგინებლებს.

ლექსმა საკმაო მოწონება დაიმსახურა, 3 და 9 მარტამდე პერიოდში მომიტინგეები ამ ლექსის ყოველდღიურად წაკითხვას მოითხოვდნენ.

მიტინგებზე ლექსებითა და მოგონებებით გამოსვლის მსურველთა რიგები ყოველწუთიერად იზრდებოდა, ადამიანები ჩამოდიოდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებიდან.

9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიტინგი დამთავრდა და საქ. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა დავით მჭედლიშვილმა მომიტინგეებს სთხოვა დაშლილიყვნენ, საქართველოს კომკავშირის ცეკას მაშინდელმა პირველმა მდივანმა თამაზ ჯანელიძემ, როგორც ჩანს, შეამჩნია ჩემი აქტიურობა მარტის მთელი იმ დღეების განმავლობაში და იქვე, ტრიბუნასთან, კომკავშირული დავალების სახით მთხოვა – თუ მიტინგის დაშლა არ მოხერხდებოდა, წამეყვანა იგი, მეცადა შემენარჩუნებინა წესრიგი და ხელი შემეწყო ხალხის მშვიდობიან დაშლაში. ვინც ამ მიტინგს ესწრებოდა, ალბათ ვეხსომები ტრიბუნაზე მდგარი ხუჭუჭთმიანი ჭაბუკი, რუხ პალტოში, წითელი შარფით, მიკროფონით, ჩემი აქტიური მოწოდებებით ყველა გამომსვლელისადმი – ესაუბრათ მხოლოდ სტალინის სახელის პატივისცემის, დაფასებისა და დაცვისათვის, არ შეხებოდნენ პოლიტიკას, გაეკრიტიკებინათ საკავშირო კომპარტიის პოლიტბიურო, პირადად ხრუშჩოვი, მაგრამ ისე, რომ არ გამოეწვიათ ანტირუსული განწყობა.

თბილისის გარდა დაძაბული სიტუაცია იყო გორსა და ქუთაისშიც, სადაც ახალგაზრდობა სტალინს იცავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობდა ქუჩებში, პარკებში უამრავი ახალგაზრდა იყრიდა თავს და მიტინგებს მართავდა. ვითარება სულ უფრო მძაფრდებოდა, თუმცა ექსცესები (სროლა ან ხულიგნობა) არ ყოფილა. გამოსვლები მიმართული იყო ხრუშჩოვის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სტალინის დასაცავად. ახალგაზრდობა სამშობლოს სიყვარულმა, ფარისეველთა უსინდისობის, უსირცხვილობის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიყვანა ქუჩაში და არა სტალინური რეპრესიების გამართლების სურვილმა, როგორც ზოგიერთი ნამუსგარეცხილი შოვინისტი ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს. 9 მარტს ტრიბუნასთან არაერთი გამომსვლელი აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს. გამოვიდა ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელმაც დიდი მგზნებარებით წაიკითხა ლექსი, რომელიც ბოლოვდებოდა “გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს”. ასეთი იყო საერთო მიმართულება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში იმყოფებოდა სკკპ ცეკას ადმინისტრაციული განყოფილების გამგის მოადგილე… გვარი აღარ მახსოვს, რომელიც ადრე შეიარაღებული ძალების პოლიტსამმართველოს უფროსად მუშაობდა. იგი საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა და ფაქტობრივად ხელისუფლების ყველა მოქმედებას მეთაურობდა. ძიების პროცესში ჩემი ციხეში ყოფნის დროს გამომძიებელმა წამაკითხა დოკუმენტი, სადაც ჩანდა, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა გენერალმა ფედიუნინსკიმ იკისრა ცენტრალური კომიტეტის, მთავრობის სახლისა და კავშირგაბმულობის სახლის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზევით აღვნიშნე, მიტინგის წაყვანისას ყოველნაირად ვცდილობდი პროცესები ხულიგნობაში არ გადაზრდილიყო, ინციდენტი მაინც მოხდა – ჩემთვის უცნობმა თბილისელმა ახალგაზრდამ კავშირგაბმულობის სახლის ხელში ჩაგდების ცდისას ჯარისკაცს თვალში მოახვედრა დროშის ტარი. ჯარისკაცმა კი ბრძანების გარეშე ავტომატის ჯერი გაისროლა. ატყდა სროლა. როგორც შემდგომში გავარკვიეთ, სკკპ ცეკას იმ პასუხისმგებელმა მუშაკმა მარშალ ჟუკოვის განკარგულებით თბილისში შემოიყვანა დივიზია, ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორები გამოჩნდნენ… სროლამ 25-30 წუთს გასტანა, მესამე-მეოთხე დღეს ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია 30 კაცამდე სიკვდილისა და ასეულობით დაჭრილის შესახებ.

დაიწყო დაჭერები. ყოველდღიურად ველოდი, დადგებოდა ჩემი რიგიც, მაგრამ უშიშრად და ამაყად ვაგრძელებდი სტუდენტურ ცხოვრებას. მშობლები და მეგობრები შეჩვეული იყვნენ იმ აზრს, რომ აუცილებლად დამაპატიმრებდნენ. პირველი ასეთი მცდელობა განხორციელდა ქ.რუსთავში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. მომაქვს ამონარიდი რუსთავის უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, შემდგომში საქართველოს ეროვნული და საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსის გიორგი ხაზარაძისადმი მიძღვნილ მწერალ ოთარ ნაფეტვარიძის 2000 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური წიგნიდან “ღირსეული მამულიშვილი” გვ. 150. ბატონი გიორგი უყვება წიგნის ავტორს: “1956 წლის 9 მარტს თბილისში მომხდარი ახალგაზრდობის ე.წ. მასობრივი უწესრიგობის საქმის განხილვის დროს, მე სახ.უშიშროების კომიტეტის ოპერატიული განყოფილების მიერ დავალება მივიღე დამეპატიმრებინა თბილისში, სანაპიროზე იოსებ სტალინის ძეგლთან მიმდინარე მიტინგის ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური ხელმძღავანელი, რუსთავში მცხოვრები, ვინმე ზაურ მაჭავარიანი… რუსთავის სახ. უშიშროების საქალაქო განყოფილების მუშაკების მიერ მიღებული ზომების შემდეგ საღამოს საათებში მაჭავარიანი ჩემს კაბინეტში შემოიყვანეს, რომელსაც დიდხანს ვესაუბრე. ჩემს წინ იჯდა ზედმიწევნით განათლებული ახალგაზრდა კაცი, რომლის ლოგიკური მსჯელობა არ შეიძლებოდა აღელვების გარეშე მოგვესმინა. როცა მაჭავარიანს ვესაუბრებოდი, მას გარეთ უცდიდნენ მშობლები, ნათესავები და მრავალი ათეული ახალგაზრდა. საუბრის დამთავრების შემდეგ, ჩემი რწმენიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაჭავარიანი არ დამეპატიმრებინა და გავატანე მის მშობლებს სახლში. მეორე დღეს, სპეციალურად წავედი თბილისში და ეს ამბავი პირადად მოვახსენე კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ინაურს. მან არ მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, მაჩვენა კომიტეტის ოპერგანყოფილების მიერ მიტინგის მონაწილეთა ფონზე გადაღებული სურათები თუ როგორ მიჰყავდა მაჭავარიანს იოსებ სტალინის ძეგლთან ახალგაზრდების მიტინგი და ხელმეორედ დამავალა მისი დაპატიმრება და თბილისში ჩამოყვანა. მე სახ. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან დამყარებული ურთიერთობით, მხარდაჭერით და პატივისცემით გათამამებულმა გავუბედე მას, რომ თუ მე გუშინდელი ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ მაჭავარიანს დავაპატიმრებდი, ეს უარყოფითად იმოქმედებდა ქალაქში შექმნილ ჩემს ავტორიტეტზე და ასეთ შემთხვევაში შემდგომში იქ ჩემი მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. მან გამიგო, გაიზიარა ჩემი მდგომარეობა და დაავალა ცენტრალურ ოპერგანყოფილებას მათ დაეპატიმრებინათ ზაურ მაჭავარიანი”.

19 მარტია, ვუსმენ პროფესორ კვინიკაძის ლექციას მათემატიკაში. დღის 12 საათზე მოურიდებლად აკაკუნებენ აუდიტორიის კარზე – მაშინვე მივხვდი “მესტუმრნენ” სახელმწიფო უშიშროების მუშაკები “თხოვნით” რამდენიმე საათით წავყოლოდი გასაუბრებისათვის… უშიშროების კომიტეტის ციხე რუსთაველზე გადაჭედილი იყო მარტის დღეებთან დაკავშირებული “დამნაშავეებით”. საკანში, რომელშიც მე შემიყვანეს, დამხვდა ვახტანგ კუხიანიძე, გორის სამხედრო კომისარიატის მუშაკი, რომელსაც ადანაშაულებდნენ ახალგაზრდებისათვის იარაღის დარიგებაში. პატიმრებში წამიერად გავარდა ხმა ჩემი მიყვანის შესახებ – მე, როგორც მიტინგის წამყვანს, ხომ ყველა პატიმარი მიცნობდა და თანამიგრძნობდა. ატყდა ძახილი – ზაური, ზაური! მესალმებოდნენ ჩემზე რამდენიმე დღით ადრე დაპატიმრებული კოტე ციციშვილი, კოტე ჩხეიძე, საშა ნინუა, სანდრო მირიანაშვილი, ვახტანგ კაციტაძე და მრავალი სხვა. ბევრი მათგანი სიხარულს ვერ მალავდა, ვინაიდან მკვდარი ვეგონე, იყო ურთიერთსასიამოვნო გადაძახილები და მისალმებები.

საკანში შეყვანიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ წამიყვანეს დაკითხვაზე. მორიგე ოფიცრის თანხლებით საკმაოდ უშიშრად და მხნედ ავირბინე კიბეები დანიშნულების ოთახამდე. იღება ამ ოთახის კარი და რას ვხედავ – გრძელი მაგიდის თავში ზის საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ალექსი ინაური. მაგიდას გარშემო უსხედან რუსი გენერლები, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი ბელჩეკოვი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე. როგორც შემდგომ დღეებში დავაზუსტე, რუსი გენერალიტეტი თურმე განსაკუთრებულად ელოდა შეხვედრას ჩემთან, როგორც მიტინგის ხელმძღვანელთან და წამყვანთან.

იწყება დაკითხვა. ვხედავ, გრძელი სახაზავით ხელში ჩემსკენ მოემართება გენერალ-პოლკოვნიკი ბელჩეკოვი – “სად და როდიდან გააბით კავშირი კაპიტალისტური სამყაროს აგენტებთან”? შემაგება პირველი შეკითხვა გენერალმა. “მე არ გიპასუხებთ ასეთ ბრიყვულ შეკითხვაზე”, უნებლიედ აღმომხდა 19 წლის ბიჭს. თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ეს რა მითხრა, როგორ მაკადრა, თურმე რას ფიქრობენ რუსი გენერლები ჩემი თაობის ქართველ ახალგაზრდებზე. გრძნობები ამეშალა, ავტირდი, ავტირდი გაუჩერებლად. დარბაზი გაისუსა, “გაიყვანეთ”, მომესმა რომელიღაც გენერლის ხმა, დამაბრუნეს კამერაში.

დავწყნარდი. საჭირო ფსიქოთერაპია ჩამიტარა კამერის მეზობელმა ვახტანგ კუხიანიძემ, ჩემზე უფროსი გახლდათ 20 წლით. ცხოვრებაში გამოცდილი და განათლებული პიროვნება – “დაიხსომე, – მითხრა მან, – შენი გულწრფელი და დამაჯერებელი ჩვენებით საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარები დაუმტკიცოს მოსკოვს მომიტინგეებში ანტისაბჭოურობის არარსებობა”. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება კარგად ათვითცნობიერებდა, რომ საკავშირო სუკიდან მოვლენილი გენერლები ცდილობდნენ მიეწოდებინათ მოსკოვისთვის ცნობები საქართველოში იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაციების არსებობის შესახებ, საქართველოს სუკ-ის ხელმძღვანელები კი როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ისე მოსკოვისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მარტის დღეებში არავითარი ანტისაბჭოური გამოსვლები არ ყოფილა. უფრო მეტიც, ალექსი ინაური უაღრესად თბილად ექცეოდა პატიმრებს. მომყავს ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან კორესპონდენტ ირაკლი ინაშვილთან (გაზეთი “7 დღე”, 14.08.90 წ.) “მე მარტო დავდიოდ ამ ცხელ წერტილებს შორის, ასე რომ, რაც იქ ხდებოდა, ვიცი არა პატაკებით, არამედ საკუთარი თვალით ვხედავდი… არავითარი ანტისაბჭოთა გამოსვლები იქ არ ყოფილა… მომახსენეს, ჩვენს სარდაფში 300-ზე მეტი დაკავებული მოიყვანესო, სარდაფში ჩავედი და მთელი ღამე იქ დავყავი. ვიფიქრე: ეშმაკმა უწყის, იქნებ, დაკავებულებს მართლაც სცემენ-მეთქი?” ვსაუბრობდით, დილით კაბინეტში დავბრუნდი”.

ორი საათის შემდეგ კვლავ მეძახიან დაკითხვაზე. იგივე კაბინეტი, იგივე ხალხი დარბაზში. სიტუაცია ოდნავ შერბილებული მეჩვენა. კვლავ გენერალ-პოლკოვნიკი ბელჩეკოვი: ჩვენ გვეგონა მიტინგის ხელმძღვანელი იქნებოდა ზრდასრული, სოლიდური ასაკის პიროვნება, შენ კი ლაწირაკი ბიჭი ხარ. რატომ ახვედი ტრიბუნაზე? გენერალ ინაურს ჩემდაუნებურად თვალი თვალში გავუსწორე, მომეჩვენა, რომ მას ჩემი პირველი პასუხი მოეწონა და ახლა ელის იგივე პათოსით პასუხს მთავარ კითხვაზე – რატომ ავედი ტრიბუნაზე? უბრალოდ და უკომპრომისოდ უნდა ვთქვა სიმართლე, სრული სიმართლე, ისეთივე, როგორიც უნდა ყოფილიყო მიტინგში მონაწილე ყველა ქართველი ახალგაზრდის პასუხი. მას შემდეგ 51 წელი გავიდა, მაგრამ სიტყვა-სიტყვით ზუსტად მახსოვს რაც ვუპასუხე: “მთელი ჩემი ახალგაზრდული წლების განმავლობაში მე ვიზრდებოდი ლენინ-სტალინის საქმის მგზნებარე სიყვარულის ატმოსფეროში, ვსწავლობდი ბელადების ავტობიოგრაფიებს, შრომებს, ცხოვრებას, ვაკვირდებოდი მათ ზრუნვას ახალგაზრდობაზე და ამ პროცესებს ყოველთვის ვანიჭებდი ნორმალურ მნიშვნელობას. და აი, გავიგე რა სტალინის გარდაცვალებიდან სამი წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგის შესახებ, მე გავემართე სანაპიროზე სტალინის მონუმენტისკენ. შეკრებილი იყო უამრავი ხალხი, გამოდიოდნენ ლექსებით და მოგონებებით. ვუსმენდი რა მათ, ჩემში გაიღვიძა დიდი სტალინის პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობამ, გამახსენდა სკოლის წლები, თუ როგორ გვინერგავდნენ მასწავლებლები ამ სიყვარულს, როგორ ვსწავლობდით ლექსებს დიდ ბელადზე, ადამიანზე, რომელსაც უმღეროდა მთელი კაცობრიობა, მათ შორის, პირადად თქვენც, პატივცემულო გენერალ-პოლკოვნიკო. აი ამ გრძნობამ ამიყვანა მე ტრიბუნაზე ბელადისადმი მიძღვნილი მიტინგის სახელმძღვანელოდ. ნუ დაეძებთ სხვა გრძნობებს და მიზეზებს, რომლებიც არ ყოფილა” მთელი ამ პასუხის განმავლობაში პირდაპირ მივჩერებოდი ბელჩეკოვს, დამთავრების შემდეგ კი შევხედე ბატონ ალექსი ინაურს, რომლის თვალებშიც, არ შევცდები თუ ვიტყვი, მხარდაჭერა და თანაგრძნობა დავინახე. გაიყვანეთ” – ცივად გამოსცრა კბილებიდან ბელჩეკოვმა. ერთგვარი გამარჯვების გრძნობით დავბრუნდი საკანში. რუს გენერალიტეტს დასაკითხად აღარ დავუძახივართ.

ციხეში ჩემი საქმის ძიების პროცესში გამომძიებელმა დერბენიანმა ძეგლთან არაერთხელ წაკითხული ჩემი ლექსი გადააგზავნა მწერალთა კავშირში დასკვნისათვის, რაზეც ძიებას უპასუხეს, რომ ვერ გასცემდნენ ასეთ დასკვნას, ვინაიდან ლექსი პრესაში გამოქვეყნებული არ ყოფილა. განსჯისათვის, რამდენად დაინტერესებული იყვნენ რუსი გენერლები თუნდაც რაიმე ანტისაბჭოური ეპოვათ, ყურადსაღებია ასეთი ფაქტიც. ჩემთან შეხვედრამდე მათ მოუთხოვიათ საშუალო სკოლის უკანასკნელ კლასებში ქართული წერის რვეულების გაცნობა, რათა გაერკვიათ ჩემი (17-18 წლის ჭაბუკის) პოლიტიკური ორიენტაცია!! პარალელურად უნდა აღვნიშნო, რომ მათგან განსხვავებით საქართველოს სუკ-ის მუშაკები დაკითხვების დროს და საერთოდ ციხის პერსონალი პატიმრებს გვექცეოდნენ საკმაოდ თბილად, თითქმის შეუზღუდავი იყო შეხვედრები მშობლებთან და ახლობლებთან.

ძიება, რომელიც ჩემს საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, 3 თვემდე გაგრძელდა. რელიკვიასავით ვინახავ ა.ინაურისა და მ.თოფურიძის ხელმოწერილ საქართველოს სუკისა და პროკურატურის დანაშაულებრივ დასკვნას, სადაც ჩამოთვლილია ჩემთვის, როგორც ქ.თბილისში სანაპიროზე ი.ბ.სტალინის ძეგლთან 9 მარტს ჩატარებული არაოფიციალური მიტინგის ხელმძღვანელისთვის წაყენებული ბრალდებები, რაც ჩემთვის საამაყოა და არა სამარცხვინო. განიხილა რა აღნიშნული საბრალდებო დასკვნა საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ჩამთვალა სასჯელმოხდილად და გამათავისუფლა. სასამართლოს სხდომა მიმდინარეობდა ემოციების ქვეშ. ჩემი, როგორც ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენისას, ახლობლებითა და სტუდენტი-ახალგაზრდებით სავსე დარბაზი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ აცრემლდნენ ყველა ერთად პროკურორი, მოსამართლე და ადვოკატი. “რატომ დახარჯე დაცვისთვის ფული, ასეთი შვილი გვყოლია”, მიმართა ადვოკატმა მამაჩემს და თავის გამოსვლა ზედმეტად ჩათვალა. დარბაზის გარეთ, ეზოში ასობით სტუდენტი ელოდა განაჩენს, ატყდა ხვევნა-კოცნა, მეფერებოდნენ, მილოცავდნენ, რაც ნიშნავდა მხარდაჭერას ბრძოლაში სტალინის სახელის შემბღალავთა წინააღმდეგ და პროტესტს პირადად ხრუშჩოვისა და უდანაშაულო ადამიანთა მკვლელ სამხედრო მანქანის მიმართ. ის წუთები არასოდეს დამავიწყდება.

ნასამართლობა ჩემთვის წინაღობად არ ქცეულა. კომკავშირიდან და ინსტიტუტიდან გარიცხული შევხვდი საქ.კომპარტიის ცეკას პირველ მივანს ვ. მჟავანაძეს და კომკავშირის ცეკას პირველ მდივანს თ.ჯანელიძეს. აღმადგინეს კომკავშირშიც და ინსტიტუტშიც, რომელიც 1960 წ. წარჩინებით დავამთავრე.

დაიწყო დიდი შრომითი ცხოვრება: მუშა, ოსტატი, ქარხნის დირექტორი, სახალხო კონტროლის რუსთავის საქ. კომიტეტის თავ-რე, “თბილქალაქმშენის” სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტრესტ “საქკურორტმშენის” მმართველი, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ “საქსომხეთმშენის” მმართველი,თბილისის მერიის სამშენებლო-სამრეწველო ფირმა “თბილისის” პრეზიდენტი, სააქციო საზოგადოება “მთავარინვესტის” გენერალური დირექტორი – აი სამსახურები, სადაც მე 46 წელი შეურცხვენლად ვიმუშავე და მრავალრიცხოვანი ჯილდო და მადლობა დავიმსახურე.

გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა – ერთ-ერთი ნანატრი იმ 9 მარტის მონაწილეებისა.

მე და მსგავსი ბიოგრაფიის მქონე მრავალი ადამიანი მივა 9 მარტს სანაპიროზე: პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს ღრმად სწამთ – უეჭველად აღსრულდება სტალინის სიტყვები “.. ვიცი, როცა მოვკვდები, საფლავზე ნაგვის გორას დამიყენებენ … მაგრამ ისტორიის ქარი უმოწყალოდ გაფანტავს ამ ნაგავს…” ეს დრო შორს აღარ არის.

ზაურ მაჭავარიანი

1956 წლის 9 მარტს სანაპიროზე ი.ბ. სტალინის ძეგლთანარაოფიციალური მიტინგის წამყვანი

“ლიტერატურული საქართველო ”  N 9,  2-9 მარტი, 2007 წელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები