Posted by: burusi | 28/05/2009

თემო ჯაფარიძე – ბიოგრაფია

თემო ჯაფარიძე

თემო ჯაფარიძე დაიბადა 1937 წლის 27 მარტს ქალაქ თბილისში. დედა – ვალენტინა ტუღუში დიასახლისი გახლდათ. მამა – პროკოფი ჯაფარიძე ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.
თავიდან მე-12 ვაჟთა სკოლაში სწავლობდა, შემდეგ – მე-7 ვაჟთაში (იგივე 53-ე საშუალო სკოლა) გადავიდა. ნიჭიერი, მაგრამ ძალიან ცელქი ბავშვი იყო – თამაშის გარდა არაფერი აინტერესებდა. მასზე მასწავლებლები ამბობდნენ – ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციაო.
“როცა წამოვიზარდე, ჭაბუკი გავხდი და დედას აღარ ვუჯერებდი, ხშირად მახსენებდა – რა კარგი ბიჭი იყავი, როგორ მეხმარებოდი და მიჯერებდი; ახლა რამ გაგაველურაო?!”, – იხსენებს თემო ჯაფარიძე. ბავშვობისას ხატვაზე არ ფიქრობდა. პირველად კაპიტან გრანტის გემი დახატა და ისიც იძულებით, მაგრამ ნამუშევარი მოუწონეს: “ჩელიუსკინელების ქუჩიდან საცხოვრებლად ვერაზე, რომ გადავედით, პიონერთა სასახლის ბიბლიოთეკაში ჩავეწერე და “კაპიტან გრანტის შვილები” ვითხოვე; სახლში ჩემი ამხანაგები მოდიოდნენ ხოლმე, ვთამაშობდით, ვჭიდაობდით, რასაც ერთხელ ამ წიგნის ყდა ემსხვერპლა; მასზე მშვენიერი გემი იყო დახატული. ამის გამო ბიბლიოთეკაში დიდხანს ვერ მივდიოდი. ბოლოს დედამ შთამაგონა – მიიტანე და ბოდიში მოიხადეო. ერთხელაც გავბედე და წავედი. შეიცხადეს – შე ცელქო, ეს რა გიქნია, ბიბლიოთეკაში ამისთვის ჩაეწერეო?! ისეთ ასაკში ვიყავი, მასწავლებლები რომ გკიცხავენ და საყვედურებს შეჩვეული ხარ; მათ თავდახრილი ვუსმენდი. ბოლოს მითხრეს: ყდას შენ თვითონ დახატავ და მოიტან; წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში დავრეკავთ და გაგრიცხავენო. საერთოდ არ ვხატავ და რა ვქნა-მეთქი?! – შევჩივლე, მაგრამ დაიჟინეს უნდა დახატოო. ეს ამბავი დედას მოვუყევი. დაჯექი და დახატეო, – შემაგულიანა მან. გემი ფერადი ფანქრებით, მეხსიერებით დავხატე და ბიბლიოთეკაში მივიტანე. ნახეს, გაიხარეს და ხუმრობით მითხრეს: წიგნს კიდევ გაგატანთ, ყდა მოახიე და დახატეო. აი, ასე იძულებით დამახატინეს გემი, რომელიც დედამ ძალიან შემიქო – რა კარგია?! არ მეგონა ამდენს თუ შეძლებდიო”.
ამის შემდეგ რამდენიმე წელი ისე გავიდა, არაფერი დაუხატავს, მაგრამ ჭაბუკობისას წერა დაიწყო. ბიძგი ანზორ სალუქვაძემ მისცა; მისივე მეოხებით “ანტისაბჭოთა კლუბშიც” გაწევრიანდა:
“ხოშტარიას ქუჩაზე ჩემს მეზობლად პოეტი ანზორ სალუქვაძე ცხოვრობდა; ქალაქში შინაურულად “ოღიას” ეძახდნენ – ფრანგების მსგავსად რ-ს ნაცვლად ღ-ს ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე უფროსი იყო, ძალიან დამიმეგობრდა; ლექსებს მიკითხავდა. ანზორის საშუალებით უამრავი ხალხი გავიცანი; მწერლები ვერის ბაღში იკრიბებოდნენ და ანზორი იქ ხშირად ჩადიოდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი რომ წავყევი და იქ ჩემი მომავალი მეგობრები – შოთა ჩანტლაძე, ერლომ ახვლედიანი, ედიშერ გიორგაძე, ბესიკ ადეიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ლევან მალაზონია, გურამ რჩეულიშვილი, ზურაბ კიკნაძე და სხვები გავიცანი. ვერის ბაღი ფაქტობრივად ანტისაბჭოთა კლუბი იყო. ეს ხრუშჩოვის დროს, ე.წ. დათბობის პერიოდში ხდებოდა, თორემ მანამდე ქუჩაში ორი კაცი სალაპარაკოდ, რომ დადგებოდა, მილიციელი მივიდოდა და დაიშალეთო – ეტყოდა.
ლექსების წერა დავიწყე და პირველი ჩემი ცდები ანზორს წავაკითხე. მე ვერაფერს გეტყვი, შოთა ჩანტლაძესთან წადიო, – მითხრა და მისი სახლის მისამართი მომცა. მაშინ შოთას არ ვიცნობდი. უცნობ ადამიანთან ჩემი ლექსებით მივედი – მაინც რა უტიფარი ვიყავი?! შოთა მოკრძალებული სადილით გამიმასპინძლდა. ვუთხარი თქვენთან ანზორმა გამომიშვა-მეთქი და ხომ არ მაშაყირებსო?! – იკითხა. მაგრამ ჩემი გულწრფელი ლაპარაკი, რომ მოისმინა, მიხვდა, საქმე სერიოზულად რომ იყო და ლექსები წაიკითხა. სხვათა შორის კარგი რამ მითხრა – გრძნობა არის, მაგრამ ფორმა არ არისო. შოთა ფორმას უდიდეს პატივს სცემდა. აი, ასე დაიწყო ჩემი ფორმასთან ჭიდაობა; ლექსებს მოთხრობები მოჰყვა”.
თემო ჯაფარიძის ლექსებისა და მოთხრობების პირველი ამღიარებელი გურამ რჩეულიშვილი იყო – “წაიკითხავდა და კარგია, მიდიო, – მაქეზებდა. დარწმუნებული იყო, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ. არადა, ახლა ვიხსენებ რომ ძალიან სულელი ბიჭი ვიყავი; აზრზე მოუსვლელი რაღაცეებში ბრმად მივცოცავდი, მაგრამ ერთი რამ გარკვევით ვიცოდი – საბჭოთა კავშირი არ უნდა ყოფილიყო”.
გურამ რჩეულიშვილის დამ, მწერალმა და ფილოლოგმა მარინა რჩეულიშვილმა ძმის ექვსტომეული გამოსცა. მე-6 ტომში გურამ რჩეულიშვილის მეგობრების ფოტოებია და მათ შორის თემო ჯაფარიძის, ასეთი მინაწერით: “მხატვარი თემო ჯაფარიძე თავის სახელოსნოში. გურამზე უმცროსი. გურამს იგი განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა მის ნიჭს, შემართებას და უნარს”.
გურამ რჩელიშვილის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ თემო ჯაფარიძის ცხოვრება შეიცვალა – კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო. მოგვიანებით ჟურნალების – “მნათობის” და “ცისკრის” რედაქციებში ლექსები მიიტანა. ლექსები მოუწონეს, მაგრამ არ დაუბეჭდეს – კარგია, ძალიან მოგვწონს, მაგრამ პირქუში განწყობილებითაა დაწერილი, რაც საბჭოთა ოპტიმიზმს არ შეეფერება და ამიტომ ვერ დაგიბეჭდავთო. ლექსების შინაარსზე თავად ასეთ კომენტარს აკეთებს: “დამალული თაობის ცხოვრებით ვცხოვრობდი, რასაც ჩემს ლექსებსა და მოთხრობებში ავსახავდი”.
სამოციანი წლების დასაწყისში ჟურნალ “ცისკარში” მიიტანა მოთხრობა სათაურით “პატრიოტი”, რომელშიც პატარა ბიჭი გმირობანას თამაშობს, რაც საბოლოოდ თავშეწირვად გადაიქცევა. რედაქციის ერთერთმა თანამშრომელმა ოტია პაჭკორიამ ეს მოთხრობა წაიკითხა და დიდი აღრთოვანება გამოხატა; როგორც თემო ჯაფარიძე ამბობს, მოთხრობაში ნაამბობი პაჭკორიამ თავის ცხოვრებას დაუკავშირა. ნომრის ნახევარი ტირაჟი დაბეჭდილი იყო, როცა მივლინებიდან დაბრუნებულმა კონსტანტინე ლორთქიფანიძემ “პატრიოტის” გამო ბეჭდვა შეაჩერა. ნომერი თავიდან დაიბეჭდა, ოღონდ “პატრიოტის” გარეშე.
ამასობაში თემო ჯაფარიძის დამ – დალიმ ხატვა დაიწყო. ამ დროს თემო ჯაფარიძე თავშესაქცევად ხატავდა, მოთხრობებს წერდა, მაგრამ ცენზორები “პირქუში განწყობილებების” გამო დაბეჭდვაზე უარს ეუბნებოდნენ.
“შენ წერ, არ იბეჭდება, უჯრის მწერალი ხდები და შენთან მოსულ მეგობარს აიძულებ მოისმინოს შენი ახალი მოთხრობა. მაშინ ხატვისკენ რაღაცნაირი შინაგანი მიდრეკილება გამიჩნდა – აი, ნახატი კედელზე კიდია, რომელსაც ან შეხედავ და ან არა. ეს უფრო იოლი კომუნიკაციის ფორმაა. 1962 წელს ხატვა გადავწყვიტე და სერიოზულ მუშაობას შევუდექი. ამ დროს თანამედროვე მხატვრობის ფუნდამენტი ვინც შექმნა, მათ შესახებ ვიცოდი”, – ამბობს თემო ჯაფარიძე.
ორმოცდაათიანი წლების მიწურულს კინო-თეატრ “სპარტაკში” ფრანგული კინოს ერთკვირიანი ფესტივალი მოეწყო, საიდანაც თემო ჯაფარიძემ დიდი ინფორმაცია მიიღო, არა მხოლოდ ევროპელი მხატვრების, არამედ თვითონ ევროპის შესახებ. ამ ფესტივალზე ნახა ფილმი მოდელიანის ცხოვრებაზე: “იმ უსამართლო გარემოში განმაცვიფრა მოდელიანის გამბედაობამ, შეუსრულებელი სიყვარულის გამოხატვამ; ეს რაღაც ისეთია, რომელიც სათითაოდ ყველას გვინდა, მაგრამ ცხოვრებაში თითქოს არ გამოდის; განსხვავებული ფორმით გადმოცემულმა ქალურობამ და კაცებში დიდმა სულიერებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მოდელიანისადმი სიყვარულიც დამეხმარა იმაში, რომ გამებედა და ხატვა დამეწყო”.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე მშობლების ხათრით ჩააბარა და ასევე, მათი ხათრით დაამთავრა.
1961 წელს მაგული ხურციაზე იქორწინა. მათ ერთი შვილი – ლელა შეეძინათ.
თემო ჯაფარიძე ხატავდა. მისი ნამუშევრის შემფასებლები მეგობრები იყვნენ. სწორედ მათ დაიწყეს გამოფენის მოწყობაზე ფიქრი და არჩევანი თსუ-ს სააქტო დარბაზზე შეაჩერეს. ერთერთმა მეგობარმა რამდენიმე ნამუშევარი პარტოკმთან მიიტანა (მაშინ ასე იყო მიღებული). სამი დღე იფიქრეს, იფიქრეს და გამოფენის მოწყობაზე თანხმობა განაცხადეს, ოღონდ ერთი პირობით – გამოფენის დასრულების შემდეგ საჯარო განხილვას მოვაწყობთო.
1964 წელს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო – დაახლოებით 60 ნამუშევარი გამოიფინა. როგორც თემო ჯაფარიძე ამბობს, ძირითადად, ეს ნაზი, ლირიული პორტრეტები იყო, რასაც სოციალისტები ფორმალისტურად აღიქვამდნენ.
“გამოფენას ჩემდა მოულოდნელად უამრავი ხალხი მოაწყდა. მათ შორის ცნობილი მხატვრები. საქმე განა იმაში იყო მე რა კარგი მხატვარი ვიყავი?! ამის ელემენტი ერია, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, საზოგადოება როგორ იყო მოწყერებული თავისუფალს, განწყობიანს, ადამიანურს, რომ მათ ყელში ამოუვიდათ საბჭოთა სიყალბე და ამიტომ, მთელი დარბაზი ამ გამოფენის გულშემატკივარი იყო. ძალიან გვიან მივხვდი რატომ დათანხმდნენ ამ გამოფენის მოწყობას – განხილვაზე გამაკრიტიკებდნენ და ეს მათ ღონისძიებად ჩაეთვლებოდათ. გამოფენის დახურვის შემდეგ სოცრეალისტი ხელოვნებათმცოდნეები მოიყვანეს და ისე გამაკრიტიკეს, მიწასთან გამასწორეს – “ნუთუ არ ესმის საზოგადოებას, რომ ეს ანაქრონიზმია?! ეს არის ათიანი, ოციანი წლების პარიზი. დააკვირდით თემოს ნახატებს, მის ადამიანებს – ასეთი გამხდარი, უსუსური ადამიანები სოციალიზმს და კომუნისზმს ააშენებენ?!” არადა, ლირიული ადამიანები იყვნენ; უბრალოდ, მსუქნები არ იყვნენ.
“ჰოდა, ამაზე მაგარი სტვენა ატყდა დარბაზში. ეს თუ ანაქრონიზმია, გაუმარჯოს ასეთ ანაქრონიზმსო, – განაცხადა ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა მთარგმნელმა ბაჩანა ბრეგაძემ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა შალვა ამირანაშვილმა დამიცვა: “რა ანაქრონიზმზე და ბურჟუაზიულ სამყაროზეა ლაპარაკი?! ესაა ქართულ ნიადაგზე წარმოშობილი ნიჭიერი მხატვრობა”… ლადო გუდიაშვილმა შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერა – ახალმა ვულკანმა ამოხეთქაო. შემდეგ სახლში მიმიწვია; დავახლოვდით და ჩემი ქომაგი გახდა”, – იხსენებს თემო ჯაფარიძე.
მეორე გამოფენა 1968 წელს მოეწყო და პირველთან შედარებით გაცილებით ხმაურიანი იყო. მწერალ მზია ბაქრაძის თაოსნობით, თემო ჯაფარიძის ნამუშევრები საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის კომიტეტის შენობაში, იგივე “გოგსში” გამოიფინა. გამოფენის გახსნას მხატვარი ასე იხსენებს:
“გამოფენის გახსნა უშიშროების კომიტეტმა, იგივე სუკ-მა კატეგორიულად აკრძალა, მაგრამ მანამდე ხალხმა ნამუშევრების დათვალიერება მაინც მოასწრო – ჩარაზული კარი რამდენიმეჯერ ხალხის ტალღამ შეამტვრია; უცნაური ხმები დაიყარა – “გოგსში” რაღაც უბედურებები კიდიაო და ხალხი ცნობისმოყვარეობის გამოც მოდიოდა”.
ოთხი წლის შემდეგ – 1972 წელს გააკეთა დიდი პანო (280სმX512სმ) “საიდუმლო სერობა”. ეს ნამუშევარი 16 წელი მისი მეგობრის ავტოფარეხში იდო; დამთავალიერებლებიც იქ მიდიოდნენ. დღეს მხოლოდ ამ ნამუშევრის ფოტოა შემორჩენილი, რადგან 1988 წელს “საიდუმლო სერობა” ავტოფარეხიდან მხატვრის სახლში გადაიტანეს; მხატვრის სახლი კი 1991-1992 წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების დროს დაიწვა.
“ჩემმა მეგობარმა, მწერალმა თამაზ ჩხენკელმა მათხოვა თავისი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ბინა ხილიანის ქუჩაზე, მეხუთე სართულზე. აი, იქ ვაკეთებდი “საიდუმლო სერობას”. უკვე “საეჭვო” ადამიანად ვიყავი მიჩნეული და “კა-გე-ბე”-ც ხშირად ტრიალებდა ჩემს სიახლოვეს. ამის შესახებ კეთილისმსურველებმა არაერთხელ გამაფრთხილეს. “საიდუმლო სერობაზე” მუშაობა რომ დავამთავრე, ჩემი მეგობრის მხატვარ-დეკორატორ მალხაზ გორგაძის ავტოფარეხში გადავიტანე. ამ ნამუშევრის სანახავად ძალიან ბევრი უცხოელი მიდიოდა. ავტოფარეხის კარი თუ დაკეტილი ხვდებოდათ, პატარა ფანჯრიდან ძვრებოდნენ და “საიდუმლო სერობას” ისე ნახულობდნენ. ცნობილმა რუსმა ფილოსოფოსმა და მწერალმა, ჯანმრთელობა შერყეულმა დავერინცევმაც ასე ნახა “საიდუმლო სერობა”. ეს ნამუშევარი 1988 წელს მხატვართა სახლის დირექტორმა თემო გოცაძემ მხატვართა სახლში ასე ვთქვათ შეიფარა, მაგრამ სამწუხაროდ, მოგვიანებით მხატვრის სახლთან ერთად ეს ნამუშევარიც დაიწვა”.
1988 წელს მხატვრის სახლში, მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე დაახლოებით 250 ნამუშევარი გამოიფინა. ამ გამოფენამ მხატვარს ოფიციალური აღიარება მოუპოვა. ოთხმოციან წლებში თბილისისისა და უცხოეთის სხვადასხვა კერძო გალერეაში მხატვრის რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოეწყო: 1991 წელს – სალონ “ფატმანში”, პარიზის ერთერთი კერძო გალერეაში და კერძო გალერეა “ბრეტანში”; 1996 წელს – გალერეა “ტი-ემ-ეს”-ში, სადაც აკრძალულ გამოფენაზე გამოფენილი ნამუშევრები ნაწილობრივ გამოფინეს და 1997 წელს ამავე საგამოფენო დარბაზში ოთხმოცდაათიან წლებში შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა; 1999 წელს შარ დენის ქუჩაზე – “ბაიას გალერეაში”; 2000 წელს – გალერეა “ვერნისაჟში”; 2003 წელს სასტუმრო “კოპალას” საგამოფენო დარბაზში; გამოფენასთან ერთად კოპალაში” თემო ჯაფარიძის ლიტერატურული საღამოც მოეწყო. ამავე წლებში მრავალ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ხატვის პარალელურად თემო ჯაფარიძე წერდა. ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან მისი ლიტერატურული ნამუშევრების ბეჭდვა დაიწყო. უფრო ადრე, 1991 წელს ჟურნალ “მნათობი”-ს პირველ შვიდ ნომერში გაგრძელებებით დაიბედჭა მისი ესეისტური თხზულება “ნახატის სიჩუმე”, რომელიც 1979 წელს დაწერა.
თემო ჯაფარიძის მრავალი ესე, სტატია და რამდენიმე მოთხრობა გამოქყვენდა გაზეთებში – “მამული”, “კავკასიონი”, “ლიტერატურული საქართველო”, “ქომაგი”, “ახალი ეპოქა”, “განახლებული ივერია”; ჟურნალებში – “XX საუკუნე” (მოთხრობა “ანგელოზის კვერცხი” და ესე “ღამისთევის პოეზია”), “ქომაგში” (მოთხრობა “ქალის კაპრიზი”), “ომეგაში” (მოთხრობა “შეშლილთან საუბრის ტაქტი”), “კლდეკარში” (მოთხრობა “სარკე ბრმებისთვის” და ესე “ლოგოსარტი”), “ცისკარში” (მოთხრობების ციკლი “ურთიერთობა დროის გასაყვანად” და მოთხრობა “აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა”) და “ლიტერატურულ პალიტრაში” (მოთხრობები: “ჩემპიონი” და “ქალის კაპრიზი”).
გამოცემული აქვს წიგნები “ნიკო ფიროსმანი” (1999 წელს), ლექსების კრებული “შეშლილი ქალის ვნებები” (2000 წელს), მოთხრობების ვრცელი კრებული “პროზა” (2003 წელს), კრებული “აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა” (ხუთი მოთხრობა) და რომანი “დაქირავებული დამტირებლის გულგრილობა” (2005 წელს).
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თემო ჯაფარიძის მოღვაწეობიდან – იგი ქართულ მხატვრულ ფილმებშია გადაღებული. 1976 წელს რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ “ამაღლებაში” გადაიღო. ამ ფილმში თემო ჯაფარიძე ეკლესიას აშენებს. ამავე რეჟისორის გადაღებულ კიდევ ერთ ფილმში “კაშხალი მთაში” თემო ჯაფარიძე მთავარ როლს ასრულებს – მხატვარია. გიორგი შენგელაიას ფილმში “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში” ოცხელის როლს თამაშობს. 1987 წელს თემურ ბაბლუანმა “უძინართა მზეს” გადაღება დაიწყო და თემო ჯაფარიძეს მამის როლის შესრულება შესთავაზა, გადაღებებიც დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაღებებზე უარი თავად თემო ჯაფარიძემ განაცხადა.

გამოფენები:
2008 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო
2007 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო
2006 ”ელიტ გალერი”, ქ.თბილისი, საქართველო
2005 ”ელიტ გალერი”, ქ.თბილისი, საქართველო
2004 ”ელიტ გალერი”, ქ.თბილისი, საქართველო
2004 გალერეა ”ორიენტი”, გამოფენა ”ნონკონფორმიზმის კლასიკოსები”, ქ.თბილისი, საქართველო
2003 გალერეა ”კოპალა”, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
2001 ეროვნული გალერეა, გამოფენა ”კონტრკულტურა”, ქ.თბილისი, საქართველო
2000 გალერეა ”ვერნისაჟი”, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
1999 გალერეა ”ორიენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
1997 გალერეა ”ტმს”, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
1996 გალერეა ”ტმს” პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
1991 გალერეა ”დარიალი”, პერსონალური გამოფენა, ქ.პარიზი, საფრანგეთი
1991 გალერეა ”ოშ”, პერსონალური გამოფენა, ქ.ვანესი, საფრანგეთი
1991 რუსტაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზი, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო
1988 მხატვრის სახლი, პერსონალური გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო


დატოვე კომენტარი

კატეგორიები