Posted by: burusi | 25/09/2009

რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება

რუსუდან ჯავრიშვილი

რუსუდან ჯავრიშვილი

რუსუდან ჯავრიშვილი – Rusudan javrishvili

საქართველოს სახალხო მხატვრის რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებასთან. მხატვრის შემოქმედების განმსაზღვრელი მშობლიური ბუნება გახდა, რომლის სილამაზესაც იგი ბავშვობიდან ეზიარა სოფელ ერთაწმინდაში. მხატვრის ოჯახი თბილისში დამკვიდრდა, მაგრამ სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია, არდადეგებს და-ძმებთან ერთად სოფელში ატარებდა. მხატვრის პაპის ელისაბედაშვილის ქართული დარბაზი რომელიც აკადემიკოს გ. ჩუბინიშვილის კვლევის საგანად იქცა, ხალხური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენდა. აქვე დარბაზში ეთნოგრაფიული მასალის ჩაწერას ხელმძღვანელობდა სასიქადულო ქართველი მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი. მეზობლად ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ია კართაგენელის სახლი იდგა, საიდანაც ყოველთვის მიოსმოდა მუსიკის ჰანგები. ცხადია, ასეთ გარემოს არ შეიძლება კვალი არ დაემჩნია მომავალი მხატვრის შემოქმედებითი ნატურის ჩამოყალიბებაზე.

ექვსი წლის რუსუდანმა პირველად იხილა მხატვრები სოფლის კალოზე, რომლებიც კევრში შებმული ხარების ჩანახატებს აკეთებდნენ, ზეთის საღებავებით კი სოფლის ეკლესიის, წმინდა ესტატეს ტაძრის სილამაზე გადაჰქონდათ ტილოზე. ისინი, როგორც შემდგომ გაირკვა, ცნობილი ფერმწერები მოსე თოიძე და შალვა მამალაძე იყვნენ.

აღნიშნული ფაქტი განმსაზღვრელი გახდა რუსუდან ჯავრიშვილის მომავალი პროფესიის არჩევაში. ნანახმა ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ უდიდესი სურვილი გაუჩნდა თავად დაეხატა. მას შემდეგ გოგონა ხატავდა ყველაფერს, რაც მოსწონდა და აღელვებდა. მშობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენია გოგონას გატაცება. მეზობელბმა, მასწავლებელმა ქალმა, ითავა რუსუდანის წაყვანა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში. როგორც მცირეწლოვანს უარი უთხრეს სასწავლებელში მიღებაზე. საშუალო სკოლაში სწავლის პარალერულად რ. ჯავრიშვილი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ კი ფერწერის ფაკულტეტზე. სამხატვრო აკადემიაში მას ასწავლიდნენ შესანისნავი პედაგოგები: მოსე თოიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, სილოვან კაკაბაძე, უჩა ჯაფარიძე. განსაკუთრებით მადლიერებით იხსენებს მხატვარი დავით კაკაბაძის მზრუნველობასა და ყურადღებას.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, ომის მრისხანე წლებში, მხატვარი თავდაპირველად მხატვარ-დეკორატორად იწყებს მუშაობას, ჯერ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, შემდეგ კი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის უშუალო ხელმძღვანელობით. ბ. გამრეკელმა დიდ ამაგი დასდო ახალგაზრდა მხატვრის გზის გაკვალვას. მხატვარმა გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი: ლ. გოთუას – “სამი პატარძალი”, ნ. მიქავას და გ. აბაშიძის – “მსახიობის სიყვარული”, გ. გელოვანის – “11 უცნობი”, დ. თაქთაქიშვილის – “სამთა სიყვარული”,, დ. კლდიაშვილის – “აზნაურები”.
1950 წლიდან დაიწყო მხატვრის დამოუკიდებელი გზა დიდ ხელოვნებაში. შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლისთანავე გამიოკვეთა მხატვრის ინტერესთა რკალი, რომელიც მიოცავდა ფერწერის თითქმის ყველა ჟანრს: პეიზაჟს, თემატურ კომპოზიციებს, ნარუტმორტს და ნაწილობრივ პორტრეტსაც. განსაკუთრებით ერთგულება პეიზაჟისადმი, დღემდე რომ გამოჰყვა ხელოვანს, მისი ბიოგრაფიის ორმა ფაქტმა განამტკიცა.

პირველი: მხატვრის თანაკურსეწლისა და ახლო მეგობრის, მონუმენტალისტის რობერტ სტურუას ინიციატივით ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი; მხატვარებმა საქართველოს მთა-ბარი “დალაშქრეს”, ფეხითა და ცხენით შემოიარეს: ხევსურეთი, კახეთი, ქართლი, პალიტრებით ხელში მიმოიფანტნენ ძველი თბილისის უბნებში. მეორე: 1960 წელს ელენე ახვლედიანის თაოსნობით შეიქმნა მხატვარ-პეიზაჟისტთა ერთი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო მშობლიური ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შრომისმოყვარე ხალხის ახლოს გაცნობა.

აღსანიშნავია რომ ელენე ახვლედიანთან შემოქმედებით სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რ. ჯავრიშვილის ხელწერის ჩამოყალიბებისათვის. ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შემოქმედებითი ჯგუფის მოღვაწეობას ეტაპური მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ ქართული პეიზაჟური ფერწერის განვითარებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად ქართული პეიჟაზური ფერწერის ისეთ ავტორეტეტებთან სიახლოვისა, როგორიც ალექსანდრე ციმაკურიძე და ელენე ახბლედიანი იყვნენ, მხატვარი იმთავითვე ესწრაფოდა დამოუკიდებელი გზების გაკვლევას ხელოვნებაში. ამას ადასტურებს 1964 წელს პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი ნაწარმოებები. საქართველოს თითქმის ყოველი კუთხის ამსახველი ტილოები გვარწმუნებენ, რომ კომპოზიციური აგების სილაღეს კარგად ერწყმის მომხიბვლელი, ფერადოვანი დეკორატიული გადაწყვეტა. მიუხედავად ხარისხობრივი განსხვავებისა, მხატვრის მიერ წარმოდგენილი პეიზაჟები გულგრილს არ ტოვებედნენ მაყურებელს. იგი გარემომცველილი სინამდვილის “ასლს” კი არ იძლევა, ამა თუ იმ პეიზაჟური მოტივის მშრალი ფიქსაციით რომ ამოიწურება, არამედ გარკვეული ემოციით დამუხტული, დანახულს, განცდილს თითქოს გონებაში “აგროვებს”, რათა შემდეგ ტილოზე გადაიტანოს გარკვეულ ფერადოვან პლასტიკურ სამოსელში შეფერილი სხვადასხვა განწყობის სახით. ასე იძერწებოდა მხრატვრის ლირიკული პეიზაჟები, ზოგჯარ რომანტუკულად ზეაწეული, ძალზე იშვიათად დრამატული ინტონაციით შეზავებული. ძირითადად კი მხატვრის ფერწერა ბუნების ცხოველმყოფელ დამაჯერებელ მხატვრულ ხატებად იკითხება, ოპტიმისტურ განწყობას რომ ამკვიდრებს.

რ. ჯავრიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მშობლიური სოფლის ერთაწმინდის, ამსახველ პეიზაჟებითა ციკლს უჭირავს. მხატვარი აკვირდება არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებითაც ასე მდიდარია სოფელი: თამარის კოშკს, რკონის ცნობილ ეკლესიას, XII ს –ის ხიდს, ლურსაბ მეფის საზაფხულო რეზიდენციას ციხის ნანგრევებით, და ბოლოს, თვით ერთაწმინდის შუაგულში აღმართულ მე-12-13 საუკუნეების წმინდა ესტატეს ტაძარს; მაღალ, გაუვალ ტყეებს, სოფელს რომ აკრავს, თეზმის ხეობის თვალწარტაც სანახაობას, ცხვრით შეფენილ მთებში მთიულეთის სოფლებს და ყოველი მათგანისათვის შესაფერის, მხატვრულ ეკვივალეტს ეძიებს.

ზოგიერთი მოტივს მხატვარი, მისი უკეთ გამოხატვის მიზნით, რამდენჯერმე უბრუნდება, ასეთია:”ჩემი სოფლის დილა”,”ქართლის მოტოვი – ერთაწმინდა”,”მეზობლის უბანი”, “ჩვენი ეზო”, “თორნიკიანთ სახლი”, “სულუანთ უბანი”, “წმინდა ესტატეს ტაძარის სამრეკლო”. მათში სხვადასვვა ხედვითი წერტილიდან და სხვადასხვა განათების დროს ცდილობს იგი ერთაწმინდის სიუჟეტის გადმოცემას.

სპეციფიკური მხატვრული მიზანდასახულობის დროს, რაც არსებითად კომპოზიციათა სივრცობრივ გადაწყცეტაში მდგომარეობს.მხატვარი მხედველობის მიღმა არ ტოვებს ადამიანს, შესაძლოა, ზოგჯერ სტაფაჟის სახით, ადამიანის ფიგურები აცოცხლებენ კომპიზიციის ფერადოვან ქარგას. ზოგჯერ, პეიზაჟში ადამიანი არ ჩანს, მაგრამ მისი მოქმედებისა და ცხოვრების კვალი აღბეჭდილია შრომის ამსახველ ინდუსტრიალ მოტივებში. “ანასეული ჩაის პლანტაციები”, “ინდუსტრიული მოტივე- რუსთავი”, “სიმინდის რჩევა კახეთი”, “ქვევრების საწარმო კახეთში”, “პატარძეულის ნავთობი”და სხვა.

შოთა რუსთაველის საიუბილეო წელს (1966) რუსუდან ჯავრიშვილი შეეგება თემატური ციკლით “რუსთაველის ნაკვალევზე”.

მცხეთის ციკლი – სვეტიცხოველი, ჯვარი; კლდეში ნაკვეთი ქალაქები – უფლისციხე თუ ვარძია; ბაგრატი თუ ალავერდი, ტიმოთესუბანი, ერეკლე მეორის სასახლე, გრემი, შიომღვიმე, იყალთოს აკადემიის ნანგრევები, სვანური კოშკი სოფელ ჩოლურში ან ნოქალაქევის ეკლესია უდიდესი სიყვარულითა და პასუხიმგებლობითაა ასახული. მხატვარი ცდილობს ხავსმოკიდებული ქვათა წყობაში ჩაკირული მრავალსავუკუნოვანი ისტორიის ამოკითხვას. მშობლიური ქვეყნის ისტორიის უტყვი ძეგლები, ქართული ხუროთმოძღვრება, პატრიოტული განცდით შეზავებული, აძლევს მხატვარს იმ ემოციურ მუხტს, სულიერი მღელვარების იმპულსს, რომელსაც სხვადასხვა ტექნიკით, ზეთის საღებავებით თუ აკვარელით, ტემპერით თუ პასტელით, მონოტიპიით გადმოსცემს მხატვარი, რათა ჩვენც გვაზიაროს მას.

საგანგებოდ უნდა გამოიყოს რ. ჯავრიშვილის შემოქმედებაში მცხეთის ციკლი. ხედვის სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა განათებისას, მცირე ფორმატისა თუ ვრცელ პანორამულ ტილოებზე, მხატვარი მრავალგზის სხვადასხვა დროის მონაკვეთში ხატავს ჯვარსა და სვეტიცხოველს; ფუნჯის პასტოზური მონასმით ქმნის სვეტიცხოვლის მიმდებარე სახლების სახურავებითა და კარმიდამოს დეკორატიული ლაქებით შედგენილ მრავალფეროვნებას. ფერთა ამ სტიქიაში ზომიერების უტყუარი ალღოთი ნახმარი ფაქტურული ეფექტები კონკრეტულად ასახავენ საგნებს, ხეთა შეფოთვლას, ხის აივნებს თუ კრამიტის სახურავებს. ძოგჯერ ერთი ფაქიზი ნიუანსებით ძერწავს მხატვარი კომპოზიციის დომინანტს, სვეტიცხოვლის პერანგის ქვის ბლოკებს, გამოჰყოფს არქიტექტურულ დეტალებს, თაღებსა და სარკმლის წარბებში გამოვლენილს. მაღალი გუმბათის ყელი თავისი გადახურვით, თითქოს აპობს მოვარდისფრო ღრუბლებით დაფარულ ცას.

სხვა პეიზაჟებში კი მცხეთა ჯვრის სარკმლის გადასახედიდანაა დანახული. მუქ ქაღალდზე, რაც ასე დამახასიათებელია რ. ჯავრიშვილის პასტელით შესრულებული ნამუშევრებისათვის, მხატვარი აღწევს გამოსახულებათა ფაქტურისა და კოლორიტის უკეთ აჟღერებას. ხედვის მაღალი წერტილიდან ასახული კომპოზიცია პლანებადაა დაყოფილი. პირველი პლანი შემოსაზღრულია ქვის სარკმლით, რომლის ნაპრალიდანაცაა დანახული არაგვისა და მტკვრის შესართავთან აღმართული ძველი დედაქალაქის პანორამული ხედი. მსუყედ დაწერილი წინა პლანი, უკანა პლანისაკენ მეტ სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას იძენს, რომელიც თანდათან გამჭირვალე ცას უერთდება . ჰაეროვანი პერსპერქტივით მიღწეული სიღრმის ოლუზიას ხაზს უსვამს მოლურჯო-იასამნისფერი კოლორიტი, რომელიც თავის მხრივ კომპოზიციას ამთლიანებს და პოეტურობას მატებს. ამგვარი სწრაფვა უსასრულო სივრცეთა გადმოცემისაკენ მხატვრის სხვა პეიზაჟებშიც, ხედვის ზედა კუთხიდან დანახულ პანორამულ ხიდებში აისახა. ამ ფერწერულ ტილოებში კომპოზოციათა დინამიკურობა მიღწეულია სივრცობრივი პლანების მონაცვლეობით, ფორმათა ენერგიული პლასტიკით და ფერთა ჰარმონიული შეთანხმებით.

მხატვარი ბევრს მოგზაურობს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მან შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. მოგზაურობის შედეგად შესრულებული პეიზაჟები მხატვარმა წარმოადგინა მესამე პერსონალურ გამოფენაძე – “საზღვარგარეთული შთაბეჭდილებები”. ავტორი ზეთით, პასატელით თუ აკვარელით გადმოგვემს ევროპის ქვეყნების დამახასიათებელ კოლორიტს, ქალაქების მთავარ ორიენტირებს. აღსანიშნავია, რომ პეიზაჟების უმრავლესობა (მცირეოდენის გამოკლებით) არ ტოვებენ ნატურიდან სწრაფი ფიქსაციის შედეგად შესრულებული ჩანახატის თუ ეტიუდის შთაბეჭდილება, თითქმის ყოველი მათგანი დასრულებული, კომპოზიციურად ყოველმხრივ გააზრებული ტექნიკურად გამართული კომპოზიციაა. ასეთ შემთხვევაში, თითქოს, არსებობს საშიშროება ემოციურად დამცხრალ გამოზომილ – აწონილში დაიკარგოს ის იმპულსი, ემოციური მუხტი, ნატურის უშულალო აღქმას რომ ახლავს თან, მაგრამ რუსუდან ჯავრიშვილის მიერ შექმნილი ეფექტი ცოცხალ შთაბეჭდილებათა ტოლფასია. “ტოლედოს ხედი”, “შიპკა”, “ქალაქი ტირნოვო”, “გეტებორგი”, “ბინდი პრაღის ბაღში”, “ნავთსაყუდელი ოსლოში”, “პომპეი”, “რომი – ესპანეთის მოედანი”, “სორენტო”, “კრაკოვი”, “გენიუს ციხე-სიმაგრე”, “ბარსელონა”, “ეიფელის კოშკთან”,”დილა “პარიზში”, “ბრიუსელი”, “ბრიუგე” – მხატვრის მოგზაურობის ამსახველი ეს ტილოები მოწმობენ მის ინტერესებს მიმართულს კომპოზიციათა ფერადოვან – დემოკრატიული გადაწყვეტისაკენ, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობს ამა თუ იმ მოტივისათვის საგანგებოდ შერჩეული ტექნიკა. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ფართო ფორმატის პეიზაჟი, რომელიც ქ. ბრიუსელიც ცენტრალურ მოედანს ასახავს. აკვარელის მასალის ბუნებიდან გამომდინარე ერთი ამოსუნთქვით, სველ ქაღალდზე ფუნჯის სწრაფი მონასმებით ქმნის მხატვარი პირველი პლანის სხვადასხვა ფერის აელვარებულ მანქანებს, რომელთა შორისაც მოჩანს ადამიანთა სილუეტები. გოთურ ნაგებობათა ვერტიკალურ ზესწრაფვას კი მხატვარი ფუნჯის გრძელი თავისუფალი მონასმებით ასრულებს. ნაწვიმარზე, გამჭვირვალე ჰაერითა და სინათლით სავსე კომპოზიცია (მიმართული სიღრმისაკენ, რასაც პერსპექტიულად შემცირებული სახლები გადმოსცემენ), თანდათან ბურუსში ეხვევა. ამ ფაქიზი ფერადოვანი გამით გადაწყვეტილ ნაწარმოებში ნატურიდან ეტიუდური წერის უშუალობის ეფექტია მიღწეული.

როგორც რ. ჯავრიშვილმა გადმოგვცა, აკვარელის ტექნიკის საიდუმლოებას იგი ახლოს გაეცნო გურზუბში, სადაც 1963 წელს იმყოფებოდა შემოქმედებით მივლინებაში. აქ თავი მოეყარათ კავშირის მასშტაბით აკვარელის აღიარებულ ოსტატებს, რომლებიც გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს, მათ გვერდით შეასრულა მხატვარმა დაახლოებით 25-მდე აკვარელი, რომელთაგან ოთხი ექსპონირებული იყო იქვე მოწყობილ საანგარიშო გამოფენაზე და შეიტანეს კატალოში.

განსაკუთრებით ხელხვავიანად წარსდგა რ.ჯავრიშვილი პერსონალურ გამოფენაზე 1977წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვრცელ საგამოფენო დარბაზშია. პეიზაჟების გარდა, წარმოდგენილი იყო თემატური ტილოები, ნატურმორტები და რამდენიმე პორტრეტი. გამოფენამ საშუალება მოგვცა თვალი გაგვედევნებინა მხატვრის შემოქმედების ევოლუციური ხაზისათვის, რომელმაც ერთი გარკვეული ეტაპის დასრულება და ახალი ეტაპის დასაწყისი მონიშნა. ინტენსიურმა ფერებმა, ფუნჯის ფართო და თავისუფალმა მონასმებმა, მასტეხინის გამოყენებამ შეცვალა ფერთა ნაზი გადასვლები. ორი ათეული წელია რაც რუსუდან ჯავრიშვილის პალიტრა გამდიდრდა, წითლად იწვის დაისი, თითქოს ცეცხლი ედებაო სოფლის სახლის სახურავებს, ბროწეულისფრად ანთებული ღრუბლების ფონზე იკვეთება ერთაწმინდის ტაძრის სილუეტი. სხვა ტილოზე კი შუადღის თაკარა მზე აელვარებს წმინდა ესტატეს ტაძრის სამხრეთ ფასადს, რომლის წინაც სანახევროდ ჩამონგრეულ გალავანზე, “ჩაწკაპულან” გოგო-ბიჭები. არაჩვეულებრივი სითბოთი და სიყვარულით შეურჩევია მხაყტვარს ტილოს სახელწოდებაც – “ჩვენებურები”. აღნიშნული ნაწაროების მისამართით ანა კალანდაძემ შემდეგი სიტყვები ჩაწერა შთაბეჭდილების წიგნში; “პატივცემულო რუსუდან! თქვენი ერთ-ერთი სურათიდან დიდი, გაოცებული თვალებით შემოქვცქერიან ერთაწმინდის ტაძრის ძველ გალავანზე ჩიტებივით ჩამომსხდარი გოგო-ბიჭები. ვისურვებდი, ასე გაოცებით და მოჯადოებით მდგარიყვნენ მომავალი თაობები მზით გაჩახჩახებული თქვენი ტილოების წინ. იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ!”

“მზით გაჩახჩახებული” შემთხვევით არ უხსენებია პოეტს. სინათლე ფერით იძერწება, ფერი კი მხატვართან უბრალოდ კი არ ღებავს პეიზაჟურ მოტივს თუ ნატურმორტს, არამედ ემოციურად დატვირთული მხატვრული სახის სტრუქტურის შემქმნელ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ფერი ხან მდორედ მოედინება, ხანაც შადრევანივით ესხმის კომპოზიციის საგნებს.

მხატვარს აქვს რამდენიმე ნატურმორტი, რომლებშიც ძირითადად ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი საგნებია. საინტერესო ნატურმორტს წაროადგენს აკვარელით შესრულებული კომპოზიცია “ჩვენებური ჯამ-ჭურჭელი”, რომელიც გვხიბლავს თავისუფალი ხელწერით, ფერთა ჰარმონიული შეხამებით, კომპოზიციური ორგანიზებულობით.

პორტრეტული ჟანრი რ.ჯავრიშვილის შემოქმედებაშიი რამდენიმე ნაწარმოებითაა წარმოდგენილი; ჩრდილ-სინათლის მძლავრი დაპირისპირებით ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ვერის უბნიდან, ხევსური ქალი პეიზაჟის ფონზე, კომპოზიცია “დედაბოძი” და სხვა. აგრეთვე მხატვარს ზანგი სტუდენტის ფრანსუა ეფას და ცნობილი დანიელი მხატვრის, კარიკატურის ჰერლუფ ბიდსტრუპის პორტრეტები აქვს შექმნილი.

ომის თემას მიეძღვნა ფერწერული ტილოები: “დაუსრულებელი მოლოდინი”, “ომის კვალი”, რომლებიც განზოგადოებულად გადმოგვცემენ დედათა განცდებს, მათ დაუსრულებელ ლოდინს, ომში წასულთათვის წინდის ქსოვაში რომ სურთ დროისა და მანძილის შემოკლება, წარმოსახვით მათთან სიახლოვეს რომ ესწრაფიან.

დაუსრულებელი მოლოდინისაგან მოღლილი დედის სახე, ნაჯაფი ხელები, რომლებმაც გაზარდა შვილი, ფსიქოლოგიური დატვირთვით, პორტრეტული სახიერებით მეტყველებს დაუსრულებელი ლოდინის სიმწარეზე. კომპოზიციური ხერხების საშუალებით (დაბალი ჰორიზონტი, ფორმათა მსხვილი ფერადოვანი მასების ძერწვა, სინათლის რეჟისურა) მიღწეული ნახატი მონომენტურობის, სკულპტურულობის შეგრძნებას ბადებს. საგნობრივი განზოგადება, გრაფიკული დამუშავება, დეტალებით მთავარის ხაზგასმა, დრამატული ინტონაცია აღნიშნულ კომპოზიციური ძიებების რკალში აქცევს.

რუსუდან ჯავრიშვილის შემოქმედების დიდი ნაწილი თბილისის თემას ასახავს, რაც 1981 წელს “თბილისობი” ზეიმისადმი მიძღვნილმა პერსონალურმა გამოფენამაც გამოავლინა.

მხატვარმა მემკვიდრეობით მიიღო უფროსი თაობის ქართული პეიზაჟისტებისაგან თბილისის თავისებურებათა გამოსახვის, მისი ფერგადასული კოლორიტის “აღმოჩენის” განსაკუთრებული უნარი.

მხატვარი სიყვარულით აფიქსირებს ძველი ქალაქის სახლებს, ვიწრო ქუჩებს, დაკვირტულ თუ შემოძარცვულ ხეებს. ძველი თბილისის მხატვრული ხორცშესხმა სხვადასხვა პოეტური სახით მკვიდრდება ასე, რომ მხატვარი გაურბის სტილიზაციას, ძველი ყოფის ეგზოტიკით ტკბობას.

მოგრძო ფორმატის ტილოზე, “ძველი თბილისის ჩიხი” კადრში თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის ჩიხია მოქცეული. ყურადღებას იპყრობს ტილოს დეკორატიული გადაწყვეტა, რაც წითელი და შავი ფერადოვანი ლაქების კონტრასტული დაპირისპირებით მიიღწევა. ვერტიკალურ ზესწრაფვას კიდევ უფრო ხაზს უსვამს კომპოზიციის გვერდებზე განლაგებული სახლების სიგრძით ჩამოჭრა, რაც ჩვენს მზერას მტრედისფერი ცისაკენ მიაპყრობს.

ფერწერული ტილო “სახლები მეტეხის კლდეზე” ასახავს დიაგონალურად, სიღრმისაკენ მიმავალ კომპოზიციურ ქარგაზე “კარგად მორგებულ” კლდეზე შეფენილი სახლების მრავალფეროვან ფასადებს. ეს პოლიქრომია შედუღაბებულია ერთი ძირითადი მოვერცხლისფერო ტონით, თეთრ ღრუბლებშეკრული მუქ ლურჯ ცასა და გამჭვირვალე წყალს შორის მოქცეულ “ზღაპრულ კუნძულად” რომ იკითხება. ასე აჟღერდა დამოუკიდებელი ინტონაციით ნაცნობი თემა.

რუსუდან ჯავრიშვილის “თბილისის” ციკლში იგრძნობა თანამედროვეობის წარსულთან ერთგვარი გადაძახილი. ძველი თბილისის უბნების ამსახველ კომპოზიციებში ყოველთვის მინიშნებულია თანამედროვე ქალაქზეც (ასეა კომპოზიციაში “სახლები მეტეხის კლდეზე” – ახალი სანაპირო კედელი შეჭრილია კომპოზიციის მარცხენა კუთხეში რომლიდანაც იშლება პეიზაჟური პანორამა). ზოგიერთ პეიზაჟში მხატვარი კომპოზიციაშივე იძლევა ძველის და ახლის დაპირისპირებას, რაც ნაწარმოების სახელწოდებაშიც ვლინდება – “ძველი და ახალი თბილისი”. გარდა აღნიშნულისა, მხატვრის შემოქმედებაში თავისებური სახე ჰპოვა ახალმა თბილისმა, ქალაქის ინდუსტრიულმა პეიზაჟებმა; “დიდუბის ხიდის მშენებლობა”, “თერმული წყლების ჭაბურღილები დიდუბეში”, “შენდება საბურთალო”, “მეტრომშენებლობა საბურთალოზე”. აღნიშნული ნაწარმოებები, სადაც აღმშენებლობა პეიზაჟის ფონზე წარომოებს თვალნათლივ მიუთითებენ პეიზაჟისტი მხატვრის ინტერესთა მიმართულებაზე, პეიზაჟური მოტივის ინტერპრეტაციის ასპექტთა მრავალგვარობაზე.

ძველი და ახალი თბილისის ციკლის იმ ნამუშევრებში, რომლებიც 70-80-იან წლებს განეკუთვნება, გამოიკვეთა მხატვრის შემოქმედების ახალი წახნაგი, ეტაპობრივ მნიშვნელობას რომ იძენს, და, როგორც უკვე აღინიშნა, უპირველეს ყოვლისა, ფერის ინტენსივობით, მისი ემოციური დატვირთვით გამოიხატა. აღნიშნულ ციკლში ხშირად გვხვდება მეორე პლანის კაშკაშა სინათლის მჟღერი აკორდის დაპირისპირება პირველი პლანის ჩამუქებულ არეებთან, რაც ფერთა ენაზე რომანტიკული განწყობის ამეტყველების საუკეთესო გზას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულ ფერთა შეპირისპირებით ნაგები მკვრივი პალიტრა ფერადოვანი მასის დეკორატიულობა ყოველთვის მიყვება ფორმას, მხატვარი ფუნჯის თავისუფალი მოსმით ქმნის საგანთა და სხეულთა ფაქტურას. კომპოზიციებში ფერის სივრცობრივი განვითარების შეგრძნებას ხელს უწყობს განათების ძალა, მისი აქტივობა, ამიტომაა, “თბილისის ციკლის” ისევე როგორც რ.ჯავრიშვილის სხვა პეიზაჟების კომპოზიციური ქარგა ჰაერითა და სინათლით სავსე.

რუსუდან ჯავრიშვილის პეიზაჟები, იქნება ეს ერთაწმინდის ხედები თუ სიღნაღის კუთხე, არქიტექტურული პეიზაჟები, საზღვარგარეთის შთაბეჭდილებათა ამსახველი ნაწარმოებები თუ ძველი თბილისის მოტივები, მხატვრის პოზიციებს ამჟღავნებენ. ყოველთვის ჩანს, თუ რა უყვარს, რა აღელვებს მხატვარს, რასაც თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს უნერგავდა რ. ჯავრიშვილი თავის მოწაფეებს სკოლაში, სადაც ის ფერწერას ასწავლიდა. პედაგოგიურ სარბიელზე მხატვრის დამსახურება აღინიშნა კიდეც “სახალხო განათლების წარჩინებულის” სამკერდე ნიშნით.

“ამ მოკლე წუთისოფელში მიზნები დიდზე დიდია, მე კვლავაც მთელი გულით და შემართებით გავყვები ჩემს გზას, ჩემი მთა-ბარის ბილიკებს ქალამნებით, ტილოთი, გუდაში გამოკრული პურით, ყველით და კიდევ… სამშობლოს სიყვარულით.

ჩემი მადლიერი ხალხი ალბათ მოინახულებს, მოუვლის ჩემ მიერ მოტანილი ჩალაბულით, ბუმბულითა და ტალახით აშენებულ საკუთარ ბუდეში მიყუჟულ ჩვენი სამშობლოს მრავალი კუთხის ამსახველ პეიზაჟებს, ხალხის გენიით შექმნილ ჯვარსა და სვეტიცხოველს, ერთაწმინდასა და დავითგარეჯს, ნარიყალასა და გელათს, გრემს, ვარძიას, ნიკორწმინდას, ზედაზენს, ყინწვისს, მხატვრის თვალით დანახულ ჩვენი ეროვნული კულტურის უბადლო ძეგლებს” – ამბობს რუსუდან ჯავრიშვილი, და გვწამს, რომ მხატვარი სულაც არ ცდილობს “ორიგინალობით” თავი მოგვაწონოს. იგი ხატავს როგორც გრძნობს, გრძნობს ისე, როგორც არსებობს. მაყურებელს სწორედ ეს უშუალობა და გულწრფელობა ხიბლავს, რომელიც აიძულებს ჩვეულ პეიზაჟურ მოტივს მხატვრის თვალით შეხედოს, ღრმად ჩასწვდეს და განიცადოს.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები