Posted by: burusi | 01/01/2010

სილოვან ნარიმანიძე – ქალბატონი ნესტანი

ნესტანი. ლადო გუდიაშვილი

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze (1897-1966)

ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია გიორგი ლეონიძის სახელთან, ჩემთვის ძვირფასია და ჩემი ცხოვრების ნაწილია. მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი მონაკვეთი საცნაურია და ჩემს თვალწინ ჩავლილია. ბატონ გიორგის ვაჟიშვილი არ ჰყავდა და მუდამ თავისი ქალიშვილებით, ნესტანითა და თინათინით, ამაყობდა; ისინიც დიდ სიყვარულს ამჟღავნებდნენ სწორუპოვარი მამისადმი. შვილებსაც მისი სახელი დაანათლეს…

დიდ პოეტს უდიდესი ერთგულება და სიყვარული შეეძლო.ამასთან არავის არასოდეს არ აპატიებდა მისდამი უდიერ დამოკიდებულებას,  მას გათავსებული ჰქონდა ვაჟა-ფშაველას გენიალური მრწამსი: “ბილწთ არ შევეკრა ზავითა.“ სხვათა შორის მის ქალიშვილებსაც მისი ხასიათი გამოჰყვათ. ისინი არასოდეს არ დათმობდნენ იმას,რაც მათი თვალსაზრისით დაუთმობელი იყო და მათი თვალთახედვის გარეშე რჩებოდა. გიორგი ლეონიძეს სწორედ ისინი უწევდნენ მზრუნველობას. მახსოვს, გიორგი ლეონიძის საიუბილეო დღეებში, თუ როგორი მზრუნველობით მოჰკაზმავდნენ ხოლმე ისინი პოეტს,

-მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა სიკეთის მოძღვარი მოზღვავებულ საზოგადოებაში. ამიტომაც იყო, რომ გიორგი ლეონიძეს მზე ამოსდიოდა, მათ შემხედვარეს, რუსთაველის ულამაზესი ქალების სახელებიც, ნესტანი და თინათინი, მისი ამ დიდი სიყვარულის დასტურია.

ვიხსენებ იმ ლამაზ დღეებს და გული სინანულით ბორგავს.მაშინ ყველა ერთად ვიყავით, შეგვეძლო ერთმანეთისადმი ბევრი რამე გვეპატიებინა და ყველას ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ჩვენი მზერა მიპყრობილი იყო მარადიული ღირებულებისადმი და ორიენტაციას არ ვკარგავდით. ამიტომაც იყო, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და მიუზნობრივი გვეჩვენებოდა, თითქოს ჩვენ ყველანი, დიდი მამულიშვილის მეუფებით მუხის ჩრდილში ვითვლიდით ლამაზ დღეებს,იმ დღეებს, სადაც ახლა ჩვენი წარსული სთვლემს და თავისკენ მიგვეზიდება.

თუ გვინდა პატივი ვცეთ მის ხსოვნას, მისი ნაანდერძევი უნდა კარგათ გვახსოვდეს, რომელსაც მარტო ჩვენ კი არა, მთელი საქართველოს ფიქრი და ტკივილი დაჰქონდა.

ამ მომცრო ბარათს არა აქვს იმ ფართე ცხოვრებისეული თუ შემოქმედებითი მოღვაწეობის განხილვის პრეტენზია, სადაც თავს მოიყრიდა ამ დიდი ეროვნული მოღვაწის სურათის დასახატავად ჩემეული თვალსაზრისი. ეს უფრო იმ ფაქტმა განაპირობა, ბატონი გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ამ ღირსეულ ქალიშვილებს ამაგი და მცდელობა არ დაუკლიათ, პოეტისა და მრავალ მხრივი მოღვაწის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.განსაკუთრებით მინდა წარმოვაჩინო ის ამაგი და სიყვარული, რაც ქალბატონმა ნესტანმა-გიორგი ლეონიძის უფროსმა ქალიშვილმა-გასწია თავისი დიდი მამის შემოქმედების უკვდავსაყოფად. ამას ამიტომაც ვაკეთებ, რომ აღნიშნული წერილი მის მიერ შედგენილ ამ პოეტური კრებულისათვის იწერება.

ჯერ კიდევ ამ ორი ათეული წლის წინ ქალბატონი ნესტანის მცდელობით და ჩემი რედაქტორობით გამოვეცით მის მიერ შედგენილი რჩეული“ნინოწმინდის ღამე“. ეს წიგნი მკითხველმა დიდი სიყვარულით მიიღო. მისივე თხოვნით მე გამოვეცი აგრეთვე ბატონი გიორგის “ნატვრის ხე“ დიდი ტირაჟით. წინამდებარე კრებული, შედგენილი ქალბატონი ნესტანის მიერ, უფრო ფართო პლანით წარმოგვიდგენს გიორგი ლეონიძის პოეზიას. იგი დიდი საჩუქარი იქნება წიგნს მონატრებული ქართველი მკითხველისათვის. მკითხველი ერთხელ კიდე გაიხსენებს თავის საყვარელ პოეტს და მადლობას შეუთვლის იმ გრძელ ქვეყანაში ქალბატონ ნესტანს, რომელმაც თავისი ღირსეული მამის სიყვარულში დალია ცხოვრების უკანასკნელი დღენი.

ახლა მცირე რამ ქალბატონი ნესტანის შესახებ.

ის იყო მზეთამზე, სიმშვიდე, აუღელვებელი, ჩუმი, მწყაზარი, წიგნით გატაცებული, სპეტაკი და დამამშვენებელი ქართუკი მანდილისა. გულსატკენია,რომ სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. იგი უფრო მეცხრამეტე საუკუნის მანანა ორბელიანისეული მისწრაფების მანდილოსანი იყო, ერთის გამოკლებით, არ უყვარდა დიდ ხმაურიან საზოგადოებაში ტრიალი. იყო თავისთვის და ითვლიდა ყველაფერ იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. თუ მისი ახლობლები არ გამინაწყენდებიან, იმასაც ვიტყვი რომ იგი არ იყო სრულყოფილი ბედნიერებით წარმოდგენილი, მას, ისევე, როგორც ყველა ჩვენთაგანს, დაჰყვებოდა რაღაც გამოუთქმელი სევდა, რომელიც ჩვენდა უნებურად ჩასახლდება ხოლმე ჩვენში და ზოგჯერ კი არა, უფრო ხშირად არ ვიცით, საიდან მოვიდა იგი. იქნებ ეს სევდა, სევდაა წუთისოფლის ამაოებისა. დიდი ბარათაშვილი რომ იტყოდა: “წავედ მტკვრის პირას სევდიანი ფიქრთ გასართველად“.

მჯერა მძიმე და თავრდგომილი საქართველო კვლავ გამოიღვიძებს და კვლავ მოუხმობს თავის ღირსეულ შვილებს იმ ასპარესზე, რასაც ქართული გონიერების ასპარეზი ჰქვია და სევდიანი წარსულის გახსენება.

ქალბატონო ნესტან, თქვენ აგცდათ დავიწყების მსახვრალი ხელი, რადგან ყოველთვის განასახიერებდით იმ სიკეთეს, რასაც ოჯახის სიყვარული და მამულიშვილური მოვალეობა ჰქვია.

სილოვან ნარიმანიძე

4.08.2000


დატოვე კომენტარი

კატეგორიები